საბანკო-საფინანსო ბაზრის მიმოხილვა

ლალი ჩაგელიშვილი

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (KFW) საქმიანობას საქართველოში 1993 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2005 წლის ივნისში კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე KFW-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს საფინანსო საკითხებში კლაუს გლაუდითს შეხვდა. შეხვედრა ეხებოდა დაწესებულების საქმიანობას საქართველოში და ქართულ საბანკო სისტემასთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.

საქმიანობა საწყის ეტაპზე შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტების დაზღვევის პრობლემებს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის კანონპროექტის შემუშავებას. დაგეგმილია დეპოზიტების დაზღვევის ფონდის KFW-ის მიერ 3,5 მლნ ევროს მოცულობის საწყისი კაპიტალით დაფინანსება. აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში ქართული საფინანსო ბაზარი გაცილებით დაცული გახდება .

KFW-ის დაგეგმილი აქვს სოციალური ტიპის პროექტების განხორციელება. მაგალითად, კერძო საპენსიო ფონდის შექმნასა და ბინათმშენებლობის სექტორის დაფინანსებაში მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ამ პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს საფინანსო ბაზრის გაძლიერებას.

საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებას ინვესტიციები განხორციელებული აქვს კერძო და საფინანსო სექტორში, იგი არის სს ”პროკრედიტბანკის” აქციონერი. გარდა ამისა, თანამშრომლობს სს ”საქართველოს ბანკთან” და სს ”თიბისი ბანკთან”. აფინანსებს სათბობ-ენერგეტიკულ, სოციალურ, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პროექტებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ბანკთაშორის საკრედიტო, სადეპოზიტო და რეპო აუქციონებზე მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთების მოცულობა გაიზარდა. კერძოდ, 7-დღიან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონებზე 2%-დან 3%-მდე, ხოლო 28, 56, და 84-დღიან ბანკთაშორის და სადეპოზიტო აუქციონებზე, შესაბამისად, 5%-დან 6%-მდე, 6%-დან 7%-მდე და 6-დან 8%-მდე. რეპო აუქციონებზე რესურსების შესაძენად მაქსიმალურმა წლიურმა განაკვეთმა 4%-დან 5%-მდე მოიმატა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკავშირდება 2005 წლის მეორე ნახევრიდან სამთავრობო ხარჯვითი პოლიტიკის მოსალოდნელ გააქტიურებას.

ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდა გარკვეულწილად გამოწვეულია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონების შეჩერებით. მისი ჩატარება თვენახევრის წინ აუქციონზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირების შემდეგ შეწყდა.

თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 23 მლნ. ლარით შემცირდა და 82,5 მლნ. დოლარი შეადგინა.

2005 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე 17,5 მლნ. დოლარი შეიძინა და 17,2 მლნ. დოლარი გაყიდა.

გასული წლის პირველ ნახევარში ბირჟაზე დაფიქსირებული ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული დიდი მოცულობის ინტერვენციებითაა გამოწვეული.

რაც შეეხება ევროს ბრუნვის დინამიკას, 2004 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა 730 ათასი ევრო შეადგინა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,9 მლნ. ევროს გაუტოლდა, აქედან 1,1 მილიონის მოცულობის გარიგება ივნისში დაიდო

ოფიციალური სტატისტიკით, საგრძნობლად შემცირდა კომერციული ბანკების რაოდენობა. კერძოდ, 1992 წელს ქვეყნის საფინანსო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული 242 ბანკი მოღვაწეობდა. მათგან 173 ბანკის ლიკვიდაცია მოხდა, 11 ბანკი სხვადასხვა სახის საზოგადოებად გადაკეთდა, 20 კომერციული ბანკი – ფილიალად, ხოლო 10 ბანკი სხვა კომერციულ ბანკებს შეუერთდა.

ამჟამად საქართველოს საბანკო ბაზარზე 20 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს. ბანკების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, 20 პროცენტითაა გაზრდილი ისეთი ფინანსური მაჩვენებლები, როგორიცაა: ბანკების მთლიანი აქტივები, კაპიტალისა და დეპოზიტების მოცულობა.

შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება საბანკო სისტემის წმინდა საპროცენტო შემოსავლები და წმინდა მოგება.

ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოს ბანკის აქციებზე დაფიქსირდა

12 ივლისს საქართველოს საფონდო ბირჟაზე გამართულ 50-ე სესიაზე 13-მა კომპანიამ თავისი აქციები წარმოადგინა გასაყიდად. თუმცა გარიგება მხოლოდ ოთხი მათგანის – საქართველოს ბანკის, თბილღვინოს, ტრანსმშენისა და თბილისის მე-4 პურის ქარხნის – აქციებზე დაიდო.

ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ 2621 შეადგინა, ხოლო ჯამურმა ღირებულებამ – 9365,50 ლარი.

აქედან ყველაზე დიდი მოთხოვნა, ჩვეულებისამებრ, “საქართველოს ბანკის” აქციებზე დაფიქსირდა. მის ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგების ღირებულების მოცულობამ 4850 ლარი შეადგინა.

საფინანსო ბაზარზე ივნისის თვეში დაფიქსირდა სახიზინო ვალდებულებების გაყიდვის პროცესის შეჩერება. ბოლო ვაჭრობა ეროვნულ ბანკში 2005 წლის 7 ივნისს გაიმართა. საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18 პროცენტს, რაც დსთ-ს სივრცეში ყველაზე მაღალია. სახაზინო ვალდებულებები ყველაზე დაბალი პროცენტით ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე იყიდება. აქ სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტია.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტრო ახალ დებულებებზე მუშაობს, რომლის საფუძველზეც, სახაზინო ვალდებულებების ყიდვის საშუალება კომერციულ ბანკებთან ერთად რიგით მოქალაქეებსაც ექნებათ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობის ახალი წესი დაახლოებით ერთ თვეში განისაზღვრება.

რაც შეეხება საკრედიტო რესურსების აუქციონს, გარიგებების საერთო თანხამ 100000 ლარი შეადგინა საკრედიტო რესურსების 7-დღიან აუქციონში მონაწილეობდა 3 კომერციული ბანკი.

წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 4% შეადგინა.

თბსბ-მ მეორადი სავალუტო ბაზარი საბირჟო სისტემაში მოაქცია

თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟამ (თბსბ) კომერციულ ბანკებს შორის წარმოქმნილი მეორადი სავალუტო ბაზარი საბირჟო სისტემაში მოაქცია.

თბსბ-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ვახტანგ ხომიზურაშვილის, თქმით, აღნიშნული ოპერაციების საბირჟო სისტემაში მოქცევა უკეთეს პირობებში აყენებს სავალუტო გარიგებებში მონაწილე მხარეებს.

სავალუტო გარიგებებში წარმოდგენილი განაცხადების შესრულებაზე გარანტის როლს თბსბ ასრულებს, ვინაიდან ოპერაციებში მონაწილე ბანკს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში ბირჟა საჯარიმო სანქციებს აკისრებს, რაც გაცხადებული გარიგების მოცულობის 5%-ს შეადგენს, – უთხრა პრაიმ-ნიუსს ხომიზურაშვილმა.

პრამ-ნიუსთან საუბარში საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცუცქირიძემ, აღნიშნა, რომ დღემდე ეროვნული ვალუტის კურსის ფიქსინგის წესით დადგენის შემდეგ რეალური გარიგებები ნაღდი ფულის ბაზარზე ხდებოდა, რაც ოფიციალურ კურსთან ცდომილებას იძლეოდა.

მეორადი სავალუტო ბირჟის ამოქმედება კი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემაში მოაქცევს ნაღდი ფულის ბაზრის ბრუნვის დიდ ნაწილს, რაც გააადვილებს შესაძლო კრიზისულ სიტუაციებში ექსპერტულ გათვლებს და ეროვნულ ბანკს საჭიროების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების საშუალებას მისცემს.

ვახტანგ ხომიზურაშვილმა ისიც აუწყა პრაიმ-ნიუსს, რომ დღეს რიგით მესამე მეორადი საბირჟო გარიგება გაიმართება თბსბ-ზე. პირველი გარიგება გასული კვირის პარასკევს შედგა.

რეპოაუქციონზე

სახაზინო ვალდებულებების მე-14 რეპოაუქციონზე გაიყიდა 50000 ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები, რომლის საანგარიშსწორებო ფასმა 47401.49 ლარი შეადგინა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 3% დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ცნობით, რეპოაუქციონზე (ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი) შემდგომი გამოსყიდვის პირობით ხდება ფასიანი ქაღალდების შეთანხმებულ ფასად გადაყიდვა – ჭარბი ფულადი სახსრების მქონე მხარე სახაზინო ვალდებულებებს გარკვეული სარგებლით ეკონომიკური სუბიექტის დროებით სარგებლობაში გასცემს.

სებ-ის ინფორმაციით, რეპოაუქციონზე ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000000 ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გამოიტანა. აუქციონში მონაწილეობდა ერთი კომერციული ბანკის მიერ 500 ცალი სახაზინო ვალდებულების ყიდვის შესახებ წარდგენილი 50000 ლარის ოდენობის განაცხადი.

2005 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებებმა 13.3 მლნ ლარით მოიმატა. აქედან, ეროვნული ვალუტით განთავსებული – 2.6 მლნ ლარით, ხოლო დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში 4,3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მატება ეროვნული და უცხოური ვალუტით ვადიანი დეპოზიტების ხარჯზე მოხდა. მიმდინარე პერიოდში სადეპოზიტო ვალდებულებები 63.2 მლნ ლარით გაფართოვდა და 959.2 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა წინა პერიოდის მსგავსია და 80% იურიდიულ პირებზე მოდის. უცხოურ ვალუტაში დომინირებულმა დეპოზიტებმა წლის დასაწყისიდან 40.5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 405.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 74.3%-დან 2.9%-ული პუნქტით გაიზარდა და მაისის ბოლოს 77.2%-ს გაუტოლდა.

ეროვნული ვალუტით მიღებულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის განაკვეთის წლიური საშუალო შეწონილი 8%-ის ტოლია, ხოლო დეპოზიტებზე უცხოური ვალუტით 7%-ის დონეზეა.

გასული პერიოდის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) ეროვნული ვალუტით დაკრედიტებამ 64 მლნ ლარით მოიმატა და 194 მლნ ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდის მანძილზე საბანკო სისტემის მიერ ეროვნული ვალუტით დაკრედიტება 37.1 მლნ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების 66% იურიდიულ პირებზე მოდის, 74% მოკლევადიანი სესხებია. მაღალი იყო ასევე გრძელვადიანი სესხების მატებაც, წლის დასაწყისიდან დაახლოებით 51 მლნ ლარი შეადგინა.

უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტები წლის დასაწყისიდან 19 პროცენტით გაფართოვდა. ამ სესხების 67% გრძელვადიანი ხასიათის იყო, 74% კრედიტებისა კი იურიდიულ პირებზე გაცემული რესურსებია. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან აღინიშნებოდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდა, სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან შემცირებულია 3 პუნქტით და 82.7%-ია 85.7%-ის წინააღმდეგ.

საბანკო სისტემა ეკონომიკის დაკრედიტებას ახორციელებს წინა პერიოდთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. მიმდინარე პერიოდში ეროვნული ვალუტით სესხების გაცემა საშუალოდ 22%-ით ხდებოდა, რაც 3,2 %-ული პუნქტით ნაკლებია გასული წლის მაისის შესაბამის მონაცემებთან შედარებით. იურიდიული პირების დაკრედიტება ხდებოდა 19 %-ის ფარგლებში. უცხოური ვალუტით დაკრედიტებამ დაიკლო და მისმა განაკვეთმა 16.5% შეადგინა 20.2%-ის წინააღმდეგ. ბანკებში იურიდიულ პირებზე სესხები გაიცემოდა 14,6-%-ის მოცულობით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial