ფედერალური ვაჭრობის კომისიის იურიდიული უფლებამოსილებანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში

სლავა ფეტელავა

1. ფედერალური ვაჭრობის კომისიის უფლებამოსილებანი როგორც ჟურნალის წინა ნომერში აღვნიშნეთ, აშშ-ში მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები ზოგჯერ კომენტარებს აკეთებენ და განმარტავენ კანონებს მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში. ასეთია მაგალითად, ფედერალური ვაჭრობის კომისიის განცხადება, რომელიც აღწერს სამი ძირითადი იურიდიული ცნების გამოყენებას: სარეკლამო განცხადებების დასაბუთებულობას, სიცრუესა და არასამართლიანობას.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

ა) არასამართლიანობა (უსამართლობა) – არასამართლიანობაზე (უსამართლობაზე) შემოწმება მრავალმხრივია. ჯერ ერთი, ქმედებამ ან ქცევამ არსებითი ზიანი უნდა მიაყენოს მომხმარებლს; მეორე, ზარალს არ უნდა აჭარბებდეს ნებისმიერი ის უპირატესობა, რომელსაც მომხმარებელს აძლევს კონკურენცია და მესამე, ზარალს უნდა ჰქონდეს ისეთი ხასიათი, რომ მომხმარებელმა ბუნებრივი მოქმედებისას ვერ შეძლოს მისგან თავის დაღწევა. გარდა ისეთი ფაქტორისა, როგორიცაა მომხმარებლისათვის მიყენებული ზარალი, ფედერალური ვაჭრობის კომისია ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიც საზოგადოების მიმართ განსაზღვრული პოლიტიკის დარღვევაა, რომელიც დადგენილია აშშ-ს კონსტიტუციით, კანონით, საერთო სამართლით, მოცემულ სფეროში მიღებული პრაქტიკით და ა.შ.

ბ) სიცრუე (მოტყუება) – მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ფედერალური ვაჭრობის კომისიის ქმედებების უმეტესობა, რომელიც ვრცელდება რეკლამაზეც, დაკავშირებულია მომხმარებელთა მოტყუების ფაქტებთან. დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოქმედებები ატარებენ მოტყუების ხასიათს ფედერალურმა ვაჭრობის კომისიამ უნდა დაადგინოს, რომ მასალის შესახებ მოცემულმა განცხადებამ, ინფორმაციის წარმოდგენამ ან მისმა გამოტოვებამ მომხმარებელი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და აზარალოს. მოცემული კრიტერიუმის რეკლამის სფეროში გამოყენებისას, ფედერალური ვაჭრობის კომისია განიხილავს პრაქტიკულ მოქმედებებს. კერძოდ, წერილობით ან ზეპირ განცხადებას სრული სახით, ხოლო შემდეგ ცდილობს მოახდინოს გაკეთებული განცხადებების ინტერპრეტირება ისე, როგორც ამას გააკეთებდა მომხმარებელი რეალურ ცხოვრებისეულ შემთხვევებში. იმისთვის, რომ წარმატებით გადაწყვიტოს ეს ამოცანა, ფედერალური ვაჭრობის კომისია სწავლობს აუდიტორიას, რომლისკენაც მიმართულია ასეთი განცხადება. თუ აუდიტორია განსაკუთრებით მგრძნობიარეა განხილვადი სადავო განცხადებების მიმართ, ეს გარემოებაც მიიღება მხედველობაში.

გ) დასაბუთებულობა – ფედერალური ვაჭრობის კომისიის მიერ გატარებული დასაბუთებულობის პოლიტიკა წარმოადგენს განსაკუთრებულ დოქტრინას, რომელიც ვრცელდება რეკლამაზე. ფედერალური ვაჭრობის კომისიის შესახებ კანონის თანახმად, კომპანიას უნდა ჰქონდეს “გონივრული საფუძვლები” მის მიერ პროდუქციაზე გაკეთებული ყველა ობიექტური განცხადებისთვის. კონკრეტული მნიშვნელობა ტერმინისა “გონივრული საფუძვლები” დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეზე და იგი უნდა შეესაბამებოდეს დასაბუთების იმ მოცულობას, რომელსაც მომხმარებლები შეიძლება ელოდონ იმ ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც მოთავსებულია მოცემულ სარეკლამო განცხადებაში. მაგალითად, ზოგიერთი განცხადება, რომელიც ეხება ჯანმრთელობის და უსაფრთხოების განსაკუთრებულ ასპექტებს, მოითხოვს მეცნიერულ მტკიცებულებას, რომ ის ჩაითვალოს დასაბუთებულად. კერძოდ, მათი დადასტურების მიზნით განცხადებებმა მედიკამენტებზე შეიძლება მოითხოვოს ორი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლინიკური გამოცდის ჩატარება (სწორი კონტროლის ქვეშ), ხოლო განცხადებებისთვის თმის ელექტროფენის სანდოობაზე შეიძლება საკმარისი იყოს მხოლოდ ერთი გამოცდა. ფედერალური ვაჭრობის კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სარეკლამო განცხადება ყალბია და არასარწმუნო ხასიათისაა, თუ ორგანიზაციას, რომელიც ამ განცხადებას ავრცელებს, არ გააჩნია მისი სწორი მტკიცებულებები.

ფედერალური ვაჭრობის კომისიის მიერ მიღებული ეს პოლიტიკა ეფუძნება მომხმარებლის არჩევანს, რაც ნიშნავს ინდივიდუალური მომხმარებლების უნარს – მარეგულირებელი ორგანოების ჩარევის გარეშე მიიღონ საკუთარი კერძო გადაწყვეტილებები და მართონ ბაზარი. მომხმარებლის მიერ თავისი არჩევანის სწორად გაკეთება დამოკიდებულია მიღებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომხმარებლები შეისწავლიან არსებულ სხვადასხვა შესაძლებლობებს, შეარჩევენ მათგან ისეთს, რომლებიც მათთვის უფრო სასურველია და თავს აარიდებენ სხვებს. ამასთან, ფედერალური ვაჭრობის კომისიას ასევე შეცნობილი აქვს, რომ არასამართლიან და სიყალბესთან დაკავშირებულ მოქმედებებს, რომელთაც მიმართავს ბაზარზე მოქმედი ორგანიზაცია, შეუძლია შეაფერხოს მომხმარებლების მიერ წინააღმდეგობათა გარეშე გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

2. ფედერალური ვაჭრობის კომისიის კანონები სამომხმარებლო კრედიტის შესახებ

სამომხმარებლო კრედიტის შესახებ კანონების მოქმედება, რომელთა აღსრულების მიმართაც ფედერალური ვაჭრობის კომისია ატარებს სამართალდამცავ საქმიანობას, უფრო ფართეა, ვიდრე პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა. ეს კანონები იცავენ მომხმარებლების შესაძლებლობას, მიიღონ და გამოიყენონ კრედიტი საოჯახო საქონლის და უძრავი ქონების შესაძენად და სხვადასხვა ტიპის მომსახურების მისაღებად. ქვემოთ მოყვანილია მოკლე მიმოხილვა აშშ-ს კანონებისა, რომლებიც ადგენენ კრედიტის გამოყენების წესსა და საზღვრებს.

საკრედიტო ბაზარზე კონკურენტი ძალების ეფექტური მოქმედების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც იცავენ მომხმარებლების შესაძლებლობას შეადარონ ფასები და პირობები, რომლებითაც გაიცემა კრედიტი სხვადასხვა წყაროების მიერ. მაგალითად, კანონი კეთილსინდისიერების შესახებ ფულის სესხად გაცემისას და კანონი მომხმარებლებზე ფულის სესხად გაცემის შესახებ მიღებულია იმ მიზნით, რომ მომხმარებელს მიეცეს კრედიტის ალტერნატიული წყაროების ღირებულებათა შედარების შესაძლებლობა. აღნიშნული მიიღწევა კრედიტორების დავალდებულებით, რომ მათ განაცხადონ ფულის სესხად გაცემის პირობები და კრედიტის ღირებულება მანამდე, სანამ მომხმარებელი დათანხმდება კრედიტის აღებას.

ყველა მომხმარებელს არ შეუძლია აშშ-ში მიიღოს კრედიტი. იმისათვის, რომ მიიღონ და გამოიყენონ კრედიტი, მომხმარებლები უნდა აკმაყოფილებდნენ კრედიტის გაცემასთან დაკავშირებულ რისკის სტანდარტებს. როგორც წესი, კრედიტორები აფასებენ მომხმარებლებზე კრედიტის გაცემის რისკს იმის მიხედვით, თუ რამდენად შესწევთ მათ უნარი გადაიხადონ ფული; ასევე ყურადღება ექცევა მომხმარებლის წარსულს მის მიერ სხვადასხვა ვალების გასტუმრების თვალსაზრისით, ისევე როგორც მომხმარებლის ქონებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გირაოდ სესხის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ შეძლებს ფულის დაბრუნებას.

მომხმარებლის ისტორია – ესაა დოკუმენტალური ჩანაწერი იმაზე, თუ რამდენი ვალი აქვს მოცემულ მომენტში მომხმარებელს, რამდენად ხშირად იღებს ფულს ვალად და დროულად იხდის თუ არა მას. სხვადასხვა კრედიტორი განსხვავებულად აწონ-დაწონის და აანალიზებს ხოლმე აღნიშნულ ფაქტორებს გადაწყვეტილების მიღებისას, გასცეს თუ არა კრედიტი კონკრეტულ მომხმარებელზე. შედეგად, სხვადასხვა კრედიტორებმა შეიძლება, მომხმარებელზე კრედიტის გაცემის რისკის შეფასებისთანავე, დამოუკიდებლად მიიღონ განსხვავებული გადაწყვეტილება – კონკრეტულ მომხმარებელზე გასცენ თუ არა კრედიტი.
კანონი – კრედიტის მიღებისას თანაბარი შესაძლებლობის შესახებ, უზრუნველყოფს ამერიკელი კრედიტორების მიერ საკითხის სამართლიან გადაწყვეტას, დაიმსახურა თუ არა მომხმარებელმა კრედიტი. ამ კანონის შესაბამისად ამერიკელ კრედიტორს არ აქვს უფლება გაუწიოს დისკრიმინაცია მომხმარებელს (რომელმაც მიმართა კრედიტის მისაღებად) მისი ასაკის, სქესის, ოჯახური მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის ან ეროვნების საფუძველზე, ასევე იმ მიზეზით, რომ კონკრეტული მომხმარებელი ღებულობს ფინანსურ დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან.

უწინდელი კრედიტების ისტორია, რომელსაც ჩვეულებრივ ეყრდნობიან კრედიტორები, ზოგჯერ შეიცავს მცდარ ინფორმაციას. ამიტომ, კანონი სამართლიანი საკრედიტო ანგარიშგების შესახებ, იცავს მომხმარებლის უფლებებს სწორ ინფორმაციაზე ადრე მიღებული კრედიტების ისტორიის შესახებ.

თუ მომხმარებელი ღებულობს კრედიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის ვალდებულია დადოს კრედიტორთან საკონტრაქტო შეთანხმება, რომელიც ადგენს პირობებს, რომლის საფუძველზე მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს კრედიტი. აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც მიმართულია შესაძლებელი ჩავარდნების კორექტირებაზე, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბაზარზე, კრედიტის მიღებაზე კონტრაქტის პირობების და საკრედიტო შეთანხმების ფაქტობრივი შესრულების გამო.

კრედიტზე გადასახდელი ანგარიშების სამართლიანი წარდგინების შესახებ კანონი მიღებულ იქნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ამერიკელ მომხმარებლებს გადაწყვიტონ დავა ამერიკელ კრედიტორებთან და უზრუნველყოფილი იყოს კრედიტორების სამართლიანი მოქცევა მომხმარებლების ანგარიშებთან. ეს კანონი, მომხმარებლებს უფლებას აძლევს განიხილოს და შეასწოროს შეცდომები, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ გახსნილ საკრედიტო ანგარიშებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, საკრედიტო ბარათების ანგარიშები და ღია ანგარიშის ბარათები (ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონის შესაბამისად, ღია საკრედიტო ანგარიში – ისეთი გეგმაა, რომლის შესაბამისად მომხმარებელს შეუძლია მრავალჯერ გამოიყენოს კრედიტი მიცემულ ფარგლებში, ხოლო კრედიტორი გადაახდევინებს გადასახადს ბარათით გაუთვალისწინებელი თანხების გამოყენებაზე). კრედიტზე გადასახდელი ანგარიშების სამართლიანი წარდგინების შესახებ კანონი ნებას აძლევს მომხმარებელს დააკავოს გადასახდელი ნებისმიერ კრედიტით შეძენილ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე, როგორც დაზიანებულზე, ასევე დაბალი ხარისხის მქონეზე, იმ პირობით, რომ მომხმარებელი დასაწყისში შეეცადა დავის გადაწყვეტას გამყიდველთან. აღნიშნულის განხორციელება(თავისთვის დახმარების გაწევის საშუალება) ამერიკელ მომხმარებელს არ შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მან საქონელზე ნაღდი ფული გადაიხადა.

ვინაიდან ზოგიერთი მომხმარებელი დროზე არ უხდის ვალს თავის კრედიტორს, ბევრი ამერიკელი კრედიტორი ქირაობს ვალების ამკრეფ დამოუკიდებელ სააგენტოს, რომელთა ამოცანას წარმოადგენს გამოტოვებულ გადასახადებზე ფულის მიღება. ვალების მიღების სამართლიანი პრაქტიკის შესახებ კანონი, იცავს ამერიკელ მომხმარებლებს ვალების ამკრეფების არასამართლიანი პრაქტიკისგან. ეს კანონი უკრძალავს ვალების ამკრეფებს მომხმარებლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. მათ არ აქვთ უფლება გადაუხდელ ვალებთან დაკავშირებით შეაწუხონ ისინი, ასევე კონტაქტში შევიდნენ მეზობლებთან, ნათესავებთან, მომხმარებელთა დამქირავებლებთან სამუშაოს მიმცემთან და სხვა პიროვნებებთან. კანონი აგრეთვე კრძალავს ვალის აკრეფის მოტყუებით და არასამართლიან საშუალებებს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სახელმწიფო ორგანოები

აშშ-ში ფედერალური ვაჭრობის კომისიის გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახორციელებენ შემდეგი ფედერალური ორგანოები:

1. სამომხმარებლო საქონლის უსაფრთხოების კომისია – ესაა დამოუკიდებელი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, რომელიც შექმნილია 1972 წელს. ამ კომისიის საქმიანობის ძირითადი მიზნები განსაზღვრულია მისი დებულებით – ესენია: ა) საზოგადოების დაცვა გაუმართლებელი რისკის ან ტრავმებისგან, რაც დაკავშირებულია სამომხმარებლო საქონელთან; ბ)დახმარების გაწევა მომხმარებელთათვის სამომხმარებლო საქონლის შედარებითი უსაფრთხოების შეფასებაში; გ) სამომხმარებლო საქონელთა უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების შემუშავება და სხვადასხვა შტატებსა და დასახლებულ პუნქტებში მოქმედ წესებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა მინიმუმამდე დაყვანა; დ) სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა მხარდაჭერა და საქონელთან დაკავშირებული სიკვდილიანობის, დაავადებათა და ტრავმების მიზეზების შესწავლა და ასევე მათი თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება.

ამ მიზნის მისაღწევად კომისია:

თანამშრომლობს კერძო სექტორთან პროდუქციის ნებაყოფლობითი სტანდარტების შემუშავების მიმართულებით;

შემოაქვს უსაფრთხოების სავალდებულო სტანდარტები, რომლებიც ახდენენ 10 000 -ზე მეტი სამომხმარებლო საქონლის მარკირების და მახასიათებლების რეგლამენტირებას, იმ შემთხვევებში, როცა ნებაყოფლობითი მცდელობები არასაკმარისი აღმოჩნდა (მხოლოდ 1990 წელს სამომხმარებლო საქონლის უსაფრთხოების კომისიამ გამოსცა 38 სავალდებულო სტანდარტი და აკრძალვა);

კრძალავს იმ პროდუქციის გაყიდვას, რომელიც დაკავშირებულია ტრავმის მიყენების გაუმართლებელ რისკთან;

გამოკვლევათა ჩატარება სამომხმარებლო საქონლის სტანდარტების სფეროში, ასევე ამ სტანდარტების გამოცდის მეთოდების შემუშავება;

ქსოვილებისათვის აალების სტანდარტების შემოღება;

შტატებს შორის აკრძალული ნივთიერებებით და პროდუქციით და ასევე იმ საქონლით ვაჭრობის აკრძალვა, რომელთა მარკები განსაზღვრულია არასწორად;

მომწამვლელი ნივთიერებების შეფუთვის მოთხოვნების შემუშავება;

მწარმოებელთა, გამავრცელებელთა და გამყიდველთა მიმართ მოთხოვნების წაყენება მომხმარებელთა აუცილებელი შეტყობინების თაობაზე იმ სამომხმარებლო საქონელთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ არსებით საფრთხეს, ასევე ამ პროდუქტების უკან გამოთხოვის, რემონტის ან შეცვლის შესახებ;

მოთხოვნების წაყენება იმ პროდუქციის მწარმოებელთა მიმართ, რომლებზეც ვრცელდება სამომხმარებლო საქონლის უსაფრთხოების სტანდარტები, იმის დასადასტურებლად, რომ გამოშვებული საქონელი შეესაბამება უსაფრთხოების ყველა დადგენილ სტანდარტს.

2. საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველო, შედის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შემადგენლობაში და ახორციელებს სხვადასხვა შტატებს შორის კვების პროდუქტებით, მედიკამენტებით, კოსმეტიკის და სამედიცინო მოწყობილობით ვაჭრობის რეგულირებას. კერძოდ, აღნიშნული სამმართველო:

არეგულირებს კვების პროდუქტების, მისი დანამატების, საღებავების და კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობას, ხარისხს, მარკირებასა და უსაფრთხოებას;

კვების პროდუქტების და კოსმეტიკის მწარმოებელი ობიექტების ინსპექტირების მეშვეობით ახორციელებს სამართალდაცვით საქმიანობას და კონტროლს წესების შესრულებაზე; ზედამხედველობს რეკლამაზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ანგარიშებზე;

არეგულირებს ადამიანებისთვის განკუთვნილი ყველა მედიკამენტების შემადგენლობას, ხარისხს, უსაფრთხოებას, ეფექტურობას და მარკირებას, ასევე ადგენს (ნაწილობრივ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მეშვეობით) მეცნიერულად დასაბუთებულ სტანდარტებს ამ სფეროში;

მოითხოვს ახალი მედიკამენტების გამოცდას ბაზარზე გატანამდე, ასევე ახორციელებს განაცხადების შეფასებას ახალ მედიკამენტებსა და მათი ექსპერიმენტალური გამოყენების თაობაზე;

შეიმუშავებს რეცეპტის გარეშე გასაყიდი მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტურობის სტანდარტებს;

ახორციელებს ღონისძიებებს ბრუნვიდან იმ პროდუქციის ამოღების თაობაზე, რომელიც არ პასუხობს ფედერალურ კანონებს ან საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის;

არეგულირებს სამედიცინო მოწყობილობათა უსაფრთხოებას, ეფექტურობას და მარკირებას. ასევე მოითხოვს ბაზარზე გატანამდე პოტენციურად საშიში ახალი სამედიცინო მოწყობილობის გამოცდას.

3. კვების პროდუქტების ინსპექტირების და უსაფრთხოების სამსახური, შედის სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ახორციელებს ხორცის და მეფრინველეობის წარმოების რეგულირებას. კონკრეტულად კი ეს სამსახური:

ახდენს მთლიანად ხორცის გადამამუშავებელი იმ ქარხნების ინსპექტირებას, რომელთა პროდუქცია განკუთვნილია როგორც შტატებს შორის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობისთვის;

აკონტროლებს იმ კანონების აღსრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მთელი ამ პროდუქციის მარკირების გარანტირებულ სისწორეს.

4. გარემოს დაცვის სააგენტო

არეგულირებს ცნობილი ქიმიკატების გამოყენებას, რომლებიც განიხილება, როგორც სერიოზული საშიშროება გარემოსათვის ფტორნახშირწყალბადის და აზბესტის ჩათვლით;

მოითხოვს მწერების, სარეველების და სოკოვან დაავადებათა საწინააღმდეგო იმ საშუალებათა რეგისტრაციას, რომლებიც უნდა გაიყიდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში;

ახდენს პესტიციდების კლასიფიკაციას, როგორც “საერთო სარგებლობის” და “შეზღუდული სარგებლობის”, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სერთიფიკატის მქონე სპეციალისტებისათვის გამოსაყენებლად;

ცვლის ან აჩერებს პროდუქციის რეგისტრაციას იმ შემთხვევებში თუ ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის ან/და გარემოსთვის არსებობს დაუშვებელი რისკი ან პოტენციურად მოსალოდნელია მისი არსებობა;

ადგენს ნორმატივებს, რომელიც ეხება პესტიციდების მარკირებას, შენახვას და მისი კონტეინერების განადგურებას.

5. სასაქონლო ნიშნების და პატენტების ოფისი, შედის ვაჭრობის სამინისტროს შემადგენლობაში, ამოწმებს და ანიჭებს პატენტებს ახალ და სასარგებლო გამოგონებებს, ასევე ამოწმებს და არეგისტრირებს სასაქონლო ნიშნებს იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლითაც ვაჭრობენ შტატები ერთმანეთს შორის. პატენტების ოფისი ამოწმებს განაცხადებს სამი სახის პატენტებზე: ა) კონსტრუქციებზე, ბ)ქარხნებზე და გ) საყოფაცხოვრებო კომუნალურ მომსახურებაზე (სამივე სახის პატენტი გაიცემა 14 წლის ვადით). პატენტი აძლევს გამომგონებლებს განსაკუთრებულ უფლებებს მათი შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგების გამოყენებისთვის. აშშ-ში ყოველწლიურად გაიცემა 70 ათასზე მეტი პატენტი. სასაქონლო ნიშანი შედგება ნებისმიერი სიტყვებისგან, სახელებისგან, სიმბოლოებისა და წყობისგან, რომლებიც ატარებენ განსხვავებულ ხასიათს და გამოიყენება საქონლის და მომსახურების იდენტიფიკაციის ან მათი განსხვავებისთვის იმ პროდუქციისგან, რომლებსაც ამზადებენ სხვა მწარმოებლები ან ყიდიან სხვა გამყიდველები. ყოველწლიურად რეგისტრირდება დაახლოებით 30 ათასი სასაქონლო და მომსახურების ნიშანი, ხოლო 5 ათასი ასეთი ნიშანი განახლდება.

6. ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო შედის ტრანსპორტის სამინისტროს შემადგენლობაში, ახორციელებს ფედერალური პროგრამების მართვას, რომლებიც შემუშავებულია ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ასამაღლებლად, ასევე საავტომობილო ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის, ტრავმებისა და ეკონომიკური ზიანის წინააღმდეგ საბრძოლველად. სამმართველო ფლობს უფლებამოსილებებს ავტომობილების უსაფრთხოების, საწვავის ეკონომიის, მიყენებული ზარალის და მათი ქურდობისაგან დაცვის პასუხისმგებლობის სტანდარტების შემუშავებაზე.

კონკრეტულად, ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო:

შეიმუშავებს უსაფრთხოების სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს სამამულო და საზღვარგარეთული ავტომობილების და საავტომობილო მოწყობილობებისთვის (საბურავები, ფარები, საავტომობილო სავარძელი ბავშვებისთვის), რომლებიც იყიდება შეერთებულ შტატებში;

ადგენს კორპორაციისათვის საწვავის საშუალო ეკონომიის სტანდარტებს სამგზავრო ავტომობილების და მსუბუქი სატვირთო ავტომობილებისათვის (ფურგონები და პიკაპები);

ახორციელებს სამართალდაცვით საქმიანობას საწვავის უსაფრთხოების და ეკონომიურობის სტანდარტებთან მიმართებაში; გამოავლენს ავტომობილების დეფექტებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და ითხოვს დამამზადებლებისაგან ავტომობილების და მისი დეტალების გათხოვებას, რათა აღმოფხვრილ იქნას დეფექტი; ახორციელებს სამართალდაცვით საქმიანობას და იმ ფედერალური კანონების აღსრულებას, რომლებიც კრძალავენ ავტომობილების გარბენის მაჩვენებელთა ფალსიფიცირებას;

შეიმუშავებს (გამოსცემს) ავტომობილის იმ ნაწილის სტანდარტებს, რომელთა დანიშნულებაა მინიმუმამდე დაიყვანოს მომხმარებლისათვის მიყენებული დანაკარგები, რომელსაც ადგილი აქვს დაბალ სიჩქარეზე შეჯახებებისას.

7. კავშირგაბმულობის საშუალებათა ფედერალური კომისია – ესაა იმ კომპანიათა მარეგულირებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლებიც ახორციელებენ მომსახურებას საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის (სხვადასხვა შტატებს შორის და საერთაშორისო), საკაბელო სატელევიზიო და თანამგზავრული კავშირის, ასევე რადიო და სატელევიზიო სადგურების სფეროში, მაგრამ ეს კომისია უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა არ ახდენს რადიო და ტელესამაუწყებლო ქსელების ან ცალკეული სადგურების რეგულირებას. ის არ აკონტროლებს გადაცემათა შინაარსს, თუმცა მას გააჩნია წესი, რომლითაც შეიძლება დარეგულირდეს ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ცილისმწამებლური და პოლიტიკური გადაცემები.

რადიოსადგურებისა და სატელევიზიო სადგურების მიერ გავრცელებულ რეკლამაზე, ასევე საწარმოების მიერ რეკლამის სახით განთავსებულ განცხადებებზე ზედამხედველობას, პრაქტიკულად ახორციელებს ფედერალური ვაჭრობის კომისია. მაგრამ, ფედერალური ვაჭრობის კომისიის კონტროლის სფეროდან გამოსულია ნებისმიერი ფორმის სამთავრობო კავშირები, ასევე ისეთი ფორმის საინფორმაციო საშუალებები, როგორიცაა კინოფილმები, გაზეთები და წიგნები.

აშშ-ში ადგილობრივი სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირი რეგულირდება შტატების დონეზე.

8. ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია – ესაა დამოუკიდებელი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, რომელიც:

მოითხოვს იმ მონაცემების საჯარო გამოცხადებას, რაც ეხება საზოგადოებისათვის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ ბირჟებზე რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების მიწოდებას და ასევე განსაზღვრული სახის ფასიან ქაღალდებს, რომლითაც ვაჭრობა მიმდინარეობს პირდაპირ (ანუ ბაზარზე ვაჭრებისა და შუამავლების მიერ ფასიანი ქაღალდების უშუალო ყიდვის და გაყიდვის მეშვეობით ბირჟის გვერდის ავლით);

მოითხოვს იმ კომპანიათა საფინანსო მდგომარეობის პერიოდული ანგარიშების წარდგენას, რომლებიც ფასიან ქაღალდებს სთავაზობენ საზოგადოებას;

არეგულირებს ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით პირდაპირ ვაჭრობას და ასევე ვაჭრობას ფასიანი ქაღალდების 10 ეროვნულ ბირჟაზე;

იძიებს ფასიანი ქაღალდებით მანიპულირების და თაღლითობის შემთხვევებს, ახორციელებს სამართალდაცვით საქმიანობას ასეთ ქმედებათა მიმართ;

მოითხოვს ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრეების, შუამავლების და ინვესტიციების კონსულტანტებისაგან ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში რეგისტრაციას, ასევე არეგულირებს ამ სპეციალისტების საქმიანობას;

ახორციელებს ზედამხედველობას სასესხო ფონდების (საინვესტიციო ფონდების ჩათვლით, რომლებიც ფულად საშუალებებს აბანდებენ მხოლოდ ფულადი ბაზრის მოკლევადიან ვალდებულებებში) და სხვა საინვესტიციო კომპანიების საქმიანობაზე;

აკისრებს ადმინისტრაციულ სანქციებს, ასევე შუამდგომლობს აკრძალვითი ხასიათის იურიდიული ზომების გამოყენებას და სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ ფასიანი ქაღალდების ბრუნვის წესების და კანონების დარღვევას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს რამდენიმე სახელმწიფო ორგანო, რომლებიც არეგულირებენ საბანკო სფეროს. კერძოდ: ა) ფულადი ოპერაციების მაკონტროლებელი სამსახური შედის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში და ახორციელებს ეროვნული ბანკების რეგულირებას, ბ) შემნახველი დაწესებულებების საზედამხედველო კანცელარია ახორციელებს შემნახველი და საკრედიტო ასოციაციების და საკრედიტო ბანკების რეგულირებას, გ) ფედერალური სარეზერვო სისტემა არეგულირებს შტატების ბანკებს და ნდობით ფონდებს, რომლებიც წარმოადგენენ ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრებს, დ) დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია ახორციელებს იმ ბანკების რეგულირებას, რომლებიც არ არიან ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial