ევროპის კონსტიტუცია ახლის დასაწყისი თუ ძველის დასასრული?

სოფიკო სიჭინავა

ევროპის ისტორიაში 2004 წლის 29 ოქტომბერი შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, მაგრამ, ჯერჯერობით, უცნობია, რა როლს ითამაშებს ევროგაერთიანების ცხოვრებაში ამ დღეს მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი – ევროგაერთიანების კონსტიტუცია. ანალიტიკოსები სამწუხარო ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მთელი ამ ისტორიული პათოსის და ცერემონიის გრანდიოზულობის მიუხედავად, კონსიტუციის ხელმოწერა შეიძლება ფარსად გადაიქცეს.

ბედის ირონიით, ყოველივე ეს ევროგაერთიანებაში უპრეცენდენტო კრიზისის ფონზე მიმდინარეობს და ამაში დამნაშავე ისევ რომია – რამდენიმე კვირაა როკო ბუტილონეს გარშემო ატეხილი სკანდალი არ წყდება, რომელიც ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში იტალიას წამოადგენს. შინაგან საქმეთა და სამართლის საკითხების კომისრად დანიშნულმა ბუტილონემ (რომელიც უკვე გადადგა) თავისი არათანამედროვე მსოფლმხედველობით ევროპული საზოგადოებრიობა შოკში ჩააგდო – იგი ჰომოსექსუალიზმს ცოდვას უწოდებს, ხოლო მარტოხელა დედებს ცუდ დედებად ნათლავს, გარდა ამისა,მიმომხილველები სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებენ ყველა ქვეყანაში კონსტიტუციის რატიფიცირების შესაძლებლობას. რომში ხელმოწერილი დოკუმენტი მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა ყოველი ხელმომწერი ქვეყანა მის რატიფიცირებას მოახდენს. როგორც ამბობენ, ევროპის კონსტიტუცია მაშინ შესძლებს საერთო ევროპული თვითშეგნების ფორმირებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას, თუკი ის ყველა წევრის მიერ იქნება მიღებული.

ცოტა რამ ისტორიიდან:

მეორე მსოფლიო ომის მიზეზები, ისევე, როგორც ყველა ომისა, სათავეს ევროპის ეკონომიკიდან იღებს. 40-იანი წლების საომარი მოქმედებების პრელუდია 20-იანი წლების ეკონომიკურად მოშლილი, ჰიპერინფლაციით განადგურებული გერმანია იყო, სხვა ყველა დანარჩენი – ტექნიკის საკითხი გახლდათ: პიროვნებისა და პარტიების ასე თუ ისე გააქტიურება და მყვირალა ლოზუნგების ფრქვევა. ეს იყო ერა ძლიერ სახელმწიფოთა განვითარების სტრატეგიის თვისობრივი შეცვლისა. მთავრდებოდა კოლონიური ერა, ანუ სიუხვის აგრესიით მითვისების ხანა, რომელიც, როგორც კოლონიების, ისე დამპყრობელთათვის მძიმე შედეგებით სრულდებოდა. მეორე მსოფლიო ომი ამის ბოლო აკორდი იყო. ევროპა მიხვდა, რომ ჩოქბჯენში ყოფნა სჯობს (იძულებული გახდა) და სიუხვის მითვისების ცივილიზებული მეთოდების გამოგონება დაიწყო – ომისგან განადგურებული და დამშეული ევროპა იწყებს ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე ფიქრს, 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომისა და კონტინენტის გმირები: რუზველტი და ჩერჩილი საფუძველს უყრიან ევროპის გაერთიანებას.

ოკეანის გადაღმა ზუსტად იცოდნენ ომის მიზეზები და აშშ-ს სენატის კედლებში ევროპის ეკონომიკური აღორძინების და III მსოფლიო ომისგან დაზღვევის გეგმა შემუშავდა, რომელსაც “მარშალის გეგმა” ეწოდა, რომელმაც გადაარჩინა მსოფლიო და ამავე დროს დაიწყო “ცივი ომი”. ევროპა ორ – სოციალიტურ და კაპიტალისტურ, აგრესიულად დაპირისპირებულ ბანაკებად დაიყო. ამან აიძულა ამერიკა (იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა) დასავლეთ ევროპის მიმართ მეტი სიუხვე გამოეჩინა.

1950 წელს მუშავდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის გეგმა, რომელსაც შედეგად ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოების შექმნა მოჰყვა. ეს იყო პირველი ერთობლივი ორგანო მძიმე ინდუსტრიის საფუძვლის ნაწიში, რომელიც მაშინ მთელი მაკროეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენდა.

1952 წლის 23 ივლისს ჩაისახა საერთო ბაზარი, რომლის წევრებიც გახდნენ ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. 1958 წელს რომში შეიკრიბნენ ევროპის ქვეყნები და შექმნეს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სამ ძირითად საკითხს მოიცავდა: კაპიტალს, მუშახელს, საქონელისა და სიუხვის გაადვილებულ ურთიერთგაცვლას, რაც თავისუფალი გადაადგილების, ანუ საზღვრების გამჭვირვალობის შემოღების აუცილებლობიდან გამომდინარეობდა.

რას წარმოადგენს ევროპის კონსტიტუცია?

ევროპის კონსტიტუცია ყველა მოლაპარაკების დოკუმენტს შეცვლის, რომელიც ევროგაერთიანების საქმიანობის რეგლამენტაციას ითვალისწინებს. ახალი დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პროცესები ბევრად გამარტივებულია. ევროგაერთიანების უმაღლეს ორგანოში – სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელების მეთაურების საბჭოში, რიგ სფეროებში გადაწყვეტილება პირველად იქნება მიღებული არა ერთხმად, როგორც ახლა ხდება, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით.

თუმცა, ამასთან ერთად, ხალხის ადექვატური აზრის მხედველობაში მისაღებად, კონსტიტუციაში შემოდის ცნება, “ორმაგი უმრავლესობა” – ქვეყნებისა და მოსახლეობის სიმრავლე. ასეთი მექანიზმით გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამა თუ იმ საკითხს კენჭს უყრის ევროგაერთიანების მოსახლეობის დიდი უმრავლესობა.

ევროდეპუტატების უფლებამოსილება გაფართოებულია, ახლა ევროპარლამენტს უფლება აქვს გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ბიუჯეტის მიღებაზე, რაც ახლა ხდება, არამედ ემიგრაციის, მოქალქეთა დაცვის, სასაზღვრო კონტროლის შესახებ საკითხების კანონშემოქმედებაზე, ასევე სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის საკითხებზეც. მაგრამ აღმასრულებელი ორგანოს ფორმირებაში – ევროპის კომისიის დეპუტატებს ხელ-ფეხი მაინც შეკრული აქვთ, მათ შეუძლიათ მხოლოდ გადააყენონ, ან დაამტკიცონ კომისია მთელი შემადგენლობით და არა ცალკეული კომისრები. ევროგაერთიანების კონსტიტუცია – ეს არის ბალანსი უფრო დიდი ინტეგრაციის მსურველებსა და მათ შორის, რომლებიც ცალკეული სახელმწიფოების დამოუკიდებლობის უფლებებს უჭერენ მხარს. რაღაც ცალკეულ სფეროებში კონსტიტუცია ერთობლივი ქმედებების სფეროებს აფართოებს.

“ნუ დასცემთ ძირს ევროპის ავტორიტეტს”

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი პრინციპის შემოღებამ შეიძლება ევროგაერთიანება ორ ბანაკად დაყოს. მოწინავე რაზმში ჩაეწერებიან ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ხოლო არიერგარდში – ისინი, რომლებთაც სურვილი არ აქვთ ცალკეულ პროექტებში მონაწილეობა მიიღონ. ამის საილუსტრაციოდ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის შენგენის ზონაში შეუსვლელობაც კმარა. იგივე შეიძლება მოხდეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამ სფეროში კონსტიტუცია უკვე ვარაუდობს ერთობლივი უფლება-მოსილებების მნიშვნელოვან გაძლიერებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუვერენიტეტზე გარკვეულწილად უარის თქმას, რაც აშკარად ტრადიციულად ნეიტრალურ ქვეყნებს ხელს არ აძლევს, მაგალითად, ფინეთსა და შვეციას.

ევროპელების დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ, არაერთგვაროვანია. პოლიტიკური ლიდერები და ევროგაერთიენების ხელმძღვანელობა ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული სამართლებრივი ბაზა დღევანდელობას არ ასახავს და კონსტიტუციის გარეშე შეუჩერებლად მზარდი ევროგაერთიანება შეიძლება პარალიზებული აღმოჩნდეს. ხალხი კი ამაში სულაც არ არის დარწმუნებული და ამიტომაც, რიგ ქვეყნებში საპარლამენტო რატიფიკაციით საქმე არ გადაწყდება და რეფერენდუმი გარდაუვალი გახდება.

თუმცა, ზოგადად, ევროპელების უმეტესობა, ჯერჯერობით, კონსტიტუციას მხარს უჭერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა უპრობლემოდ მოახდენს მის რატიფიცირებას. ბევრ ქვეყანაში თვითონ ნაციონალურ კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი დოკუმენტის მიღება უკვე პროტესტს იწვევს. საუბარია ესტონეთზე, დიდი ბრიტანეთსა და შვეციაზე. დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 2006 წელს არის დაგეგმილი, მას მერე, რაც ცნობილი გახდება როგორ გადაწყდება კონსტიტუციის ბედი სხვა ქვეყნებში. 9 ქვეყანამ უკვე გამოთქვა პოზიცია, რომ ისინი კონსტიტუციას მხოლოდ რეფერენდუმის გზით დაამტკიცებენ. მიმომხილველების აზრით, ეს კონსტიტუციისთვის ცოტა სახიფათო ვარიანტია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ევროსკეპტიციზმით არიან ცნობილნი. ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კონსტიტუციის ბედი ბევრად არის დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყანა არ დაუჭრეს მას მხარს. თუ რომელიმე დიდი სახელმწიფო, ვთქვათ, დიდი ბრიტანეთი, ან პოლონეთი, მაშინ პრობლემა არ არის, ჯერი ისევ ახალ მოლაპარაკებებზე მიდგება, თუ უარს რომელიმე პატარა ქვეყანა იტყვის, იგი იმ ქვეყანათა რიგში ჩაეწერება, რომლებიც “არ შეუერთდნენ”, ამის პრეცენდენტი უკვე იყო, როცა პატარა ევოპულმა ქვეყანამ საერთოევროპული პროექტის დამტკიცებაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ასეთმა ქვეყნებმა თავიანთი შეხედულება შეიძლება შეიცვალონ. მაგრამ საქმე თუ საფრანგეთზე მიდგა, მიმომხილველები აცხადებენ, რომ, შესაძლოა, კონსტიტუცია იქვე დასამარდეს. ისინი ამ მოსაზრებას იმით ხსნიან, რომ საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ევროპული იდეალების ჯერ კიდევ მართლა სჯერათ, რომ ევროპა ეს არის სოლიდარობის, ჯანმრთელი სოციალური პოლიტიკის კონტინენტი. დაბოლოს, მათ სჯერათ ევროპის და მისი ძლიერი პოზიციების საერთაშორისო არენაზე. სწორედ ამ მიზეზების გამო, ფრანგების უკმაყოფილება გაწბილებული ერის უკმაყოფილება იქნება, რომლის თვალში ევროპის ავტორიტეტი მსოფლიოს მასშტაბით დასცეს!