XIX საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დემოგრაფიული ნააზრევი

ჯამლეტ ჯანჯღავა, ეკ. მეცნ. კანდიდატი

საქართველოს დემოგრაფიული ვითარება ყოველთვის იყო ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მსჯელობის საგანი. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში თავიანთ პუბლიცისტურ წერილებში ისინი ეხებოდნენ და აანალიზებდნენ მოსახლეობის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ეთნიკურ პრობლემებს, შიდა და გარე მიგრაციულ პროცესებს, სიკვდილიანობის ზრდის გამომწვევ მიზეზებს და ა.შ.

ცნობილია, რომ რუსეთი საქართველოში გატარებული დემოგრაფიული ექსპანსიის პოლიტიკით ყოველმხრივ ცდილობდა დემოგრაფიული ვითარების შეცვლას, ისტორიულად ჩამოყალიბებული რაოდენობრივი დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას და არც მალავდა თავის კოლონიზაციურ პოლიტიკას. ვინმე ს. კრივენკო აცხადებდა: “კავკასია მხოლოდ მაშინ გადაიქცევა რუსეთის საკუთრებად, როცა ამ ქვეყანაში ათიოდე რუსს კი არ დავასახლებთ, არამედ ასი ათასობით… უკეთესი იქნება, რომ ადგილობრივ მცხოვრებთ იარაღი ავყაროთ და მათ შორის ყველგან რუსები დავასახლოთ”.1 ეს აზრი არაერთხელ გამოითქვა რუსულ პრესაში, რასაც ყოველთვის ეხმაურებოდა გაზეთი “ივერია.”2 რუსეთის ხელისუფალთა მიზანი იყო, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან გაესახლებინათ მკვიდრი მოსახლეობა და მდინარე ენგურის შესართავამდე ყაზახ-რუსები დაესახლებინათ. მაგალითად, როგორც ა. დიაჩკოვ-ტარასოვი აღნიშნავს, 1870-იან წლებში რუსეთის შიდა გუბერნიებში დაიგზავნა მოსაწვევი განცხადებები აფხაზეთში საცხოვრებლად მსურველთა ჩამოსასახლებლად. კერძოდ, იაროსლავის გუბერნიიდან მოელოდნენ მებოსტნეებს.3 ამ დროს აქ დასახლებაზე უარს მხოლოდ ქართველებს ეუბნებოდნენ. “ივერიამ” არაერთი პუბლიკაცია დაბეჭდა იმის შესახებ, რომ ქართველი გლეხობა მიწის დიდ ნაკლებობას განიცდიდა, უაღრესად უჭირდა თავის რჩენა და ასეთ ვითარებაში თავის ქვეყანაში თავისუფალ მიწებზე დასახლების უფლებას არ აძლევდნენ იმ მიზეზით, რომ მთავრობას სურდა, შავი ზღვის ნაპირა ადგილები რუსი გლეხებით დაესახლებინა და არა ქართველებით.4 “ივერია” ქართველი გლეხობის სამართლიან მოთხოვნებს ყოველმხრივ ასაბუთებდა და მხარს უჭერდა. გაზეთი დაუნდობლად იბრძოდა აგრეთვე ქართველი ერის ტომობრივი დანაწილების, მის მიმართ ყოველგვარი ანტიეროვნული გამოვლინების წინააღმდეგ, ფართო საგანმანათებლო მუშაობას ეწეოდა ეროვნული შეგნების ამაღლებისათვის.
მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ მთელი რიგი პუბლიცისტური წერილები მიუძღვნა გარე მიგრაციის, ქორწინებისგარეშე შობადობის, უკანონოდ შობილთა უფლებების დაცვის, სქესთა მეორეული თანაფარდობისა და სხვა საკითხებს. მას განსაკუთრებით აღელვებდა საქართველოში იმიგრაციული პროცესის დაწყება, რაც სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებდა. ამ მოვლენის მთავარ მიზეზად მას ეკონომიკური პირობების გაუარესება მიაჩნდა: “გამრავლება ხალხისა და ვიწროობა ადგილ-მამულისა… როცა სიცოტავე ადგილ-მამულისა ვეღარ უძღვება ხალხს, როცა ვეღარა ჰკვებავს, მაშინ სხვა რა გზაა, თუ არ აყრა და სხვაგან ძებნა ახალის ბედისა.”5 აღნიშნული მიზეზით მამა-პაპის ადგილებიდან აყრასა და უცხო მხარეში გადასახლებას ილია დიდ უბედურებად მიიჩნევდა, მით უმეტეს, “იმისთანა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, საცა მკვიდრი, ერთხელ ერთს ადგილას დაბინავებული კაცი ძნელად გამოიმეტებს ხოლმე თავის მამა-პაპის ბინას და მიწა-წყალსა, დიდის სიმძიმით და გულისტკივილით ჰშორდება იმ ადგილს, საცა დაბადებულა, საცა უმოქმედია, ოფლი და სისხლი უღვრია მამა-პაპასა, საცა ულოცნიათ, უჭირნახულიათ, ულხენიათ და დასასრულ საცა დამარხულან; საცა ყოველივე ეს იმისთანა ზნეობრივს კუთვნილებას შეადგენს ადამიანისას, რომლის დაკარგვა, რომელზედაც ხელის აღება ჩვენის გლეხკაცისა თუ კეთილშობილისათვის ხორციელ სიკვდილზედ ნაკლები აღარ არის, იქ მამა-პაპისაგან დაშენებულის, დადებულის ბინის აშლა, აგვა, გათახსირება და სხვაგან ძებნა ბედისა, – იქ აყრა და სხვაგან გადასვლა იმისთანა მიზეზს უნდა მიეწეროს, რომელსაც ხალხის თვალში აღარა მოევლება – რა, აღარა ეშველება – რა.”6 ამ მიზეზს მართლაც არაფერი ეშველა. ილია ჭავჭავაძეს მოჰყავს ფაქტები რაჭიდან ოსეთში ათეულობით კომლის გადასახლებისა და შესაბამის ღონისძიებებსაც სახავს ამ პროცესის შესაჩერებლად, მაგრამ ამ 125 წლის განმავლობაში, მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებისა, საქმეს მაინც არაფერი ეშველა. იმ პერიოდში, როდესაც ილია ჭავჭავაძე ამ სტატიას წერდა (1886წ.), რაჭაში 64 ათასი კაცი ცხოვრობდა, მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი – 25 ათასი.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში იზრდება უკანონოდ შობილთა ანუ, როგორც მაშინ უწოდებდნენ, “ცოდვის შვილების” რიცხოვნობა. ამ პერიოდში ვითარდება ბურჟუაზია, იზრდება სოფლებიდან სამუშაოს საძებნელად ქალაქში ჩასული ახალგაზრდა ქალების რაოდენობა, რაც ცხოვრების მძიმე პირობებსა და ქალაქური ცხოვრების წესთან ერთად ხელს უწყობდა “ცოდვის შვილების” მომრავლებას. ყოველივე ეს აისახა იმ პერიოდის მხატვრულ ნაწარმოებებში. ეგნატე ნინოშვილის შესანიშნავ მოთხრობაში “ქრისტინე” ვკითხულობთ: “გოგოები სოფელშიც ვერ ინახავენ თავს წმინდათ, თორემ თბილისში, რა სათქმელია… ბევრი ქრისტინეს მსგავსი სტუმარი მიიღო ამ ქალაქმა.”7 საზოგადოებრივი აზრი ქორწინებისგარეშე შობადობას ახლაც ალმაცერად უყურებს, იმ პერიოდში კი იგი განსაკუთრებით მკაცრი იყო ამ მოვლენის მიმართ. ადრინდელი ქართული სამართლის მიხედვით, “მეფეთა ძეთაგან უწესოდ შექმნილთა აქვნდათ ხარისხი თავადობისა, თავადთაგან უკანონოდ შექმნილთა აქვნდათ ხარისხი მცირე აზნაურობისა. აზნაურთაგან შთამავალთა ამასვე სახედ აქვნდათ მსახურისა მეფისა ადგილი, ხოლო გლეხთაგანი მიეცემოდენ ეკლესიათა ყმად.”8 ქართულში არის ასეთი გამოთქმა: “ვინ არის შენი ბიჭი.” რადგან ძველად ბიჭი ხარჭისაგან შობილს, ბუშს ეწოდებოდა (სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით), ამიტომ მიმართვა ბიჭიც დამამცირებელი იყო.
ილია ჭავჭავაძე თავის წერილში – “უკანონოდ-შობილთა უფლება” ეხება მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს უკანონოდ შობილთა უფლებების გაფართოების შესახებ და მკითხველს აცნობს გაფართოებული უფლებების ცალკეულ პუნქტებს. მას მიაჩნია, რომ ამ სფეროში კანონმდებლობა “უკეთესს და სამართლიანს გზას დასდგომია,” რადგან უკანონოდ “შობილისთვის არც სახელია, არც გვარია, არც დედა, არც მამა, არც მამული, არც დედეული ქონება, არც მამაშვილური და დედა-შვილური განწყობილება. ერთის სიტყვით, რაც ქვეყანაზე ერთ-სისხლხორცობა, მამა-დედა-შვილობა, ნათესავობა წილს უდებს ადამიანს, ამას ყოველფერს მოკლებულია, ვინმც იბადება დაუქორწინებელ დედ-მამისაგან.”9 ახალი კანონპროექტი მაინც ტოვებდა გარკვეულ უთანასწორობას “კანონიერ და უკანონოდ შობილთა” შორის. დიდ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს მიაჩნდა, რომ “ესეთი კაცთაშორისი უსამართლო, უმადლო და ულმობელი ურთიერთობა, რასაკვირველია, ოდესმე თავის დროსა და ჟამს მოიჭამს და მარტო ისტორიაშიღა თუ დარჩება კაცობრიობის არა-სასახელო სახსოვრად.”10
ილია ჭავჭავაძე შემთხვევით არ შეხებია უკანონოდ შობილთა უფლებებს. ამ პერიოდში, როგორც ზემოთ ითქვა, გარკვეული პირობების გამო იზრდება უკანონოდ შობილთა რაოდენობა. მარტო 1875-1879 წლებში თბილისში 531 უკანონოდ შობილი ბავშვი დაიბადა. მიგდებული ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად უკანონოდ შობილები იყვნენ, კიდევ უფრო მეტი იყო. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან თბილისში დაიწყეს ზრუნვა მიგდებული ბავშვების გადასარჩენად და აღსაზრდელად. ეს საქმე დაევალა სამეანო ინსტიტუტს, სადაც მარტო სამ წელიწადში, 1874-1876 წლებში, პოლიციამ 200 მიგდებული ბავშვი მიიყვანა.11
1888 წელს ილია ჭავჭავაძე აქვეყნებს წერილს “სტატისტიკის საკითხებზე,” სადაც იგი განიხილავს 1886 წელს შედგენილი “საოჯახო სიების” მონაცემებს სქესთა მეორეული თანაფარდობის შესახებ. როგორც ცნობილია, დაბადებისას ვაჟები სჭარბობენ გოგონებს და მათ შორის შეფარდება ასეთია: ყოველ ას გოგონაზე ასოთხი-ასექვსი ვაჟი იბადება. ადრეულ ასაკში მეტი ვაჟი იღუპება და როდესაც ქალ-ვაჟს უჩნდება შთამომავლობის გაჩენის უნარი, ყოველ ას გოგონაზე ასი ვაჟი მოდის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თანაფარდობა არ ირღვევა, მაგრამ ასაკის მომატებასთან ერთად მამაკაცები გაცილებით მეტნი იღუპებიან, ვიდრე ქალები. აღნიშნული კანონზომიერების შესახებ ილია ჭავჭავაძე აღნიშნავს: “თითქმის ყველგან ევროპაში დედაკაცთა რიცხვი სჭარბობს მამაკაცთა რიცხვსა… ეს ამბავი მით უფრო შესანიშნავია, რომ დაბადებით მამაკაცთა რიცხვი ყოველთვის მეტია დედაკაცთა რიცხვზედ და მაშასადამე მამაკაცნი უნდა რიცხვით აღემატებოდნენ დედაკაცთა. საქმით-კი ესე არ გამოდის… როცა ასაკი ემატებათ და სისრულეში შედიან, მამაკაცთა ცხოვრება უფრო ბევრს მსხვერპლს იწირავს.
ეს ფათერაკიანი და განსაცდელიანი ცხოვრება მამაკაცისა მოჰყვანდათ ძველს მეცნიერებს იმის მიზეზად, რომ დედაკაცთა რიცხვი ყველგან მეტია მამაკაცთა რიცხვზედ. ხოლო ამ უკანასკნელ ხანებში მეცნიერებამ ეჭვი შეიტანა და ამბობს, რომ ამ მეტნაკლებობის მიზეზი სულ სხვა უნდა იყოს და მაინცდამაინც ეს მიზეზები უფრო ღრმად მიმალულნი და შორს არიან იმათზედ, რომ აქამომდე ეგონათო. ამ სახით დედაკაცთა მამაკაცზედ ნამეტანობა თუმცა მეცნიერებისაგან აღიარებულია და დამტკიცებული, მაგრამ ამისი მიზეზი-კი ჯერ-აქამომდე გამორკვეული და ნაპოვნი არ არის და ელის მეცნიერების საბუთიანს სიტყვას.”12 ილია ჭავჭავაძის დემოგრაფიული ნააზრევი სქესთა მეორეულ თანაფარდობაზე თითქმის ემთხვევა თანამედროვე დემოგრაფიულ აზრს ამ საკითხზე, რომლის შესახებ “საბუთიანი სიტყვა” მეცნიერებას ჯერ კიდევ ბოლომდე არ უთქვამს.
ვაჟა-ფშაველას, არა მარტო როგორც დიდ პოეტს, არამედ როგორც დიდ მოღვაწესა და მოაზროვნეს, მხედველობიდან არ გამორჩენია ქვეყნის დემოგრაფიული სატკივარი – მკვიდრი ერის შემცირება და ჩვენი ტერიტორიის გადასვლა სხვის ხელში. მის დროსაც კახეთში ლეკები თარეშობდნენ, ხოლო ქართლში ოსები მოსვენებას არ აძლევდნენ მოსახლეობას, რაც ჩვენში “ოსიანობის” სახელით არის ცნობილი. კერძოდ, დიდი პოეტი აღნიშნავდა, რომ მთელი ქართლი აივსო მთიდან ჩამოსული ოსებით, რომელთაც მიიღეს სტრაჟის სახელი.13 ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოსები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ მთებიდან და დასახლდნენ ქართლის ბარში. ასევე მნიშვნელოვანია მისი ერთი მოგონება: “პატარაობისას თელავის სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი: მთელი კახეთი, ვიდრე შამილს დაიჭერდნენ გუნიბში, ლეკების სანავარდო მოედანი იყო. რა წამსაც კი კავკასიონის ქედზე თოვლი შეთხელდებოდა, გზა გაიხსნებოდა, იმ წამსვე კახეთის ტყე და ველები ამწვანდებოდა, ლეკების ბრბოები დაიწყებდნენ თარეშობას.”14 მაგრამ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას სხვა ფაქტორებიც განაპირობებდა, რის შესახებაც ვაჟა-ფშაველა გულისტკივილით აღნიშნავდა: “საქართველო დღეს წააგავს მსუქან დუმას, გარეშე კაცი მიეტანა ამ დუმას და ნელ-ნელა ათლის კაი-კაი ნაჭრებს… ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის და ჩვენ, ქართველები, ამ დუმის თლას ან მიწაწყლის გადასვლას სხვის ხელში სასტიკად როდი ვეწინააღმდეგებით, როგორ ეკადრება ასეთი საქციელი ჩვენს კეთილშობილებას!… თუ ამ გზით ვიარეთ, უეჭველია, ჩვენი ტერიტორია მალე დაიფუყება და საქართველოს ნიადაგზე ისე აჭრელდება სხვა და სხვა ტომთა და ერთა სოფელ-დაბანი, რომ თვით დახელოვნებული ეთნოგრაფი, განსვენებული ლ. ზაგურსკი რომ წამოდგეს საფლავიდან, ვეღარ იცნობს აქაურობას და დაიკივლებს: “ეს რა ქვეყანაა – საქართველოა, თუ ეთნოგრაფიული გამოფენაო”,15 სწორედ ამიტომ ეროვნული გრძნობის ამაღლება, ერის განათლება და გამრავლება ვაჟა-ფშაველას ქვეყნის წინსვლის აუცილებელ პირობად მიაჩნდა; მით უმეტეს, მცირერიცხოვნობის პირობებში.
ვაჟა-ფშაველას, ისე როგორც ილია ჭავჭავაძეს, დიდ უბედურებად მიაჩნდა გაზრდილი გარე მიგრაციული პროცესები. ილია მიუთითებდა, რომ საჭირო იყო მიგრაციის მიზეზის აღმოფხვრისათვის სათანადო ყურადღების მიქცევა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოვლენა “დღითი-დღე მეტს ადგილს დაიჭერს ჩვენს ქვეყანაში და დღითი-დღე უფრო გაძლიერდება��-ო.16 ეს პროცესი სათანადო ღონისძიებების გაუტარებლობის გამო მართლაც ინტენსიური გახდა და მან საქართველოს მთიანეთის მოსახლეობაში მასობრივი ხასიათი მიიღო. მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა აღნიშნავდა: “ამ ოცდათხუთმეტი წლის წინად სოფ. მლეთიდან აყრილა უმამულო ქართველობა და დასდგომია კავკასიის გზას შიდა რუსეთისაკენ, როცა ვუსაყვედურე, რატომ საქართველოსაკენ არა ჰქენით პირი მეთქი, მიპასუხეს: პატრონი არა გვყავდა, არავინ გვიწინამძღვრა და რადგან კავკავი გვეახლოვებოდა, იქით წავედითო.”17 ამავე დროს, რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გართულდა მთიდან ბარში ჩამოსახლება, იქ დასახლებისათვის საჭირო მიწების შოვნა. მეფის რუსეთის ხელისუფლება გულუხვად არიგებდა უცხოელებზე მიწებს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ყოველმხრივ ზღუდავდა. ერს არსებობისა და გამრავლების საფუძველი ეცლებოდა – მიწა-წყალი სხვის ხელში ექცეოდა. ვაჟა-ფშაველა მიუთითებდა ამ მანკიერ მოვლენაზე მე-19 საუკუნეში: “რაც თავისუფალი სახნავი იყო, აზია-ევროპიდან მოსულებს უფეშქაშეს და დღეს, რაკი ეს სიმდიდრე გამოილია, ტყეებს მიჰყვეს ხელი.”18 ასეთ ფაქტებს მართლაც მასობრივი ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, მეფისნაცვალმა ვორონცოვმა ფრანგ კონსულ ჟაკ ფრანსუა გამბას მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში უწყალობა იმერეთის მეფეებისეული, დიდებული აჯამეთის ტყის უმეტესი ნაწილი.19 აჯამეთის ტყე ძველთაგანვე მიჩნეული იყო ერთ-ერთ საუკეთესო სანადირო ადგილად. ამის შესახებ აღნიშნავენ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ისტორიკოსები. მაგალითად, თამარ მეფის ისტორიკოსი აღწერს: “მოინადირიან კეთილი იგი სანადირო… აჯამეთი.”20 ამ დიდ ეროვნულ სიმდიდრეს მეფისნაცვალი თავის ნებაზე ანიავებდა. თბილისის გუბერნიაშიც ანალოგიური ვითარება იყო. “ნახევარი თბილისის გუბერნიისა,-წერდა ვაჟა-ფშაველა, – უცხოეთიდან მოსულებს უბოძეს სახმარად და სამკვიდროდ და კიდევ ვერ დასცხრნენ, არ ისვენებენ, რაღასაც ჩხირკედელაობენ და ცივ სამარეს უმზადებენ მკვიდრს, იმ მკვიდრსა, რომელიც ათას წლობით იდგა აქა და სწორედ რომ სისხლითა და ოფლით აქვს მორწყული ეს პატარა ქვეყანა.”21
ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვის საშიშროების შესახებ აკაკი წერეთელიც არაერთ წერილში აღნიშნავდა. იგი მიიჩნევდა, რომ ჩვენივე ბედოვლათობით სარჩო-საბადებელი სხვა ერის წარმომადგენლების ხელში გადადიოდა. დიდი პოეტი აფრთხილებდა თანამემამულეებს, რომ “ის ადგილ-მამული, ის მიწა-წყალი, რომლის გულისთვისაც ძველები თავს იწირავდნენ, დღეს ხელიდან გვეცლება, მხოლოდ ჩვენისავე დაუდევრობითა და ბედოვლათობით.”22 მას საჭიროდ მიაჩნდა ყველაფერი ეღონათ იმისათვის, რათა “გარეშე ხელში არა ჩაეგდოთ-რა!”23
უმიწაწყლობის გამო ქართველი გლეხობა უმძიმეს გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ხევსურები. როგორც ვაჟა-ფშაველა აღნიშნავს, ხევსურნი გადაშენების გზაზე იდგნენ, აღარ მრავლდებოდნენ, რადგან იძულებულნი იყვნენ, თითქმის შეეწყვიტათ სქესობრივი კავშირი.24 ვაჟა-ფშაველას შობადობის შემცირების მთავარ მიზეზად ეკონომიკური პირობები მიაჩნდა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ერის გამრავლების მთავარ წყაროდ თვლიდა.
მე-19 საუკუნის მოღვაწეებს სოციალურ ცვლილებებზე ზრუნვა ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობად, ხოლო ეკონომიკური აყვავება ეროვნული აღორძინების შეურყეველ ბურჯად მიაჩნდათ.25 ისინი, თითქმის უკლებლივ ყველა, ადგილ-მამულის სივიწროვეს ჩივიან, რაც აფერხებდა ერის გამრავლებას. იაკობ გოგებაშვილის აზრით, ქართველი გლეხის ასეთი სავალალო მდგომარეობა ქართველების რაოდენობის შემცირებას, ერის გადაგვარებას გამოიწვევდა: “შეუძლებელია, უცრემლოდ, მწველი სევდისა და სასოწარკვეთილების გარეშე უმზიროთ საქართველოს აწინდელ მდგომარეობას. ყველაზე მომაკვდინებელ დღეშია ქართველი გლეხობა, ქართველი ხალხის ყველაზე მრავალრიცხოვანი და საუკეთესო ნაწილი. ქართულ მიწას, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ურიცხვი მტრების შემოსევებისაგან სამშობლოს დამცველთა მიერ დატოვებული ძვლებისაგან შედგება, მთლიანად ბევრად უფრო სიამოვნებით გადასცემდნენ და ახლაც გადასცემენ ჩამოთესლილ ელემენტებს, ვიდრე ისტორიულ მფლობელთ, აბორიგენებს, ქართველ გლეხობას. მოსახლეობის რიცხვთან შეფარდებით ქართული მიწა ჩამოთესილთა ხელში ოთხჯერ უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივ მცხოვრებთა ხელში. აქედან მოდის ჩვენი გლეხების მიწის უკიდურესი სიმცირე და უმიწობა, რასაც შედეგად მოსდევს საზრდოს მუდმივი დანაკლისი, ნახევრად მშიერი ცხოვრება, რაც გადაგვარებით ემუქრება ხალხს.26 უმიწობა, “საზრდოს მუდმივი დანაკლისი,” ბუნებრივია, ამცირებდა შობადობას და იწვევდა მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. რუსეთის ხელისუფლებას ქართველი გლეხების უმწეო მდგომარეობა ნაკლებად ანაღვლებდა. იგი შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ რუსების დასახლებას ცდილობდა და ქართველ გლეხებს საცხოვრებელ ადგილებს არ აძლევდა. მისი მიზანი იყო რუსეთის ქვეშევრდომი ხალხების რუსებთან ასიმილაცია. იაკობ გოგებაშვილი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ “დენაციონალიზაციას აუცილებლად მოსდევს დემორალიზაცია, გახრწნა და დაცემა ერისა.”27
ქართველ მოღვაწეთა ნაშრომებში დიდი ყურადღება ექცევა ქართველი გლეხების უმწეო მდგომარეობას, შავი ზღვის სანაპიროზე მათთვის თავისუფალი მიწების საცხოვრებლად მიცემაზე უარის თქმას. როგორც ზემოთ აღინიშნა, აფხაზეთში ასახლებდნენ ყველას – რუსებს, სომხებს, ესტონელებს… აქ დასახლებაზე უარს მხოლოდ ქართველებს ეუბნებოდნენ. ასე იყო აჭარაშიც. დავით კლდიაშვილი იგონებს: “ბათუმის განაპირა უბანში… არარუსს ნება არ ჰქონდა, ეყიდნა ადგილი და სახლი აეშენებინა… საბაჟოში რომ გადმომტვირთავ-დამტვირთავი არტელი მუშაობდა – ამ არტელში შესვლა ყოვლად შეუძლებელი იყო, ღებულობდნენ მხოლოდ შიდა რუსეთიდან მოსულებს. ამგვარად იყო სხვაგანაც, ყოველ სამუშაოზე.”28
დასასრულ, შეიძლება აღინიშნის, რომ საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში საფუძველი ეყრება პირველად სტატისტიკურ-დემოგრაფიულ აღრიცხვას. დემოგრაფიული პრობლემების მეცნიერული შესწავლა სულ უფრო სრულყოფილ ხასიათს იღებს. დემოგრაფიული პრობლემები ეროვნულ ასპექტში საზოგადო მოღვაწეთა მსჯელობის საგანიც ხდება.