ქართული ესტრადა შოუ თუ ბიზნესი

ფატი მამიაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტმა ერთ-ერთ გასართობ შოუში განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არიან ლექსენი და შავი პრინცი. მას მიაჩნია, რომ რეჩიტატივი მუსიკის თანხლებით – სულაც არ არის სიმღერა. არც ქართველი რეპერებისთვის არის გადამწყვეტი, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში – პოლიტიკური ფიგურების ცვალებადობა მათ იმიჯსა და ფინანსურ მდგომარეობაზე ჯერჯერობით გავლენას ვერ ახდენს. თანაც, რეპერებს, როგორც მთლიანად ქართულ ესტრადას, სტანდარტული (არაპოლიტიკური და არააქტუალური) სასიმღერო ტექსტები აქვთ სიყვარულზე, მონატრებასა და ნოსტალგიაზე შესახებ…

მოდურ პროფესიას – ”მომღერლობას” საქართველოში დღეს ფინანსური შესაძლებლობები განსაზღვრავს.

შოუ-ბიზნესი კი, როგორც ბიზნესი, ქაოსურად ვითარდება, ანუ საქართველოში სანახაობას ფული არ მოაქვს. ქართულ ბაზარზე მეკობრეების პროდუქცია ლიდერობს – ხარისხიანი ჩანაწერებისთვის მსმენელს თანხა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ხელოვნება კი ძვირი ღირს. ესტრადის ცნობილი სახეები საქართველოდან მიდიან ფინანსური და შემოქმედებითი წარმატებების მიღწევის იმედად, დარჩენილები იძულებულნი არიან, სიმღერასთან ერთად, რაიმე სხვა, დამატებითი შემოსავალი ეძებონ.

მერაბ სანოძეს, ცნობილ მუსიკოსსა და წარმატებულ პროდიუსერს, ძალიან უკვირს, რატომ დაინტერესდა მისი სტუდიით ისეთი სოლიდური ჟურნალი, როგორიც ”საქართველოს ეკონომიკაა”. მიზეზი მარტივია – ქართულ სინამდვილეში მუსიკოსების ცხოვრებით მხოლოდ ყვითელი პრესაა დაინტერესებული და ძირითადად მათი ცხოვრების მხოლოდ პიკანტური მომენტები შუქდება!

მერაბ სანოძე: ”არ შეიძლება, მუსიკა იყოს კარგი ან ცუდი. განსხვავება გემოვნებაშია – ვინ როგორ შეასრულებს. ხალხს ჰგონია, რომ მე საქართველოში ფულს ვშოულობ. სინამდვილეში ჩემი შემოსავალი, ძირითადად გერმანიიდან მიღებული დივიდენდებია. მე იქ რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. საპროდიუსერო განათლებაც იქ მივიღე. მერე, საქართველოში რომ დავბრუნდი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზარს ვსწავლობდი. მოგვიანებით, ”სანო-სტუდია” ჩამოვაყალიბეთ.”

ერთ-ერთი პოპულარული სტუდია ”სანო-სტუდია” 20-დე პროფესიონალითაა დაკომპლექტებული. ერთი სიმღერის ჩაწერა (საავტორო უფლების გარეშე) 300 დოლარი ღირს. ერთი საათი სტუდიის მომსახურება ” 25 დოლარი. ერთი მუსიკალური პროექტი – 10 სიმღერის მომზადება-არანჟირება-ჩაწერა – საშუალოდ, 13-14 ათასი დოლარი ჯდება.

მერაბ სანოძე: ”ეს თანხა ძალიან მცირეა მოსკოვის ფასებთან შედარებით, იქ ერთი სიმღერის ჩაწერა 7-8 ათასი დოლარი ღირს. ის, რაც მოსკოვის ერთ რაიონში იყიდება, ჩვენთან რეალიზდება მთელი წლის მანძილზე!”

მაშ ასე, თბილისის ფასები, რუსულ ბაზართან შედარებით, მოკრძალებულად გამოიყურება. ასევე მოკრძალებულია რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალიც. მაგალითად, ”სეფას ბიჭების” ხელმძღვანელი კოტე მალანია ამბობს, რომ ჯგუფის პირველი აუდიოალბომის გამოსვლიდან 10-ოდე დღეში 500 კასეტა გაიყიდა და ეს საქართველოს პირობებში კარგი მაჩვენებელია.

ერთი აუდიოკასეტის საცალო ფასი მაღაზიებში, საშუალოდ, 2-4 ლარია, ხოლო თვითღირებულება – 1,5 ლარი. ადგილობრივი ბაზრის აუდიო-ვიდეო პროდუქცია, განსხვავებული დიზაინიას მიუხედავად, მაინც ერთმანეთს ჰგავს და შესამჩნევად ჩამორჩება უცხოურ გამოცემებს. ამბობენ, რომ საქართველოში, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი მუსიკალური და ხმის ჩამწერი კერძო სტუდიაა. მათი უმრავლესობა, მართალია, ორიენტირებულია ე.წ. ”უხარისხო პროდუქციაზე”, მაგრამ ყველა მათგანს ერთი და იგივე წინააღმდეგობა ხვდება – მცირე შემოსავალი, დიდი გადასახადები, აუდიო-ვიდეო-მეკობრეობა, საავტორო უფლებების დაუცველობა.. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც სტუდიების მეპატრონეთა პრობლემებს მომხმარებლისა და ელექტროენერგიის დეფიციტიც ემატება.

სტუდია ”ორფეოსი” თბილისში 5-დე წლის წინ დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელი, გოჩა ლომთაძე ამბობს, რომ სტუდია ქუთაისიდან თბილისში იმიტომ გადმოიტანა, იმერეთში მუსიკისთვის არავის ეცალა. დღეს ”ორფეოსის” პოპულარობას, გოჩა ლომთაძის განცხადებით, რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს – შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, ქართულ ბაზარზე უკვე მოპოვებული ადგილი.

”სანო-სტუდიის” ყველაზე დიდი პრობლემა – მეკობრეებთან ბრძოლაა. ყოველთვიური სასამართლო პროცესები, მეკობრეებზე დაკისრებული ადმინისტრაციული სასჯელი – საქმეს არ ცვლის, რადგან აუდიო-ვიდეო პროდუქციის უკანონო ჩამწერები და რეალიზატორები ჯარიმის სახით გადახდილ თანხას ორიოდე საათში ინაზღაურებენ. არალეგალური მუსიკალური ჩანაწერები დღეს უფრო ხელმისაწვდომია მსმენელისთვის.. ამ შემთხვევაში, ხარისხზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.

მერაბ სანოძე: ”ჩვენ ყველაფერში ფულს ვიხდით – მომზადება, ჩაწერა, დიზაინი, დაბეჭდვა, გაფორმება… მეკობრე დაჯდება და 25-თეთრიან აუდიოკასეტაზე ჩაწერილ სიმღერებს 2 ლარად ყიდის. მათ პროდუქციას საერთოდ არა აქვს ხარისხი, მაგრამ მომხმარებლის მყიდველობითი კულტურა მის მხარესაა – ის უფრო იაფია და იმიტომ! არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მეგულება ასეთი მასშტაბური მეკობრეობა! თუ პარლამენტმა არ მოახდინა მეკობრეობასთან ბრძოლის შესახებ კანონის რატიფიცირება, არაფერი გამოვა! რა მნიშნელობა აქვს, რას მოიპარავ! – აქლემის და ნემსის ქურდი – ორივე ქურდია! როცა ორ-სამ მეკობრეს დასჯი, ასეთი დიდი მასშტაბები აღარ იქნება. არ არსებობს სწორად დაგეგმილი და განხორციელებული მუსიკალური პროექტი, რომელიც თავის თავს ვერ ამოიღებს. ეს მოსახერხებელი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეკობრეობა 100%-დან 80%-მდე მაინც შემცირდება. კანონი ”საავტორო უფლებების შესახებ” გამართული არ არის და მასში კორექტივებია შესატანი.”

როგორია დღევანდელი ურთიერთობები სახელმწიფოსა და ესტრადას შორის.

”ვარდების რევოლუციამ” ე.წ. ”წვიმის მუსიკოსები” პოლიტიკაში იმდენად ჩაითრია, რომ მუსიკალური სამყარო პრივილეგიურ და არაპრივილეგიურ ნაწილებად გაყო. უფრო ადრე, მუსიკოს-შემსრულებელთა ერთგვარი დიფერენციაცია ”არტ-იმედმა” მოახდინა. მაშინ ”არტ-იმედში” გაერთიანებულ მომღერლებს ფინანსური წინსვლა აშკარად დაეტყოთ, მაგრამ ამ პროექტმა მოგება ვერ მოუტანა დამფინანსებელს – ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს. დღეს ესტრადის ცნობილი სახეები (ისინიც კი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად გვევლინებოდა) დავობენ იმაზე, საერთოდ არსებობს თუ არა საქართველოში შოუ-ბიზნესი. მაგრამ ისინი რამდენიმე პრობლემის შესახებ უპირობოდ ეთანხმებიან ერთმანეთს:

1. მთავრობის მიერ გამოყოფილია ე.წ. ”ელიტარული წრე”, რომლის წარმომადგენლები ინტენსიურად არიან ჩართულნი სამთავრობო ღონისძიებებში (მაგალითად, აშშ პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვიზიტის დროს).

2. დღეს შოუ-ბიზნესისთვის (ალბომების გამოცემის დაფინანსება, კონცერტის სპონსორობა, საქველმოქმედო საღამოების ორგანიზება და სხვ.) მეწარმეებს ფულის დახარჯვა უჭირთ. მომღერალი ვერიკო ტურაშვილის აზრით, მეწარმეებს, უბრალოდ, ფულის გამოჩენის ეშინიათ.

3. მთავრობა არასწორ პოზიციაზეა, როცა დღესასწაულებზე, მასობრივ სანახაობებზე უცხოურ კოლექტივებს იწვევს და გრანდიოზულ თანხას ხარჯავს. ქართველ მომღერლებს მაგალითისთვის წლევანდელი საახალწლო კარნავალი მოჰყავთ, როცა თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათასობით ადამიანს ”ყინულის შოუმ” იმედები გაუცრუა. ქართველი მომღერლები იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტი 360 ათასი ლარი დაჯდა და ეს თანხა ადგილობრივ შემსრულებლებზე რომ გადანაწილებულიყო, საახალწლო ღამე ბევრად საინტერესო იქნებოდაო.

განსხვავებული მოსაზრება აქვს კოტე მალანიას (”სეფას ბიჭების” ხელმძღვანელი): ”შოუ-ბიზნესი კი არ ჩაკვდა, არამედ არ მიეცა გასაქანი უგემოვნო მუსიკას. ის, რასაც ახლა ქართული ესტრადა იმკის, არის იმის შედეგი, რომ ადრე ხდებოდა უხარისხო მუსიკის წახალისება. თუმცა, მთავრობის მიერ ფინანსდებოდა ბევრი კარგი პროექტიც.

დღეს სახელმწიგო აფინანსებს სუხიშვილებს, ჯაზ-ფესტივალებს, ოპერის თეატრს და სხვა ღირებულ მუსიკას. .მივესალმები კულტურის მინისტრის პოზიციას და სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც აფინანსებს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელსაც შეუძლია, აღიარება მოუტანოს ქართულ კულტურას და ხელოვნებას.”

რაც შეეხება ბოლო ”ბრალდებას”. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხშირად სტუმრობენ რუსული ესტრადის ვარსკვლავები. ისინი ძალიან ხშირად პრესისგან უჩუმრად ჩამოდიან თბილისში, რომელიმე შეძლებული ქართველის კერძო მოწვევით, შვილების დაბადების დღეებსა და ოჯახურ წვეულებებზე. მათი ჰონორარი, ამ შემთხვევაში, გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოში ჩატარებული ერთი კონცერტის მთლიანი შემოსავალი!

როგორ ცხოვრობენ და რამდენს უხდიან ქართველ ”ვარსკვლავებს”?

კომერციულ კონცერტებში ჰონორარები მომღერლების პოპულარულობის მიხედვით გაიცემა. მაგალითად, ლელა წურწუმიას ჰონორარი საშუალოდ, 400 აშშ დოლარია. დაახლოებით ამდენივეა ლექსენის ანაზღაურება. 100-დან 300 დოლარამდე მერყეობს შედარებით ნაკლებად პოპულარული შემსრულებლების შემოსავალი. ჰონორარები, როგორც წესი, დღესასწაულებზე გაორმაგებული რაოდენობით გაიცემა.

არადა, საქართველოში ყოველ წუთს შეიძლება თითო ახალი ვარსკვლავი “აკაშკაშდეს”, რადგან ეს საპატიო წოდება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც უმღერია სცენაზე და ვისაც საამისო ფინანსები აქვს. ისინი გამუდმებით ყურადღების ცენტრში არიან, ესწრებიან მიღებებს, აწყობენ წვეულებებს, მათი სახეები მუდმივად ყვითელი პრესის გარეკანზეა, ცდილობენ, შეიძინონ ორიგინალური იმიჯი, აშენებენ ”ვარსკვლავების” სახლებს… მათი შემოსავლები მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველად იცხოვრონ და უწევთ დამატებითი ფინანსური წყაროს მოძიება, როგორც, მაგალითად, ლიზა ბაგრატიონს – ჩაის ბიზნესში, გიო ხუციშვილს – ღვინის ბიზნესში, თემურ თათარაშვილს – საბაჟოზე… ცნობილი კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი კი, ვის შემოქმედებაზეც თაობები იზრდება, აცხადებს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, შვიდი ლარია..

მერაბ სანოძე: ”თუ ჩვენ ევროპული და ამერიკული პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ, გამოდის, რომ საქართველოში არც ერთი ვარსკვლავი არ გვყავს! რა არის ვარსკვლავი? – ვარსკვლავი სულ ანათებს, შორს არის და ვერ სწვდები! ჩვენთან, ყველა მომღერალთან შეიძლება ადვილად მისვლა! არც ერთი ქართველი მომღერალი არ არის მიუწვდომელი! ხომ იცით, აკრძალული ხილი უფრო გემრიელია. აუკრძალე ხალხს რომელიმე მომღერალთან მისვლა და კონცერტზე უფრო მეტი ხალხი მოვა! ეს არის ბიზნესი!”

სხვათა შორის, ”აკრძალული ხილის” პრინციპი პროდიუსერმა მამუკა ღლონტმა არაჩვეულებრივად გამოიყენა, როცა შარშან სტუდია ”მაესტროს” სახე – რეპერი ლექსენი ეკრანიდან ”გადამალა”. მაშინ ლექსენზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა ((მისი სიმღერები იმ პერიოდში რადიოებშიც ”აიკრძალა”), რომ მუსიკოსის სოლო კონცერტზე სპორტის სასახლეში 15 ათასი კაცი მივიდა. ამავე პრინციპით, წარმატებულია რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების სოლო კონცერტებიც. მაგალითად, შემოსავლიანი იყო ირაკლი ფირცხალავას, სოსო პავლიაშვილის, დათო ხუჯაძის კონცერტები. მათდამი დიდ ინტერესს, ბუნებრივია, მსმენელთა ნოსტალგიაც განაპირობებს. მიუხედავად ამისა, პროდიუსერი ნატო დუმბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კონცერტები ერთმანეთზე მიყოლებით არ უნდა იმართებოდეს, რადგან ჩვენს მაყურებელს არა აქვს იმდენი ფული, წარამარა სპორტის სასახლესა და ფილარმონიაში იაროს (კომერციულ კონცერტებზე ერთი ბილეთის ღირებულება 5-დან 15 ლარამდე მერყეობს).

რა პრეტენზიები აქვთ მუსიკოსებს ჟურნალისტებთან?

მუსიკოსები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სოლიდური მუსიკალური ჟურნალი, გაზეთი ან სატელევიზიო გადაცემა, რომ არ იბეჭდება კრიტიკული და ანალიტიკური სტატიები მუსიკალური მიმდინარეობებისა და შემსრულებლების შესახებ. რომ არ არსებობენ ამ პროფილის კვალიფიციური ჟურნალისტები…

ამავე პრინციპით, არ არსებობს არც სტატისტიკა მუსიკალური სტუდიების შესახებ, შიუ-ბიზნესის წარმომადგენლებს არც ისეთი სპიკერები ჰყავთ, ჟურნალისტებთან დამაჯერებელ საუბარს რომ შეძლებენ.

რაც შეეხება პროფესიონალიზმს. თავად მუსიკოსები აღიარებენ” რომ უმრავლესობას არა აქვს პროფესიული განათლება და არ იციან ნოტების წაკითხვაც კი1 სმენისა და ხმის დეფიციტს ადვილად ფარავს თანამედროვე აპარატურა. შეკითხვაზე, რატომ არ არის ცენზურა ესტრადაზე, მერაბ სანოძე ღიმილით პასუხობს: ”ჩვენს ქვეყანაში თავის ადგილზე სხვა რა არის, ცენზურა რომ იყოს? მე არ მიყვარს სიტყვა ”შოუ-ბიზნესი”. მშვენიერი სიტყვაა ინდუსტრია. როცა წერ, უშვებ ფირფიტას, ყიდი პროდუქციას – არ არის ეს ინდუსტრია? თუ ყურადღებას დაუთმობს და ხელს შეუწყობს, სახელმწიფომ შეიძლება დიდი ფული იშოვოს მუსიკალური ინდუსტრიით, მაგრამ ის ამისათვის არაფერს აკეთებს.”

ქართული შოუ-ბიზნესის მდგომარეობის შესახებ გულახდილია ბაკურ ბურდული: ”პროდიუსერი არ მყავს. ყველაფერს თავად ვაკეთებ – ვწერ მუსიკას, ტექსტს, კლიპის სცენარსაც კი.. სასცენო ჩაცმულობაზეც მე თვითონ ვზრუნავ. სპონსორის მოძიება საქართველოში ძალიან ძნელია. ამ ქვეყანაში ყველა სფეროში რთულია ფულის მოძიება, მაგრამ მუსიკაში – განსაკუთრებით! ერთი კლიპი, როგორც მინიმუმი, 2-3 ათასი აშშ დოლარი ჯდება, კარგი და ხარისხიანი კლიპი სულ მცირე 10-20 ათასი დოლარია. ასეთ მუსიკაში, როგორიც ჩემია, ბიზნესმენები ფულს არ დებენ. რატომ? – იმიტომ, რომ ეს არ არის რესტორანში მოსასმენი მუსიკა! ეს არის ალტერნატიული, პოპ-მუსიკა ” აქ ბევრი რომანტიკა, სიყვარული და ოპტიმიზმია. ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალურ მსმენელს ფული არ აქვს, ვისაც ფული აქვს, ეს მუსიკა არ მოსწონს. ამიტომ საქართველოსი ყველაფერი ჯერ კიდევ მეგობრობისა და ”ძმაკაცობის” დონეზე კეთდება. კლიპების გადაღებაში მეგობრები მეხმარებიან, ჩემს პროდუქციას რადიოებში ჩემი მეგობრები ”ატრიალებებ” და ა.შ.

სამწუხაროდ, ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმდენად გაჭირვებულია, რომ პურის ფულს ვერ შოულობს. მათ არ შეუძლიათ კინოში წასვლა, კონცერტის მოსმენა. ყველაფერი მატერიალიზებულია. საქართველოში მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის შემდეგ გახდება სესაძლებელი, რომ ხალხმა თავისი სულიერი მოთხოვნები დაიკმაყოფილოს.”

კოტე მალანია, ”სეფას ბიჭების” მუსიკალური ხელმძღვანელი, აღიარებს, რომ საქართველო ”ერთი მენტალიტეტის ქვეყანაა” და ე.წ. ”დონეთა კონფლიქტის” არსებობის გამო სიახლეებს, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ექმნებოდა წინააღმდეგობები. კოტე მალანია (თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრისა და თავისუფალი თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელიცაა) ამბობს, რომ კლიპების გადაღება აქამდე შედარებით იაფი ჯდებოდა, რადგან ”სეფას ბიჭებს” საკუთარი აუდიო-ვიდეო აპარატურა აქვს და ბევრი კეთილისმსურველი მეგობარი ჰყავს. ამის გათვალისწინებით, ჯგუფის დანახარჯები ერთ კლიპზე (მაგალითად, სიმღერა ”დედა”) 2 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

”სეფას ბიჭები” ედუარდ სეფაშვილის მიერ დაარსებული ჯგუფია. ბატონი ედუარდის სიცოცხლეშივე დაემატა ჯგუფის სამ წევრს მესამე მომღერალი – ირაკლი ალფაიძე. ”სეფას ბიჭები”, რომლის სიმღერა ”სუხუმი” აფხაზეთშიც ძალიან უყვართ, მაქსიმ ფადეევის (”გლუკოზას” და სხვა ცნობილი რუსი მომღერლების პროდიუსერი) მიწვევით შემოდგომაზე რუსეთში განაგრძობს მოღვაწეობას და რუსულ შოუ-ბიზნესში ”სეფას ბიჭები” ორი ახალი რუსულენოვანი სიმღერის კლიპით შევა. საქართველოდან წასვლა ჯგუფს პოპულარობასთან ერთად, მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანს.

რა არის ქართული მუსიკის ყველაზე დიდი ღირსება? – ჩვენ ვამაყობთ, რომ კოსმოსში ”ჩაკრულო” გავგზავნეთ, გვიხარია, რომ სუხიშვილებსა და ”ერისიონს” მსოფლიო იცნობს, ბედნიერები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოიხიბლა ქართული ცეკვითა და სიმღერით.

სინამდვილეში, რითაც მართლაც შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენი ფოლკლორია. პირველ რიგში, ხალხური სიმღერა – გათანამედროვებული, კარგად არანჟირებული, რეკლამირებული – შეიძლება გახდეს კარგი შოუ, თანაც, მომგებიანი ბიზნესი. ეს არის ის, რითაც შეგვიძლია, გავაოცოთ უცხოელი მსმენელი. ქართული კომერციული მუსიკა, ერთეული შემსრულებლების გარდა, მსოფლიო დონის მომღერლების შემოქმედების ასლია და ასეთი მუსიკა არ შეიძლება იყოს ფულის მომტანი. საქართველოში ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი ცხოვრობს და ისინი არ არიან მატერიალურად უზრუნველყოფილნი. თეონა კონტრიძე, მოსკოვის ”მეტროს” ცნობილი სახე, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ქართველ კოლეგებს ასეთ რჩევას აძლევს: გაყიდეთ სახლები, გაემგზავრეთ სხვა ქვეყნებში, მიაღწიეთ ფინანსურ და შემოქმედებით წარმატებას და მერე დაბრუნდით საქართველოში. მანამადე კი, თეონა კონტრიძის მოსაზრებით, ქართველმა მსმენელმა დროებით კლასიკურ მუსიკას უნდა მოუსმინოს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial