როგორ შესრულდა 6 თვის ბიუჯეტი

ლალი ჩაგელიშვილი

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანალიზისას დავეყრდენით ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს, რომლებმაც იმედის მომცემი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა.

2005 წლის მაისის თვიდან აღინიშნებოდა საგადასახადო შემოსავლების მაღალი დონე. ამ პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა შემოსავლებმა და გრანტებმა 152 მლნ ლარი შეადგინა, გაწეულმა ხარჯებმა კი – 175 მლნ. ლარი. შემოსავლების დიდი ნაწილი საგადასახადო შემოსავლებზე მოდიოდა. ხარჯვით ნაწილში კი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერტები.

2005 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა პროგნოზულ მაჩვენებელს 8%-ით გადააჭარბა. აპრილის თვეში დაფიქსირებული განსაკუთრებით მაღალი დონე შემოსავლებისა, გამოწვეული იყო საზღვაო სანაოსნოს პრივატიზაციისაგან მიღებული თანხით (93 მლნ აშშ დოლ).

საგადასახადო შემოსავლების მიხედვით. 2005 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, აღინიშნა 118%-იანი ზრდა. საშუალო დღიური საგადასახადო შემოსავლები მაისის თვეში 8,1 მლნ. ლარი იყო; აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით იგი 115,7%-ით მაღალია. ეს კი სხვა თვეების ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრად აღემატება (იხ. გრაფიკი).

არასაგადასახადო შემოსავლები იანვარ – მაისში საპროგნოზო მაჩვენებელს 12%-ით აჭარბებს, 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 19%-ით მეტია. პროგნოზულზე მეტი იყო ასევე კაპიტალური შემოსავლები. ნაცვლად პროგნოზით გათვალისწინებული 20 მლნ ლარისა, ფაქტობრივმა მონაცემმა 212 მლნ ლარი შეადგინა. გრანტებმა ხუთ თვეში 52%-ით გადააჭარბა.

აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა შემოსავლების ნაწილში ივნისის თვეშიც, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება გამოიწვია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტში 6 თვეში 123,19 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალია მობილიზებული, რამაც შემოსავლების და გრანტების ექვსი თვის საბიუჯეტო გეგმის 2%-ის გადაჭარბებით შესრულება გამოიწვია. ივნისში საგადასახადო შემოსავლების სახით ბიუჯეტში მობილიზებული იყო 96,14 მლნ ლარი, არასაგადასახადო შემოსავლების სახით – 8,54 მლნ ლარი, ხოლო კაპიტალური შემოსავლების სახით – 18,51 მლნ. ლარი.

იდენტური სიტუაცია არ აღინიშნება გეგმური ხარჯვის მიხედვით. 2005 წლის იანვარ-მაისში გაწეული ხარჯების მოცულობა 6 თვის გეგმის – 1484 მლნ ლარის მხოლოდ 60%-ია. მაისის ბოლოსათვის ის 888 მლნ ლარს შეადგენს. საბიუჯეტო ხარჯების ნახევარზე მეტი “სუბსიდიებზე და მიმდინარე ტრანსფერტებზე მოდის, რომლის თანხაც 464 მლნ ლარის ტოლია.

საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით დაბალი რჩება კაპიტალური ხარჯების მაჩვენებელი (იხ. ცხრილი).

6 თვის მონაცემების მიხედვით, იგი საპროგნოზო მაჩვენებლის 41,4%-ს შეადგენს. სხვა საქონლისა და მივლინებების მუხლის მიხედვით, საანალიზო პერიოდში ეს მაჩვენებლები 42 და 66 პროცენტის ტოლია. ყველაზე მაღალი ხარჯების ნაწილში პროცენტის გადახდის ხარჯებია. მისმა მოცულობამ ექვსი თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 81% შეადგინა და 50 მლნ ლარს გაუტოლდა.

2004 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები 2,7 მლნ ლარიდან 2005 წლის პირველ ნახევარში 260,1 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2005 წლის იანვარ-ივნისში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 85,5 მლნ ლარით გადაჭარბა. წინა წლის იმავე პერიოდში კი ნაერთი ბიუჯეტი დეფიციტური იყო (16,7 მლნ ლარით). 2005 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფოს ვალი 4526,3 მლნ ლარი იყო. მაღ შორის საგარეო ვალი 3013,3 მლნ ლარია.