რეგიონის სამშენებლო ბაზრის ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმები

პაატა ჩაგანავა

ნებისმიერი რეგიონის ეკონომიკაში მშენებლობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს – იგი წარმოადგენს ერთდროულად სამომხმარებლო საქონლისა და წარმოების საშუალებათა წარმოების სფეროს.
ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეები მოცემულ რეგიონში ინვესტირებისას ახორციელებენ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. ამდენად, მშენებლობაზე დაკვირვებით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რეგიონში საერთო წარმოების სამომავლო მოცულობის თაობაზე.
სამშენებლო ინდუსტრია ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, უსრულებს მას სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. ბინათმშენებლობის დინამიკა გვაძლევს ამა თუ იმ ტერიტორიის მოსახლეობის შემოსავლების დონის შეფასების ორიენტირებს.
და ბოლოს, მშენებლობა ემსახურება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ კაპიტალდაბანდებებს. თუ გავითვალისწინებთ ინფრასტურუქტურის გადამწყვეტ როლს რეგიონის ტერიტორიულ განვითარებაში, სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი გვიჩვენებს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს.
სწორედ ამიტომ იძენს აქტუალობას რეგიონის სამშენებლო დარგის ეფექტურობის შეფასება.
რეგიონის სამშენებლო ბაზრის ეკონომიკურ ეფექტურობაზე მსჯელობა სინამდვილეში ნიშნავს მსჯელობას საზოგადოებრივი და შიდა საწარმოო ეფექტურობის შესახებ:
1. საზოგადოებრივი ეფექტურობა – მშენებლობაში დასაქმებული იშვიათი საზოგადოებრივი რესურსების მინიმალური დანახარჯებით სამშენებლო პროდუქციის მომხმარებელთა მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება;
2. შიდა საწარმოო ეფექტურობა – ყოველი კონკრეტული სამშენებლო საწარმოსათვის მინიმალური საწარმოო ხარჯების პირობებში მაქსიმალური შემოსავლების მიღება და ამ გზით მოგების მაქსიმალიზაცია;
საზოგადოებრივი და შიდა საწარმოო ეფექტურობა შეიძლება გავაერთიანოთ ერთ ცნებაში – “სტატიკური ეფექტურობა”. იგი ნიშნავს, რომ მეწარმეების მიერ ხდება საწარმოო ფაქტორების ყველაზე ოპტიმალური კომბინაციის შერჩევა და არსებული ტექნოლოგიებიდან ყველაზე საუკეთესოს გამოყენება;
მაგრამ ეფექტურობის ამგვარი გაგება არასაკმარისია რეგიონის სამშენებლო ბაზრისათვის. მშენებლობა ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს, ეს ურთიერთობები კი მუდმივი განვითარების პროცესშია. ამიტომ ცნებაში “დინამიკური ეფექტურობა” უნდა ვიგულისხმოთ სამშენებლო წარმოებაში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვა და გრძელვადიან პერიოდში მშენებლობის საზოგადოებრივი და შიდა საწარმოო ეფექტურობის ზრდა.
ამრიგად, როცა ვმსჯელობთ რეგიონის სამშენებლო ბაზრის ეფექტურობაზე, ვგულისხმობთ როგორც სტატიკურ, ისე დინამიკურ ეფექტურობას და მხედველობაში გვაქვს, რომ სამშენებლო ბაზარი არა მარტო უზრუნველყოფს რესურსების ოპტიმალური გამოყენების, წარმოების მაქსიმალიზაციისა და მომხმარებლის დაკმაყოფილების ამოცანების შესრულებას, არამედ შეიცავს სტიმულებს, რომლებიც განაპირობებენ პროგრესის მიღწევების წარმოებაში დანერგვას.
რეგიონის ეფექტური სამშენებლო ბაზარი ეკონომიკურ სუბიექტთა ურთიერთქმედების საფუძველზე ემსახურება მთავარი საზოგადოებრივი მიზნის მიღწევას – მომხმარებლის დაკმაყოფილებას. საბაზრო ეკონომიკის იდეოლოგიის თანახმად, სწორედ მომხმარებელია ეკონომიკური სისტემის მთავარი მოქმედი პირი – იგი წყვეტს, რა უნდა აწარმოოს ეკონომიკამ, ხოლო სამეწარმეო სექტორი და რესურსების მომწოდებლები ცდილობენ, მოერგონ მომხმარებლის მოთხოვნებს. ამას ეკონომიკურ ლიტერატურაში “მომხმარებლის სუვერენიტეტს” უწოდებენ.1
რეგიონის მშენებლობაში “მომხმარებლის სუვერენიტეტის” პრინციპის რეალიზაცია ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოსულ ნებისმიერ პირს, თავისი ფინანსური შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, შეუძლია, მოითხოვოს ისეთი სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, როგორიც სურს (იმ პირობით, რომ ამგვარი სამუშაოები არ არღვევს სხვა პიროვნებების უფლებებს, არ ემუქრება მათ ქონებას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). რეგიონის სამშენებლო საწარმოები კი, თავიანთი საწარმოო რესურსებიდან გამომდინარე, შეეცდებიან, დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები.
საბაზრო ურთიერთობათა თეორიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს იდეალურად ეფექტური ეკონომიკის მოდელს, რომელიც იდეალურად ეფექტური ბაზრებისაგან შედგება.
მონოპოლიისა და მონოფსონიისაგან თავისუფალ სამშენებლო ბაზარზე ფასი ყალიბდება მომხმარებლებსა და მეწარმეებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად და ასრულებს რეგულატორის როლს: აძლევს სიგნალს მეწარმეებს მომხმარებლის გემოვნებისა და მოთხოვნილებების შესახებ, ხოლო ინვესტორებს – ბაზარზე მოგების დონის შესახებ; აიძულებს მეწარმეებს, იმუშაონ მომხმარებლის მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილებისათვის; აძლევს ინფორმაციას ბაზრის დატოვებისა თუ ბაზარზე შესვლის სარგებლიანობის შესახებ.
წმინდა კონკურენტული ბაზარი არის თეორიული მოდელი, ეტალონი, რომელსაც ვადარებთ რეალური ბაზრების მდგომარეობას და ვადგენთ, თუ რამდენად სცილდება რეალობა იდეალს. დიდია ცდუნება, რომ რეგიონის წმინდა კონკურენტული ბაზრის მოდელი გავხადოთ ორიენტირად რეგიონული სახელმწიფო პოლიტიკისათვის. მაგრამ, სანამ ამას გავაკეთებდეთ, უნდა განვიხილოთ ზოგიერთი რეგიონული ეკონომიკური პროცესი, რომლებიც გვაიძულებენ, გადავხედოთ რეგიონის სამშენებლო ბაზრის ეფექტურობის კრიტერიუმებს:
1. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლის სრული დაკმაყოფილება მისი ფინანსური რესურსების ფარგლებში არ არის შესაძლებელი – მომხმარებელი არაა სრულიად თავისუფალი სამშენებლო პროექტის შერჩევაში, იგი შეზღუდულია განაშენიანების გეგმებით. წარმოიშვება წინააღმდეგობა კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის: შენობის არქიტექტურული გადაწყვეტა პიროვნების ფინანსურ შესაძლებლობებსა და ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ამავდროულად, ყოველი ნაგებობა ტერიტორიის საერთო ხედის შემადგენელი ნაწილია, ე.ი. საზოგადოებრივ ფუნქციასაც ასრულებს. ეს წინააღმდეგობა განსაკუთრებით თვალში საცემია ქალაქებში;
2. რეგიონში შეუძლებელია, არსებობდეს სამშენებლო საწარმოთა ძალიან დიდი ოდენობა. რეგიონული მოთხოვნა სამშენებლო პროდუქციაზე არ შეიძლება იყოს ისეთი დიდი, რომ ასობით სამშენებლო კომპანიის სრული დატვირთვა უზრუნველყოს;
3. რეგიონის ბაზარზე შესასვლელად სხვა რეგიონის ან უცხოურმა ფირმებმა უნდა გასწიონ გარკვეული დანახარჯები (ბაზრის კვლევა, კონკურენტების შესწავლა, ფილიალების ჩამოყალიბება, სარეკლამო კამპანიის გატარება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ა.შ.). ამან შესაძლოა, შეაფერხოს რეგიონის ტერიტორიაზე სხვა ფირმების შემოსვლა;
4. იგივე ეხება მომხმარებლებსაც, განსაკუთრებით სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ ეკონომიკურ სუბიექტებს (მეწარმეებს), რომლებსაც მოცემულ რეგიონში შემოსასვლელად იგივე სახის დანახარჯების გაწევა მოუწევთ;
5. თუ რეგიონის დონეზე არსებობს განსაკუთრებით მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ბაზარზე წარმოების მოცულობაზე, მაშინ წარმოიშობა მდგომარეობის საკუთარი თავის სასარგებლოდ და სხვის საზიანოდ გამოყენების შესაძლებლობა. თანაც, თუ ასეთი მომხმარებელია, მაგალითად, დიდი ქარხანა, მაშინ ბაზარზე მონოფსონიური ქცევის საშიშროება წარმოიშვება. მეორე მხრივ, თუ მსხვილ შემკვეთს სახელმწიფო წარმოადგენს, ბაზარს ემუქრება კორუფციული გარიგებები და მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ახლოს მდგომი სამშენებლო კომპანიების მიერ ბაზრის მონოპოლიზების საფრთხე;
6. რეგიონის სამშენებლო ბაზარზე არ შეიძლება არსებობდეს სრული საინფორმაციო გამჭვირვალობა. მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია მხოლოდ კომპანიების შეზღუდული რაოდენობის შესახებ. ზუსტად ასევე, მეწარმეები შეიძლება მუშაობდნენ ბაზრის მხოლოდ გარკვეულ სეგმენტზე. ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის პროდუქციის ხარისხის შესახებ კი შეიძლება დაგვიანებით გამოვლინდეს, ან საერთოდ არ გამოვლინდეს, რაც სამშენებლო სამუშაოთა სპეციფიკას წარმოადგენს;
7. ბაზრის მონოპოლიური მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას რესურსების ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობის გამო: ა. მშენებლობის სფეროში განათლების და კვალიფიცირების სისტემა ნელა რეაგირებს ბაზრის მოთხოვნების ცვლილებაზე, ამიტომ შესაძლებელია, შეიქმნას სიტუაცია, როცა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შეიძლება აკმაყოფილებდეს მხოლოდ რამოდენიმე კომპანია, რადგან საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი და კვალიფიციური მუშახელი მცირე ოდენობითაა, განათლების ბაზარი კი მათ რამოდენიმე წლის დაგვიანებით მოაწოდებს; ბ. თუ რომელიმე რეგიონში პრესტიჟული მიწის ნაკვეთები მცირე ოდენობის სამშენებლო კომპანიებს აქვთ შეძენილი, მაშინ დანარჩენი ფირმებისათვის ამ რეგიონში მუშაობა ნაკლებად საინტერესოა; გ. თუ საშენ მასალათა მომწოდებლები და საპროექტო დაწესებულებები ექსკლუზიური კონტრაქტებით არიან დაკავშირებულნი სამშენებლო კომპანიებთან, ანდა იმყოფებიან რესურსების ბაზრებზე მონოპოლიურ მდგომარეობაში, სამშენებლო კომპანიებს და მათი გავლით უშუალო მომხმარებელს ძვირი და შედარებით ცოტა რაოდენობის სამშენებლო პროდუქცია მიეწოდება;
8. წმინდა კონკურენტული ბაზრის თეორიულ მოდელში მოყვანილი დაშვება პროდუქციის ჰომოგენურობის შესახებ გულისხმობს, რომ ყველა ფირმა, რომელიც მუშაობს ბაზარზე, აწარმოებს ზუსტად ერთნაირ პროდუქციას, არ ახდენს პროდუქციის დიფერენცირებას და არ იბრძვის ფასებთან დაკავშირებული კონკურენციის მეთოდებით: რეკლამა, სერვისი, ხარისხი, სავაჭრო მარკა და სხვ. ამგვარი დაშვება ნაკლებად გამოდგება რეგიონის სამშენებლო ბაზრის დახასიათებისათვის. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან ხარისხით (რა თქმა უნდა, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ფარგლებში), სერვისით, ანაზღაურებისა და ხელშეკრულების პირობებით, სამშენებლო, საიზოლაციო და მოსაპირკეთებელი მასალებით, გამოყენებული სამშენებლო ტექნოლოგით. სამშენებლო ფირმები შეიძლება ებრძოდნენ ერთმანეთს სარეკლამო კამპანიის და სავაჭრო მარკების მეშვეობით.
9. საბაზრო ეკონომიკის თეორიაში განსაკუთრებით არის აღნიშნული, რომ წმინდა კონკურენტულ ბაზარზე მოქმედ ფირმებს აქვთ სტიმული, გამოიყენონ არსებული ტექნოლოგიებიდან ყველაზე ეფექტური, მაგრამ, როგორც წესი, არ გააჩნიათ იმდენი ფინანსური რესურსები, რომ სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები დააფინანსონ. ე.ი. წმინდა კონკურენტული ბაზარი არ აკმაყოფილებს “დინამიკური ეფექტურობის” პირობებს;
როგორც ვხედავთ, არსებობს გარკვეული ფაქტორები და წინააღმდეგობები, რომლებიც განაპირობებენ იმას, რომ რეგიონის სამშენებლო ბაზარი ვერასოდეს შეასრულებს წმინდა კონკურენტული ბაზრის ყველა მოთხოვნას, შესაბამისად, მომხმარებლის მოთხოვნილებათა იდეალური დაკმაყოფილება მოცემული რესურსებით არ მოხდება. ამასთან, წმინდა კონკურენტული ბაზარი ვერ უზრუნველყოფს დარგის ტექნოლოგიური განვითარებისათვის საჭირო პირობებს და, ამდენად, არაეფექტურია გრძელვადიან პერიოდში.
ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ არასწორი იქნებოდა დარგის რეგულირების სახელმწიფო რეგიონული პოლიტიკის ორიენტირება წმინდა კონკურენტულ ბაზარზე, როგორც მიზანზე. ვფიქრობთ, უფრო სწორი იქნება ორიენტაცია ისეთ დარგზე, რომელშიც:
1. არსებობს კონცენტრაციის გარკვეული დონე, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი მოგების მიღებასა და ფინანსური რესურსების აკუმულაციას;
2. მიუხედავად მონოპოლიური მდგომარეობისა, რეგიონის სამშენებლო დარგში მოქმედ ფირმებს უწევთ ბრძოლა მომხმარებლისათვის, რადგან ბაზრის განაწილების შესახებ შეთანხმება და მასზე შესვლის სხვადასხვა ბარიერის დადგენა შეუძლებელია;
3. კონკურენტული ბრძოლით დაკავებულ სამშენებლო კომპანიებს აქვთ განვითარებისა და სიახლეების დანერგვის როგორც სტიმულები, ისე ფინანსური საშუალებები.
ე.ი. საჭიროა, მოიძებნოს ოპტიმალური გადაწყვეტა – დარგი, რომელშიც მონოპოლიზების გარკვეული დონე არსებობს, მაგრამ ამასთან საკმარისი ფინანსური რესურსები და სტიმულებია, რომ ტექნოლოგიური სიახლეები დაინერგოს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial