მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2005 წლის გამოკვლევის შედეგები

ფატი მამიაშვილი

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს”, ფრეზერის ინსტიტუტის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის და თBჩ ბანკის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გაიმართა მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების კვლევის 2005 წლის ანგარიშის პრეზენტაცია. 2003 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის ანგარიშში პირველ ადგილზე გავიდა ჰონგ-კონგი (8,7 ქულა), მეორე ადგილზე – სინგაპური (8,5 ქულა), მესამე ადგილზე – ახალი ზელანდია, შვეიცარია და ა.შ.შ (8.2 ქულა). მათ ავსტრალია, ესტონეთი, ლუქსემბურგი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები მოსდევენ. კვლევის მიხედვით, მსხვილი ქვეყნები შემდეგ ადგილებს ინაწილებენ: გერმანია – 19, იაპონია – 30, საფრანგეთი – 38, იტალია – 54, მექსიკა – 69, ინდოეთი – 66, ჩინეთი – 86, ბრაზილია – 88, რუსეთი – 115.

1985 წლიდან პერიოდში ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვთ აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს. აფრიკაში საუკეთესოა ბოცვანა, სამხრეთ ამერიკაში – ჩილე და კოსტა-რიკა, ხოლო უარესი – კონგო და ზიმბავე (აფრიკა), ვენესუელა (სამხრეთ ამერიკა). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ კუბასა და ჩრდილოეთ კორეას. რაც შეეხება საქართველოს, 2003 წლის მონაცემებით, იგი, ინდოეთსა და პარაგვაისთან ერთად, 66-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი..
უკვე მეცხრე წელია, ცნობილი ეკონომისტების, ნობელის პრემიის ლაურეატების – მილტონ ფრიდმენის, გარი ბეკერის, დუგლას ნორტის, ჯეიმს გვარტისა და სხვათა თაოსნობით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკური თავისუფლების კვლევა. კვლევის შედეგები კი ქვეყნდება ფრეზერის ინსტიტუტის ყოველწლიურ მოხსენებაში. წელს პირველად ფრეზერის ინსტიტუტის მოხსენებაში შეტანილი იქნა მონაცემები საქართველოს 2003 წლის მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ფრეზერის ინსტიტუტის ქართველი პარტნიორი – ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო” ეკონომიკური თავისუფლების კვლევის საერთაშორისო ქსელის წევრია 2004 წლის 9 მაისიდან, ხოლო 2005 წელს ამავე ქსელში გაწევრიანდებიან სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებიც.
ამასთან, “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოსა” და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდის მიერ შარშან, 18 მაისს დაფუძნდა “კავკასიაში ეკონომიკური თავისუფლების კვლევის ქსელი”, მოეწყო კონფერენცია-შეხვედრები თბილისში, ბაქოსა და ერევანში. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, “კავკასიაში ეკონომიკური თავისუფლების კვლევის ქსელი” არის თანამოაზრეთა გაერთიანება, რომელიც შეძლებს სათანადო ინფორმაციის შეკრება-ანალიზს, პროპაგანდას გაუწევს ეკონომიკური თავისუფლების იდეებს, მოახდენს მთავრობებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას და შეიმუშავებს მდგომარეობის სრულყოფისათვის აუცილებელ რეკომენდაციებს.
რას ნიშნავს ეკონომიკური თავისუფლების კვლევა? “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის შედარებითი ანალიზი, რაც კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა ერიკ გაცკემ განახორციელა და მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2005 წლის გამოკვლევის შედეგებში აისახა, ასაბუთებს, რომ ერთაშორის ძალმომრეობას დემოკრატიაზე 50-ჯერ უფრო ეფექტურად ეკონომიკური თავისუფლება ამცირებს, ამასთან, დემოკრატიის გავლენა სტატისტიკურად მეტად უმნიშვნელოა. დაბალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნები (2 ქულამდე, 10-ქულიან სისტემაში) 14-ჯერ უფრო მეტად არიან ჩაბმული კონფლიქტებში, ვიდრე მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნები (8 ქულა და მეტი). ამგვარი შეფარდება არ იცვლება მაშინაც კი, როდესაც კვლევა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ევროპის კავშირის წევრობა, ატომური იარაღის ქონა, რეგიონული თავისებურებები და ა.შ. ეკონომიკური თავისუფლების კვლევის შედეგად დგინდება ე.წ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც განსაზღვრავს განსხვავებას ქვეყნებს შორის.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ 1985 წელთან შედარებით, ეკონომიკური თავისუფლების საშუალო მაჩვენებელი გაზრდილია 5,2-დან 6,4-მდე (ფრეზერის ინსტიტუტი ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელს განსაზღვრავს შეფასების 10 ქულიანი სისტემით). რაც შეეხება საქართველოს. ფრეზერის ინსტიტუტის კვლევის ანგარიშში წელს პირველად გამოქვეყნდა მონაცემები საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ამ ანგარიშის მიხედვით, იგი 66-ე ადგილზეა.
როფორ აფასებენ ამ შედეგს უცხოელი პარტნიორები, ამის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ გამოკვლევის ერთ-ერთ ავტორს, პაატა შეშელიძეს.
პაატა შეშელიძე, “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” პრეზიდენტი: “უცხოელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, კრიტიკულად აფასებენ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ კომპონენტში საქართველო ძალიან სუსტია. მისი ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი დაბალია რამდენიმე პოსტსაბჭოურ ქვეყანასთან შედარებითაც. მაგრამ 2003 წელს 66-ე ადგილზე ყოფნა, თავისთავად, საინტერესოა, რადგან ეს მდგომარეობა ძირითადად ორმა კომპონენტმა გამოიწვია: გამოკვლევა ეყრდნობოდა სტატისტიკურ მონაცემებს. 2003 წელს კი საქართველოს მთავრობის ხარჯი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, აღმოჩნდა ძალიან დაბალი. ამ კომპონენტის მიხედვით, ჩვენ მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. მაგრამ ამ ინდექსმა ვერ ასახა რეალური მდგომარეობა, რადგან სინამდვილეში, მაღალი იყო ხარჯების გაადანაწილების ხარისხი – იკრიბებოდა გადასახადები, რომლებიც მიდიოდა არა ბიუჯეტში, არამედ კონკრეტული პირების ჯიბეებში. იგივე შეიძლება ითქვას კიდევ რამდენიმე კომპონენტზე, ამიტომ 2003 წელს 66-ე ადგილი, როგორც გითხარით, ეყრდნობა ფორმალურ მონაცემებს.”
ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, პირველი მეოთხედის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 25.062 ამერიკულ დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც ბოლო მეოთხედში, მხოლოდ 2.409 ამერიკული დოლარია; პირველ მეოთხედში საშუალო ეკონომიკური ზრდა 2.5%-ია, ხოლო ბოლო მეოთხედში 0.6%; პირველ მეოთხედში ყველაზე ღარიბი 10% მოსახლეობის საშუალო წლიური შემოსავალი 6.451 ამერიკული დოლარია, ხოლო ბოლო მეოთხედში მხოლოდ 1.185 ამერიკული დოლარი; პირველ მეოთხედში უმუშევრობა 5.2%-ია, ბოლო მეოთხედში – 13%; პირველ მეოთხედში სიცოცსლის საშუალო ხანგრძლივობა 77.7 წელია, ხოლო ბოლო მეოთხედში – 52.5 წელი; პირველ მეოთხედში ბავშთა მხოლოდ 0.1%-ს უხდება შრომა, ხოლო ბოლო მეოთხედში – 22.6%-ს; პირველ მეოთხედში პოლიტიკური უფლებები 7 ქულიან სისტემაში საშუალოდ 5 ქულით ფასდება, მაშინ როდესაც ბოლო მეოთხედში მხოლოდ 1.7 ქულით.
ეკონომიკური თავისუფლების კვლევა ყოველწლიურად.განიცდის ცვლილებებს მისი შეფასების პარამეტრები სადღეისოდ მოიცავს შემდეგ ფაქტორებს: გადასახადებსა და სახელისუფლო ხარჯებს, სამეურნეო საქმიანობაში მთავრობის ჩარევას; საკანონმდებლო სისტემასა და საკუთრების ხელშეუხებლობას; ფულად-საკრედიტო სისტემას; საგარეო ვაჭრობის ხელმისაწვდომობას; საწარმოო, საკრედიტო და შრომის ბაზრების რეგულირებას.
პაატა შეშელიძე: “წლევანდელი გამოკვლევების ყველაზე საინტერესო დასკვნა არის ის, რომ შეფასებისას პირველ ადგილზეა ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება, მერე – პოლიტიკური უფლებები, უსაფრთხოება და ა.შ. ანუ მთავარი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებას, არის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი. ამიტომ, უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, რომ იშრომონ, გამდიდირდნენ, გახდნენ პიროვნულად უფრო ამაყნი. მე ვფიქრობ, საქართველომ ეს არჩევანი სწრაფად უნდა გააკეთოს, რათა დრო არა დავკარგოთ. ყოველი თვე, წელი – ეს არის კონკრეტული ადამიანების დაკარგული ცხოვრება. ნურავის, მათ შორის პოლიტიკოსებს, ნუ ექნებათ იმის პრეტენზია, რომ სხვისი ცხოვრების მოწესრიგებას თვითონ შეძლებენ. ჩვენი გამოკვლევა ადასტურებს, რომ ყველა ქვეყანა, რომელმაც აირჩია ეკონომიკური თავისუფლება, ძლიერიც არის და დაცულიც, ხალხი ბედნიერია, სიცოცხლის ხანგრძლივობაც მაღალია და, რაც მთავარია, ახალშობილთა ჯანმრთელობის მაჩვენებელიც უფრო დიდია.”
ქვეყნაში ეკონომიკური თავისუფლება ფასდება იმის მიხედვით, თუ რაოდენ დაცულია იქ ადამიანი და მისი საკუთრება გარეშე ძალადობისაგან; რამდენად დამოუკიდებელია თითოეული მათგანი პიროვნულ არჩევანში, სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში; რამდენად ნებაყოფლობითია საქონელგაცვლა; რამდენად ღიაა შიდა ბაზარი და ხელმისაწვდომი – საგარეო ვაჭრობა; რამდენად კონკურენტულია სამეურნეო გარემო; რამდენად უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა; რამდენად ხელშეუხებელია ქონებრივი უფლებები; რამდენად მკაფიოდაა განსაზღვრული ხელისუფლების უფლება-მოვალეობები, რაოდენ ქმედითუნარიანი და მდგრადია თავად პოლიტიკური ინსტიტუტები.
ეკონომიკური თავისუფლების კვლევის შედეგების მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლება იზღუდება ყველგან, სადაც მაღალია გადასახადები, სახელისუფლო ხარჯები და ადამიანის პირად და სამეურნეო საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა; ცნობილია, რომ პოლიტიკური დიქტატის შემთხვევაში, იზღუდება პიროვნული არჩევანი, ნებაყოფლობითი საქონელგაცვლა და საბაზრო კოორდინაცია. ცნობილია ისიც, რომ რაც მეტია ეკონომიკური თავისუფლება, მით მაღალია მატერიალური კეთილდღეობა ქვეყნის შიგნით.
რა უნდა შეიცვალოს საქართველოს სინამდვილეში იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს?
პაატა შეშელიძე: “უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება – ეკონომიკური აგენტებისთვის და ნაკლები რესტრუქციული უფლებები – ხელისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია მონეტარული პოლიტიკის შეცვლა, ლარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ოქროთი და არა ჰაერით, როგორც ეს ხდება დღეს. მკაცრად უნდა შეიზღუდოს ფინანსური პოლიტიკა: არ შეიძლება ვალების დაგროვება, სესხის აღება, მკვეთრად უნდა შემცირდეს გადასახადები, რეგიონულ ხელისუფლებებს უნდა მიეცეთ უფლება, შეამცირონ თავიანთი წილი საერთო გადასახადებში, აქედან გამომდინარე, მიიწვიონ და მიიზიდონ მეწარმეები თავიანთ რეგიონებში, უნდა არსებობდეს საგადასახადო კონკურენცია და ყველა რეგიონს მიეცეს დაბალი გადასახადის დაწესების შანსი. უნდა გაუქმდეს ყველანაირი ეკონომიკური რეგულირება.
თქვენ წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ რაიმე შექმნა, აუცილებელია შესაბამისი ცნობა, მაგრამ იმისათვის, რომ მოიპარო ან კაცი მოკლა, არავითარი საბუთი არ არის საჭირო! შესაბამისად, როდესაც ადამიანი რაიმე პროდუქტს ქმნის, მას უნდა მივცეთ ამის საშუალება. ამ კუთხით, უნდა შემცირდეს სახელმწიფოს მოვალეობებიც – ამდენი საგადასახადო, მაკონტროლებელი და მარეგულირებელი სამსახური სრულიად ზედმეტია, ხოლო მათზე დახარჯული ფული, უმჯობესია, გამოვიყენოთ სრულიად სხვა, მაგრამ საჭირო მიმართულებით, მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. გარდა ამისა, საქართველომ საერთაშორისო ვაჭრობაში აბსოლუტურად ყველას უნდა გაუხსნას კარი. საერთოდ ზედმეტია საბაჟო გადასახადები, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, გაიხსნას უფრო მეტი სასაზღვრო პუნქტი, რაც საშუალებას მისცემს საზღვრისპირა მოსახლეობას, იშრომონ და ივაჭრონ უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეცენტრალიზება. არ შეიძლება, ყველაფერი ერთი პიროვნების მიერ იმართებოდეს და ერთ ადგილზე წყდებოდეს! პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს და ადამიანების უფრო მეტ რაოდენობას მიეცეს ფიქრისა და აზროვნების საშუალება.
საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველომ უარი უნდა თქვას ყოველგვარ მილიტარულ ამბიციებზე. ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუკი ჩვენ მიზნად დავისახავთ ეკონომიკის ზრდას.”
რამდენად გაუმჯობესდება საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მომავალი, 2006 წლის გამოკვლევებში, სადაც ასახული იქნემა საქართველოს 2004 წლის მდგომარეობა? 2004 წელს საქართველოს მთავრობის ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ამიტომ, წინასწარი პროგნოზით, ამ კომპონენტში მოსალოდნელია მკვეთრი გაუარესება, 2004 წელს ქვეყანაში კვლავ ბევრი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანო ფუნქციობდა, შესაბამისად, ამ კომპონენტში დიდი განსხვავება 2003 და 2004 წლების მონაცემებს შორის მოსალოდნელი არ იქნება.
ახალი ეკონომიკური სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები
ეკონომიკური თავისუფლების Kკომპონენტები – საქართველოს შედეგები
1. საერთო სახელმწიფო მოხმარება
2. საკანონმდებლო სისტემა – საკუთრების უფლება
3. ჯანსაღი ფული
4. საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება
5. რეგულირება.