საქართველოს შრომის ბაზრის აქტუალური პრობლემები

ლამარა ბერიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, მანანა ჭიპაშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი

21-ე საუკუნის დამდეგს საქართველოს შრომის ბაზარზე კვლავ შენარჩუნებულია გასული ასწლეულის ბოლოსათვის დამახასიათებელი ძირითადი ტენდენცია: სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული მკვეთრი დისბალანსი. თანამედროვე შრომის ბაზარი ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების პირობებში და ისევ გრძელდება 90-იანი წლების სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზეგავლენა, რამაც განაპირობა წარმოების სტრუქტურის გაუარესება, მრეწველობის როლის დაქვეითება, სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება, განსაკუთრებით მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების პრობლემის გამწვავება, საერთო და რეგისტრირებული უმუშევრობის ზრდა.

ცნობილია, რომ მზარდი უმუშევრობა როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური ასპექტით, მეტისმეტად წამგებიანია ქვეყნისთვის, რადგანაც იგი ბადებს პრობლემათა მთელ რიგ კომპლექსს: ეცემა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი; ბიუჯეტი კარგავს გადასახადის გადამხდელებს, ხოლო საწარმოები – გამოცდილ კადრებს; იზრდება სოციალური დაძაბულობის ხარისხი საზოგადოებაში; ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის არასრული გამოყენება იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ჩამორჩენას; უმუშევართა შემწეობით უზრუნველყოფა ტვირთად აწვება ბიუჯეტს და სხვ. დღეისათვის ქვეყანაში უმუშევრობა აღიარებულია სიღარიბის გამომწვევ მთავარ მიზეზად. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 2003 წელს მოსახლეობის 54,5% სიღარიბის ოფიციალური ზღვარის დაბლა იმყოფებოდა. უმუშევრობის დონე (შინამეურნეობების კვლევის მასალების მიხედვით), 2004 წ. მე-3 კვარტალის მონაცემებით, 13,1%-ს აღწევს მაშინ, როცა მისი რეალური დონე, სპეციალისტთა საექსპერტო შეფასებით, 34-36%-ის ფარგლებშია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უმუშევრობით გამოწვეული დანაკარგების შესახებაც. მაგ., პროფესორი მ. ცარციძე 2002 წელს ქვეყნის მას-შტაბით უმუშევრობით გამოწვეულ ნეგატიურ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს 1360,3 მლნ. ლარით განსაზღვრავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 19,5%-ს შეადგენს და 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 45,5%-ით აღემატება1. ქვეყანაში უმუშევრობის მასშტაბების მხოლოდ ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ჩვენი გათვლებით, საქართველოს ბიუჯეტს ყოველწლიურად, სულ მცირე, ნახევარი მილიარდი ლარი აკლდება. ეკონომიკის ცალკეულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებებით კი, ეს ციფრი 2-3-ჯერ მეტია. ქვეყანაში შექმნილი ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების პირობებში მეტად საინტერესოა შრომის ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობის კომპლექსური დახასიათება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში სამუშაო ძალის რაოდენობა, 2004 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, შეადგენს 2093,1 ათას კაცს. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 86,9% (1819,2 ათასი კაცი) დასაქმებულია, რომელთაგან დაქირავებული შრომით დასაქმებულია მისი დაახლოებით მესამედი – 31,7% (577,5 ათასი კაცი), 68,1% კი თვითდასაქმებულია (1239,3 ათასი კაცი). აღსანიშნავია, რომ, 2003 წელთან შედარებით, 1,6 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული დასაქმებულთა წილი სამუშაო ძალის შემადგენლობაში. შესაბამისად, გაზრდილია უმუშევრობის დონე. რაც შეეხება თვითდასაქმების მაჩვენებელს, 9 თვის მანძილზე მატება 44, 6 ათასს შეადგენს. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, 21-ე საუკუნის დამდეგს კვლავ გრძელდება გასული ათწლეულისთვის დამახასიათებელი ძირითადი ტენდენცია – დასაქმებულთა რაოდენობაში თვითდასაქმებულთა ხვედრითი წონის ზრდა, რომელთა 80%-ზე მეტი სოფელშია თვითდასაქმებული. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 16%-ს არ აღემატება. სოფლად თვითდასაქმების ასეთი მაღალი მონაცემი, რომელიც დაბალი განვითარების ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, გარდა მძიმე ეკონომიკური პირობებისა, იმითაც აიხსნება, რომ თვითდასაქმებულად აღირიცხებიან ოჯახურ საწარმოში უსასყიდლოდ მომუშავე პირებიც. ამის შედეგია ის, რომ არაბუნებრივად მაღალია დასაქმების დონე სოფლებში, სადაც 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 75% დასაქმებულია მაშინ, როდესაც იგივე ციფრი ევროკავშირის ქვეყნებში 50%-ს არ აღემატება. ამით აიხსნება ის მდგომარეობაც, რომ ქალაქად ფიქსირდება უმუშევრობის ბევრად მაღალი დონე, ვიდრე სოფლად, თუმცაღა რეალურად დღეისათვის ქალაქში დასაქმების პოტენციალი, სოფელთან შედარებით, გაცილებით მაღალია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი უმუშევრობის არსებობა სოფლად იმაზე კი არ მიუთითებს, რომ იქ მდგომარეობა კარგადაა, არამედ იმაზე, რომ იქ დასაქმება არასრული და არაეფექტურია. ოფიციალური დასაქმების შესაძლებლობების შემცირება, რაც თან სდევდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან ეკონომიკის ჩავარდნას, მძაფრი იყო განსაკუთრებით მეურნეობის მთავარ სამრეწველო სფეროებში. საკმარისია აღინიშნოს, რომ საუკუნის ბოლოსათვის 1990 წლის მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა. უარეს დღეშია მშენებლობის სფერო. დასაქმების შესაძლებლობათა მკვეთრი გაუარესება ეკონომიკის არასამრეწველო სფეროებსაც შეეხო, თუმცაღა გაცილებით ნაკლები სიმწვავით. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში უდიდეს მასშტაბებს მიაღწია ფარულმა უმუშევრობამ და არასრულმა დასაქმებამ. დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობამ განაპირობა ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიგრაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში. ცალკეულ ექსპერტთა შეფასებებით (რ. გაჩეჩილაძე, თ. გუგუშვილი, ა. თოთაძე, მ. ტუხაშვილი, გ. წულაძე, გ. მელაძე, ნ. მაღლაფერიძე), საქართველოდან შრომით მიგრანტთა რაოდენობა მერყეობს 0,8-დან 1 მლნ კაცამდე. უნდა ითქვას, რომ ეს შეფასებები საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მასალებით თითქმის დასტურდება. 90-იან წლებში საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის მკვეთრი გაუარესებისა და არასასურველი მიგრაციული პროცესების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ერთობლივი მიწოდება, მაგრამ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირების ტემპები ბევრად აღემატებოდა მიწოდების შემცირების ტემპებს, რამაც ასახვა ჰპოვა მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური აქტიურობის დონეზე. დასაქმების შესაძლებლობების შემცირებამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აიძულა, გადარჩენის ალტერნატიული გზები ეძებნა და ბევრი მათგანი ე.წ. თვითდასაქმებულთა კატეგორიას შეუერთდა. თვალშისაცემია ის გარემოება, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თვითდასაქმებულთა 80%-ზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და ეს ტენდენცია გარკვეული ზრდით ხასიათდება. ამასთანავე, შეინიშნება დასაქმების სხვა სფეროებიდან სოფლის მეურნეობაში მუშახელის გადასვლა, რადგანაც ეს ერთადერთი დარგია, რომელიც 1997 წლის შემდეგ ვითარდებოდა. დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდის პარალელურად სოფლის მეურნეობაში ხდება მეტისმეტად არაეფექტიანი დასაქმება. არგუმენტად საკმარისია შემდეგი ფაქტის კონსტატირება: 2002 წლისათვის, 1990 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრითი წონა გაზრდილია 25,2%-დან 53,8%-მდე მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობაში სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქციის წილი 29,8%-დან 20,6%-მდეა შემცირებული. მეურნეობის სხვა დარგებიდან, რომლებიც თვითდასაქმებულთა შედარებით მაღალი ხვედრითი წონით ხასიათდებიან, გამოირჩევა ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების, აგრეთვე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროები. ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სამთო და გადამამუშავებელი მრეწველობა. ბოლო 7 წლის მანძილზე ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების დარგების დაწინაურება (განსაკუთრებით თვითდასაქმებულთა ხარჯზე), ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ზემოაღნიშნულმა კრიზისმა სამამულო წარმოების სფეროში, აგრეთვე იმპორტის წახალისებამ, რამაც ადგილობრივი წარმოების განვითარების შენელებაც კი გამოიწვია. მეურნეობის სტრუქტურულმა ცვლილებებმა, რაც საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებას სდევდა, სხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად გამოიწვია მატერიალური წარმოების წამყვანი დარგების – მრეწველობისა და მშენებლობის პარალიზება. ნედლეულისა და სხვადასხვა ენერგომატარებლების უკმარისობისა და ხშირ შემთხვევაში უქონლობის გამო ქვეყნის მთელმა რიგმა საწარმოებმა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტეს ფუნქციობა. შესაბამისად, შემცირდა სამუშაო ადგილთა და დასაქმებულთა რაოდენობაც. ამჟამად დასაქმებულთა სტრუქტურაში ხვედრითი წონის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებენ სამთო და გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებულები, რომელთა აბსოლუტური რიცხოვნობა (2004 წ. ბოლოსათვის 94,7 ათასი კაცი) 1990 წ. ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 6,9-ჯერ ჩამორჩება (იხ. ცხრილი 1). აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი 1990 წელს მრეწველობის წილი მთლიანად დასაქმებულთა სტრუქტურაში 20,3%-ს შეადგენდა, 2003 წლის ბოლოსათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ია. ფაქტია, რომ საქართველოში მოსახლეობის თვითდასაქმებული კატეგორია არასრული სამუშაო დროითაა დასაქმებული. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ისინი მუშაობენ საშუალოდ 28 საათს კვირაში მაშინ, როდესაც ევროგაერთიანების ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 49,5 საათს შეადგენს. ეს ციფრი დიდ მნიშვნელობას იძენს, რამდენადაც აღნიშნული კატეგორია 2003 წ. მთლიანად დასაქმებული მოსახლეობის 66,2%-ს შეადგენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ერთსაათიანი დასაქმების კრიტერიუმი ნიღბავს უმუშევრობის მნიშვნელოვან ნაწილს. სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზისას შემდეგი კანონზომიერებებია თვალშისაცემი: რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების დონის მიხედვით 50-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში მყოფი სამუშაო ძალა დომინირებს. საკმაოდ მაღალია 15-24 წლის მოსახლეობის უმუშევრობის დონე. სქესობრივ ჭრილში ეკონომიკური აქტიურობის დახასიათებისას შემდეგი ტენდენცია აღინიშნება: მამაკაცები უფრო აქტიურები არიან ქალებთან შედარებით (მაგ., 2004 წ. მე-3 კვარტალისათვის, შესაბამისად, 79,4% და 58,1%), ხოლო მათი დასაქმების დონე 13,5 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალებისას. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია მამაკაცებს, ვიდრე ქალებს შორის. ეს მაჩვენებლები 2004 წ. მე-3 კვარტალისათვის, შესაბამისად, 13,8 და 12,2%-ს შეადგენს, რაც შეიძლება პარადოქსული ჩანდეს ქალთა დასაქმების დაბალი დონის ფონზე. ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ქალებს შორის საკმაოდ დიდია ე.წ. “სამუშაო ძალის გარეთ მყოფთა” წილი. ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში ქალების წილი დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა. ამასთან ერთად, დასაქმებულ ქალებს შორის განსაკუთრებით მაღალია საოჯახო მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე ქალების წილი (მამაკაცებთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტი). საინტერესო სურათს გვაძლევს რეგიონულ ჭრილში შრომის ბაზრის ანალიზი. ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების დონის მიხედვით პირველ ადგილზე, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონია. იგი გამოირჩევა უმუშევრობის დონის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლითაც (2004 წ. III კვარტალისათვის 3,1%). ბოლო წლების ცნობილი მოვლენების შედეგად ეს მხარე საგრძნობლად დაიცალა მოსახლეობისა და ეკონომიკურად აქტიური შრომითი რესურსებისაგან. დარჩენილი ნაწილი კი თავს ძირითადად სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებით ირჩენს, რაც ხელოვნურად ზრდის დასაქმებულთა რიცხვს. სწორედ ამის ხარჯზეა უმუშევრობის ოფიციალური დონე საშუალო რესპუბლიკურთან შედარებით საგრძნობლად დაბალი. აღნიშნული ტენდენცია მეტ-ნაკლებად საქართველოს სხვა რეგიონებზეც ვრცელდება. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისადმი შრომის ბაზრის “მორგების” პროცესი სხვადასხვა რეგიონში უფრო ადვილად მიმდინარეობს, ვიდრე დედაქალაქში. აშკარაა, რომ სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი სამაშველო ფუნქცია შეასრულა თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის უმუშევრობის დონეებში მკვეთრი სხვაობისას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რეგიონებში დასაქმების შედარებით მაღალი დონე დაბალი ხელფასის პირობებში მიიღწევა. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების სტრუქტურის ანალიზი. პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დასაქმებულთა 25%-ს დამატებითი არაფორმალური სამუშაო აქვს, რაც ართულებს მათი ანაზღაურების ზუსტ აღრიცხვას. ამასთანავე, თვითდასაქმებულთა 80%-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა და ამისათვის რაიმე სისტემატურ და ფიქსირებულ ანაზღაურებას არ იღებს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის შემოსავლები საქართველოში, სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, უფრო დაეცა. თუ 80-ან წლებში ხელფასის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 40%-ს შეადგენდა, 90-ან წლებში იგი უკვე 16%-მდე დაეცა, ანუ 2,5-ჯერ შემცირდა მაშინ, როდესაც უნგრეთში გაიზარდა, შესაბამისად, 32-დან 35%-მდე, პოლონეთში – 27-დან 32%-მდე, ესტონეთში შემცირდა 46-დან 33%-მდე, რუსეთში – 41-დან 22%-მდე. სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პირობებში ხელფასმა საქართველოში, ფაქტობრივად, დაკარგა თავისი ფუნქცია. მცირე ხელფასის პრობლემამ კიდევ უფრო გაამწვავა სოციალური დაძაბულობა საზოგადოებაში, შეამცირა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა და, შესაბამისად, მისი დანაზოგი, რამაც, თავის მხრივ, წარმოების, შრომის მწარმოებლურობის შემცირება განაპირობა. აღნიშვნის ღირსია საშუალო ნომინალური ხელფასის სიდიდეში პრინციპული ხასიათის ცვლილებები დარგების მიხედვით. თუკი საყოველთაო რეფორმამდე, ხელფასის დონის მიხედვით, მოწინავე დარგების ხუთეულს შეადგენდა მშენებლობა, კრედიტის სფერო, სახელმწიფო მმართველობა, მრეწველობა და მეცნიერება, 2002 წლის მონაცემებით (შემოსავლების მიხედვით), აღნიშნული ხუთეული წარმოდგენილია შემდეგი დარგებით: მშენებლობა; საფინანსო შუამავლობა; ელექტროენერგია, გაზი, წყალმომარაგება; ტრანსპორტი; სასტუმროები და რესტორნები. ჩამონათვალს გამოაკლდა: სახელმწიფო მმართველობა (ცალკეული უწყებების გარდა, სადაც შრომის ანაზღაურების ავტონომიური სისტემები მოქმედებს), მრეწველობა და მეცნიერება. ამასთან, ხელფასების შემცირება განსაკუთრებით მასშტაბურია სოციალური სფეროს დარგებში, ანუ დღეისათვის საზოგადოებრივი პროგრესის განმსაზღვრელ დარგებში. მაგალითად, 1990 წელს განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ხელფასი 26,7%-ით ჩამორჩებოდა საერთოდ ეკონომიკაში საშუალო ხელფასს, 2003 წელს ეს ჩამორჩენა 50,4%-ია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 37,5 და 48%-ს შეადგენს. ყურადსაღებია აგრეთვე კარდინალური ძვრები მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურაში. თუ ადრე, სოციალიზმის პირობებში, მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი უპირატესად დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასითა და პენსიით განისაზღვრებოდა (კოლმეურნეთა დამხმარე მეურნეობის გამოკლებით), 2004 წლის ბოლოსათვის ამ წყაროს წილი მხოლოდ 27,0%-ს შეადგენს (იხ. ცხრილი 2). სამაგიეროდ, იზრდება თვითდასაქმებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით, ფულის სესხებით მიღებული შემოსავლებისა და არაფულადი შემოსავლების წილი. აქედანაც ჩანს, რომ ხელფასის როლი მკვეთრადაა შემცირებული და წინა პლანზე სხვადასხვა გზით მიღებული შემოსავლებია. ამიტომ ცხოვრების დონის დინამიკის რეალისტურად შეფასებისათვის სწორედ ეს მაჩვენებელი უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ხელფასის როლის ამაღლების პრობლემა უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც ამის გარეშე შეუძლებელია ეფექტიანი შრომის სტიმულირება და საბოლოოდ კეთილდღეობის მაღალი დონის მიღწევა. ბოლო პერიოდის საქართველოს შრომის ბაზრისათვის მეტად აქტუალური გახდა არაფორმალური ანუ მეორადი დასაქმების ზრდის ტენდენციაც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. ამას უამრავი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი განაპირობებს: დაბალი ხელფასი ოფიციალურ სამუშაო ადგილზე, ხანგრძლივი უმუშევრობა, სპეციალობის მიხედვით დასაქმების შეუძლებლობა, არასრული სამუშაო დროით დასაქმება და სხვ. ამ პროცესმა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. აღნიშნული კონტინგენტის დასაქმების სტატუსი შემდეგი სახისაა: თვალშისაცემია სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა და ოჯახურ საწარმოში უსასყიდლოდ მომუშავეთა ხვედრითი წონა, მომდევნო ადგილებს იკავებენ დაქირავებული შრომით დასაქმებულნი და არასასოფლო სფეროში თვითდასაქმებულნი. მეტისმეტად მცირეა მეურნე-მეწარმეთა ხვედრითი წონა (იხ. ცხრილი 3). აღსანიშნავია, რომ დასაქმებული მოსახლეობის საკმაო ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. საკმარისია აღინიშნოს, რომ საშუალო საარსებო მინიმუმი საშუალო მომხმარებლისათვის 1997-2004 წ.წ.-ში გაცილებით აღემატება საშუალო შემოსავალს ეკონომიკის უმრავლესი დარგებისათვის. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ 2002 წ. მონაცემები, რომლის თანახმადაც, საშუალო შემოსავალი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და დასვენების, სახელმწიფო მართვის, თავდაცვისა და სავალდებულო სოც. დაზღვევის, აგრეთვე სხვა დარგებში 55,9 ლარიდან 105,8 ლარამდე მერყეობს მაშინ, როდესაც საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი იმ პერიოდში საშუალოდ 109,5 ლარს შეადგენს. შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად საინტერესოა სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციის ანალიზიც. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სააგენტოს მონაცემთა შორის გარკვეული სხვაობაა, თუმცაღა ძირითადი კანონზომიერებები და ტენდენციები არსებითად არ იცვლება. 2005 წ. 1-ლი იანვრისათვის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში რეგისტრირებულია 47880 სამუშაოს მაძიებელი, რომელთა 97,9% უმუშევარია. 2004 წლის დასაწყისიდან რეგისტრირებულ მაძიებელთა რაოდენობა (15207 კაცი) 3,6%-ით ჩამორჩება 2003 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. წინა წლის მსგავსად, მაძიებელთა შორის მამაკაცები სჭარბობენ. 2004 წ. რეგისტრირებულ მაძიებელთა 13,4% პირველადაა გამოსული შრომის ღია ბაზარზე. ეს მაჩვენებელი, 2003 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,1 პროცენტული პუნქტით მაღალია. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პარამეტრი ბოლო სამი წლის მანძილზე ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მოიმატა დასაქმების სახელმწიფო სტრუქტურისადმი მოსახლეობის ნდობის ხარისხმა. სამუშაოს მაძიებელთა ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირია: ტრადიციულად, პირველ ადგილზე აქტიური შრომისუნარიანი ასაკის, ანუ 31-50 წლის კონტინგენტია (46,5%). მეორე ადგილი 25-30 წლის ახალგაზრდებს უკავიათ (23,3%). ხვედრითი წონის მიხედვით, მათ თითქმის 2-ჯერ ჩამორჩებიან 18-24 წლის მაძიებლები (13,1%). წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 50 წელს გადაცილებულთა ხვედრითი წონა (თითქმის 3,0 პროცენტული პუნქტით). საბიუჯეტო სექტორში დაწყებული მასობრივი გამონთავისუფლების ფონზე უახლოეს მომავალში მოსალოდნელია აღნიშნული კონტინგენტის რაოდენობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა. რაც შეეხება უმუშევართა განაწილებას რეგისტრაციის ხანგრძლივობის მიხედვით, პირველ ადგილზე ის უმუშევრები არიან, რომელთა დასაქმების სახელმწიფო სტრუქტურაში დარეგისტრირებიდან 1-2 წლამდე პერიოდია გასული. მათი ხვედრითი წონა 34,9%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, თითქმის ორჯერაა გაზრდილი 2-3 წლამდე რეგისტრირების “სტაჟის” მქონე უმუშევართა ნაკადი. როგორც ვხედავთ, მკვეთრად იზრდება ქრონიკულ უმუშევართა რიცხოვნობა. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში გაუქმდა 3752 ვაკანსია, მათ შორის 65,1% თბილისში. თითქმის ანალოგიური მდგომარეობა იყო 2003 წელსაც. მართალია, ყოველივე ამას, სუბიექტურთან ერთად, უფრო მეტად ობიექტური მიზეზი განაპირობებს (რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი), მაგრამ გარემოებათა გამო ცალსახად შეიძლება დასკვნის გამოტანა სამსახურის (განსაკუთრებით დედაქალაქის რაიონული განყოფილებების) მუშაობის დაბალეფექტურობაზე. საინტერესოა, ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა ცალკეული პროფესიების მიხედვით ვაკანსიათა ათვისების ანუ დასაქმების ეფექტიანობის თვალსაზრისით. ცენტრალურ აპარატში არსებული შრომით რესურსებზე მოთხოვნის საინფორმაციო ბაზის შესწავლამ გვიჩვენა რომ ტრადიციულად, საანგარიშო წელსაც ვაკანსიათა მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ისეთ დაბალკვალიფიციურ პროფესიებზე, როგორიცაა დამხმარე მუშა, გამყიდველი, მძღოლი, პრესის აგენტი, მიმტანი, დამლაგებელი, დარაჯი, მეეზოვე, ავტოსადგომის მორიგე, მტვირთავი და სხვ. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა დაცვის თანამშრომლებზე, სადაზღვევო და სარეკლამო აგენტებზე, ბუღალტრებზე, პროფესიონალ მკერავებზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ვაკანსიების დიდი ნაწილი, ხშირ შემთხვევაში კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა (ბუღალტრის ვაკანსიის გარდა) ჯერჯერობით კვლავ აუთვისებელი რჩება. მეტისმეტად დაბალია მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე – ეკონომისტებზე, ექიმებზე, ინჟინრებზე, დისტრიბუტორებზე, ტექნოლოგებზე და სხვ. სამწუხაროდ, ვაკანსიის ათვისების დაბალი კოეფიციენტით გამოირჩევა არა მარტო დაბალი, არამედ მაღალკვალიფიციური პროფესიებიც. მაგალითად, დისტრიბუტორის, ფარმაცევტის, თარჯიმნის, მენეჯერის, პროგრამისტის და ა.შ. ვაკანსიათა დიდი ნაწილის ათვისება სხვადასხვა მიზეზთა გამო სამსახურის რაიონულმა განყოფილებებმა ვერ შეძლეს. შეიძლება ითქვას, რომ სამსახურში 2004 წელს რეგისტრირებული თავისუფალი სამუშაო ადგილების ოპერატიული ანალიზი გარკვეულწილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დადგინდეს ის კონკრეტული პროფესიები თუ სპეციალობები, რომლებზედაც ამჟამად არსებობს მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე. როგორც ზემოთ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დამსაქმებელთა მიერ მოწოდებულ ვაკანსიათა უმრავლესობა დაბალკვალიფიციური, ნაკლებად პრესტიჟული და დაბალანაზღაურებადია. შესაბამისად, სამუშაოს მაძიებელთა ინტენსიურად დაინტერესების საფუძველიც პრაქტიკულად ძალიან სუსტია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხშირ შემთხვევაში დამქირავებელი (განსაკუთრებით თბილისში) სამუშაოს მაძიებელს კონკრეტულ პროფესიასთან ერთად უამრავ დამატებით, საკმაოდ რთულ, მოთხოვნასაც უყენებს (მაგალითად, კომპიუტერთან მაღალკვალიფიციური მუშაობისა და უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა, კომუნიკაბელურობის მაღალი უნარი, კარგი გარეგნული მონაცემები, ასაკი, ანაზღაურების გარეშე საგამოცდო ვადით მიღება, მომსახურების სფეროში დამატებით საკუთარი კლიენტურის არსებობა და სხვ.). რაღა თქმა უნდა, ეს დეტალები გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რადგანაც ისინი ხშირად უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ამა თუ იმ ვაკანსიის ათვისების მაჩვენებელზე. ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროფესიული მომზადება-გადამზადების სამომავლო პროგრამებში სხვა სპეციალობებთან ერთად აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ზემოთ დასახელებული ის სპეციალობებიც, რომელთა ვაკანსიების ათვისების მაჩვენებლები მკვეთრად დაბალია. თანაც, ეს უნდა განხორციელდეს დიფერენცირებულად, ცალკეული რეგიონების მიხედვით. ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზების მიუხედავად, მაინც უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში შექმნილ უმძიმეს ვითარებაში (მხედველობაში გვაქვს ქვეყნის საკადრო პოლიტიკაში მიმდინარე კარდინალური რეფორმები და შედეგად შრომის ღია ბაზარზე მუშახელის მასობრივი გამოსვლა) მთლიანად სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს და განსაკუთრებით მის რაიონულ განყოფილებებს მართებთ საქმიანობის არსებითი გარდაქმნა, მეტი აქტიურობა საშუამავლო ფუნქციის შესრულებისას, ძირითადად ვაკანსიების მოძიების, ასევე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის ურთიერთდამაკავშირებელ ქმედით რგოლად გადაქცევის მიმართულებითაც. ამასთან დაკავშირებით საჭირო გახდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელთა დახმარებითაც გაჩნდება დროებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა. ეს გარკვეული ვადით მაინც დაამაგრებს, ანდა საკუთარ ოჯახებს დაუბრუნებს კონკრეტული რაიონის, ქალაქისა თუ რეგიონის ე.წ. “ჭარბ” მუშახელს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამუშაოს საძებნელად გადახვეწილია შორეულ თუ ახლო უცხოეთში, ანდა თბილისშია თავმოყრილი. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჭარბად ჩამოსული უმუშევართა კონტინგენტი მძიმე ტვირთად აწევს დედაქალაქს, რომლის ძირითადი ნაწილი უმუშევარი და სოციალურად დაუცველია. პრობლემას ვერ წყვეტს ის გარემოებაც, რომ, ტრადიციულად, დედაქალაქი ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი სამუშაო ადგილების (ძირითადად ახალშექმნილის) მრავალფეროვნებით. ცნობილია, რომ სპეციალისტთა დასაქმების პრობლემა საქართველოსათვის ახალი არ არის. იგი ჯერ კიდევ გეგმური ეკონომიკის პირობებში ითვლებოდა ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხად, როცა ცენტრალიზებული წესით ხდებოდა კადრების მომზადება და განაწილება. დღევანდელი უმუშევრობის პირობებში სპეციალისტთა დასაქმების საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა. ამასთან, ბოლო წლებში ქვეყანაში სრულიად მოიშალა პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადების სისტემა. უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადება ყოველგვარი მოთხოვნის, დასაბუთებისა და პროგნოზირების გარეშე, ქაოსურად მიმდინარეობს, ანუ ხდება მათი “ზეჭარბწარმოება”. ამავე დროს, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე კადრების დეფიციტიც. დასაქმების სფეროს უკიდურეს შეზღუდვას ემატება ეს უკანასკნელი ფაქტორიც, რაც განაპირობებს საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდების პირობებში მიმდინარე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურად დაუკმაყოფილებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამუშაო ძალის მიმწოდებლებს (ეს მეტ-ნაკლებად თანაბრად ეხება როგორც უმუშევარ, ასევე თვითდასაქმებულ კონტინგენტსაც) კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ასამაღლებლად აუცილებლად სჭირდებათ პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული შეცვლაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება უმუშევარ მოქალაქეთა რაციონალური დასაქმება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნები პროფესიებზე ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად იცვლება. სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება პარალელურად აუცილებლად წარმოშობს მოთხოვნას სხვადასხვა თანამედროვე სპეციალობაზე, რისი სისტემატური და კომპლექსური შესწავლა საჭიროდ მიგვაჩნია შრომის ბაზრის ოპერატიული და ოპტიმალური მართვის განსახორციელებლად. აღნიშნული პრობლემის გარკვეულწილად გადაჭრა, ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე მხოლოდ სპეციალური სოციოლოგიური კვლევების განხორციელების გზით შეიძლება, რომელთა შედეგადაც გამოიკვეთება პრიორიტეტული პროფესიები და სპეციალობები, აგრეთვე თანამედროვე პროფესიული სტანდარტები, რომელთა დაუფლების გარეშე საქართველოში ამჟამად არსებული, კატასტროფულად დეკვალიფიცირებული სამუშაო ძალა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს სამუშაოს მიღებას. უფრო მეტიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში უახლოესი პერსპექტივისათვის დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური სტაბილიზაციის, საინვესტიციო გარემოს მკვეთრი გაუმჯობესების პირობებშიც კი მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების პრობლემა კვლავ “აქილევსის ქუსლად” დარჩეს და ციკლური უმუშევრობა გადაიზარდოს მასობრივ ტექნოლოგიურ უმუშევრობაში. აღნიშნული სოციოლოგიური კვლევების განხორციელების ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა მეწარმეებთან ინტერვიუირების პრაქტიკის დანერგვა, რასაც დამსაქმებლებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის პრინციპი ედება საფუძვლად. მეწარმეებისაგან (დამსაქმებლებისგან) მიღებული ინფორმაცია, სამუშაო ძალისა და შინამეურნეობების კვლევისაგან განსხვავებით, უფრო კონკრეტული და მიზნობრივია. კერძოდ, მისი საშუალებით არა მარტო შეფასდება სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების რაოდენობრივი თანაფარდობა, არამედ გაირკვევა კიდეც, თუ რომელ სეგმენტზე, პროფესიაზე, სპეციალობებზე არის დეფიციტი და რომელში სიჭარბე. ეს ინფორმაცია კი შემდგომში ოპერატიულად უნდა გადაეცეს არა მარტო უმუშევართა მომზადება-გადამზადების შესაბამის სამსახურებს, არამედ საერთოდ კვალიფიციური კადრების მომზადების დაგეგმვის მთელ სისტემას.

10

11

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial