გვინდა თუ არა თეზი ფოთსა და სენაკში

ელზა ჯმუხაძე

კარგა ხანია, ჩვენთვის აბრევიატურა “თეზი” კარგად ნაცნობია და “პოპულარულ” ენაზე ყველამ იცის, რომ ის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, ანუ ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეულ ფარგლებში მოქცეულ ისეთ ადგილს ნიშნავს, სადაც, თავად ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით, ფრიად შეღავათიანი საბაჟო და საგადასახადო სისტემა მოქმედებს.

თეზი გასული საუკუნის “პროდუქტია”, რომელმაც წარმატებით გაიარა აპრობაცია დასავლურ სინამდვილეში და საბოლოოდ ყველა დაარწმუნა, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობა ინვესტიციების მოზიდვის, ანუ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად წინსვლა-განვითარების შესანიშნავი საშუალებაა. ამდენად, გასაკვირი სულაც არ იყო, როდესაც დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ საქართველოში თეზებზე ლაპარაკი დაიწყო.

ამ თვალსაზრისით, ნიადაგი პირველად სპეციალისტებმა და ეკონომიკურ მეცნიერებაში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა მოსინჯეს. შედეგად, ქართულ მედიაში გამოჩნდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორები თეზის შესახებ კომპეტენტურ აზრს გამოთქვამდნენ. Bბუნებრივია, ამ სიახლესაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები და ოპონენტები, საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავა და ამ თემაზე საუბარიც დროებით “დაკონსერვდა”.

დღეის გადასახედიდან უკვე შესაძლებელია ითქვას, რატომაც გამოიჩინა შევარდნაძის ხელისუფლებამ ზედმიწევნითი სიფრთხილე, როდესაც თეზის ყველაზე დიდ, რეალურ და პრაქტიკულ მხარდამჭერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ ასლან აბაშიძეს უარი სტკიცა და მას აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის დაარსების საშუალება არ მისცა. აჭარის ხელისუფლების მხრიდან ცენტრალური ბიუჯეტისთვის გამოცხადებული აშკარა “ბოიკოტი” პირობებში, მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ უნდა ეკონტროლებინა ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის ტერიტორიაზე მოწყობილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მიმდინარე პროცესები, უფრო კონკრეტულად კი – ფულის ის უზარმაზარი ნაკადები, რომლებიც აჭარაში თეზის გაჩენას სრულიად ლოგიკურად მოჰყვებოდა.

გასაგები მიზეზების გამო თეზის დაშვება იმ დროისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო დანარჩენ საქართველოშიც და ამას წმინდა პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა: თუ ხელისუფლება თეზს მხარს დაუჭერდა, მაგალითად, ფოთში, ვერანაირად ახსნიდა, რატომ ეუბნებოდა უარს იგივეზე საქართველოს იურისდიქციაში მყოფ აჭარას.

შევარდნაძის მმართველობის სტილის (“დაბალანსების პოლიტიკის”) გათვალისწინებით, წარმოუდგენელი იყო, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი “აჭარის ლომად” წოდებულ აბაშიძეს ასე აშკარად დაპირისპირებოდა და მისთვის პირდაპირ მიეხალა – შენი გაკონტროლება მიჭირსო. ასეთ შემთხვევაში, გამოვიდოდა, რომ შევარდნაძე საკუთარ უსუსურობას უფრო გაუსვამდა ხაზს, რასაც იგი არ დაუშვებდა.

ძნელი სათქმელია, იყო თუ არა მოჩვენებითი ის პოლიტიკური დაპირისპირებანი, რომელთა მაგალითებითაც სავსე იყო შევარდნაძე-აბაშიძის ურთიერთობა, მაგრამ ფაქტი ერთია: შევარდნაძემ აბაშიძეს ეკონომიკურად მეტად გაძლიერების საშუალება მოუსპო და გამორიცხული არ არის, ამ ხერხით მან ერთ ძალიან საშიშ გზაზე გადებულ ბეწვის ხიდზე ოსტატურად გაიარა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შესაძლოა, თეზზე უარის თქმით შევარდნაძემ საქართველო მისგან კიდევ ერთი კუთხის (აჭარის) მოწყვეტის რეალურ პერსპექტივას გადაარჩინა.

აქ უდავოდ უნდა გავიხსენოთ, რომ თეზის მოწყობა კარგია საზღვაო კარიბჭესთან, მაგრამ ეს შესაძლებელია იქაც, სადაც ქვეყანას მეზობელ სახელმწიფოსთან სახმელეთო საზღვარი გაუდის, ან სადაც ტვირთების საჰაერო გზით მიღების საშუალება, ანუ აეროპორტი არსებობს.

სწორედ აქედან გამომდინარე, თეზის დაშვებით იმ დროს გამორიცხული არ იქნებოდა, საქართველოში სრულიად ახლებური (ეკონომიკური) ძალით ამოქმედებულიყო კომუნისტების დროიდან ჩაწყობილი შენელებული მოქმედების ის პოლიტიკური ნაღმები, რომლებსაც სახელად საქართველოს სასაზღვრო მიწებზე კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური არაქართველების ფარული თუ აშკარა პოლიტიკური პრეტენზიები ჰქვია…

ძნელი სათქმელია, არის თუ არა დღეს საქართველო პოლიტიკურად ისეთი ძლიერი, ამგვარი “ნაღმებისა” აღარ ეშინოდეს, მაგრამ თეზზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში ისევ დაიწყო და ამ კონცეფციის შესაქმნელად უკვე სერიოზული მუშაობაც მიმდინარეობს. ერთი სიტყვით, კონცეფცია ალბათ მალე გვექნება და პარლამენტში განხილვის დაწყებამდე, მის ყველა დეტალზე საჯარო თუ კულუარული მსჯელობა შესაძლებელი გახდება.

ბუნებრივია, ამ პროცესში ჩვენი ჟურნალიც აქტიურად ჩაერთვება, მანამდე კი ჩვენს მკითხველებს საშუალება ექნებათ, თავისუფალი ეკონომიკური ზონების მოწყობის პერსპექტივებთან დაკავშირებით, კომპეტენტური პიროვნებების მოსაზრებებს გაეცნონ.

ამ თემასთან დაკავშირებით, სერიოზული ფიქრი მავანმა, შესაძლებელია, ახლა დაიწყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თეზის თემა ჩვენს სინამდვილეში “ყამირია”, რადგან დაინტერესებულ მკითხველს კარგა ხანია, მიეცა საშუალება, სპეციალისტების საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს გასცნობოდა. ასეთ ნაშრომებზე საუბრისას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით თქვენს წინაშე ამ წუთას გადაშლილი კვალიფიციური ჟურნალის რედაქტორის, ბატონ ემზარ ჯგერენაიას წიგნს “საბაჟო საქმის ტექნოლოგიური საფუძვლები”, რომელიც 2002 წელს გამოიცა. სწორედ ამ გამოცემის მე-3 თავის ბ ქვეთავშია გამოთქმული ფრიად საინტერესო მოსაზრებები უბაჟო ვაჭრობის, თავისუფალ სავაჭრო ზონაში საქონლის განთავსებისა და თავისუფალი საბაჟო საწყობების (თეზების) შესახებ და ვფიქრობთ, უპრიანი იქნება, ამ მოსაზრებებს დეტალურად გავეცნოთ.

ბატონი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული თემები მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა მსჯელობის დაწყებამდე ავტორი რამდენიმე ფაქტორს გამიჯნავს. უპირველესად, ამ კონტექსტში მის ყურადღებას იპყრობს თავისუფალი ვაჭრობის მაღაზია, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, არის მაღაზია – საბაჟო რეჟიმი, რომლითაც ქვეყნის ფიზიკურ სახელმწიფო ტერიტორიაზე სპეციალური სავაჭრო ობიექტების განთავსება ხდება და ეს ობიექტები გადასახადებისგან გათავისუფლებულნი არიან. აქ საკითხავია, შეიძლება თუ არა ასეთი მაღაზიები განვიხილოთ, როგორც რეჟიმი. ბატონი ემზარი ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი ობიექტები განიხილება, როგორც დამოუკიდებელი რეჟიმი, თუმცა ეკონომიკური მეცნიერების თვალსაწიერით, ასეთ ობიექტებს “რეჟიმი” ალბათ ნაკლებად შეიძლება ვუწოდოთ. პრაქტიკულად, ჩვენ საქმე გვაქვს საქონელთან, რომელიც გადმოსულია ქვეყნის ფიზიკურ საზღვარს აქეთ, მაგრამ მას ჯერ არ გადმოულახავს ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი. აქ, ბუნებრივად ისმის კითხვა – ვინ არის მომხმარებელი და ვინ – მწარმოებელი? ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მწარმოებელი არის ისევ ის ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ანალოგიურ საქონელს და მას სხვა ქვეყნებში აგზავნის. Aაქ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ოპერაცია ექსპორტად ითვლება, რადგან პროდუქცია განთავსებულია პორტში, სადაც არის გამსვლელი რეიდი, რომელიც გემისკენ მიდის, ან – აეროპორტში, სადაც ჩასხდომის დარბაზებია. Mმოკლედ, ეს არის ადგილები, საიდანაც მოქალაქეები (როგორც რეზიდენტები, ასევე – არარეზიდენტები) ქვეყნიდან გადიან. ეს პროდუქცია ქვეყნიდან ექსპორტირებულად ან რეექსპორტირებულად ითვლება, მაგრამ იმის გამო, რომ ფინანსურ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, ამ რეჟიმს მინიჭებული აქვს გადასახადისგან თავისუფალი ზონის რეჟიმი. სწორედ ეს არის ე.წ დუტი ფრი, ანუ გადასახადისგან თავისუფალი მაღაზიები.

ასეთი ობიექტები მსოფლიოს ყველა აეროპორტსა და პორტებში არსებობს, ასევე ისინი ფუნქციონირებენ სახმელეთო საზღვარზეც. მსგავს მაღაზიებში, ძირითადად, საყოფაცხოვრებო და ე.წ პირველადი მოხმარების საქონელი იყიდება, რომელიც მგზავრს ყოველ წუთში შეიძლება დასჭირდეს. Eეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ქვეყანა ცდილობს, ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას და რეალური გახადოს მგზავრების კომფორტი. სწორედ ასეა თბილისის აეროპორტში, ფოთის და ბათუმის პორტებში თუ ყაზბეგისა და სარფის საბაჟო ტერიტორიაზე…

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ობიექტების არსებობა ქვეყნისთვის სარგებლობის მომტანი არ არის. ხშირად კი პირიქითაც ხდება, რადგან კონტროლის შესუსტების დროს საქონელი სხვადასხვა არხებით შემოდის ქვეყანაში. არის შემთხვევები, როდესაც საზღვარიც კი არ არის მკვეთრად გამიჯნული და მას კონტრაბანდული ტვირთი კვეთს, რაც ბიუჯეტისთვის და, ზოგადად – სასაქონლო ბაზრისთვის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტორია.

უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსება საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს დასკვნის და ე.წ წითელი განკარგულების საფუძველზე შეუძლია საქართველოში სამეწარმეო უფლების მქონე ნებისმიერ პირს. ასეთი მაღაზიის ტერიტორია საკონტროლო ზონას წარმოადგენს. ამგვარ სავაჭრო ობიექტში შეძენილი საქონლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა შეიძლება, მაგრამ თუ ის ქვეყნის შიგნით იქნება შემოტანილი, აუცილებლად უნდა დაიბეგროს. რაც შეეხება საქონლის დროებითი შენახვის საწყობებში შენახვას, ასეთ შემთხვევაში საქონელი ექვემდებარება უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საწყობში გადატანას, ოღონდ – საბაჟო კონტროლქვეშ საქონლის გადაადგილების წესის თანახმად. ეს ნიშნავს, რომ საწყობში საქონლის განთავსება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, ან მათი ნებართვის საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმისთვის დაუშვებელია ისეთი საქონლის შემოტანა, რომლის იმპორტ-ექსპორტი, ან ქვეყანაში რეალიზაცია აკრძალულია. ასევე – საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების კონტროლს თუ ნებართვას ექვემდებარება. საბაჟო ორგანოებში სატვირთო-საბაჟო ორგანოებთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საქონლის სატვირთო დეკლარაცია თავისი თანმხლები დოკუმენტებითურთ (ზედდებული, სერთიფიკატი, ანგარიშფაქტურა). დაუშვებელია მაღაზიაში ან საწყობში ისეთი საქონლის შეტანა, რომელიც უბაჟო ვაჭრობის დეკლარაციაში არ არის გაცხადებული. ამას უნდა ამოწმებდეს საბაჟო ორგანო, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველო, თუმცა დასამალი არ არის, რომ ეს კონტროლი ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, ანუ, პრაქტიკულად, არ სრულდება.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომელთა დაწვრილებით ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს, ბატონ ემზარ ჯგერენაიას აზრით, საქართველოში შეიძლება დაარსდეს დროებითი შენახვის საწყობები და ამასვე ითვალისწინებს თეზის პრინციპიც, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობისას, წიგნის ავტორის აზრით, ერთმანეთშია არეული პოლიტიკური და ეკონომიკური ნაწილები.

როდესაც აჭარამ განაცხადა პრეტენზია, შეექმნათ თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს რეგიონის სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძველი იქნებოდა. იმ დროს წამოწყებული პოლემიკიდან შეგვიძლია გავიხსენოთ ბატონ გივი გამსახურდიას მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ფორმის ჩამოყალიბების პროცესში არც ერთი სახის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოდელი საქართველოს არ გამოადგებოდა. უფრო კონკრეტულად კი, ბატონი გივი გამსახურდია აცხადებდა, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოცხადება ქვეყნის ეკონომიკური თავისებურების სპეციფიკის გაუთვალისწინებლად და ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არ შეიძლებოდა. მართალია, თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის აბსოლუტური სუბსიდირება, მაგრამ გივი გამსახურდიას მოსაზრებით, იმ დროს საქართველოს არ შეეძლო, ასეთი ფუფუნების დაშვება. აღნიშნავდა რა მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს, ბატონი გივი წერდა, რომ თუ მაინც და მაინც უნდა გვემსჯელა საქართველოში თეზებზე, მაშინ უნდა გველაპარაკა არა ტერიტორიულ მიმართულებაზე (ანუ ტერიტორიული თვალსაზრისით თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოყოფაზე), არამედ თეზების ისეთ სახეობაზე, როგორიცაა ფუნქციონალური სარეჟიმო თეზები, ანუ კურსი ოფშორული ზონების შექმნაზე უნდა აგვეღო.

რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა ავტორებიც, რომლებიც თეზებს მხარს უჭერდნენ, მაგრამ იმ დროს გაჩნდა ე.წ მესამე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, თეზი იმ დოზით, რა დოზითაც უნდა არსებობდეს, უკვე იყო საქართველოში და მთავარი იყო, სრულად გამოგვეყენებინა რეალურად არსებული სიტუაცია.

სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ თეზების საკითხს ძალიან დიდი სკრუპულოზურობით განიხილავენ უცხოელი სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოსაზრებით, საქართველოში თეზების შექმნა სინამდვილის ღრმად გააზრებას და ანალიზს მოითხოვს…

აზრთა ასეთი სხვადასხვაობის პირობებში, მართალია, ძნელია, მაგრამ შეუძლებელი სულაც არ არის, საბოლოოდ გაგიზიაროთ, მაინც რა არის თეზი, როგორც ეკონომიკური ურთიერთობა და როგორც ეკონომიკური კატეგორია:

ბატონ ემზარ ჯგერენაიას აზრით, თეზი, უპირველესად არის მეწარმეობისა და გადასახადების შეღავათიანი რეჟიმის ადგილი და თეზი, როგორც ეკონომიკური მოვლენა, სამ მთავარ პოსტულატს ეყრდნობა: ამოსავალი წერტილი, რომელმაც თეზებს მისცა დასაბამი, იყო საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესში რეგიონული საყრდენი ბერკეტი, როგორც რეგიონული ბაზრის დაპყრობის პლაცდარმი. ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების, საქონლის, მომსახურებისა და ინვესტიციების გავრცელების ეპიცენტრი ამა თუ იმ რეგიონში. უფრო დეტალურად, ეს არის პორტო-ფრანკოს პრინციპი, ანუ საბაჟო საწყობი, რომელიც გადასახადებისგან არის თავისუფალი. ამავე ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდეს ეკონომიკური ზონა, რომელიც ამ ზონაში გადასახადების გარეშე საქონლის წარმოებისა და რეწვის საშუალებას იძლევა. ეს არის თავისუფალი საბაჟო საწარმოო ზონა და, შესაბამისად, აქ ნაწარმოები საქონელი თავისუფლად გადის როგორც ექსპორტზე, ისე – შიდა ბაზარზე და სწორედ ამას გულისხმობს სწორად შენახვის, წარმოების და რეალიზაციის თავისუფლების პრინციპი.

მეორე პრინციპია რეპატრიაცია, რომელიც საბაჟო ზონაში შეიქმნება და ეს აუცილებელი დეტალია, რადგან ეკონომიკური საქმიანობის მიზანი ამ ზონაში მოგების მიღებაა, რის შემდეგაც ინვესტორს უნდა ჰქონდეს ქვეყნიდან მისი გატანის შესაძლებლობა. ამდენად, აუცილებელია კაპიტალის რეპატრიაციის თავისუფლების პრინციპის დაცვა, რაც თავისთავად მოითხოვს ვალუტის თავისუფალ კონვერტირებადობას და მის შეუზღუდავად მიმოქცევას.

მესამე პრინციპი კი, ბატონ ემზარ ჯგერენაიას მოსაზრებით, გახლავთ საგადასახადო პრეფერენციები და შეღავათები, ანუ – ის საგადასახადო “ოაზისი”, რაც ინვესტორის დღგ-სგან გათავისუფლებას და მისთვის სხვა შეღავათების მინიჭებას გულისხმობს.

როდესაც ლაპარაკია პოსტკომუნისტურ თუ კომუნისტურ (ამ შემთხვევაში იგულისხმება ჩინეთი ე.ჯ)) რეალობაზე, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი სამხედრო-პოლიტიკური თავისებურებანი – მსოფლიოს ძალისხმევა ზემოთ აღნიშნულ სივრცეებში დასავლური ბიზნესის და კერძო საკუთრების შეღწევისკენ და ასეთი ქვეყნების ეკონომიკის აყვავებისკენ არის მიმართული. ამ ყველაფრის მიზანი კი ერთია: იგივე ჩინეთი (რეგიონში უმძლავრესი და შეიარაღებული ზესახელმწიფო) უნდა გარდაიქმნას საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად, სადაც კერძო მესაკუთრეობისკენ მისწრაფების მენტალიტეტის გაჩენა მსოფლიოს ბირთვული თუ სხვაგვარი ომის კერების გაჩენის საშიშროებას მოუხსნის. ეკონომიკური და, გნებავთ, პოლიტიკური თავისებურებების გათვალისწინებით, ჩინური თუ არაბული თეზები დიამეტრალურად განსხვავებულია დასავლურ სინამდვილეში, სადაც ასევე სულ სხვაგვარია თავად ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების თავისებურებანი. ეს თავისებურებანი თავიანთი ბუნებით და შინაარსით დიდად არ განსხვავდება იმ წესებისგან, რომელთა შემოღებასაც თეზი მოითხოვს.

ასეთ სიტუაციაში უდავოდ საკითხავია, რომელი რეალობა შეიძლება მივუსადაგოთ საქართველოს? ამ კითხვაზე ბატონი ემზარ ჯგერენაიას პასუხი ასეთია: საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვენ ღია კარს ვამტვრევთ, ანუ რასაც ვითხოვთ, კანონებში თითქმის უკვე ჩადებულია, უბრალოდ, საჭიროა ამ კანონების გულდასმით წაკითხვა და გააზრება. თუ ასე მოვიქცევით, ბატონი ემზარი დარწმუნებულია, რომ საქართველოში თეზების პრაქტიკის დამკვიდრებას წინ აღარაფერი დაუდგება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მას შემდეგ, რაც “საბაჟო საქმის ტექნოლოგიური საფუძვლები” გამოიცა, საქართველოში მოხდა “ვარდების რევოლუცია” და მნიშვნელოვნად გამარტივდა (უფრო ლიბერალური გახდა საგადასახადო კანონმდებლობა), გასაგები იქნება, რომ დღევანდელი რეალობა უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, გადავდგათ ნაბიჯები თეზების დაკანონებასთან დაკავშირებით.

ახლა მთავარია, შევაჯეროთ აზრი, კონკრეტულად როგორი “კატეგორიის” თეზი გვჭირდება, რადგან სპეციალისტები ამ თვალსაზრისით 4 (ზოგი კი 6) ძირითად მიმართულებას გამოყოფენ:
1. ზონები განსაკუთრებული საბაჟო და საგადასახადო რეჟიმით (მაგალითად ისეთი, როგორიც დუბაიშია ე.ჯ), ანუ ზონები, სადაც მხოლოდ მოგების გადასახადს იხდიან და იმასაც – შემცირებული რაოდენობით, სხვა გადასახადი კი არ არსებობს, ან თუ არსებობს, ის ფიქსირებულია.
2. ეკონომიკური განვითარების ზონები სამრეწველო დეპრესიის რაიონებში, სტაგნაციის მქონე, ან ეკონომიკურად ჩამორჩენილ ზონებში, სადაც ინვესტორს სხვადასხვა შეღავათებს უწესებენ კაპიტალის გატანის, მისი დაბრუნების, გაცვლის კურსის თუ სხვა სახით, ასევე – ინფრასტრუქტურის ნაწილში.
3. ტექნოლოგიური პარკები და ტექნოპოლისები, რომელთა სრულყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვირადღირებული ტექნიკის თავმოყრის, რეალიზაციისა და შექმნისთვის და ასეთი ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრია.
4. სპეციალური ზონები, სადაც არსებობს საბანკო, სადაზღვევო, საინფორმაციო და სხვა მომსახურეობის ზონები, რომლებიც ოფშორულ დონემდე მიდიან.

მოკლედ, საუბარი შეიძლება უბაჟო ვაჭრობის, უბაჟო საექსპორტო-საიმპორტო, უბაჟო სამრეწველო ექსპორტის, ასევე – საგარეო ვაჭრობის ზონებზე, თავისუფალ ნავსადგურებზე, თავისუფალ ტერიტორიებზე, მეცნიერულ-ტექნიკურ ზონებზე, საბანკო-სასაზღვრო ზონებზე, ღია ქალაქებზე და ასე შემდეგ…

როდესაც ამდენ შეღავათებზე და ლიბერალური საგადასახადო გარემოთი “შემსუბუქებული” პირობების შექმნაზეა საუბარი, არ შეიძლება, ორიოდე სიტყვით არ შევეხოთ ოფშორული ზონების საკითხსაც: მძიმე საგადასახადო უღელი გადასახადების გადამხდელებს აიძულებს, ეძებონ შეღავათიანი საგადასახადო ეკონომიკის ესა თუ ის მექანიზმები. გადასახადების ოდენობის შემცირების ძირითად საშუალებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაბეგვრის დონეებს შორის სხვაობის გამოყენება წარმოადგენს. ისეთ ქვეყნებს, სადაც ამა თუ იმ სრულიად კონკრეტული და პრაქტიკული მოსაზრებით, სერიოზულ საგადასახადო შეღავათებს აწესებენ, მსოფლიოში “საგადასახადო თავშესაფრებს” უწოდებენ. Eეს სრულიად განსხვავებული ცნებაა, ვიდრე “საგადასახადო ოაზისი”, ანუ ტერიტორია ერთი რომელიმე (ძირითადად, საწარმოო განვითარების დაბალი დონის მქონე) ქვეყნის ფარგლებში, სადაც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მუდმივად ან დროებით მოქმედებს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. (სწორედ ასეთ “ოაზისებს” მიეკუთვნება ნავსადგურები, ეკონომიკური ზონები, თავისუფალი ბიზნესის ზონები და ა.შ).

ტერმინი “ოფშორი” პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე ლაპარაკი დაიწყო საფინანსო ორგანიზაციაზე, რომელმაც გეოგრაფიული არჩევითობის გამოყენებით, სახელმწიფო კონტროლს დააღწია თავი. სპეციალისტთა (კერძოდ კი ა. ტროცენკოსი და ე. კარმანოვას) აზრით, ტერმინი “ოფშორი” ეკონომიკურ-გეოგრაფიული და არა – იურიდიული ცნებაა. ოფშორული მექანიზმების გამოყენების ძირითადი არსი დაბეგვრის ობიექტის მაღალი დონის დაბეგვრის იურისდიქციიდან დაბალი დონის იურისდიქციაში გადატანას გულისხმობს. ოფშორული მექანიზმების გამოყენებისა და კაპიტალის ეროვნული დაბეგვრისგან დაცვის იურიდიულ წინამძღვარს სახელმწიფოს საგადასახადო სუვერენიტეტის ტერიტორიული შემოსაზღვრულობა წარმოადგენს. უფრო მარტივად რომ ითქვას, ოფშორული კომპანიების შექმნას შეიძლება ეწოდოს ფიქცია, რომელსაც უშვებს საერთაშორისო და ეროვნული სამართალი.

ოფშორულ ზონად გადაქცევის შემდეგი საშუალებები არსებობს:

1. გადასახადების სრული გამორიცხვა.

2. ფიქსირებული წლიური გადასახადების დაწესება.

3. დაბალი საგადასახადო ტარიფების დაწესება.

4. კომპანიის რეგისტრაციისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესება სხვა გადასახადის არარსებობის პირობებში.

5. გადასახადების არარსებობის პირობებში სხვა განსაკუთრებული პირობების დაწესება (მაგალითად, გადასახადი საბანკო ანგარიშების გახსნისთვის) და სხვა.

“საგადასახადო თავშესაფარი” სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს: პირველ რიგში, ეს არის საბანკო და კომერციული საიდუმლოების საიმედო შენახვა. ასევე მნიშვნელოვანია, სხვა სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების არარსებობა, ნაკლებად მკაცრი სავალუტო კონტროლი, პოლიტიკური სტაბილურობა, ბიზნესის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიები.

ოფშორულ ზონებში ინვესტორებს იზიდავს ის ფაქტი, რომ იქ რეგისტრაციის პროცედურა მაქსიმალურადაა გამარტივებული; არ არსებობს ვალუტის შეტანისა და გატანის შეზღუდვა; ფირმების მართვის პროცედურა ძალიან მარტივი და ხშირად – პირობითია; საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევები დანაშაულად არ ითვლება.

ასეთი პოლიტიკა ღირსეული არსებობის საშუალებას აძლევს ისეთ მცირე სახელმწიფოებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ბუნებრივი რესურსები ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი.

ოფშორების სწრაფ განვითარებას ტრანსნაციონალური კორპორაციების გაჩენამ შეუწყო ხელი. თავიანთი საწარმო და სარეალიზაციო ფილიალების საერთაშორისო ქსელზე დაყრდნობით, მათ შეძლეს მოგების გადასროლა ისეთ ქვეყნებში, სადაც გადასახადები დაბალია. საერთაშორისო ფილიალების სისტემის და შვილობილი კომპანიების შექმნა და მათ საფუძველზე მსხვილი ფირმის შიდაოპერაციების ჩატარება იძლევა ოფშორული საქმიანობის გამოყენების ფართო პერსპექტივებს.

ასეთი მექანიზმების გამოყენების “წყალობით”, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები მრავალმილიარდიან საგადასახადო შემოსავლებს კარგავენ. საბოლოო ჯამში, ეს თანხები თავს იყრის ოფშორულ ზონებში, შემდეგ კი სამშობლოში უცხოური ინვესტიციების სახით ბრუნდება, რომლებსაც, თავის მხრივ, საგადასახადო თუ სხვა შეღავათები ერგება. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინა ორმაგ წაგებაშია, რადგან ჯერ ქვეყნიდან გადასახადების გადაუხდელად გადის ეროვნული შემოსავალი, შემდეგ კი ის ამა თუ იმ შეღავათის პრეტენზიით აღჭურვილი ბრუნდება!

ამ მოვლენასთან საბრძოლველად სახელმწიფოებს ისღა დარჩენიათ, ოფშორულ ზონაში მოქმედი ფირმების რეპუტაცია საეჭვოდ გამოაცხადონ. ეს ნიშნავს, რომ მათ ვეღარ ექნებათ საბაჟო შეღავათების, იაფი კრედიტების ან სხვა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის იმედი. ხშირად კი ოფშორულ ზონებში საქმიანობაში “შემჩნეულ” ფირმებს ინვესტიციების ლეგალურობის სპეციალური დადასტურება სჭირდებათ.

ბატონი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ ოფშორი თეზისგან იმით განსხვავდება, რომ ფირმები, რომლებიც ოფშორში საქმიანობენ, ამ ქვეყნის რეზიდენტები არიან. ისინი, ძირითადად, ფიქსირებულ გადასახადს იხდიან რეგისტრირებისთვის. მართალია, ოფშორი ნამდვილად არის ინვესტიციის, კაპიტალის კონცენტრაციის და განთავსების ადგილი, მაგრამ ასეთ ზონებში, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად ირიცხება და “ირეცხება” ბინძური პოლიტიკიდან თუ საქმიანობიდან (კორუფცია, ნარკო, პორნო თუ იარაღის ბიზნესი და ა.შ) მიღებული ფული, რომელიც შემდეგ ხშირად ხვდება ტერორისტების ხელში. გასაგები მიზეზების გამო, ასეთ რამეზე ლაპარაკი საქართველოში დაუშვებელია.

რაც შეეხება თეზებს (თავისი სახესხვაობებით), ეს ნამდვილად არის კაპიტალის პირმშო, მისი კონცენტრაციის საშუალება და საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიების წარმოშობის შესანიშნავი საშუალება. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო ამერიკის კონგრესმა კანონი თეზ-ის შესახებ. გასული საუკუნის 80-იან წწ-ში ამ ქვეყანაში უკვე 140 თეზი ფუნქციონირებდა, დღეს კი მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებს.

თეზებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ვთხოვეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილსაც. მის დღევანდელ თანამდებობას თავიც რომ დავანებოთ, ბატონი ჯემალი სწორედ ის ადამიანია, ვისაც თეზთან დაკავშირებით არა მხოლოდ უფიქრია, არაერთი პრაქტიკული ნაბიჯიც გადაუდგამს და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად უმუშავია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ფოთის პორტს ხელმძღვანელობდა:

ბატონო ჯემალ, თქვენი აზრით, რატომ დაიწყო თავის დროზე თეზებზე ლაპარაკი საქართველოში, რატომ “დაკონსერვდა” ეს თემა და დღეს ისევ რატომ დადგა დღის წესრიგში ჩვენში თავისუფალი ეკონომიკური ზონების მოწყობა?
თეზი, თავისთავად, სერიოზული ეკონომიკური ფენომენია და მსოფლიო გამოცდილებამ მისი უპირატესობანი არაერთხელ დაამტკიცა. სწორედ ამიტომ დაიწყო საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნაზე ფიქრი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო მზად, ასეთ სერიოზულ (და ჩვენი, როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნის, სინამდვილისა და მენტალიტეტისთვის სრულიად უცხო, ანუ ძალიან დიდ) რისკზე წასულიყო. გეხსომებათ, რომ თეზის იდეას აქტიურად უჭერდა მხარს ასლან აბაშიძე, მაგრამ გასაკვირი არავისთვის იქნება, ვთქვათ, რომ მას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა. Aაბაშიძეს უნდოდა, ეკონომიკურად სრულიად დამოუკიდებელი გაეხადა აჭარა, რისი დაშვებაც არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აბაშიძის ფაქტორი მოიხსნა და აჭარას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საერთო სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას, საქართველოში ამ იდეის განხორციელებისთვის სრულიად ჯანსაღი ნიადაგი შეიქმნა. თეზი მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში არსებობს და მან ყველგან გაამართლა. Aამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სახელმწიფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საკმარისი იქნება, გავიხსენოთ ჩინეთის თუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაგალითი. სწორედ თეზები იყო ის “ჯადოსნური” საშუალება, რომელმაც ამ სახელმწიფოების ეკონომიკა ძალიან მყარად დააყენა ფეხზე. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში ძალიან გამარტივებულია საბაჟო და საგადასახადო პროცედურები. იმ ქვეყნებში, სადაც თეზები არსებობს, მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს სპეციალური კანონმდებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება. საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, თეზი ძალიან ხელსაყრელი იქნება და, ჩემი აზრით, უფლებაც კი არ გვაქვს, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი მხედველობიდან გამოგვრჩეს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პორტებიც და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, დღეს ტვირთბრუნვის მასშტაბები ჩვენში ჯერ კიდევ არ არის ისეთი დიდი, როგორიც შესაძლებელია იყოს. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ საბაჟოზე არის შეზღუდვები, რაც, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, სრულიად გასაგები მიზეზით, მიმზიდველობას უკარგავს. თეზი ამ შეზღუდვებს მოხსნის, რაც დამატებით ტვირთბრუნვას განაპირობებს.Aამას გარდა, თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიებზე გაჩნდება დიდი სასაწყობო მეურნეობები, ამოქმედდება ახალი საწარმოები და ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.

ეგ კი მართალია, ბატონო ჯემალ, მაგრამ თქვენ წეღან პოსტსაბჭოური მენტალიტეტი ახსენეთ და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჯერ კიდევ არავინ უწყის, საქართველოში როდის აღარ იფიქრებენ კანონისთვის გვერდის ავლის გზებსა და საშუალებებზე. ამდენად, გამორიცხული არ არის, თეზი გადასახადებისგან თავის არიდების მსურველთათვის მშვენიერ ოაზისად გადაგვექცეს, ასე არ არის?
არ არის ასე, რადგან თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ამა თუ იმ კომპანიის შესვლა-დარეგისტრიერება მკაცრად გაკონტროლდება იქნება. თეზი, უპირველესად, შემოფარგლულ ტერიტორიას გულისხმობს, ანუ ძნელი არ იქნება გავიგოთ, ამა თუ იმ კონკრეტულ სივრცეში ვინ, რას და როგორ აკეთებს.

ვთქვათ, თეზის ტეროტორიაზე მოქმედი კერძო კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობას მივაღწიეთ, მაგრამ ინვესტორს ხომ უნდა ვუთხრათ, რომ მინიმუმ, მოგების გადასახადისგან და დღგ-სგან თავისუფალი ხარო და, რაღა ხეირს ნახავს სახელმწიფო ბიუჯეტი?
ფოთის პორტის ხელმძღვანელად მუშაობის დროს ამ თემაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, რადგან თეზებზე ლაპარაკი უკვე დაწყებული იყო და ბოლომდე გამორიცხული არ გახლდათ, ეს იდეა მაშინაც განხორციელებულიყო, თუკი მოიხსნებოდა ის პოლიტიკური ფონი, რომელზედაც ზემოთ მოგახსენებდით. სწორედ ამიტომ მქონდა თეზებთან დაკავშირებით აქტიური შეხვედრები და მსჯელობა დასავლელ, კერძოდ კი – ამერიკელ სპეციალისტებთან. მოკლედ, თეზის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას უნდა აკონტროლებდეს ერთი სახელმწიფო შპს, რომელიც მსურველებს მიაქირავებს თეზის ფარგლებში მოქცეული ტერიტორიის მონაკვეთებს და მათგან რეგისტრირების, იჯარის თუ მომსახურების გადასახადებს აკრეფს. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ ეს შპს. Aაქ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ამ შპს-ს, თავის მხრივ, არ უნდა დავუწესოთ ისეთი მაღალი გადასახადები, ის იძულებული გახდეს, ყველაფრის ფასები მაღლა ასწიოს. მხოლოდ ამ გზით შეიქმნება თეზში ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო: Eგამარტივებული საბაჟო და საგადასახადო პროცედურების, ასევე მოგებისა თუ დღგ-ს გადასახადებისგან გათავისუფლების წყალობით, თეზის ტერიტორიაზე შევა იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობის ტვირთები, რაც დღეს საქართველოში შემოდის. ამას გარდა, კომპანიები ამჯობინებენ, შეამცირონ სატრანსპორტო ხარჯები, ანუ თეზში შეზიდონ არა მზა პროდუქცია, არამედ- ნედლეული, რომელსაც თეზის ტერიტორიაზე დააფასოებენ და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელებენ იმპორტს და ტრანზიტს საქართველოს გავლით, ან – საქართველოდან სხვა ქვეყნების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ოპერაციები უკვე ჩვეულებრივი წესით დაიბეგრება, რაც საქართველოს ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მისცემს.

აუცილებელია, რომ თეზი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყოს?
პორტის ფაქტორი თეზისთვის იმდენად არის საჭირო, რამდენადაც ამ გზით ხდება ტვირთების სერიოზული ნაკადების შემოსვლა, თორემ გამორიცხული ნამდვილად არ არის, თეზები აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზეც მოეწყოს. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, თეზისთვის საჭიროა საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო კარიბჭესთან ახლოს მდებარე ტერიტორია და შესაბამისი სატრანსპორტო თუ სხვა ინფრასტრუტურა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაგალითს თუ გავიხსენებთ, იქ სახელმწიფომ თეზების მოსაწყობად ჯერ მიწები გამოყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეზებმა გაამართლა, ანუ განხორციელდა სერიოზული ინვესტიციები, ბევრგან საჭირო გახდა პორტების აშენებაც. ელექტროენერგია, წყალი, გზა და მისთანანი უკვე ტექნიკური საკითხებია, ურომლისოდაც თეზი ვერ იარსებებს, მაგრამ მთავარი მაინც საგადასახადო კანონმდებლობაა, რომელიც ინვესტორებისთვის მიმზიდველ და ხელსაყრელ გარემოს შექმნის. აქ, ბუნებრივია, იგულისხმება, რომ ქვეყანამ, რომელიც თეზებს მოაწყობს, ეს კანონები წამდაუწუმ არ უნდა ცვალოს და ინვესტორს არ უნდა გაუჩინოს იმის განცდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, ვიღაცას რაღაც მოეპრიანოს და ინვესტორის კაპიტალი დაუცველი აღმოჩნდეს. რისკის ფაქტორი ბიზნესში მუდამ არსებობს, ამიტომ ყოველთვის კონკრეტული ინვესტორის გადასაწყვეტია, რამდენად უღირს მას ამა თუ იმ რისკზე წასვლა, მაგრამ სხვა საქმეა გაუთვალისწინებელი რისკები, რომლებსაც, როგორც წესი, მერყევი და ცვალებადი საკანონმდებლო გარემო ქმნის. სწორედ ეს უნდა გამოირიცხოს, თუკი თეზების შექმნა იმ ფრიად სერიოზულ კონკურენტულ გარემოში გვინდა, როგორშიც საქართველოა მოქცეული…

უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ რა კონკურენციას გულისხმობთ?
ჩვენს მეზობელ თურქეთში თეზები უკვე არსებობს და სულ მალე ეს იდეა რუსეთშიც განხორციელდება, ამიტომ ჩვენ თუ მათზე უკეთესი პირობები არ შევქმენით, ინვესტორებს ვერ მოვიზიდავთ. მართალია, საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა, მაგრამ ინვესტორი ჩვენს გარდა, აუცილებლად იფიქრებს სომხეთსა და აზერბაიჯანზეც, სადაც საქართველოს გავლით მოხვდება, ეს კი 15 მილიონიანი ბაზარია და მასზე გასვლა ნებისმიერი ინვესტორისთვის უკვე სერიოზული საქმეა!

როგორია დღეს ჩვენი კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით?
ჩვენს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილელების შეტანა გახდება აუცილებელი და ამ ცვლილებების ჩამონათვალი დიდი არ არის. Aუკვე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და იმედია, საქართველოს პარლამენტს მალე მოუწევს ამ საკითხზე მსჯელობა. Mმთავარია, ყველაფერი თავიდანვე გონივრულად გავთვალოთ, თორემ მივიღებთ მკვდრადშობილ იდეას, რომლის განხორციელებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. კიდევ ვიმეორებ: რისკი, რომელსაც ინვესტორი, როგორც წესი მოელის, თეზში განხორციელებული არასწორი საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირებით, ასევე – მოუქნელი და თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო კანონმდებლობით არ უნდა იყოს გამოწვეული!

ბატონო ჯემალ, მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს ე.წ ოფშორული ზონებიც. თქვენი მოსაზრებით, შეიძლება თუ არა ასეთი ზონის შექმნა საქართველოშიც?
ეს საქართველოში არ გამოვა, რადგან ოფშორული ზონა ნიშნავს მთელ ქვეყანაში მოქმედ ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობას. ოფშორულ ზონებად მსოფლიოში გამოცხადებულია ძალიან პატარა ქვეყნები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობაც მცირეა. ასე განსაჯეთ, მათ არ ჰყავთ ჯარი და პოლიციაც კი. ასეთი ქვეყნების მოქალაქეები, პრაქტიკულად, მხოლოდ მომსახურების და ტურიზმის სფეროში საქმიანობენ. ამას გარდა, ოფშორულ ზონებად გამოცხადებულ ქვეყნებში საფინანსო სექტორია კარგად განვითარებული. ერთი სიტყვით, ასეთ ქვეყნებს თავის რჩენა გაცილებით ადვილად შეუძლიათ, რადგან არ აქვთ ისეთი პრობლემები (სოციალური, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის და ა.შ), როგორიც ჩვენს წინაშე დგას. Gგარდა იმისა, რომ საქართველოში ეს პრობლემები სახეზეა, ჩვენ წინა ხელისუფლებისგან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ, ამიტომ ბევრი ფული და სოლიდური ბიუჯეტი გვჭირდება, რასაც ისეთი ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობით ვერასოდეს შევავსებთ, როგორიც ოფშორულ ზონებში უნდა მოქმედებდეს.

წეღან აჭარაზე ვისაუბრეთ და გავიხსენეთ, რომ, თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლებამ თეზების დაკანონება იმიტომ ვერ გაბედა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის შორსმიმავალი პოლიტიკური ზრახვებისა და ამ კუთხის ეკონომიკურად გაძლიერების შედეგად მოსალოდნელი პერსპექტივისა შეეშინდა. საინტერესოა, რა მოხდება, თუკი ჩვენ თეზებს დავაკანონებთ მანამ, სანამ აფხაზეთში ქართული იურისდიქცია არ აღგვიდგენია?
მართალია, ასლან აბაშიძის დროს მძიმე იყო პოლიტიკური სიტუაცია, ანუ აჭარის ხელისუფლება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი ხშირად, უკაცრავად გამოთქმისთვის, აგდებულ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებდა, მაგრამ იმ სიტუაციის შედარება აფხაზეთთან მაინც არ შეიძლება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთს მსოფლიო თანამეგობრობა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიად განიხილავს, ამ კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებამდე, აფხაზეთის ტარიტორიაზე თეზების დაკანონებას არავინ დაუშვებს. შესაბამისად, აფხაზეთისთვის შეიძლება, ძალიან საინტერესოც კი აღმოჩნდეს საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ამოქმედების ფაქტი. ამის მაგალითად თუნდაც კვიპროსი გამოდგება, რომლის სამხრეთი ნაწილი სწორედ თეზების წყალობით გაძლიერდა და დღეს უკვე ევროკავშირის წევრია. Aახლა კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი უკვე ილტვის სამხრეთთან შესაერთებლად და ეს მხოლოდ ცხოვრების დონის ამაღლებამ განაპირობა. თუ საქართველო გონივრულად გამოიყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ღვთის მადლით, გაგვაჩნია, ადრე თუ გვიან ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში დე-ფაქტო დაბრუნება აფხაზეთისთვისაც მიმზიდველი და სასურველი აღმოჩნდება.

როგორ ფიქრობთ, ბატონო ჯემალ, რა იქნება პრიორიტეტული ქართული თეზებისთვის-თავისუფალი ვაჭრობა, სასაწყობო მეურნეობები თუ ახალი გადამამუშავებელი საწარმოები?
დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო ფუნქცია. ასევე, საინტერესო პერსპექტივას ვხედავ ქართულ თეზებში კვების პროდუქტების გადამამუშავებელი და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების განვითარების თვალსაზრისით. აქ საგულისხმოა, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რაც საქართველოში არ მოდის და არ იწარმოება.

რატომ?
იმიტომ, რომ ნედლეულის სახით თეზში შეზიდული ესა თუ ის პროდუქტი თუ პროდუქცია თეზში გადამუშავების შემდეგ, ნებისმიერი მიმართულებით მხოლოდ იმპორტის რეჟიმით გავა, ან ტრანზიტით გაივლის მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით. რაც შეეხება ექსპორტს, ის საქართველოში ისედაც სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. ამიტომ, მაგალითად, მეღვინისთვის სრული უაზრობა იქნება ყურძნის თეზში გადასამუშავებლად შეტანა. Mმართალია, თეზში არსებული საწარმოები დღგ-სგან და მოგების გადასახადისგან თავისუფლდებიან, მაგრამ იგივე მეღვინეს, თუკი ის ნედლეულის თეზში გადამუშავებას გადაწყვეტს, ჯერ ერთი, ორმაგი სატრანსპორტო ხარჯის გაწევა მოუწევს და მეორეც – თეზის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია ამ ტერიტორიას მხოლოდ იმპორტის ან ტრანზიტის რეჟიმით დატოვებს, ანუ დაიბეგრება.

საინტერესოა, რამდენად არიან ქართული საბაჟო და საგადასახადო სისტემები მზად იმისთვის, რომ ასეთი სერიოზული მისია იტვირთონ და თანაც კვალიფიციურად და პატიოსნად შეასრულონ?
� ნებისმიერი საშუალებით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მაქსიმალურად სრულვყოთ ამ სტრუქტურების როგორც ტექნიკური აღჭურვილობა, ისე თანამშრომელთა პროფესიონალიზმი თუ მკაცრი ადმინისტრირების მექანიზმები. Qსაქართველოში, ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს დრო, როდესაც აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი კორუმპირებულ, გაუნათლებელ მებაჟესა თუ საგადასახადოს მუშაკზე � მხოლოდ ამ გზით მოვიზიდავთ სერიოზულ ინვესტიციებს. თითოეული წარმატებული ინვესტორი ჩვენთვის ნამდვილი განძია, რადგან ის ახალ ინვესტორს მოიყვანს. Dდაინერგება ახალი ტექნოლოგიები და დასაქმდება ჩვენი ხალხი, რადგან თეზში, რომელიც, ვთქვათ, ფოთში მოეწყობა, იმუშავებს ფოთელი კაცი, რომელიც იშოვის ფულს, მერე კი გამოვა და ამ ფულს ფოთში დახარჯავს. Aაი, ასე ნელ-ნელა აიწევს ცხოვრების დონე ფოთშიც და მთელ ქვეყანაშიც.

ბატონო ჯემალ, მართალია, გასაგებია თავისუფალი ეკონომიკური ზონების ყველა სიკეთე, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ნუთუ, ეს დაუწერელი “კანონი” თეზს არ შეეხება?

როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თეზის დაკანონებასთან დაკავშირებით დიდ რისკს, პირადად მე ვერ ვხედავ: პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც თეზები მხოლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას და სწრაფი ტემპით განვითარებას.

თუ ასეთი მომხიბლავი აღმოჩნდება, გამორიცხული არ არის თეზისთვის გამოყოფილი ტერიტორია ერთ მშვენიერ დღეს გადაივსოს და საჭირო გახდეს მისი გაფართოება. Aასეთ შემთხვევაში რას ვიზამთ?

თეზის გაფართოება შესაძლებელია.

კი, მაგრამ ასე შეიძლება ეს პატარა საქართველო რაიონებად კი არა, თეზებად დაყოფილი აღმოჩნდეს, ასე არ არის?

ამქვეყნად არსებობს როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც შემოფარგლულ ტერიტორიებს გულისხმობს, ასევე სპეციალური ეკონომიკური ზონებიც საზღვრების გარეშე და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის არანაკლებ საინტერესოა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial