საზოგადოებრივი ტრანსფორმაციისა და ეკონომიკის რეფორმირების ნიკო ნიკოლაძის ინტერპრეტაციები

რამაზ ნამიჭეიშვილი
მე-19 საუკუნის ევროპაში მთელი სიმწვავით წარმოჩნდა განიარაღების პრობლემა, რასაც საფუძვლად დაედო მილიტარიზაციის ხარჯების ზრდა ტექნიკური პროგრესის განვითარების კვალობაზე. ასეთი ხარჯების კოლოსალურმა მასშტაბებმა ისეთი თავზარდამცემი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, რომ თვით ეკონომისტებიც კი დააბნია და შეიარაღება ისეთ სენტიმენტალურ სტილობატზე “შეაყენეს”, როგორიცაა ომების არაბუნებრიობა ადამიანური არსებისადმი. მარტივი არითმეტიკული ანგარიშებით ამტკიცებდნენ, რომ შეირაღების შემცირება კოლოსალურ თანხებს გამოათავისუფლებდა, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდებოდა და კაცობრიობის პროგრესი უფრო მეტ აჩქარებას მიიღებდა.
ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძემ თავის სადოქტორო შრომაში1 დაასაბუთა, რომ შეიარაღების შემცირება მოსახლეობის დასაქმებას კი არ გაზრდიდა, პირიქით, უმუშევრობას გააფართოებდა, საზოგადოებრივ უწესრიგობას გამოიწვევდა და მის გასწორებას გაცილებით მეტი თანხები დასჭირდებოდა, ვიდრე შეიარაღებაზე იხარჯებოდა. ამას გამოიწვევდა არა მარტო ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩერება, არამედ საგადასახადო შემოსავლების შემცირებაც.
ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეებით აღფრთოვანებული იყო ნიკო ნიკოლაძე. “განგების ნებით მდიდარი ბუნებრივი რესურსების მქონე ჩვენი შესანიშნავი ქვეყანა მდებარეობს უდიდეს სავაჭრო გზაზე, რომელიც ევროპიდან შორეული აზიური აღმოსავლეთისაკენ მიემართება. კავკასიას დასავლეთითა და აღმოსავლეთით ორი ზღვა აკრავს, რომელიც კი არ აცალკევებს მას დანარეჩენი სამყაროსაგან, არამედ ტოვებს გზას ევროპისა და აზიასთან სახმელეთო ურთიერთობისათვის. მალე დამთავრდება ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც თავიდან ბოლომდე გადაკვეთს ამიერკავკასიას და შეართებს ორი ზღვის მიმდებარე ქვეყნებსა და მათი ვაჭრობის საქმეს”.2 მას ამის თაობაზე სხვა შრომებშიც უწერია და აღნიშნულიც აქვს, თუ რატომ ვერ ახერხებდა ქვეყანა მის გამოყენებას.
ქვეყნის ჩამორჩენის მიზეზად ნიკო ნიკოლაძე კაპიტალიზმისაგან გაუცხოებას მიიჩნევდა. თუ სხვა სახელმწიფოებმა ადრე დაინახეს ცხოვრების ბურჟუაზიული წესის სიკეთე, ჩვენი სამშობლო და მისი ხალხი ამაში ვერ გაერკვია. ამასაც აქვს თავისი ახსნა. კაპიტალიზმი და საერთოდ პროგრესი არ არის არჩევანის თავისუფლება, მას ცხოვრების უკიდურესი პირობები ქმნის როგორც იძულებას, რაც თავიდანვე კატაკლიზმების ფორმით მიმდინარეობს, ხოლო შემდეგ მოსახლეობის მასობრივ მიმბაძველობად იქცევა. ნიკო ნიკოლაძეს ამის შესახებ პირდაპირ არ უწერია, უნდა ვენდო მეხსიერებას, ვინაიდან ზუსტი ადგილი ვერ მოვიგონე წაკითხულიდან, მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რომ სიღარიბე უმეტესად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებში გვხვდება. ბუნებრივი რესურსები, როგორც აქამდე, ახლაც ანებივრებს ქართველ კაცს.
აქსიომატურია, ჩამორჩენილობისაგან თავის დახსნა მხოლოდ განათლებით შეიძლება, ისეთი განათლებით, რომელიც თანამედროვეობის შესატყვისია. კაპიტალიზმი, ფეოდალური საუკუნისაგან განსხვავებით, მოსახლეობის მასობრივ, საყოველთაო განათლებას ემყარება, კაპიტალიზმში ცოდნა სოციალური ჯგუფების პრივილიგიის ფუნქციას კარგავს და იგი მოქმედების იმპულსებად გამოდის. აქედან გამომდინარე, შრომა ფრონტალურ ხასიათს იძენს და, როგორც ნიკო ნიკოლაძეს უწერია, იგი ადმიანების შეერთებულ საქმიანობად იქცევა. ამ გზით აღწევს ქვეყანა წარმატებებს. “ერთი სიტყვით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ერთდროული და მრავალმხრივი განვითარებით ყველა იმ ელემენტისა, რომელთაგანაც შედგება ხალხის ცხოვრება. საზოგადოების ყველა ფენას, ყველა მის ჯგუფს , ყველა ძალას ესაჭიროება გამოცოცხლება და განვითარება”.3
განვითარებული ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც კაპიტალიზმი ფეოდალიზმს სპონტანური ფორმებით შეენაცვლა, რუსეთის იმპერიაში ფეოდალიზმი ხელოვნურად გასაუქმებელი შეიქნა. ამან მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ახალ ვითარებაში უამრავი ადამიანი ხელცარიელი დარჩა. აზნაურობას მიწათმოქმედება არ ესმოდა და ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ადგილი ვერ იპოვა, ტექნიკა ქვეყანას არ ქონდა და არენდატორებმა წელში გაწყვიტეს მოიჯარეები, იმათ კიდევ კაბალური იჯარის გამო ხელი არ დაუკლიათ, მიწას ბარაბაროსულად მოქცეოდნენ. იმ დროს ჩვენს ქვეყანაში, ამ საქმისთვის მომზადებულად, ნიკო ნიკოლაძე მხოლოდ ერთ ადამიანს-ილია ჭავჭავაძეს თვლიდა. საჭირო იყო ახალგაზრდობის აღზრდა საზოგადოების განვითარების კაპიტალისტური პრინციპებიდან გამომდინარე. ასეთი აუცილებლობა სწორად არ იქნა გაგებული და მან სრული გაურკვევლობა გამოიწვია. ბევრი ახალგაზრდა მიაწყდა იმპერიის სხვადასხვა სასწავლებელს განათლების მისაღებად ისე, რომ სრული წარმოდგენა არ ჰქონდა, სად რა უნდა ესწავლა. მეორე მხრივ, ნიჭიერი ახალგაზრდების უმრავლესობას საშუალება არ ჰქონდა, სადმე სასწავლებლად წასულიყო და ქვეყნისთვის სიკეთე მოეტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ იყო სახელოსნო, სამიწათმოქმედო, საზღვაო და ტექნიკური პროფილის სხვა ტიპის სასწავლებლები. ჩვენი საზოგადოების ქონებრივად გამორჩეულ ადამიანებს კი ახალგაზრდობის განათლებისათვის ქველმოქმედებითი სურვილები ნაკლებად აწუხებდათ.
ნიკო ნიკოლაძე სწორ პოზიციაზე იდგა. ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელიც სასწავლებლად იმპერიის სასწავლებლებში მიემგზავრებოდა, რჩევას აძლევდა, ტექნიკურ მეცნიერებასთან ერთად საფუძვლიანად დაეუფლებოდნენ საზოგადოებრივ მეცნიერებებს და განსაკუთრებით ეკონომიკას, თანაც აფრთხილებდა მათ, რომ ბევრი სასწავლებელი ნამდვილ ცოდნას არ იძლეოდა და მოძველებული იყო. მაგალითად მოჰქონდა გიმნაზიაში გატარებული თავისი ბავშვობის წლები4. მას სწავლისადმი საზოგადოების არც გულგრილი, შეუგნებელი დამოკიდებულება გამორჩენია, რა მიზეზითაც სკოლების საქმე ცუდად იყო ჩვენში. სანიმუშოდ სომხეთის მაგალითს იშველიებდა, სადაც ყოველწლიურად 20-25 ახალი სასწავლებელი იხსნებოდა, 10-15 ახალი სახელმძღვანელო იბეჭდებოდა, რანაირად ცდილობდნენ ისინი ხეირიანი მასწავლებლების გამოზრდას, რომ მიდიოდა მათი საქმე წინ, ძლიერდებოდა და ვითარდებოდა სომხობა.5
განათლებისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო ქვეყანაში თვალში საცემი გახდა შიში და უსაქმურობა. ცნობილი ფაქტია-უცოდინარობა ქმნის შიშს, რომელიც კაცობრიობას მოაცილებდა დასაბამიდან კაპიტალიზმამდე, მანამდე, ვიდრე ადამიანზე ბუნება მძლავრობდა, ვიდრე ბატონობისა და ყმობის ინსტიტუტი არსებობდა, ანუ როგორც ჰენრი ბოკლი წერდა, “ფეოდალიზმი მიწის რელიგია იყო” და როცა ის ხელიდან გამოეცალა, გაჩნდა უმოქმედო საზოგადოება. რომელიც ნიკო ნიკოლაძის თქმით, არაფერს აკეთებდა და სხვის შემწეობასა და ლოდინში ატარებდა ხავსმოდებულ დღეებს. “ჯერ არსად, არც ერთს ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომითა და ჯანით. ადვილად შესაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს, არც მთელ საზოგადოებას. კაცისთვის და ქვეყნისათვის მარტო ის არის გამოსადექი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლის ღვრით და ბრძოლით შეუძენია”.6 აქ ის წმინდა დასავლური კაპიტალისტური ეკონომიკის პრინციპების მქადაგებელია. ეკონომიკური თავისუფლება აძლევს ადამიანს საშუალებას, განსაზღვროს თავისი პროფესიული არჩევანი და ეს არის მისი პიროვნული ღირსებების, მეწარმეობრივი უნარიანობის რეალიზაციის საშუალება, რომლის რეფლექსია რწმენისა და ოპტიმიზმის ენერგო მუხტები. მაგარამ იმ პერიოდისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზოგადოებრივ ცხოვრებას პიროვნული ანუ ადამიანური ფაქტორის დეფიციტი ჰქონდა, რომლის დაძლევის მექანიზმები უნდა შეექმნა პროგრესული აზროვნების ხელისუფლებას. გაჩნდა დილემა: რეფორმატორული ხელისუფლება ხალხმა უნდა აირჩიოს, რომლის არჩევა მას თავისი უმეცრების გამო არ შეუძლია, ხოლო ხელისუფლებრივი პრივილეგიის პირობებში ხალხის უფლებები დაუცველია. თავისუფალი არჩევნების ჩატარება პრივილეგირებული ფენების საზოგადოებაში შეუძლებელია. ეს შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოებაში, სადაც ადამიანები თანასწორუფლებიანები არიან, სადაც მეწარმეობა მასობრივია და ამომრჩევლები თავიანთი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იმ პროგრამას უჭერენ მხარს, რომელიც მათი და ქვეყნის კეთილდღეობის აღმავლობის უკეთესი შესაძლებლობების მომცველია. მაგრამ ქვეყნის მაშინდელი სინამდვილის პირობებში საზოგადოებას სახელისუფლო არჩევნებისადმი გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა (ახლაც ასეა. თუ რატომ, ამაზე მერე). “რატომაა, რომ ჩვენთან, უმეტეს შემთხვევაში, უფრო მეტად ირჩევენ არა მარტო უტყვ და უნიჭო პიროვნებებს, არამედ უეჭველად ულამაზოებსაც, თავიდან ფეხებამდე უმსგავსოთ… აღარ ვლაპარაკობ ისეთ შემთხვევებზე. როცა საზოგადოებრივ თანამდებობეზე ირჩევენ ცნობილ სულელებს, უმეცრებს, არარაობებს…
ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ აზრი-, “რას დავეძებ”, “ჯანდაბას”-ყოველთვის იმარჯვებდა. ზოგჯერ დასძენდნენ: “ჩვენ ხომ მოსაპარი არაფერი გვაქვს!”, ან “ჩვენ რა უნდა გაგვიკეთოს ცუდი?”7. ხედავდა რა ასეთ წინააღმდეგობებს, ნიკო ნიკოლაძემ მათი დაძლევის მექანიზმად წინ წამოსწია ინტელიგენციის პასუხიმგებლობა ქვეყნის წინაშე, ანუ ის ფილოსოფიური პრობლემა, რომელსაც “ვინ უნდა მართოს” ქვია.
ინტელიგენციას ნიკო ნიკოლაძე უწოდებს ერის საუკეთესო, ცოცხალ, უკეთილშობილეს და განათლებულ ადამიანებს, რომლებიც იღვწვიან იმ მიზნით, რომ ერის დანარჩენი ფენები აზიარონ მეცნიერებისა და ცივილიზაციის ყველა სიკეთეს. მათი როლი მდგომარეობს იმაში, რომ წაიყვანონ თავისი ერი იქით, საითკენაც მეცნიერება მიუთითებს. მათგან იმ ნაწილს, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა უწევთ, დამატებით კიდევ მოეთხოვებათ ფილოსოფიური განსწავლულობა და ენციკლოპედიური ცოდნა, ფართო მასშტაბის ანალიზური აზროვნება. ეს, მისი აზრით, ძალზე მძიმე შრომაა და ევროპაში ბევრი გამოჩენილი ადამიანი უარს ამბობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. სამაგიეროდ, თანამდებობაზე პრეტენზიებს ორი ტიპის ადამიანები აცხადებდნენ: ფანატიკოსები და პატივმოყვარე კანდიდატები. მათ შორის არჩევანს საკმაოდ რთულ ამოცანად ესახებოდა და მიიჩნევდა, რომ საჭიროა, ბევრმა დრომ გაიროს, რათა საზოგადოებაში ისეთი პატიოსანი და საუკეთესო ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ქვეყნისა და ხალხის სიკეთეზე იფიქრებენ. ამ მსჯელობებიდან ჩანს, რომ მან ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ უნდა მართოს-ფილოსოფოსმა, ხალხის მიერ არჩეულმა, პროლეტარიატის დიქტატურამ თუ დაბადებით მმართველმა. ქვეყნის რეფორმაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკო ნიკოლაძე მივიდა ხელისუფლების დემოკრატიული ინსტიტუტების მიგნებამდე და იქ შეჩერდა. გრძნობდა, რაღაც არ გამოსდიოდა. ამიტომ ამ საკითხს ისევ მიუბრუნდა 65 წლის ასაკში და კრიტიკულად გადააფასა თავისი შეხედულება. “როდესაც მე ჟურნალისტურ ასპარეზზე გამოვედი, ოპტიმისტად ვითვლებოდი იმის მტკიცების გამო, რომ მჯეროდა, ჩვენი შვილები და შვილთაშვილები უთუოდ მიაღწევდნენ პოლიტიკურ თავისუფლებას, ხალხის მმართველობას, თუ ინტელიგენციის სამი-ოთხი თაობა გულდასმით იმუშავებდა ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის. სინამდვილეში კი ჩვენ თვითონ მივაღწიეთ ამ ბედნიერებას”8 (ტალანტებს, და განასაკუთრებით ეკონომისტებს, ასაკი უხდებათ. როგორც კანტი წერდა, წლებს სიბრძნე და შემწყნარებლობა მოაქვს). აქ თავს მახსენებს პოპერის აღსარება, რომ მას ჰყოფნის გამბედაობა აღიაროს თავისი შეცდომები. ნიკო ნიკოლაძეს ყოველთვის თან სდევდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რასაც საზოგადოების განვითარების პერმანენტული გზის მისი არჩევანი განაპირობებდა. როგორც ზემოთ მოტანილი ციტატიდან ჩანს, მან გადააფასა პიროვნებასა და საზოგადოებაზე შეხედულებები მეცნიერების მიღწევების განზოგადების საფუძველზე და მთლიანად გაიზიარა ეკონომიკური და სოციალური თავისუფლების უნივერსალობისა და მიზნების კორექტირებადობის კონცეპტუალობები, რაც ქართულ მეცნიერებაში მაშინ ცნობილი არ იყო.
ცხოვრების წინსვლა მიმდინარეობს არა წინასწარ მოფიქრებული პროგრამებისა და დასახული მიზნების შესაბამისად, არამედ ყოველდღიური ცდებისა და სინჯვების განუსაზღვრელი სერიალების ტესტირებადობიდან ანუ მოვლენებთან შეგუებადობიდან, შეხედულებათა გადაფასების პროგრესულობიდან, სპონტანურად. ამ პროცესებს ნიკო ნიკოლაძე ასეთნაირად ხსნის: შთაგონება, შემართება, მონდომება დაკავშირებულია ქვეყნის განვითარების დონესა და შესაძლებლობებთან. ხალხის პროგრესი, მისი თავისუფლება ცოდნის გაფართოებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების ხარისხობრივი შედეგია, ქვეყნის განვითარებას თან ხვდება პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირება და სრულყოფა, რომელთა მეშვეობით ხორციელდება ადამიანური უფლებების დაცვა ძალმომრეობისა და თვითნებობისაგან. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ნიკო ნიკოლაძე ემიჯნება ცხოვრების წესის შეცვლას რევოლუციებით და განსაკუთრებით სოციალისტური რევოლუციით. იმოწმებს რა ზუსტ მეცნიერებათა აღმოჩენებს, ასკვნის, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ხდება თანდათანობით მეცნიერული აღმოჩენების ბაზაზე. აღაშფოთა 1905 წ. რევოლუციამ მაშინ, როცა მას ქართველი ინტელექტუალების აბსოლუტური უმრავლესობა არა მარტო მხარს უჭერდა, არამედ ლექსებით, ტაშ-ფანდურითა და ზარ-ზეიმით შეხვდა. “სად გაგონილა, ან როდის ყოფილა, რომ საღად მოაზროვნე ხალხს მიზნად დაესახოს ერთი ნახტომით, თანაც პირველით, ყოველგვარი შემზადების გარეშე, გადამხტარიყოს ხელშეუხლებელი ფეოდალური წყობიდან ისეთში, რომელიც დედამიწის ზურგზე ჯერ არსად დაწესებულა თუნდაც ცდის სახით მაინც?… პირადად მე ბავშვობაში მინახავს ჩვენს ირგვლივ შუასაუკუნეობრივი ფეოდალური წყობილება, მთელი თავისი ხელშეუხლებელი ველურობით, ხოლო სიცოცხლის ბოლოს ვხედავ ამ ფეოდალთა შთამომავლებს თავიანთი ყოფილი ყმების სამსახურში, .რაც მოხდა ყოველგვარი რევოლუციის გარეშე”.9 არსად ასე ცხადად და კატეგორიულად არ წარმოჩენილა მისი პოზიციები ცხოვრების პირობების სპონტანური ცვლილებების შესახებ, რომ იგი ევროპული ლიბერალიზმის საუკეთესო მცოდნე და თანმიმდევრული მიმდევარი, ლიბერალური პრინციპების პრაგმატიკოსი იყო. კარგად იცნობდა გამოჩენილ ეკონომისტთა შრომებს, მათ შორის ა. სმიტის, დ. რიკარდოს, ჟ. ბ. სეის, თ. მალთუსის, ჯ.ს. მილის, ა. ვაგნერის და სხვათა შრომებს, რამაც მას საშუალება მისცა, ეკონომიკური აზროვნებით თავისი დროის ინტელექტუალებს შორს გასცდენოდა. ამიტომ დარჩა იგი გალაკტიონივით უცნობი არა მარტო მის თანამედროვეთა შორის. მისთვის ჩვეული პირდაპირობითა და კატეგორიულობით აღნიშნავდა, რომ იმ დროის გაფიცვებმა ქვეყანას აურაცხელი ზარალი მიაყენა, მოიშალა რკინიგზა, დაეცა მარგანეცის წარმოება, გაღარიბდა ხაზინა, გაუარესდა მოსახლეობის ცხოვრების პირობები. რაშიც, მისი აზრით, გადამწყვეტი როლი ითამაშეს უცოდინარმა და უგერგილო ადამიანებმა, დოგმატიკოსებმა და ცერემონისტებმა.
ნიკო ნიკოლაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პრესაში გახმაურებული მეოცე საუკუნის 900-იანი წლების რევოლუციების საფრანგეთის რევოლუციის ანალოგიებად მოხსენიება მცდარი იყო, ვინაიდან რევოლუციით ფრანგებს ქონების თანაბარ დანაწილებაზე კი არ უფიქრიათ, მათ შუასაუკუნეობრივი ჩამორჩენილობა დაამსხვრიეს თავისი წოდებრივი პრივილეგიებით და რეგალიებით, ყველანი კანონის წინაშე გაათანაბრეს და ამიტომ იმ რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ქონება არა თუ არ შემცირებულა და განიავებულა, პირიქით, გაიზარდა. საფრანგეთში ქონების საყოველთაო კონფისკაცია კი არ ჩატარებულა, არამედ მხოლოდ იმ ემიგრანტებისა, რომლებიც იარაღით ხელში თავს დაესხნენ სამშობლოს. ამ შეფასებებში ნიკო ნიკოლაძე საქართველოში ევროპული ლიბერალიზმის უპრეცედეტო და ყველაზე პროგრესული წარმომადგენელია თანამედროვეთა შორის. იგი ცდილობდა, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა. ქვეყნისა და ხალხის დაწინაურებასა და პროგრესს მხოლოდ მეცნიერების განვითარებას უკავშირებდა და მაგალითად ელექტროენერგიის შორ მანძილზე გადაცემის ეკონომიკურ ეფექტს იშველიებდა, რამაც. მისი აზრით, გაზარდა მშრომელი კაცის დამოუკიდებლობა, რითაც განთავისუფლდა იგი არა მარტო კაპიტალის ექსპლუატაციისაგან, არამედ შრომის ყაზარმული ექსპლუატაციისაგან, სადამდეც მას მიიყვანდა (მერე, საუბედუროდ, მიიყვანა. რ.ნ.) სოციალისტური იდეალის განხორციელება. აქედან ცხადია არა მარტო ის, თუ რატომ ვერ გაიგეს ნიკო ნიკოლაძის თვითმყოფადური ტალანტი, არამედ ისიც, თუ რატომ უმალავდნენ მის მოღვაწეობას კომუნისტები ხალხს.
გასული საუკუნის 900-იანი წლების რევოლუციებს რუსეთის იმპერიაში და კერძოდ საქართველოში ხუნდებად ქცეული ტრადიციული ფეოდალური ურთიერთობების მსხვრევა კი არ მოყოლია, როგორც ეს საფრანგეთში მოხდა, არამედ ანტაგონისტური დაპირისპირება პროგრესულად განვითარებად, ფორმირებად, სუსტ კაპიტალისტურ ურთიერთობებთან. მასობრივი ფეოდალური აზროვნების ქვეყანაში ბატონყმური ინსტიტუტების მეყვსეული გაუქმება საკმარისი პირობა არ შეიძლება ყოფილიყო კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებისათვის. საზოგადოებრივი ცნობიერება ამისთვის მზად არ იყო. ამიტომ საგლეხო რეფორმამ რუსეთის იმპერიაში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია და მას რევოლუციების სერიები მოყვა. “როგორც თამაშში, ისევე საზოგადოებაშიც, საერთო წესთა უმეტესობა უნებლიეთ გამომდინარეობს ტრადიციიდან და დაუფიქრებლად მიიღება. ჩვენ ხშირად მხოლოდ გარკვეული, მცირე ცვლილებანი შეგვაქვს მათში, თუმცა, მცირე ცვლილებების დაგროვების ეფექტმა, შესაძლოა, სერიოზული გარდაქმნა გამოიწვიოს თამაშის ხასიათში ან საზოგადოებაში. თამაშშიც და საზოგადოებაშიც წესთა არცერთი რიგი არ დამკვიდრდება, სანამ მონაწილეთა უმრავლესობა უმეტესი დროის განმავლობაში ამ წესებს არ დაიცავს გარეგანი ძალდატანების გარეშე”.10 ამიტომაა დიდი მოაზროვნეების მიერ რევოლუციები სოციალური პრობლემების გადაწყვეტის დაწუნებული მექანიზმი. ნიკო ნიკოლაძეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეირაღებული სოციალური რევოლუციების უარყოფითი ასპექტები შესწავლილი ჰქონდა და თავისი თეორიული და პრაქტიკული საქმიანობით ცდილობდა, აერიდებინა საზოგადოება რევოლუციური განწყობილებისაგან. მეორე მხრივ, ფაქტის წინაშე იდგა-არა მარტო ხალხი იყო მოუმზადებული დამოუკიდებელი საქმიანობისათვის, ხელისუფლებასაც არაფერი გაეგებოდა იმ სახელმწიფოს მართვისა, რომლის სათავეშიც იგი აღმოჩნდა. ეს ყველაზე ძნელი პერიოდია ქვეყნის რეფორმირებაში. ამ დროს საჭიროა ახალი ურთიერთობების ინტერპრეტაცია და მისი პრინციპების პროპაგანდა საზოგადოებრივ ცნობიერებად ფორმირებისთვის.
ნიკო ნიკოლაძეს ხელისუფლებისა და ხალხის გაუცხოების მიზეზები და მათი დაძლევის მექანიზმები მოტანილი აქვს შრომაში “მამულის სიყვარული და მსახურება”, რომელიც დაიბეჭდა 1879 წ. და ისევ გამოიცა 1914 წ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დაუძლურებას და სხვა ქვეყნებისაგან ჩამორჩენას ავტორი საფუძვლად უდებს უცოდინარობას და ქვეყნის შინააშლილობას. საქართველომ მხარი ვერ აუბა ტექნიკურ პროგრესს და თურქეთმა ევროპული სამხედრო ტექნიკით უზარმაზარი ვნება მიაყენა, საფუძვლიანად მოუნგრია ეკონომიკა. აქედან იღებს სათავეს მუხლის მოდრეკა ყოველივე უცხოურისადმი. ამას მიემატა შემდგომ პერიოდებში ქვეყნის შიდა წინააღმდეგობები, რასაც ფეოდალური კლასობრივი დისკრიმინაცია და მოსახლეობის წოდებრივი დაყოფა იწვევდა. ამის შედეგი იყო ის, რომ ხელისუფლება ისევ პრივილეგიად დარჩა და პირადი გამდიდრების ამბიციებს არ შორდებოდა. საქვეყნო საქმე კერძო ინტერესებში ჩაინთქა. “ვერ ემსახურება კაცი ერთსა და იმავე დროს თავის კერძო ინტერესებს და მამულის სარგებლობას ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ ბატონს”.11 რაკი, როგორც პოპერი წერდა, ხალხი თავითავს ვერ მართავს, რეფორმის მთელი სიმძიმე მხრებზე უნდა დაიდგას ხელისუფლებამ. მაგრამ ასეთ დატვირთვას მხოლოდ მაშინ იკისრებს და გაუძლებს, თუკი მას ექნება შესაბამისი კომპეტენცია, მაღალი ზნეობრიობა, პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე, მამულისადმი დიდი სიყვარული. თუ ამ ზნეობრივ და პიროვნულ იმპერატივებს მაშინდელი საქართველოს სინამდვილეში გადავიტანთ, გამოვა, რომ კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე ორიენტაციით ხელისუფლების არჩევანი შუასაუკუნეობრივი კლასობრივი დიფერენციაციის ეპოქაში შეუძლებელია, ვინაიდან წინა პლანზე გამოდის კლასობრივი პრივილეგია და ქონებრივი ცენზი. პასუხისმგებლობაც მცირე სოციალურ ჯგუფებზე ნაწილდება. “ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი… როცა მთელი ეს მისი ძალა, თანამედროვე მეცნიერების იარაღით აღჭურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება და მოქმედებს. მაგრამ როცა ხალხის ცხოვრებაში ნელ-ნელა ისეთი წესი შემოდის, რომ ნახევარი ხალხი თავის ძალას უქმად მიწაში მარხავს, უმოქმედოდ ფლანგავს და მეორე ნახევარი კი ორჯერ უფრო მომეტებულად შრომობს, როგორც თავის სარჩენლად, ისე იმ პირველი ნახევრის სარჩენლად, რომელიც უმოქმედოთ და უქმად ცხოვრობს, მაშინ ხალხის ძალა იღლება, სუსტდება და სრულიადაც ქრება”.12 ამის გაგრძელებაა ის, რომ ამ ნახევრებს შორის არ ცხრება დაძაბულობა და უზარმაზარი ენერგია უკვალოდ ქრება. ასეთ პირობებში მხოლოდ ისეთი კაცი გასწევს ხელისუფლების ჭაპანს, რომელსაც ქვეყანა ნამდვილად უყვარს. ასე ფიქრობს ნიკო ნიკოლაძე და ამას ის ბიბლიური სიბრძნიდან სესხულობს.
სიყვარული და თანაც სამშობლოსი ურთულესი კატეგორიაა, იგი მრავალგვარი ფენომენის კომპლექსია-ასაკისა, ინტელექტუალობისა, თვითმყოფადობისა, კულტურისა, თანაცხოვრებისა” სილამაზისა, ზნეობრიობისა, თავისუფლებისა, პასუხისმგებლობისა. მერაბ მამარდაშვილი წერდა, რომ რელიგიური ადამიანი შეუძლებელია იყოს გაუნათლებელი. სამშობლოსთან მიმართებაში უფრო რთული მდგომარეობაა, სამშობლოს სიყვარული უდიდეს ინტელექტს შეუძლია და მისი ახსნა სხვებისთვის თითქმის შეუძლებელია. ნიკო ნიკოლაძემ არა მხოლოდ წერილობით გამოთქვა სამშობლოსადმი სიყვარული, არამედ თავის კრედოდ ქმნა იგი და იმის ენერგიით თავისი ცხოვრების ყველა სიმაღლე დასძლია. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ სამშობლის სიყვარულიც ეკონომიკური კატეგორიაა.
ადამიანს აქვს მეორე ადამიანისადმი სიყვარულის ღვთით მინიჭებული უნარი, იგი მას არც ისე იშვითად პოულობს, მაგრამ ხშირად ეკარგება და სულ მის ძიებაშია. ვერ გაუგია, რატომ. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ ადამიანისადმი სიყვარულში ძალზე ბევრია გრძნობადი კომპლექსები. სულ სხვაა სამშობლოს სიყვარული. თუკი მას იპოვი, არასდროს დაგეკარგება, ვინაიდან სამშობლოს სიყვარულში წინა პლანზეა გამოტანილი ინტელექტუალობის რეფლექსია.
სამშობლოს სიყვარული ფენომენალური კომპლექსია და, როგორც ამის შესახებ ზემოთ აღვნიშნე, განვითარებადი ინტელექტუალური ზნეობრიობა. სამშობლოსთან ადამიანს უამრავი გრძნობადი ნერვი აკავშირებს. ეს მისი საცხოვრისია, წარსული, აწმყო და მომავალი, შეცნობილი სინამდვილე, ოჯახური, გვაროვნული, ნათესაური ტრადიციები, სიამაყე, თვითმყოფადობა და სხვა. ამ და კიდევ სხვა ფენომენების რეფლექსია წარმოაჩენს ადამიანის დამოკიდებულებას სამშობლოსადმი და მას ის ფენომენალური განსაზღვრება და წინსწრება აქვს, რომელიც მასში ძლიერია. ბევრ ადამიანს სამშობლო ხშირად ფანატიკურად უყვარს და მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, მაგრამ ეს მაინც ცოტაა. სამშობლოს სიყვარული ეკონომიკური სიდუხჭირისა და მძიმე კრიზისულ პროცესებში ის უსაზღვრო ენერგომუხტია, რომელსაც ქვეყნის განვითარება ახალ ხვეულზე აყავს. ნიკო ნიკოლაძე არის მისი ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალი.
ნიკო ნიკოლაძის ბადალი ტალანტებისათვის ადგილი ნებისმიერ ქვეყნაში მოიძებნება და, როგორც იტყვიან ფეხი ფეხზე გადადებული იცხოვრებენ. მაგრამ ეს მათ არ შეუძლიათ. პირიქით, ქვეყნის შინაყოფის გაუსაძლისი პირობები აიძულებს მათ, ყველაფერი მიუძღვნან სამშობლოს, რამეთუ მათ იციან…ლავრენტი ბერიას შვილის, სერგო გეგეჭკორის მამამისზე მოგონებებიდან ის ადგილი გამახსენდა, სადაც ბერიას პიროვნებისადმი გულგრილი საზოგადოებრივი დაინტერესების მიზეზებს ასეთ ახსნას აძლევს: ახლა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, საქართველოში კი იგი არავის სჭირდება.
სწორი შეფასებაა, სამშობლოს გარეშე დარჩენილი ადამიანი ციდან მეტეორის მოწყვეტას გავს.
სამშობლოს სიყვარულს ტალანტი მარადისობაში გადაყავს და მომავალ თაობებს უტოვებს მისაბაძ მაგალითად. ღმერთი ყველა ადამიანში უნდა ცოცხლობდეს.
ნიკო ნიკოლაძემ თავისი მოღვაწეობა განათლების გაფართოებით დაიწყო და მთელი ცხოვრება ცოდნის განახლებასა და მისი პრინციპების პრაგმატულ გამოყენებაში გაატარა. ადრეულ ასაკში გაიგო ის, რომ ეკონომიკური უძლურებისაგან ხალხისა და ქვეყნის დახსნა მხოლოდ განათლებით შეიძლება, რომელსაც ერთი უზენაესი მიზანი აქვს-შექმნას ნივთები და მომსახურების სახეები, შეცვალოს შრომის პირობები და ცხოვრების სინამდვილე. ევროპაში მისი ცხოვრება და მოღვაწეობა შესისხლხორცებული იყო სამშობლოს კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან. მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევებს იმთავითვე იხილავდა სამშობლოსთან მიმართებაში, თუ რა სიკეთეს მისცემდა ეს მიღწევები მას და ამისთვის რა პირობები იქნებოდა საჭირო. იგი აღაფრთოვანა იდრო რესურსების ელექტრო ენერგიად გარდაქმნის აღმოჩენამ და კიდევ უფრო იმან, რომ საქართველოს მდიდარი ჰიდრო რესურსები მას არნახულ რევოლუციას შეუქმნიდა ეკონომიკასა და ფინანსებში. დაამუშავა კიდეც ჩვენი ქვეყნის ჰიდრო რესურსების ელექტრო ენერგიად გამოყენების ტექნიკური პროექტები.
მიზანსწრაფულობა ადამიანის პიროვნულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფენომენია და ის სრულფასოვნად ეკუთვნის სამშობლოს სიყვარულსაც. ბუნებრივია, რომ მას წინ უძღვის მიზნების განსაზღვრა, რომლებიც კორექტირებადია. აქედან ისიც ჩანს, რომ რაც უფრო შორეულია მიზანი, მით უფრო სრულყოფადია იგი, მით უფრო მდიდარია პიროვნული არსენალი და ინტელექტუალობა.
სამშობლოს სიყვარულის ნიკო ნიკოლაძისეული ფენომენი ბავშვობიდანვე ყალიბდებოდა. იგი ყოველთვის ეძებდა მისი სამშობლოს ადგილსა და როლს გლობალურ მეურნეობაში, საქართველოს ეკონომიკურ თვითმყოფადობასა და ნაციონალურ უპირატესობებს და მათი რეალიზაციის გზებსა და მეთოდებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ გზებით მიღებულმა ცოდნამ ჩასახა მასში სამშობლოსა და ერის შეგნებული, ზნეობრივი სიყვარული, რაც ლაპიდარული წესით ჩამოყალიბებულია მის წერილში “სალამი””, რომელიც სამშობლოს სიყვარულის ახსნაა ბიბლიური სიბრძნით, სულის ერთი ამოთქმით მოთხრობილი და ისიც ქრისტეს ასაკის კაცისა. სულ რაღაც ორი წლის განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისას მას სიხარულის ისეთი განცდა აქვს, თითქოს საუკუნე არ ენახოს იგი. “მე დამივლია მთელი ევროპა, ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა. არც საფრანგეთის ამაღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურგის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას არასოდეს, არცერთი წამის განმავლობაში, არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ, თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედს… იმის მაგიერ, რომ იქაურ ცხოვრებას მივებირე და სხვებსავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც-კი ყოფილიყო შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა”.13
ტექსტში ასეთი გრძელი ციტატების მოტანა ჩვევად არა მაქვს, მაგრამ ის, რაც ახლა ჩვენ წავიკითხეთ, სამშობლოს სიყვარულის გაცხადების ეპისტოლური გადმოცემაა უმაღლესი განცდებით და იმ სიყვრულის დაფიცებაც არის, რომელსაც ბავშვებს სკოლაში უნდა ასწავლიდნენ და მამაო ჩვენოსავით აზეპირებინებდნენ. მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ იქნებოდა, ისიც უნდა ასწავლონ, თუ როგორ უერთგულა მან სამშობლოს სიყვარულს და აღმატებით ხარისხში აღასრულა ფიცი, რომელიც მისცა. ამის დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა ჩვენ ზემოთ გვქონდა მოტანილი, ხოლო უფრო ვრცლად მოტანილია ქვემოთ.
ქვეყნის განვითარებაში არის ღრმა კრიზისული, უმწვავესი მომენტები, როცა მოსახლეობას შიში და დაბნეულობა ეუფლება და ღონემიხდილია. ასეთ მდგომარეობაში თავისი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ვიღაცამ. ეს მხოლოდ იმ კაცს ხელეწიფება, ვისაც თანამედროვეობის შესატყვისი ცოდნა და უნარი აქვს. როცა მხედველობაში ჰყავთ ნიკო ნიკოლაძე, მის ამგვარ თვითმყოფადობას ევროპული განათლებით ხსნიან, როგორც რუსულთან უპირატესობას” მაგრამ ეს მთლად სწორი არ არის. მეცხრამეტე საუკუნის ევროპა იყო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მექა და სამრეწველო რევოლუციის აკვანი. ამას გარდა, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ლიბერალიზაციის მოძღვარიცა და მიმდევარიც. მან უჩვენა მსოფლიოს ამ აზროვნების პროგრესულობა. ნიკო ნიკოლაძე იყო არა მარტო ასეთი აზროვნების პრინციპებზე აღზრდილი, არამედ თვით ევროპული ცხოვრების უშუალო მონაწილე და კრიტიკოსი, რომელიც არასდროს დაღლილა იმის ცდაში, რომ ევროპული ლიბერალიზაცია საქართველოში დამკვიდრებულიყო. უფრო მეტიც, მან თვითონ აღმოაჩინა და თავისთავი იპოვა ევროპაში და არა პირიქით, იგი ევროპას არ შეუქმნია, კი არ გაევროპელდა, ქართველი ევროპელი გახდა. ეს აშკარად ჩანს მისი წერილებიდან და შრომებიდან, რომლებიც თითქმის ყველა შემთხვევაში პოპულარულად არის დაწერილი რიგითი მკითხველისათვის. მაგრამ ლიბერალიზაცია მაინც ვერ დამკვიდრდა მაშინდელ საქართველოში, ვინაიდან ერთი ევროპელი ნიკოლაძის გაგება საკმაოდ ძნელი იყო. ამას ის ყველაზე უკეთ თვითონ ამჩნევდა. ამიტომ მას ყველა დიდ საქმეში ევროპელის იმედი ქონდა, ევროპასთან შემაერთებელ ხიდებს იშველიებდა. ამ საშუალებებით აახლოებდა თავის ქვეყანას ევროპასთან. მეთოდებიც სწორად შეარჩია. არა ძალად გაევროპელება პეტრე პირველის მეთოდებით, არამედ ევროპული უპირატესობების ექსპოზიცია, ეროვნული უპირატესობების ევროპეიზაცია. ეს მან პირველმა დაიწყო და აქამდე ვერ ჰპოვა ღირსეული გაგრძელება საქართველოში.
წმინდა ევროპულია ნიკო ნიკოლაძის შეფასებები ვაჭრობაზე. საქართველოში ვაჭრობა დიდხანს ითვლებოდა არასერიოზულ საქმედ მეწარმეობასთან შედარებით და არა მარტო საქართველოში. ამას აქვს თავისი ახსნა. ხშირად მეტ მოგებას იღებს არა თვით ნივთების მკეთებელი, არამედ ვაჭარი, რომელიც ამ ნივთებს იაფად ყიდულობს და ძვირად ყიდის. ამ საიდუმლოებამ შექმნა ვაჭრობაზე ზიზღის, სიძულვილის დამოკიდებულება. ნაკლები ყურადღება მიაქციეს იმას, რომ კომერციას აქვს თავისი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზე კომერსანტი ეწევა საქონლის გადატანის რისკს დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში სარგებლის მიღების მიზნით. ასე შექმნა ვაჭრობამ ცივილიზაცია და ერთმანეთთან დააკავშირა ხალხები და ქვეყნები. ამის მნიშვნელობაზე მიუთითებდა ნიკო ნიკოლაძე და ურჩევდა ქართველებს, ესწავლათ აღებ-მიცემობა, ყიდვა-გაყიდვა. არა, არ ვთქვი მთლად სწორად, კი არ ურჩია, თვითონ ყიდდა და ყიდულობდა, ეძიებდა და პოულობდა და სარგებელსაც ნახულობდა.
იშვიათი ჯიშებით მდიდარ დასავლეთ საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ხე-ტყით მოვაჭრე ბერძენი, ფრანგი, ინგლისელი, ებრაელი და სხვა ჯურის უცხოელი შემოესია. ისინი ბზისა და კაკლის მორებს ჩალის ფასად იძენდნენ და ევროპის ბაზრებზე ათმაგად ყიდდნენ. კერძოდ, ფოთში 50 კაპიკად ნაყიდი ფუთი ბზა საფრანგეთსა და ინგლისში 4-7 მანეთად იყიდებოდა. ეს მაშინ, როდესაც ქართული ბზა და კაკლის მერქანი საუკეთესოდ ითვლებოდა მთელს ევროპაში. ჩვენი მოსახლეობა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ხელის დაცლას უძვირფასესი მერქნისაგან ბედნიერ მოვლენად მიიჩნევდა, რაკი მათი მეშვეობით შემოსავლის წყარო იპოვა. საუბედუროდ, ამ ძვირფასი ჯიშებისადმი ბარაბაროსულმა დამოკიდებულებამ განადგურებამდე მიიყვანა ბზისა და კაკლის ჯიშები. ამ მდგომარეობამ აღაშფოთა ნიკო ნიკოლაძე. მან სწორად შეაფასა ქვეყნისთვის შემნილი მძიმე ვითარება და ჩვენი მდიდარი ტყეების მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების საკითხები ტყეების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას დაუკავშირა. აქ მისი პოზიცია მართებულია იმითაც, რომ ეკონომიკის რეფორმირების პერიოდში ქვეყნის სიმდიდრის გამრავლების პერსპექტივების განსაზღვრა და მასზე კონტროლი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
აჯამეთის ტყე ვორონცოვის მმართველობამდე სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ვორონცოვის დროს ტყის ერთი ნაწილი ცნობილმა მოსკოველმა მდიდარმა ანანოვმა იყიდა, ხოლო მეორე ნაწილი მთავრობამ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ სვიატოპოლსკ-მირსკის მისცა საკუთრებაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა მისი გაყიდვა. ამის გამო ხალხისა და ქვეყნისთვის მოსალოდნელი მდგომარეობა მხედველობიდან არ გამორჩენია ნიკო ნიკოლაძეს. ეშინოდა, რომ ტყეები ისევ უცხოელებს ჩაუარდებოდა ხელში და ისინი მას სწრაფად გაანადგურებდნენ. მოსახლეობა კი ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო აჯამეთის ტყის კერძო საკუთრების გამო.”შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალია-სააქციო საზოგადოების დაარსება 200.000 მანეთის კაპიტალით და მამულის დაგირავება სამიწათმოქმედო ბანკში დანარჩენ თანხაზე”.14 თვით ბანკებს წინადადებას აძლევდა, დახმარებოდნენ მოსახლეობას კრედიტის მიღებაში.
ნიკო ნიკოლაძე კრიტიკის თავისუფლების დაცვისა და მისი კულტურული განვითარების ევროპული ინტელექტია. პოპერის აზრით, მეცნიერების დაწინაურება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა დანარჩენ კლასტერებთან შედარებით, კრიტიკის თავისუფლებამ განაპირობა. ამას ნათლად ხედავდა ნიკო ნიკოლაძე და მისი აუცილებლობის შესახებ ფართო პოლემიკას არ ერიდებოდა.”კმარა ამდენი თმენა…ნათქვამია, რომ ჭეშმარიტება გამოიჭვრეტს აზრების შეტაკებისაგანო…ამას მოითხოვს ჩვენგან ჩვენი მოვალეობა, თუ ჩვენ ნამდვილად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არა პეტრეს, პავლეს, ან თორნიკეს, ესე იგი ჭავჭავაძეს, მესხს, წერეთელს, ნიკოლაძეს და სხვ.”15 როგორც მე ვამჩნევ, ბევრი მის ამ წერილს და კიდევ დანარჩენ სხვებს არ იცნობს და მის კრიტიკულ შენიშვნებს, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის მიმართ, რაღაც კერძო ინტერესების ან პირადი დაპირისპირების გამოვლენად მიიჩნევენ. სინამდვილეში, მას მხედველობიდან არ გამორჩენია ილია ავჭავაძის დამსახურება ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ყოფილიყო პირდაპირი, როცა თავისი აზრი სწორად მიაჩნდა. უხერხულობად არ თვლიდა კრიტიკისა და კამათის სიმწვავეს. “რამდენჯერ მომხდარა ხოლმე, რომ ლუი ბლანი გამბეტას შეტაკებოდეს, ან გამბეტა ლუი ბლანს, აშკარად, მთელი საფრანგეთისა და მთელი ევროპის წინ. ხან ერთს მათგანს გაუმარჯვია, ხან მეორეს, მაგრამ ყოველთვის კი მათი ბრძოლით ხალხს უსარგებლია. ამიტომ ამ ბრძოლის შემდეგ მისთვის უფრო ნათლად გამოსახულა საქმის მდგომარეობა; უფრო ნათლად გამოჩენილა ის გზა, რომელსაც ხალხი უნდა დასდგომოდა”.
თაობები შემოქმედების ასპარეზიდან ერთიმეორეს კი არ დევნიან, ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან და ავსებენ ერთმანეთს. თაობები ერთმანეთზე გადაბმული სიცოცხლის ჯაჭვია, რომლის გაწყვეტა არავის არ შეუძლია. უზნეო უნიჭიერეს ვოლუნტარისტს მისი შეფერხება შეუძლია მხოლოდ. ნაცრის ამტუტებას გავს მავანთა შეცხადება ქვეყნის დაღუპვის გარდუვალობაზე (ვერც ერთმა უკიდურესად სისხლისმსმელმა უნიჭიერესმა კაენმა და იუდამ ვერ გადააშენა და მოსპო ვერც ერთი ერი). წინააღმდეგობათა დაძაბვა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხედულებათა ალტერნატივებს წარმოშობს და ეს კარგია. ერის ნაციონალურ თვითმყოფადობას რომელიმე პიროვნება და მისი თანამზრახველთა გუნდი ვერ წაშლის. ვერც მის მომავალს მოუნგრევს საფუძველს. ვერც თაობებს გადაკიდებს ერთმანეთს. სიკვდილიც ვერ დააშორებს თაობებს ერთმანეთს, პირიქით, იგი უფრო აახლოებს მათ. მსოფლიოს სჭირდება არა გადაგვარებული, გაამერიკელებული ან გაევროპელებული ქართველი, არამედ თვითმყოფადი თანამედროვე ქართველი. ეს უკვე ფაქტურაა.
კრიტიკის თავისუფლება ნიკო ნიკოლაძეს გაგებული ჰქონდა, როგორც ცოდნის გავრცელების საშუალება, როგორც განვითარების ინსტრუმენტი ცდებისა და სინჯვების გზით, როგორც მაშინდელი ფეოდალური საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლის თანმიმდევრული პროცესი შეიარაღებული აჯანყებებისა და რევოლუციების გარეშე. მისი მტკიცებით მოსახლეობის აზროვნების განახლებაში გადამწყვეტი როლი მაღალი ეროვნული შეგნების ინტელექტუალებს უნდა შეესრულებინათ. ამდენად კრიტიკა ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნების განხორციელების იარაღად მიაჩნდა. ამ მიზნების რეალიზაციის სივრცე დანახული ქონდა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში. მან მოიკვლია ქვეყნის ნაციონალური ეკონომიკური უპირატესობები, სიცხადეზე გამოიტანა ისინი და ბაზრები მოუძებნა, ხალხის კეთილდღეობად აქცია. თვითონაც ამჩნევდა, რომ ცხოვრების წესი იცვლებოდა და ახალი აზროვნება იკვლევდა გზას. ნიკო ნიკოლაძემ ყველაზე უკეთ გაიგო განვითარებადი კაპიტალისტური ეკონომიკის პრინციპები და იყო მისი შეუდარებელი რეფორმატორი. მან გაიგო იმ საზოგადოების საფუძველბრივი პრინციპები, მაგრამ მისმა თანამედროვეებმა ბოლომდე ვერ დაინახეს მისი შორსმხედველობა. საზოგადოებრივ მეცნიერებებში მას იმ დონის განათლება ჰქონდა, რომ ვერ გაუგეს როგორც თეორიულ აზროვნებაში, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაშიც. ამის გამო უნდა ეპატიოთ, აკი წინაპრებს უთქვამთ, რომ არცოდნა – არცოდვაოო, მაგრამ ეს სენტენციაა და არა მხოლოდ მორწმუნეთათვის უცოდინარობა რა საპატიო საქმეა, ეს ხომ ქვეყნისთვის საზიანოა, დანაშაულია ნიკო ნიკოლაძის შემოქმედებისადმი ინდიფერენტულობა, იმ გზების გვერდის ავლა, რომლებიც მან გაიკვლია და ახლა ისინი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესების ნაცადი ხერხებია.