საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აზიური ბიზნეს ფორუმის საქართველოში გახსნის ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვა

მოგესალმებით ყველას! ცუდი ამინდის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ყოფნა საინტერესო იქნება. საქართველო ორი წლის წინათ სრულიად დაშლილი და განადგურებული ქვეყანა იყო.

სახელმწიფო აპარატში არავის, პრეზიდენტის ჩათვლით, არ ჰქონდა იმდენი ხელფასი, რომ საარსებო მინიმუმზე მეტი გამოსვლოდა. პირველად როცა შევედი ჩემს კაბინეტში, ნახევარი თვის ხელფასი მომიტანეს, რომელიც ორმოცი დოლარის ეკვივალენტი იყო.
შემდეგ წავედი დავოსში, სადაც სამი დღის ყოველდღიური ხარჯებისათვის ოცდაათი დოლარი მომცეს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ასეთი ხელფასები იყო, თუმცა წინა პრეზიდენტს დღესაც ყველაზე მდიდარი თუ არა, ერთ-ერთი მდიდარი ოჯახი აქვს.
ჩვენს მინისტრებს კიდევ უფრო ნაკლები ხელფასი ჰქოდათ, მაგრამ მათ ჰქონდათ დიდი სახლები არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, დადიოდნენ ძვირფასი მანქანებით და ხელფასებზე არ წუწუნებდნენ.
სამი თვის წინათ, როდესაც მინისტრების ხელფასების 500 დოლარით შემცირება მოვინდომე, განათლების მინისტრმა განმიცხადა, რომ ის გადადგება, ვინაიდან მას ბინის კრედიტი აქვს გადასახდელი.
ეს ფაქტი უკვე მიუთითებს, თუ რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ. ჩვენთვის პირველ ეტაპზე საზრუნავი სახელმწიფო აპარატის შექმნა იყო.
გაეროს განვითარების სააგენტოს თხოვნით მივმართეთ, რომ გამოეყოთ თანხა რამდენიმე ათეული მინისტრის და მათი მოადგილეების, ასევე საგადასახადო მუშაკებისა და გამომძიებლების ხელფასებისთვის, რათა მათ დამატებით შემოსავლებზე არ ეფიქრათ.
ჩვენ აქედან ათ მილიონ დოლარამდე მივიღეთ, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხმაურიანი გამოძიებები და გადასახადების ამოღება დაგვეწყო. პირველ ორ თვეში გადასახადების ამოღება 40 პროცენტით გაიზარდა, რამაც სახელმწიფო აპარატის განვითარებას და სისტემური მუშაობის დაწყებას შეუწყო ხელი. პირველ ხუთ თვეში ჩვენ საკმარისი ფული გვქონდა იმისათვის, რომ პოლიციის რეფორმა დაგვეწყო.
პოლიციელებისგან წესიერად და პატიოსნად მუშაობა მოვითხოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოს დაკარგვით დავემუქრეთ, თუმცა ეს სასაცილოდ არ ეყოთ. მანამდე, საბჭოთა წყობილების დროსაც და განსაკუთრებით ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, მთავრობა პოლიციელებს არ აძლევდა მანქანებს, ბენზინს, ფორმას, არ უხდიდა ხელფასს, მაგრამ მუშაობას სთხოვდა.
ჩვენ ისიც გავარკვიეთ, რომ ორი წლის განმავლობაში თბილისის პოლიციელთა დიდი ნაწილი საერთოდ არ იღებდა იმ სასაცილო ხელფასსაც (20-40 დოლარის ეკვივალენტს) კი, თუმცა კორუფციული გზით მიღებული შემოსავლის ნაწილი ადგილობრივი სამმართველოების უფროსებიდან დაწყებული, მინისტრამდე უნდა გადაეხადათ.
ეს იყო სახელმწიფო დონეზე დაკანონებული ბანდიტიზმი. უფრო მეტიც, 1995 წელს, როდესაც ასეთმა პოლიციამ მაშინდელი უკანონო ბანდიტები – მხედრიონი დაამარცხა, ამას ბევრი მიესალმა კიდეც, რადგან უფრო მოწესრიგებულად შეეძლო სცოდნოდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ფული.
მსგავსმა გარიგებებმა საბოლოოდ სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე კორუფციის აყვავება გამოიწვია. ეს იყო მახინჯი სისტემა, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ 2003 წლის ნოემბრისთვის ადგილობრივ ბიუჯეტებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მილიონ ამერიკულ დოლარზე ოდნავ მეტი იყო.
დღეს ადგილობრივ ბიუჯეტებთან ერთად ქვეყნის ბიუჯეტი 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და მალე შესაძლებელია, 3 მილიარდი გახდეს.
ეს არის შემცირებული კორუფციისა და ლეგალიზაციის ინდექსი. თანაც იმ პირობებში, როდესაც დიდი პოლიტიკური რისკის ფასად სახელმწიფო აპარატი შევამცირეთ და ბიუჯეტი 40 პროცენტით ნაკლებ ხალხს ინახავს.
ჩვენ ლიცენზიებისა და ნებართვების 80-90 პროცენტი შევამცირეთ ასევე რისკის ფასად, რადგან სანიტარული ინსპექცია მკვეთრად შემცირდა.
მიმაჩნია, რომ მთავარი შემმოწმებელი მომხმარებელია და არა სახელმწიფო. თუ მომხმარებელმა დაინახა, რომ რომელიმე რესტორანში ანტისანიტარია და სიბინძურეა, იქ მეორად აღარ შევა. სანიტარული ინსპექტორი კი იქ შედიოდა, ართმევდა გადასახადს და საერთოდ არ აინტერესებდა, იყო თუ არა სისუფთავე.
ჩვენ ეს გავაუქმეთ და არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა. შარშან მთელი საგზაო პოლიცია დავითხოვეთ და ორი თვის განმავლობაში საგზაო პოლიცია არ არსებობდა. ზოგი ამბობდა, რომ ეს დაგვღუპავდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ის პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში არაფერს აკეთებდა.
სანაცვლოდ, ჩვენ ახალი თანამშრომლები ავიყვანეთ, მივეცით მათ ახალი მანქანები, უნიფორმები, რაციები, 10-ჯერ, 20-ჯერ გაზრდილი ხელფასები დავურიგეთ და მივაღწიეთ იმას, რომ, დღევანდელი გამოკითხვებით, მათ მიმართ მოსახლეობის ნდობის 5 პროცენტი 95 პროცენტამდე გაიზარდა.
ხალხს პოლიცია შეუყვარდა, რაც ცოტა ხნის წინათ საქართველოში წარმოუდგენელი რამ იყო. მსგავსი რეფორმა სახელმწიფო აპარატის სხვა სფეროებშიც განვახორციელეთ და სახელმწიფომ ის უმთავრესი ფუნქციები დაიბრუნა, რომელიც ადრე დაკარგული ჰქონდა.
ეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას შეეხება. თუ დანაშაულის მაჩვენებლებს თვალს გადავავლებთ, აღმოჩნდება, რომ დანაშაული რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა ეს ასე არ არის – ფორმალურად, მისი ლეგალიზაცია მოხდა.
ადრე პოლიციელი ამას ორი მიზეზის გამო მალავდა. პირველი – მას გეგმა ჰქონდა, რომ დანაშაული არ ყოფილიყო და მეორე – დამნაშავისგან იგი ქრთამს იღებდა და არაფერში არ სჭირდებოდა, რომ ეს სადმე დაერეგისტრირებინა. ამჟამად დანაშაულის დონე ფორმალურად გაზრდილია, რეალურად კი შემცირდა კიდეც, თანაც ისეთ პირობებში, როდესაც პოლიციაში ადამიანის უფლებები აღარ ირღვევა.
თქვენ იცით, რომ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის უკიდურესად მკაცრი საერთაშორისო ორგანიზაცია ემნესთი ინტერნეიშენალი, რომელმაც ერთი კვირის წინ საქართველოზე მოხსენება გამოაქვეყნა. როდესაც სპეციალისტებმა ეს სტატია ნახეს, ყველას გაუკვირდა, რადგან ასეთი პოზიტიური და ტკბილი ეს ორგანიზაცია არავის მიმართ არ ყოფილა. იგივე გააკეთა ჰუმან რაითს სვოჩმა…
ჩვენ ძალზე რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ჩვენ ამ რეგიონში პირველი ქვეყანა ვართ, სადაც ხალხს აღარ ცემენ, აღარ აწამებენ და პოლიცია უკანონო მეთოდებს აღარ მიმართავს, მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი წესრიგი შენარჩუნებულია. საქართველოში აღარ ხდება ადამიანის გატაცების ფაქტები – შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ეს ყველაზე გავრცელებული დანაშაული იყო.
საქართველოში აღარ დარჩა ორგანიზებული დიდი კრიმინალური ბანდა, რომელთაც ვარდების რევოლუციამდე ტერიტორიები გადანაწილებული ჰქონდათ. ეს არის სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. სახელმწიფომ ელემენტარული ფუნქციები დაიბრუნა. ჩვენი შეიარაღებული ძალები მოქნილი, ეფექტური გახდა და სულ უფრო მეტად პასუხობს ნატოს სტანდარტებს.
ვარდების რევოლუციამდე საქართველოში სასწრაფო დახმარების სამსახური არ იყო. დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი, უფასო სასწრაფო დახმარების სამსახურია. პირველი ეტაპი იყო სახელმწიფო აპარატის რეფორმა, რადგან ეს ქვეყანაში თავისუფალ სახსრებს შექმნიდა. მეორე ეტაპი არის – გზები და ენერგეტიკა. ეს ეტაპი ენერგეტიკის რეაბილიტაციას გულისხმობს. წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ისტორიაში პირველი ზამთარი დადგება, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, თეორიულად, ელექტროენერგიის დეფიციტი აღარ იქნება. თეორიულად იმიტომ, რომ ქსელები მოუმზადებელია უწყვეტი ენერგიის მისაღებად.
თუმცა ეს პირველი წელი იქნება, როდესაც საქართველოს იმდენი ელექტროენერგია ექნება, რამდენიც მასზე მოთხოვნაა. თბილისსა და რამდენიმე ქალაქში ეს სისტემა ავაწყვეთ, რაიონებსა და სოფლებში სრულად ჯერ ვერ მოვახერხეთ, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში ელექტროენერგია, ფაქტობრივად, არ გვქონია და თუ იქ დენი წავა, დაზიანებული სისტემის გამო გარკვეული პრობლემები იჩენს თავს.
თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც მალე გადავლახავთ. ეს გადასახადების ამოღების ხარჯზე მოხდება. წლის დამდეგს ჩვენ ელექტროენერგიის გადასახადის მხოლოდ 7 პროცენტს ვიღებდით, ახლა ამ მაჩვენებელმა თითქმის 80 პროცენტს მიაღწია და წლის დამლევამდე 100 პროცენტსაც მივაღწევთ. ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ სახელმწიფომ სიმტკიცე გამოიჩინა.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოპულისტებს გვიწოდებდნენ, მაგრამ ჩვენ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით პოპულისტური მანევრირება არ დაგვიწყია. კარგად ვიცი, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ საქართველოს არა აქვს ნავთობი და არც სხვა ბუნებრივი რესურსები, რომ ყველაფერი დააფინანსოს. ჩვენ, მოქალაქეები ვაფინანსებთ სახელმწიფოს. ამგვარად, თუ გადავიხდით, დენი გვექნება. კარგად მახსოვს, როდესაც აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს სტუმრობდა, უნდა ავსულიყავით ძალზე ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე – ბაკურიანში და ხალხმა ელექტროენერგიის მოთხოვნით გზის გადაკეტვა განიზრახა.
მათი ქმედებით შესაძლებელი იყო, გაგვფუჭებოდა საერთაშორისო რეპუტაცია, რადგან ჟურნალისტები მრავალი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული და ჩვენს ღონისძიებას აშუქებდნენ, მაგრამ ჩვენ ამას არ შევუშინდით.
გარემოებების მიუხედავად, კანონი ყველასთვის ერთია. წინასაარჩევნო პერიოდში ტყიბულში (რომელიც საქართველოს ძალიან ღარიბი რაიონია) ჩვენი კანდიდატი იყრიდა კენჭს. ელექტროენერგია გამორთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი დამატებითი ხმების მოსაპოვებლად დენის ჩართვას გვირჩევდა, ეს არ გავაკეთეთ. ჩვენმა კანდიდატმა ხმათა დაახლოებით 90 პროცენტი მოიპოვა.
ჩვენი ხალხი ძალზე გონიერია და ყველაფერი ესმის, თუ სამართლიანად მივუდგებით. ამგვარად, ამ ინფრასტრუქტურას ჩვენ ახლა ვაწესრიგებთ. ჩვენ სახელმწიფო გადაწყვეტილების ლიბერალიზაცია მოვახერხეთ. პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენი საგადასახადო ბაზა ერთიანი ეროვნული პროდუქტის თითქმის ოცი პროცენტია – ეს შესაძლებლობის მაქსიმუმია. სოციალური პროგრამის სახელმწიფო შენახვაზე ერთიან ეროვნულ პროდუქტთან შედარებით ორჯერ მეტს ვხარჯავთ, ვიდრე, მაგალითად, ჩინეთი.
ეს საკმაოდ მაღალი ციფრია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვკრებთ გადასახადებს და ლეგალიზაციის დონე მაღალია. ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ მკაცრი ანტიკორუფციული ღონისძიებები განვახორციელეთ და გავამარტივეთ სისტემა. თქვენ იცით, რომ ორი კვირის წინ მთელი დასავლეთის საბაჟოს შემადგენლობა დავაპატიმრეთ. კორუფციის ფაქტებზე პოლიციაში ათეულობით თანამშრომელი, 15 მოსამართლე იხდის სასჯელს და ჩვენ ხელში გვიჭირავს ეს სისტემა იმისათვის, რომ საქართველოში კორუფცია ხელახლა არ აღორძინდეს.
ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარება დავიწყეთ. დავიწყეთ გზების შეკეთება – წელს თბილისის გზების შეკეთებაზე ოჯერ უფრო მეტი დავხარჯეთ, ვიდრე ბოლო 12 წლის განმავლობაში.
მომავალ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გზების შეკეთებაზე რამდენჯერმე მეტ ფულს დავხარჯავთ, ვიდრე უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში დაიხარჯა.
გზები და ენერგეტიკა ეკონომიკის ძირითადი არტერიაა – მათ გარეშე ეკონომიკა არ გვექნება. ჩვენ საქართველოს ქალაქების განახლება და გალამაზება დავიწყეთ. შენობების ფასადების განახლებით ზოგი უკმაყოფილოა � ამბობენ, რა დროს ფასადების, გზებისა და ქუჩების განახლებაა, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ ძალზე გაჭირვებულიაო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია – პირველი, ამ სამუშაოებზე ასობით ათასი ადამიანია დასაქმებული. მეორე, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ტურიზმის განვითარებაში მილიონიანი და მილიარდიანი ინვესტიციები ჩაიდება.
ამის პირველი შედეგები უკვე ჩანს – ყაზახურმა ბანკებმა განაცხადეს, რომ მილიარდ დოლარზე მეტს დებენ საქართველოს შავიზღვისპირეთში ტურიზმის განვითარებისთვის. ეს ამ თვეში დაიწყება და წელიწადნახევარი გაგრძელდება. მომავალ წელს ორი დიდი გზის მშენებლობას ვიწყებთ – ერთი სამხრეთ საქართველოზე გამავალი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც ყველაზე მოკლე სატრანზიტო გზა იქნება აზერბაიჯანიდან საქართველოზე გავლით თურქეთისაკენ და მას ამერიკელებთან ერთად ავაშენებთ, ხოლო მეორე თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტობანი, რომლის პირველ ნახევარს 2008 წელს, საბოლოოდ კი, ვიმედოვნებ, 2012 წლისთვის დავასრულებთ.
ეს ის არის, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეხება. ეკონომიკური რეფორმის შემდგომი ეტაპი და ჩვენი შემდგომი ინიციატივა შეეხება იმ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც პარლამენტში განსახილველად შემაქვს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ ძლიერი პრორეფორმისტული უმრავლესობა გვყავს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ერთი წლის, თუნდაც ნახევარი წლის წინ, მის დაშლას ბევრი ელოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტში უპრეცედენტო უმრავლესობა ჰყავდა, ამ პერიოდის განმავლობაში 7 დეპუტატი დაკარგა, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნების შედეგად მას 8 წევრი შეემატა.
აქედან გამომდინარე, დღეს უფრო მეტი წევრი გვყავს, ვიდრე პარლამენტში შესვლისას გვყავდა (თუ არ ჩავთვლით პარტიის იმ 5-6 წევრს, რომლებიც ვიცოდით კიდეც, რომ ჩვენს რიგებს დატოვებდა). ეს პოლიტიკური სისტემის სიმტკიცისა და სტაბილურობის მაჩვენებელია. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ჩვენს ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. ეს წინადადებები ექსპორტ-იმპორტის – ყველა საექსპორტო და საიმპორტო პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს; მეორე საბანკო სისტემის ლიბერალიზაციას შეეხება – დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, ბევრად უფრო ლიბერალური სისტემა გვაქვს, უცხოური ბანკების აქტიურობისთვის განსაზღვრული ნებართვებია საჭირო და ჩვენ სრული ლიბერალიზაცია და შეზღუდვების მოხსნა გვსურს; მესამე, სასამართლო პროცედურების გამარტივებას, ვადების შემცირებასა და სისტემის დახვეწას ითვალისწინებს. ადამიანს იმის გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ სამართალს სასამართლოში იპოვის.
ის, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, ლიბერალიზაციასთან და შეზღუდვების მოხსნასთან ერთად შედეგებს მოგვცემს. საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 8 პროცენტი იქნება და ეს იმ პირობებში, როდესაც ნავთობის ფასის მატებამ საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.
რუსეთი ნავთობის ქვეყანაა და იქ ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5 პროცენტი იქნება. საქართველოს, რუსეთის მსგავსად, ნავთობი რომ ჰქონდეს, ჩვენთან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ჩვენი და სავალუტო ფონდის ეკონომისტების გათვლებით, 20-23 პროცენტს შეადგენდა.
უკრაინაში ეს მაჩვენებელი, სამწუხაროდ, 2 პროცენტზე ნაკლები იყო, ხოლო აგვისტოში, პრაქტიკულად, ეკონომიკური ზრდა საერთოდ არ შეინიშნებოდა.
თქვენ იცით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რეგიონები (კახეთი და რაჭა), სადაც ღვინის წარმოება იყო, პრაქტიკულად, განადგურდა, თუმცა 2003 წელს გამოცოცხლება დაიწყო.
შარშან ჩვენ 50 პროცენტით მეტი ღვინო გავყიდეთ, ვიდრე რევოლუციამდე, ხოლო წელს ვაწარმოებთ და ვყიდით ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე შარშან. ვენახების რაოდენობა მეტი რომ იყოს, მოთხოვნის შესაბამისად, ოთხჯერ, ექვსჯერ მეტი ღვინის წარმოებას შევძლებდით. ღვინის ფასი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.
მაგალითად, რაჭაში ბოლო რთველის შედეგად თითოეული გლეხის ოჯახში ოთხჯერ მეტი ფული შედის, ვიდრე შარშან. ეს იმის შედეგია, რომ მთავრობა აქტიურად ერევა ამ საქმეში და დაინტერესებულია, საქმე წინ წავიდეს.
ჩვენ გზა გავუხსენით ღვინის იმპორტს უკრაინასა და ყაზახეთში, სადაც ჩვენი ღვინის იმპორტის ლიბერალიზაციის კანონი მიიღეს. რუსეთთან ინტენსიური მუშაობის შედეგად ბევრი შეზღუდვა შემცირდა. იგივე საკითხებთან დაკავშირებით და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვმუშაობთ თურქეთის მხარესთანაც.
ამავე დროს, ჩვენ ხელს ვუშლით ღვინის ფალსიფიკაციას და ამ საქმეს მკაცრად მოვკიდეთ ხელი. ღვინის ფალსიფიკაცია დიდი მასშტაბებით იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ღვინის გაყალბებისთვის ტექნოლოგები და მენეჯერები პირველად დავაპატიმრეთ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცნობილ ღვინოებზე ყალბი სერთიფიკატების გაცემისთვის პასუხისგებაში მივეცით.
ქინძმარაულის საკრებულოს თავმჯდომარე დავაკავეთ იმისათვის, რომ მან გორიდან ჩამოტანილ ყურძენზე გასცა ცნობა, თითქოს ის კახეთის ამ სოფელში იყო მოყვანილი.
ეს სწორედ ლიბერალიზაციისა და სახელმწიფოს ეფექტიანი და დროული ჩარევის შედეგია. ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, ასეთივე ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში.
თურქეთთან ერთად ვამზადებთ ხელშეკრულებას, რომელიც, ერთის მხრივ, თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს, რაც ქართულ პროდუქციას თურქეთის ბაზარზე გზას გაუხსნის (მაგალითად, ქართული ღვინო შევა თურქეთის საკურორტო ზონებში, ან ქართული სოფლის პროდუქტები სპეციფიკური აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი), ხოლო მეორეს მხრივ, თურქულ სამშენებლო ფირმებს ქართულ ბაზარზე გაუხსნის გზას, რადგან ჩვენთან სწორედ ახლა იწყება სამშენებლო ბუმი. სერიოზული სამშენებლო ფირმების გარეშე კი გაგვიჭირდება.
ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით გზებს ჰოლანდიური, გერმანული, თურქული და სხვა ქვეყნების კომპანიები აგებენ, სამშენებლო სექტორშიც უნდა შემოვიდეს უცხოური კაპიტალი, რათა ის სიმძლავრეები დავძლიოთ, რომლებიც 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ნადგურდებოდა.
ჩვენ ყველაფერს ხელახლა ვსწავლობთ და ვეუფლებით – გზების მშენებლობას, სამშენებლო პროფესიებს, გვირაბების გაყვანას, ვსწავლობთ ძალიან სწრაფად, რადგან ქართველები ნიჭიერი ხალხია. სხვათა შორის, განათლების რეფორმაც ამას ემსახურება. საქართველომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წარმატებული ეროვნული გამოცდები ჩაატარა. ეს ჩემი შეფასება არ არის, ეს განათლების სფეროს ევროპელი სპეციალისტების დასკვნაა.
ეს გამოცდები სოციალური სამართლიანობის გამოვლინება იყო, რადგან ყველაზე მეტი წარმატებული აბიტურიენტი პროვინციებიდან ჩამოვიდა. ისინი ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე ემზადებოდნენ და სტუდენტები მხოლოდ საკუთარი ცოდნის წყალობით გახდნენ. ადრე იმდენად კორუმპირებული იყო მთელი სისტემა, რომ მათ ჩაბარების შანსიც კი არ ჰქონდათ.
მომავალ წელს ჩვენ პროფესიული გადამზადების ცენტრებს ვქმნით, რათა უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ მოზარდებს სამშენებლო, სერვისის, სასოფლო სამეურნეო თუ სხვა პროფესიები შევასწავლოთ. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პროფესიონალები გვჭირდება, რადგან საქართველოში არის სოფლები, სადაც, მაგალითად, ერთ ჰექტარზე ტონანახევარ ყურძენს ვიღებთ, ხოლო იმავე, ან მეზობელ სოფლებში იგივე ფართობზე 15-20 ტონა მოსავალი მოჰყავთ.
ეს დიფერენციაცია ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მუშაობის მიხედვით ხდება. მსხვილფეხა საქონლის წველადობა, იქ სადაც ევროპული პროგრამა მოქმედებს, მაგალითად, სკანდინავიური ტექნოლოგიით მუშაობენ, ათჯერ მეტია, ვიდრე იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არ დაუნერგავთ. ამიტომ ჩვენ ეს საქმეც უნდა ვისწავლოთ. სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალი აქვს და მესამე მსოფლიოს სტანდარტებიდან განვითარებულ სტანდარტებზე გადასვლა შეუძლია.
დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პოტენციალი რეალურად გვაქვს, რადგან ძალიან გონიერი და ნიჭიერი მისახლეობა გვყავს. ამას წინათ შატილში – ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე პატარა სოფელში ვიყავი, სადაც აქამდე არ იყო ელექტროენერგია, გზა, სკოლა, ამბულატორიაც კი და, პრაქტიკულად, რამდენიმე მოსახლეღა იყო დარჩენილი.
იქ ავაშენეთ სკოლა, გავხსენით ამბულატორია, დავდგით მზის ბატარეები, რათა ჰქონდეთ დენი და ჩავიტანეთ ტექნიკა. ვნახე, როგორი გონიერი ბავშვები არიან შატილში – ისინი თანამედროვე კომპიუტერებთან სხედან და მომავალში იმ ბავშვების კონკურენტები გახდებიან, რომლებიც კომპიუტერებთან სინგაპურში, სანფრანცისკოში სხედან. ეს დღესავით ნათელია. ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს ყველა სკოლის კომპიუტერიზაცია მაქსიმუმ ორი, ორწლინახევრის შემდეგ დასრულდეს.
აჭარაში, იმ რეგიონში, რომელსაც ჯემალ ინაიშვილი წარმოადგენს, ყველა სკოლა გარემონტდა, ისინი კომპიუტერებით აღიჭურვა და ინტერნეტის ქსელშიც ჩაერთო. ყოველივე ეს სამ თვეში განხორციელდა. აჭარა კი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, სადაც ეს სფერო ყველაზე ნაკლებად იყო განვითარებული.
ასე რომ, საქართველო ძალზე მიმზიდველი და დინამიკურად განვითარებული ქვეყანაა. ყველა მონაცემი ამას მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ინვესტიციების რაოდენობისა და ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის ზრდა 13-14 პროცენტს შეადგენს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი არ დაიწევს, ხოლო თუ შემცირდა, მაშინ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც რეგიონში კორუფციის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა და აქ, კანონის თვალსაზრისით, ინვესტიციები ყველაზე მეტად დაცულია. საქართველო ის ქვეყანაა, რომელზეც შუა აზიიდან, ჩრდილოეთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მოკლე გზა გადის. ეს საჰაერო მიმოსვლასაც ეხება.
წელს ჩვენ ორი ახალი აეროპორტის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ესენია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ბათუმის აეროპორტი. ასევე, ახალი პორტი შენდება ყულევში, ხოლო ფოთისა და ბათუმის პორტების შესაძლებლობების გამოყენება უფრო ეფექტიანი იქნება.
რაც შეეხება რკინიგზას, იქ, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 40-50 პროცენტით გაიზარდა. უცხოელი ტურისტების რაოდენობამაც 50 პროცენტით იმატა, თუმცა სავიზო რეჟიმის მოხსნასთან ერთად ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება. წლის დამლევისათვის თურქეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება – თურქეთის მხარესთან ამაზე ვმუშაობთ და ამ ქვეყანასთან ხალხის მიმოსვლა მკვეთრად მოიმატებს.
ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკის მკვეთრ ზრდასთან ერთად, ჩვენს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება და მეტი ტურისტი ჩამოვა. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენთვის სამუშაო ადგილების გაჩენას და სოციალურ განვითარებას ნიშნავს.
ყოველივე ზემოთქმულს – სახელმწიფო აპარატს, ინფრასტრუქტურას, ლიბერალიზაციას, სასამართლო რეფორმას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი შესაძლებლობების გახსნა უნდა მოჰყვეს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან ინვესტორთან მოლაპარაკებას ვმართავთ.
ეს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია, რომლის აშენებას 4-5 წელი დასჭირდება და არსებობს სერიოზული შანსი, რომ მომავალ წელს საქართველომ მისი მშენებლობა განაახლოს. ხუდონის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოებით არა მარტო გადაფარავს ელექტროენერგიის ბევრად უფრო გაზრდილ მოთხოვნილებას, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც მოამარაგებს.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ელექტროენერგიის დეფიციტია, მათ მომარაგებასაც ვფიქრობთ. ეს ჩვენი ეკონომიკური განვითარების ძირითადი პერსპექტივებია. ის, ვინც საქართველოში 6 თვის წინ იმყოფებოდა, შეამჩნევდა, რომ ქვეყანა ბევრადაა შეცვლილი უკეთესობისკენ.
თბილისი სხვა ქალაქი ხდება. ის, ვინც ერთი წლის შემდეგ ჩამოვა, კიდევ უფრო მეტ ცვლილებას შეამჩნევს. ალექსანდრე დიუმა თბილისს აღმოსავლეთის პარიზს უწოდებდა და დარწმუნებული ვარ, რომ ორი წლის შემდეგ იგი მართლაც იქნება ევროპის ამ ნაწილის ყველაზე ლამაზი, ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე საინტერესო ქალაქი, ისევე, როგორც პრაღა – ცენტრალურ ევროპაში და პარიზი – დასავლეთ ევროპაში.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ ის წარმატება, რასაც საქართველო მიაღწევს. პრაქტიკულად, ჩვენთან კულტურული რევოლუცია მოხდა, ხალხმა სხვაგვარი დამოკიდებულება გამოიმუშავა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ეროვნული ღირსების, საკუთარი ადგილის მიმართ.
შრომის რაციონალური წარმართვის თვალსაზრისით, ხალხმა საკუთარი ნიჭის გამოყენება ისწავლა და ოპტიმიზმის შეგრძნება გაუჩნდა. შარშან პირველი წელი იყო, როდესაც ქვეყანაში უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა, როდესაც უფრო მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა – პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში დემოგრაფიული მაჩვენებელი გაიზარდა.
იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. მსურს, ყველა მოქმედ და პოტენციურ ინვესტორს მივესალმო და ვუთხრა, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა. არ მინახავს ადამიანი (იშვიათი გამონაკლისის გარდა), რომელსაც საქართველოში ერთხელ ჩამოსვლის შემდეგ ეს ქვეყანა ისე არ შეყვარებოდა, რომ კიდევ მრავალჯერ დაბრუნებისა და ამ ქვეყანასთან დამეგობრების სურვილი არ გასჩენოდა. ადრე ეს მხოლოდ კულტურული და ადამიანური ურთიერთობები იყო, ახლა კი ეკონომიკურ ურთიერთობებზეც გავრცელდება – ეს ეკონომიკური წარმატება და პროგრესი იქნება.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებას მუშაობაში

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial