მთლიანი შიდა პროდუქტი 2005 წლის 9 თვეში

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის პრეს-რელიზი

წინასწარი მონაცემებით, 2005 წლის 9 თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა. დაზუსტებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება 2006 წლის იანვრის ბოლოსათვის.

ფინანსური შუამავლობის სფერო კვლავ ძალზე მაღალი ტემპებით ვითარდება. ამ სექტორში დაფიქსირებული ზრდის ტემპები ყველაზე მაღალია ეკონომიკის სხვა დანარჩენ სექტორებთან შედარებით. 2005 წლის 9 თვის განმავლობაში ფინანსური შუამავლობის რეალური ზრდის ტემპი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53.6 პროცენტი იყო. საბანკო სექტორის მაღალი ტემპებით განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა საზღვარგარეთიდან საკრედიტო ხაზების მოცულობის ზრდამ. თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური შუამავლობის ხვედრითი წონა მთლიან შიდა პროდუქტში კვლავ მცირეა (1.4 პროცენტი) და არსებით გავლენას ვერ ახდენს საერთო ზრდის ტემპზე.

კვლავ სტაბილურად ვითარდება მშენებლობის სექტორი. 2005 წლის III კვარტალში მშენებლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.7 პროცენტით მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნა, ხოლო 9 თვეში – 3.0 პროცენტით მეტი. ეს ზრდა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა I კვარტალში 25.4-პროცენტიანი კლება. მშენებლობის სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საბანკო სექტორიდან მშენებლობისათვის ხელსაყრელი გრძელვადიანი დაკრედიტება. 2005 წლის 9 თვის განმავლობაში მთლიანად 2004 წელთან შედარებით საბანკო სექტორიდან სამშენებლო სექტორში 27.0 პროცენტით მეტი კრედიტი გაიცა. ყოველივე ამას ემატება სახელმწიფოს მიერ სატრანსპორტო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ამ მიმართულებით დაფინანსება 3.2-ჯერ გაიზარდა.