რა ღირს დასვენება საქართველოს შავიზღვისპირეთში ანუ საზღვაო ტურიზმის ფასი

ლალი ჩაგელიშვილი

ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოსახლეობის უმრავლესობას ახალი საზრუნავი უჩნდება – სად დაისვენოს. დამსვენებლებს ფართო არჩევანი აქვთ: დასვენება უცხოეთში, ეროვნულ კურორტებზე, ზღვაზე თუ მთაში. ამჯერად საქართველოს ზღვის კურორტებზე შევაჩერეთ ყურადღება.

ზაფხულის სეზონისათვის საქართველოს ტურისტული ცენტრების, სასტუმროების, სანატორიუმების და ტურისტული კომპანიების უმეტესობა უკვე მზად არის. ტურისტული სააგენტოები დამსვენებლებს შავიზღვისპირეთში, აფხაზეთსა და აჭარაში, მრავალფეროვან დასვენებას სთავაზობენ.

აფხაზეთი ქართველებისათვის 90-იანი წლების მოვლენების შემდეგ ჩაკეტილია და დასასვენებლადაც რისკის ზონას წარმოადგენს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქ დასვენებისათვის მთელი წელი ემზადებიან უცხოელები ახლო თუ შორეული საზღვარგარეთიდან, რომელთა შორის ქართველებიც არიან.

აფხაზეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს. სამხრეთით და სამხრეთ – დასავლეთით მას შავი ზღვა აკრავს. ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდ. ენგურზე. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კრასნოდარის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, აღმოსავლეთით – მესტიისა და წალენჯიხის რაიონები; სამხრეთით – ზუგდიდის რაიონი. აფხაზეთის ფართობი 8,7 ათ. კვ. კმ-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტია.

აფხაზეთში ცნობილ მოვლენებამდე 5 ადმინისტრაციული ოლქი იყო: გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, სოხუმის; 1 გაგრის მაშინდელი საქალაქო საბჭოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია, 6 ქალაქი: გაგრა, გალი, გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი და 4 დაბა: ახალი ათონი, ბიჭვინთა, განთიადი, გულრიფში.

აფხაზეთში ტურიზმის განვითარება დაიწყო XIX ს-ის 80-იან წლებში. ამ დროს გაიხსნა 150- ადგილიანი პირველი ტურისტული ბაზა, რომელიც სეზონურად მუშაობდა მეფის რუსეთის დროს, მანამდე ბიზანტიელები ეძალებოდნენ კოლხეთის ამ ულამაზეს კუთხეს.

1980 წლისათვის დამსვენებლებს ემსახურებოდა 2 ტურისტული სასტუმრო, 7 ტურბაზა, I კემპინგი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მასობრივი ტურიზმი. განსაკუთრებით პოპულარული სპელეოტურიზმი იყო, რამაც განაპირობა ახალ ათონში უნიკალურ მღვიმეთა კომპლექსის მოწყობა, რომელსაც ყოველდღიურად 2000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა. ამასთან, თუ აფხაზეთის გეო-ეკონომიკურ პოტენციალსაც გავიხსენებთ, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რატომ იზიდავდა რუსეთს ეს მხარე და სოჭის დარად კი თავის ადმინისტრირებას დაუქვემდებარა და ახლა კი აფხაზეთის კურორტებს კრასნოდარის მხარის კურორტებად მოიხსენიებს. ქართველებისათვის ეს მხარე და აქ დასვენება ტკბილ მოგონებად და ნოსტალგიად რჩება, რუსეთი კი აფხაზეთს “ჩვენი პლანეტის” განსაცვიფრებელ კუთხეს უწოდებს.

ბუნებამ ეს მხარე განსაკუთრებით უხვად დააჯილდოვა. კონტრასტების მოყვარულთ შეუძლიათ, სულ რაღაც ერთი საათის სავალზე პალმების მწვანეში ჩაფლული ზღვის სანაპიროდან მთის მდინარეების და უკიდეგანო, ლაჟვარდოვანი ცის ხატოვან გარემოში მოხვდნენ.

აფხაზეთში არ არის უძველესი წარმოებები. მისი ჰაერი მდიდარია ჟანგბადითა და ზღვის მარილით, რომელიც მართლაც რომ სამკურნალო კოქტეილია და უზრუნველყოფს სრულფასოვან დასვენებას.

ტურისტები და დამსვენებლები აქ შეიგრძნობენ უშფოთველ ჰარმონიას ბუნებასთან, ხოლო მათ, ვისაც არ სურთ ბუნების სიმშვიდესთან განმარტოება, ელოდებათ რესტორნები, ბარები, საინტერესო ექსკურსიები, ზღვაში საზღვაო აღჭურვილობებით გართობა და სხვ.

აფხაზეთი 2005 წლის ზაფხულშიც მზადაა, ტრადიციულად მიიღოს დამსვენებლები. აქ მოქმედებს სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სახლები, გამაჯანსაღებელი კომპლექსები და სასტუმროები. ისინი მრავალფეროვან მომსახურებას და დასვენებას სთავაზობენ ტურისტებს.

მინი სასტუმროები ძირითადად კოტეჯის ტიპისაა, რომელთაც 16-დან 30-მდე დამსვენებლის მიღება შეუძლიათ. ასეთი ტიპის კოტეჯები მოგემსახურებიან ბიჭვინთაში მინი სასტუმრო “აპსარა”-ს სახით. კოტეჯები 2 და 3-სართულიანია. ნომრები კოტეჯებში 1-ოთახიანი და ორადგილიანია. დამსვენებლების განკარგულებაშია ასევე 2-ადგილიანი და 2-ოთახიანი ნომრები. ეს უკანასკნელი ლუქსის ტიპისაა, სველი წერტილებით, ტელევიზორით, მაცივრით, კონდიციონერითა და აივნით. კვება სამჯერადია სასადილოში, სადაც ასევე ზაფხულის სიცხისაგან კონდიციონერი დაგიცავთ. საკვები ოჯახური სამზარეულოდანაა, რისი საშუალებითაც გაეცნობით ამ კუთხის ტრადიციულ, ეროვნულ კერძებს.

სასტუმროში დასვენების ღირებულება მოიცავს სასტუმროში ცხოვრებას, კვებას, პლაჟით და პლაჟის აქსესუარებით სარგებლობას. მოგიწევთ, დამატებით გადაიხადოთ შემდეგი მომსახურების საფასური: საუნა, საექსკურსიო პროგრამა, რუსული და თურქული აბანო, თევზაობა და სხვ. – სულ 50 რუსული რუბლი, საგზურები 10-15-დღიანია. დღე-ღამეში 1 ადამიანის ცხოვრება სასტუმრო “აპსარაში” არც ისე იაფი სიამოვნებაა (იხ. ცხრილი #1).

ბიჭვინთაში პანსიონატი “მიუსერა” დამსვენებლებს, “აპსარასგან” განსხვავებით, სთავაზობს ვიდეოსალონს, ბიბლიოთეკას, საბილიარდოსა და ტრენაჟორების დარბაზს. პანსიონატი თორმეტსართულიანია და გადაჰყურებს ზღვის სანაპიროს. მიუსერაში შეგიძლიათ, დაბინავდეთ:
1-ადგილიან და 1-ოთახიან ნომერში შხაპით, სანკვანძითა და აივნით;
2-ადგილიან 1-ოთახიან ნომერში – ხედით ზღვაზე;
2-ადგილიან და 1-ოთახიან ნომერში – ხედით მთებზე;
3-ადგილიან 1-ოთახიან ნომერში
2-ადგილიან 2-ოთახიან ნახევრად ლუქსში, რომლებშიც, გარდა შხაპისა და სანკვანძისა, არის ტელევიზორი, მაცივარი და რბილი ავეჯი;
2-ადგილიან 2-ოთახიან ლუქსში ყველანაირი მოწყობილობით.

კვება პანსიონატში სამჯერადია. საგზურის ღირებულებაში შედის პანსიონატში ცხოვრება, კვება და პლაჟით სარგებლობა. დამატებით ანაზღაურდება ექსკურსია, პლაჟის ინვენტარის დაქირავება. დღე-ღამეში 1 დამსვენებლის პანსიონატში ცხოვრების ღირებულება იხ. ცხრილი #2.

გარდა აღნიშნული სასტუმროებისა, აფხაზეთში ტურისტებსა და დამსვენებლებს უმასპინძლებენ პანსიონატები: “ბზის ხეივანი”, “გაგრა”, “ახალი ათონი”, სანატორიუმი “გაგრა”. აქაც ფასები 1 დამსვენებელზე 240-დან 341 დოლარამდეა.90-იანი წლების მოვლენების შემდეგ აფხაზეთი საქართველოს მოსახლეობისათვის ჩაკეტილია. აქ ძირითადად რუსეთის მოსახლეობა ისვენებს. ქართველების დასაიმედებლად კი უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის ქართულ-აფხაზური პოლიტიკა იმედის მომცემია. 2005 წლის 21 ივლისს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების ძირითადი საკითხი აფხაზეთში რუსული ზეგავლენისა და წნეხის შერბილება იყო. საქართველოს მხარემ აფხაზეთს შესთავაზა გალში გაეროს ოფისის გახსნა და გაეროს სამოქალაქო პოლიციის ფორმირება, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს ამ რეგიონში.

აფხაზეთის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა იყო და იქნება აფხაზებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება. ამის შესაძლებლობა დღეს რეალურად არსებობს, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად დიდი ზემოქმედებისა, რუსეთი აფხაზეთის მხრიდან გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ი. ალასანიამ. ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა ორი წლის წინ, დღეს შესაძლებელი ხდება. რესპონდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას კონფლიქტების რეგულირებაში. ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ის დრო, როცა ქართველი აფხაზები და ყველა აფხაზეთიდან დევნილი დაუბრუნდება თავის მიწა-წყალს, შორს არაა, ხოლო ჟირინოვსკისა და მის თანამოაზრეთა ღვარძლიანი სიტყვები, რომ იხილავენ საქართველოს ქართველების გარეშე, ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან. საქართველოს მოსახლეობას კი ლამაზ დასვენებას ვუსურვებთ საკუთარ ისტორიულ მიწაზე. ყველა ტურისტს კი აფხაზეთი ჩვეული სითბოთი, კულტურითა და სტუმართმოყვარეობით შეხვდება.

2005 წელს დამსვენებლების მისაღებად მზადაა მზიანი აჭარაც. აჭარაში ყველა პირობაა შექმნილი ტურისტების დასვენებისათვის. ბათუმში დაგეგმილია სწრაფმავალი გემის – ”კომეტას” ამუშავება, რომელიც ბათუმი-ხოფა-ტრაპზონი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს. მისი საშუალებით მგზავრობა შეეძლებათ როგორც ქართველ და თურქ, ასევე უცხოელ ტურისტებს. 3 კილომეტრით გაიზარდა ბათუმის ბულვარის სიგრძე, რომელიც მრავალ სიახლეს სთავაზობს დამსვენებელს. ბათუმში 135000 მცხოვრებია. აჭარის კლიმატი სუბტროპიკულია, რაც თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით ხასიათდება. საშუალო ტემპერატურა ზღვისპირეთში 26 გრადუსია. წყლის ტემპერატურა კი 23-24 გრადუსს აღწევს. აქ ყველა პირობაა იმათთვის, ვისაც დასვენება ნადირობისა და თევზაობის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

ბათუმის ზღვისპირა კულტურისა და დასვენების პარკი ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია დამსვენებლებისათვის. აქ ერთდროულად შეგიძლიათ დაისვენოთ ფერადი მომღერალი შადრევანის ახლოს, გაერთოთ ჩოგბურთის კორტებზე, შეინარჩუნოთ სპორტული ფორმა ფეხბურთის მოედანზე და გაივარჯიშოთ გონება ჭადრაკის თამაშით.

გარდა სპორტული და ინტელექტური თამაშებისა, პარკსა და პლაჟზე დამსვენებლებს ელით კაფე-ბარები და სხვადასხვა რესტორანი ნამდვილი გურმანებისათვის.

ბათუმში დაუვიწყარი ზაფხული შეგიძლიათ გაატაროთ სასტუმროში ”დავითი”.

იგი მდებარეობს ზღვის სანაპიროსთან ახლოს. აქვს შვედური სამზარეულო. ყოველ ნომერში განთავსებულია მინი ბარი, თანამედროვე ელექტრო და ვიდეო აპარატურა. თქვენს განკარგულებაშია საუნა, კორტები, საექსკურსიო მარშრუტები.
ფასები ერთ დამსვენებელზე შემდეგია:
5 დღე – ლუქსი 528$, ნომერი 288$
10 დღე – ლუქსი 1056$, ნომერი 576$
სასტუმრო “ტენის კლუბი” გთავაზობთ არაჩვეულებრივ ერთ, ორ და სამოთახიან ნომრებს, საუზმეს, საკუთარ პლაჟს, ექსკურსიებს, ბუნგალოს. ერთი დღით აქ დასვენება ლუქსის ტიპის ნომერში 170$ ჯდება, 2-ოთახიან ნომერში – 140$, ხოლო 1-ოთახიანი ნომერი – 120$.

ბათუმში მიმზიდველია სასტუმრო “მეტროპოლიც”. იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ბულვარიდან 150 მეტრში. აქ თქვენ შეგიქმნიან სასიამოვნო მყუდრო გარემოს თანამედროვე დიზაინით. ფასებიც ხელმისაწვდომია ლუქსი 5-6 კაცზე 126$, ნახევრად ლუქსი 4 კაცზე 50$, ნომერი 4 კაცზე 67$. ბათუმიდან 15 კილომეტრშია უმშვენიერესი კურორტი სარფი. აქ ერთმანეთს ერწყმის მთისა და ზღვის ჰავა. წყალში ამოზიდული კლდეები ამ ადგილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქ შეგიძლიათ, განიტვირთოთ ყოველდღიური ქაოსისაგან და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ ბუნების სიმშვენიერეში. სარფის სასტუმროებში ამისათვის ყველა პირობაა შექმნილი. დამსვენებლებს მოემსახურებიან აგრეთვე ოჯახის ტიპის კერძო სასტუმროები, რომლებიც პლაჟიდან 30მ-ში არიან განთავსებულნი. სარფში ყველა პირობაა გართობისათვის: დიდი მრავალფეროვანი კაფე, დისკოთეკა, ბუნგალო, მაღაზიები, ექსკურსიები ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში და სხვ.

სარფში თბილისის ელიტას იზიდავს ორი საუკეთესო სასტუმრო.: “მედუზა” და “პალმა”. “მედუზა” მდებარეობს პირდაპირ პლაჟზე, ჩაკეტილ ტერიტორიაზე. ეს არის ყველაზე პოპულარული ადგილი უცხოელი ტურისტებისათვის. აქ ოთხ სართულზე განთავსებულია 8 კომფორტული ნომერი. ყველა ოთახს აქვს კონდიციონერი, ტელევიზორი და აივანი. “მედუზაში” დასვენების მსურველებს ვთავაზობთ მასში ცხოვრების ფასებს:

ლუქსი 6 კაცზე 1 სართ. 27კვ.მ. დიდი ვერანდა ხედით ზღვაზე, რბილი ავეჯი, ტელევიზორი, სველი წერტილები – 54$

ლუქსი 2 ად-ზე+დამატ. საწოლი; 4სართ. 20კვ.მ; ცალკე შესასვლ. ხედით ზღვაზე რბილი ავეჯი, ტელევიზორი, სველი წერტილები – 67$

ნომერი 6 კაცზე 2-3სართ. +დამატ. საწოლი 27კვ.მ,დიდი ვერანდა ვერანდა ხედით ზღვაზე რბილი ავეჯი 1 საერთო სველი წერტილი 3 ნომერზე – 40$

ნომერი 2 კაცზე 2-3სართ. +დამატ. საწოლი 15კვ.მ,აივანი ხედით ზღვაზე რბილი ავეჯი 1 საერთო სველი წერტილი 3 ნომერზე – 35$

ნომერი 2 კაცზე 2-3სართ. +დამატ. საწოლი 20კვ.მ, უკანა მხარე , რბილი ავეჯი 1 საერთო სველი წერტილი 3 ნომერზე – 30$

სასტუმრო “პალმა” – თბილისელი ელიტისათვის – “ედემი-ედემში”. სასტუმროს ნომრებიდან დამსვენებლების თვალწინ იშლება ზღვისა და ციტრუსების ბაღის უმშვენიერესი პანორამა.

ზღვის და მთის ჰავის საუკეთესო ნაზავია კურორტი გონიო, სადაც კერძო სასტუმროებისა და კოტეჯების მთელი კომპლექსია. გონიოს სიმშვენიერეს ხაზს უსვამს მთის ნაკადულები და ჩანჩქერები. კურორტის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გონიო-ასპაროსის ციხე-სიმაგრე – სიგრძით 222მ; 18 უნიკალური კოშკით. აქ დასვენება დღეში 48$ -დან 120$ -მდე მერყეობს.

უძველეს ციხე-სიმაგრესთან მდებარე პლაჟიდან 200 მეტრზეა კერძო სასტუმრო, რომელიც შუახნის ინტელიგენციას მყუდრო, ოჯახურ გარემოს შეუქმნის. 7-დღიანი დასვენება აქ 70$, 10-დღიანი – 100$, ხოლო 14 დღიანი 140$ დაგიჯდებათ. ლუქსის ტიპის ოთახები კი, შესაბამისად, 94$-დან 187$-მდე ღირს.

აჭარის რაინულ ცენტრში – ქობულეთში დასვენება, ზემოთ აღნიშნული კურორტებისაგან გასხვავებით, ძვირი ჯდება. საგზურების ღირებულება – კვების გარეშე – 7 დღით 84$; 10დღით – 120$; ხოლო 14 დღით – 168 დოლარი. კვებით კი, შესაბამისად, 105-დან 210 დოლარამდეა.

ურეკი სამკურნალო კურორტია, რომლის სილიან ქვიშას განსაკუთრებული თვისებები აქვს. ერთნაირად სასარგებლოა ბავშვებისა და მოზრდილთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით სახსრები აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ფასები აქ, სხვა კურორტებთან შედარებით, მაღალია. ქვემოთ მოგვყვავს სასტუმრო “ელიტა”-ს ფასები აგვისტოს თვეში (იხ. ცხრილი):

ამ რეკრიაციულ კურორტზე განთავსებულია სამკურნალო პროფილაქტიკური კომპლექსიც, სადაც ფასები 200-დან 590 დოლარამდე მერყეობს. კერძოდკი,

სასტუმროებში – ”ალბატროსსა” და ”რევიერაში” – ფასები ანალოგიურია.

ბათუმში ჩასულ ტურისტებსა და დამსვენებლებს მოემსახურება ტურისტული სააგენტოები, სადაც განაცხადი წინასწარ უნდა იქნეს შეტანილი, ხოლო დასვენების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ სპეციალური სამსახურები, რომლებიც საკურორტო სეზონისათვის საგანგებოდ არიან მობილიზებულნი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ კარგი და სასიამოვნო დასვენება გისურვოთ საქართველოს ამ ეგზოტიკურ მხარეში.

საქართველოში საზღვაო ტურიზმი მძიმე მდგომარეობაშია, ზრდის ტემპები მაღალია, მაგრამ არ არის ინფრასტრუქტურული სერვისი. ჯერ კიდევ შორს ვართ მომსახურების კულტურისაგან, არადა მაღალი ფასები მომხმარებლის ინტერესებს მინიმუმადეც ვერ აკმაყოფილებს. კეთილმოწყობილი არ არის ზღვის სანაპიროები, სადაც “ჩვეულებრივი მოკვდავნი” ადამიანურად მოთავსდებიან, გაისეირნებენ, ზღვაში გაირუჯებიან და სხვ.

ყველაზე მთავარი კი ზღვაზე დამსვენებლის უსაფრთხოებაა. ევროსტანდარტების მობილიზებული სამაშველო სამსახური საქართველოს საზღვაო კურორტებზე ცისფერ ოცნებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მატულობს საქართველოს შავიზღვისპირეთზე დამსვენებელთა რიცხვი, როგორია მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონე და დასვენების ხარისხი – ეს კითხვები კვლავ პასუხის გარეშე რჩება.