რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

ამ ნომერში მეღვინეობის საკითხებთან ერთად ფართოდ განვიხილეთ მშენებლობის პრობლემებიც, სადაც ბოლო წლებში ქარის წისქვილებსაც ვებრძოდით და თითქმის გავაჩერეთ ბინათმშენებლობა თბილისში, სადაც დღესაც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სრულყოფილი ურბანული კონცეფცია. ქვეყანა კარგავს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი – ფულს და მომხმარებელი – იაფ ბინებს. არადა, თბილისში ბინების ფასების კატასტროფული ზრდის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს არის. ამიტომაც გამოვიდა კანონი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, მაგრამ მთავარი მისი შესრულების მექანიზმია და ეს ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

გთავაზობთ აგრეთვე ერთ-ერთი ადრეული დისკუსიის გაგრძელებას, სჭირდება თუ არა საქართველოს თეზები ანუ თავისუფალი ეკონომიკური ზონები ფოთსა და სენაკში. ამ მტკივნეულ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა, და გადავწყვიტეთ ხელახლა მივბრუნებოდით მას. კვლავ დავუბრუნდით ტურიზმის თემასაც. ექსპერტთა გათვლებით, წელს 40-პროცენტიანი ზრდაა ამ სფეროში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვყოფილვართ არც ინფრასტრუქტურულად და არც ორგანიზების კუთხით. რა ხდება ამ სფეროში, ამ ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან შეიტყობთ. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ ბიზნესკალენდარს, ივლისის თვის საბუღალტრო და საგადასახადო მაცნეს, სტატისტიკის კიდობანს, საქართველოს ეკონომიკის მონაცემთა ანალიზს და მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას.

ენერგეტიკის მინისტრები, ქართული ბიზნეს-ელიტა, მათ შორის უპირველესად მეღვინეები. აზერბაიჯანი, რომელიც მსოფლიო ნავთობის 0,8 პროცენტს ფლობს და ეს მარაგი დაახლოებით 20 წელიწადში ამოეწურება, სერიოზულად ფიქრობს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებაზე – იქნება ეს სოფლის მეურნეობის გადამუშავებითი წარმოება თუ ცემენტის და საშენი მასალების ბიზნესი და დაინტერესებულია, არა მარტო მილსადენი აკავშირებდეს საქართველოსთან, არამედ ფართო სპექტრი ბიზნესისა.

ოპონენტებმა შეიძლება მისაყვედურონ კიდევაც მეღვინეობისადმი ასეთი ზედმეტი ყურადღება, მაგრამ ეს მარტო მეღვინეობა კი არ არის, არამედ ქვეყნის რეკლამაა. ჩვენ გვინდა, “მეიდ ინ ჯორჯია” უკვე იყოს სასაქონლო და ხარისხიანი მარკა. ჩვენ ერთი დარგიდან დავიწყებთ და ალბათ, დანარჩენებიც მოგვყვებიან.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial