საქართველო თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში

ლალი ჩაგელიშვილი

ეკონომიკაში გავრცელებულია აზრი, რომ ვაჭრობას შეუძლია, ყველა სახელმწიფოს მდგომარეობა გააუმჯობესოს. ამიტომაა, რომ ადრეული პერიოდიდან მოყოლებული, სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებდნენ ერთმანეთთან ადამიანები და ქვეყნები, რისთვისაც აარსებდნენ და ითვისებდნენ ბაზრებს. როგორც ძველად, ასევე ახლაც ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს და თვით სახელმწიფოსაც არ შეუძლია გადაამუშაოს ან აწარმოოს ყველა ის პროდუქცია, რომელიც მას ნორმალური არსებობისათვის სჭირდება და სწორედ ამიტომაც, თვით ცხოვრების მიერ არის ნაკარნახევი პროდუქციის გაცვლის აუცილებლობის პრინციპი, რაც ბოლო პერიოდში ცივილურ ფორმას იღებს.

თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის სისტემა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ყველა ქვეყანა მოგებული დარჩეს. ეს პირობა თავისთავად თითქოს მარტივია, მაგრამ მის განსახორციელებლად საჭიროა დიდი ძალისხმევა მრეწველობის ინფრასტრუქტურის, საკანონმდებლი ბაზის, საერთაშორისო შეთანხმებების მიღწევის და ადმინისტრაციული მართვის სფეროში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია თავისი პოლიტიკის გატარებით ხელს უწყობს, ერთის მხრივ, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ერთი საერთო წესის შემოღებას და დაცვას და, მეორეს მხრივ, იძლევა საფუძველს, რომ შეიქმნას გარკვეულ ქვეყნებში თავისუფალი ბაზრები, მათ შორის, საერთაშორისო დანიშნულებისაც. ცხადია, რომ საქართველო წარმოადგენს რა ბუნებრივ კორიდორს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მას შეუძლია ითამაშოს ასეთი საერთაშორისო თავისუფალი ბაზრის როლი, რის შედეგადაც იგი დიდ სიციალურ და ეკონომიკურ ეფექტს მიიღებს. საქართველომ საერთაშორისო ბაზრის მნიშვნელობის ქვეყნის სტატუსი რომ შეიძინოს, უნდა შეიქმნას სათანადო დონის საგადასახადო გარემო, რადგანაც არსებული საგადასახადო სისტემიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ბაზარი საშუამავლო ოპერაციების შემსრულებლად ვერ გამოდგება და ეს ერთგვარად აფერხებს საქართველოში თავისუფალი საშუამავლო საერთაშორისო ბაზრის ფორმირებას, რაც აბათილებს სახელმწიფოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდგომარეობით გამოწვეულ ასეთ ბაზარზე შესვლის სტიმულს. ამიტომ, საგარეო ვაჭრობაში ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის ბაზარი გაჯერებულია ძირითადად იმპორტირებული პროდუქციით, ხოლო სამამულო პროდუქციის მოცულობა როგორც ბაზარზე, ასევე ექსპორტის სახით იმპორტთან შედარებით ძალზედ მოკრძალებულია. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2003 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15019 ათ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 4441 ათ. დოლარია, ხოლო იმპორტი 10578 ათ. აშშ დოლარი. (ცხრ.1) საქართველოს სავაჭრო ბალანსი უარყოფითია და 6137 ათ. აშშ დოლარს შედგენს. მიუხედავად იმისა, რომ 1995-2003 წლებში საქონლის ექსპორტი 2,9-ჯერ გაიზარდა, მისი დონე მაინც დაბალია. საშუალოდ იგი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. 2004 წლის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა საქონლისა და მომსახურების ექსპორტთან მიმართებაში 416,3 მლნ. ლარი შეადგინა (ცხრილი #1);

სულ რეგისტრირებული სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში 1063 მლნ აშშ დოლარია, აქედან ექსპორტი 298 მლნ აშშ დოლარი, იმპორტი კი 765 მლნ. ამავე პერიოდში რეგისტრირებული ექსპორტი გაიზარდა და გახდა 66%, იმპორტი კი 57%, მიუხედავად ამისა სავაჭრო ბალანსი მაინც უარყოფითი რჩება (467 მლნ დოლარი).

ზემოთ აღნიშნული იმედის მომცემი იქნებოდა ექსპორტის ზრდა და საგარეო ვალების შემცირება ქვეყნის ეკონომიკური აქტივობით რომ იყოს განპირობებული. რეალური სურათი კი გვიჩვენებს, რომ ეს მოხდა საქართველოში ე.წ. ”მდიდართაგან” ამოღებული თანხების საფუძველზე. საგარეო ვალებზე ზეგავლენა იქონია ასევე აშშ დოლარის ხელოვნურად გაუფასურებამ. რაც შეეხება საქართველოს ექსპორტს (ცხრილი #2), მისი ზრდა ძირითადად შავი და ფერადი ლითონების დიდი რაოდენობით გატანითაა განპირობებული და ასევე, 2004 წელს სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავების ექსპორტით (45,8 მლნ დოლარი).

ანალიზმა ცხადყო, რომ ჯერ კიდევ სტაგნაციის ფაზაშია სამამულო წარმოება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამამულო წარმოების კონკრეტულ პროდუქციას კონკურენციას უწევს იგივე დასახელების იმპორტული პროდუქცია თავისი შედარებით დაბალი ფასებით. ასეთ დაბალ ფასს იმპორტიორი აწესებს სავსებით გააზრებულად, რომ ბაზარზე მას კონკურენტი არ ყავდეს. ამით იგი აჩერებს რა მისთვის არასასურველ წარმოებას, ბაზარზე მოქმედებს ”თავისუფლად” და ასეთ სიტუაციაში მას შეუძლია ფასის შემცირება პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე. რაც შეეხება მომხმარებელს, იგი დაბალი დონის მყიდველუნარიანია, რის გამოც ირჩევს დაბალი ფასის პროდუქციას (ცხრილი #3).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ განიცდის ერთგვარ კრიზისს. ამ ფონზე კი გადასახადების, ტარიფების და კვოტების მიმართ პროტექციონიზმი ძალზე მომხიბვლელი ხდება. თუ იმპორტშემცვლელი პროდუქციის მწარმოებელ საწარმოს შევუმცირებთ გადასახადებს, ერთი შეხედვით წარმოებას შეღავათები შეექმნება. იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდით კი თითქოს ვიცავთ ქვეყანაში იმპორტშემცვლელ წარმოებებს. ამის თანმდევი ეფექტი კი უარყოფითია, რადგანაც იგივე პოლიტიკის გატარება იწყება სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც, რაც საბოლოოდ ლახვარს სცემს საერთაშორისო ვაჭრობას. საერთაშორისო ვაჭრობის დაცვის მიზნით მსო-ს შემუშავებული აქვს ტარიფების მექანიზმი FTA-ს (თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი),GSP-შ (პრეფერენციული რეჟიმი) და MFN-ის (უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) მეშვეობით.

საქართველოს სავაჭრო რეჟიმების საიმპორტო სატარიფო სქემა მოიცავს 22 განაკვეთს (0-დან 30%-მდე), საშუალი შეწონილი საიმპორტო ტარიფი შეადგენს 10,8%-ს, გაუქმებულია არასატარიფო ბარიერები (გარდა ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პროდუქტებისა), ამ ეტაპზე არ არსებობს რაოდენობრივი კვოტები ან სატარიფო კვოტები. ამავე დროს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით საქართველო სარგებლობს მხოლოდ დსთ-ს 11 ქვეყანასთან, მაშინ, როდესაც იგივე რეჟიმი ბალტიისპირეთის ქვეყნებს დამყარებული აქვთ 30 ქვეყანასთან და, შესაბამისად, 10-ჯერ მეტია ექსპორტის მოცულობა საქართველოსთან შედარებით.

რაც შეეხება მსო-ს წევრ ქვეყნებთან შეღავათიანი ხელშეწყობის რეჟიმით საქართველოს საქონელბრუნვას, იგი შემდეგნაირად გამოიყურება (ცხრილი #4):

ექსპორტი მთლიან ბრუნვაში 2003 წლისათვის შეადგენდა � 24%-ს, იმპორტი კი – 76%-ს, რაც საიმედო პერსპექტივებს ნამდვილად არ სახავს.

2002 წლის იანვრამდე საქართველოში მოქმედებდა GSP-თ გათვალისწინებული პროდუქციის მგრძნობელობის 4 კატეგორია. 2002 წლის 1 იანვრიდან კი ევროკავშირის გადაწყვეტილებით მგრძნობელობის 4 კატეგორიის ნაცვლად დაწესდა ორი დონე – “მგრძნობიარე” და “არამგრძნობიარე”. “მგრძნობიარე” კატეგორიის იმპორტულ საქონელს უწესდება დიფერენცირებული შეღავათები. ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობით, GSP-ით გათვალისწინებული უპირატესობები არ ვრცელდება მთელ რიგ სასაქონლო ჯგუფებზე და პოზიციებზე (თევზეული, მარცვლეული, ბოსტნეულისაგან მიღებული პროდუქცია, ხორცისა და თევზეულის პროდუქცია, მადნები და კონცენტრანტები, სამკურნალო საშუალებები, ხის მერქნის პროდუქცია, ქაღალდი, იშვიათი მეტალები, საბრძოლო იარაღი, სურათები).

სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს სავაჭრო რეჟიმი ქვეყანაში ოფიციალურად დადგენილი შედარებით დაბალი ტარიფებითა და მინიმალური არასატარიფო ბარიერების გამო შეფასებულია “2 ბალით” (10-ბალიანი შეფასების მიხედვით).

როგორც ვხედავთ, მიუხედავად სხვადასხვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმებით ფუნქციონირებისა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის განმაზოგადებელი მაჩვენებლები უარყოფითი ბალანსით ხასიათდება, რაც ჩვენი აზრით, საქართველოს რეალობაში წარმოების განვითარების უკიდურესად დაბალი დონით აიხსნება. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2005 წლის მაისში 32,2%-ით გაიზარდა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 503,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2005 წლის იანვარ-მაისში საქართველოს რეგისტრირებულმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1113 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 32,2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 304,6 მლნ. დოლარია (შესაბამისად, 31,8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 808,4 მლნ. დოლარი (32,3 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 87 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტმა 536,6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. დადებითი სავაჭრო ბალანსი (32,8 მლნ აშშ დოლარი) 27 ქვეყანასთან დაფიქსირდა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ისევ რუსეთია. ის 2004-2005 წლებში სავაჭრო ბრუნვის მიხედვით პირველ ადგილზეა. 2005 წლის იანვარ-მაისში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 199,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2004 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 65,7 პროცენტით მეტია, ხოლო ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 3,6 პროცენტული პუნქტით – 14,3 პროცენტიდან 17,9 პროცენტამდე გაიზარდა.

ეფექტიანი სავაჭრო ურთიერთობებისათვის საქართველოს სავაჭრო სტრატეგიის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს შენაცვლებისა და ჩანაცვლების პოლიტიკის განხორციელება. ეკონომიკის ციკლურობიდან გამომდინარე, აღნიშნული პოლიტიკის გატარება მაღალ შედეგებს მოგვცემს ისე, რომ არ შეიცვალოს საბოლოო მიზანი და ძირითადი სტრატეგია.

თანამედროვე პერიოდში ფართო გამოყენება ჰპოვა მომსახურებით ვაჭრობამ. სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხდარმა რევოლუციურმა ცვლილებებმა შეცვალა საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურაში არსებული ტრადიციები და წინა პლანზე წამოიწია მომსახურების ბაზრების განვითარებამ. ფართო მოთხოვნა გაჩნდა მომსახურებით ვაჭრობის ისეთ სახეებზე, როგორებიცაა: ტურისტული იმპორტი და ექსპორტი; საინფორმაციო სისტემებით მომსახურება; ტექნოლოგიებით ვაჭრობა; ნოუ-ჰაუ, პატენტებითა და ლიცენზიებით ვაჭრობა; ასე მაგალითად: ტურისტული ბიზნესის წილად მოდის დაახლოებით 6% მსოფლიო ეროვნული პროდუქტი, 7% ჯამური კაპიტალდაბანდებანი, 11% სამომხმარებლო ხარჯები და 5% საგადასახადო შემოსავლები. 2000 წლის მონაცემებით, ყოველი მე-16 სამუშაო ადგილი მსოფლიოში მოდიოდა ტურიზმზე. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდება. საქართველოში კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2000 წელს 8826,7 ლარი შეადგინა, რაც ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების მთლიანი მოცულობის 14,5%-ია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ამ პერიოდისათვის 1995 წელთან შედარებით 26 მლნ. ლარით გაიზარდა.

XX საუკუნის ბოლოდან ფართო განვითარება ჰპოვა ელექტრონულმა ვაჭრობამ და სხვ. 2000 წლის მონაცემებით, ინტერნეტის მომსახურებით სარგებლობდა 427 მცირე საწარმო. 2002 წლის დასაწყისში Mმათი რაოდენობა 95 პროცენტით გაიზარდა. ინტერნეტის მეშვეობით მიღებული შეკვეთების საერთო თანხამ 19 მლრდ დოლარს მიაღწია 2002 წლის ბოლოს, რაც 67%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს1. ინგლისური კომპანია Datamasterის გამოკვლევით, სამომხმარებლო ელექტრონული ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია 26 მლრდ დოლარს. 2005 წლისათვის კი საოჯახო შესყიდვების 70 პროცენტი განხორციელდება ინტერნეტის მეშვეობით2. რაც შეეხება საერთო მოხმარების ქსელს, ინტერნეტით 1999 წელს მთელს მსოფლიოში სარგებლობდა 199 მლნ კაცი, 2000 წელს – 400 მლნ-ზე მეტი, ხოლო 2005 წელს – 1 მლრდ-ს გადააჭარბებს3

კომერციის წარმოებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გასაყიდი პროდუქციის რეკლამას. მისი მოცულობა პირდაპირპროპორციულია კომპანიის შემოსავლებისა. უმსხვილესი კომპანიები თავიანთი პროდუქციის რეკლამაში დიდძალ თანხებს ხარჯავენ. რეკლამირების არხებიდან ყველაზე იაფ რეკლამად აღიარებულია რეკლამა ინტერნეტის საშუალებით.

2001 წლის მონაცემებით, ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული რეკლამის ხვედრითი წილი 61 პროცენტს შეადგენდა. 2000 წლისათვის ეს მაჩვენებელი 27% იყო, ხოლო 1999 წელს კი – 40%4.

2001 წლის ტრადიციული რეკლამის მოცულობა 11 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2005 წლის პროგნოზით, 18-დან 40 მლრდ დოლარამდე მიაღწევს, რაც მთელი სარეკლამო ბიზნესის 6%-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამაზე მოდის მთელი ბაზრის 75%, ევროპაში – 12%, ხოლო აზიაში – 7%. ექსპერტების აზრით, 2005 წელს იგი გადააჭარბებს სატელევიზიო რეკლამის მოცულობას5. ფართო პოპულარობით სარგებლოს აგრეთვე ელექტრონული კომერცია “ბუსინესს ტო ცუსტომენ” (მსხვილი კომპანიების კორპორაციული სექტორი. 2000 წელს ამ სექტორის წილად მოდიოდა ელექტრონული კომერციის 3,5 მლრდ აშშ დოლ.მოცულობით ელექტრონული ვაჭრობა. 2005 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ევროპაში 63 მლრდ აშშ დოლ-ია, აშშ-ში – 104,7 მლრდ დოლ, მსოფლიოში – 197,6 მლრდ აშშ დოლარი.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგნორირება გავუკეთოთ ვაჭრობის ტრადიციულ ფორმებს, უარი ვთქვათ მომგებიან ექსპორტზე და გადავინაცვლოთ ეკონომიკის სხვა სფეროებში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფორმა ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკაში მიზანმიმართულად უნდა გამოიყენებოდეს ვაჭრობიდან მოგების მიღების თვალსაზრისით. ამის განხორციელება კი შესაძლებელია მარკეტინგული მართვის (მარკეტინგ-მენეჯმენტი) გამოყენებით. სწორედ მის საფუძველზე ხდება სასაქონლო და მომსახურებით ვაჭრობის ეფექტიანი შეთავსება ისე, რომ თითოეულმა მათგანმა სასურველი შედეგი მოგვცეს დივერსიფიკაციის პოლიტიკის გატარებისას.

თავისუფალი ბაზრის ეკონომოკური მიზანშეწონილობა საქართველოსათვის დამოკიდებულია საექსპორტო პროდუქციის წილის გაზრდაზე, მრეწველობის ინფრასტრუქტურის შექმნასა და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოებაზე.

თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი ფორმაა თავისუფალი ეკონომიკური ზონა ( თეზ), რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია.

თეზ-ის შექმნისათვის სხვადასხვა ქვეყანას თავისებური მიზანი აქვს. დიდი და განვითარებული ქვეყნები ასეთ ზონებს ქმნიან იმ მიზნით, რომ მოახდინონ რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაცია.

მაგალითად, ინგლისი ასეთ ზონებს ქმნის ვირჯინიის კუნძულებზე, რუსეთი – შორეულ აღმოსავლეთში, ანუ იქ, სადაც სახელმწიფოს ერთგვარად უჭირს რეგულირების და კოორდინაციის განხორციელება. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, თეზ-ი მათთვის ღია ეკონომიკური პრინციპის პოლიგონის შექმნის მიზანს წარმოადგენს. ამავე დროს, ასეთი ქვეყნების მიერ ზონების შექმნა მოითხოვს თვით ამ ქვეყნების წინასწარ მზადყოფნის სწორ შეფასებას, რაც ძირითადად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეთნიკურ ჯგუფებზე, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და სხვ.

საქართველოში კლასიკური ტიპის თეზ-ის შექმნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემდეგი მოსაზრებების გამო: პირველი – საქართველოში საკმაოდ ლიბერალური და გახსნილი ეკონომიკური სივრცეა, რაც აქტუალობას უკარგავს თეზ-ის შექმნას; მეორე – როგორც საერთაშორისო გამოცდილებამ ცხადყო, ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, თეზ-ს არ ქმნიან; ისინი, როგორც წესი, ერთიანდებიან საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში;

თეზ-ის შექმნა, ჩვენი აზრით, საქართველოში შეიძლება განხილულ იქნეს სამეცნიერო-ტექნიკური და სამეცნიერო-საწარმოო ზონების შექმნის პრინციპით. ასეთი ზონები ნაკლებადაა დაკავშირებული კორუფციასთან და ჩრდილოვან ეკონომიკასთან, ასევე, არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტების საფრთხე. მათ შესაძლოა, ძლიერი ზეგავლენა იქონიონ ქვეყნის მეცნიერების აქტივობაზე და ეროვნული კონკურენტული რესურსების ფართოდ გამოყენებასა და გააქტიურებაზე. ამ ზონების შექმნა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოკლე ვადაში თავს დააღწევს წამოჭრილ ფინანსურ პრობლემებს და, რაც მთავარია, ტექნოლოგიებისა და ტექნო-პარკების შექმნით ქვეყანა წინ წამოწევს და განავითარებს ისეთ სტრატეგიულ, კონკურენტულ ფაქტორს, როგორიცაა მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი და ინოვაციური საქმიანობა. ეს კი ხელს შეუწყობს ეროვნული ტექნოლოგიების განვითარებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მრავალმხრივი სავაჭრო პოლიტიკის განხორციელებას.

სწორად გატარებული სავაჭრო პოლიტიკა ცალსახა შედეგებთან არაა დაკავშირებული. იგი ხელს შეუწყობს ეროვნული კადრების ქვეყნის შიგნით გამოყენებას, შეამცირებს “ტვინების გადინების” წილს შრომითი მიგრაციის პროცესებში, ამით კი უზრუნველყოფს ინტელექტუალური შრომითი რესურსების ქვეყნის შიგნით გამოყენებას, რაც მსოფლიო ცივილური ნაწილის მთავარი კონკურენტული “იარაღია”.