გლობალური ეკონომიკური კრიზისის ისტორიული პარალელები და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების აუცილებლობა

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი თამაზ თურმანიძე; სტუ-ს დოქტორანტი ლაშა ბულია

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ეჭვქვეშ დააყენა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის საკითხი. ფაქტად რჩება, რომ მსოფლიოს უმრავლეს, განსაკუთრებით, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში შიდა ბაზარი პრაქტიკულად აღარაა თვითრეგულირებადი მექანიზმი, სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკა ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებს. გლობალური ბაზრის თვითრეგულირების მითიც გაქარწყლდა. ბუნებრივია, საკითხი დადგა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკით შეცვლისა.

ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უძლური აღმოჩნდა. ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი, პროფ. ნ. ჭითანავა აღნიშნავს: “სწორი არ არის, როცა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას განსაზღვრავენ მხოლოდ იმ სიტუაციისათვის, როცა “ბაზარი შეცდომებს უშვებს”. გამოდის, რომ ქვეყნის ეკონომიკური სისტემის უწესივრობის შემთხვევაში სახელმწიფო იმის მოლოდინით უნდა ცხოვრობდეს, რომ “ხანძრის ჩაქრობის” შესახებ გამოძახებას ელოდებოდეს. თეორიულად და, განსაკუთრებით, მსოფლიო პრაქტიკით დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა საბაზრო ურთიერთობებში ობიექტური აუცილებლობაა და არა, ეკონომიკაში “სახანძრო სიტუაციებით” გამოწვეული”.1 სწორედ ასეთი “სახანძრო სიტუაციებია” დღეს მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც, მნიშვნელოვანწილად, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზეა აგებული. ამ “სახანძრო სიტუაციების” ჩახშობა არა მარტო თანამედროვე პირობებში, არამედ მომავალშიც, შეუძლია სოციალური მიმართულების რეგულირებად საბაზრო ეკონომიკას, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური როლის გაძლიერებას და შესაბამისი ეკონომიკური მექანიზმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში, არამედ ქვეყნებს შორის ურთიერთობებშიც, ანუ ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დამყარებას. ეს კრიზისი ადრე თუ გვიან დაიძლევა, მაგრამ თუ მომავალში სახელმწიფოს ეკონომიკური როლი კვლავ შესუსტდება ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის სასარგებლოდ, ანუ არსებული მსოფლიოს ეკონომიკური წესრიგი დარჩება ცვლილებების გარეშე, არავინ იცის, ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი როდის და რა ძალით იფეთქებს. “სახანძრო სიტუაციების” რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, გლობალიზებული მსოფლიო რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე უნდა გადავიდეს.
გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა გააჩინა შანსი ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად. როგორ მოხდება ამ შანსის გამოყენება?
კითხვაზე პასუხის გასაცემად, მიზანშეწონილი იქნება გლობალური ეკონომიკური კრიზისის ისტორიული პარალელების ფონზე განხილვა.
ეკონომისტები კამათობენ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშობა ეს კრიზისები და გვთავაზობენ რიგ თეორიებს მათი პროგნოზირების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა ცხადია, რომ ასეთი კრიზისები რეგულარულად ხდება და აქვთ ციკლური ხასიათი. 1980 წლის შემდეგ უახლოესი ისტორიის ძირითადი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები შემდეგნაირად წარმოგვიდგება:
1980წ. – კრიზისი ლათინურ ამერიკაში, რომელიც მექსიკაში დაიწყო;
1989-1991წწ. – საშემნახველო-საკრედიტო კრიზისი აშშ-ში;
1990წ. – იაპონური აქტივების კოლაფსი;
1992-1993წწ. -ევროპული ქვეყნების სავალუტო კურსების რეგულირების დროს ვალუტებზე სპეკულაციური შეტევები;
1994-1995წწ. – მექსიკაში 1994 წლის კრიზისი – სპეკულაციური შეტევები მექსიკურ აქტივებზე;
1997-1998წწ. – კრიზისი და დეფოლტი აზიაში;
1998წ. – დეფოლტი და რუბლის დევალვაცია რუსეთში;
2001-2002წწ. – საბანკო სისტემის კრახი აშშ-ში;
2008წ. – გლობალური ფინანსური კრიზისი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კრიზისი სამართლიანად შეიძლება დახასიათდეს, როგორც ყველაზე სერიოზული კრიზისი 1929-1934 წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. რას წარმოადგენდა 1929-1934 წლების დიდი დეპრესია?
დიდი დეპრესია ყველაზე დიდი და სერიოზული ეკონომიკური დეპრესიაა ფინანსური ბაზრების ისტორიაში, ამიტომ მიზანშეწონილია მისი უფრო დაწვრილებით განხილვა, რათა გავარკვიოთ, რამდენად შესაძლებელია სიტუაციის გამწვავება მოცემული მომენტისთვის.
2008 წლის ფინანსური კრიზისის ანალოგიურად, დიდი დეპრესია აშშ-ში წარმოიშვა და მის ათვლის თარიღად 1929 წლის 29 ოქტომბერია მიჩნეული. უნდა აღინიშნოს, რომ დეპრესიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა არა მარტო იმ დროისათვის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიო ეკონომიკას, მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტი, ბევრ ქვეყანაში თითქმის მთლიანად შეჩერდა სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა.
1929 წლის დეპრესიის გამომწვევი მოვლენების მიმდინარეობა შემდეგნაირად წარმოგვიდგება:
1) ვალების ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული იძულებითი გაყიდვები (2008 წელს დელევერიჯის ანალოგი);
2) მიმოქცევაში ფულადი მასის მოცულობის შემცირება (ლიკვიდობის კრიზისი);
3) იძულებითი გაყიდვების გამო აქტივების ფასების მინიმალურ დონემდე დაწევა;
4) ბიზნესში შემოსავლების შემცირება;
5) პროდუქტიულობის, ბრუნვის შემცირება და დასაქმების დონის დაცემა;
6) პესიმიზმი, სისტემისადმი ნდობის დაკარგვა;
7) ფულის დაგროვება, მარაგებისადმი გადაჭარბებული მისწრაფება;
8) დეფლაცია, ფასების დაცემა, უმუშევრობა და დეპრესია.
ზოგიერთი ექსპერტის (მაგ. ბენ-ბერნანკე) მტკიცებით (ალბათ იმიტომ, რომ გაემართლებინათ ბაზრის ძლიერი მონეტიზაცია და ლიკვიდობის მუდმივი ინექციები, რასაც ადგილი აქვს მოცემული მომენტისათვის), დიდი დეპრესიის ერთადერთი მიზეზი იყო ფულადი მასის შემცირება. ისინი ყველაფერში ფედერალური სარეზერვო სისტემის მაშინდელ ხელმძღვანელობას ამტყუნებენ, რომლის უმოქმედობამ ფულადი მასის შემცირება გამოიწვია (ახლაც ასეა, იმ ოცდახუთ კაცს, რომელთაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი ბრალდებათ, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი უდგას სათავეში). ამ თეორიის მიმდევრების მტკიცებით, ეს კრიზისი მხოლოდ მორიგი რეცესია იქნებოდა, ფედერალურ სარეზერვო სისტემას რომ დოლარების ბეჭდვის დაზგა აემოქმედებინა. მთელი დანაშაული ფედერალურ სარეზერვო სისტემას მიუძღვის, რომელიც ხედავდა რა დიდი ბანკების კოლაფსს, პასიური დამკვირვებლის როლში რჩებოდა. ამ ექსპერტთა აზრით, ფედერალურ სარეზერვო სისტემას რომ ბანკების სასწრაფო ლიკვიდობაზე ეზრუნა, მოვლენების არასასურველი განვითარების თავიდან აცილებას შეძლებდა. ამ შეხედულებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათი აზრით, იმ დროს ფედერალური სარეზერვო სისტემა ოქროს სტანდარტის პირობებში მოქმედებდა და ფულის საჭრელი დაზგის გამოყენება არც ისე ადვილი იყო.
გარკვეული ისტორიული პარალელები შეიძლება გავავლოთ ნავთობის ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობასთან. ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, რომელთაც 1973-1974 წლებში ნავთობზე ფასების ზრდის შემდეგ უზარმაზარი თანხები გაუჩნდათ, მათი ინვესტირება დაიწყეს ინტერნაციონალური ბანკების მეშვეობით, ფულადი სახსრების ნაწილი კი ლათინური ამერიკის ქვეყნებზე სესხებად გაიცა. 1979 წელს აშშ-სა და ევროპაში საპროცენტო განაკვეთების ზრდამ ამ ქვეყნების სიტუაცია გაართულა, მათ დავალიანებების დაფარვის პრობლემები შეექმნათ. როცა ცხადი გახდა, რომ ლათინურ ამერიკას არ შეეძლო თავისი ვალების გასტუმრება, სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 1982 წლის აგვისტოში, მექსიკის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანას არ შეეძლო თავისი დავალიანებების გასტუმრება. ამრიგად, მექსიკის დეფოლტის გამო, თითქმის ყველა ბანკმა მთელ ლათინურ ამერიკას შეუწყვიტა ახალი კრედიტების გაცემა. რადგანაც ამ სესხების უმეტესობა მოკლევადიანი იყო, კრიზისმა მაშინ მოიკრიბა ძალა, როცა რეფინანსებაზე მოთხოვნები უარყოფილ იქნა. კრიზისის შედეგად ბევრმა ქვეყანამ მრეწველობის შექმნის მოდელები იმპორტით შეცვალა. მათ ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის სამრეწველო მოდელების გამოყენება დაიწყეს.
2007 წლის დეკემბერში და მომდევნო თვე ოფიციალურად დასახელდა რეცესიის დასაწყისად. ამ განცხადების გაკეთებისას, ბიურო ძირითადად ეყრდნობოდა ქვეყნის არასასოფლო-სამეურნეო დარგებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ინდიკატორს, რომელმაც სწორედ მაშინ დაიწყო უკონტროლო ვარდნა. ბოლო რეცესია დაიწყო 2001 წლის ნოემბერში და 73 თვეს გრძელდებოდა. თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა რეცესიას განვიხილავთ, რეცესიის საშუალო ხანგრძლივობა ათი თვე იქნება. რაც შეეხება სამუშაო ადგილების შესახებ ბოლო ინფორმაციას, იგი ნამდვილ კატასტროფას წარმოადგენს. ამიტომ მიზანშეწონილია წინა რეცესიების დროს უმუშევრობის მაჩვენებლების გაანალიზება. 2008 წელს სამუშაო ადგილების რიცხვი ყოველთვე მცირდებოდა და კუმულაციური დანაკარგები შეადგენს 1.9 მილიონ სამუშაო ადგილს. ამ მაჩვენებლის ვარდნა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც რეცესია დამთავრებულად ოფიციალურად გამოცხადდა. 1981-1982 წლების რეცესიის დროს სამუშაო დაკარგა 2.4 მილიონმა ადამიანმა. 1982 წელს უმუშევრობის დონემ მიაღწია 10.8%, 1992 წელს 7.8%, 2003 წელს კი 6.8%.2 XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისის რეცესიამდე შეიმჩნეოდა ნავთობის ფასების მაქსიმალური მატება, რაც ადრე არ მომხდარა. ნავთობზე ფასები ისევე კატასტროფულად დავარდა, როგორც ამჟამად. 80-იანი წლების დასაწყისის რეცესია ყველაზე ძლიერი იყო XX საუკუნის 30-იანი წლების დეპრესიის შემდეგ, რომელიც 1981 წლის ივლისში დაიწყო და 1982 წლის ნოემბერში დამთავრდა. ექსპერტთა აზრით, რეცესიის ძირითადი მიზეზი ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკა იყო, რომელიც ინფლაციის მაღალი დონის შესამცირებლად რეალიზდებოდა. ძლიერ შემცირდა ბაზრის ლიკვიდობა. საპროცენტო განაკვეთების მუდმივმა ზრდამ და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ გამოიწვია ძლიერი რეცესია, რომელიც ქვეყანაში დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლების დასაწყისის რეცესიის დროს ბინებზე ფასები ისევე ეცემოდა, როგორც მიმდინარე გლობალური კრიზისის დროს. თუ ისტორიულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შეიძლება დავსვათ კითხვა: დიდხანს გაგრძელდება მიმდინარე რეცესია? ექსპერტთა ყველაზე ოპტიმალური პროგნოზით, იგი 2009 წლის შუამდე გასტანს.
აღნიშნული ისტორიული ექსკურსით შეიძლება დავასკვნათ, რომ რეცესიები და კრიზისები ციკლური მოვლენებია და დროდადრო მეტ-ნაკლებად მეორდებიან, ზოგი ქვეყანა მეტად ზარალდება, ზოგიც – ნაკლებად.
მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიურ ცვლილებებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ს უძრავი ქონების კრიზისი და კრედიტის გლობალური შეზღუდვა, ინფლაციური პროცესების გაძლიერება. აშშ-ს ცენტრალურმა საბანკო სისტემამ, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი თანდათანობით – 5.75-დან 2 პროცენტამდე შეამცირა. ამ ეტაპზე აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა საფინანსო სისტემის გაჯანსაღების ამოცანა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა გაცილებით მნიშვნელოვნად ჩათვალა, ვიდრე ინფლაციასთან ბრძოლა. შედარებით იოლი იყო ევროპის ცენტრალური ბანკის ამოცანის შესრულება, რომლის ძირითად პრობლემას ინფლაციასთან ბრძოლა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები შეთანხმებულად მოქმედებენ. რომელიმე ქვეყნის წარუმატებლობა შესაძლოა ყველა დანარჩენისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეს და ამ ეტაპზე ეს საკითხი მათ კონკურენციაზე მეტად აღელვებთ.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 50 საპროცენტო პუნქტით – 2%-მდე დაწია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2008 წლის ოქტომბრიდან ევროპის ფინანსურმა რეგულატორმა საპროცენტო განაკვეთი ოთხჯერ შეამცირა. იმ ფონზე, როცა ევროკავშირის 16 ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური ვარდნაა და ინფლაცია მცირდება, რეცესიასთან ბრძოლა ევრობანკის პრიორიტეტია. მიმდინარე წელი ევროპისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მძიმე იქნება. გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის გერმანიის მშპ-მ 2008 წლის მეოთხე კვარტალში 2%-ს მიაღწია, უმუშევრობა კი 7.8%-ით გაიზარდა. დღეისთვის ევროკავშირის ქვეყნებში გაცილებით მაღალია მოქმედი საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე “დიდი რვიანის” ქვეყნების ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთები.
ჩინეთი სახელმწიფო ეკონომიკის გამოცოცხლებას ცდილობს. მთავრობამ ფინანსური პოლიტიკის კორექტირება დაიწყო. ახალი საკრედიტო შესწორებების თანახმად, ბანკს აქვს კრედიტთა გაცემის უფლება იმ პირებისა და კომპანიებისთვისაც, რომლებიც, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, დროებით სიძნელეებს განიცდიან. ექსპერტთა მიერ გაკეთებულ პროგნოზთა უმეტესი ნაწილის თანახმად, მსოფლიოში ამ ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ეკონომიკა 2009 წელს მხოლოდ 7.5%-ით5 გაიზრდება, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება ბოლო 20 წლის მანძილზე.
ექსპერტთა აზრით, დღევანდელ პირობებში ფინანსური სტაბილურობის აღდგენას ხელს შეუწყობს კრიზისით დაზარალებული ქვეყნების ხელისუფალთა საჯაროდ განცხადებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის სურვილი. წინა კრიზისების გამოცდილება ადასტურებს, რომ ასეთ საგანგებო მდგომარეობაში ნდობის აღსადგენად შეიძლება ხუთი სახელმძღვანელო პრინციპის გამოყენება:6
1) კომპლექსური, თავისდროული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღონისძიებების გატარება. ეს ღონისძიებები უნდა წარიმართოს იმ ძირითადი პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც გამოიწვია ნასესხები საშუალებების წილის შემცირებასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ;
2) ყველა ქვეყანაში გლობალური ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისკენ მიზანმიმართული გლობალური პოლიტიკის გატარება;
3) სათანადო ღონისძიებების სწრაფი განხორციელების უზრუნველყოფა კრიზისით გამოწვეული დაძაბულობის შესარბილებლად, რაც მოითხოვს მოქმედებათა კოორდინაციის მაღალ ხარისხს თითოეული ცალკე აღებული ქვეყნის ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში კი ქვეყნებს შორისაც;
4) გარანტია იმისა, რომ სახელმწიფოებრივ ჩარევას საგანგებო სიტუაციებში დროებითი ხასიათი აქვს, გადასახადების გადამხდელთა ინტერესები კი დაცულია;
5) სტაბილურობის განმტკიცების, ფინანსური სისტემის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის ამაღლების საშუალოვადიანი მიზნის დასახვა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, როგორც არასიცოცხლისუნარიანი საფინანსო ორგანიზაციების მოწესრიგებული ლიკვიდაცია, ისე საერთაშორისო მაკროსაფინანსო სტაბილურობის საფუძვლების განმტკიცება, რაც მოითხოვს საბაზრო დისციპლინის განმტკიცების მექანიზმების გაუმჯობესებას და ზედამხედველობისა და რეგულირების ეფექტიანობის ამაღლებას ეროვნულ და გლობალურ დონეებზე.
ეკონომიკურმა კრიზისმა აშშ-ს საერთაშორისო რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა. თუ აშშ-ს პოლიტიკური შეფასებები ხშირად არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი იყო, მსოფლიო ეკონომიკურ და ფინანსურ წესრიგთან დაკავშირებულ მის რეკომენდაციებს ეჭვქვეშ თითქმის არავინ აყენებს, მაგრამ ამერიკის მიერ ამ ეკონომიკური და ფინანსური წესრიგის მართვამ, როგორც ჩანს, არ გაამართლა და მსოფლიოს ქვეყნებს იმედი გაუცრუა.
მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი იძულებულნი არიან შეზღუდონ რესურსები. თითოეული ქვეყანა, როგორც ჩანს, გადახედავს ეროვნულ პრიორიტეტებს. თანმხვედრი პრიორიტეტების შემთხვევაში ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი (პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური). პრიორიტეტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი არსებული მსოფლიო წესრიგი ვეღარ იარსებებს. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან იმ დროს, როცა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდნენ, მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციის პროცესში განხეთქილება მოხდა.
ექსპერტთა აზრით, პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ფინანსებში ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა გაჩნდეს თამაშის საერთო წესები, რომელთა საფუძველზეც ესა თუ ის ქვეყანა საკუთარი არსებობისა და განვითარების გზას განსაზღვრავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალ ეკონომიკურ წესრიგს თამაშის სათანადო წესებით.
ეკონომიკური წესრიგი წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის კომბინაციას, რომლებიც ადგენენ ადამიანების მიერ შეზღუდული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს. ის დაკავშირებულია ადამიანებთან, მათს ინტერესებთან, შესაძლებლობებთან და რესურსებთან, აგრეთვე პოლიტიკურ მოწყობასთან და განიხილება, როგორც ფუნდამენტი ეკონომიკური სისტემის საკვანძო თვისებებისა და ხასიათის განსაზღვრისათვის.

ეკონომიკური წესრიგის თეორიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფრაიბურგის სკოლას, რომლის ფუძემდებელიც იყო ვალტერ ოიკენი, ასევე, კარლ პაულ ჰენზელს, ალფრედ შულერს და ჰანს-გეორგ კრიუსელბერგს. ჩვენი აზრით, ეკონომიკური წესრიგის თეორიული დებულებები წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული მსოფლიოს ყველა განვითარებულ, განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში, რომელთაც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი მეტ-ნაკლები ზომით გადაიტანეს და კვლავ კრიზისის პერიოდში იმყოფებიან.
ცნობილი გერმანელი ეკონომისტები ალფრედ შულერი და ჰანს-გეორგ კრიუსელბერგი აღნიშნავენ: “ეკონომიკური წესრიგის თეორიის პირველი ასპექტი ადასტურებს იმას, რაც გვიჩვენა ეროვნული ეკონომიკის ისტორიულმა სკოლამ -თეორიული მიდგომების გარეშე შეუძლებელია გავიგოთ ეკონომიკური წესრიგების სხვადასხვა ტიპები, შეუძლებელია შეგვექმნას სწორი წარმოდგენა მათი ფუნქციონირების ურთიერთკავშირებისა და პრობლემების შესახებ.”10
ოიკენის აზრით, უკვე XIX საუკუნეში აუცილებელი გახდა ეკონომიკისადმი ახალი მიდგომა, მაგრამ ეს საუკუნე განვითარების კატეგორიებით მცდარი აზროვნების მსხვერპლი გახდა, რაც დამახასიათებელი იყო ისტორიული სკოლისა და მარქსიზმისთვის. ახალი, სპეციალურად დამუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ოიკენი შეეცადა, ყურადღების ცენტრში მოექცია სხვადასხვა ეკონომიკური წესრიგების ფართო სპექტრი. ოიკენმა ღრმად შეისწავლა ნებისმიერი ეკონომიკური წესრიგისთვის რესურსების შეზღუდულობის პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში აყენებს ეკონომიკური ცხოვრების დაგეგმვის გარდუვალობას.
ოიკენის, ჰენზელის, შულერისა და კრიუსელბერგის მოსაზრებებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. თუ ოიკენი მიიჩნევდა, რომ XIX საუკუნეში აუცილებელი გახდა ეკონომიკისადმი ახალი მიდგომა, რომ ეს საუკუნე განვითარების კატეგორიებით მცდარი აზროვნების მსხვერპლი გახდა; იგივე შეიძლება ითქვას XX საუკუნესა და XXI საუკუნის განვლილ პერიოდზე. თუ წინა საუკუნე 90-იან წლებამდე კომუნისტური იდეოლოგიის მსხვერპლი გახდა, 90-იანი წლებიდან დღემდე გლობალიზებული მსოფლიო ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მსხვერპლია. ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის კატეგორიებით, ისე როგორც სოციალისტური ეკონომიკის კატეგორიებით, აზროვნება მცდარი აღმოჩნდა. კაცობრიობა ამ ჩიხიდან გამოსავალს ეძებს. ჩვენ ვემხრობით იმ მეცნიერთა მოსაზრებებს, რომელნიც თვლიან, რომ გამოსავლის პოვნა სოციალური მიმართულების რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის დამყარებით შეიძლება, რაც მსოფლიო ეკონომიკაში “ფეთქებადი სახანძრო სიტუაციების” რისკს მაქსიმალურად შეამცირებს და შანსს შექმნის ახალი მსოფლიო წესრიგისთვის.