ევროპის ბაზარზე გასატანი ქართული პროდუქციის ასორტიმენტი

ნინო ორჯონიკიძე
სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი
orjonikidzen@gmail.com
577 25 12 24

ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რას და როგორ შევიტანთ ევროპის ბაზარზე, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს ადარდებთ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს. ერთ-ერთი უალტერნატივო პროდუქტი ევროპული ბაზრისათვის არის ქართული თაფლი, რადგან თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ფალსიფიკაციას საკმაოდ ადვილად გამომჟღავნდება ევროპული ლაბორატორიების მიერ. რამდენად შესაძლებელია ქართული ინდუსტრიული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე შეტანა? მეწარმეებმა პროდუქციაზე სერტიფიკატის მისაღებად უნდა გამოიყენონ ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში აკრედიტებული ლაბორატორიის მომსახურება და ამ სერტიფიკატით პროდუქტი ევროკავშირში შეიტანონ.

ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მისი წილი იმპორტის საერთო რაოდენობაში 30 %-ს, ხოლო ექსპორტისა 20 %-ს შეადგენს. უცხოეთში ექსპორტირებული ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის, დაახლოებით, მეოთხედი 23% დღესაც სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. გვაქვს თუ არა რამე ევროპაში გასაგზავნი, თხილს და ორიოდე დასახელების პროდუქტს თუ არ ჩავთვლით, ბებერ კონტინენტზე ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს შევიტანთ, თუმცა, სამომავლოდ, ქართულ ეკონომიკას ევროპასთან ასოცირება შესაძლოა ძალიანაც წაადგეს.
რას და როგორ შევიტანთ ევროპის ბაზარზე, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს ადარდებთ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს. დღესდღეობით კი საქართველოში ამ მოთხოვნებისა და ღირებულებით კონკურენტული პროდუქტი თითქმის არ მზადდება. შესაბამის სფეროებში (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში) ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, საქართველოში ევროპული დონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემა შეიქმნება. ამით სურსათის კონტროლის მექანიზმი ადგილობრივ ბაზარზეც გაუმჯობესდება. შეთანხმების თანახმად, 28 სატარიფო ხაზზე (ეს კი სრული სატარიფო ნუსხის 0,3%-ია) იმოქმედებს ევროკავშირში „შესვლის ფასი“ – ENTRY PRICE, ანუ იმპორტის ფიქსირებული ფასი. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდი ფასი (საინვოისო ფასი) ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორს ამ ფასთა სხვაობის დაფარვა მოუწევს, ხოლო თუ გასაყიდი ფასი ევროკავშირის „ფასის“ ტოლი ან მასზე მეტი იქნება, პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.

საქართველოს ევროპის ბაზარზე ჰქონდა შეღავათები, რომელსაც თითქმის ვერ იყენებდა იმიტომ, რომ არსებობდა ფორმალური ბარიერები. ამის გამოისობით, დაახლოებით, 7200 საქონლიდან მხოლოდ 30 გადიოდა და ისიც არასრული სახით. ქართველი ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით დღეს არსებული სახით ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ვერ შევა. არა იმიტომ, რომ არ გვიშვებენ, არამედ იმიტომ, რომ თავს ვერ დაიმკვიდრებს. პატარა ფულით ვერ ხერხდება იმ პროდუქციის გაკეთება, რაც საჭიროა. საფასო კონკურენციასაც კი ვერ სწევენ დღეს ჩვენი ბიზნესმენები. ამისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმის გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უპირატეს მდგომარეობაში ვერ ვიქნებით. მათი აზრით 20 წელიწადია საქართველოში არ შექმნილა ისეთი სერიოზული პროდუქტი, რომელიც შეიძლება ევროპის ბაზარზე შევიდეს და დამკვიდრდეს. მიზეზი არის ბიზნესის სიღრმისეული ცოდნის დეფიციტი, არსებობს არაჩვეულებრივი ფორმულა: ხარისხი + ფასი. ეს ფორმულა ყველა მწარმოებელმა უნდა დაიცვას. მარტო რეგულაციები საკმარისი არ არის.

მაგალითად მინერალური წყალი და ღვინო ევროპის ბაზარზე ძალიან იაფია და ხშირად გაკვირვებასაც კი იწვევს, როგორ ახერხებენ ისინი ასეთი ფასების მიღებას. მაგალითად, თურქეთი რომ წყალს ყიდის ევროპის ბაზარზე, იმ ფასით საქართველოში რომ შემოვიდეს, შეიძლება საქართველოში წყლის წარმოება გაჩერდეს.

ერთ-ერთი უალტერნატივო პროდუქტი ევროპული ბაზრისათვის არის ქართული თაფლი, რადგან თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ფალსიფიკაციას საკმაოდ ადვილად გამომჟღავნდება ევროპული ლაბორატორიების მიერ. ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა თაფლის რეალიზაციის პრობლემა დღეს აქტუალურია. ამ ქვეყნებში გავრცელებულ დაავადება „ფუტკრის სიდამბლეს“ ფერმერები ანტიბიოტიკებით ებრძვიან, რის შემდეგაც თაფლის ფალსიფიცირების ალბათობა იზრდება. საქართველოში „ფუტკრის სიდამბლის“ გავრცელების შემთხვევები მცირეა, ამიტომ ქართველმა ფერმერებმა ანტიბიოტიკების მოხმარება უნდა შეზღუდონ. „ფუტკრის სიდამბლის“ საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიბიოტიკის ნარჩენები რჩება თაფლში, რასაც ლაბორატორიული ანალიზი მარტივად აჩვენებს. აშშ–ს და ევროპას აქვთ შესაბამისი ნორმები და მკაცრი შეზღუდვა ანტიბიოტიკებზე. თუ ქართულმა თაფლმა არსებული სტანდარტი არ დააკმაყოფილა, პროდუქტი ევროკავშირის და აშშ–ის ბაზარზე ვერ შევა. ევროსტანდარტების მიხედვით, „თაფლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში რომ არის დამზადებული, ამის დოკუმენტი ყოველდღიურად უნდა წარმოებდეს. დღიურში უნდა აღიწეროს შემდეგი დეტალები: შვიდი კილომეტრის რადიუსში არის თუ არა გახრწნილი ცხოველი ან სხვა რაიმე სხეული, ღია საპირფარეშო და ა.შ.

პრობლემები სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ადგილობრივ მეწარმეებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს აჭარაში დაახლოებით 200 მსხვილი და 500 მოყვარული მეფუტკრეა, რომლებიც ყოველწლიურად 400 ტონამდე თაფლს აწარმოებენ. მეფუტკრეები ამბობენ, რომ ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე მისი გატანა შეუძლებელია. მეფუტკრეებს არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც თაფლის ჩამოსხმასა და დაფასოებას შეძლებენ.

2015 წელს საქართველოდან თაფლის 44 სინჯი გაიგზავნა რიგის ლაბოატორიაში. აქედან 18 სინჯში აღმოჩნდა ანტიბიოტიკები. 22 –მა ნიმუშმა ევროკავშირის და აშშ–ის ბაზარზე არსებული სტანდარტები დააკმაყოფილა. ევროპული ბაზრის გარდა ქართული თაფლის ექსპორტიორებისთვის აზიის და აფრიკის ბაზარია ხელმისწვდომი. 2013 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი 6 ქვეყანაში განხორციელდა. აზერბაიჯანში თაფლის ექსპორტმა 2,6 ტონა, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში 0,5 ტონა, ერაყში 1,3 ტონა, ლიბანში 0,3 ტონა, ლიბიში 12,9 ტონა, საუდის არაბეთში 7,1 ტონა შეადგინა.
ევროკავშირის ბაზარზე თაფლის მთავრი მომწოდებელი შვეიცარიაა. 2013 წლის მონაცემებით ამ ქვეყნამ 1 004 ათასი ტონა თაფლი აწარმოა. ევროკავშირის ბაზარზე 1 კგ ყვავილის თაფლის ფასი 5,55 –დან 12 ევროს ფარგლებში მერყეობს. აკაციის თაფლის ფასი 7,5 –8 ევროა.

რამდენად შესაძლებელია ქართული ინდუსტრიული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე შეტანა? კომპანია “საქკაბელი” თითქმის ერთი წელია ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ცდილობს, თუმცა პროცესი ტექნიკური ბარიერების გამო ფერხდება. კომპანიამ პროდუქტის სერტიფიცირებისთვის უცხოელი ექსპერტები უნდა დაიქირავოს, რაც დროსთან ერთად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ევროკავშირი კი საკუთარ ბაზარზე მხოლოდ სერტიფიცირებულ პროდუქტს უშვებს და ამ გზით იცავს საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოებას. ევროკავშირში ექსპორტის დროს, ერთ-ერთი ბარიერი სერტიფიცირების პროცესს უკავშირდება. კომპანიაში საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტების დანერგვის შემდეგ, უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა სერვისი ან პროდუქტი შესაბამის სტანდარტს. შემოწმებას ახორციელებს აკრედიტებული ლაბორატორია. ლაბორატორიის აკრედიტაციას კი საქართველოში აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ახდენს, რომელიც ჯერ არ არის საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება, შესაძლოა, ევროპამ არ აღიაროს. ინდუსტრიულ ნაწარმთან დაკავშირებით სულ 21 ევროპული დირექტივაა. აქედან, ის დირექტივა, რომელიც კაბელებს მოიცავს, ჯერ ტექნიკურ რეგლამენტად მიღებული არ არის საქართველოში, თუმცა კომპანიას შეუძლია ამ რეგლამენტში განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისად აწარმოოს პროდუქცია. ევროკავშირის ბაზარზე გატანა კი შეუძლია შემდეგი სქემით: პროდუქციაზე სერტიფიკატის მისაღებად გამოიყენოს ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში აკრედიტებული ლაბორატორიის მომსახურება და ამ სერტიფიკატით პროდუქტი ევროკავშირში შეიტანოს.

ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული მაგალითი, როდესაც საქართველოში წარმოებული ინდუსტრიული ნაწარმი ევროპაში ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არც კი არსებობდა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, სერგო ჯაყელის სახელს უკავშირდება ინოვაციური გამოგონება, ბამბუკის პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. ჯაყელმა ტექნოლოგია ჩინეთში შეისწავლა და საკუთარი საწარმო შექმნა. თავიდან პარკეტის გამოშვება და კომპოზიტზე მუშაობა დაიწყო, მოგვიანებით კი გამოიგონა ბამბუკის ავეჯი და გასაშლელი სახლი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ტემპერატურას ინარჩუნებდა. დიდი ხანია მისი პროდუქცია იყიდება ევროპულ ბაზარზე და იგი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი კოზირი ინოვაციები, ტექნოლოგიები და ბრენდად ქცეული პროდუქცია უნდა იყოს.

ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ძლიერი და სანდო მეზობელი გვეყოლება. საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის წარმართვა მის ზედმიწევნით დაგეგმვას და საზოგადოების მხრიდან ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს მოითხოვს. ამ გეგმის წარმატებით შესრულების შედეგად საქართველოს ევროკავშირის წევრობის რეალური შესაძლებლობები ექმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველებისთვის ევროპული ცხოვრებისა და ევროპაში მიმდინარე მოვლენების ცოდნა მიახლოებით ისევე მნიშვნელოვანი გახდება, როგორც მათი სამშობლოს ისტორიის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებისა .ამისათვის საჭიროა:
საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციული პროცესების შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირება, რათა მოქალაქეებმა უკეთ შეძლონ თავიანთი მომავლის განჭვრეტა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ევროინტეგრაციის პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა;
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ბაზარი ღიაა მხოლოდ იმ პროდუქციისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის ბაზრისთვის განსაზღვრულ შიდა ბაზრის რეგულაციებს, დღესდღეობით კი საქართველოში ამ მოთხოვნებისა და ღირებულებით კონკურენტული პროდუქტი თითქმის არ მზადდება;
მიუხედავად პრეფერენციული სისტემით რამდენიმეწლიანი სარგებლობისა, ეს ურთიერთობები წლიდან წლამდე თვისებრივად თითქმის არ შეცვლილა;
ქართულმა კომპანიებმა უნდა დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს.

გამოყენებული ლიტერატურა:


ი.გოგოლიშვილი. „ევროკავშირი და საქართველო: ასოცირების სეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები დაზღვევის სფეროში“. ჟურნალი-საქართველოს ევროპული გზა. 2015. #4. გვ. 46-48.
ქ.კახნიაშვილი. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება-რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სოფლის მეურნეობას.“ ჟურნალი-ახალი აგრარული საქართველო. 2015. #1. გვ. 12-14.
ფულე შტეფან. „ევროკავშირი და საქართველო: უფრო მჭირდო კავშირის დამყარებისაკენ სვლა.“ 2014. გვ. 8-11.
რ.კვარაცხელია. „საქართველო და ევროკავშირი-ახალი რეალობა. თბილისის ღია სასწავლო უნ. შრომების კრებული. 2014 . #5. გვ. 71-79.
გ.ბედიანაშვილი. „ევროკავშირი და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ბენჩმარკინგის საკითხები.“ ჟურნალი-ეკონომისტი. 2014. #5. ოქტომბერ-ნოემბერი.. გვ. 12-21.
დ.ლორთქიფანიძე. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს.“ ჟურნალი-სარკე. 2014. #28. 16-22 ივლისი. გვ. 17-19.
ვიკმანი პიერ მანგუს. „საქართველო სწრაფი აღმშენებლობის გზაზე“. ჟურნალი საქართველოს ევროპული გზა. 2014. #1. გვ. 43-50.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial