ოპეკი ამჯერად ნავთობის მოპოვების ქვოტას ამცირებს, რუსეთი კი 50%-ით ზრდის

მოამზადა ოთარ ქირიამ
ოთხჯერ ზედიზედ გაზრდის შემდეგ, ოპეკის ქვეყნები ნავთობის მოპოვების ქვოტას ამცირებენ. ამას ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები, რამეთუ ფასების ზრდა ამერიკის ეკონომიკამ ერთხელ უკვე იწვნია მწარედ. ოპეკი აშშ-ის ინტერესებს ითვალისწინებს და მიუხედავად წევრი ქვეყნების განსხვავებული მოთხოვნებისა, ქვოტას ზომიერად ამცირებს.

ოპეკის 133-ე რიგგარეშე კონფერენციაზე, რომელიც 17 იანვარს გაიმართა, წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ნავთობის მოპოვება 1,5 მილიონი ბარელით შემცირდება დღეში. ურთიერთშეთანხმება და შემცირების აუცილებლობა კონფერენციამდეც აშკარა იყო. ეს გადაწყვეტილება კომპენსირებას გაუკეთებს ნავთობის ფასების ვარდნის 25%-ს, რომელსაც გასული წლის დეკემბერში ჰქონდა ადგილი.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ოპეკის ყველაზე დიდი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, საუდის არაბეთი, თავად გახლდათ ნავთობის მოპოვების ქვოტის შემცირების მომხრე. ირანი, კატარი, ქუვეიტი და ლიბია ქვოტის 2 მილიონი ბარელით შემცირებას ითხოვდნენ, ხოლო ერაყი, ამ შემცირებას 3 მილიონით ამართლებდა მხოლოდ.

როგორც ცნობილია, ოპეკის ქვეყნებმა ფასების ზრდის გამო, გასულ წელს ოთხჯერ გაზარდეს ნავთობის მოპოვების მოცულობა, რამაც, შესაბამისად, ფასების კატასტროფული ვარდნა გამოიწვია. ნოემბრის ბოლოს მან რეკორდი აჩვენა და 35 დოლარიდან 25 დოლარზე ჩამოვიდა ბარელზე.

ქვოტის შემცირებაზე საუბარი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ფასებს ისევ ზრდისკენ აეღო გეზი. ასეც მოხდა, მაგალითად, კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასი უკვე 30,32 დოლარს შეადგენდა ბარელზე. ლონდონის საერთაშორისო ნავთობის ბირჟაზე კი შავი ოქროს ფასი ამ დროისათვის, 43 ცენტით გაძვირდა და 26,18 დოლარი შეადგინა.

ნავთობის ფასების ზრდამ შესაძლოა აშშ-ს ეკონომიკის მდგომარეობა უფრო გაამწვავოს. როგორც ცნობილია, მასზე მსოფლიოს ნავთობის მიწოდების მეოთხედი მოდის. ამდენად, შტატებს ფასების ზრდა ხელს ნამდვილად არ აძლევს. სწორედ იმ მიზნით, რომ ქვოტის შემცირება არ დაეშვა, აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი, ბილ რიჩარდსონი (იმ დროისათვის) ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ეწვია საქმიანი ვიზიტით. მისი პოზიცია ნათელი გახლდათ: “ქვოტის შემცირების გადაწყვეტილება ფრთხილად და ღრმა ანალიზის შემდეგ უნდა მივიღოთ”. – ამბობს რიჩარდსონი. მისივე განცხადებით, აშშ მზადაა გადაიხადის 25 დოლარი ბარელ ნავთობში, 30 დოლარი კი გაბერილ თანხად მიაჩნია.

ექსპერტები ნავთობზე ფასების ზრდას აშშ-ს ეკონომიკის დაღმასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ. თუ ქვოტის სეკვესტრის შემდგომ გაძვირებულმა ნავთობმა იმავე პროპორციით იმოქმედა ლიდერი ქვეყნის ეკონომიკაზე, ეს უკანასკნელი აუცილებლად შეამცირებს ამ სახის პროდუქციის მოხმარებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ნავთობის სიჭარბეს დარჩენილი მსოფლიოს ბაზარზე და მისი ფასის აშშ-სგან დამოუკიდებელად ვარდნას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ოპეკის ქვეყნების გადაწყვეტილება ნაწილობრივ ამერიკის ინტერესებსაც შეიცავს. ეკონომიკური სარგებლის გარდა ამ კონფერენციით, პოლიტიკური დივიდენდების გადანაწილებაც მოხდა შტატებთან მიმართებაში. ზევით უკვე მოგახსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნები ქვოტის სხვადასხვა რაოდენობით შემცირებას მოითხოვდნენ. თუმცა, აშშ-ს ინტერესების გათვალისწინება მსოფლიოსათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რამეთუ საფონდო კრიზისმა ერთხელ უკვე დაგვანახა, თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანას შიდა ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო ფინანსურ კრიზისში გადაზარდოს.