რატომ ვერ იქნება ტურიზმი ეკონომიკის ლოკომოტივი

ალექსანდრა ლალიაშვილი

სხვადასხვა ქვეყნებში ტურიზმს ორი განსხვავებული როლი ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში. არსებობენ ქვეყნები, რომელთათვისაც ტურიზმი არის პრიორიტეტული მიმართულება, სტრატეგიული დარგი და, ასევე, ისეთი ქვეყნებიც, რომელთათვისაც ეს სფერო მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პრიორიტეტული. ასეთი ქვეყნებისთვის ტურიზმი, ძირითადად, საკუთარი პროდუქციის რეკლამირების როლს თამაშობს და ეკონომიკის სხვა დარგების წახალისება-სტიმული-რებას ისახავს მიზნად. ტურიზმი სტრატეგიული დარგია ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა: საბერძნეთი, ეგვიპტე, პორტუგალია და სხვა. მათგან განსხვავებით კი, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა განვითარებული ქვეყნები, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივად არ განიხილება.

პირველი მიმართულების ქვეყნების გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ის ქვეყნები, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, ახლა ძალიან რთული ფინანსური და ეკონომი-კური პრობლემების წინაშე დგანან. როგორც კი გლობალურ ეკონომიკაში პრობლემები შეიქმნა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის პერიოდში და ტურისტების ნაკადი მსოფლიო მასშტაბით შემცირდა, ამ ქვეყნების შემოსავალიც მყისიერად დაეცა და ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ასე იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში პრიორიტეტი ტურიზმი იყო და სხვა დარგები არ იყო სათანადოდ განვითარებული. ამის მაგალითია ესპანეთის, პორტუგალიის, კვიპროსის და იტალიის ეკონომიკაში არსებული დღევანდელი პრობლემები. რომ არაფერი ვთქვათ, საბერძნეთზე, რომელიც ჯერ კიდევ დეფოლტის საფრთხის წინაშეა.
მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის დირექტორის, კარლოს ვოგელერის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ-ს. ამ მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში ტურისტების რაოდენობა 2011 წლის მაჩვენებლებს (980 მლნ) 4%-ით გადააჭარბებს. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, საერთაშორისო ტურიზმი დინამიურად ვითარდება. 2020 წლისთვის ტურისტების რაოდენობა 1,4 მლრდ, ხოლო 2030 წლისთვის კი 1,8 მლრდ-ს მიაღწევს.
დღეს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მარშუტებად საფრანგეთი, აშშ და ჩინეთი ითვლება. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, ტურისტულ სექტორზე მსოფლიოს მშპ-ის 5%-ი, ხოლო ექსპორტის 6%-ი მოდის. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, ტურისტულ სექტორში ყოველი 12-ე ადამიანია დასაქმებული.
ევროპული კრიზისის გამო ნელ-ნელა იცვლება ტურიზმის კონიუნქტურა. ესპანეთისა და საბერძნეთის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ქვეყანამ ტურისტების მოზიდვის მოდელი თურქეთს გაუცვალა. მაშინ, როცა თურქეთი წლებია ცდილობს მდიდარი ტურისტების მოზიდვას, ეკონომკლასზე ფსონს ახლა ესპანეთი და საბერძნეთი დებენ. დასვენების თურქული მოდელის საფუძველი ისევ დიდი სასტუმროებია, სადაც “ყველა სახის მომსახურება” შედის, ამიტომ დამსვენებლისთვის დიდი რაოდენობით თანხა აუცილებელი არ არის.
წლების განმავლობაში თურქებმა მოახერხეს საგზურების ფასის 1,5-ჯერ გაზრდა და მათი ღირებულება დღეს 1000$-ზე მეტია. ამას ხელი შეუწყო თურქეთის ტერიტორიაზე ახალი კომპლექსების შექმნამ და იმ ფაქტმაც, რომ ეგვიპტემ და ტუნისმა დროებით დატოვეს ბაზარი, რევოლუციების გამო, ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნებში, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა.
რეგიონში კონკურენტების დროებით “ჩამოცილების”, სავიზო რეჟიმის სიმარტივის და სხვა ფაქტორების გამო, თურქეთი კონკურენციის მიღმაა და ახლა “მდიდარი” ტურისტების მოზიდვაც შეუძლია. ესპანეთის ტურისტული მოდელი საშუალო ზომის სასტუმროებსა და ტურისტების მობილობაზე იყო დაფუძნებული. ანუ გასართობად, სასტუმროს გარეთ გასვლა იყო საჭირო, რაც მოგზაურობაში საკმაოდ დიდი თანხის წაღების საჭიროებას ქმნიდა.
რამდენიმე წლის წინ კი ესპანეთში თურქული მაგალითის გამოყენება გადაწყვიტეს – ანუ დიდი სასტუმროების აშენება დაიწყეს, სადაც “ყველა სახის მომსახურება” შედის, მაგრამ საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. თუ შედარებით “ღარიბი” ტურისტების სეგმენტის ათვისების შემდეგ, თურქეთმა მდიდარი დამსვენებლების მოზიდვა დაიწყო, ესპანეთის მიმართულება იმ რუს ტურისტებს იზიდავს, რომელთათვის თურქეთში დასვენება ხელმისაწვდომი არ არის. გასულ წელს მათი რიცხვი ესპანეთში თითქმის 2-ჯერ, 1 მილიონამდე გაიზარდა. კრიზისის პარალელურად, მსგავსი პრობლემები ექმნება საბერძნეთსაც, აქაური ტურისტული ინდუსტრიაც თურქული მოდელით მოქმედებს, მაგრამ “ესპანურ” შედეგს იღებს – ტურების მიერ დახარჯული თანხის საშუალო მოცულობა თანდათან მცირდება.
რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტთა ნაწილი ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენთან ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, მაგრამ არა ერთადერთი. მათივე რეკომენდაციით ჩვენთან უფრო დიდი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის და მრეწველობის განვითარება უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. საქართველოს ტურიზმის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან გამოშვებაში იყო 7.1%. მთლიანმა შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან გადააჭარბა 935 მილიონ ამერიკულ დოლარს.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ტურიზმის სტრატეგიულ დარგად გამოცხადება-არ გამოცხადება არ არის. სპეციალისტებს პრეტენზიები სახელმწიფო ხედვის მიმართაც აქვთ, რომლის მიხედვითაც დღეს საქართველოში ხდება ტურზიმის განვითარების ხელშეწყობა. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საქართველოში საშუალო დონის სასტუმროების რიცხვი 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმროების რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, ტურისტები კი ყველაზე ხშირად, სწორედ, 2-3-ვარსკვლავიან სასტუმროებს ეძებენ. საინტერესოა, რამდენად არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა დღეს საქართველოში, საიმისოდ, რომ ქართული კურორტები საერთაშორისო დონეზე იყვნენ კონკურენტუნარიანი?
მარინა მეტრეველი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი სპეციალისტი: “საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობაში თუ გულისხმობთ მეზობელი ქვეყნების ტურისტულ ბაზრებს, მაგ., თურქეთის ტურისტულ ბაზარს, გეტყვით, რომ რუსი ტურისტების ნაკადის (რაც დიდი რაოდენობრივი მაჩვენებლით ხასიათდება თურქეთის კურორტებზე) ჩვენსკენ გადმონაცვლება დაიწყო და მომავალში მათი რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოს კურორტებზე ინფ-რასტრუქტურა განვითარდეს და გახდეს კონკურენტუნარიანი, საჭიროა 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობებით ჩანაცვლდეს ამდენი მსოფლიო ბრენდების შემოყვანა საქართველოში. ასევე აუცილებელია სტრატეგია, რომელიც ქვეყანაში გეგმაზომიერად და წინასწარ გათვლილად გამოკვეთს ტურიზმის განვითარების პრიორიტეტებსა და მიმართულებებს ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში. საქართველოში ტურიზმის განვითარება ქაოტურად მიმდინარეობს, ყოველგვარი გეგმაზომიერი გადაწყვეტილებების გარეშე. თუ ასე გაგრძელდა და წინასწარ არ დაიგეგმა, რომელ ქა-ლაქში, რეგიონსა და სოფელში, რამდენი და რა დონის სასტუმროები და ინფრასტრუქტურის მშენებლობაა საჭირო, შეიძლება ახლო მომავალში ტურიზმის განვითარებამ ქვეყანას ბევრი პრობლემა გაუჩინოს, როგორებიცაა: ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედების უარყოფითი შედეგები.
ს.ე. – ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მაღალი კონკურენციის გამო წელს მოსალოდნელია მომსახურებაზე ფასების შემცირება, მაგრამ ამ მოსაზრებას არ იზიარებენ სასტუმროებისა და გესთ-ჰაუსების წარმომადგენლები, რომლებიც გადასახადების მაღალ განაკვეთებზე საუბრობენ. რამდენად მოსალოდნელია ფასების შემცირება?
მ.მ. – ამ კითხვაზე პროგნოზების დონეზე პასუხი არ მაქვს, რადგან არ მაქვს ის მონაცემები, რაც ამის საშუალებას მომცემდა. მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმის მიმართულებით გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები, დაფიქრებასა და დამუშავებას მოითხოვს”.
ექსპერტთა მოსაზრებებს ქვეყანაში 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუროების სიმცირესთან დაკავშირებით პასუხობენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში. რუსუდან მამაცაშვილი, დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “მიმ-დინარეობს მოლაპრაკება 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელების საქართველოში შემოსვლით დაინტერესების კუთხით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ქობულეთის ტურისტული ზონის გახსნით, სადაც სწორედ საშუალო კლასის სასტუმროების მშენებლობა მიმდინარეობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობებით”.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია წელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. ქვეყანაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად უკვე გაიხსნა და, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, წელს ზაფხულის სამივე თვეში საქართველოში 350-350 ათასი ტურისტი შემოვა. მათივე შეფასებით, ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვა.
რუსუდან მამაცაშვილი: “ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს განეკუთვნება საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის საკითხი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ოპერირება ქართულ ბაზარზე და კვალიფიცი-რებული კადრების არსებობა როგორც სასტუმრო, სარესტორნო, ასევე უშუალოდ ტურისტულ ბიზნესში.
ს.ე. – უმნიშვნელოვანეს პრობლემად სახელდება ასევე ტურიზმის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმის არ არსებობა, რა პასუხს გასცემთ ოპონენტთა ამ მოსაზრებას?
რ.მ. – არსებობს სამუშაო გეგმა, რომლითაც ხელმძღვანელობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მუშაობის ამგავრი ფორმატი კარგად აპრობირებულია და საშუალებას გვაძლევს ვიყოთ მოქნილნი და ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე დავსახოთ პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები”.
რაც შეეხება კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მათთვის ამ ეტაპზე მთავარ პრობლემად მაღალი გადასახადები რჩება. საოჯახო სასტუმროები კომუნალური გადასახადების შემცირებას ითხოვენ. მათი შეფასებით, პრიორიტეტად გამოცხადებული ტურიზმის სფეროს განვითარებას ხელს მაღალი კომუნალური გადასახადები უშლის. საზღვაო კურორტებზე მდებარე რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაზის აბონენტად დარეგისტრირების, ასევე წყლისა და ბუნებრივი აირის ძვირი ტარიფები მათ მომსახურებაზე მაღალი ფასების დაწესებას აიძულებს. მაღალი კომუნალური გადასახადების პრობლემა, სასტუმრო ბიზნესსაც მწვავედ შეეხო, განსაკუთრებით ახალი სეზონის დაწყების წინ და საბანკო დავალიანების პრობლემის ფონზე. საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ხელისუფლების მხრიდან მთავარი ხელშეწყობა არა საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს პოპულარიზაცია, არამედ, პირველ რიგში, გადასახადების შემცირება უნდა იყოს. საოჯახო და ვარსკვლავური კლასიფიკაციის მქონე სასტუმროებს ერთ კუბურ მეტრ გაზში 75 თეთრის გადახდა უწევთ.
რუსუდან მამაცაშვილი: “ტურიზმის სექტორში არსებული ფასების დარეგულირება ხდება ბაზრის მდომარეობის მიხედვით, ახალი სასტუმროებისა და ტურისტული კომპლექსების მშენებლობა იწვევს კონკურენტული ფასების დაწესებას, რაც ადვილად ხელმისაწვდომს ხდის მათ ტურისტებისთვის. მზადდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათების შეთავაზება გარკვეული თანხის ტოლფასი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, მსგავსად ტურისტულ ზონებში (ქობულეთი, ანაკლია) არსებული პირობებისა”.
როგორც ვხედავთ, პრობლემები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, როგორც ტურიზმის განვითარების მხრივ, ასევე, საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
მარინა მეტრეველი: ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ტურიზმის სექტორს დიდი ადგილი უკავია ქართულ ეკონომიკაში, რადგან გასავლები უფრო მეტია, ვიდრე შემოსავლები. სწორედ ამიტომ არის საჭირო ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომ ახლო მომავალში ტურიზმის განვითარებამ შემოსავლები მოიტანოს ქვეყნის ბიუჯეტში.
ს.ე. – რამდენად შეიძლება ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ძირითადი ღერძის განხილვა, თუნდაც საბერძნეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და სხვა ისეთი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, რომელთა ეკონომიკის დასაყრდენს წლების განმავლობაში ტურიზმი წარმოადგენდა?
მმ. – ჩემთვის ამ ქვეყნებთან შედარების გარეშეც ნათელია, რომ იმ რესურსის მატარებელ ქვეყანას, როგორც საქართველოა, მხოლოდ დაგეგმილი და სწორად გათვლილი კონცეფციის ფარგლებში, უარყოფითი ზეგავლების გარეშე, მხოლოდ ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მცირე მეწარმეობა განავითარებს”.

Leave a Reply

Your email address will not be published.