ინაუგურაციის სინქრონი

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

დამკვიდრებული ტრადიციის მიუხედავად, ბუშის ადმინისტრაციამ ამ უკანასკნელი არჩევნების შემდეგ უარი განაცხადა აენაზღაურებინა ვაშინგტონისათვის პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ხარჯების დიდი ნაწილი. ამიტომ ქალაქს მოუწია ინაუგურაციისათვის 11,9 მილიონი დოლარი გაეღო და ეს ფული ეროვნული უსაფრთხოების ხარჯების მუხლისთვის მიეწერა. ამ სახსრების გამოყენება ინაუგურაციის ცერემონიისთვის ვაშინგტონის ხელისუფლებას ფედერალური მთავრობის ჩინოვნიკებმა ურჩიეს.

ვაშინგტონის მერის, ენტონი ულიამსის წინასწარი შეფასებით, ინაუგურაცია ქალაქს 17,3 მილიონი დოლარი უნდა დაჯდომოდა, თანაც ამ სახსრების დიდი ნაწილი უსაფრთხოებისათვის უნდა დახარჯულიყო. ქალაქის ხელისუფლებას 5,4 მლიონი დოლარი უნდა გამოეყენებინა ფედრალური ფონდიდან, რომელმაც აუნაზღურა ვაშინგტონს დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალაქს არ გამოეყო სახსრები სპეციალურად ინაუგურაციისათვის. ასეთი პოზიცია მიუღებლად მიიჩნიეს, როგორც კონგრესის, ასევე ვაშინგტონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რადგან არასწორი იქნებოდა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პროგრამების სახსრები, ქალაქს ინაუგურაციის ხარჯების დასაფარად მიემართა. ჩვეულებრივ, ქალაქის მუნიციპალიტეტი უსაფრთხოების პროგრამების სარეზერვო სახსრებს მიმართავს ხოლმე ისეთი გადაუდებელი საჭიროებისათვის, როგორიცაა, საავადმყოფოების კეთილმოწყობის გაუმჯობესება, სახანძრო ბრიგადების ეკიპირება და სხვა.

გასულ წელს ვაშინგტონის ადმინისტრაცია ცდილობდა მიეღო კონგრესისაგან დამატებით 15-25 მილიონი დოლარი ეროვნული უსაფრთხოების პროგრამით, რათა შემდგომ დაეფარა ინაუგურაციის ხარჯები, მაგრამ, უშედეგოდ.

როგორც ინაუგურაციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ დახარჯეს 40 მილიონი დოლარი ინაუგურაციის თანმხლებ ზეიმებზე, რომლებიც ოთხი დღე გაგრძელდა (მათ შორის, ფოიერვერკები, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია და ცხრა მეჯლისი). ეს ხარჯები ანაზღაურებული იქნა სპონსორების მიერ. ზოგიერთმა ამერიკულმა კომპანიამ, ჯამში, დაახლოებით, 8 მილიონი დოლარი გამოყო თავად ინაუგურაციის ცერემონიის ფინანსირებისათვის (მათ შორის, Chevron texaco-მ და Exxon Mobil-მა 250 000 დოალრი) გადრიცხეს.

ბუშის პირველ ინაუგურაციაზე ვაშინგტონმა 8 მილიონი დოლარი დახარჯა, წელს, 17,3 კი მილიონი. 8,8 მილიონი წავიდა ვაშინგტონის პოლიციის 2000 თანამშრომლის და 2,7 მილიონი სხვა შტატებიდან მოწვეული კიდევ 1000 პოლიციელის სამუშაო ანაზღაურებაზე. ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკებს დასვენების დღე ჰქონდათ, რაც ბიუჯეტს კიდევ 66 მილიონი დოლარი დაუჯდა. უფრო ადრე კი, საინაუგურაციო კომიტეტი ცერემონიის საერთო ხარჯს, 50 მილიონ დოლარს ვარაუდობდა.

გაცილებით უფრო მცირე იყო და შედარებით უფრო მარტივი სტრუქტურა ჰქონდა უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ინაუგურაციის ცერემონიისათვის გამაყოფილ სახსრებს. 4,3 მილიონი გრივენი (811000 დოლარი) იქნა გამოყოფილი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. 2 მილიონი გრივენი (377 000 დოლარი) მიიღო კულტურის სამინისტრომ, 1,7 მილიონი გრივენი (320000 დოლარი) – სახელმწიფო საქმეთა სამმართველომ, 600000 გრივენი (113000 დოლარი) ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შარშანდელ ინაუგურაციას, ფინანსთა სამინისტროს დაანგარიშებით, იგი დაახლოებით, 100000 დოლარი დაჯდა. ამ თანხის ნახევარი გამოყოფილი იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი ხარჯები დაფარეს ქართველმა ბიზნესმენებმა.

გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია დაჯდა 8,1-ჯერ ნაკლები უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და დაახლოებით 500-ჯერ ნაკლები აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

მიახლოებით ამდენივე, ანუ 3 მილიონი რუბლი (103450 დოლარი) დაიხარჯა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შარშანდელ ინაუგურაციაზე, როგორც ამას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი იუწყება. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტების გაანგარიშებით, არა ერთი ათეული მილიონი დოლარი დაჯდა მარტო იმ სამეფო ტახტის რესტავრაცია, რომელზეც პუტინი ინაუგურაციისას იჯდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial