სრულიად, სრულიად… ყრილობა

ეკ. მეცნ. კანდ. ემზარ ჯგერენაია

საქართველო – ფარისეველთა ქვეყანა
მინდა მოვუბოდიშო ჩემს მკითხველს იმისათვის, რომ დაგვიგვიანდა 2002 წლის პირველი ნომრის გამოცემა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში სადაც მეტად მძიმე ეკონომიკური და რთული პოლიტიკური სიტუაციაა, ჟურნალი რჩება თავისი პრინციპების და იდეალების ერთგული – არ ვემსახუროთ არავის, არ ვიყოთ არავის აპოლოგეტი. მოვისმინოთ ყველაზე განსხვავებული, რადიკალური აზრიც, მოგვწონს თუ არა იგი ჩვენ.

სამეცნიერო-პოლიტიკური პლურალიზმი ჩვენი არსებობის კრედოა. ჟურნალი იყო და იქნება ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტებისათვის ასპარეზი, ხოლო განთქმულ მეცნიერ-ექსპერტთათვის – ტრიბუნა. ჩვენ გვსურს ვემსახუროთ ღირსეულ ქვეყანას- საქართველოს! ჩვენთვის ერთადერთს და სანუკვარს მთელ დუნიაზე; ხალხს, რომლებსაც ქართველებად იხსენიებენ ისტორიკოსები და ერთ-ერთი ღირსეულები არიან წარსულით, განათლებით და კულტურით მსოფლიოში.

ცოტა ხნის წინ, ერთი “ჩინოსანი” გადააყენეს. ის კი “გავარდა” და თავის კუთხის მაცხოვრებელთა “სრულიად ყრილობა” მოაწყო, მერე გავიხედეთ და ჩემი კუთხის (აფხაზეთიდან ვარ) შვილების “სრულიად ყრილობა” გაიმართა. აქეთ აღმზრდელთა პროფესიონალური ორი “სრულიად ყრილობა” შედგა. ახლა ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მზადდება “სრულიად პოლიტიკოსთა”, “სრულიად რელიგიურ უმცირესობათა”, “სრულიად რეფორმატორთა”, “სრულიად გლეხთა” “სრულიად კახელთა” და ა.შ. “სრულიად ყრილობები”. შემდეგ მოამზადებენ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას შემკვეთებისათვის და მოითხოვენ მთავარს – ფულს. თანაც ეს არის მიზანი, ეს რომ მორჩება, შეიკრიბება “სრულიად, სრულიად, სრულიად ყრილობათა ყრილობა”.

საქართველო ყრილობების და დემაგოგიის ქვეყანად ვაქციეთ.

ვინ, ვინ, მაგრამ თვითონ ამ ყრილობების ორგანიზატორებმა, რომელთა ამბიციებსაც ამ ყრილობების მოწვევა ემსახურება, კარგად იციან, რომ ეს არაფერია, თუ არა ვიღაცის წინაშე ძალის დემონსტრირება. ჩვენ, ქვეყნის შიგნით პრეზიდენტს და გარეთ, დასავლეთს თუ აღმოსავლეთს, უნდა დავანახვოთ, რომ ძალა გვაქვს და საზოგადოება მხარს გვიჭერს. ეს არის მთავარი, თორემ თვით ხალხის პრობლემებისთვის, რომელიც ყრილობაზე გამწარებული აღმართს აყოლილ ორთქმავლის საკვამურიდან ამოსულ ბოლს ჰგავს, არავის ცხელა. უფრო მეტიც, ეს სრული დემაგოგიაა. არავინ ამხელს რეალურ მექანიზმს ეკონომიკის ამ პირობებში საიდან უნდა მივიღოთ ის დამატებითი ათობით მილიონები, რომელსაც დელეგატებს ჰპირდებიან პენსიის და გაზრდილ ხელფასის ან აფხაზეთის დაბრუნების ოპერაციის დაფინანსებისათვის. დემაგოგიის მეტი რა უნდა ვუწოდოთ იმას, როცა ადამიანებს ვპირდებით ხელფასების, პენსიების მომატებას, კორუფციის დამარცხებას და დემოკრატიის გამარჯვებას, მეორე მხრივ, ოფიციალურად ვაცხადებთ – “ბიზნესი არ გვაინტერესებს”! ბიზნესი და “ბიზნესმენი უნდა გაინტერესებდეს” – პირველ რიგში, რადგან ისინი აპურებენ ქვეყანას. ნებისმიერი პოლიტიკა ბიზნესით და ბიზნესისათვის კეთდება!

ბედნიერებაა, როცა ადამიანებს სიუხვის მითვისება ბიზნესით სურთ და არა ქრთამით. თუ არ გაინტერესებს კარგი ცხოვრება, აბა რისთვის იბრძვი? რისთვის ხარჯავ ხალხის შესაკრებად ფულს, რისთვის ეწევი დემაგოგიას? რად ფარისევლობ? მთელ მსოფლიოში აღმერთებენ კაპიტალს. ჩვენ ჩვენი მემარცხენე ორიენტაციით რეალურად და სიტყვით, დასავლური ფასეულობების დეკლარირებით საქართველოში ბოლშევიკურ იდეებს ვქადაგებთ.

მსოფლიო ბანკის მოხსენებით, დღეში 1 დოლარზე ნაკლები (თვეში 60 ლარი) შემოსავალი აქვს 522 მლნ ადამიანს სამხრეთ აზიაში; 291 მლნ-ს – სუბსაჰარის აფრიკაში; 271 მლნ-ს – აღმოსავლეთ აზიაში; 78 მლნ-ს – ლათინურ ამერიკაში და 24 მლნ-ს – ცენტრალურ და ახლო აღმოსავლეთ ევროპაში. მსოფლიოში მილიარდ ორას მილიონზე მეტს, თითქმის მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს, თვეში 60 ლარზე ნაკლები აქვს. ჩვენ კი გვინდა, საქართველოში 80 ლარი მინიმალური ხელფასი კანონით დავაწესოთ. იცოცხლეთ კარგია! ისე, თუ სურვილზე მიდგება საქმე 80 000 აშშ დოლარი სჯობს წლიურად, ოღონდ ამით, ვშიშობ, ისედაც არალეგალურ ეკონომიკას კიდევ უფრო არალეგალურობისკენ ვუბიძგებთ. თუმცა, კარგად გვესმის, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ სურვილია, სანამ ბიზნესი და კერძო საკუთრება არ განვითარდება, მერე რა? ხალხს ტკბილი ტყუილი ურჩევნია, ჩვენ კი – ხმები.

პოლიტიკა და ბიზნესი განუყოფელია, ხშირად არალეგალური ბიზნესიც. უთხარით ეს ხალხს! უთხარით, რომ ყველაზე დემოკრატიულ და ყველაზე ცივილურ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ია, ისეთი ისტორიები ხდება, როგორიც მოხდა კომპანია “ენრონი”-ში. “ენრონი” ამერიკის უდიდესი ენერგეტიკული გაზის კომპანიაა, რომელიც ერთნაირი წარმატებით აფინანსებდა კლინტონებს და ბუშებს და ამავდროულად მილიონობით დოლარს ურიგებს უკანონოდ თავის დაქირავებულ დირექტორებს, აქციონერთა საზიანოდ. ამასთან, მიზანდასახული მაქინაციებით აკეთებდა ფულს, ის კონგრესის კომიტეტებში ხარჯავს წლების განმავლობაში 6 მილიარდს. საერთო ჯამში, 1989-2000 წლებში არჩევნებში ორივე მხარემ 10 მილიარდამდე დოლარი დახარჯა. სად, რომელ ქვეყანაში კეთდება აბსოლუტურად “წმინდა” ფული, სად, რომელ ქვეყანაში გმობენ ამისათვის “ბიზნესს?”. ყველას გვახსოვს ევროპულ კომისიაში კორუფციასთან დაკავშირებით ძველი სკანდალი და ახალ-ახალიც. ბრიუსელში ქრთამის აღება ახლა აღარავის უკვირს, სამი წლის წინ ჟაკ სანტერის თაოსნობით მთელი ხელმძღვანელობა გადადგა ჰოლანდიელი პოლ ვან ბუიტ ენენლის წყალობით (ის იყო მთავარი მხილებული). მას 20 000 თანამშრომელი ამხელდა ქრთამის აღებაში. ახლა მწიფდება იგივე სკანდალი. ევროპული პარლამენტის ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა, გერმანელმა გაბრიელ სტაუნერმა “დეილი ტელეგრაფთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკომისიაში არაფერი შეცვლილა და იქ ქრთამი ისევ ურთიერთობის მიღებული ფორმაა. ექსპერტებმა საგანმანათლებლო სისტემაში არარსებული კონტრაქტები აღმოაჩინეს, რომელიც კომისიის მიერ დაფინანსდა. ჩვენ ამით არავის და არაფერს არ ვამართლებთ, მაგრამ ერთადერთი გზა კორუფციის წინააღმდეგ საბაზრო პრინციპების დამკვიდრება, ბიზნესის განვითარება, ეკონომიკის და საბიუჯეტო საკითხების გამჭვირვალე რეგულირებაა და არა ის, რომ გაწამებულ ხალხს “ბიზნესი” გველეშაპად დავუხატოთ, ბიზნესმენი კი – ჩარჩად.

თუმცა, ვემიჯნებით იმ ე.წ. ბიზნესს, რომელსაც “წითელი დირექტორები” და ის სახელმწიფო ჩინოვნიკები აკეთებენ, რომლებიც არ ქმნიან არაფერს ახალს და სახელმწიფო სამსახურში მისვლის შემდეგ სახელმწიფო ფუნქციების დელეგირებას აკეთებენ თავის ფირმებზე.

მაგრამ ხომ უნდა გეყოს ცინიზმი, დღეს მოქალაქეს უთხრა 140 ლარ ხელფასზე ვმუშაობო. როცა ელექტროენერგიაში 50 ლარს იხდი, გაზში 20 ლარს, წყალში -10, ლარს ტელეფონზე ნალაპარაკევს – 60 ლარს. რა, არ ჭამთ?

ხომ უნდა გეყოს ცინიზმი, როცა ხედავ ეკონომიკა როგორ სტაგნაციურ, ჩირქთსავსე მდგომარეობაშია, რომ ჩვენი ექსპორტი მხოლოდ ჯართია და იმპორტი, მხოლოდ მოხმარების საგნები (და არა ტექნოლოგია და მოწყობილობა), უთხრა პედაგოგებს, ხელფასს რეალურად გაგიზრდი და პენსიას მოგიმატებო, ვინმე დაადანაშაულო იმაში, რომ “ფი-არი”-ს მეშვეობით შექმნეს ნევროზული სიტუაცია და ბრწყინვალე ადამიანს მოაკვლევინო თავი. ამაში კი სხვა დაადანაშაულო, როცა შენ თვითონ ხარ ამის დიდოსტატი; როცა შენი გამოგონილია, როგორ დასწამო ცილი ადამიანებს, თუ ისინი შენ არ მოგწონს, როგორ მიუსიო მას ჟურნალისტები, ატრიალო შენს კონტროლირებად “თავისუფალ” არხზე თუ ბეჭდვით მედიაში, სადაც შენ ანგელოზად გსახავენ, დანარჩენ საქართველოს კორუფციონერებად, აგენტებად, პროგრესის მტრებად და ქვეყნის დამაქცევლებად; როცა მზად ხარ, გარე მეგობრების საჩვენებლად შენთვის არასასურველი ხალხის გვარები ატრიალო პრესაში, გაამათრახო ყველა, ვინც შენზე ზნემაღალი და ჭკვიანია, რათა “იმას” ანახო, აი, ვინ “ანადგურებს ქვეყანას”, ვის აქვს რუსული ორიენტაცია და ვის ვებრძვი მე, თქვენი “რაინდი”; იმისათვის, რომ მოცელო ყველა რეალური პოლიტიკური მეტოქე, მზად ხარ, რომ საქართველო ლაფში ამოთხვარო, ქართველებს ჩაუნერგო არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ ჩვენ თურმე უგნურები, კაციჭამიები, ლაჩრები, კორუფციონერები და მოღალატეები ვართ, რომ არ შედგა ჩვენი ქვეყანა, და ყველანაირი ცოდვა, ქრთამი, კორუფცია ჩვენი მონაგონია. ნება რომ მოგცეთ, მაცხოვარს ბიზნესში დაადანაშაულებდით, ცინიზმით “კომპრომატების” კორიანტელს დააყენებდით, მერე მათ ფინანსურად გაამაგრებდით და ისეთ კამპანიას გააჩაღებდით მედიაში, ქრისტე მეორედ ეცმებოდა ჯვარს! ჯოჯოხეთის მედროშეები ხართ! თანაც ძლიერნი! ვინ ხართ ეს ცინიკური დირიჟორები?! ყველა, ვინც ერთს ფიქრობთ, ხალხს მეორეს ეუბნებით და მესამეს აკეთებთ! თუმცა, ეს ხომ პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია. ეს არის პოლიტიკა და რაც უფრო დიდოსტატურად შეგიძლია ითამაშო, იყო ფარისეველი, მით უფრო დიდი პოლიტიკოსი იქნები. პოლიტიკას თავისი მიზანი აქვს და ხალხი მისი მიზნის მიღწევის საშუალებაა. უკაცრავად ბატონებო, თამაშის წესებს თუ ვაშიშვლებ. ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრა! თუნდაც ამისათვის ცხენის შეკაზმვა დაგჭირდეს! და ეს სიმართლე უნდა უთხრას იმან, ვისაც ამის ზნეობრივი უფლება გააჩნია, მაგრამ ეს უტოპიაა, რადგან სადაც პოლიტიკაა, იქ სიმართლე არ იქნება. საქართველოში ისე, როგორც ყველა განვითარებად ქვეყანაში, ნებით თუ უნებლიეთ მოსახლეობის 80% არალეგალურად ცხოვრობს. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ამიტომ ლეგალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი, მთავარი ლეგალური ცხოვრების სტილის გაბატონება, საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.

ქონებრივი დეკლარაცია ამ დაქცეულ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის შემოვიღეთ. ჩვენი ოპონენტების გვარებს დღემდე ვატრიალებთ. ისე, უმიზეზოდ (გამონაკლისის გარდა), რათა დასავლეთს გვარები ვუთხრათ – აი, ეს ხალხი ცხოვრობს უკანონოდ და “ანტირეფორმისტულად”. ისე, დასავლეთზე გამახსენდა, 1946 წელს ბარნი ზიგელმა ლოს-ანჯელესის მაფიის ფულით დააარსა ქალაქი ლას-ვეგასი, სადაც ახლა 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ხოლო ბარნის დაარსებულმა სამორინე-სასტუმრო “ჰილტონ ფლამინგომ” ათას ასი მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა მის პატრონებს. წარმოიდგინეთ რამდენს შეიტანდა ბიუჯეტში, როგორც ნევადის შტატის, ისე ფედერალურში იმ უდაბნოში მთელი მოსახლეობა (საქართველოს ხელა) მხოლოდ მომსახურების სფეროშია დასაქმებული. ეს ის დასავლეთია, რომლის წიაღში იშვა “უოთერგეთი”, “ირანგეთი”, “ენრონგეითი”და კლინტონის საჩუქრები. ნუ ვიქნებით ცინიკური საკუთარი ხალხის მიმართ – იმას, რასაც ვემსახურებით მთელი არსებით და რაც ჩვენი არსებობის სტილია, ნუ გავკიცხავთ საჯაროდ და მოვრჩეთ ფარისევლობას. კაცის “გაშავება” და ბუზის სპილოდ ქცევა თქვენ რომ შეგიძლიათ, ისე ვის ეხერხება თქვენთან შედარებით ამ საქმეში, და მთლიანად, ქვეყნის “გარეშე მეგობრებთან” “ჩაშვებაში” ყველა დილეტანტია. უბადლო ალქიმიკოსები ხართ, მე და ჩემმა ღმერთმა…

ცოდვაა ხალხი, შეიცოდეთ ერი! ეს ის ხალხია, რომელმაც ისტორია ჭირში ოქროს ასოებით წერა, ურთიერთდასმენით და ღვარძლით კი არა, ცოტნეს მაგალითით მოვიდა დღემდე. ღმერთი დაგსჯით, გეშინოდეთ!!!

თავისუფლება ცალმხრივი მოძრაობა არ უნდა იყოს. მე არ მინახავს “თავისუფლების მქადაგებელი” ლოიალურად ეკიდებოდეს მის მიმართ კრიტიკას. პირიქით, თუ ვინმე მას გააკრიტიკებს, ის “მოსყიდულია” და “მოგზავნილი”. მაინც რა დევს ამ ხელისუფლებაში? რატომაა ის ასეთი ძვირფასი და სანატრელი? დავიჯეროთ, პრეზიდენტის 1000 ლარიანი ხელფასი გინდათ? ნუ ფარისევლობთ!

ჩემო გონიერო ერო! მხოლოდ კონცეპტუალური, მიზანდასახული, სტრატეგიული, ეკონომიკური პროგრამა, პოლიტიკური მტკიცე ნება, დაუღალავი შრომა და ტანჯვა, გამთლიანება ერისა, აფხაზეთისა და საბაზრო ეკონომიკის შექმნის იდეის ირგვლივ გვიხსნის. დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ აღმოსსავლეთის ან დასავლეთის არ უნდა იყოს. ორივესთან მჭიდრო თანამშრომლობით და ბალანსით, მოსეს უდაბნოს გზით აღთქმულ მიწისკენ სიარული, ეს არის გზა გადარჩენისაკენ!

თუ ეშმაკი უდაბნოში გამოგეცხადათ ვითარც მაცხოვარს და თქვენი ცდუნება განიზრახა, პრობლემების ადვილად გადაჭრით და “კარგი საქართველოს” უცებ შექმნით” არ აყვეთ ეშმაკს, განდევნეთ იგი!

საქართველო ფარისეველთა და “სრულიად ყრილობების ქვეყანაა” და იქნებ, ნუგზარ საჯაიას მოწამეობრივმა სიკვდილმა გამოგაფხიზლოთ. “მიწა და ღმერთი ორივე სისხლს მოითხოვს ერის რჩეულთაგან” წერს კ. გამსახურდია წინა საუკუნის დასაწყისში და იქნებ, ეს ის სისხლი იყო ჩვენდა წილად დაღვრილი.

საქართველოს ეკონომიკა იმ თბომავალს ჰგავს, საწვავი რომ გამოელია და დაქანებული რელიეფის ხარჯზე მუხრუჭებგაფუჭებული მიექანება. მას უჭირს, როგორც არასდროს. ფრთხილად, ჩემო ფარისევლებო, არ დაგავიწყდეთ, თქვენც ამ თბომავალში ზიხართ. შესაძლოა, მემანქანე იყო იმ თბომავლის, რომელიც უფსკრულში იჩეხება და უკან დარჩება ლიანდაგიც და მილსადენიც.

დღემდე ფარისეველთა და “სრულიად….სრულიად… ყრილობათა” ქვეყანა იყო საქართველო.