რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

საოცარია, მაგრამ რატომღაც მარტი მგონია წლის დასაწყისი, უფრო სწორად, აქტიური დასაწყისი. ასეა საკანონმდებლო სფეროშიც და ბიზნესშიც. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პერმანენტული დღესასწაულების შემდგომ პირველი სრული სამუშაო თვეა, მეორეც, სრულად ჯამდება წინა 2005 წელი და იკვეთება მიღწეული შედეგები თუ მომავლის ტენდეციები და პრობლემები.

ამიტომ ამ ნომრის მთავარი თემა სწორედ 2005 წლის ეკონომიკური შედეგები, ინფლაცია და სამომხმარებლო კალათის ტენდენციებია. ეს საკითხი სერიოზული ანალიზის საგანი გავხადეთ მარტის ნომერში, რადგან იგი ყველაზე მეტად გვაწუხებს დღეს ისევე, როგორც ადრე დაწყებული დისკუსია სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ კანონის გარშემო და სტანდარტიზაციის პრობლემები. ეს უკანასკნელი არის ამ საკითხის ირგვლივ პუბლიკაციების ფინალი და 18 აპრილს სასტუმრო მეტეხი პალასში ამ თემატიკაზე კონფერენციით დამთავრდება, სადაც კონკრეტული პრობლემები, დადებითი ტენდენციები და გზები დაისახება. ჩვენთვის ის კი არ არის მთავარი, სქოლასტიკაში გადავვარდეთ და ვიკამათოთ, რომელი უფრო სწორი ქართულია – სერტიფიკაცია თუ სერთიფიკაცია. ეს ლინგვისტებს ვერ გაურკვევიათ და არსებითიც არ არის (მე პირადად ბოლო ვარიანტის მომხრე ვარ, რომელიც ინგლისურად უფრო გამართულად ჟღერს). მთავარი ახალი გამართული ინსტიტუტის ჩამოყალიბება და ოპტიმალური ცივილური პრინციპებია, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ახლა სერიოზული არჩევანის წინაშე ვართ – დავიცვათ ბაზარი, უფრო ტრანსფერაბელური და ინტეგრირებული გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა მსოფლიო ბიზნესისათვის, თუ ყოველგვარი გათვლების გარეშე მოვხსნათ ის ბარიერი, რომლის მოხსნასაც არც ერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არ გვთხოვს. სამაგიეროდ, ის პაწაწკინტელა დაცვის ღობე მოვუხსნათ საკუთარ წარმოებას, რასაც საბაჟო გადასახადის სახით ნებისმიერი ცივილური ქვეყანა უქმნის თავის Domestic Promotion-ს (სამამულო წარმოებას). მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს საერთო სტრატეგიის ცენტრში და ეკონომიკური რეფორმის ყველა ნაბიჯი მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული ამ მიზანთან, კონტექსტში გააზრებული და გათვლილი. მიგვაჩნია, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმების საკითხის განხილვაში, პარლამენტში მსჯელობის გარდა, ფართო საზოგადოება და არასამთავრობოებიც უნდა ჩაებან და კონფერენციაც მივუძღვნათ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
ამასთან, ფართოდ ვიხილავთ ამ ნომერში შიდა წარმოების, კერძოდ, ხორბლის, ფქვილის და ქათმის ხორცის წარმოების პრობლემებს.
არც საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელი და საბანკო სექტორში მიმდინარე მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგვრჩენია ყურადღების მიღმა. უცხოური კაპიტალის მოდინება ამ სექტორის როგორც აქტივებში, ისე კაპიტალში, ვფიქრობთ, დადებითი მოვლენაა, თუმც სერიოზულ ანალიზს მოითხოვს ამ პროცესების ზეგავლენა მთლიანად ქართულ ბიზნესზე. ეს ფაქიზი სფეროა და დამატებითი დისკუსია ბარიერების მოხსნას აქაც არ აწყენდა.
ტრადიციულად, გთავაზობთ საფინანსო – სასაქონლო ბაზრის მიმოხილვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რადგან მარტის თვეში სერიოზული ძვრები ხდებოდა სასურსათო ბაზარზე და ასევე საფინანსო სფეროში. კონსალტინგს მეწარმეთათვის იხილავთ საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებში, რაც დღეს მეტად აქტუალურია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial