ენერგეტიკის რეგულირების პირველი შედეგები და ტენდენციები საქართველოში

დემურ ჩომახიძე
ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკის რეგულირება თითქმის ათი წელია ხორციელდება. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების პირველი ორგანოა სახელმწიფოში. დროის შედარებით ამ მცირე მონაკვეთში მარეგულირებელი ორგანოს შექმნა საქართველოს ენერგეტიკაში ეკონომიკურ გარდაქმნათა დიდი და რთული პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. მისი ჩამოყალიბება ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული.
არსებულ პრობლემათა ფონზე ცხოვრებამ დარგისაგან თვისებრივად ახალი ამოცანების გადაწყვეტა მოითხოვა. კერძოდ, აუცილებელი შეიქმნა:
– რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, დარგში რეგულირების ფუნქციისა და სამეურნეო საქმიანობის გამიჯვნა;
– სახელმწიფო მონოპოლიის ეტაპობრივი ლიკვიდაცია, საკუთრების მრავალფეროვნების დამკვიდრება, კონკურენტული გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა;
– ენერგიის მიწოდების გაუმჯობესება და ეკონომიკის განვითარების მიზნით ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირება;
– ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა და ეფექტიანობის ამაღლება. საფინანსო დისციპლინის დაცვა, მომხმარებლებისათვის მომსახურების გაუმჯობესება;
– ენერგიის სტაბილური მიწოდებით საწარმოებისა და კომპანიების მოგების ზრდა და ენერგეტიკული სისტემის ტექნიკური და მმართველობითი დონის გაუმჯობესება.
როგორც ცნობილია, დამოუკიდებელმა საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო ენერგეტიკის საბჭოური ვერტიკალურად ინტეგრირებული სახელმწიფო სტრუქტურები: ელექტროენერგეტიკაში – “საქენერგო”, ხოლო ბუნებრივი გაზით მომარაგების სექტორში – “საქგაზი”, გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში ამ სტრუქტურებმა ვერ გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ ვალდებულებას – ქვეყნის უსაფრთხო ენერგოუზრუნველყოფას. იმავე პერიოდში სახელმწიფომ აღიარა ეროვნული ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის აუცილებლობა, დარგში საჭირო გახდა რესტრუქტურიზაციის ჩატარება.
საქართველოს ენერგეტიკულ კომპლექსში, კერძოდ, ელექტროენერგეტიკაში რესტრუქტურიზაციას საფუძველი დაუდო საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 ივლისის #437 ბრძანებულებამ “ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ”. ამ ბრძანებულების შესაბამისად, ძველი დეპარტამენტი “საქენერგო” დაიშალა 3 დამოუკიდებელ ქვესექტორად – “საქენერგოგენერაციად” (ელექტროენერგიის წარმოება), “საქელექტროგადაცემად” (ელექტროენერგიის გადაცემა მაღალი ძაბვის ქსელებით) და ახალ “საქენერგოდ” (ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია და რეალიზაცია); რაც შეეხება გამანაწილებელ ენერგოკომპანიებს (ელექტროენერგიის განაწილება), ისინი ჯერ კიდევ 1994 წელს გადაეცათ მუნიციპალურ მმართველობაში. ამასთან, გენერაციისა და განაწილების ქვესექტორებში დაფუძნებულ იქნა სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები. მოგვიანებით ცვლილებები შეეხო ბუნებრივი გაზის სექტორსაც.
ამრიგად, ენერგეტიკის სექტორში, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთ და ამავე დროს ფუნდამენტურ დარგში, 90-იანი წლების მეორე ნახევარში განხორციელდა ღრმა რეფორმები: კერძოდ, “საქენერგო” და “საქგაზი” დანაწევრდა ჰორიზონტალურ დამოკიდებლობაში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოებად (ელექტროენერგეტიკაში – გენერაცია, გადაცემა-დისპეტჩერიზაცია, განაწილება; ბუნებრივ გაზში – მიწოდება, ტრანსპორტირება, განაწილება); ერთმანეთისაგან გაიმიჯნა ძირითადი ფუნქციების შემსრულებელი პირები: შეიქმნა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია, მესაკუთრის ფუნქცია დაეკისრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის წარმართვა კი თავად ენერგეტიკულ საწარმოებს. ამ გარდაქმნებით მომზადდა საფუძველი ენერგეტიკული საწარმოების განსახელმწიფოებისათვის.
ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია პრეზიდენტის ბრძანებულებით თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტროსთან ჩამოყალიბდა. კომისიას საწყის ეტაპზე ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ტარიფების რეგულირება დაევალა.
ასეთი სამსახურის შექმნა, პირველ რიგში ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობების პრინციპებზე გადასვლის აუცილებლობიდან გამომდინარეობს. კომისია ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ეკონომიკის სამინისტროსთან, ხოლო 1997 წლის 1 აგვისტოდან – მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა საქართველოს კანონი “ელექტროექტროენერგეტიკის შესახებ” – ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ორგანო და ეწოდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ).
კანონმა “ელექტროენერგეტიკის შესახებ” სემეკს თავიდანვე მიანიჭა მაღალი დამოუკიდებლობა. კერძოდ, კომისია გახდა მუდმივმოქმედი საჯარო სამართლის იურუდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში არ ექვემდებარებოდა არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას. კომისია თავის კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემდა დადგენილებებს, რომლებიც წარმოადგენდა ნორმატიულ აქტებს ელექტროენერგეტიკის სფეროში.
1999 წლის აპრილში “ელექტროენერგეტიკის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილებები და დამატებები. მას ეწოდა კანონი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, ხოლო კომისიას – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ). ახალი კანონის თანახმად, სემეკს მიენიჭა საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემისა და ტარიფების რეგულირების უფლება. კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაფართოვდა კომისიის ფუნქციები. მისი უფლება-მოვალეობები ელექტროენერგეტიკის გარდა გავრცელდა ბუნებრივი გაზის სექტორზეც. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ძირითადი ფუნქციები ასე ჩამოყალიბდა:
– ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა და რეგულირება;
– ექსპლუატაციაში შესულ ელექტროენერგეტიკულ ობიექტებზე და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემა, განახლება, შეჩერება და გაუქმება;
– ელექტროენერგეტიკასთან და ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვა და გადაწყვეტა;
– კონკურენციის ხელშეწყობა ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორში, ენერგიის მწარმოებელთა, მიმწოდებელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება;
– ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობის ზედამხედველობა;
– ენერგეტიკულ სექტორში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;
– ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება;
– ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
“ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტიურად გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება ეკონომიკის მართვის დეცენტრალიზაციისა და ბუნებრივი მონოპოლიის ნიშნის მატარებელი დარგის დამოუკიდებელი რეგულირების შესახებ.
კანონმდებლობით განისაზღვრა ურთიერთობა ენერგეტიკის სტრუქტურულ ერთეულების შორის, შეიქმნა სამართლებრივი საფუძვლები დარგში საბაზრო ურთიერთობის დანერგვისათვის, ინვესტიციების მოზიდვისათვის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებისათვის და სხვა.
კანონმა დასაბამი მისცა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მოწესრიგებას ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების და განაწილების სფეროებში და საბოლოო ჯამში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების უზრუნველყოფას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
სემეკის ამოცანად დაისახა:
ა) კონკურენციის მექანიზმებისა და არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების შეხამებით ელექტროენერგიის ეფექტიანი წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდება-ტრანსპორტირება-განაწილებაში დანახარჯების ზუსტი ასახვის უზრუნველყოფა სატარიფო სისტემაში;
ბ) ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ენერგო-მომარაგებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;
გ) ენერგეტიკის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისადმი
ხელშეწყობა.
ქვეყანაში ენერგეტიკის ნორმალურ ფუნქციონირებასა და განვითარებაზე ძირითადად პასუხისმგებელი ორი უწყება გახდა: სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა ენერგეტიკაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლა იგი დარგში მესაკუთრის ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციებისაგან.
საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე სემეკმა ცხოვრებაში უნდა გაატაროს ენერგეტიკის რეგულირების ძირითადი პრინციპები ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის სუბიექტებისა და მომხმარებლების მიმართ და ამ მიზნით შექმნას დარგის რეგულირების ნორმატიული და სამართლებრივი ბაზა;
მანვე ხელი უნდა შეუწყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება-ტრანსპორტირების და განაწილების, აგრთვე და ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლებას; უნდა უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.
რეგულირების პრინციპები, სემეკის სტატუსი და უფლება-მოვალეობანი კიდევ უფრო განმტკიცდა და დაიხვეწა 2003 წელს. საქართველოს კანონით “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”.
სემეკი გამოსცემს ნორმატიულ აქტებს დადგენილებების სახით რეგულირების საერთო საკითხებზე, ხოლო ცალკეულ ინდივიდუალურ საკითხებზე იღებს სამართლებრივ აქტს გადაწყვეტილების სახით.
დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოცემისათვის მიღებულია მსოფლიოში აღიარებული ყველაზე დემოკრატიული პროცედურები: სემეკის ღია (საჯარო) სხდომაზე ყველა დაინტერესებულ პირს (ლიცენზიატს, მომხმარებელს, მომხმარებელთა უფლებების დამცველ პირებს, სხვადასხვა სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს) ეძლევა საშუალება თავისი ინტერესების დასაცავად, ამა თუ იმ საკითხზე, აზრის დაუბრკოლებლად გამოთქმისა და მტკიცებულებების წარმოდგენისათვის. საჭიროების შემთხვევაში სემეკის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში.
სემეკს ჰყავს აღმასრულებელი აპარატი. მისი დარგობრივი, იურიდიული, ეკონომიკური, საინფორმაციო-მეთოდოლოგიური და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
სემეკი ვალდებულია თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ენერგეტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში. მან თავის სხდომებზე შესაძლებლობა უნდა მისცეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს დაუბრკოლებლად წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები.
მისი ძირითადი ამოცანაა დარგში მოქმედი მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაბალანსება, კონკურენციის განვითარების, ცალკეული საწარმოების განსახელმწიფოებრიობის პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, შიგა და გარე ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელშეწყობა.
უკვე შეიძლება ითქვას, რომ სემეკის მუშაობის თითქმის 10 წლის მანძილზე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები.
ამ ხნის განმავლობაში ცხადად გამოჩნდა დარგობრივი პროფესიული მარეგულირებელი ორგანოს არსებობის უპირატესობა ცენტრალიზებული მართვის, კონტროლისა და რეგულირების პრინციპებთან შედარებით.
აღნიშნულ პერიოდში სემეკს საშუალება მიეცა კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პირველად საქართველოში აემოქმედებინა ისეთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები, როგორიცაა: ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ყველა საფეხურის ტარიფების დადგენის და რეგულირების მეთოდოლოგიები; სალიცენზიო და სატარიფო განაცხადების მიღებისა და განხილვის წესები; ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები; სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები; ელექტროენერგიის ბაზრის წესები; ელექტროენერგიის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესები; ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები; აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკა და ფიქსირებული გადასახადის მიხედვით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი და მრავალი სხვა.
როგორც ითქვა, სემეკი ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასა და რეგულირებას, აგრეთვე დარგის საწარმოთა ლიცენზირებას თავისი არსებობის პირველი დღიდანვე ახორციელებს, ხოლო ბუნებრივ გაზზე ეს ფუნქცია მას 1999 წლის მაისიდან დაეკისრა. მის მიერ გამოცემული დადგენილებები და გადაწყვეტილებები ენერგეტიკის სფეროს ნორმატიულ აქტებს წარმოადგენენ. განხილული და გადაწყვეტილი აქვს ამ სფეროს საქმიანობასთან დაკავშირებული ბევრი სადავო საკითხი. კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა ლიცენზირების, ელექტრობაზრის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების, აგრეთვე ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებისა და სხვა მიმართულებით.
2001 წლის 1 ივნისიდან სემეკში ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო უფლებების დაცვის ქვედანაყოფმა, ხოლო 2003 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამოუკიდებელი სამსახური. სემეკში ხორციელდება სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს დარგში სერთიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზებას და კოორდინაციას. სემეკის როგორც სახელმწიფოში ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების პირველი ორგანიზაციის, შექმნისა და ფუნქციონირების გამოცდილება გაზიარებულ იქნა ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი კომისიების ჩამოყალიბებასა და მუშაობაში, რომლებიც მოქმედებენ კომუნიკაციების, ტრანსპორტის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროებში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დარგის ლიცენზიატთა და მომხმარებელთა აბსოლიტური უმრავლესობა სემეკში საკუთარი ინტერესების ჭეშმარიტ დამცველს ხედავს. იგი დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს უცხოელ კოლეგებს შორისაც; ერთ-ერთი დამფუძნებელია ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების რეგიონული ასოციაციისა, რომელიც 2000 წლის დეკემბერში ევროპისა და აზიის 15 ქვეყნის ინიციატივით შეიქმნა ბუდაპეშტში. ამ ორგანიზაციაში 25 სახელმწიფოა გაწევრიანებული.
განვლილ პერიოდში სემეკს საშუალოდ წლიურად მიღებული აქვს 30 დადგენილება და 65 გადაწყვეტილება, რომელთაც ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვთ დარგის განვითარებისათვის. მათ შორის პირველ რიგში, აღსანიშნავია გადაწყვეტილებები ტარიფების რეგულირების სფეროში. ამ მიმართულებით კომისია ინტენსიურ საქმიანობას წარმართავს, რამეთუ სწორი სატარიფო პოლიტიკის გატარება უმნიშვნელოვანესი პრობლემაა არა მარტო ენერგეტიკული სექტორისათვის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის და, მათ შორის ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის.
ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიური საფუძველია ენერგიის წარმოებაზე და მიწოდებაზე გაწეული სრული დანახარჯების ანაზღაურება. იგი ემყარება “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონს და სატარიფო მეთოდოლოგიას; ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ პრინციპებს.
პირველ 5 წელიწადში სემეკმა ტარიფების შესახებ 37 დადგენილება და 124 გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ელექტროენერგიაზე – შესაბამისად 25 და 98…, ხოლო ბუნებრივ გაზზე – 12 და 26. მათში წინა პლანზეა წამოწეული სექტორის ლიცენზიატთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, სექტორში პრივატიზების პროცესების გაღრმავება და მოსახლეობის სოციალური დაცვა.
ტარიფების დადგენის დროს სემეკისათვის პრიორიტეტი ყოველთვის მომხმარებელია. განვლილ პერიოდში თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ლიცენზიატის სატარიფო განაცხადი სრულად დაკმაყოფილებულიყო. პირიქით, მათი მოთხოვნა ხშირად მკვეთრად მცირდებოდა. გადაწყვეტილების მიღებას ყოველთვის წინ უძღვის მრავალრიცხოვანი ურთიერთშეხვედრები და საჯარო სხდომებზე განაცხადების დაწვრილებითი განხილვა. აი, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. თბილისელებს, ალბათ, კარგად ახსოვთ, რომ 2001 წელს სს “ეი-ი-ეს თელასმა” სემეკში წარმოადგინა განაცხადი ყოველ კილოვატ საათზე მისი კუთვნილი ტარიფის 3,9 დან 17,15 თეთრამდე, ანუ 4,4-ჯერ გაზრდის შესახებ. სემეკის მიერ განხორციელებული დიდი მოცულობის სამუშაოებისა და უმძიმესი შეხვედრების შედეგად გამანაწილებელი კომპანიის პირვანდელი მოთხოვნა ტარიფის 13,25 თეთრით მატების შესახებ 3,648-მდე, ანუ 9,602 თეთრით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სემეკმა თბილისელი მომხმარებელი დაიცვა ელექტროენერგიის საფასურის დაახლოებით 190 მლნ. ლარის ზედმეტი გადახდისაგან.
სემეკის პრინციპული პოზიციის შედეგად არ შედგა დასავლეთ საქართველოს ჰესებსა და სს “თბილგაზის” პრივატიზაცია ტარიფის მეტისმეტი ზრდის მოთხოვნის გამო. მაშინ ფრანგი და ისრაელელი ინვესტორები აღნიშნული ობიექტების შესყიდვის შემთხვევაში მოითხოვდნენ, რომ ტარიფი დაახლოებით 2-3 ჯერ გაზრდილიყო. იგივე შეიძლება ითქვას ხადორი ჰესისა და ექსპლუატაციაში მყოფი თითქმის ყველა ენერგოობიექტისათვის ტარიფების დადგენის შესახებაც.
ამასთან ერთად სემეკი ვალდებულია დაიცვას ენერგიის მწარმოებელთა და მიმწოდებელთა კანონიერი ინტერესები. თუ იგი ელექტროენერგიას და ბუნებრივ გაზს უფრო იაფად შეაფასებს, ვიდრე ის ფასობს, მაშინ ენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლები ვეღარ მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას, დაიკარგება შრომისადმი ინტერესი, დარგი, უკეთეს შემთხვევაში, ისეთივე დეფიციტური იქნება, როგორიც არის; ან, სავსებით შესაძლებელია, რომ სრულიად დაინგრეს.
სემეკმა ყველა შესაძლო ღონისძიება გაატარა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოთა ლიცენზირებისათვის და ამ პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის, საქართველოში ელექტრობაზრის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირების საქმეში, აგრეთვე ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზების სფეროში.
2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სულ ლიცენზირებულია 171 საწარმო, მათ შორის 64 ელექტროენერგეტიკაში და 107 ბუნებრივი გაზის სექტორში. აქედან ელექტროენერგიის წარმოებაში 46, გადაცემაში 4, დისპეტჩერირებაში 2, განაწილებაში 9, იმპორტში 3. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებაში 1, მიწოდებაში 58 და განაწილებაში 48. ამ “მშრალი” ციფრების უკან კი უზარმაზარი სამუშაოა გაწეული. თითოეულ მათგანზე გაკეთებულია სალიცენზიო პირობები, დადგენილია შესაბამისი ტარიფები, პერიოდულად ყველა მათგანზე ტარდება მონიტორინგი სალიცენზიო პირობების დაცვის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში ხდება ლიცენზიების მოდიფიცირება, სხვადასხვა ინსტანციაზე თითოეული ლიცენზიატის კანონიერი უფლებების დაცვა და ა.შ. სემეკს მუდმივი საქმიანი კონტაქტები აქვს თითოეულ ლიცენზიატთან. მათგან მარტო 2004 წელს სემეკში შემოვიდა 2391 წერილი, რომელთაც სამართლიანი და დასაბუთებული პასუხი გაეცა.
მთლიანობაში სემეკის მუშაობის განვლილ პერიოდში უკვე გამოიკვეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები:
გაცილებით უკეთესი შესაძლებლობები შეიქმნა ენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემის გამოვლენისა და გადაჭრისათვის, საფუძველი ჩაეყარა დარგის თვითდაფინანსებას. სატარიფო განაცხადის სემეკში განხილვისას ლიცენზიატებს საშუალება აქვთ სრულად გამოავლინონ მათ წინაშე არსებული პრობლემები და სათანადო დასაბუთების შემთხვევაში მიაღწიონ კიდეც მათ ფინანსურ ასახვას ტარიფში;
ბუნებრივი გაზის სექტორში წარმატებული ფუნქციონირების საქმეში მნიშვნელოვანი იყო 2004 წლის 30 სექტემბერს მიღებული #10 დადგენილება “ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ”. ამ დადგენილებით შეიქმნა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის საფუძველი ბუნებრივი გაზის მომხმარებელსა და გამანაწილებელ კომპანიებს შორის;
განისაზღვრა ლიცენზიატთა და მომხმარებელთა უფლებები და ვალდებულებები, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის, მიწოდების შეწყვეტის და აღდგენის წესები და პროცედურები, ბუნებრივი მონოპოლიის პირობებში მყოფ ლიცენზიატთა ურთიერთობათა სავალდებულო ქცევის წესები. შეიძლება ითქვას, რომ მიღებული დოკუმენტი გახდა ბუნებრივი გაზის სფეროში მომხმარებელთა დაცვის მნიშვნელოვანი საფუძველი. გარდა ამისა, კარგი პირობები შეიქმნა ამ სფეროში კონკურენციის განვითარებისათვის. ანალოგიური დიკუმენტი მომზადდა ელექტროენერგიის მოხმარების სფეროშიც;
სემეკში დაიწყო სამუშაოები ტარიფების შემცირების მიმართულებითაც. 2004 წელს შემცირდა ტარიფი ბუნებრივი გაზის სექტორში. ჯერჯერობით იგი შეეხო საქართველოს რეგიონებს (გარდა თბილისისა). აქ ტარიფის შემცირების საფუძველი გახდა ქართული ლარის გამყარების ფაქტი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. ბოლო პერიოდი აღინიშნა სექტორში აღრიცხვიანობის მოწესრიგების, აგრეთვე, საფასურის არგადამხდელთა მიმართ მკაცრი ზომების გატარებით. პრაქტიკულად გამოირთო ყველა არგადამხდელი საწარმო. შეიზღუდნენ გამანაწილებელი ენერგოკომპანიები, ცალკეული მომხმარებლები. უკომპრომისო ბრძოლა გამოეცხადა დარგში არსებულ კორუფციას. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა კომისიის საკანონმდებლო-ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფის, აგრეთვე, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით;
ამაღლდა ენერგიით სარგებლობის საფასურის მაჩვენებელი, რომელიც პირველ წლებში მეტად დაბალი იყო. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სემეკმა მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, სადაც უფრო უკეთ იქნა გათვალისწინებული ენერგიის მწარმოებლებისა და მომხმარებლების ინტერესები. ამ თვალსაზრისით საკმარისია აღინიშნოს სემეკის დადგენილება “პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის შესახებ”. ამ წესის მიხედვით, ახლა გენერაციის ობიექტები და სამრეწველო საწარმოები ერთმანეთთან აფორმებენ ორივე მხარისათვის მისაღებ კონტრაქტებს, ენერგიის ყიდვა-გაყიდვაზე;
სტიმული მიეცა დარგში კერძო ინვესტიციების განხორციელებას, დაიწყო პრივატიზაცია;
დაწესდა გამოკვეთილი და სამართლიანი თამაშის წესები სექტორში შემავალი ყველა სუბიექტისათვის;
ენერგეტიკულმა დარგმა თავი დაიზღვია პოლიტიკური ჩარევისაგან. კერძოდ, ასეთი ზეწოლისაგან უკეთაა დაზღვეული ტარიფები, აგრეთვე აქ განხორციელებული სხვა ხასიათის რეგულირება;
ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სახელმწიფოს სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციები. ცენტრალიზებულ პირობებში მართვის ყველა ფუნქციას სახელმწიფო ასრულებდა, რაც, როგორც დავინახეთ, წარუმატებელი აღმოჩნდა. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის შემდეგ სახელმწიფოს ჩამოცილდა მარეგულირებელი ფუნქციები, ხოლო კომერციული ფუნქციები უშუალოდ სამეურნეო სუბიექტებს დაეკისრათ. სახელმწიფო კი საბაზრო ეკონომიკის პირობებში მის მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და პოლიტიკის განსახორციელებლად ე.წ. “ღამის დარაჯის” როლს ასრულებს მხოლოდ;
შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირების ხელსაყრელი პირობები. გაიზარდა მათგან მეტი დახმარების მიღების შესაძლებლობა. სემეკის მიერ მიღებული ფუძემდებლური დოკუმენტების (ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიები, ლიცენზირების წესები და ბევრი სხვა) არსებობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ენერგეტიკაში უცხო ინვესტიციების მოზიდვას. თვით მარეგულირებელი კომისიის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პირობაა ქვეყანაში საერთაშორისო სააგენტოებისა და ინვესტორების მოზიდვისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისათვის, მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის; დიდია მათგან ენერგეტიკისათვის გამოყოფილი კრედიტების მოცულობაც.
საბაზრო ეკონომიკის განვითარებულ ქვეყნების მაგალითმა გვიჩვენა, რომ ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობა სახელმწიფო რეგულირების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოში მისი საჭიროება კი უკვე აღიარებული და დადასტურებულია, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. განსაკუთრებულ დასაბუთებას არ მოითხოვს ის გარემოება, რომ საქართველოს ენერგეტიკაში სემეკის არარსებობის შემთხვევაში სახეზე იქნებოდა არასტაბილურობა და ქაოსი, ენერგიის მწარმოებელთა და მიმწოდებელთა, აგრეთვე მომხმარებელთა უკმაყოფილება, ენერგეტიკულ სტრუქტურებს შორის უფლება-მოვალეობათა, აგრეთვე, მესაკუთრის ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელ ფუნქციათა აღრევა. შემცირდებოდა კაპიტალის ნაკადი ენერგეტიკული რესურსების შეძენისა და დარგში ინვესტიციების განხორციელებისათვის; დაეცემოდა სამართლიანობის რწმენა.