პოლიტიკური თუხთუხის წესი

მოამზადა ოთარ ქირიამ

საქართველოს “ნულოვანი ვარიანტის” “ცუნამმა” გადაუარა, რამაც მედიასა და საზოგადოებაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა. პოზიცია თუ ოპოზიცია, გლეხი თუ მეცნიერი მხოლოდ ამ საკითხზე ბჭობდა. რა იყო ეს? ქარიშხალი ჭიქაში, თუ მსოფლიო პოლიტიკის დინოზავრებისათვის უკვე გადაწყვეტილი საქმის რევიზიის უაზრო მცდელობა? – იქნებ, ერის მომავლითა და ბედით შეწუხებული ადამიანების გააფთრებული ბრძოლა, რომელიც ჩვენი შვილებისთვის სსრ კავშირის ყოფილი ქონებიდან (რომლის შემადგენელი ნაწილი და შემქმნელი ჩვენც ვიყავით) თუნდაც კვერცხის ნაჭუჭის შენარჩუნების პატრიოტული მცდელობაა.
გასული წლის დეკემბერში, რუსეთმა პარიზის კლუბისგან გაფრთხილება მიიღო ვალდებულებების გასტუმრების დროის დადგომის შესახებ, რუსეთის მთავრობამ კი დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები გამართა კრედიტორებთან. ახალი წლის დღეებში, კრედიტორებმა საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღეს დებიტორისაგან. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიით გამოაცხადა, რომ 2001 წლის პირველ ნახევარში რუსეთი პარიზის კლუბის ვალის გასტუმრებას არ აპირებს, თუმცა, შეთანხმება ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ მიღწეული არ იყო. რუსეთს მთლიანად პარიზის კლუბის 44 მილიარდი დოლარი მართებს, საიდანაც 80% ყოფილ სსრკ-ს ფონდებია. მიმდინარე წელს მას გრაფიკით 5,9 მილიარდი დოლარის გასტუმრება უწევს, საიდანაც 3,5 ყოფილ სსრკ-ს ვალებზე მოდის. არსებული სიტუაციით, მდგომარეობა თითქმის გამოუვალია, რადგან პარიზის კლუბს რუსეთისა და სსრკ-ს ვალების რესტრუქტურიზაცია არ სურს, ამის მიზეზი ის არის, რომ ნავთობის ფასების არნახული ზრდის გამო, გასულ წელს რუსეთმა კოსმიური ოდენობის შემოსავლები მიიღო ამ სახის პროდუქციის ექსპორტისაგან და ამდენად, გადახდისუნარიანია. რესტრუქტურიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი “მესამე სამყაროს” მიმართ არსებულ დებიტორულ დავალიანებას კრედიტორულის სანაცვლოდ ჩამოწერს. ასეთი ოპერაცია კლუბის წესებით დაშვებულია. 1997 წლიდან კი, რუსეთი მისი სრულუფლებიანი წევრია. შეგახსენებთ, რომ გაწევრიანებამდე რუსეთს კლუბის 165 მილიარდი დოლარი ემართა, დღეს კი, იგი 44 მილიარდამდე ჩამოვიდა.

როგორც ჩანს, რუსეთის ფინანსისტები შეცდნენ, როცა 2001 წლის ბიუჯეტის შედგენისას პარიზის კლუბის დავალიანების მომსახურების გადასახადები არ გაითვალისწინეს. ამის გამო ბიუჯეტს სეკვესტრის საშიშროება ელის, განსაკუთრებით კი – ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირების ფონზე. რუსეთის ექსპორტის მთავარი პროდუქტი რამდენიმე თვეში შეიძლება არა 21 დოლარი, არამედ 12 დოლარი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ პროგნოზს იძლევა აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრო2 . არადა ენერგომატარებლის ამ სახის გაძვირებამ გასულ წელს რუსეთის ბიუჯეტის პროფიციტი 50 მილიარდით შეავსო. მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკური წმენდის ფონზე, მსოფლიოსათვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ რუსეთის ეკონომიკა სტაბილიზაციის ფაზაში შედის. მაგრამ, არა წარმოების 10%-იანი და მშპ-ს 7,5%-იანი ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების 21,9%-ით მატება, ინფლაციის 1,5-ჯერ შემცირება და ა.შ. ბუნებრივია, ამ მონაცემებით მას კრედიტუნარიანად თვლიან.

პროგრესი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროშიც აშკარაა. რუსეთის ფედერაციის ოქროს რეზერვები 2,3-ჯერ გაიზარდა და 28,75 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუბლი წლის განმავლობაში შეუჩერებლად მყარდებოდა. დოლართან მიმართებაში იგი 4,1%-ით შემცირდა, რაც 70-75%-ით ნაკლებია თავად დოლარის გაუფასურებაზე ზოგადად. ფედერალური ბიუჯეტის პირველადი პროფიციტი შეადგენს მშპ-ს 6%-ს, ხოლო მთლიანი – მშპ-ს 3%-ს. ამას დაემატა კორეის ნაპირებთან საუკუნის დასაწყისში ჩაძირული სამეფო გემის პოვნა, რომელიც ოქროულობითაა სავსე. წინასწარი შეფასებით, ნაპოვნი ქონების ღირებულება 125 მილიარდ დოლარს შეადგენს.

1


ეს ციფრები უფრო ეფექტურად გამოიყურება, თუ მას პროგნოზებს შევადარებთ. რუსეთის 2000 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო მშპ-ს 5%-იანი ზრდა, 1%-იანი დეფიციტი 3%-იანი პროფიციტის პირობებში და 18%-იანი ინფლაცია.
საინტერესო მდგომარეობაა აგრეთვე ექსპორტის სფეროშიც. გასული წლის მონაცემებით, რუსეთის ექსპორტმა განვითარებულ ქვეყნებში 10-15% შეადგინა. აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნულ ზრდაში, ძირითადად, მონაწილეობა მიიღო მზა პროდუქციამ. რუსეთი კი, მოგეხსენებათ, აქამდე ექსპორტირებას მხოლოდ ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებს უკეთებდა.

2

ამრიგად, კომპრომისის იმედი მხოლოდ სსფ-ს მხრიდან რჩება. აქ კი სავალუტო ფონდი მას იმედებს უცრუებს. რუსეთის სსფ-ს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსეი მოჟინი აცხადებს, რომ სსფ ახალი კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი პარიზის კლუბის ვალს დაფარავს ან რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს. ამასთან, მოლაპარაკებები საჯარო უნდა იყოს და კრედიტორებმა ქვეყნის სირთულეების შესახებ ერთხმად უნდა აღიარონ. რუსეთის მთავრობას დღემდე მიაჩნდა, რომ სსფ თავად უზრუნველყოფდა პარიზის კლუბის დათანხმებას და მას 2000 წლის არცთუ ისე სახარბიელო რუსულ საგადამხდელო ბალანსს გააცნობდა. დღეს კი გაირკვა, რომ პარიზის კლუბი სსფ-ს ფულის დაკარგვასა და რუსეთის გათამამებას აყვედრის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სსფ-ს მისია რუსეთში ჩამოვა არა იმ მიზნით, რომ გაარკვიოს რუსეთის გადამხდელუნარიანობა, არამედ კიდევ ერთხელ მოუწოდოს რუსეთს რეფორმის აუცილებლობაზე. სსფ-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, სტენლი ფიშერმა ერთხელ უკვე განაცხადა, რომ გაძვირებული ნავთობის პირობებში რუსეთმა რეფორმისათვის შესანიშნავი შანსი დაკარგა. სსფ რუსეთის რეფორმით კმაყოფილი არაა და ახალ შეთანხმებასაც ხელს, შესაბამისად, არ აწერს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იანვრის ბოლოს სსფ-ს რუსეთის წარმომადგენელს, მარტინ გილმანს პოლ თომფსონი შეცვლის.

გაზეთი Financial Times პირდაპირ აქვეყნებს რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ რუსეთზე ზეგავლენის პოლიტიკა ისეთი მტკივნეული საკითხების წამოწევით იქნას გატარებული, როგორიც არის რუსეთის ჯარების გაყვანა დსთ-ს ქვეყნებიდან (მაგალითად, საქართველო).

3

სსრკ-ს დავალიანება მალე შეიძლება დასავლეთისათვის ძლიერ ინსტრუმენტად იქცეს რუსეთში ეკონომიკური პროცესების წარმართვისათვის. შეგახსენებთ, რომ 2003 წლისათვის რუსეთს 19 მილიარდი დოლარის გასტუმრება მოუწევს. თუ ის მართალია, რომ მსოფლიოს რუსეთის ეკონომიკის ჩაგდება არ სურს, ისიც აშკარაა უკვე, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი მისი განვითარებით სერიოზული კონკურენტის დონეზე. შეთანხმება რესტრუქტურიზაციის შესახებ არაერთხელ იქნა მიღებული რუსეთის სასარგებლოდ. ახლა, როცა კრედიტორები აშკარა პროგრესს ხედავენ, ნამდვილად არ გაუშვებენ შანსს, დაიბრუნონ საკუთარი თანხები, ასევე განსაზღვრონ პოლიტიკური დივიდენდები.

კრედიტორთა შორის ყველაზე აქტიური ბოლო დროს გერმანია აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთს კატეგორიულად წაუყენა მოთხოვნა ვალების დაფარვის შესახებ. რაც შეეხება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ვალს – 40 მილიარდის ოდენობით, შროდერმა პუტინს მის ინვესტიციებად ტრანსფორმაცია შეთავაზა. მართალია, ტრანსფორმაციის მოდელი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია: რუსეთს კანცლერის წინადადება არ ეპიტნავა, დუმა მას გმობს, თუმცა, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

ასეთი ზეწოლის ფონზე, გასაკვირი სულაც არაა, რომ რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს ვალების რესტრუქტურიზაციის ან მისი კრედიტორული მხარის მინიმუმამდე დაყვანისათვის. სწორედ ამ “ღონეთა ნაირსახეობამ” ჩააყენა საქართველო გამოუვალ მდგომარეობაში.

რუსეთი ანგარიშს უწევს საქართველოში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას და მზად არის გამოეხმაუროს მის თხოვნას, ვალების ხელახალი რესტრუქტურიზაციის შესახებ. თუმცა, ამისათვის ქართველთა შემხვედრი ნაბიჯებიცაა საჭირო. თუ საქართველოს პარლამენტი “ნულოვან ვარიანტს” მიიღებს, რუსეთი თანახმაა პარიზის კლუბის პირობებით საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციაზე.

რა არის “ნულოვანი ვარიანტი”?

სსრკ-ს დიდი ოჯახის დანგრევის შემდეგ მისი წევრები, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ოჯახშია მიღებული, მთლიანი ქონებისა და დებიტ-კრედიტორული დავალიანებების მემკვიდრენი უნდა გამხდარიყვნენ. მაგრამ ასე არ მოხდა: სსრკ-მ ანდერძი მთლიანად დიდ შვილს, რუსეთს, დაუტოვა, ჩვენ კი, ტანით პატარა ძმები, დღენიადაგ ამ მემკვიდრეობას ვებღაუჭებით. ნუთუ ასე მდიდარი იყო ჩვენი ოჯახი, რომ ამდენ ტანჯვად ღირს მისი ავლა-დიდების გაყოფა-განაწილება?

უდავოდ მდიდარი ყოფილა. მიწები და მასში მდებარე ფასეულობები “უპრობლემოდ” გადანაწილდა. საკინკლაო კი მხოლოდ გარეთ არსებული ქონება დარჩა. რუსეთის კონტროლის პალატის შეფასებით, სსრკ-ს უძრავი ქონება საზღვარგარეთ 300 მილიარდ დოლარადაა შეფასებული – ბანკები შვეიცარიაში, საელჩოები, საკონსულოები, აღურიცხავი ობიექტები, რომელთა რიცხვი დაახლოებით 4000-ს აღწევს და სხვა მრავალი. ამას დამატებული ოქროს ფონდი – 240 მილიონი, ალმასის ფონდი, ასეულობით მილიარდი და დებიტორული დავალიანება სხვა ქვეყნების მიმართ (ინდოეთი, კუბა, ეთიოპია, ერაყი, მონღოლეთი, კორეა, ლაოსი, სირია და სხვა) – 150 მილიარდი დოლარი და ა.შ.

1991 წელს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკების წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერა ქონების განაწილების მეთოდიკის დამამტკიცებელ დოკუმენტს. მეთოდიკას საფუძვლად დაედო 4 პარამეტრი – მოკავშირე რესპუბლიკების ხვედრითი წილი ექსპორტ-იმპორტში, სსრკ-ს ეროვნული შემოსავალი და მოსახლეობის რიცხობრივობა. ამ პარაგრაფებიდან ეჭვს, პროფესორ ვლ. პაპავას აზრით, ერთადერთი მოსახლეობის რიცხობრივობა არ იწვევს, ხოლო დანარჩენი სამი მთლიანად მიუღებელია. მეთოდიკას ყველაზე დიდი ხარვეზები ათვლის წერტილიდან გამომდინარე გააჩნია, რადგან ამ პარამეტრებს საფუძვლად სსრკ-ს არსებობის ბოლო ხუთი წელი დაედო. ეს ფაქტები მეთოდიკის ხელოვნურობაზე მეტყველებს.

ამის შემდგომ სქემა შეიცვალა და წილების გადანაწილების საკითხი დაისვა. რუსეთი სსრკ-ს აქტივებისა და პასივების სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა. ყველა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა იძულებული შეიქმნა “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირება3 მიეღო. ამ დოკუმენტს 1993 წელს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოთარ ფაცაციამაც მოაწერა.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს წილად მამიკოს ქონების 1.62% ერგება. საინტერესოა, რომელი ტაბულით გვერგო ასეთი “მსუყე ნაჭერი”. ჯერ ერთი, გაანგარიშების მეთოდიკა საერთოდ არ არსებობდა, მერე 1998 წელს ძლივს რაღაც შექმნეს, რასაც დუმამ რატიფიკაცია არ გაუკეთა. შემდეგ ისევ თავიდან დაიწყეს და მოვედით დღემდე: ალმასის ფონდში საერთოდ არ გვახედებენ. ოქროს ფონდი ჩამოგვაჭრეს. ქონება დიდ შვილს ერგო. ვალების ნაწილი კი, დიდმოწყალე რუსეთმა “მეგობრებს” აპატია (მაგ ნიკარაგუას 90% და ა.შ.). დარჩა რაღაც თანხა, საიდანაც 1.6%,Y3.700 მილიარდის ტოლია. ეს თანხა ნამდვილად უშველიდა საქართველოს კრედიტორულ დავალიანებას. თუმცა, იგი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. “ნულოვანი ვარიანტით”, ბევრი მეოცნებე დემაგოგის კოშკები დაინგრა. პირველი იმიტომ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და მამიკოს სხვისი ვალებიც ჰქონია მილიარდობით, მაგრამ ეს არაფერი, ჩვენთვის აქტივი პასივზე მეტია და ბალანსიც, შესაბამისად, გემრიელი; და მეორე – რუსეთი რისი დიდი შვილია, თუ მამიკოს ქონება უგზო-უკვლოდ გაანიავა. ანდა რატომ იზრუნებს პატარა ძმებზე, თუ მათ თავად არ გააჩნიათ თავმოყვარეობა. 14-იდან ყველაზე ჭკვიანი სამი ტყუპი აღმოჩნდა ბალტიისპირეთიდან, რომელთაც საერთოდ ინდიფერენტული პოზიცია არჩიეს და სამართალმემკვიდრის ნაცვლად თავი ანექსირებულ სახელმწიფოებად გამოაცხადეს. ამდენად, არც აქტივი უნდათ და არც პასივი.

რუსეთი გვეუბნება – თუ “ნულოვან ვარიანტს” მიიღებთ, ვალებს ორი წლით გადაგივადებთ, თუ არა – ვალების რესტრუქტურიზაციას არ გავაკეთებთ, მაშინ პარიზის კლუბის ყველა წევრი უარს იტყვის მათ მიმართ ვალების რესტრუქტურიზაციაზე. არსებული წესიდან გამომდინარე, ყველა წევრთან ერთი მიდგომაა საჭირო. გრაფიკით, 2001 წელს საქართველოს 310-312 მილიონი დოლარის ვალის დაფარვა უწევს (საგარეო ვალი). ეს მარტო პარიზის წევრების მიმართ დავალიანების მომსახურებაზე, სადაც არ შედის თურქმენეთი და მსგავსი ქვეყნები. ბიუჯეტი კი იმდენად მწირია, რომ საშინაო ვალსაც ვერ ისტუმრებს. მაშ, საიდან უნდა გადავიხადოთ ვალი? – ვერსაიდან. უბრალოდ, რუსეთის წინადადება უნდა მივიღოთ და ცოტა ამოვისუნთქოთ.

დღეისათვის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტებლიშმენტში ამ პრობლემის რამდენიმე ვერსია ჩამოყალიბდა.

– “ნულოვანი ვარიანტის” მიღების შემთხვევაში, არის თუ არა მიზანშეწონილი მოთხოვნა მიმდინარე ვალების ჩამოწერის შესახებ?

საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის, ივანე ჩხარტიშვილის პასუხი ასეთია: “პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან პრაგმატულად ვუდგებით ამ საკითხს. უმთავრესი, რაზეც ორიენტაციას ვაკეთებთ, გახლავთ ამ ქონების ლიკვიდურობა. არის თუ არა იგი ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას შეეძლო გამოეყენებინა ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ქონება ლიკვიდური არაა. მცდელობა საქართველოს მხრიდან იყო, მაგრამ უშედეგო, რადგან ეს ქონება რეალურად ჩვენთვის მიუწვდომელია. ქონება არსებობს, მაგრამ მისი შეხება შეუძლებელია და სწორედ ამიტომაც იგი იყო, არის და დარჩება პოლიტიკურ და არა ეკონომიკურ პროდუქტად”.
– რას იტყოდით იმის შესახებ, რომ აღნიშნული საკითხი, ისევე როგორც სხვა მრავალი, პოლიტიზირების საგანი გახდა?
– ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ხასიათის ნამდვილად არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში იგი პარლამენტის გადასაწყვეტია. ჩვენ, უბრალოდ, განვმარტეთ, რომ ეს არ არის ის ფინანსური საშუალებები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია თანხები მოიზიდოს და გამოიყენოს სხვადასხვა დანიშნულებით. რატომღაც, ამ თემის განხილვა სხვა რაკურსით წარიმართა. ჩვენთვის საწყენია, რომ ეკონომისტების მიერ გაკეთებულმა პროფესიონალურმა დასკვნამ პოლიტიკური დებატების ელფერი მიიღო.

რამდენად მიზანშეწონილია ნულოვანი ვარიანტის მიღების შემთხვევაში მიმდინარე ვალების ჩამოწერის მოთხოვნა, გვესაუბრება ვლადიმერ პაპავა (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე).
– დღეს საქართველოს იგივე პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, რაც 1998-99 წ.წ, როცა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ აგორებულმა თემამ რატიფიცირების მიღების უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთთან პრობლემის გამწვავება გამოიწვია. საინტერესოა, რას გვთავაზობს საბიუჯეტო ოფისი და რომან გოცირიძე. მათ “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირება სხვა მიმართულებით სურთ. ვენის კონვენციის თანახმად, თუ რუსეთი არ წამოვა ქართულ ვარიანტზე, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, მივმართოთ გაეროს გენერალურ მდივანს, ხოლო შემდგომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, სადაც, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დავა შეიძლება გაგრძელდეს ათი, თხუთმეტი, ოცი წელი. რაც შეეხება იურისტების დაქირავებისათვის საჭირო თანხას, იგი რამდენიმე მილიონ დოლარს აღემატება, ისიც მოგების მინიმალური შანსის პირობებში. ეს პრინციპში სწორია, მაგრამ ამის განხორციელებისთვის საქართველო ვალების გადახდისუნარიანი უნდა იყოს. თუ ამ ვალებს ვერ გადავიხდით, მაშინ გაკოტრებულ სახელმწიფოდ გამოვცხადდებით. აქედან გამომდინარე, ჩვენს ანგარიშებს ყადაღა დაედება, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის პროგრამები შეწყდება, საერთაშორისო გადარიცხვები არ იწარმოებს და ყველა თანხა ვალების მომსახურებას მოხმარდება. ეს კი ქვეყანას მისი ყოფნა-არყოფნის საშიშროების წინაშე დააყენებს.

არსებული მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ “ნულოვანი ვარიანტი” იძულება უფროა, ვიდრე წინადადება. არსებობს თუ არა სხვა გამოსავალი ვალების რესტრუქტურიზაციისათვის?

დღეისათვის სიტუაცია ისე განვითარდა, რომ რუსეთი არ წამოვა რესტრუქტურიზაციაზე, თუ “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირება არ მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადში 22 მილიონი მხოლოდ რუსეთისათვის გვექნება გადასახდელი. ამ თანხის დაძლევა ეროვნულ ბანკს შეუძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებიც მოითხოვენ დავალიანებების იგივე სქემით დაფარვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ წელიწადში, ფინანსთა სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოს 310-312 მილიონი დოლარი ექნება გადასახდელი. ეს თანხა კი ჩვენი ბიუჯეტის ნახევარზე მეტია და უდავოა, რომ საქართველოს მისი დაფარვა არ შეუძლია.
– რამ მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე?
– როდესაც საქართველოს სსრკ-დან გამოყოფის საკითხი დადგა, მაშინ რუსეთის ხელისუფლება კავშირიდან გასვლის მსურველებს კომპენსაციის გადახდას სთხოვდა. ამჟამად, საქართველოს განსაკუთრებით 1991-94 წლებში აღებული კრედიტები მძიმე ტვირთად აწევს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქვეყანას არ გააჩნდა ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკა და იგი საომარ სიტუაციაში იმყოფებოდა.
– არსებობს თუ არა არჩევანი?
– ამ სიტუაციაში არჩევანი არ არსებობს. სხვა შემთხვევაში ისეთი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორსაც არც ერთ სახელმწიფოს არ ვუსურვებდი.
– არის თუ არა სსრკ-ს დებიტორული დავალიანება ლიკვიდური?
– დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა არალიკვიდურია. დღესდღეობით თუ ერაყის მაგალითიდან შევაფასებთ სიტუაციას, მას ამერიკა ბომბავს. ხოლო რაც შეეხება ინდოეთის ვალს, რომელიც ჩაით აპირებს მის დაფარვას, ეს აუცილებლად სამხრეთ საქართველოს განადგურებას გამოიწვევს. ყველა ის მსჯელობა, რომ სსრკ-ს ვალები დაბრუნებადია, საღი ეკონომიკური აზრისაგან შორს არის. ჩემი პოზიციის ანალოგიური პოზიცია საერთაშორისო ექსპერტებსაც გააჩნიათ. ის სქემა, რასაც კოლეგები გვთავაზობენ მხოლოდ თეორიულადაა გამართლებული, ხოლო მისგან მოსალოდნელი შედეგები შორეული და არარეალურია.
პრინციპში, დისკუსიის ყველა მონაწილე ეთანხმება “ნულოვანი ვარიანტის” ერთ გზას, მაგრამ… ამ მაგრამშია საქმე. საქართველოს არა აქვს შანსი, დათვალოს რუსეთის ქონება, რომელიც მან სსრკ-სგან მიიღო, მით უმეტეს არა აქვს საშუალება, მართოს ის. სამართალს რომ მიაღწიოს, 10-15 წელი მოუწევს სასამართლოებში ხეტიალი, ვენის კონვენციის ბაზაზე და მიიღებს ყინულზე დაწერილ შემოსავლებს (აქტივებს) ანგოლიდან, ეთიოპიიდან, ვიეტნამიდან… ასევე რეალურ კლდესავით მყარ ვალებს (პასივებს) განვითარებული ქვეყნების მიმართ, რომელსაც არ ჩამოწერენ. თუ ოდნავ განვითარებული ეკონომიკა გვექნება და თუ კრიზისი გაგრძელდება, ვალებს ვერ გადავიხდით. სამაგიეროდ, რუსეთი ცოცხალი თავით არ ჩამოწერს ვალს იმიტომ კი არა, რომ მისთვის ეს 158 მილიონი რამეს ნიშნავს, არამედ მას პოლიტიკურად სურს, მისი მევალე იყო და გეოპოლიტიკური პოზიციები აღიდგინოს კავკასიაში. რუსეთის ვალების რესტრუქტურიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთმა, როგორც პარიზის კლუბის წევრმა, იცის, რომ ყველა დანარჩენი წევრი უარს იტყვის ვალების რესტრუქტურიზაციაზე და საქართველოს 2001 წელს მოუწევს ვალების მომსახურება – 310 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ან ქვეყნის დეფოლტად გამოცხადება. ისიც ცხადია, რომ თუ საქართველოსთან რუსეთი ურთიერთობას არ გაარკვევს, ის ვერ შეიძენს მსოფლიოში მიმოფანტულ კუთვნილ ქონებას. დასავლეთს ურჩევნია მდიდარ რუსეთთან ჰქონდეს საქმე. პარიზის კლუბმა ეს უკვე აღიარა. მისი მოვალე რუსეთია და არა საქართველო, დასავლეთში საქართველოს ხსენებაც არავის სურს.
მაშ რა ხდება?
ქარიშხალი ჭიქაში, მორიგი ამბოხი პრეზიდენტის რეალური ინიციატივის წინააღმდეგ დილეტანტთა გულის მოსაგებად “ხალხზე და სამშობლოზე ზრუნვის” ეგიდით. იციან კი ეს მეორე მხარის წარმომადგენლებმა?
იციან და თანაც როგორ! მაგრამ ასეთია პოლიტიკური თუხთუხის წესი.