სტანდარტიზაცია – წურბელა თუ ბიზნესის სტიმულატორი?

რედაქციისაგან

არასრულყოფილი ტექნიკური რეგულირების და სტანდარტიზაციის სისტემამ ქართულ ბიზნესს დიდი ზიანი მიაყენა. ხარისხის შესაბამისობის დადგენის გაუმჭვირვალე და არაეფექტურმა ინსტიტუტმა მნიშვნელოვნად განაპირობა შიდა და გარე ბაზრებზე ფალსიფიცირებული და წუნდებული პროდუქციის შეღწევა, მომხმარებელთა ინტერესების შელახვა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დათრგუნვა.

საქართველოს საქმიანი წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მხარდაჭერის პროექტმა (GIGI), რომელიც დაფინანსებულია აშშ საერთაშორსო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, მოამზადეს და ხელი მოაწერეს წერილს, რომელიც მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ამ წერილში მხარეები ითხოვენ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რაც მათ საშუალებას მისცემს საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო მოთხოვნებთან.

საქართველოს ხელისუფლებასთან საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე დიალოგის მიზნით, კონფერენცია გაიმართა, სადაც შეიკრიბნენ საქართველოს კერძო სექტორის, ბიზნეს-ასოციაციების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო მოხელეები და სტანდარტიზაციის პოლიტიკის პერსპექტივებზე იმსჯელეს, რამაც სტიმული უნდა მისცეს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, მოქალაქეების ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაცვას, კორუფციის შემცირებასა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ქ-ნი ჯეინ ვ. შვაიკერი, ექსპერტი აშშ-დან საერთაშორისო სტანდარტების საკითხებზე, მან ისაუბრა იმაზე, თუ რა პოლიტიკური სარგებელი შეიძლება საქართველოს მოუტანოს სტანდარტიზაციის რეფორმამ, ეს არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, საერთაშორისო ასპარეზზე გაუმჯობესებული სტატუსი, დონორ ორგანიზაციათა მხრიდან ნდობის, საინვესტიციო პოტენციალის გაუმჯობესება, ასევე კორუფციის შემცირება, ხოლო ყოველივე ეს საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს საქართველოს ხელისუფლებას სირთულეებს ააცილებს თავიდან. ქალბატონი შვაიკერი ასევე შეეხო საქართველოსთვის რეფორმის პრაქტიკულ სარგებელსაც და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ტვირთი, ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები და კორუფცია შემცირდება, განვითარდება ქვეყნის ექსპორტის პოტენციალი, კერძო სექტორი, მივიღებთ ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის გაუმჯობესებულ პოტენციალს, გვექნება დაბალი სამომხმარებლო ფასები. დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა არა განვითარებული და არა განვითარებადი ერის სტატუსით, საქართველოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საქართველო გაწევრიანებისთანავე, ყოველივე გარდამავალი პერიოდის გარეშე, შეასრულებს ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც ქვეყანამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით იკისრა.