ბადრი ისტორიული თურქების სამშობლოში

ემზარ ჯგერენაია

გაზაფხულის მოსვლა, მობრდღვიალება და აფეთქება არ გამხარებია ისე, როგორც საგარეო ვაჭრობის შესახებ იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მონაცემების ხილვა. როგორც იქნა, რუსეთი არაა ჩვენი ძირითადი საგარეო ვაჭრობის პარტნიორი. საექსპორტო ათეულში საერთოდ სიიდანაა გარიცხული, ჩემი სტუდენტების ენაზე რომ ვილაპარაკო – გავწიხლეთ, ან ტოპ მიულერივით გავრიცხეთ. სხვათა შორის, იმპორტიც სულს ღაფავს, სადღაც მე-7-8 ადგილზეა, თანაც დროებით.

აზერბაიჯანული გაზი კი, ასე ძვირი დაუჯდა თბილისელებს, “ყაზტრანსგაზის” დამსახურებით (არა, რა იყო მაინც ეს?! რა ზამთარი დაგვიდგა. “ყაზტრანსგაზმა” 3-4-ჯერ გაზარდა გადასახადი გაზზე, დავით კოპერფილდსაც კი შეშურდებოდა ასეთი ტრიუკი – თავის უხარისხო გაზით ყოველი თბილისელის ოჯახს უზარმაზარი ფული აახია. თანაც შერჩა, აბა არა?). რუსეთის ეს უზარმაზარი ბაზარი, როგორც იქნა მოვიშორეთ და აგერ თურქეთი ავითვისეთ, ის ისტორიულ პედისტალზე პირველ ადგილზეა. საგარეო ვაჭრობაში ახლა თურქეთზე გვაქვს ორიენტაცია აღებული. ეს ჩვენ, თორემ თურქეთი სულაც არაა ჩვენზე ორიენტირებული (იქნებ თანამედროვე მსოფლიოში ორიენტაციის საკითხი საერთოდ არაა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი).
ჯერ ის გავიხსენოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას რომ მოვაწერეთ ხელი და წინა ეკონომიკის მინისტრმა რომ გვამცნო დიდგორის გზირის ხმით – მორჩა, აწი ჩვენი საქონელი ნაკადებად თურქეთში წავა და არ დავიბეგრებითო. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ეს შეთანხმება თურქეთთან ჯერ არ მუშაობს და სკანდალი გორდება. თურქეთისთვის არახელსაყრელია ასეთი შეთანხმება. ძალიან ჩაიხლართა საკითხი და გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. ეხლა ნახეთ ჩვენი და ჩვენი ძირითადი პარტნიორის სავაჭრო ბალანსი – თურქეთმა 2008 წლის ორ თვეში საქართველოდან 26292,6 ათასი დოლარის საქონელი გაიტანა. აქედან: ნარჩენები და შავი ლითონის ჯართი – 13 მილიონის; ნარჩენები და ალუმინის ჯართი – 2 მილიონის; ნარჩენები და სპილენძის ჯართი – 1 მილიონის, ხე-ტყე და ა.შ.
სულ ჯართი გააქვს. საქართველოს დამლაგებელია, ასუფთავებს და ალაგებს ამ ქვეყანას მეზობელი თურქეთი. ერთის მხრივ, რას ერჩი, მაგრამ მეორეს მხრივ, უკან სერიოზული ნაგავი შემოაქვს, კერძოდ: იმპორტი თურქეთიდან – ბურბუშელის ფილები (დეესპე – ფანერა), ქაღალდი, მეტალოკონსტრუქციები, საოჯახო ქიმია, ანუ გააქვს და მერე რომ დაამუშავებს უკან გვიბრუნებს ხუთმაგ ფასში. ასე საქართველო ვერ განვითარდება და, ბუნებრივია, არც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იმოქმედებს. რუსეთს კი მოუღეთ ბოლო, მაგრამ თურქების ასეთი დამოკიდებულება, თუ ჩვენი დამოკიდებულება თურქეთის მიმართ ჩვენ მოგვიღებს ბოლოს.
საქართველოში იანვარ-თებერვალში იმპორტმა 882 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ ამ წლის კურსით 1 მლრდ 300 მლნ ლარია, ხოლო შარშან იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი (663.3&ლოწასტ;1.82) შეადგენდა 1 მლრდ 207 მილიონს და ზრდა წინა წელთან შედარებით სულ 100 მილიონი ლარია, რაც არა 33%, არამედ 9%-ია. ასევეა ექსპორტის შემთხვევაშიც. შარშან ანალოგიურ პერიოდში 250 მილიონიდან სულ 288 მილიონამდე გაიზარდა და ეს სულ მადნეულის, სპილენძის მადნის, ფეროს მადნის და ჯართის ხარჯზე. რუსეთის ამორიცხვა სიიდან თურქეთის ასეთი ჩანაცვლების ხარჯზე საკმაოდ მტკივნეულია. თურქეთს ნამუსი რომ ჰქონდეს, თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე კი არა, ჩვენთან ღია კარის პოლიტიკაზე უნდა მოაწეროს ხელი, მაგრამ არ ესმით თურქებს მეზობლობა ქართულად და თურქულ-ევროპულს აწვებიან, როცა შენ უნდა დათმო ყველაფერი და მან – რაღაც-რაღაცეები. თანაც გაითვალისწინეთ, რომ შარშანდელ დონეზე რომ ყოფილიყო ლარის გაცვლითი კურსი, ექსპორტიორები 100 მილიონით მეტ ლარს მიიღებდნენ საექსპორტო ამონაგებიდან, ახლა თითქმის ასი მილიონი ლარი იზარალეს და იხეირეს თურქებმა. გესმით ახლა ეს? არა, არ მესმის. ბატონმა ბადრიმ (ერთმა პატივსაცემმა ქართველმა) შუა აზიის ბაზარი დაიპყრო ქართული ჩაით – თურქმენეთი და ყირგიზეთი (ქართული ჩაის პრობლემებზე ახლა ვერ ვილაპარაკებ, გული მაქვს ცუდად, თანაც გაზაფხულზე რთული და ცვალებადი პერიოდია და არ მინდა წნევამ შემაწუხოს). მაგრამ ის, რომ შუა აზიის ბაზარზე გატანილ საქონელში ბადრიმ ყოველ მილიონ დოლარში 254000 ლარი დაკარგა, ეს ფაქტია და ისიც, რომ არ იცის გურიაში გლეხებს რა გადაუხადოს, თორემ თავის მოგებაზე, როგორც ამბობს, არც ჩივის. არადა, საქართველოს ბაზარი თურქულმა “მარიამმა” წალეკა, მას კარგა ხანია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი აქვს და დემპინგური ფასებით აზევებს ქართულ პროდუქტს, ხოლო ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ისედაც სერიოზულად შეკრეჭილ ხელშეკრულებაზე ხელს არ გვიწერენ. აბა ეს სადაური მეზობლობა და მეგობრობაა! სადაური და იქაური! აქაური კი საერთოდ არ არსებობს. არ მეგონა თურქები საუკუნეების მერე კიდევ თუ დაგვჩაგრავდნენ, მაგათგან ამას არ მოველოდი, მაგრამ ისინი რა შუაში არიან, შუაში ჩვენ ვართ! აქეთ კასპი, იქით შავი ზღვა. ჰოდა, არ გვივარგა საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა. ჩვენ გავშიშვლდით და საზღვარზევე დედიშობილა ვხვდებით მომხვდურთ – ისიამოვნეთ ბატონოო! ისინი სახესაც არ გვიჩვენებენ და ჩადრით დაიარებიან მსოფლიო ბაზარზე. რა ჰქვია ნეტავ ეკონომიკურ თეორიაში ამ ახალ მიდგომას, მომწერეთ ვინმე მეცნიერ ეკონომისტმა… ან მე ან ბადრის მიწერეთ მისი ჩაის ექსპორტზე და “მარიამზე” რამე. თურქულმა “მარიამ”-მა ის აქ არ დააყენა, გადაიხვეწა ავიცენას ქვეყანაში, ბუხარას და სამარყანდის უდაბნოში, შეეცადა ეპოვა ბედი, მაგრამ არა! აქედან ლარის კურსი დავაწიეთ და გავახარეთ “მარიამი”, იგივე ლარის კურსით ის სულ გაიაფდა და ახლა შეგიძლიათ თურქული ნაგავი დალიოთ თითქმის თქვენთვის მუქთად და თქვენი ჯანმრთელობის და ბადრის ნერვებისათვის კი, მომაკვდინებელ ფასში. არა, ბატონო, მესმის, ბადრის კი არა ადამ სმიტს გაუჭირდებოდა საგარეო ვაჭრობის ამ სისტემის გაგება. ჰოდა, გადაიხვეწა ბადრი ხატაეთში, ნესტანი შეიცვალა “მარიამით” და აქაა თავისუფალი და საღ-სალამათი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial