ნაღდი ფულადი ნაკადების სტრუქტურის ანალიზი და რეგიონის ეკონომიკური პრობლემები

რ. რობაქიძე

ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული თავისებურებები ფულადი მასის და მისი მიმოქცევის სტრუქტურასაც განსაზღვრავენ ქვეყანაში. ნაღდი ფულადი ნაკადების სტრუქტურა, ეკონომიკურ დანიშნულებათა მიხედვით, პირდაპირ ასახავს ეკონომიკურ სისტემაში არსებულ ტენდენციებს.

ამასთანავე, ხსენებული ნაკადების სტრუქტურაზე ზემოქმედებით შესაძლებელი ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღება სამეურნეო სისტემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაღდი ფულადი მასის მიმოქცევის სტრუქტურის შესწავლა და ანალიზი აქტუალურია, როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ისე ცალკეული რეგიონის დონეზე.

მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში მყოფ ქალაქ ქუთაისში, მოსახლეობის დასაქმების და, შესაბამისად, მათი შემოსავლების ძირითად წყაროს ვაჭრობა-მომსახურება წარმოადგენს. ამას გარდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შრომით ემიგრაციაშია, რომელთა მიერ გამომუშავებული და ქალაქში გადმორიცხული თანხები, ასევე, უდიდეს როლს ასრულებს ქალაქის სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურდება ჩვენს მიერ გაკეთებული ნაღდი ფულადი მასის ნაკადების სტრუქტურის ანალიზით. გაანალიზებული მონაცემები ასახავენ ქ. ქუთაისის საბანკო დაწესებულებებში სალაროს ბრუნვის სტრუქტურას 2004 წლის დასაწყისიდან მიმდინარე წლის I კვარტლის ჩათვლით. მონაცემებიდან ირკვევა, რომ საბანკო დაწესებულებებში ნაღდი ფულის შემოსავლების დიდი ნაწილი სავაჭრო ამონაგებზე მოდის. 2004 წლის I კვარტლის მანძილზე ნავაჭრიდან ამონაგების სახით სალაროებში 31,143 მლნ ლარი შემოვიდა, რაც ამავე პერიოდის მანძილზე მთლიანი, ნაღდი ფულადი შემოსულობების (106,226 მლნ ლარი) 29,3%-ს შეადგენს. მაშინ, როცა სამეწარმეო აქტივობის 70%-ზე მეტი ქალაქში სწორედ ვაჭრობის სფეროზე მოდის, მისი მაღალი ხვედრითი წილი ნაღდი ფულის მომოქცევაში სავსებით კანონზომიერია. თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნული მონაცემი საანგარიშო პერიოდის მანძილზე პერმანენტულად მცირდებოდა და 2005 წლის I კვარტლის ბოლოსთვის მან მთლიანი შემოსულობების (103,890 მლნ ლარი) მხოლოდ 10% შეადგინა. აღნიშნულის კლების მიზეზი შეიძლება იყოს სამეწარმეო აქტივობის კიდევ უფრო შემცირება (რაც უფრო რეალურ მიზეზად მიგვაჩნია) ან ჩრდილოვანი სექტორის ზრდა ვაჭრობის სფეროში.

ნაღდი ფულადი შემოსულობების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებზე მოდის. 2004 წლის I კვარტლის მანძილზე აღნიშნული ოპერაციებიდან 11.888 მლნ ლარი შევიდა საბანკო დაწესებულებათა სალაროებში, რაც მთლიანი შემოსულობების 11.2% არის. საანალიზო პერიოდის მანძილზე აღნიშნული თანაფარდობა 8,1%-მდე შემცირდა, რაც სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენი აზრით, ასევე ბევრწილად სამეწარმეო აქტივობის შემცირებით უნდა იყოს განპირობებული.

უდავოდ პოზიტიური მოვლენაა ნაღდი ფულადი შემოსულობების ზრდა მოქალაქეთა ანაბრებზე. გასული წლის I კვარტლის მანძილზე აღნიშნული დანიშნულებით საბანკო დაწესებულებებში 7,777 მლნ ლარი შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიური პერიოდის მანძილზე კი – 11,055 მლნ. ლარი, რაც მთლიან შემოსულობებთან პროცენტულ მიმართებაში 7,3%-დან 10,6%-მდე ზრდაში გამოიხატა.

ეს ფაქტი უდავოდ მეტყველებს საბანკო სისტემის განვითარებაზე რეგიონში და მოსახლეობის მხრიდან მისდამი ნდობის ამაღლებაზე. საბანკო სისტემის აქტივობის ზრდაზე მიუთითებს, აგრეთვე, სესხის დასაფარად შემოსული ნაღდი ფულადი თანხების ზრდა. საანალიზო პერიოდის მანძილზე ამ დანიშნულებით შემოსული თანხების ხვედრითი წილი მთლიან შემოსულობებში გაიზარდა 5,1%-და 7,3%-მდე.

რაც შეეხება საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულადი მასის გაცემებს, საანალიზო პერიოდის მანძილზე იგი 16%-ით – 65,382 მლნ ლარიდან 75,800 მლნ ლარამდე გაიზარდა.

სალაროებიდან გასული ნაღდი ფულადი ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის უცხოეთიდან ჩამორიცხული თანხების გაცემაზე. გასული წლის პირველი კვარტლის მანძილზე მასზე ნაღდი ფულადი გასავლების 16,8% მოდიოდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 17,5%. უცხოური ტრანსფერები ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს, ხოლო ფულადი ნაკადების სტრუქტურის დინამიკა მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული ტენდენცია უახლოეს მომავალშიც შენარჩუნებული იქნება. ხსენებულ ტენდენციასთან და უცხოური ტრანსფერების დინამიკასთან ბუნებრივადაა დაკავშირებული ნაღდი ფულადი თანხების გასავლები, რომლებიც ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ხმარდება. აღნიშნული ტიპის გასავლების მოცულობა 2005 წლის I კვარტლის მანძილზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,084 მლნ-დან 9,100 მლნ ლარამდე შემცირდა. თუმცა, ეს მუხლი კვლავინდებურად ერთ-ერთი უმსხვილესია მთლიანი გასავლების სტრუქტურაში (18,5% და 12% შესაბამისად).

ანაბრებიდან გაცემული ნაღდი ფულადი სახსრები, ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია ნაღდი ფულადი ნაკადებისა. ამის წილ, მიმდინარე წლის I კვარტალის მანძილზე, მთლიანი გაცემების 12,1% (7,144 მლნ ლარი) მოდის, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ს (9,160 მლნ ლარს) უდრიდა. ანაბრების ანგარიშზე შემოსული და გასული ნაღდი ფულადი ნაკადების მოძრაობა, ეკონომიკური აგენტების მხრიდან საბანკო სისტემისადმი ნდობის ამაღლების უტყუარი დასტურია.

კიდევ ერთი, უღრესად დადებითი ტენდენცია, რომელიც, ჩვენი აზრით, ეკონომიკის ლეგალიზაციით გამოწვეულ შედეგებს ასახავს, ესაა საბანკო დაწესებულებათა სალაროებიდან ხელფასებზე გაცემული თანხების მნიშვნელოვანი ზრდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2005 წლის I კვარტალში ხელფასებზე გაცემულ იქნა 2,135 მლნ ლარით (77%-ით ) მეტი თანხა და 5,006 მლნ ლარი შეადგინა. ქალაქში უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირების ტენდენცია არ შეინიშნება, რაც გვაფიქრებინებს რომ ხელფასებზე ნაღდი ფულადი გაცემების ზრდა, ერთი მხრივ ხელფასების, მეორე მხრივ კი არსებული ბიზნეს-სექტორის ლეგალიზაციის ხარისხის ზრდითაა გამოწვეული. აქ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლი შეასრულა ახალი საგადასახადო კოდექსით, სოციალური და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთების შემცირებამ.

ძალზე უმნიშვნელოა ნაღდი ფულის გაცემები პლასტიკური ბარათების გასანაღდებლად. მართალია, აღნიშნული მიმართულებით, საანალიზო პერიოდის მანძილზე გაცემები 5-ჯერ გაიზარდა, მისი ხვედრითი წილი მიმდინარე წლის I კვარტალში განხორციელებულ, გაცემების მთლიან მოცულობაში მხოლოდ 0,51%-ს (346 ათასი ლარი) შეადგენდა. აღნიშნულის მიზეზი შემოსავლების დაბალ დონესთან ერთად იმაშიც მდგომარეობს, რომ ფაქტიურად ქალაქში არ არსებობს სავაჭრო და მომსახურების ობიექტები, სადაც პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება არის შესაძლებელი. ამასთან, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ პლასტიკური ბარათების მომხმარებელთა ძირითად ნაწილს შეადგენენ მოსამსახურეები, რომლებიც კუთვნილ ხელფასებს იღებენ აღნიშნული გზით და ეს მათი ნებაყოფლობითი არჩევანი არაა.

ასეთ სურათს გვაძლევს ნაღდი ფულადი ნაკადების სტრუქტურის პირველადი ანალიზი. ვფიქრობთ, აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება, რათა ჩვენს ხელისუფლებას ობიექტური წარმოდგენა ჰქონდეს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

ამას გარდა, ს.ე.ბ-ის “ახალი როლისა და საზოგადოებრივი სახის ჩამოყალიბების” ღონისძიებათა კონტექსტში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია “საწარმოთა მონიტორინგის სისტემის” დანერგვა ეროვნულ ბანკში. აღნიშნული სისტემა უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში. უახლოეს წარსულში ეს სისტემა არანაკლები წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც.

“საწარმოთა მონიტორინგის სისტემა” საშუალებას იძლევა ზუსტი და დროული ინფორმაცია იქნეს მიღებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგების, წარმოებაზე მოქმედი ფაქტორების, საინვესტიციო აქტივობისა და მეწარმეთა სამომავლო მოლოდინის შესახებ დარგობრივ ჭრილში. ზემოთ ხსენებული სისტემის ფარგლებში მოპოვებული და სათანადოდ დამუშავებული ინფორმაცია, ჩვენი აზრით, მოქნილი და ეფექტური ინდიკატორი იქნება, ეკონომიკის სტიმულირებაზე ორიენტირებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკისთვის.