ეკონომიკური განათლებისა და ბიზნესისათვის კადრების მომზადების ახალი სისტემა

ლალი ჩაგელიშვილი

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და რეფორმის I ეტაპის დასრულების საკითხებთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ განათლების მინისტრიეს მოადგილეს, ბ-ნ. თეიმურაზ სამადაშვილს.

ბატონო თემურ, წელს პირველად ტარდება განათლების რეფორმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საზოგადოებას ბევრი კითხვა გაუჩნდა. როგორ მიგაჩნიათ, რამდენად სწორადაა გათვლილი ეს რეფორმა საქართველოზე? იყო თუ არა მიღებული მხედველობაში მარტივი ჭეშმარიტება, რომ ის, რაც კარგია ერთი ქვეყნისათვის, ისეთივე წარმატებული არ არის მეორისათვის?
გამოყენებულ იქნა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, რის შემდგომაც დაიგეგმა რეფორმა ქვეყნის რეალობისა და გამოცდილების გათვალისწინებით;- გატარდა თუ არა მსგავსი რეფორმა სადმე ჩვენამდე და რა შედეგები მოჰყვა მას?
აღმოსავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში გატარებულ იქნა რეფორმები განათლების სისტემის რეორგანიზაციისა და საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციისათვის, ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც მიმდინარეობს რეფორმები (მაგ. ფინეთი, ესტონეთი და ა. შ);

რას ეფუძნებოდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის (კერძო და სახელმწიფო) მისაღები კვოტების (კონტინგენტის მოცულობა) განსაზღვრა, საიდანმე იყო გადმოტანილი, თუ მოხდა ბაზრის შესწავლა?
საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტის კვოტები დადგინდა მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ნორმატივებთან შესაბამისობით;
მოსახლეობაში უნდობლობას იწვევს ის, რომ სწორედ ღირსეულთ მიეცემათ სახელმწიფო გრანტი და არა იმათ, ვინც რაიმე არაკეთილსინდისიერი ტექნოლოგიებით შეძლებს სხვისი კუთვნილი ადგილის დაკავებას. გამჭვირვალობის რა მექანიზმი არსებობს ეჭვის გასაფანტავად?
საერთო ეროვნული გამოცდები რეალურად გამორიცხავს დაინტერესებულ პირთა მონაწილეობას შეფასების პროცესში, კერძოდ, კორექტორებმა არ იციან, ვის ნაშრომებს ასწორებენ. გამოცდები და, შესაბამისად, შეფასების პროცესი წარიმართება საზოგადოების და პრესის მეთვალყურეობით.

რა აზრი აქვს გაპროტესტებას, თუ მომჩივანი მხარე არ დაესწრება მას და არ უჩვენებენ იმ შეცდომებს, რომლის გამოც ვერ მიიღო მან სასურველი შეფასება? რატომ არ შეუძლია აბიტურიენტს ამ შემთხვევაში დაიცვას თავისი ნაშრომი?
რომ არ მოხდეს სუბიექტური გადაწყვეყილების მიღება;

რატომ არ შეიძლება, გამოცდის ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტმა თავისი ნაშრომი გამოიტანოს გარეთ? მეორე ნაკადისათვის ხომ არსებობს განსხვავებული ტესტები? და იგივეს ან მსგავსის განმეორება არ მოხდება?
დამთავრდა უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის I ეტაპი. აკრედიტაცია ვერ გაიარა 100-ზე მეტმა უმაღლესმა სასწავლებელმა, რომელთა ხარვეზი ძირითადად ტექნიკური ნორმების დარღვევა იყო (შენობა, ფართი და ა.შ). თუკი 2 წლის შემდეგ ისინი დააკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს და მოითხოვენ მათთან მისადაგებულ სტუდენტთა რაოდენობას, მიეცემათ თუ არა ლიცენზია და თუ გამოეყოფათ მათ მიერ წარმოდგენილი მისაღები კონტინგენტი?
ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც დააკმაყოფილებს ნორმებს და გაივლის აკრედიტაციას, მიიღებენ სტუდენტთა მიღების უფლებას;

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ წლევანდელი აბიტურიენტები ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ მოჰყვნენ? ბავშვებს თავზე დაატყდათ ყველანაირი რეფორმა, არ შეხებიათ კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები; არა აქვთ გამომუშავებული გამოცდებზე ქცევის უნარი; უცხოა მათთვის გამოცდებზე არსებული გარემო, დროის კონტროლი და სხვ. ამას დაემატა საგნებში საგამოცდო დროის შემცირებაც, რაც სულ ახლახან გამოქვეყნდა პრესაში; რა მოსაზრებით მოხდა ეს?
უმაღლესი განათლების კანონის მიღების შემდგომ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მკაფიოდ დააყენა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების საკითხი და საზოგადოება დიდი ხანია ინფორმირებულია ამის შესახებ. რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, მისი გაუქმება გამოწვეულია იმ მოსაზრებით, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. ასევე მრავალ სკოლაში ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პრინციპების განხილვა და აბიტურიენტებისათვის ყველა სადავო საკითხის განმარტება. პირველი ნაბიჯი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სამინისტრო შეფასების ცენტრის მეშვეობით ცდილობს მოხსნას ყველანაირი სტრესული სიტუაცია, მაგალითისათვის ბათუმში გენერალური რეპეტიციის სახით ჩატარდა საგამოცდო პროცესი, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში და ბევრ საკითხს გასცა პასუხი;

სკოლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ძალზე დაბალი შედეგები აჩვენა როგორც ქალაქად, ისე რეგიონებში. ამის გათვალისწინებით ხომ არ შეგიმუშავებიათ ალტერნატიული ვარიანტები წლევანდელ საგამოცდო ტესტებზე, თუ მონიტორინგები და პილოტირება მხოლოდ მომავლისათვის გაკეთდა?
მონიტორინგი ჩატარდა რეფორმის გეგმის ფარგლებში, რამაც გვიჩვენა დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის სავალალო მდგომარეობა დაისახა გზები სასწავლო პროგრამების დასახვეწად და მეთოდოლოგიის გასაუმჯებესებლად, რაც აისახა ახალი სასწავლო გეგმების პროექტებში;

გამოცდების შემდეგ 13 ათასმა სტუდენტმა (შესაძლოა მეტმაც) თავისი სწავლის თვითდაფინანსება უნდა უზრუნველყოს. დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე კი, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი უზრუნველყოფილი არ აქვს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას. როგორ და საიდან უნდა გადაიხადონ მათ თუნდაც მინიმალური 1500 ლარი?
წინა წლებში აბარებდა გაცილებით მეტი აბიტურიენტი (ფასიან სექტორზე). სასწავლებლებში მათი სწავლების დონე საკმაოდ დაბალი იყო, ანუ დაბალი ხარისხის მომსახურებაში იხდიდნენ თითქმის ამდენივე თანხას. ამასთან ერთად, სამინისტროს იმედი აქვს, რომ ის წარმატებული აბიტურიენტები, რომლებიც გახდებიან სტუდენტები, სხვადასხვა დონორებისა და ფინანსური ორგანიზაციებისაგან მიიღებენ დახმარებას, კრედიტებს, რაც ფართოდ არის დანერგილი საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში;

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო საშტატო კონტინგენტის ატესტაცია. რა მოხდება ატესტაციის შემდეგ?
დაიხვეწება სასწავლო პროგრამები და კადრების ეფექტური გამოყენებით მოხდება ანაზღაურების სისტემის მოწესრიგებაც, რაც საერთო ჯამში ერთ-ერთი საფუძველია საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ამაღლებისა;
თანამედროვე უცხოურ სტანდარტებს მისადაგებული უმაღლესი განათლება მოითხოვს კვალიფიციურ პროფესურას, რომელთაც გარდა თეორიული ცოდნისა, დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც უნდა გააჩნდეთ.

თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ეს კადრი საქართველოში? თუ არა, როგორ ფიქრობთ, რატომ? კონკრეტულად რა კატეგორიის პროფესორ-მასწავლებლებზე გაქვთ ორიენტაცია?
ჩვენთან არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის პროფესურა, რომელთაც შესწევთ უნარი, აქვთ ცოდნა და შესაბამისი გამოცდილებაც მაღალი ხარისხის ევროპული სტანდარტების განათლების მისაცემად. მთავარი პრობლემა იყო არასწორი მენეჯმენტი, რაც გამოიხატებოდა ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის არაეფექტურ გამოყენებაში (დაბალი ხელფასი, არასწორი სასწავლო გეგმები, სასწავლო და სამეცნიერო კვლევების დაუფინანსებლობა და ა.შ.)

განათლების ხარისხის ამაღლება დამოკიდებულია სტიმულირებაზე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ როდესაც მაქსიმალურად ვითხოვთ ხარისხს, შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს შრომაც? არის თუ არა რაიმე ცვლილება მოსალოდნელი ამ მხრივ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისათვის?
ატესტაციის და აკრედიტაციის ჩატარება დასაწყისია იმ პროცესებისა, რომლის შედეგადაც უნდა მოხდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პრინციპული გადაწყვეტილებების შემდგომ რადიკალურად იზრდება უმაღლეს სასწავლებლებში ერთ სტუდენტზე დაფინანსების მოცულობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც;

ხომ არ გიფიქრიათ, რა ბედი ეწევათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და უმუშევართა არმიას მიემატებიან?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა პროფესიული განათლების კონცეფცია, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ერთი კვირის წინ. ამ კონცეფციის თანახმად, უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების ცენტრები. მოხდება არა მარტო საბაზოს შემდგომი, არამედ საშუალო პროფესიული განათლების მიღებაც.

განათლების რეფორმასთან მიმართებაში ყველა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობას თავისი დამოკიდებულება აქვს. ისინი არ უარყოფენ მისი განხორციელების აუცილებლობასა და საჭიროებას, მაგრამ სასწავლებლების სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები აქვთ. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დღევანდელი რეფორმა მაინც ვერ წყვეტს ეკონომიკური განათლების და ბიზნესისათვის კადრების მომზადების პრობლემებს, რასაც ყველა რესპოდენტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღნიშნავდა.

მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლის (ESM – High school) დირექტორს, ბ-ნ სულიკო ქადაგიძეს მიაჩნია, რომ ერთობლივი ეროვნული გამოცდები (ეეგ) საჭირო და აუცილებელია, მაგრამ იგი არ უნდა იყოს ერთადერთი უმაღლესში მოსახვედრად. სახელმწიფომ კონკურენციის ხელშესაწყობად უნდა გაითვალისწინოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლების სპეციფიკა და ნება მისცეს მათ, ეეგ-ის გავლის შემდეგ შეარჩიონ კონტინგენტი. კერძოდ, ბ-ნი სულიკოს თქმით, მათ ინსტიტუტში სასურველი იყო, გამოეგზავნათ მთლიანად ის კონტინგენტი, ვისაც პირველ რიგში ჰქონდა EშM შემოხაზული. ხოლო ინსტიტუტი შიდა გასაუბრების გზით შეარჩევდა მათგან საუკეთესოს.
ცნობილია, რომ მენეჯმენტის უმაღლეს სკოლაში პრიორიტეტი ენიჭება უცხო ენას (გერმანული და ინგლისური). სწავლების მესამე და მეოთხე წელი მთლიანად უცხოენოვანია. ამდენად, სრულიად გასაგებია, ინსტიტუტის ხელმძღვანელის ის წუხილი იმასთან მიმართებაში, რომ ეეგ-ის შემდეგ შესაძლოა, სტუდენტთა კონტიგენტი ვერ იყოს სათანადო დონეზე მომზადებული, რაც საბოლოოდ ზეგავლენას მოახდენს მათს კონკურენტუნარიანობაზე. მიუხედავად დიდი ბრძოლისა, ინსტიტუტის ხელმძღვანელობის წინადადებები სამინისტრომ მხედველობაში არ მიიღო და ESM-იც საერთო ეეგ-ს დაექვემდებარა. ეს კი თრგუნავს კონკურენტულ გარემოს და კორუფციის ახალი წყაროების გაღვივებას უწყობს ხელს, აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. ამ შემთხვევაში ინსტიტუტს ფუნქციონირების გასაგრძელებლად ორი გამოსავალი რჩება (უარესიდან ცუდი): ერთი – არ გარიცხოს სუსტი სტუდენტები და იგივე ბაზით გააგრძელოს მუშაობა და მეორე – გარიცხოს სუსტები. სამაგიეროდ დარჩენილი ძლიერების უმცირესობიდან აიღოს ე.წ. ქრთამი ინსტიტუტის ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფისათვის.
მომავალში ფინანსური გარანტიების შესაქმნელად ESM-ის ადმინისტრაციამ გარკვეული სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკის სავაჭრო პალატა დაჰპირდა მათ ნაკლებად შეძლებული სტუდენტების დაფინანსებას. გარდა აღნიშნულისა, ინსტიტუტს სხვა ალტერნატივაც აქვს. კერძოდ, სტუდენტების ჩარიცხვისთანავე დაიდება მათთან კონტრაქტი, რომლის თანახმადაც სტუდენტმა ინსტიტუტში შესვლისთანავე აუცილებელი წესით უნდა გადაიხადოს 1200 ლარი. თუ ახალ წლამდე ინსტიტუტი მიიღებს ვაუჩერს, სტუდენტი გადაიხდის მხოლოდ განსხვავებას. სახელმწიფოს მიერ სტუდენტის სწავლის საფასურის მთლიანად დაფარვის შემთხვევაში, სტუდენტს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. საფასურთან დაკავშირებით არსებული ცვლილებების გამო ინსტიტუტი არ გეგმავს მის მომატებას იმაზე მეტად, რაც თავიდანვე, რეფორმამდე ჰქონდა წესდებაში დაფიქსირებული (ყოველწლიურად სწავლის ღირებულება მატულობს 10%-ით)
მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა ამზადებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ეკონომიკური განათლებისა და ბიზნესის კადრებს და რომლითაც ბაზრის 75% ფლობს, თუმცა შეუძლია უფრო მეტის მომზადებაც. სულიკო ქადაგიძის განცხადებით, ყოველწლიურ კურსდამთავრებულთა 97,5% დასაქმებულია. მათი უმეტესობა საბანკო სფეროში მოღვაწეობს.

ინსტიტუტში ძირითადად ყოველგვარი პრივილეგიებისა და გარანტიების გარეშე, ირიცხებოდნენ ESM-ის მოსამზადებელი განყოფილების და ლიცეუმის (10-12 ადგილი) სტუდენტები, რომლებსაც მისაღები გამოცდების 2-ჯერ ჩაბარების უფლება ჰქონდათ. პირველი ჩაბარების პერიოდი იყო ჩვეულებრივ გამოცდებზე ერთი თვით ადრე, ხოლო მეორედ გასვლა ხდებოდა ჩვეულებრივი გამოცდების პერიოდში. ჩაბარებისათვის აბიტურიენტს 4-იანი მაინც უნდა მიეღო საგნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ ჩაირიცხებოდა მენეჯმენტის უმაღლეს სკოლაში. მესამე შესაძლებლობა ჩაბარებისა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ვერ მოხვდებოდნენESM-ში, საერთო კონკურსის წესი იყი, რომელიც ზემოთ აღნიშნული ეტაპების დასრულების შემდეგ იწყებოდა.

ინსტიტუტში 10-12 ადგილი გათვალისწინებული იყო ESM-ის ლიცეუმისათვის. როგორც ბატონმა სულიკომ განგვიმარტა, ლიცეუმი დამოუკიდებელი იურიდიული სტრუქტურაა, რომელსაც ადმინისტრირების მხრივ საერთო არა აქვს ინსტიტუტთან.
დღეს ეს ყველაფერი აღარ არსებობს და იძულებულები ვართ, შესრულდეს საერთო გადაწყვეტილება ეეგ-თან დაკავშირებით, რადგან თუ ეს პირობა არ შესრულდებოდა, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებდით აკრედიტაციას და ვაჟებიც, რომლებიც ჩვენთან სწავლობენ, უნდა წასულიყვნენ ჯარში, – აღნიშნა ბატონმა სულიკომ. ეს აშკარა გამოვლინებაა მონოპოლისტური პოზიციებისა სამინისტროს მხრიდან, არადემოკრატიულია და კლავს კონკურენციას. ამ შემთხვევაში ირღვევა ასევე სამეწარმეო კანონი, რომლის მიხედვითაც ინსტიტუტი შპს-ს ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტატუსს ფლობს და სამინისტროს მხრიდან ხდება ინსტიტუტის წესდების უხეში დარღვევა.
რეფორმის პირველი ეტაპი ინსტიტუციონალური აკრედიტაციით დაიწყო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების დაფუძნებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებას მომავალში.
– ინსტიტუციონალური აკრედიტაციის ჩატარების დროს უმაღლესი სასწავლებლების გადარჩევა მოხდა ძირითადად ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით (ფართი, აღჭურვილობა და სხვ.) და არ არის არც ერთი მახასიათებელი, რომელიც ხარისხს ითვალისწინებს. აკრედიტაციის შემდეგ დარჩენილი 110 უმაღლესი სასწავლებლის რიცხვში ბევრია ისეთი, რომელთაც 5, 6 და 10 სტუდენტის მიღების უფლება აქვთ, გადასახადი კი 600 ლარს შეადგენს. როგორ უნდა უზრუნველყონ მათ სასწავლო პროცესი მომავალში?… კომენტარი ალბათ ზედმეტია. ბ-ნი სულიკოს მოსაზრებით, აკრედიტაცია უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება სახელმწიფოსთან.

იმ პრობლემებიდან, რომლებიც დღეს უკვე გამოიკვეთა, ერთ-ერთია დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მოზიდვაც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებაში. სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტები, რომლებიც მილიარდ აშშ დოლარს სცდება, კერძო წყაროებიდან ფინანსდება, სახელმწიფო მათი ბიუჯეტის მხოლოდ 30% აფინანსებს (პეკინის უნივერსიტეტი 1.400 ათ. აშშ დოლ; ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1მლრდ შშ დოლ; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 300 მლნ აშშ. დოლ). მწვავე პრობლემაა ასევე პროფესორ-მასწავლებელთა ანაზღაურებაც, რაც სწავლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზია. და ბოლოს, ხარისხის შეფასება.

ვინ აფასებს დღეს მას? პიროვნებები, რომელთაც არ იციან, როგორ შეაფასონ ხარისხი. მინდა ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ რეფორმა ჩასატარებელია, მაგრამ იგი უნდა ჩატარდეს აუჩქარებლად, რათა იმაზე მეტი შეცდომები არ დავუშვათ, რაც ადრე იქნა დაშვებული.
განათლების ხარისხი მხოლოდ რეფორმებით არ ამოიწურება. მას სისტემატიური უზრუნველყოფა სჭირდება, რათა დროის მოთხოვნებს გაუძლოს და კონკურენტული პოზიციები გააჩნდეს საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ქ-ნ რ. ლორთქიფანიძეს, რომელიც რეფორმებთან დაკავშირებული პრობლემებით იყო დაკავებული და ვერ მოახერხა პასუხის გაცემა, თუმცა დაგვპირდა, რომ მასალას თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახლო მომავალში მოგვაწვდის.

თსუ-ში კი უკვე მიიღეს გადაწყვეტილება დიდი სამეცნიერო საბჭოს გაუქმების შესახებ. მის ადგილს დაიკავებს ორი სტრუქტურა: წარმომადგენლობითი საბჭო და აკადემიური საბჭო, რომელიც რექტორის მიერ დაინიშნება. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტს წმინდა ადმინისტრაციულ საკითხებს, აკადემიური საბჭოს მოვალეობაში კი სამეცნიერო საქმიანობა შევა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, წარმომადგენლობითი საბჭოს არსებობა ხელს შეუწყობს ადმინისტრირების საკითხების სწრაფად მოგვარებას.
რამდენად ემჯობინება წარმომადგენლობითი საბჭო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომლების დღეს არსებობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელთა მუშაობით უკმაყოფილოა უნივერსიტეტის მუშაკთა დიდი უმრავლესობა ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამადე კი იმის გარკვევა მაინც მოვახერხეთ, რომ რეფორმების შედეგებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და აგრეთვე მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტებზე უმოქმედოდ არ ელოდებიან და აქტიურად მონაწილეობენ ეკონომიკური განათლების ხარისხის ამაღლებაში.
ორივე ფაკულტეტზე შექმნილია სამეცნიერო ცენტრები, სადაც აქტიური სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები ტარდება. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და აშშ-ს ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭოს დაფინანსებით, ორგანიზებუკ ეკონომიკაში პირველ სრულიად საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარება 21 მაისს სასტუმრო “საქართველოში”.

ორმოცი ფინალისტი დაჯილდოვდა ქების სიგელით და სპეციალური საჩუქრით, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ასევე გადაეცათ ფერადი ტელევიზორები. რაც შეეხება გამარჯვებულ, ანუ პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, მან საპატიო სიგელთან ერთად მიიღო კომპიუტერი.
სასკოლო ოლიმპიადა ეკონომიკაში ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი ტური ჩატარდა სკოლებისა და რაიონების განათლების განყოფილებების ბაზაზე. 1200 მოსწავლე 195 სკოლიდან, სადაც ეკონომიკა ისწავლება, მონაწილეობდა ოლიპმიადაში. 168 გავიდა მეორე ეტაპში. მხოლოდ 43-მა კი მოიპოვა ფინალურ, ანუ დამამთავრებელ ტურში მონაწილეობის უფლება.
ოლიმპიადის მესამე ეტაპის საპატიო ჟიურის (რომელიც გაიმართა 21 მაისს) შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოში მშვიდობის კორპუსის (Pეაცე ჩორპს) ადმინისტრაციული განყოფილების ოფიცერი ადამ ჯაგელსკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის მოადგილე თემურ სამადაშვილი, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი და #54 სკოლის ეკონომიკის მასწავლებელი ლუიზა ხალაძე.

საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და გავითარების ცენტრის დირექტორი ნინო ტალახაძე აღნიშნავს, რომ ოლიმპიადის უმთავრესი მიზანია ეკონომიკური განათლების პროპაგანდა სკოლის მოსწავლეებს შორის:
”ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება. გამოვლენა და წახალისება იმ ჭკვიანი, ბეჯითი და განათლებული მოსწავლეებისა, რომელთაც ეკონომიკა აინტერესებთ. მისი მიზანია ასევე, ხელი შეუწყოს მეცნიერულ-შემოქმედებითი, მეთოდური და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს შორის”.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების აქტიური მეთოდების დანერგვაზე მუშაობს ასევე სამეცნიერო ცენტრი, რომლის მხარდამჭერიცაა ღია საზოგადოების ინსტიტუტი HESP. რეგიონული ხელმძღვანელების ეკ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი მაია გონაშვილი და ნინო დავითაიას მიერ მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში, ეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი, რომელიც მიეძღვნა აქტიური სწავლების ფორმებსა და მეთოდებს უმაღლეს სასწავლებლებში; კორპორაციული სწავლების სპეციფიკას და სხვ.

სემინარზე წარმოდგენილი იყო უკრაინის მხარე პროგრამა HESP-ის დირექტორის ეკ. მეცნ. კანდიდატის სერგეი იაკუბოვსკის და ლარისა კირილიუკის სახით. მონაწილეთა ორივე მხარემ სემინარის მეორე დღეს წარმოადგინა ერთი წლის შედეგები (ასეთივე სემინარი ჩატარდა 2003წ. მაისში მცირე აკადემიაში), ერთმანეთს გაუზიარეს სწავლების ახალ მეთოდებთან დაკავშირებული გამოცდილება (სილაბუსებით მუშაობა ჯგუფებში); სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ჯგუფების მიერ ეკონომიკის პრობლემების განხილვას. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები.

“ერთი კვირის შემდეგ სემინარმა რეგიონებში მუშაობა ბათუმიდან დაიწყო, სადაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და წარმატებით დასრულდა- აღნიშნა პროექტის რეგიონულმა დირექტორმა მაია გონაშვილმა.

სწორი, პროფესიონალური მენეჯმენტი ნებისმიერი საქმიანობის მყარი გარანტია. დღეს კი ჩვენს საზოგადოებას ამის დეფიციტი აქვს. მენეჯერული სწავლების ხელშესაწყობად და ხარისხის ასამაღლებლად მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც განათლების რეფორმების დაწყებისთანავე შეუდგა კვლევით სამუშაოებს. ცენტრის მიერ მონიტორინგის საფუძველზე შესწავლილია ბაზარი, რომლის ბაზაზეც შესაძლებელი იქნება მომავალში თსუ-ში ეკონომიკური პროფილით მისაღები კონტინგენტის განსაზღვრა; სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პარალელურად მუშაობს სოციალურ პრობლემებზე, შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკაზე;

ცენტრი ახალი შექმნილია, მაგრამ მიზნები და ამოცანები ძალზედ გლობალური აქვს. საკონსულტაციო ცენტრი არ არის დროის გამოხმაურება აღნიშნა მისმა ხელმძღვანელმა – იგი ფაკულტეტის ახალგაზრდული კოლექტივისა და სტუდენტობის დიდი ხნის ტკივილის და უკვე მომწიფებული იდეების პირმშოა, რომელსაც დღეს ნოყიერი ნიადაგი აქვს კეთილი ნაყოფის გამოსასხმელად; დღეს კონსულტაციები მენეჯმენტის საკითხებში ბევრ ორგანიზაციას და ბიზნესის წარმომადგენელს სჭირდება; გზა აქვს გასაკვალი ჩვენს სტუდენტობას, მაგისტრებს; მხარში ამოდგომა სჭირდებათ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ცენტრის მეშვეობით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში, კონფერენციებსა და სემინარებზე; საბოლოოდ კი ჩამოყალიბდება ის გარემო, რაც აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და კონკურენტული პოზიციებისათვის, ხარისხის ამაღლებისათვის და ევროპული სტანდარტების მოპოვებისათვის; აღნიშნულის განხორციელებაში ცენტრს ფაკულტეტის მხარდაჭერისა და სხვადასხვა ფონდების ხელშეწყობის იმედი აქვს მით უმეტეს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მას უკვე ჰყავს რეალური მხარდამჭერი.

ცენტრის ძირითადი ბირთვი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები არიან, მაგრამ იგი შეზღუდული არ არის მასში მუშაობის მსურველებისათვის, აღნიშნეს მისმა წევრებმა. ჩვენი წრე უკვე საკმაოდ ფართოა, მასში სულ უფრო იზრდება თანამოაზრეთა რიცხვი, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

P. S. მართალია ჩვენს ნომერში დაბეჭდილი მასალა იმედის მომცემია, მაგრამ პრობლემები მაინც მრავლადაა. კომენტარს დღეს არ ვაკეთებთ. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თუკი ასეთ სასიკეთო საქმეებს რეალურად ექნება მწვანე შუქი, ეგების საუკეთესო განათლების მისაღებად თაობებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდეთ და ჩვენს დიპლომებს დაუბრუნდეთ ისეთი ნდობა და პატივი, როგორიც ეკადრებათ.

ნომერი გამოსასვლელად მზად იყო, როდესაც, პროფესორ რუსუდან ლორთქიფანიძის ბრძანებით ყოფილი ეკონომიკის, მიკროეკონომიკის და მენეჯმენტის, კომერციისა და მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტები (ბიზნესის სამართლის მიმართულების გარეშე) გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.