ეთიკა ბიზნესის ეთიკის ზოგიერთი პრობლემები

რუსუდან მაისურაძე ომარ შუდრა

საქმიანი ეტიკეტი ბიზნესმენის პროფესიული ქცევის მორალის მნიშვნელოვანი მხარეა. რადგან არ იციან ეტიკეტის წესები, მათ ეშლებათ მნიშვნელოვანი გარიგებები. ამის გამო ჩვენი ბიზნესმენები ისევე, როგორც მათი კონსულტანტები და მდივან-თანაშემწეები პარტნიორების (განსაკუთრებით უცხოელი) კრიტიკის ობიექტები ხდებიან. განსაკუთრებით უჭირთ ინტელიგენტური ჩვევების გამომუშავება პირველი თაობის და დამწყებ ბიზნესმენებს.
საქმიანი ეტიკეტის წესები მუდამ ეხმარებოდა ბიზნესმენთა ეკონომიკური და ფინანსური ინტერესების დაახლოებას.
ეფექტური მეწარმეობის მთავარი მაჩვენებელია პრაქტიკული შედეგები და პირველ რიგში – მოგება, რომელიც ყოველთვის წინ იდგა, ვიდრე პარტნიორთა
ნაციონალური, სოციალური და რელიგიური განსხვავებები. ბიზნესმენთა მორალურ-ფსიქოლოგიური მოუმწიფებლობა ჩანს თუნდაც დღევანდელი წარმატებისადმი მათ მისწრაფებაში, მოუთმენლობაში, საქმიანი ურთიერთობების ტექნოლოგიის დაბალ დონეში, ფულისადმი პათოლოგიურ დამოკიდებულებაში.
ყველაზე ძნელი გადასალახავი კი ჩამორჩენილი მსოფლმხედველობა და დაკომპლექსებული აზროვნებაა. ასევე დასახვეწია და ყურადღებას მოითხოვს ჩვენი კორპორაციული ეთიკა (ეთიკის კოდექსები და სხვ.), მიკროეთიკა (ურთიერთობა ხელქვეითებთან და სხვ.), მაკროეთიკა (ურთიერთობა კონკურენტებთან, სახელმწიფოსთან და სხვ.), ადმინისტრაციული ეთიკა, ინტერნეტის ქსელური ეთიკა და სხვ.
რა უნდა ახსოვდეს მეწარმეს? უპირველეს ყოვლისა, საქმიანი ეტიკეტი შეიცავს ქცევის კულტურას, რომელიც გულისხმობს ინდივიდისადმი ღრმა პატივისცემას
(ყოველ შემთხვევაში, ადამიანის სოციალური როლი არ უნდა ახდენდეს ჰიპნოზურ გავლენას საქმიან პარტნიორზე). ქცევის ჭეშმარიტი კულტურის წესები
იმდენად განსხვავდება ჩვენს სინამდვილეში გავრცელებული საყოფაცხოვრებო ჩვევებისგან, რომ ხშირად ფართო აუდიტორიის გაოცებას იწვევს ხოლმე. ამდენად, სასარგებლო იქნება ზოგიერთი მათგანის ჩამოთვლა. წარმატებული სამუშაო დღის საფუძველი საშინაო, ოჯახური ატმოსფეროა: თქვენი განწყობა დამოკიდებულია, თუ როგორია ურთიერთობები ოჯახში, როგორ დაისვენეთ, დილით ღიმილიანი სალამი კი ძლიერი სტიმულატორია თანამშრომელთათვისაც. მომსვლელი, რომელიც შედის ოფისის ოთახში, კარზე არ უნდა აკაკუნებდეს – თანამშრომლებს ეს მხოლოდ აღიზიანებთ. იგივე ეხება ხელმძღვანელის კაბინეტს (მაგრამ თუ ხელმძღვანელი მოითხოვს საწინააღმდეგოს – ეს წესი უნდა შესრულდეს). საქმიანი ადამიანი, ტრადიციულად, კაბინეტში სახით კარისკენაა (ეს ხელს არ უწყობს მის შრომის ნაყოფიერებას) მაშინ, როდესაც ოპტიმალურია მუშაობა ზურგით კარისაკენ. რაც შეეხება საწერი მაგიდის ზედაპირს – ის გადატვირთული არ უნდა იყოს (საქაღალდეებით
სავსე მაგიდაზე შეუძლებელია ყურადღებით მუშაობა). განსაკუთრებით უადგილოა მაგიდაზე ქალის ხელჩანთა, საოჯახო ცელოფნები, ქუდი და სხვ.
ბოლო დროს საქმიან ურთიერთობებში სიგარეტის მოწევას სულ უფრო ნაკლები ადგილი უჭირავს. თუ მოლაპარაკებები პატარა ოთახში მიმდინარეობს, უკეთესია,
საერთოდ არ მოვწიოთ. ევროპაში ალკოჰოლს სუფრაზე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ამიტომ აქაც თავშეკავებაა საჭირო.
საქმიანი ადამიანის კულტურას პირველ რიგში მისი მოწესრიგებულობა განსაზღვრავს. ჰალსტუხი აუცილებელი არაა მხოლოდ ფერად და სპორტულ
პერანგთან (თუმცა, სამუშაო დღის ჭრელი, მუქი და მოკლე პერანგები არაა რეკომენდებული). მამაკაცს ორი ცხვირსახოცი აქვს, პირველს იყენებს დანიშნულებისამებრ, ხოლო მეორეს (მუდამ სუფთას) ინახავს პიჯაკის შიდა ჯიბეში (სათვალის გასაწმენდად და სხვ.).
კაბინეტში თათბირზე, ბინაში, რესტორანში შედიან შეკრული პიჯაკით, რომლის ქვედა ღილი ყოველთვის შეხსნილია. ღილის ბოლომდე გახსნა
მხოლოდ სუფრასთან ან თეატრის სავარძელში შეიძლება. მამაკაცი პირს ყოველდღე იპარსავს (შავგვრემანი კი დღეში ორჯერ, თუ მას შავი კოსტიუმი უნდა ეცვას საღამოს). შინაც ლამაზად უნდა გვეცვას, თუნდაც კარგი განწყობისათვის. თანამედროვე საქმიანი ცხოვრება წარმოუდგენელია ტელეფონის გარეშე.
მისი საშუალებით ოპერატიულად წყდება უამრავი პრობლემა. უცხოეთში ფართოდაა გავრცელებული კურსები, მეთოდური რეკომენდაციები და ბროშურები
ამ თემაზე (განსაკუთრებით – მობილურ აპარატზე). კაცობრიობა უკვე საუკუნეზე მეტია, ტელეფონით სარგებლობს. თითქოს საკმარისი დროა გასული, მაგრამ ტელეფონით საუბრის ჭეშმარიტი კულტურისგან ჩვენ ძალზე შორს ვართ. თუ თქვენ გიყვართ საჩუქრის მიძღვნა, შეგძლებიათ საკუთარი ეგოიზმის გადალახვა. წიგნის ჩუქებისას წარწერა კეთდება მარცხენა, ცარიელ ფურცელზე და არა მარჯვენაზე, სადაც წიგნის შიდა სათაურია (შეინარჩუნეთ სატიტულე
ფურცელი სუფთად). ახლა წიგნზე წარწერას უფრო იშვიათად მიმართავენ, როცა წიგნი გარკვეული მიზნითაა შერჩეული. ყვავილების გადაცემა ბინის წინკარში შეფუთულ მდგომარეობაშიც შეიძლება, მაგრამ თუ თქვენ ოთახში შედიხართ ყვავილებით, მოხსენით ქაღალდი (ცელოფანი) და ისე გადაეცით იუბილარს.
ქალთა წილი ბიზნესში (და სახელმწიფოს მართვაშიც) ყოველწლიურად იზრდება. მომუშავე ქალი, რომელიც ოჯახის მეურნეობასაც უძღვება, თვლის, რომ ის იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას როგორც უფროსებისგან, ისე თავისი ოჯახისგან. მაგრამ პრაქტიკულად,
ხელმძღვანელი და კოლეგები მისი საქმიანი თვისებების გულგრილი შემფასებლები არიან და ოჯახიც დედის მუდმივი მოუცლელობით უკმაყოფილოა. ასე რომ, კარიერის ოჯახზე მაღლა დაყენებით ქალი ვერაფერს მოიგებს. პირველ რიგში საქმიანმა ქალმა დავალების მიღება და შესრულება უნდა ისწავლოს. ქალი, რომელსაც ეს შეუძლია
ზედმეტი საუბრის და კამათის გარეშე, გზას იკვლევს კარიერაში. ხელმძღვანელის შენიშვნას თავის მართლების ნაკადი არ უნდა მოჰყვეს. სასარგებლო ფრაზაა ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რის შემდეგაც შეიძლება თავაზიანი ფორმით ჩამოვაყალიბოთ მიზეზიც. ქალი – ლიდერი თავს ნებას არ უნდა აძლევდეს, ისაუბროს დიქტატორული ტონით (სამსახურში და ოჯახშიც). როცა ქალი კარიერის ზენიტშია, ეს შეიძლება გადაიზარდოს ყველასთვის გამაღიზიანებელ ამბიციურობაში, რაც შორსაა სიკეთისა და ქალურობისგან, თუმცა თუ სურს წინსვლა კარიერაში და ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნება, ეს თვისებები მას ახლა უფრო მეტად
სჭირდება. ქალურობის დეფიციტს ვერასდროს შეცვლის პროფესიული ცოდნა. როგორი კარიერაც უნდა მოვიწყოთ, ძველ მეგობრებთან ურთიერთობას თავისი
ხიბლი აქვს. ეს თავისით არ მოდის, აქაც სულიერი ძალისხმევაა საჭირო, თანაც ორივე მხრიდან, რათა თქვენი ძველი ურთიერთობები, დროის ულმობელი
მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალ დონეზე, ახალ ჩარჩოებში გადაიყვანთ. ცხადია, ეს ყველას როდი ძალუძს. ამიტომ გვესმის ხშირად: გამდიდრდა და აღარ ვჭირდები.
ერთი შეხედვით, საქმიანი ეტიკეტი არსებული წესების კარგად შესწავლაზე დაიყვანება (ის ხომ ეკონომიკური პროფილის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება). მაგრამ ეს პრობლემისადმი ზედაპირული მიდგომაა, ჩვენს ჩამორჩენას ბიზნესისა და ადმინისტრაციულ ეთიკაში უფრო ღრმა საფუძვლები აქვს. კვალიფიკაციის და გადამზადების კურსებზე, რომლებსაც უცხოელი სპეციალისტები ატარებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ყურადღება გამახვილებულია მსმენელთა საერთო მსოფლმხედველობის, ხედვის კონცეფციის შეცვლაზე, რადგან მათში გამჯდარია ბიზნესისადმი ინჟინრული მიდგომა. ჩვენი საშუალო სკოლის ავტორიტარული ფესვები საოცრად მტკიცე და ღრმა აღმოჩნდა. ათწლეულობით არსებობდა ერთი, სწორხაზოვანი აზრი, მოსწავლეები კი ინფორმაციის მიმღების პასიურ როლს ასრულებდნენ. წინ იდგა საზოგადოებრივი აზრის პრიორიტეტი, ყველაფერი ინდივიდუალური კი იჩქმალებოდა. საერთო განათლების ახალი პროგრამების მიზანი ახალგაზრდებისთვის მეტი ცოდნის და პრაქტიკული ჩვევების მიცემაა. მაგრამ ტექნოლოგიების და ფასეულობების სწრაფი ცვლილებების გამო პროფესიული სიმწიფის მაჩვენებელი
უკვე პიროვნული მახასიათებლები გახდა კერძოდ, ზნეობა, რომელიც ყოველთვის იყო განათლების საფუძველი. ამასთან, ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი, რომ ზნეობა არ შედის ცოდნა-განათლების სფეროში, რომ უნაყოფოა პრაქტიკული ცოდნა, რომელიც არაა დაბალანსებული მორალით. ცივილიზებული ბაზრის ათვისებისას საბაზრო სტრუქტურებში დაფუძნების მსურველთა მხოლოდ 10 პროცენტი აღწევს წარმატებას. მხოლოდ ის, ვისაც შემოქმედებითი თვითრეალიზაციისკენ დიდი მისწრაფება აქვს, ცდილობს ადამიანთა ნდობის მოპოვებას, შეუძლია მათი ინტელექტუალური პოტენციალის გახსნა, და ბოლოს, რაც მთავარია, სინდისიერი და წესიერია.