საბაზრო ურთიერთობების პირობებში სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე პერსპექტიული მოთხოვნის დონის განსაზღვრა

ნანა სამსონია

საქართველო სათბობ-ენერგეტიული რესურსების მნიშვნელოვანი მომხმარებელია. საშუალო წლიური მოხმარების დონე 3,0 მლნ ტონა პირობითი სათბობია (ნავთობის ექვივალენტზე გადაანგარიშებით). სამწუხაროდ, საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის თანამედროვე ეტაპზე ქვეყანა კვლავ რჩება ენერგოშემცველი რესურსების იმპორტიორ ქვეყნად, ამიტომ საქართველოში მოძიებული რესურსებისა და პოტენციური სიმძლავრეების ათვისებამდე ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ეროვნული მეურნეობის საჭირო ენერგორესურსებით (საჭირი რაოდენობითა და ხარისხით. ხელმისაწვდომი ფასებით) უზრუნველყოფას.

ბოლო წლების სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების საერთო მოხმარებიდან დაახლოებით 70,2% სათბობზე მოდის, 19,3% -ელექტროენერგიაზე და 10,5%-თბოენერგიაზე.

სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე სამეურნეო კომპლექსის მოთხოვნა გათვლილი უნდა იყოს ქვეყნის შემოსავლების მაჩვენებელზე (მთლიან შიდა პროდუქტზე), ვინაიდან იგი განსაზღვრავს მატერიალური წარმოების შესაძლებლობებს და მომხმარებელთა მყიდველობითი უნარიანობის მოსალოდნელ დონეს.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები მთლიანი შიდა პროდუქტის ენერგო და ელექტროტევადობის დინამიკა.

აღნიშნული წესით, ქვეყნის განვითარების მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან შეფარდებაში უნდა იყოს გაანგარიშებული მშპ-ს მოსალოდნელი წლიური მოცულობები და სათანადი კოეფიციენტებით განისაზღვროს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ჯამური მოთხოვნა სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე.

საქართველოში პროდუქციის ენერგოტევადობის დონე და დინამიკა 1995-2003 წლებში მოცემულია ცხრილში #1.

როგორც ცხრილიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდის, ენერგოტევადობის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საბაზრო ურთიერთობების პირობებში უაღრესად აქტუალურია მაკროეკონიმიკური განვითარების ტემპების კავშირი ენერგოეფექტიანობასთან. Mმშპ-ის ენერგოტევადობა ერთეულ ღირებულებაზე მიუთითებს ქვეყნის სამეურნეო კომპლექსის ეფექტიანობის დონეზე. რაც შეეხება პროდუქციის ელექტროტევადობას, აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, კერძოდ, მშპ-ს ერთ ლარზე 2003 წელს დაიხარჯა 1,29 კვტსთ ელექტროენერგია, რაც 39%-ით ნაკლებია 1995 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თითქმის იგივე სურათია მრეწველობაშიც.

საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში მშპ-ს ენერგოტევადობის შემცირება უაღრესად აქტუალურია. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა მშპ-სა და ენერგოტევადობის საპროგნოზო მონაცემები. იგი ემყარება ეკონომიკის სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ექსპერტთა პროგნოზებს.

სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე ქვეყნის სამეურნეო კომპლექსის მოთხოვნის პროგნოზი ძირითადად ემყარება ეკონომიკის განვითარების მაკროეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში საპროგნოზო პერიოდში პრიორიტეტი ენიჭება წვრილი და საშუალო საწარმოო ობიექტებისა და ბიზნესის განვითარებას, რომელიც ნაკლებად ენერგოტევადია. Aამდენად, არჩევანი უნდა შეჩერდეს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემდეგ სტრუქტურაზე: უახლოეს წლებში (2005-2006) უპირატესობა უნდა მიენიჭოს გაზისა და ნავთობპროდუქტების გამოყენებას. Eელექტროენერგეტიკაში – არსებული სიმძლავრეების რეაბილიტაციასა და ტექნიკურ გადაიარაღებას, ენერგორესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარებას.

შემდგომ პერიოდში (2010 წლამდე) ძირითადი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, სათბობის ადგილობრივი რესურსების მოძიებას.

ცხრილი #2-ის საფუძველზე შეიძლება გაანგარიშდეს საქართველოს სამეურნეო კომპლექსისათვის საჭირო წლიური ენერგიის მოთხოვნის რაოდენობა.

ცხრილი #3-ის მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ რეალობაა, რომ საქართველოს ეკონომიკა და მისი ენერგეტიკული სექტორი ვერ განვითარდება უფრო მაღალი ტემპით, ვინაიდან ეროვნული ეკონომიკა სრული ტექნიკური გადაიარაღების აუცილებლობის წინაშე დგას. აგრეთვე დაბალია გადახდისუნარიანობის დონეც, რაც 2010 წლამდე მნიშვნელოვნად არ გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში კვლავ დარჩება პრიორიტეტული ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის ზრდა.

ამასთან, საქართველოს პირობებში არსებული რეალური ენერგეტიკული პოტენციალიდან გამომდინარე, საჭიროა ჰიდრორესურსების ათვისების დაჩქარება, რომლის ეკონომიკურად დასაბუთებული შეფასებაა 45 მლრდ კვტსთ, ხოლო ამჟამად გამოყენებული რესურსი 15%-ს არ აღემატება.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეფექტიან გამოყენებას განაპირობებს მისი ძირითადი დარგების (ელექტრომომარაგება, თბომომარაგება, გაზმომარაგება, ნავთობპროდუქტებით მომარაგება) დაბალანსებული მუშაობა, როდესაც თითოეული მათგანი დანიშნულების მიხედვით და რაციონალურად იყენებს ენერგოშემცველ რესურსებს. თბური ენერგიის გენერაციის წყაროების ჩანაცვლება ელექტროენერგიით საჭიროებს 3-4-ჯერ მეტ საწვავს, ვიდრე ტრადიციული, ცხელი წყლით გათბობის სისტემები. ორგანული სათბობის ელექტროენერგიით ჩანაცვლების მიზეზით წელიწადში იკარგება საშუალოდ 120 ათ. ტ.პ.ს. (ორმაგი ტრანსფორმაცია), ხოლო ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისას არსებული ტექნიკური და კომერციული Aდანაკარგები 160 ათ. ტ.პ.ს.-ად არის შეფასებული. საქართველოს თბოელექტროსადგურებში პირველადი სათბობის ელექტროენერგიად გარდაქმნას 30%-ით მეტი სათბობი სჭირდება, ვიდრე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელია. ენერგიის ესოდენ დიდი დანაკარგები ენერგოშემცველი რესურსების სრული იმპორტიორი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მიუღებელია.

სათბობ-ენერგეტიკული რესურსების პერსპექტიულ ბალანსში გათვალისწინებული ენერგოტევადობის შემცირების მაღალი ტემპების მიღწევისათვის საჭიროა, დაჩქარდეს საბაზრო ეკონომიკური პრინციპების შესაბამისი ენერგეტიკული პოლიტიკის გატარება, როგორიცაა:
ენერგორესუსების ტექნიკური და კომერციული დანაკარგების შემცირება;
ენერგიის დამზოგი ტექნოლოგიების განვითარების სტიმულირება;
საგადასახადო სისტემის დარეგულირება;
ტარიფების სრულყოფა და ა.შ.