საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი და შემზღუდავი ფაქტორები

ზურაბ ალავიძე

ქვეყნის, მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ვინაიდან იგი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების ამაღლებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივი რესურსების წარმოების პროცესში ჩაბმასა და არსებული ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას განაპირობებს.

ეკონომიკური ზრდის შემზღუდავი და ხელშემწყობი ფაქტორების სპექტრი მრავალფეროვნებით, საერთო-სახელმწიფოებრივი და რეგიონული ასპექტებით ხასიათდება. მრავალი ფაქტორი, რომლებიც ზოგად-სახელმწიფოებრივი ხასიათისაა, რეგიონულ დონეზეც ვლინდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ რეგიონული ეკონომიკის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ერთიანი ეროვნული მეურნეობის ლოკალური ნაწილის განვითარება, მნიშვნელოვანწილად ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობითა და მასში მიმდინარე პროცესებითაა განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ რეგიონებში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ბევრადაა დამოკიდებულია ცენტრალური ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ანუ ქვეყნაში ეკონომიკის ტენდენციებზე. ცენტრალური ხელისუფლება შემუშავებს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზას და სრულყოფს მას, ადგენს მინიმალურ სოციალურ სტანდარტებს, განსაზღვრავს საგარეო-სავაჭრო პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს, პრიორიტეტებსა და პროგრამებს. მის სტრატეგიაზეა დამოკიდებული ფასებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სამუშაო ძალის ზოგად-საგანათლებლო და პროფესიულ კვალიფიციური მომზადება და ა.შ. ამრიგად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყენებული მარეგულირებელი ღონისძიებები ეკონომიკის ფუნქციონირების პირობებს მთელი ქვეყნის, მ.შ. ცალკეული რეგიონების მასშტაბით განსაზღვრავენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განმსაზღვრელი ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, უპირველეს ყოვლისა კი, ეკონომიკური ზრდის შემზღუდავი და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენა და რეგიონებში ეკონომიკურ ზრდაზე მათი ზემოქმედების შეფასება. აღნიშნული ფაქტორები, მათი ზოგად-სახელმწიფოებრივი ხასიათიდან გამომდინარე ყველა რეგიონისათვის საერთოა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეულ რეგიონებში ეკონომიკური ზრდის სპეციფიკური, ადგილობრივი თავისებურებებით განპირობებული ფაქტორები ვლინდება, რომლებიც, ძირითადად, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებში უთანაბრობებს განსაზღვრავენ.

1996-2003 წლებში საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი მთლიანი დამატებული პროდუქციის საშუალო მატებამ, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 5.3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპები მიღწეულ იქნა 1996-97 წლებში, მომდევნო 1998-2000 წლებში კი, ეკონომიკური აღმავლობის ტემპების დაქვეითება აღინიშნა, ხოლო 2001 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპების ამაღლების ტენდენციამ კვლავ ინტენსიური ხასიათი შეიძინა. 2003 წლისათვის მისმა სიდიდემ 11.1 % (იხ. ცხრ. 1) შეადგინა. ამავე წლისათვის მთლიანი დამატებული ღირებულების მოცულობის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები აღინიშნა მრეწველობაში – 14%, მ.შ. დამამუშავებელ მრეწველობაში – 18,3%, სოფლის მეურნეობაში – 11.2% მშენებლობაში – 16.3%, კავშირგაბმულობაში – 31.3% და საფინანსო შუამავლობაში – 19,8% (1, გვ. 2).

1995-2003 წლებში ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დინამიურად მზარდ დარგებს წარმოადგენდა: მშენებლობის, ფინანსური შუამავლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ვაჭრობის სფეროები. აღნიშნულ პერიოდში, დამატებული ღირებულების ზრდის საშუალო წლიური ტემპი მშენებლობაში შეადგენდა – 17.1%-ს, ფინანსური შუამავლობის სფეროში – 35,4%-ს, ვაჭრობაში – 5.4%-ს, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში – 15,9%-ს , სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობაში 15,3 %-ს (1, გვ.4-5).

საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ საბაზრო გარდაქმნების განხორციელების პროცესში დაშვებული სტრატეგიული ხასიათის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური შეცდომების [40,გვ.3], მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების საბაზრო-ეკონომიკური სისტემისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტების ყოვლად გაუმართლებელი კოპირებისა და ეკონომიკური რეფორმების არაკომპლექსურად განხორციელების მიუხედავად, ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის დადებითი ტენდენცია ჩამოყალიბდა.

1996-97 წლებში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენდა მაკროეკონომიკური, მ.შ. ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, კრიმინოგენური ვითარების გარკვეული გაუმჯობესება, უცხოური კაპიტალის მყისიერი შემოსვლა და ა.შ.

2001 წლიდან, ეკონომიკური აქტივობის ამაღლების ახალი ფაზა ემყარება გამოუყენებელ რესურსულ ბაზას, შიდა და საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით გარკვეულად ხელშემწყობი საერთო გარემოს ჩამოყალიბებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ მხარდაჭერას, 2003 წლის ხელსაყრელ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს [2, გვ.3], ბიზნესის მართვის სფეროში გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას, ტრანსკავკასიური მსხვილი პროექტების – ბაქო-სუფსისა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენების, შაჰდენიზ-თურქთის გაზსადენის მშენებლობის, აგრეთვე ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროების რეაბილიტაციის საერთაშორისო პროექტების რეალიზაციას. ეკონომიკური აქტივობის ამაღლებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ახალი, ენერგიული მთავრობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში წესრიგის დამყარებას, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის მოწესრიგებას, საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასა და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლებას და ა.შ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკური ზრდის მიღწეულმა ტემპებმა ეკონომიკური განვითარების კრიზისამდელი დონის მიღწევა და საზოგადოების ძირითადი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყო. მაგალითად, 2003 წელს 1990 წელთან შედარებით, მშპ-მ შეადგინა – 46.3%, მრეწველობის პროდუქციამ – 19.5%, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ – 71.1%, ყველა სახეობის ტრანსპორტის ტვირთბრუნვამ – 8.2%, ყველა სახეობის ტრანსპორტის მგზავრთბრუნვამ – 37.0% (2,გვ.9). ამასთან, ეკონომიკური განვითარების მიღწეული დონე ვერ უზრუნველყოფს მინიმალური სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ასე მაგალითად, საშუალო ხელფასი (125 ლარის ოდენობით), დაახლოებით საარსებო მინიმუმის დონეზეა, თვიური პენსია 2003 წლისათვის შეადგენდა 14 ლარს, ხოლო სიღარიბის დონის მაჩვენებელი 0.5-0.55-ის ფარგლებშია, რაც მთლიანობაში იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მინიმალური საარსებო საშუალებები არ გააჩნია. მდგომარეობას კიდევ უფრო სამუშაო ადგილების უკმარისობა ართულებს. ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობა 2002 წლისათვის 1990 წელთან შედარებით 827 ათასი კაცით, ანუ 31%-ით შემცირდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციით განპირობებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სწრაფი დაძლევისათვის აუცილებელი იყო ეკონომიკური ზრდის არსებულ ტემპებთან შედარებით უფრო მაღალი ტემპების მიღწევა.

საქართველოში ეკონომიკური ზრდის არასაკმარისი მასშტაბები და ტემპები განაპირობა რიგმა ობიექტურმა და სუბიექტურმა მიზეზებმა:
– დამოუკიდებლობის მოპოვების საწყისი ეტაპისათვის ეკონომიკური პირობების მკვეთრმა გაუარესებამ. პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავებამ საბჭოთა კავშირთან და ამ უკანასკნელის მხრიდან ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადებამ ტრადიციულ პარტნიორებთან არსებული სამეურნეო კავშირების რღვევა გამოიწვია, რის შედეგადაც ქვეყანა მოწყდა ნედლეულის წყაროებსა და მზა პროდუქციის გასაღების ბაზრებს, რამაც საწარმოთაAსაქმიანობის პარალიზება გამოიწვია. პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის განვლილ პერიოდში, ეკონომიკური (სამამულო პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა, მატერიალურ-ფინანსური რესურსების უკმარისობა და ა.შ.) და არაეკონომიკური (რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავება, ქვეყნის შიგნით სოციალურ-პოლიტიკური და კრიმინოგენური დაძაბულობის ზრდა, ხელისუფლების მხრიდან არასათანადო ძალისხმევა და ა.შ.) ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვერ მოხერხდა დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არსებული სამეურნეო კავშირების აღდგენა და ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი არ არის ახალი კავშირების დამყარების მასშტაბები და ტემპები;
– საბაზრო ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინსტიტუციური გარემოს არარსებობამ. საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის დაუხვეწავობა და არასრულყოფილება. საბაზრო ინსტიტუტების სათანადო დონეზე განუვითარებლობა ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება;
– საბაზრო რეფორმების განხორციელებისას დაშვებულმა ტაქტიკურმა შეცდომებმა, რომელთა შორის აღსანიშნავია ეკონომიკური რეფორმების განხორციელება “შოკური თერაპიის” კონცეფციის საფუძველზე და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან შედარებით უპირატესობის მინიჭება ეკონომიკის ლიბერალიზაციისადმი და პრივატიზების პროცესის დაჩქარებისადმი;
– საბაზრო ეკონომიკის პირობებში მუშაობისათვის აუცილებელი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე კადრების დეფიციტმა;
– გარე შოკების ზემოქმედებამ, მაგალითად, რუსეთის 1998 წლის ფინანსური კრიზისი უარყოფითად აისახა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, მკვეთრად შემცირდა ეროვნული ბანკის განკარგულებაში არსებული უცხოური ვალუტის რეზერვები. ეკონომიკური ზრდის ტემპმა 1998 წლისათვის 2.9% შეადგინა, რაც 1997 წლის დონესთან შედარებით3.6-ჯერ ნაკლებია. მრეწველობის მთლიანი პროდუქციის გამოშვება 2 პროცენტით დაეცა, აღინიშნა ლარის გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი შემცირება დოლართან მიმართებაში და ა.შ.
– ნედლეულისა და ენერგეტიკული რესურსების ადგილობრივი მარაგების სიმცირემ და საგარეო წყაროებზე დამოკიდებულების მაღალმა ხარისხმა;
– სამოქალაქო ომმა და შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა;
– სამთავრობო სტრუქტურებში საშემსრულებლო დისციპლინისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის მოშლამ და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების ამაღლებამ.

აღნიშნულმა ფაქტორებმა მეტ-ნაკლებად უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა როგორც მთლიანად ქვეყნის, აგრეთვე მისი ცალკეული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური აქტიურობისათვის არაკეთილსასურველი გარემოს ფორმირება გამოიწვიეს. ზოგიერთმა ფაქტორმა განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონიეს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაზე. მაგალითად, სამოქალაქო ომმა, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და კრიმინოგენური ვითარების გამწვავებამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკას, რაც გამოიხატა არსებული საწარმოო სიმძლავრეების სრულ გაჩანაგებაში და საერთო-ეროვნულ დონესთან შედარებით, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების არსებით გაუარესებაში.

საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ცალსახა შეფასება შეუძლებელია შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის შედეგად. ჯერჯერობით მიუღწეველია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის რეგიონალიზაცია. ქვეყნის რეგიონებში არ წარმოებს მთლიანი პროდუქტის (რეგიონის ტერიტორიაზე წარმოებული დამატებული ღირებულებისა და შემოსული წმინდა გადასახადების ჯამი) გაანგარიშება. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გააჩნია რეგიონებში წარმოებული მთლიანი პროდუქციის გაანგარიშების მეთოდიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე მსჯელობისას, უნდა დავკმაყოფილდეთ ამ სფეროში არსებული მწირი ინფორმაციით, აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონებში მრეწველობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომიკური საქმიანობის სხვა ძირითადი სახეობების შესახებ. აღნიშნული მწირი ინფორმაცია საშუალებას არ გვაძლევს ზუსტად შევაფასოთ რეგიონების ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაგრამ იგი გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის რეგიონების ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ.

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში გატარებული რეფორმების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა მსხვილი სამრეწველო საწარმოების რესტრუქტურიზაცია, მათი ერთი ნაწილის აქციონირება, ხოლო მეორე, უფრო დიდი ნაწილის პრივატიზება და კერძო საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე მცირე ბიზნესის განვითარებისათვის გარკვეული ხელის შეწყობა. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება მიზნად ისახავდა სამრეწველო საწარმოთა მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას. მათი განხორციელების შედეგად სახელმწიფო საწარმოთა უდიდესი ნაწილი არასახელმწიფო სექტორის განკარგულებაში გადავიდა. მაგალითად, 2003 წლისათვის საქართველოში არსებული სამრეწველო საწარმოთა 91.4% არასახელმწიფო სექტორის მფლობელობაში იყო.

მსხვილ სამრეწველო საწარმოთა რესტრუქტურიზაციამ და მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ახალი მცირე სამრეწველო საწარმოების ამოქმედებამ საწარმოთა რიცხვის ზრდა გამოიწვია. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1990 წლისათვის მრეწველობაში 1365 საწარმო ფუნქციონირებდა, 2003 წლისათვის კი, მათმა საერთო რაოდენობამ 3181 ერთეულს მიაღწია, ანუ აღნიშნულ პერიოდში მათი რაოდენობა 2.3-ჯერ გაიზარდა. 2001-2003 წლებში სამრეწველო საწარმოთა რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა. თუმცა რეგიონებში სახეზეა სამრეწველო საწარმოთა ზრდის უთანაბრობა. თბილისში მათი ზრდის ტემპმა შეადგინა 17%, აჭარაში – 40%, სამცხე-ჯავახეთში – 12.3%, კახეთში – 8.7%, ქვემო ქართლში – 1.5%. მათი რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა რიგ რეგიონებში, მაგალითად შიდა ქართლში სამრეწველო საწარმოთა რაოდენობა 2003 წლისათვის, 2001 წელთან შედარებით შემცირდა 19.6%-ით, ხოლო იმერეთში კი, 4.6%-ით (3, გვ.9,35-36).

მრეწველობის განვითარების რეგიონული ტენდენციების შესახებ, რეგიონების მიხედვით საწარმოთა განაწილებასთან შედარებით, უფრო ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის ბოლო წლების მანძილზე პროდუქციის წარმოების საერთო მოცულობის დინამიკა.

მიუხედავად 1996-2003 წლებში მიღწეული წარმოების ზრდისა, 2003 წელს 1990 წელთან შედარებით მრეწველობის დარგში გამოშვებულ იქნა 4.4-ჯერ ნაკლები სამრეწველო პროდუქცია, რაც გამოწვეულია 1991-1995 წლებში მრეწველობის სფეროში წარმოებული მთლიანი პროდუქციის 7.3-ჯერ შემცირებით (1995 წლისათვის მრეწველობის მთლიანი პროდუქციის გამოშვებამ 1990 წელთან შედარებით შეადგინა 13.7%). ჩამორჩენა აღინიშნა მრეწველობის ყველა ძირითად სფეროში; კერძოდ, გადამამუშავებელ მრეწველობაში წარმოების მოცულობამ 2003 წლისათვის, 1990 წლის დონის 19.3% შეადგინა, სამთო მომპოვებელ მრეწველობასა და კარიერების დამუშავებაში – 59.3%, ელექტროენერგიის წარმოება-განაწილებაში, აირსა და წყალმომარაგებაში – 54.0% (3, გვ.10).

საქართველოში ყველა ტიპის სამრეწველო საწარმოების მიერ 2003 წელს გამოშვებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობამ მოქმედ ფასებში 1429.7 მლნ ლარი შეადგინა, ანუ წინა წელთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 14.8 პროცენტით გაიზარდა (1, გვ.13).

2003 წლისთვის, საშუალო ეროვნულ მაჩვენებლებთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის ზრდის უფრო მაღალი ტემპები აღინიშნა აჭარაში – 21.4%, იმერეთში – 35.4%, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 32.4%, შიდა ქართლში – 68.4%, მცხეთა-მთიანეთში – 49.3%, კახეთში – 15.3%; შედარებით უფრო დაბალ ტემპებს ადგილი ჰქონდა თბილისში – 12.1%, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 7.4%, ქვემო ქართლში – 4.9% და სამცხე-ჯავახეთში – 14.2%; ამასთან სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 20.4%-ით შემცირდა გურიაში; აფხაზეთის არ-ის საწარმოების მიერ კი 2002 წელთან შედარებით გამოშვებულ იქნა 0.5%-ით ნაკლები პროდუქცია. როგორც ვხედავთ, 2003 წლისათვის დადებით ტენდენციას წარმოადგენს ის, რომ თორმეტი რეგიონიდან სამრეწველო პროდუქციის გამოშვების ზრდა აღინიშნა ათ რეგიონში, მაშინ როდესაც წინა წლებში, მაგალითად 2001 წელს ეკონომიკურ ზრდას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ექვს, ხოლო 2002 წელს, შვიდ რეგიონში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში და კახეთში, რომლებშიც 1996-2003 წლებში, დანარჩენი რეგიონებისაგან განსხვავებით სამრეწველო პროდუქციის შემცირება აღინიშნა. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთში სამრეწველო პროდუქციის გამოშვებამ 2003 წლისათვის 1995 წელთან შედარებით შეადგინა 95.2 პროცენტი, გურიაში – 92.3 პროცენტი, ხოლო კახეთში – 76.8 პროცენტი (3.გვ.58-60).

მრეწველობის სფეროს განვითარების რეგიონული ტენდენციები და მთლიანად ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაზეც ამ პარაგრაფის დასაწყისში გვქონდა საუბარი, გარკვეულ წარმოდგენას იძლევა რეგიონების ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდ უცხოეთშია წასული, მეორე ნაწილი კი თბილისშია ჩამოსული (ძირითადად სამეგრელოდან, ზემო იმერეთიდან, მთიანი რეგიონებიდან და ა.შ.) და მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ ან ბაზრობებზეა დასაქმებული, ან საამშენებლო-სარემონტო ხასიათის დროებითი სამუშაოებითაა დაკავებული. საყურადღებოა ისიც, რომ დასაქმებიდან საშუალო-ეროვნულ შემოსავალთან შედარებით დაბალი Dდონით ხასიათდება მთელი რიგი რეგიონები. ასე მაგალითად, 2002 წელს დასაქმებიდან საშუალო შემოსავალმა ქვეყანაში 112.7 ლარი შეადგინა, ხოლო კახეთში – 73.6 ლარი, შიდა ქართლში – 72.1 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 57.4 ლარი, გურიაში – 72.0 ლარი, სამეგრელოში – 76.6 ლარი, იმერეთში – 87.9 ლარი. შედარებით მაღალი შემოსავლები მიღებულ იქნა თბილისში – 146.4 ლარი, აჭარაში – 144.7 ლარი, ქვემო ქართლში – 122.6 ლარი (4.გვ.79).

ზემოაღნიშნული მიუთითებს საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პირობების არარსებობაზე, სამუშაო ადგილების დეფიციტზე და ეკონომიკური აქტიურობის დაბალ დონეზე, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე განვითარებული მოვლენებით (სამოქალაქო ომი, შიდა ტერიტორიული კონფლიქტები, კრიმინოგენური ვითარების გამწვავება, პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა, საზოგადოებრივი ქონების დატაცება-განიავება და ა.შ.), რომლებმაც განსაკუთრებით დააზარალა ქვეყნის რეგიონები. მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მისაღწევად განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა მართალია, საფუძველი ჩაუყარა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულ გაუმჯობესებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ მისი დადებითი გავლენა ძირითადად აღინიშნა დედაქალაქის, როგორც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ცენტრის, აგრეთვე აჭარის არ-ის (რომლის ფარგლებშიც არ გავრცელებულა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომი და რომელსაც გარკვეული ხელსაყრელი გეოეკონომიკური მდებარეობა აღმოაჩნდა სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტის სახით) ეკონომიკაზე. დანარჩენ რეგიონებში კი, მიუხედავად 1996-2003 წლების გარკვეული დადებითი ტენდენციებისა, შედარებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.

საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის სპეციფიკურ, ადგილობრივი თავისებურებებით განპირობებულ შემზღუდავ ფაქტორებს წარმოადგენს:
– ელექტროენერგიის მიწოდებაში არსებული შეფერხებები. გასულ წლებში, ზოგიერთ რეგიონს, ქალაქსა და დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია მიეწოდებოდა დღე-ღამის მანძილზე ორი-სამი საათის განმავლობაში, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხავდა სამრეწველო ობიექტების მუშაობას;
– ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფის დაბალი დონე;
– სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგების დამოკიდებულება ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე. ასე მაგალითად, 2000 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულმა გვალვამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. მარცვლეულის წარმოება 1999 წელთან შედარებით 360 ათასი ტონით, ანუ 46%-ით შემცირდა; პარკოსანი კულტურების წარმოება – 6.7 ათასი ტონით, ანუ 3.5-ჯერ; კარტოფილის წარმოება – 141.3 ათასი ტონით, ანუ 32%-ით; ბოსტნეულის წარმოება – 62.8 ათასი ტონით, ანუ 15%-ით; ბაღჩეული კულტურებისა – 28.2 ათასი ტონით, ანუ 26%-ით და ა.შ. (5,გვ.32). სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შემცირებამ რეგიონებში გამოიწვია ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭება, ვინაიდან რეგიონების ეკონომიკის სტრუქტურაში მაღალი ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროებს უჭირავს;
– ინფრასტრუქტურის (გზების, აეროპორტების, საკანალიზაციო სისტემის, საქალაქო კომუნიკაციების, აგრეთვე საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და განაწილებისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების) განუვითარებლობა. რეგიონებში, აღნიშნული სფერო ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არ იყო სათანადო დონეზე განვითარებული. მას მძიმე დარტყმა მიაყენა სამოქალაქო დაპირისპირებამ და სეპარატისტების მიერ ქვეყნისათვის თავს მოხვეულმა ომებმა. მისი ჯეროვანი გამართვა ეკონომიკური რეფორმის დაწყების შემდეგაც ვერ მოხერხდა, რადგანაც ამისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი კაპიტალდაბანდებანი. სამწუხაროდ, 2003 წლის ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე არსებულ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სათანადო სახელმწიფოებრივი ნება მის წინაშე არსებული ამოცანების, მათ შორის რეგიონული პრობლემების გადასაწყვეტად;
– როგორც სახელმწიფო სექტორში (ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები და საწარმოები), ისე კერძო სექტორში საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტი. ასეთი კადრების უმრავლესობა ან უცხოეთშია წასული ან დედაქალაქშია (სადაც შედარებით უკეთესი პირობები არსებობს საქმიანი უნარ-ჩვევების რეალიზაციისათვის) დასაქმებული;
– რეგიონული მენეჯმენტისა და რეგიონული მარკეტინგის განუვითარებლობა;
– რეგიონული ბაზრების ჩამოუყალიბებლობა, რაც ძირითადად განპირობებულია მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობით;
– შრომისუნარიანი და კაპიტალის მფლობელი პირების უცხოეთში გადინება და ა.შ.