საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ქრონოლოგია და შედეგები

გელა ალადაშვილი

ცნობილია, რომ ვმო-ში გაწევრიანების პროცესს თან ახლდა მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დებატები. ცალსახად უნდა ითქვას, რომ არც ერთ და არც მეორე მხარეს აბსოლუტური ჭეშმარიტება არ გააჩნია. ვმო-ში შესვლას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, მაგრამ ვინაიდამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ამ კავშირის წევრი ან მასში შესვლის მოსურნეა, ბუნებრივია, საქართველო ვერ დარჩებოდა მისი წევრობის გარეშე. სხვა საკითხია დროის ფაქტორში ჩვენი შესვლის ეფექტურობა, ამას ახლო მომავალში ქართული ეკონომიკის განვითარებამ უნდა გასცეს პასუხი.

საქართველოს გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ქრონოლოგიურად შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ1:
1994 – საქართველომ მიიღო ძირითადი შეთანხმების ტარიფებსა და ვაჭრობაზე (GAთთ) დამკვირვებლის სტატუსი.
06. 1996 – საქართველომ გააკეთა განაცხადი ვმო-ში გაწევრიანების სურვილის თაობაზე და მოიპოვა დამკვირვებლის სტატუსი.
07.1996 – საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება გაწევრიანების პროცესზე პასუხისმგებელი კომისიის ჩამოყალიბების თაობაზე.
03.1997 – საქართველოს მთავრობამ ვმო-ს სამდივნოს წარუდგინა მემორანდუმი საგარეო ვაჭრობის რეჟიმის შესახებ
03-04.03 1998 – გაიმართა გაწევრიანების მუშა ჯგუფის პირველი შეხვედრა.
06-13.10 1998 – გაიმართა გაწევრიანების მუშა ჯგუფის მეორე შეხვედრა
16.12.1998 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები იაპონიასთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
08-11.03 1999 – გაიმართა გაწევრიანების მუშა ჯგუფის მესამე შეხვედრა.
11.03 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები სლოვაკეთის რესპუბლიკასთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე. დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები ჩეხეთის რესპუბლიკასთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
29.04 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები თურქეთთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე. დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები ავსტრალიასთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
18.05 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები კანადასთან მომსახურებით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
20.05 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები მექსიკასთან საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
21.05 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები კანადასთან საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
31.05 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
10.06 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები პოლონეთთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
16.06 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები ინდოეთთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
21.06 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები ყირგიზეთთან საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე. დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები ბულგარეთთან საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
02.06 1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიასთან მომსახურებით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
11.07.1999 – დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიასთან საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობათა თაობაზე.
28.07.1999 – გაიმართა საქართველოს ვმო-ში გაწევრიანების მუშა ჯგუფის ბოლო შეხვედრა.
06.10 1999 – საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ხელი მოაწერა ვმო-ში დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმებაზე მიერთების ოქმს.
20.04 2000 – საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა ვმო-სთან მიერთების ოქმს.
14.06.2000 – საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი
ამ პროცესში აქტიურ დახმარებას გვიწევდა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და სხვა, რომელებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ვმო-ში გაწევრიანების დაჩქარებაში.
ვმო-ში გაწევრიანებით საქართველომ წევრ ქვეყნებთან მიმართებაში მიიღო ისეთი პროგრესული რეჟიმი, როგორიცაა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი, რამაც უდიდესი როლი უნდა ითამაშოს ქართული ექსპორტის გადიდების საქმეში, ვინაიდან წევრობამდე ამ ქვეყნებთან გვქონდა ე.წ. ურეჟიმო სავაჭრო ურთიერთობა, რაც რეალობაში მრავალ საბაჟო ტარიფებს, საექსპორტო კვოტებსა და სხვა შეფერხებებს ნიშნავდა. გარდა ამისა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვისაც, ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში მრავალი დადებითი ფაქტორის ამოქმედებას, რომელთაგან მიღებული ეფექტის გათვლა შესაძლებელია უახლოეს სამომავლო პერსპექტივებზე და, რომელიც შექმნის შესაფერის გარემოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.
საქართველო ვმო-ში გაწევრიანებით მიიღებს შემდეგ დადებით შედეგებს:
– განხორციელდება საქართველოს ინტეგრაცია მსოფლიო სავაჭრო სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას;
– საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ჰარმონიზირებული იქნება საერთაშორისო ნორმებთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა გაფართოებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან გამოყენებას და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას;
– საქართველოს პროდუქცია და მომსახურება მიიღებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს ვმო-ს წევრი ქვეყნებისაგან, დაცული იქნება ამ ორგანიზაციის მექანიზმებით დისკრიმინაციისაგან, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან, ფალსიფიკაციისაგან და გაუმართლებელი შეზღუდვებისაგან;
– ექსპორტ-იმპორტის დივერსიფიკაცია (სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე გადანაწილება) უფრო სტაბილურს გახდის ეკონომიკის განვითარებას, შეამცირებს მის დამოკიდებულებას რომელიმე ერთ ქვეყანაში ან რეგიონში შექმნილ კრიზისულ მოვლენებზე;
– ნედლეულსა და საწარმოო მოწყობილობაზე დაბალი საბაჟო ტარიფები საგრძნობლად შეუწყობს ხელს საწარმოო დანიშნულებისათვის მათ შემოტანას, რაც სტიმულს მისცემს წარმოების განვითარებას;
– ვმო-ში გაწევრიანება გააუმჯობესებს საინფორმაციო გარემოს საქართველოში, რადგანაც ინვესტორებს გარანტირებული ექნებათ როგორც პროგნოზირებადი და გამჭვირვალე სავაჭრო პოლიტიკა საქართველოში, ასევე თანასწორუფლებიანი სტატუსი მსოფლიო ბაზრებზე;
– საქართველოს ინტერესები საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში დაცული იქნება ვმო-ს დავების მოგვარების მრავალმხრივი მექანიზმებით;
– დაბალი საბაჟო ტარიფები სოციალური დანიშნულების საქონელზე (მაგ: ფარმაცევტულ პროდუქციაზე) შეამცირებს ამ საქონლის იმპორტის ღირებულებას, რაც გააუმჯობესებს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მდგომარეობას;
– როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სრულუფლებიანმა წევრმა, საქართველომ მიიღო უფლება, აწარმოოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები ვმო-ში შემსვლელ ქვეყნებთან ქართული პროდუქციისა და მომსახურებისათვის მათ ბაზრებზე დაშვების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფისათვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, და მოტანილი შეფასებებიდანაც ჩანს, საქართველოს ვმო-ში გაწევრიანება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ დროულად და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა ის უპირატესობა და შეღავათი, რომელიც მიეცა მას გაწევრიანების შემდეგ, რათა მოიზიდოს უცხოური კაპიტალი ეკონომიკის ყველა სფეროში მათ ასამოქმედებლად.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვმო-ს წევრობა, მართალია, გვაძლევს 147 ქვეყნის ბაზარზე არადისკრიმინაციული ვაჭრობის საშუალებას, მაგრამ იგი ავტომატურად არ გვაძლევს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გარანტიას2 ამ საქმეში წარმატებისათვის.
აუცილებელია, ქვეყნის შიგნით გაძლიერდეს მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით:
1. მეწარმეთა ორიენტირება და, კარგი გაგებით, მათი `იძულება` პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ამაღლებისათვის. ასევე მკაცრი ზომების გატარება ფალსიფიკაციისა და უხარისხო პროდუქციის წინააღმდეგ;
2. ყველა დონეზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა უცხო ქვეყნების ბაზარზე სამამულო პროდუქციის შეღწევადობის და დამკვიდრების უზრუნველსაყოფად. საქონლით, მომსახურებით და ასევე ინტელექტუალური პროდუქციის ექსპორტის შემდგომი და მკვეთრი ამაღლებისათვის მარტო ეკონომიკური სტიმულირება, როგორიცაა ირიბი გადასახადებისაგან გათავისუფლება, არ არის საკმარისი. აუცილებელია, ავითვისოთ ასეთი პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობის თანამედროვე ტექნოლოგიები.
შეიძლება ითქვას, რომ ვმო-ში გაწევრიანებამ უკვე ითამაშა საგრძნობი როლი, რაც გამოიხატა განვითარებული ქვეყნების მხრიდან საქართველოსათვის სავაჭრო პრეფერენციების მინიჭებაში. აღნიშნული აისახა აშშ-ს მხრიდან ე.წ. ჯექსონ-ვენიკის შესწორების მოქმედების მოხსნით და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GშP) ბენეფიციარის სტატუსის მინიჭებით.
GშP-ის ძირითადი არსია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მხრიდან ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნებისათვის ექსპორტის განვითარებაში დახმარება. ამ მიზნით განვითარებული ქვეყნები GშP-ით მოსარგებლე ქვეყნებს ანიჭებენ გარკვეულ შეღავათებს საგარეო ვაჭრობაში. კერძოდ, აწესებენ ბენეფიციარი ქვეყნებიდან ექსპორტირებულ საქონელზე საიმპორტო ტარიფის საბაზო განაკვეთებთან შედარებით შემცირებულ განაკვეთებს. ამგვარი შეღავათი, რომელიც ენიჭებათ ცალმხრივ საფუძველზე (ე.ი. საპასუხო შეღავათების მიღების გარეშე), აადვილებს მათი საქონლის განვითარებული ქვეყნების ბაზარზე შეღწევას და ეხმარება განვითარებად ქვეყნებს თავიანთი საექსპორტო წარმოების განვითარებაში.
დღეისათვის GSP-ის ბენეფიციარის სტატუსი საქართველოსათვის მინიჭებული აქვს 30 ქვეყანას, რომელთა შორის არიან ევროკავშირის 15 სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, თურქეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუსეთის ფედერაცია და
ბელორუსი3. იგი წარმოადგენს საქართველოში ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვან ფაქტორს.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირსა და GSP-ის მომნიჭებელ სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რისი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ პრეფერენციული რეჟიმით ვაჭრობაა.
განვითარებული ქვეყნები ანიჭებენ განვითარებად ქვეყნებს GSP-ის ბენეფიციარის სტატუსს, თუ ეს ქვეყანა აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს, რომლებიც შეიძლება შემდეგი სახით ჩამოყალიბდეს:
– ქვეყნის ან ტერიტორიის ეკონომიკა უნდა იყოს განვითარების სტადიაზე;
– ტერიტორიას უნდა გააჩნდეს თავისი სავაჭრო-სატარიფო სისტემა;
– ქვეყანამ ან ტერიტორიამ საბაჟო გადასახადებში GSP-ს შეღავათების მიღების თხოვნით უნდა მიმართოს განვითარებული ქვეყნის მთავრობას;
– პრეფერენციების მიმნიჭებელი ქვეყნის მთავრობამ უნდა მიაკუთვნოს ბენეფიციარი ქვეყანა ან ტერიტორია მათ რიცხვს, რომლებზეც შესაბამისი წესით ვრცელდება შეღავათები. გარდა ამისა, ყველა ქვეყნის GSP-ის სქემა ინდივიდუალურად განსაზღვრავს დამატებით მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მოეთხოვება ბენეფიციარ ქვეყანას.
ამერიკის შეერთებული შტატები რომელიმე ქვეყნისათვის პრეფერენციების მინიჭებისას ეკონომიკურ კრიტერიუმებთან ერთად გარკვეულ პოლიტიკურ მიდგომებსაც ითვალისწინებს, კერძოდ:
– ქვეყანა არ უნდა იმყოფებოდეს კომუნიზმის გავლენის ან კონტროლის ქვეშ;
– ბენეფიციარ ქვეყანას უნდა გააჩნდეს გარდამავალი ეკონომიკა;
– უნდა სარგებლობდეს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით აშშ-სთან;
– იყოს ვაჭრობასა და ტარიფებზე გენერალური შეთანხმების (GATT) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაწილე.
2001 წლის 29 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩართოს საქართველო აშშ-ს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნების სიაში, რაზეც დადებითი გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ საქართველო 2000 წლის 14 ივნისიდან გახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ის ფაქტი, რომ 2000 წლის 29 დეკემბერს აშშ-ს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ძალაში შეიყვანა კანონი, რომლითაც საქართველოს მოეხსნა ე.წ. ჯექსონ-ვენიკის შესწორების მოქმედება და მუდმივ ბაზარზე მიენიჭა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი.
თუმცა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 1997 წლის ოქტომბერში მიმართა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს, ქ-ნ შარლინ ბარშევსკის, ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-ს მიერ GSP-ით სარგებლობის უფლების მონიჭების თაობაზე, მაგრამ აშშ-ს ფეროშენადნობების ასოციაციამ წინადადება შეიტანა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობაში, რათა აშშ-ს საქართველოსათვის არ მიენიჭებინა GSP-ს ბენეფიციარის სტატუსი. ასოციაციის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ საქართველოში სილიკომანგანუმის ინდუსტრია ძალზედ ძლიერია, არ საჭიროებს პრეფერენციებს და მას GSP-ს ბენეფიციარის სტატუსის გარეშეც შეუძლია დიდი კონკურენციის გაწევა აშშ-ს ინდუსტრიისათვის, რომელსაც უცხოელი მეწარმეები ისედაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ დემპინგური ფასებით4.
ზოგიერთ შემთხვევაში GშP-ს ბენეფიციარი ქვეყანა ან ტერიტორია შეიძლება გამოირიცხოს ბენეფიციართა სიიდან. გამორიცხვის ძირითადი კრიტერიუმია ქვეყნის შემოსავლიანობის დონე – თუ ქვეყანა გახდება მაღალშემოსავლიანი (ამ ცნების მსოფლიო ბანკის განსაზღვრების შესაბამისად), მას ჩამოერთმევა GSP-ს შეღავათები.
დასკვნის სახით კი უნდა ითქვას, რომ ვმო-ში გაწევრიანება არ არის პანაცეა ეკონომიკურ სირთულეთა დაძლევის, საგარეო ბაზრებზე წარმატებულად გასვლისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. ვმო-ში გაწევრიანება უბრალოდ იძლევა ქმედით ინსტრუმენტებს ამ მიზნების მისაღწევად, ამასთანავე, მოითხოვს ყოველდღიურ, გააზრებულ და ინტენსიურ მუშაობას როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნეს საზოგადოების მხრიდან, რათა მოპოვებული უპირატესობები გამოყენებულ იქნეს ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ახალი საუკუნის დასაწყისში საქართველო საერთაშორისო ცხოვრების სრულუფლებიანი მონაწილე გახდა. ეს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია, საქართველოს საერთაშორისო ფუნქციის აღიარებაა. ინტენსიური თანასწორუფლებიანი ურთიერთობები მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს შემდგომი პროგრესის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial