სამშენებლო საწარმოების ეკონომიკური ქცევის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საბაზრო ეკონომიკის პირობებში

ხათუნა არაბული

რეფორმამდელი, ცენტრალიზებული მართვის სისტემის სამშენებლო საწარმოებში არსებული სამშენებლო ინდუსტრიის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა ძირითად პარამეტრებში აკმაყოფილებდა მიღებულ სტანდარტებსა და საწარმოო მოთხოვნებს. ამიტომ არსებულ საწარმოო სიმძლავრეებს შესწევთ ძალა, მოკლე დროში მოახდინონ ადაპტირება ახალ ეკონომიკურ გარემოსთან. ამისათვის საჭიროა, რომ სამშენებლო კომპლექსისა და ინვესტორი დარგების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს მათი ურთიერთქმედების ახლებური საფინანსო-ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც დააკმაყოფილებს ახალი ეკონომიკური გარემოს მოთხოვნებს.

საბაზრო სისტემასთან ადაპტირების პროცესში მყოფი სამშენებლო დარგის მთავარ ამოცანებს წარმოადგენს:
– არსებული საწარმოო სიმძლავრეების აღდგენა-რეკონსტრუქცია;
– მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო პროექტებისა და რესურსების კონცენტრაციის საფუძველზე ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნა, რომლებმაც თავის მხრივ უნდა უზრუნველყონ ქვეყნის საწარმოო, სოციალური და თავდაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
– სახელმწიფო, რეგიონული, კერძო სამეწარმეო და სამეურნეო-ეკონომიკური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების მშენებლობა;
– სამშენებლო კომპლექსის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საწარმოო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (სამშენებლო ინდუსტრია, მექანიზაცია, სამშენებლო მასალები) შექმნა;
– საპროექტო, საძიებო და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ორგანიზაცია სამშენებლო კომპლექსში.
– სოციალური პრობლემების გადაწყვეტა საცხოვრებელი და სოციალურ-კომუნალური შენობა-ნაგებობების მშენებლობით.
– ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების შემსრულებელი აღმასრულებელი და მმართველობითი სტრუქტურების ფორმირება.

ბუნებრივია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანა განვითარებულ ქვეყნებში სრულდება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე და არა ქაოსურად მოქმედი საბაზრო მექანიზმების ნიადაგზე.

სამშენებლო კომპლექსის დაფინანსების პოტენციურ წყაროებს წარმოადგენს არსებული სამრეწველო, საფინანსო, თავდაცვითი, ადგილობრივი და რეგიონული სტრუქტურები მათი სტაბილური ფუნქციონირების პირობებში.

სამშენებლო კომპლექსის ფუნქციონირების საფუძველს კი წარმოადგენს მისთვის აუცილებელი რესურსების კონცენტრაციის მეთოდები და საშუალებები. ანუ უნდა განისაზღვროს, თუ რა მეთოდებითა და რომელი სტრუქტურების გამოყენებით, რა მოცულებით უნდა მოხდეს ფინანსური რესურსების კონცენტრაცია ახალი ეკონომიკური გარემოს პირობებში. ჩვენს, ანუ სამშენებლო კომპლექსის შემთხვევაში, ამ რესურსების კონცენტრაცია უნდა მოხდეს სამშენებლო კომპლექსის, სამრეწველო დარგებისა და საფინანსო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევითა და სახელმწიფო სტრუქტურებთან რაციონალური თანამშრომლობით მათი მაკროეკონომიკურ პროცესებში ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

დღესდღეობით სამშენებლო კომპლექსის სახელმწიფო სტრუქტურების უმნიშვნელოვანესი ამოცანები შეიძლება შემდეგნაირად ფორმულირდეს:
– სამშენებლო კომპლექსის საწარმოო შესაძლებლობების შეფასება;
– სამშენებლო კომპლექსის საწარმოო სისტემების კოორდინირებული ურთიერთქმედება როგორც ინდუსტრიულ, ისე სოციალურ შემკვეთებთან;
– საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღების მიზნით თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო, ისე სამეწარმეო სტრუქტურებთან;
ამ ამოცანების გადაწყვეტა კი უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ ორგანიზაციულ საკითხებს:
– სამშენებლო კომპლექსის ახალ ეკონომიკურ გარემოში ფუნქციონირების ეკონომიკური და ორგანიზაციული კონცეფციის შემუშავებას;
– სამშენებლო ინდუსტრიის სამეწარმეო სტრუქტურების წინადადებებს;
– ინვესტორ სტრუქტურებთან ერთად საკანონმდებლო აქტების პროექტების დამუშავებას;
– სამშენებლო ინდუსტრიისა და პოტენციურ ინვესტორთათვის საერთო საინფორმაციო არეალის შექმნას;

ამ სამუშაოების დაფინანსება უნდა მოხდეს უშუალოდ სამშენებლო კომპლექსში შემავალი სამეწარმეო სტრუქტურების მიერ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისათვის ანგარიშის გაწევით.

ცენტრალიზებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ორგანიზაციათა საწარმოო შესაძლებლობების შეფასების აუცილებლობა არ ყოფილა, ვინაიდან სამუშაოთა ორგანიზაციისა და დაფინანსების საკითხებს სახელმწიფოს დაგეგმვისა და ანგარიშგების სისტემა არეგულირებდა. ასევე არ იდგა მარკეტინგის პრობლემები, ვინაიდან მოთხოვნა-მიწოდების როგორც დაგეგმვა-დაბალანსება, ისე დაფინანსება მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხორციელდებოდა. ანუ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურები განსაზღვრავდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო მწარმოებელი, ვინ მომხმარებელი და რა ფასად უნდა მოეხდინათ პროდუქციის და მომსახურების რეალიზება. მაგრამ უკვე რეფორმისწინა პერიოდში გამოიკვეთა, რომ ასეთი მიდგომა ვეღარ ამართლებდა. გაზრდილი ნომენკლატურისა და წარმოების მოცულობის, ასევე დინამიკურად განვითარებადი გარემოს პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო სხვადასხვა დარგების გეგმების დაბალანსება. აშკარა გახდა საწარმოო სტრუქტურების შესაძლებლობების შეფასებისადმი კვალიფიკაციური მიდგომის აუცილებლობა, ხოლო უკვე საბაზრო სისტემაზე გადასვლის შემდეგ სხვადასხვა ტექნოლოგიური სპეციალიზაციის ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედების ძველი სქემის მოშლის შედეგად გამოიკვეთა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა მართვის პროცესების ეფექტურად წარმართვისათვის.

ეკონომიკური გარდაქმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მართვის სისტემას უნდა მიენიჭოს. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე მართვის მოდელების ფორმირება ხდება სახელმწიფოს ეკონომიკური სტრატეგიის გათვალისწინებით, მის ეკონომიკურ კანონმდებლობასა და ინტენსიურად განვითარებად მართვის მეცნიერებაზე მორგებით.

იმისათვის, რომ შეიქმნას უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი პირობები, აუცილებელია შემუშავდეს სამშენებლო და მისი ინვესტორი დარგების ურთიერთშეთანხმებული პროგრამა, რომელსაც ნიადაგს უნდა უმაგრებდეს სახელმწიფოს მხრიდან მაკროეკონომიკური მხარდაჭერა და თვით სამშენებლო კომპლექსში სამუშაოთა ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურა.

გარდა ამისა, სამშენებლო კომპლექსში ახალი ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებისას აუცილებელია ეკონომიკურ პროცესებში კრიმინალური ფაქტორების გამორიცხვა, რაც შესაძლებელი გახდება პირველ რიგში საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრითა და ეკონომიკური მართვისას გათვლების დახვეწით.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 70-იან წლებში შეიქმნა სამშენებლო კომპლექსის საკანონმდებლო-ნორმატიული პლატფორმა, რომელიც შედგებოდა 9 ტომისა და მასში შემავალი ორი ათასზე მეტი აქტისაგან. მიუხედავად ამისა, იგი არ ყოფილა არც ამომწურავად სრული და არც სათანადოდ სისტემატიზებული.

საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ საქართველოში კაპიტალური მშენებლობის სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისაკენ არ შეცვლილა, ამიტომ სამართლებრივი პრობლემების მოგვარება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო და რუსეთი ერთი და იგივე საკანონმდებლო სისტემის სამართალმემკვიდრეებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს რუსი მეცნიერების, კერძოდ ა.ვ. ივანოვის გამოკვლევა მშენებლობაში სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი პრობლემების შესახებ. ივანოვი თავის ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო კომპლექსში არასახელმწიფო საკუთრების მოცულობის ზრდაზე, რაც გავლენას ახდენს სამშენებლო სუბიექტების სამართლებრივ მდგომარეობაზე და სამშენებლო კომპლექსში სამეწარმეო საქმიანობის სტაბილურობაზე მოქმედ ძირითად ფაქტორებზე, როგორიცაა სამშენებლო კომპლექსის მართვა და სამშენელო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება, პრივატიზაცია და ინვესტიციები სამშენებლო კომპლექსში, ანუ სამშენებლო დარგის ფართომასშტაბიანი განხილვის თვალსაზრისით იგი ფუნდამენტურ ნაშრომს წარმოადგენს.

ივანოვი სამშენებლო საქმიანობით დაკავებული სააქციო საზოგადოებების მმართველობით საქმიანობაზე ზემოქმედების ორ ბერკეტს გამოყოფს – აქციათა საკონტროლო პაკეტს და ე.წ. ოქროს აქციას, რომელიც მის მფლობელს აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამშენებლო სფეროში მოღვაწე ახალი ტიპის გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსის განხილვას, სადაც ავტორი ეყრდნობა იმ მსხვილი სამეწარმეო სტრუქტურების საპრივატიზაციო გამოცდილებას, რომლებიც რუსეთში აწარმოებენ მსხვილმასშტაბიან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. ესენი არიან ჰოლდინგები, კონცერნები, კორპორაციები და სხვ., აქედან ჰოლდინგებმა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში არ გაამართლა, რაც განპირობებული იყო დარგში შექმნილი კრიზისული სიტუაციით (რაც გამოიხატებოდა სამშენებლო ორგანიზაციების შეკვეცასა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობის კატასტროფულ შემცირებაში), ხოლო კორპორაციულმა გაერთიანებამ კი ჩვენს ქვეყანაში განვითარება ჰპოვა სააქციო საზოგადოებების სახით.

ცალკეა განხილული ხელშეკრულებების როლი სამშენებლო საქმიანობაში. თუ გავითვალისწინებთ რომ სამშენებლო ფირმა სამუშაოების წარმოების პროცესში უამრავ ორგანიზაციასთან შედის სახელშეკრულებო ურთიერთობაში (რომელთა რიცხვი ზოგ შემთხვევაში 200-საც კი აჭარბებს), ეს უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხია ახალ ეკონომიკურ გარემოში. ხელშეკრულებები ფორმდება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებაზე, ყველა სახის ენერგიით უზრუნველყოფაზე, სატრანსპორტო, საინფორმაციო, საკონსულტაციო-ინჟინირინგული მომსახურების რეგლამენტირებაზე, ასევე მართვის სფეროში.

ახალი ეკონომიკური წყობის ფორმირების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სამშენებლო სფეროში სამეწარმეო უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ასევე საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ამ ორი ფაქტორის დაუხვეწაობის შემთხვევაში, ძალზე გართულდება ჩვენთვის ესოდენ საჭირო ინვესტიციების მოზიდვა და დარგის რეაბილიტაცია.

ძალზედ მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის ზოგადად და კერძოდ სამშენებლო სფეროში მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სწორედ მცირე ბიზნესი უზრუნველყოფს კონკურენციის არსებობასა და სამუშაო ადგილების შექმნას, რომ აღარაფერი ვთქვათ უშუალოდ მისი წარმოების პროდუქციაზე საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. თავისთავად, ფინანსირების წყაროებისა და მოცულობის ზრდა, როდესაც სახელმწიფო აღარ არის ძირითადი დამფინანსებელი, ხელს უწყობს სამშენებლო სფეროში მცირე ბიზნესის განვითარებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმირების პერიოდში წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემები დაკავშირებულია არა მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებთან, არამედ ამ ცვლილებების შემდგომ ახალი კონკრეტული მიზნებისა და მათი რეალიზაციის მეთოდების მკაფიოდ განსაზღვრასთან. სიტუაციის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ძალისხმევის კონცენტრირება მცირე ბიზნესის პრობლემების მოგვარებაზე ხელს უწყობს ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალური პრობლემების მოკლე დროში გადაწყვეტას.

ახალ ეკონომიკურ გარემოში სამშენებლო დარგის ფუნქციონირების ძირითადი მახასიათებლები მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ფორმულირდეს:
– როგორც შემკვეთის, ისე მოიჯარის არჩევანის თავისუფლება ტენდერების საშუალებით;
– თავისუფალი მეწარმეების არსებობა ინვესტორებისა და მოიჯარეების სახით;
– სამშენებლო პროექტების რეალიზაციის შედეგების ადმინისტრაციული წესით განაწილების სამართლებრივი შესაძლებლობების ლიკვიდაცია;
– შემკვეთებისა და მოიჯარეების მატერიალური დაინტერესების გაზრდა იმ ინოვაციების დანერგვაში, რომლებიც უზრუნველყოფენ რესურსების ხარჯის და შესაბამისად თვითღირებულების შემცირებას;
– კომერციულ საწყისებზე ფუნქციონირებადი საინჟინრო-ეკონომიკური და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შექმნა;
– სამშენებლო სიმძლავრეების სიჭარბე საინვესტიციო მოთხოვნაზე;

სამშენებლო დარგის მართვისა და მისი ორგანიზაციულ-ეკონომიკური სტრუქტურებისადმი მთავარ მოთხოვნად იქცა ახალ ეკონომიკურ გარემოსთან მაქსიმალური ადაპტირება, რამაც განაპირობა მათი კონკურენტუნარიანობის, სამუშაოთა ხარისხის, ორგანიზაციული მობილურობისა და სხვა ეკონომიკური კრიტერიუმებისადმი გაზრდილი მოთხოვნები. გარდამავალ პერიოდში სამშენებლო კომპლექსის დაშლა-დაქუცმაცების შემდეგ ყოველივე ზემოთქმულმა მნიშვნელოვანი სტიმული მისცა სამშენებლო დარგის საწარმოების ორგანიზაციულ-ტექნოლოგიური სტრუქტურების რეაბილიტაციასა და შეკვრას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და დიდი საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის.

მომავალში სამშენებლო დარგის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისი შემადგენელი სტრუქტურების ერთიან სისტემაში ურთიერთშეჯერებული და დაუბრკოლებელი თანაარსებობა და მუდმივი სრულყოფა დინამიკურად ცვალებადი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ყოველივე ეს კი უნდა ხორციელდებოდეს შესაბამის სამინისტროსა და სამშენებლო კომპლექსში შემავალი ორგანიზაცია-დაწესებულებებს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე.

გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კაპიტალური დაბანდებების ეფექტურად გამოყენებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო ორგანიზაციების საწარმოო სტრუქტურებს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოიჯარე ორგანიზაციების სწორად შერჩევას ტექნოლოგიური სპეციალიზაციის, საკუთრების ფორმის, მობილურობისა და სხვა საწარმოო პარამეტრების მიხედვით. ამ კუთხით დიდი როლი აკისრიათ მცირე საწარმოებს, რომლებიც ეფექტურად ავსებენ სამშენებლო ციკლის ცალკეულ ნიშებს.

სამშენებლო პროცესის ტექნიკურ-ტექნოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს ლიზინგური მომსახურების სფეროს გაფართოებით ტერიტორიული თავისებურებებისა და სამშენებლო ობიექტების დარგობრივი კუთვნილების გათვალისწინებით.

გარდამავალ პერიოდში სამშენებლო ფირმების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა წარმოების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა, რომლის დროსაც ხდება ფირმის საქმიანობის გაფართოება წმინდა სამშენებლოდან სხვა საწარმოო სფეროებში, რაც საშუალებას აძლევს სამშენებლო ფირმას, აამაღლოს თავისი მდგრადობა ცვალებადი და ძნელად პროგნოზირებადი გარემოს პირობებში. წარმოების ხარჯების შემცირების მიზნით მსხვილი სამშენებლო კომპანიები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ მომწოდებლებთან ურთიერთობის საჭიროება დივერსიფიკაციის ხარჯზე. ამჯობინებენ, თვითონვე აწარმოონ საჭირო სამშენებლო მასალები, შექმნან მექანიზაციის სამსახურები და უძრავი ქონების სააგენტოები., ანუ ირჩევენ ვერტიკალური ინტეგრაციის სტრატეგიას. ამ ნიშნით სამშენებლო ფირმებში იქმნება და მცირე საწარმოების სახით ფუნქციონირებენ ტექნოლოგიური მოწყობილობების საწარმოები, სატრანსპორტო საშუალებებისა და საბანკო სტრუქტურები.

თუ ამგვარი სტრატეგია მომწოდებელთა უარყოფითი ზემოქმედებისაგნ იცავს და მნიშვნელოვნად ამცირებს წარმოების ხარჯებს, რაღა თქმა უნდა, გამართლებულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამგვარი ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ფირმის დინამიკურობის ხარისხს, ზრდის რა მის დამოკიდებულებას მასალების წარმოებისა და სამექანიზაციო პარკის შესაძლებლობებზე, რაც იწვევს რესურსების გაფანტვას და საბოლოო ჯამში მთავარზე ყურადღების კონცენტრაციის მოდუნებას. აქედან გამომდინარე, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ინოვაციები ორგანიზაციის განვითარების გზების ძიებაში, იქნება ეს სტრუქტურის დახვეწა თუ წარმოების პროცესის გაუმჯობესება. საბაზრო ეკონომიკამ და მისმა განუყოფელმა ფაქტორმა-კონკურენციამ სამშენებლო საწარმოთა წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დააყენა, მაგალითად – ბაზრის სტრუქტურის გავლენა სამშენებლო საწარმოთა საქმიანობის ეფექტიანობაზე, რაც თავისთავად საკმაოდ წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებს. ერთის მხრივ, ფირმებს შორის არსებული კონკურენცია განაპირობებს მათი მოგების შემცირებას, უბიძგებს რა მათ, მუდმივად იზრუნონ წარმოების სრულყოფასა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე, ეს კი პირველ ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, გულისხმობს მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღებას, ანუ წარმოებაზე გაწეული ხარჯების ზრდას და შესაბამისად მოგების წილის შემცირებას. შესაბამისად საწარმოთა კონცენტრაცია უნდა იწვევდეს მოგების ზრდას. მეორეს მხრივ კი, მონოპოლისტის მდგომარეობაში მყოფი ფირმები ნაკლებად მოტივირებულნი არიან, იზრუნონ თავიანთი საქმიანობის სრულყოფაზე და ინოვაციების დანერგვაზე, ვინაიდან მათზე არ მოქმედებს კონკურენციის წნეხი. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია მეტწილად ორიენტირებულია სტაბილურობის შენარჩუნებაზე. თუმცაღა, თუ სხვა კუთხით შევხედავთ, ფირმა, რომელიც ბაზარზე მონოპოლისტის მდგომარეობით სარგებლობს, იღებს მეტ მოგებას და შესაბამისად მეტ შესაძლებლობას ფლობს, მოახდინოს ამ მოგების აკუმულირება წარმოების სრულყოფის და ინოვაციების დაფინანსებაზე. გარდა ამისა, საბაზრო ეკონომიკა კარს უღებს უცხოურ ფირმებს ადგილობრივ ბაზარზე, რაც ასევე განაპირობებს სამშენებლო ორგანიზაციების მოგების შემცირებას და ადგილობრივი მეწარმეების მენეჯმენტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

საერთო ჯამში არ არსებობს საბოლოო პასუხი ბაზრის სტრუქტურასა და საწარმოთა ეფექტიანობას შორის არსებული კავშირის ბუნებაზე. ერთი ნაწილი მეცნიერებისა (ვინინგი და ბორდმანი) მიიჩნევს, რომ პრივატიზაცია უკვე თავისთავად წარმოადგენს წარმოების ეფექტიანობის განმსაზღვრელ ფაქტორს და კონკურენციის დონეს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო მეორე ჯგუფი მეცნიერებისა (მაგ. იაროუ), ამტკიცებს, რომ კონკურენცია უფრო დიდ გავლენას ახდენს წარმოების ეფექტიანობაზე, ვიდრე პრივატიზაცია. ჩვენის აზრით, სამშენებლო ორგანიზაციების პრივატიზაცია რაღაც ეტაპზე უკვე თავისთავად იწვევს მათ შორის კონკურენციის წარმოშობას, ანუ ერთი განაპირობებს რა მეორეს, ამ ორი ფაქტორის გავლენა ერთ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, თუმცაღა კონკურენციის დონის, როგორც უძლიერესი მასტიმულირებელი ფაქტორის, გათვალისწინება აუცილებელია.

რუსული საკონსულტაციო კომპანია პრო-ინვესტ კონსალტინგი-ს კვლევის მონაცემების თანახმად, კონკურენტულ ბრძოლაში ფირმის წარმატება დამოკიდებულია სამ საბაზისო ფაქტორზე:
– შიდა კომპეტენცია;
– გარე კომპეტენცია;
– დინამიკური შესაძლებლობები;
შიდა კომპეტენციაში იგულისხმება:
– კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით;
– კარგად დამუშავებული ბიზნეს პროცესები, იქნება ეს ხარისხის მართვა, მარკეტინგი, დაგეგმვა, პერსონალის მოტივაცია თუ პროექტის ხელმძღვანელობა
– მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი.
ორგანიზაციის გარე კომპეტენციებს მიეკუთვნება:
– კონტაქტები მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან;
– საკუთარი ბიზნეს-ინტერესების ლობირების შესაძლებლობები;
– უმოკლეს დროსა და მისაღებ ფასებში ფინანსების მოზიდვის უნარი;

რაც შეეხება დინამიკურ შესაძლებლობებს, ფირმა, რომელსაც არ შესწევს უნარი, დროულად მოახდინოს ადაპტირება გარემო ფაქტორების ცვლილებებთან, არაკონკურენტუნარიანია და ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებას ვერ შეძლებს. ამისათვის კი მას სჭირდება მაღალი ინოვაციური პოტენციალი როგორც წარმოებაში, ისე მარკეტინგში და საკუთარ პერსონალთან მიმართებაში.

ხშირ შემთხვევაში კონკურენტული ბრძოლის მთავარ იარაღად ფასები გვევლინება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ფირმებში არასათანადოდ არის განვითარებული მარკეტინგისა და გასაღების სამსახურები. თავისთავად პროდუქციის კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება მოკლევადიან ეფექტს იძლევა, რაც მისი არსიდან გამომდინარეობს: ორგანიზაციას ან ხარისხის ხარჯზე შეუძლია შესთავაზოს ბაზარს კონკურენტებთან შედარებით იაფი პროდუქცია, ან საკუთარი დიდი ფინანსური რესურსების ხარჯზე, ორივე ვარიანტი გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია. ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება წამყვან ქართულ სამშენებლო კომპანიებში, რომლებიც კლიენტების მოზიდვის მიზნით აქცენტს შეღავათიან კრედიტებსა თუ სხვადასხვაგვარი ფასდაკლების სისტემებზე აკეთებენ.

კონკურენტული სტრატეგიის არჩევაზე თავისებურ გავლენას ახდენს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაც. იმის გამო, რომ არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ალტერნატიული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ხდება პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების გარკვეულწილად შეთანასწორება, შედეგად კი სულ უფრო რთულდება არჩევანი შესაძენი ობიექტის სამომხმარებლო თვისებების მიხედვით. აქედან გამომდინარე, კონკურენცია მიდის არა პროდუქციებს, არამედ მათ მწარმოებელ ფირმებს შორის. ამიტომ სამშენებლო ორგანიზაციებმა განმასხვავებელი ფაქტორების შექმნით წარმატებული პოზიციის დაკავებაზე უნდა იზრუნონ.

ამ და სხვა სტრუქტურულ-ორგანიზაციული პრობლემების გადაწყვეტა სტიქიურ საბაზრო თვითრეგულირებაზე არ უნდა იყოს მინდობილი, ვინაიდან მარეგულირებელი ბერკეტების უქონლობის მივყავართ არასაწარმოო დანახარჯების გაუმართლებელ ზრდასთან. მარეგულირებელი ღონისძიებები, უწინარეს ყოვლისა, ორიენტირებულნი უნდა იყვნენ სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისათვის ოპტიმალური სტრუქტურების ძიებაზე. ამგვარ სტრუქტურებს შეიძლება მივაკუთვნოთ უცხოეთში აპრობირებული საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები, კორპორაციები, კონსორციუმები და სხვა სახის გაერთიანებები, რომლებიც ეფუძნებიან არა მხოლოდ შიდადარგობრივ, არამედ სხვადასხვა დარგების სამეურნეო სუბიექტების ინტეგრაციას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამშენებლო-საინვესტიციო საქმიანობაში. გათვალისწინებული უნდა იყოს ნორმატიულ-სამართლებრივი და მეთოდური უზრუნველყოფის უწყვეტი სრულყოფაც.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე აშკარაა სახელმწიფო სტრუქტურებს, სამშენებლო ინდუსტრიის სპეციალისტებსა და ინვესტირებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა არსებული პრობლემების სისტემატური განხილვის მიზნით, რომლის დროსაც უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ კონსტრუქციული პოზიციის შემუშავება, არამედ სათანადო ეკონომიკური ცნობიერების ფორმირება.