საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჰორსტ ქოლერის თქმით, ვალების პატიებისა და მძლავრი გლობალური ეკონომიკის მშენებლობა ღარიბი ქვეყნების დახმარების გზებია

ია ბაკურაძე
2000 წლის დასაწყისში მსოფლიოს უდიდესი ნაწილი იმედოვნებდა, რომ Y2K ვირუსი*; არ მოშლიდა მსოფლიო სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგო სისტემებს.

ახალ საუკუნეში კაცობრიობა იმ საშიშროებით არის შეწუხებული, რომელიც შესაძლებელია პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას სულ მოკლე ხანში შეექმნას ისეთი პრობლემებით, როგორებიცაა გადაუჭრელი კონფლიქტები აფრიკაში, აზიასა და ცენტრალურ აღმოსავლეთში, ეკონომიკური აღმავლობის შენელება და აქციებზე ფასების დაცემა აშშ-სა და სხვა განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში.

ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, პიროვნება საკუთარ თავში იკეტება, როდესაც იგი ასეთ დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუმცა, აშკარაა, რომ გასულ წელს მსოფლიოს მოსახლეობა უფრო გულღია გახდა. გაიზარდა აგრეთვე შეთანხმებულად მოქმედების აუცილებლობის შეგნება. “მინდა, დავარწმუნო წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობა და ფართო მასები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) ესმის და მზად არის შეხვდეს მომავლ გამოწვევებს. სავალუტო ფონდის უშუალო ამოცანა მსოფლიო ეკონომიკის აღმავლობის დაცვა და ხელშეწყობა გახლავთ”, – განაცხადა სსფ-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰორსტ ქოლერმა.

ქოლერის განცხადებით, აშშ-ს გააჩნია როგორც სავალუტო, ისე ფისკალური პოლიტიკის მანევრირების შესაძლებლობა, რათა არ მოხდეს მიმდინარე ეკონომიკური დაღმასვლის დეპრესიაში გადასვლა. იანვრის პირველ კვირაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება სავსებით დროული და მიზანშეწონილი ქმედება იყო არა მარტო შეერთებული შტატების, არამედ ზოგადად გლობალური ეკონომიკური აღმავლობის გამყარებისათვის.

რაც შეეხება ევროპასა და იაპონიას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მათ ეკონომიკური აღმავლობისაკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებში შემდგომი პროგრესირება და თვით ამ პროცესის დაჩქარებაც კი ურჩია. ეს აგრეთვე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე კრედიტორებისა და დებიტორების ერთგვარი გამხნევებაა, რათა მათ ეკონომიკური არასტაბილურობის დროს თავიანთი მოქნილობა გააძლიერონ. ასეთი მიმართულებით მუშაობის დროს კი გლობალურ ეკონომიკაში პესიმიზმის არავითარი მიზეზი არ არსებობს.

უფრო მეტიც, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოძებნოს გზები, რათა გლობალიზაცია მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ წარიმართოს. ამ წამოწყებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალდებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

დეკემბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, 22 დიდი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყანა ვალებისაგან გაათავისუფლოს. საბჭო დადებითად შეხვდა იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის (ახალი დემოკრატიული ხელმძღვანელობით) სავალუტო ფონდის რიგებში დაბრუნებას და საგანგებო ფინანსური დახმარება გამოუყო. აგრეთვე გაიმართა დებატები წევრ ქვეყნებში ფინანსურ სექტორებზე ზედამხედველობისა და სსფ-ს პოლიტიკის რაციონალიზაციის გზით კრიზისების თავიდან აცილებისა და მათი მართვის შესაძლებლობების შესახებ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აგრეთვე მხარი დაუჭირა არგენტინისა და თურქეთის რთული ფინანსური სიტუაციისაგან გამოსვლის მცდელობებს. ამ მცდელობათა შემდგომი წარმატება მთლიანადაა დამოკიდებული კარგად განსაზღვრულ შემრიგებლურ პოლიტიკაზე. მტკიცე პოლიტიკური მოქმედება კი კაპიტალის ბაზრებისადმი ნდობის გაზრდის საუკეთესო მაჩვენებელია.

ქოლერის თქმით, ამ და სხვა ამჟამინდელ საქმიანობაში სსფ-ს გარკვეული რისკის გაწევა უწევს, მაგრამ იგი ადასტურებს, რომ მტკიცედ მოქმედება და ცვალებად გარემოებებზე სათანადო რეაქცია სავალუტო ფონდის მანდატის ნაწილია.

რაც შეეხება სსფ-ს მომავალ საქმიანობას, ფონდის შემდგომი რეფორმირების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური სექტორის ექსპერტიზის უფრო ღრმად შესწავლა. “ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში და ამასთანავე, ხელი შევუწყოთ კაპიტალის ბაზრების არასტაბილურობასთან ასოცირებული რისკის თავიდან აცილებასა და კონკრეტული გამოსავლის მოძებნაში. როგორც ვიცით, ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში კეთილდღეობას ვერ დავამყარებთ, თუ იგი ფართოდ არ იქნება გაზიარებული. ამრიგად, საერთაშორისო საზოგადოების მიერ სიღარიბის აღმოსაფხვრელად მიმართული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს არა მარტო მათ მორალურ ვალდებულებას, არამედ, აგრეთვე პირად ინტერესებს. ჯეიმს ვულფენსონმა და მე საკუთარ თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ვალისაგან გაათავისუფლოს რაც შეიძლება მეტი ღარიბი ქვეყანა”, – განაცხადა ქოლერმა.

ვალისაგან გათავისუფლება განტოლების მხოლოდ ერთი ნაწილია. როგორც ჩანს, განვითარებადი ქვეყნები აღიარებენ საკუთარი თავის დახმარების საჭიროებას უკეთესი მმართველობის, კონფლიქტების მოგვარების, საზოგადოების განვითარებისა და კერძო სექტორის შექმნის გზით.

საერთაშორისო საზოგადოებამ ამ მცდელობებს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების შესაძლებლობების უზრუნველყოფით მხარი უნდა დაუჭიროს.

ამიტომაა, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს როგორც მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოებას, ასევე ღარიბი ქვეყნებისათვის განვითარებული ინდუსტრიული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ბაზრებზე გასვლის უზრუნველყოფას.

ამის გარდა, სავალუტო ფონდი კვლავ მოუწოდებს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შეასრულონ თავიანთი დიდი ხნის დანაპირები და განვითარებადი ქვეყნებისადმი დახმარება გაზარდონ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 0,7%-მდე, რაც არსებულ დახმარებაზე სამჯერ მეტია.