რა განძი ჩაფლეს ბაქოში?

ეკა ლომიძე

ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისათვის, რომელიც განხორციელდება აზერბაიჯანიდან და კასპიის რეგიონიდან საქართველოს გავლით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე თურქეთის პორტ ჯეიჰანამდე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

პირველ აგვისტოს ლონდონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის ინვესტორმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რითაც ოფიციალურად შეიქმნა “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია” – BTC Co(“ბი-თი-სი კო”). დოკუმენტის ხელმოწერის პროცედურას ესწრებოდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ტერიტორიის მფლობელი ქვეყნების მთავრობათა – აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თითოეული მფლობელი ახლა უკვე არის “ბი-თი-სი კო”-ის აქციონერი. ამ კომპანიამ უნდა ააშენოს მილსადენი, რომლის მფლობელი და ოპერატორიც თავად იქნება. ვარაუდობენ, რომ “ბი-თი-სი კო”-ის შექმნა საშუალებას მისცემს მილსადენის მფლობელებს, შევიდნენ სრულმასშტაბიანი მშენებლობის პროცესის განხორციელების ფაზაში მაშინ, როდესაც კომპანიის დირექტორთა საბჭო დარწმუნდება დანარჩენი წინასაამშენებლო სამუშაოების დასრულებაში.

დავით თვალაბეიშვილი: სნსკ მენეჯერი, სტრატეგიული დაგეგმვა.
“ბი-თი-სი კო”-ის ჩამოყალიბებით გამარტივდა როგორც ბანკებთან მიმართებაში ურთიერთობა, ისე სხვა ფინანსური ოპერაციების წარმართვა. სულ სხვაა, როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებ შვიდ კომპანიასთან, უდებ ხელშეკრულებებს ა.შ. და სულ სხვაა ერთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე აერთიანებს რამდენიმე კომპანიას.

ამჟამად, “ბი-თი-სი კო”-ის აქციონერები არიან: “ბი-პი” (38,21%), “სოკარ”-ი (25,00%), “სტატოილ”-ი (9,8%), “უნოკალ”-ი (8,90%), “ტფაო” (7,55%), “ენი” (5%), “იტოჩუ” (3,40%) და “ამერადა ჰეს”-ი (2,36%). ამასთან, “ტოტალფინაელფ”-მა მიიღო უფლება, შეისყიდოს “ბი-თი-სი კო”-ის აქციების 5%.

ლაპარაკია, რომ პროექტში ახალი უცხოური კომპანიებიც ჩაერთვებიან.
რა თქმა უნდა, თუ სხვა უცხოურ კონპანიებთან შეთანხმდებიან სასურველ პირობებზე, გამორიცხული არ არის, რადგან ყოველთვის არსებობს ახალი პარტნიორების შემატების შესაძლებლობა.

“ბი-თი-სი კო”-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში მილების ჩაწყობასთან დაკავშირებით კონტრაქტი მიენიჭა “გაერთიანებული კონტრაქტორების საერთაშორისო კონპანიას” (საბერძნეთი), ხოლო საქართველოში მილების ჩაწყობის და ორივე ქვეყანაში საშუალებების მშენებლობის უფლება მიენიჭა კომპანია “სპი კაპაგ”-სა (საფრანგეთი) და “პეტროფაკ”-ის (აშშ) ერთობლივ საწარმოს. სატენდერო სია დამტკიცდა 2001 წლის ბოლოს “ბი-თი-სი კო”-ის ყველა პარტნიორის მიერ, ხოლო შედეგების შეფასება განახორციელა “პი-პი”-ის პროექტის ჯგუფმა. კონტრაქტების მინიჭება ხდება სრული თანხის ერთჯერადი გადაცემის საფუძველზე. “ბეხტელი” (აშშ) გააგრძელებს საქმიანობას, როგორც საინჟინრო შესყიდვების და მშენებლობის მართვის განმახორციელებელი კონტრაქტორი. “ბოტაშ”-ი თურქეთის სახელმწიფო მილსადენის კომპანია კი – როგორც თურქეთის კონტრაქტორი. ეს კონპანია ერთჯერადი სრული თანხის მიღების საფუძველზე განახორციელებს მილსადენის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობას.

მილსადენის მშენებლობა ისტორიული მოვლენაა კავკასიის რეგიონისათვის. ევროპა-აზიის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის ძირითად კომპონენტს გაზსადენისა და ნავთობის სახით საფუძველი ჩაეყარა.

ნავთობსადენის მშენებლობას 30 თვე დასჭირდება. მისი საერთო სიგრძეა 1760 კმ, აქედან, 1770 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, 482 კმ აზერბაიჯანის, 248 კი -საქართველოსი. მილსადენის საპროექტო ღირებულება 2,95 მილიარდი დოლარია.

ნავთობსადენი 1500 მდინარეს გადაკვეთს, ხოლო ყველაზე მაღალი ნიშნული, სადაც იგი გაივლის, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე იქნება. უშუალოდ, სამშენებლო სამუშაოები 2003 წლის I კვარტალში დაიწყება და 2004 წლის ბოლოს დასრულდება. Mმილსადენი ნავთობის გასატარებლად მზად 2005 წლის გაზაფხულზე იქნება. ყაზახეთში მოღვაწე კომპანია “იმპაქსი” შეუერთდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის აქციონერებს, მილსადენში გატარებული ნავთობის მთლიანი მოცულობის 12,5 პროცენტი ყაზახეთის ნავთობმომპოვებელ კომპანიებს დაეთმობა. მშენებლობის დამთავრების შემდეგ დასავლეთის კომპანიების დიდი სიმდიდრე გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე. Mმართალია ეს სიმდიდრე სხვისია, მაგრამ ჩვენც საკმაოდ დიდ სარგებელს მივიღებთ და არა მარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მშენებლობის პროცესში მრავალი ადამიანი დასაქმდება. 10 000-მდე მიწის მესაკუთრე მიიღებს საკომპენსაციო თანხებს, რომელიც 100 მლნ დოლარზე მეტია. დაიტვირთება ნავსადგურები და ტრანსპორტი. მას შემდეგ კი, როცა მილსადენები ამოქმედდება, ნავთობსადენიდან მივიღებთ ფულს ბიუჯეტში, ხოლო გაზსადენიდან-ბუნებრივ აირს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იდეალურ ვარიანტში მოხდება ანუ, როცა მოგვარდება სერიოზულ საკანონმდებლო თუ ორგანიზაციული საკითხები. მანამდე კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის წინააღმდეგ კამპანია არ ცხრება. მოწინააღმდეგენი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც მილსადენის აშენება სინამდვილეს თანდათან მიუახლოვდა. როგორც მოსალოდნელი იყო. რუსეთს დიდი სადარდებელი გაუჩნდა, რომელიც ამ შემთხვევაში კასპიის ქვეყნებზე ძალაუფლებას კარგავს. რუსეთის აგრესია სერიოზულად აფიქრებს ოფიციალურ ვაშინგტონს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ და დიპლომატიის საკითხებში, სტივენ მანი, რომელიც პირდაპირ მილსადენის ცერემონიალიდან ჩამოვიდა საქართველოში. მანმა დააფიქსირა ბუშის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ ამერიკის მთავრობა სერიოზულად უდგება პროექტის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მჭიდროდ უჭერს მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის განხორციელებას და “მას არაფერმა არ უნდა გამოუთხაროს ძირი”.

რუსეთი კი აქტიურად ცდილობს ძირის გამოთხრას. ვფიქრობთ, ამით აიხსნება ის ინფორმაციული ომი, რომელიც ბინძური წესებით მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ამ გზით ოფიციალური რუსეთი ხელოვნურად ძაბავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას. ეს მცდელობა მიმართულია, რათა ხაზი გაესვას ნავთობსადენის არასაიმედოობას.

რუსეთი იმედოვნებდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი ჩავარდებოდა. ახლა კი, როდესაც პროექტი უკვე რეალობაა, რუსეთი “გადამჭრელ” ღონისძიებებს მიმართავს. თუმცა, მას მხოლოდ ნავთობსადენი “აღელვებს”. რუსეთს აშკარად არ აკმაყოფილებს მისი კუთვნილი კასპიის ზღვის ნაწილი, რომელიც რესურსებით ღარიბია.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის დარეგულირებისათვის რუსეთზე ზეწოლის საშუალებად აზერბაიჯანი ნავთობის ტრანზიტს გამოიყენებს. აზერბაიჯანიდან ნავთობის რუსეთზე გავლით “რუსული ბიუჯეტი” 150 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2005 წლისათვის ერთი მესამედით შეიძლება გაიზარდოს. სავსებით ლოგიკურია, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე მოსკოვის პოზიცია აზერბაიჯანს ნავთობის მარშრუტზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიაღებინებს. ახლა ხომ ნავთობის ექსპორტირება ბათუმისა და ფოთის პორტითაცაა შესაძლებელი.

მაშინ, როცა ნავთობის ოქროს გზა ერთადერთ ხსნად ევლინება ოფიციალურ ბაქოს აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის მოსაგვარებლად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას სომხებიც აპირებენ.

სომხური დიასპორის წარმომადგენლების დაკავშირებამ ნავთობსადენის მშენებლობასთან, აზერბაიჯანში წინააღმდეგობები გამოიწვია. აზერბაიჯანული ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ალიევის მთავრობისგან მოითხოვს განმარტებას თუ რამდენად გამართლებულია ასეთი რანგის პროექტში მონაწილეობას იღებდეს საეჭვო კავშირების მქონე კომპანია. “მეწყვილეთა გაერთიანებული კომპანია”-სსს საბერძნეთშია რეგისტრირებული, მისი დირექტორთა საბჭო ლიბანელებისა და პალესტინელებისაგან შედგება, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ სომხებთან.

იზ-ის პარტნიორი აზერბაიჯანში, დევნილ ვუდვორდი აცხადებს, რომ მშენებლობაში მეწყვილის არჩევისას იზ-კომპანიის ეროვნულ წარმომავლობას არ განიხილავდა. ამასთან, იზ-ის უმუშავია სსს-თან ერთად ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, მშენებლობაში მონაწილე კომპანიების შესახებ ინფორმაცია “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენი ყველა აქციონერისთვის იყო წარდგენილი “სოკარ”-ის ჩათვლით და ამ უკანასკნელმა პროცესის ყველა სტადიას მხარი დაუჭირა. თუმცა, არ გამოირიცხება, რომ აზერბაიჯანული მხარე პროექტიდან სსს-ს გააძევებს.

უკრაინა ნავთობის მოპოვების გზებს კავკასიის და კასპიის ქვეყნებიდან ცდილობს, ამასთან დაკავშირებით ოდესაში დიდი სამშენებლო სამზადისი აქვს, რათა შემდგომში ამ არხიდან მიიღოს კასპიის ნავთობი.

“უკრტრანსნავთობთან” თანამშრომლობაზე რას იტყოდით?
დავით თვალაბეიშვილი: – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიამ და უკრაინელმა “უკრტრანსნავთობმა” ხელი მოაწერეს მოლაპარაკებების ოქმს, რომელშიც აღინიშნება საქართველოს ტერიტორიით, ნავთობის ტრანსპორტირებაზე დერეფნის გაფართოებისათვის ერთობლივი მოქმედებების განხორციელება. ოქმს ხელი მოეწერა უკრაინაში კორპორაციის პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას ვიზიტისას.

უკრაინა თითქმის ისევეა დამოკიდებული რუსეთზე, ნავთობისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით, როგორც საქართველო. მას სურს გათავისუფლდეს რუსეთისგან და საქართველოს გავლით გაიტანოს კასპიის ნავთობი, როგორც რკინიგზით, ასევე შავი ზღვით.

ლაპარაკია სსრკ-ის დროს აშენებულ და უმოქმედოდ მყოფი ნავთობსადენების მონაკვეთების აღდგენაზე.
საუბარია იმაზე, თუ ამ მიმართულების ამუშავება მოხდება, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ შესაბამის ქმედებებზე. ოქმის თანახმად, უკრაინული კომპანია საქართველოში გამოგზავნის თავის ექსპერტებს, რომლებიც შეისწავლიან ნავთობსადენების მდგომარეობას და განსაზღვრავენ მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო ინვესტიციათა მოცულობას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობსადენის რენტაბელური მუშაობისათვის საჭირო ნავთობის მოცულობის ნახევარი, დაახლოებით 3 მლნ. ტონა უკვე მოიძებნა.
ეს განცხადება უკრაინელებს ეკუთვნით. ლაპარაკია, რომ უცხოელებმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს აზერბაიჯანულ მხარესთან. ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია.

რუსეთი რას ფიქრობს ამ მიმართულებით?
ეს მხოლოდ პერსპექტივაა და რუსეთი, ალბათ, უკრაინის მცდელობას, რუსეთის გვერდზე ავლით მიიღოს კასპიის ნავთობი, საფრთხედ არ მიიჩნევს. უკრაინა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კასპიის ნავთობზე არ იქნება დამოკიდებული. ის ნავთობის გარკვეულ რაოდენობას მიიღებს, ალბათ, ევროპიდან და შავი ზღვის ქვეყნებიდანაც.

“ბი-თი-სი კო”-სთან თუ “უკრტრანსნავთობთან” ერთად განხორციელებული პროექტები უფრო მკვეთრად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამერიკული ნავთობ-გაზმომპოვებელი კომპანიის “Anadarko Georgia Company”-ის მონაცემებს, რომელიც ადასტურებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს შელფის ნავთობის სავარაუდო მარაგს, შეიძლება საქართველო მომავალში ნავთობმომპოვებელ ქვეყანათა რიგშიც მოიაზრებოდეს.