GS1 სტანდარტები საქართველოში

რედაქციისაგან

2005 წლის 3 მაისს “თბილისი მერიოტში” გაიმართა “ეან საქართველოს” უფლებამონაცვლე GS1-ის რეგისტრირებულ კავშირად დაფუძნება. “ეან საქართველოს” წევრების საერთო კრებაზე, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აირჩიეს კავშირის გამგეობა, დამტკიცდა კავშირის წესდება.

კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი ბაიდაშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად – შოთა მაქაცარია. ასევე, დამტკიცდა ბიუჯეტი. აღმასრულებელი მენეჯერის პოსტი კი გიორგი ლალიაშვილმა დაიკავა. GS1 საერთაშორისო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 103 ქვეყნის ორგანიზაციას აერთიანებს, ხოლო მის სტანდარტებს მსოფლიოს 1 მლნ-ზე მეტი კომპანია იყენებს. ორგანიზაციის მისიაა: მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის გასაუმჯობესებლად გლობალური სტანდარტების სისტემის შექმნა და მართვა; გლობალური, ღია და მრავალსექტორული სტანდარტების განვითარება; სტანდარტების გამოყენების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ბიზნეს-გადაწყვეტილებების გაადვილების მიზნით.

საქართველოს ორგანიზაციას 150 წევრი კომპანია ჰყავს.
ამ ეტაპზე ორგანიზაციის ძირიათადი საქმიანობა შტრიხ-კოდების გაცემაა, თუმცა, ამ სფეროში სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის დასანერგი.

ცოტა რამ ისტორიიდან: 1974 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პროდუქციის უნივერსალური კოდიფიცირება პირველად გამოიყენეს, ამავე წელს 12 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა გადაწყვიტა ანალოგიური სისტემის დამკვიდრება ევროპის მასშტაბით, 1977 წელს კი შეიქმნა European Article Number Association (EAN), ეს სახელწოდება 1992 წელს შეიცვალა შემდეგი სახელწოდებით EAN Intarnational, რაც გულისხმობდა ასოციაციაში ქვეყნების საერთაშორისო მასშტაბით გაწევრიანებას. 2002 UCC (აშშ) და ECCC (კანადა) ხდებიან EAN Intarnational-ის წევრები, 2005 წელს კი გაჩნდა სახელწოდება GS1.

დღესდღეობით კი, როგორც აღვნიშნეთ, GS1 მსოფლიოს 103 ქვეყნის ორგანიზაციას აერთიანებს და მილიონზე მეტი კომპანია იყენებს EAN.UCCსტანდარტებს. საქართველო EAN-ში 1996 წელს გაწევრიანდა.

GS1 სტანდარტები ხელსაყრელია როგორც მეწარმის, ისე მომხმარებლისთვის. მომხმარებლისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ადვილდება მომსახურება გადახდისას, სკანირება აუმჯობესებს მარკეტების მართვას და უფრო მოხერხებულს ხდის მომხმარებლის მომსახურებას. მეწარმისთვის, პირველ რიგში, ხელსაყრელია გაყიდვათა შესახებ მონაცემების ფლობის თვალსაზრისით, რომლებიც ხელმისაწვდომია სკანირების საშუალებით, მეწარმეს უფრო სწრაფი და ზუსტი ინფორმაციით უზრუნველყოფს, შესაძლებელია უფრო ზუსტად განისაზღვროს არსებული თუ ახალი პროდუქციის წარმატება ბაზარზე, იძლევა პერსონალის გამოთავისუფლების საშუალებას და ამცირებს ინვენტარიზაციის ხარჯებს, (როგორც მატერიალურს, ასევე დროის). კომპანიები უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომრებს მსოფლიო მასშტაბით იყენებენ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობის მიზნით, შტრიხ-კოდიანი პროდუქცია უფრო ადვილად აღწევს უცხოურ ბაზარზე.

ასეთი პროდუქცია ხელსაყრელია საცალო ვაჭრობისთვისაც. შტრიხკოდების სკანირება ამცირებს სამუშაო ძალის ადმინისტრაციულ დანახარჯებს, შესაძლებლობას ქმნის უფრო ზუსტად და ეფექტურად განხორციელდეს მარაგის მართვა და კონტროლი და სხვა.

ყოველივე ეს მოხერხებულია გლობალური ვაჭრობისთვის: იქმნება უნიკალური საიდენტიფიკაციო სისტემა (მინიჭებული შტრიხკოდი) მსოფლიოს ყველა ბიზნეს-პარტნიორისთვის, შტრიხკოდი გამოყენებადი და ამოცნობადია პროდუქციის ყოველ ერთეულზე მიწოდება-განაწილების ჯაჭვში, ხორციელდება მარტივი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს პროდუქციის ამოცნობას საწარმოო სექტორთან მიბმის გარეშე.