თბილისში პირველი აზიური ბიზნეს-ფორუმი იგეგმება

რედაქციისაგან

აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონი დღეს მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად მიიჩნევა. საქართველო აღმოსავლეთ ევროპიდან პრაქტიკულად პირველი ქვეყანაა, რომელიც თებერვლის თვეში რეგიონში შემავალი ქვეყნების სავაჭრო პალატების კონფედერაციაში (CACCI) გაწევრიანდა.

აპრილისთვის, უკვე კონკრეტული ღონისძიება დაიგეგმა – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და აზია-წყნარი ოკეანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციამ CACCI თბილისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოაწყო. ეს ღონისძიება ჩატარდა CACCI-ის 70-ე კონფერენციის და პირველი აზიური ბიზნეს-ფორუმის მოსამზადებლად, რომელიც შემოდგომაზე ასევე თბილისში გაიმართება.

კ.კ. მოდი (CACCI-ის პრეზიდენტი) – “როცა ჯემალ ინაიშვილმა შემოგვთავაზა მოგვეწყო ფართომასშტაბიანი აზიური ფორუმი აზიელი ბიზნესმენების მონაწილეობით, ავღელდით, წინადადება ძალიან საინტერესოდ მოგვეჩვენა. მიგვაჩნია, რომ ოქტომბრის კონფერენციამ სათავე უნდა დაუდოს აზია წყნარი ოკეანიის რეგიონის განვითარების ახალ, ოქროს ხანას. თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერის გარეშე ეს არ განხორციელდება – კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია საქართველოს მთავრობაზე. თქვენს ქვეყანაში სტუმრობის ძირითადი მიზანიც სწორედ ის გახლავთ, თქვენი მთავრობა დავარწმუნო, რომ იმ ტიპის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მხარდაჭერა მინდა ვითხოვო”.

გამართულ შეხვედრაზე კომიტეტმა განიხილა და დაგეგმა CACCI-ის 2005 წლის ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის პოლიტიკის პროპაგანდას, წევრთა რიცხვის გაფართოებასა და მათ ტრეინინგს, სხვა რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითრებას. CACCI-ის ძირითადი მიზანია რეგიონში ხელი შეუწყოს ბიზნესისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას. ასევე, შექმნას ერთგვარი ფორუმის – რეგიონის მასშტაბით აზრთა გაცვლა-გამოცვლის ინსტიტუცია, ყოველივე ამის საბოლოო მიზანი კი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.

CACCI ატარებს ყოველწლიურ შეხვედრებს, წელიწადგამოტოვებით კი კონფერენციებს, რაც აძლევს მოსაზრებების ურთიერთგაცვლის, ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვის საშუალებას. მსგავსი შეხვედრებისას ხდება საქმიანობაში გენერალური გეზის დაგეგმვა. მსგავს ღონისძიებებზე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის განსამტკიცებლად ორივე შტოს წარმომადგენლებს იწვევენ.

დღეისათვის CACCI-ის შემადგენლობაში 25 ეროვნული სავაჭრო პალატა შედის და მოიცავს 3 მლნზე მეტი საწარმოს ინტერესს.

ბატონი მოდი აცხადებს, რომ მის მეგობარს, ჯემალ ინაიშვილს უნდა უმადლოდეს საქართველოს, ამ მშვენიერი ქვეყნის შესახებ რომ შეიტყო. იგი ამბობს, რომ თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რამხელა შესაძლებლობებია საქართველოში და აქედან გამომდინარე – პერსპექტივებიც, თუმცა, მათ საქართველოს შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გააჩნიათ.

ბატონ მოდის მიაჩნია, რომ თუ აზიელები გაერთიანებას და ურთიერთთანამშრომლობას შესძლებენ, 21-ე საუკუნე დიდად განსხვავებული იქნება გასული საუკუნისგან – ეს აზიის ხანა იქნება. ამის საფუძველი რეგიონის თითოეული ქვეყნის სიძლიერე უნდა იყოს, რომელიც შემდეგ ერთმანეთში კომბინირდება.

კ.კ. მოდი – იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვექნება დანაწევრებული შეხედულებები, შევძლებთ ამერიკასა თუ ევროპას ინიციატივები დავუპირისპიროთ. 21-ე საუკუნე გახლავთ ის ეპოქა, როცა ადამიანური ძალა ისევ წამოვა წინა პლანზე, 18-19-ე საუკუნისაგან განსხვავებით, რომელიც მანქანების შექმნის ეპოქა იყო და მათი სიძლიერე – უფრო მნიშვნელოვანი. 21-ე საუკუნეში წამყვანი – ადამიანური ძალა გახდება, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური. ვგულისხმობ ძალას, რომელიც მსოფლიოს სავაჭრო ურთიერთობების ლოკომოტივი იქნება”.

აქ წინა პლანზე მოდის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ბატონი ჯემალ ინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დასავლეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთისკენაც უნდა იხედებოდეს, მით უფრო, რომ რეგიონი ეკონომიკურად ძალიან სწრაფად ვითარდება, – “ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან როგორც სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ასევე ინვესტიციების მოზიდვა. საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უნიკალურობა. CACCI-ის კონფედერაცია ბევრად გამოირჩევა მსგავსი ორგანიზაციებისგან აქტიურობით და საქმისადმი მიდგომით”, – დასძინა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა.