გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში კომერციულ ბანკებში საოპერაციო რისკის გამომწვევი მიზეზებისა და პოტენციური დანაკარგების რეზერვირების სისტემა

ირაკლი მექვაბიშვილი

საბანკო რისკის მართვა კომპლექსური პროცესია რომლის დროსაც ბანკის მენეჯმენტმა უნდა განახორციელოს ყველა იმ რისკის პროგნოზი და მართვა, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია ბანკის ყოველდღიურ საქმიანობასთან. მსხვილ უნივერსალურ ბანკებში, სადაც საბანკო პროდუქტების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რისკის მართვა რთულია და ბანკის მენეჯმენტისაგან დიდ ძალისხმევას მოითხოვოს.

ამ შემთხვევაში, მენეჯმენტმა თითოეული ტრანზაქციის დონეზე და ბანკის საქმიანობის ყველა მიმართულების შესწავლისადა ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა მოახდინოს რისკის დროული იდენტიფიცირება ყველა საბაზრო ფაქტორის გათვალისწინებით.
მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა1 განსაზღვრავს ექვს ძირითად საბანკო რისკს:
1. საკრედიტო;
2. ლიკვიდობის;
3. საბაზრო;
4. საოპერაციო;
5. რეპუტაციული;
6. საკანონმდებლო.
მიუხედავად იმისა რომ, კაპიტალის ადეკვატურობის რისკს არც ფედერალური სარეზერვო სისტემა და არც სავალუტო საზედამხედველო სააგენტო ცალკე-ცალკე არ განიხილავენ, ის მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რისკს, ვინაიდან ნებისმიერი რისკით გამოწვეული ზარალის გადაფარვა ადვილად არის შესაძლებელი კაპიტალური რეზერვებით. შესაბამისად, კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის მდგრადობის და საიმედოობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია.
საოპერაციო რისკი განისაზღვრება, როგორც შესაძლო დანაკარგი, რასაც იწვევს ბანკში არსებული არაადეკვატური შიდა კონტოლის სისტემა და არაეფექტური პროცედურები, ბანკის პერსონალის ქმედება, ტექნიკური სისტემების გაუმართავი მუშაობა და გარე ფაქტორების ზემოქმედება.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაზელის კომიტეტი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საოპერაციო რისკის გამომწვევი მიზეზებისა და მისი სწორი მართვის შესწავლის საკითხს. თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში საოპერაციო რისკის ადეკვატური მართვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ყველა საბანკო რისკის გონივრული მართვის სისტემაში.
საოპერაციო რისკის გამომწვევი მიზეზები შეიძლება ოთხ ნაწილად დავყოთ: 1) არაეფექტური შიდა კონტროლის სისტემა; 2) ბანკის პერსონალზე განპიროვნებული ფუნქციებისა და მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება; 3) ბანკის ტექნიკური სისტემების გაუმართავი მუშაობა; 4) გარე ფაქტორების ზემოქმედება.
შიდა კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპები შეიძლება სამ მიმართულებად დაიყოს:
1. თანამშრომელთა მოვალეობების სათანადო გამიჯვნა და ორმაგი კონტროლის სისტემა;
2. საკადრო პოლიტიკა, თანამშრომელთა როტაცია და სავალდებულო შვებულებები;
3. შიდა აუდიტის ადეკვატური სისტემა.
ბანკში თანამშრომელთა მოვალეობების სათანადო გამიჯვნაში იგულისხმება ფუნქციების იმგვარი გადანაწილება, რომლის შესაბამისად არც ერთ თანამშრომელს არა აქვს საშუალება, დამოუკიდებლად შეასრულოს საბანკო ოპერაციის ყველა ეტაპი. მსხვილ ბანკებში ამის განხორციელება ადვილია, ვინაიდან სამუშაოს მოცულობის გამო თითოეული ოპერაციის დასრულებას ერთზე მეტი ადამიანი სჭირდება. იქ, სადაც თანამშრომელთა ოდენობა შეზღუდულია, შეუთავსებადი ფუნქციების გამოყოფა რთულდება, თუმცა ბანკს უნდა ჰქონდეს კონტროლის ისეთი სისტემა, სადაც ერთი მუშაკის მიერ შესრულებულ სამუშაოს ავტომატურად ამოწმებს (ვერიფიკაცია) მეორე. ასეთი სისტემის უმთავრესი პირობაა ადეკვატური ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა, რათა გამოირიცხოს ერთი და იგივე ფუნქციის არაეფექტური შესრულება და დუბლირება.
ამასთანავე, ბანკის შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველია ორმაგი კონტროლის სისტემა. ამ სისტემის შესაბამისად, სულ ცოტა, ორი ადამიანის თანხმობის ან ერთობლივი ქმედების გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე საბანკო ოპერაციის შესრულება ან ბანკის გარკვეული ანგარიშების, ჩანაწერების და დოკუმენტაციის შეცვლა.
საკადრო პოლიტიკა წარმოადგენს ბანკის შიდა კონტროლის სისტემის შემადგენელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. სწორი საკადრო პოლიტიკის წარმართვა არის განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, თუ რა ხარისხის შიდა კონტროლის სისტემა არსებობს ბანკში. საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება კადრების შერჩევისა და მომზადების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივ პროცესს და შესაბამისი მოტივაციის სისტემების არსებობას.
ბანკში თანამშრომლების როტაცია მოვალეობების გამიჯვნის მნიშვნელოვანი დანამატია და, პირველ რიგში, ემსახურება თანამშრომელთა მხრიდან უსამართლო ქმედების შეზღუდვას. ამასთანავე, გეგმური და გონივრული როტაციის განხორციელება საშუალებას იძლევა, რომ თანამშრომლებმა მუდმივად აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეიძინონ მეტი გამოცდილება.
თანამშრომელთა სავალდებულო შვებულება კი კიდევ ერთი დამცავი საშუალებაა თაღლითობისაგან. რეკომენდებულია, რომ ყოველწლიურად თითოეულმა თანამშრომელმა უნდა ისარგებლოს, სულ მცირე, ორკვირიანი უწყვეტი შვებულებით მაინც.
ეფექტური შიდა აუდიტის სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას ადეკვატური შიდა კონტროლის სისტემის არსებობისათვის. თავდაპირველად შიდა აუდიტი მოიცავდა ფინანსური ჩანაწერების სიზუსტისა და თაღლითობის აღმოჩენის მიზნით დეტალურ შემოწმებას, მაგრამ ბანკებში ოპერაციებისა და ფუნქციების ზრდასთან ერთად საერთო მენეჯმენტის სფეროებში გადაინაცვლა. დღეისათვის აუდიტის ფუნქციები მოიცავს: (1) შიდა კონტროლის სისტემის შეფასებას, (2) საბუღალტრო-საფინანსო მონაცემების საიმედოობის შემოწმებას, (3) განვითარების გეგმასთან შესაბამისობის განსაზღვრას, (4) დანაკარგების აღმოფხვრის ზომების რეკომენდაციას და (5) აუდიტის შედეგების შეფასების მოხსენებას. ამრიგად, შიდა აუდიტი ვრცელდება მენეჯმენტის ყველა – როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ფინანსურ დონეზე კონსტრუქციული და დამცველი ფუნქციების შესასრულებლად. კომერციულ ბანკებში შიდა აუდიტი უმეტესად ფინანსური საკითხებითაა დაკავებული, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მისი სარგებლობა მთლიანად ორგანიზაციაში ეფექტურობის ამაღლების საქმეში.
საოპერაციო რისკის სწორი მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კომერციულ ბანკში არსებობდეს გარკვეული მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საოპერაციო რისკით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების რეზერვირების ადეკვატური სისტემის შექმნა.
ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, საოპერაციო რისკით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების რეზერვების შესაქმნელად სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: 1) საბაზისო, 2) სტანდარტული ანუ რისკების შეწონვის მეთოდი და 3) რისკის განსაზღვრის განვითარებული სისტემა.
რეზერვის გაანგარიშება სტანდარტული პრინციპის გამოყენებით ითვალისწინებს გარკვეული ოდენობის რეზერვის შექმნას, რომელმაც უნდა შეადგინოს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის2 არანაკლებ 15%-ა.
K (ბია) = GI % �
სადაც K (ბია) წარმოადგენს აუცილებელი რეზერვის მოცულობას, ხოლო GI არის ბანკის საზედამხედველო კაპიტალი და � = 15%.
სტანდარტული მეთოდი ითვალისწინებს სხვადასხვა მოცულობის რეზერვების შექმნას ბანკის კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე. მაგალითად, ამერიკულ ბანკებში საოპერაციო რისკის განსაზღვრისას ბანკის საქმიანობა იყოფა ექვს ძირითად მიმართულებად: 1) კორპორატიული კლიენტების დაკრედიტება, 2) საცალო საბანკო მომსახურება (ფიზიკური პირებისათვის), 3) ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების ოპერაციები, 4) საინვესტიციო ოპერაციები, 5) ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები, 6) სავაჭრო ოპერაციები და გაყიდვები.
აღნიშნული სფეროების რისკიანობიდან გამომდინარე, თითოეულ მიმართულებას აქვს შეწონვის კოეფიციენტი, რომელიც ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად მერყეობს 12%-დან – 18%-მდე. ყველაზე რისკიან სფეროებად მიჩნეულია კორპორატიული კლიენტების დაკრედიტება, ანგარიშსწორებისა და საინვესტიციო ოპერაციები. შესაბამისად, შეწონვის კოეფიციენტი ამ სფეროებში უნდა იყოს წარმოდგენილი 18%-ის ფარგლებში.
K (ტსა) = – (GI (1-6 ) % – (1-6) ),
სადაც K(ტსა) წარმოადგენს აუცილებელი რეზერვის მოცულობას,
ხოლო GI არის ბანკის საზედამხედველო კაპიტალის შეწონილი მოცულობა თითოეული ზემოაღნიშნული სფეროსათვის და ცვალებადი მაჩვენებელია, რომელიც მერყეობს 12%-დან – 18%-მდე.
შეწოვის კოეფიციენტი რისკიან სფეროებში

რაც შეეხება საოპერაციო რისკის განსაზღვრის განვითარებულ სისტემას, იგი ეფუძნება თვით კომერციული ბანკის მიერ შემუშავებულ მეთოდიკას, სადაც გაერთიანებულია სამი ძირითადი მიმართულება:
1. ბანკის მენეჯმენტის ზედამხედველობისა და საინფორმაციო სისტემა;
2. პოლიტიკის და პროცედურების განუხრელი შესრულება;
3. ადეკვატური შიდა კონტროლის სისტემა;
მენეჯმენტის ზედამხედველობის სისტემაში იგულისხმება ბანკის სტრუქტურაში აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე გარკვეული ქვედანაყოფის არსებობა, რომელიც შესაბამის მონიტორინგს გაუწევს ყველა სახის ფინანსურ რისკს, მშ განსაზღვრავს და დროულად აღმოფხვრის საოპერაციო რისკის გამომწვევ მიზეზებს. ბევრ ბანკში ასეთი ქვედანაყოფები არსებობს ბანკის მენეჯმენტის (დირექტორატის) დონეზე სხვადასხვა კომიტეტების სახით (საკრედიტო, საფინანსო, რისკის მართვის და აუდიტის კომიტეტები). ამასთანავე, სასურველი იქნება, თუ ქართული ბანკები გაითვალისწინებენ თავიანთ სტრუქტურებში ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვის, რისკის განსაზღვრის და მართვის კომიტეტს.
საოპერაციო რისკის უნივერსალური განსაზღვრა არ არსებობს, თუმცა თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში საოპერაციო რისკად ითვლება ის რისკი, რომლის შედეგად ბანკი განიცდის ზარალს შიდა კონტროლის სისტემების (თანამშრომლების მიერ დაშვებული მექანიკური ან განზრახ ჩადენილი თაღლითობა3, ტექნიკური და პროგრამული ხასიათის შეცდომები) და გარე ფაქტორების ზეგავლენის შედეგად. გარე ფაქტორებში იგულისხმება ბანკის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო საქმეები (იურიდიული რისკი), ბანკის მიმართ განხორციელებული თაღლითობა4 და მატერიალური აქტივებისთვის მიყენებული ზიანი, რაც სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული (მიწისძვრა, ხანძარი, თავდასხმა, ტერორისტული აქტი5 და ა.შ.).
არსებობს ასევე გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკს შორის. მაგალითად, საბანკო ოპერაციის განხორციელებისას ბანკის თანამშრომლის ან ტექნიკურად გაუმართავი საოპერაციო სისტემის გამო დაშვებული შეცდომა შეიძლება საბაზრო ან საკრედიტო რისკის გამომწვევი მიზეზი გახდეს. მაგალითად, 1995 წელს ცნობილი ბანკი “ბერინგსის” კოლაპსი გამოწვეული იყო დიდი ფინანსური დანაკარგით, რაც მან განიცადა საფონდო ბირჟაზე მასშტაბური სპეკულაციური ოპერაციების გამო. ერთი შეხედვით, ამ შემთხვევაში უმსხვილესი ბანკის გაკოტრების გამომწვევი მიზეზი საბაზრო რისკი იყო. თუმცა რეალურად მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მდგრადი საბანკო ინსტიტუტის გაკოტრება საოპერაციო რისკით იყო გამოწვეული, რაც გამოიხატა ბანკის შიდა კონტროლის სისტემის სრულ მოშლაში. როგორც წესი, საოპერაციო რისკის მიმართ მგრძნობიარენი არიან მსხვილი ბანკები, რომლებიც ხასიათდებიან რთული ინფრასტრუქტურით, კლიენტურის დიდი ოდენობით და ფილიალების ფართო ქსელით.
როგორც უკვე აღინიშნა, საოპერაციო რისკის ადეკვატური მართვა შესაძლებელია ეფექტური შიდა კონტროლის სისტემის არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, სასურველია, თუ ბანკის მენეჯმენტი განახორციელებს საოპერაციო რისკით გამოწვეული ზარალის გადაფარვას სპეციალური რეზერვების შექმნით, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვირების სისტემის ანოლოგიურად. ასევე, თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული საბანკო რისკის დაზღვევა. დაზღვევას, მეტად ექვემდებარება საოპერაციო რისკით გამოწვეული დანაკარგები.
საოპერაციო რისკის სწორი მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კომერციულ ბანკში არსებობდეს ცალკე სრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამის მონიტორინგს გაუწევს ყველა სახის ფინანსურ რისკს, მშ განსაზღვრავს და დროულად აღმოფხვრის საოპერაციო რისკის გამომწვევ მიზეზებს. ამასთანავე, აუცილებელია, ბანკს ჰქონდეს შესაბამისი მეთოდოლოგიური ბაზა (პოლიტიკა და პროცედურები), რაც უზრუნველყოფს შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურ მუშაობას, ხოლო ბანკის მენეჯმენტს საშუალებას მისცემს, დააწესოს მუდმივი მონიტორინგი მის განუხრელ დაცვასა და შესრულებაზე.
ძალზე მნიშვნელოვანია, ბანკებმა დანერგონ საოპერაციო რისკით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების რეზერვირების სისტემა, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მოსალოდნელი, ასევე გაუთვალისწინებელი დანაკარგები. გარდა რეზერვირების სისტემისა, მნიშვნელოვანია ასევე, ბანკებმა დანერგონ გარკვეული ნორმატივები საოპერაციო რისკის დროული და სწორი ანალიზისათვის.
მაგალითად: მთლიანი აქტივების შეფარდება ბანკის პერსონალთან; პერსონალის ხელფასის შეფარდება თანამშრომლების რაოდენობასთან; საოპერაციო ხარჯების შეფარდება ბანკის წმინდა შემოსავლებთან (ეფექტიანობის კოეფიციენტი).
ასევე, მიზანშეწონილია, ბანკმა დააზღვიოს როგორც საბანკო ოპერაციები, ასევე პერსონალის არაჯეროვანი ქმედებიდან გამომდინარე შესაძლო დანაკარგები რომელიმე წამყვან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაში.