ნეტარ არიან ნეტარ-იუსები, ანუ როგორ უდრის 15000 30000-ს და 140000-ს

ემზარ ჯგერენაია

ნატარიუს ინგლისური სიტყვაა და ქართულად სახელგატეხილს ნიშნავს ეკონომიკაში ყველანაირი საოცრება შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით საქართველოში და რაც ახლოვდება შობა-ახალი წელი, მით უმეტეს. ამას წინათ, ამ სიცივით გაჟღენთილ შემოდგომის დღეს რედაქციაში ერთი ასაკშეპარული სათნო მანდილოსანი მოვიდა და შველა გვთხოვა.

გაინტერესებთ, რაზე? გამსახურდიას გამზირზე 8 ნომერში ბინას ყიდდა და ნოტარიუსში მისულა. იქ საკრებულოს დადგენილება გადმოუღეს თურმე, სადაც ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ქონების გადასახადი შემოიღეს. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ საინტერესო ის არის, საკრებულოს საოცარი ცხრილი შეუდგენია, რომლის მიხედვით, ღირებულების განსაზღვრის ახალი თეორია შეუმუშავებიათ – ძალიან მარტივი, თან საოცარი. Mმოკლედ, ცხრილია, ამრავლებ პირდაპირ კოეფიციენტზე და მორჩა.

მაგალითად, ამ ქალბატონის მეზობელმა გაყიდა სარდაფი იმავე კორპუსში. მიუყენეს იგივე კოეფიციენტი. მეორე მეზობელმა – პირველ სართულზე კომერციული საქმიანობისათვის გამოსადეგი ფართი. იმასაც იგივე კოეფიციენტი მიუსადაგეს. ანუ ამ ქალბატონის ბინა, რომელიც ღირს 30000, მეზობლის სარდაფი, რომლის ღირებულებაა 15000 და მესამე მეზობლის 140000-იანი ფართი პირველ სართულზე ერთმანეთს გაუტოლეს და მოსთხოვეს ბიუჯეტში ერთნაირი გადასახადი – როგორც საშემოსავლო (ისე, კოდექსი კარგად რომ იცოდნენ, სოციალურ გადასახადსაც მოსთხოვენ). სამივე შეაფასეს 45000-ად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ვინ შეაფასა ისინი? არც მეტი, არც ნაკლები, ნოტარიუსებმა. დღეს ამ დოკუმენტებით ნოტარიუსები გახდნენ ქონების შემფასებლები. ნატარიუს ინგლისურად სახელგატეხილს ნიშნავს და მაგათ კიდევ ეს უნდოდათ? საოცარია. მეტადრე, ჩემმა მზემ, ქონების შეფასების ეს მეთოდი ნობელის პრემიას იმსახურებს ეკონომიკის დარგში, მაგრამ, ჯერ ერთი, ახლა დაგვიანებულია წარდგენა და, მეორე, არ ვიცით, ვინ უნდა წარვადგინოთ კონკრეტულად, ვინ არის ავტორი – საკრებულო, ნოტარიუსი, თუ ორივე ერთად და კონკრეტულად რომელი გენიოსი ეკონომისტი? თქვენ ხომ არ იცით? ამ ქალბატონს რითი დავეხმაროთ, ვინ შეაფასებს ქონებას და რატომ ხდება, რომ 15000=30000 =140000?

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial