ტექნიკური ორიენტაციის სამეცნიერო სამუშაოთა განახლების აუცილებლობა

ლიანა ჯანიაშვილი

სამეცნიერო პროგრესის ჭრილში ბიზნესთან დაკავშირებული სამუშაოები და მათი აყვანა მომგებიან დონეზე, პოსტსაბჭოთა საქართველოსათვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ძველი გამოცდილების კვალდაკვალ, ამ მხრივ, საჭიროა ახალი შესაძლებლობების მოძიება, კოორდინირება და მათი გამოყენების ეფექტიანობაზე ზრუნვა.
ამჟამად გვაქვს წინააღმდეგობრივი მდგომარეობა – მეცნიერი ჩამოშორებულია საცდელ-საკონსტრუქტორო ხასიათის სამუშაოებს შესაძლებლობის, უნარის, კვალიფიკაციის დონისა და სურვილების მიუხედავად. ამის მიზეზია ის, რომ ქვეყანაში ტექნიკური ორიენტაციის სამეცნიერო სამუშაოებში კვალიფიცირებული სპეციალისტების დასაქმების პირობები არ იქმნება. ამ ფაქტზე მეტყველებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებიც, რომლის მიხედვით 1997 წელს ფუნქციონირებდა 3 საცდელ-საკონსტრუქტორო ორგანიზაცია. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რაოდენობა 1997 წლიდან 2003 წლამდე 114-იდან შემცირდა 97-მდე. უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი გაიზარდა 23-მდე.1
ცხადია, რომ ძველი ტექნიკისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და მათთვის ახალი მიმართულებების შექმნა რთულია, მაგრამ იგი აუცილებელია ქვეყნის განვითარებისა და მისი შემდგომი სრულყოფისათვის, რადგან ემყარება სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო ორგანიზაციებისათვის საჭირო სამუშაო პირობების შექმნას, ახალი პროდუქციის გამოშვების ორგანიზებასთან ერთად ძველის გაუმჯობესებას და მეცნიერების განვითარებისათვის ღონისძიებების შემუშავებას. რაც, თავისთავად გულისხმობს მეცნიერებასა და წარმოებას შორის ურთიერთობის გაღრმავებას, სამეცნიერო სიახლეების დანერგვა – ათვისებაზე ზრუნვას და ა.შ.
პოსტსაბჭოთა საქართველოს სინამდვილეში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების გადმოტანა გლობალიზაციის პირობებში მიმდინარეობს უცხოეთის ქვეყნებიდან შემოტანილი მანქანა-იარაღების, გაუმჯობესებული მომსახურების ახალი შესაძლებლობის გადმოტანით. მაგრამ, არ იქმნება შესაბამისი პირობები მათი ადგილობრივი წარმოება მოდერნიზაციისათვის. საქმე იმაშია, რომ ადგილი აქვს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარებისათვის კაპიტალდაბანდებების შემცირებას და მომავალში გაქრობის პესიმისტური პროგნოზების რეალობას. რითაც მოსალოდნელია, რომ ქვეყანა ცივილიზაციის მიუხედავად, დაბალ დონეზე დარჩეს.
განვიხილოთ პოსტსაბჭოთა საქართველოში მეცნერ-მუშაკთა რიცხოვნობის დინამიკა მეცნიერებათა დარგების მიხედვით 1998-2004 წლებში. აშკარად ჩანს ზრდის ტემპის შემცირება. თუმცა, ზოგადი მაჩვენებლებით არც თუ ისე მკვეთრად, როგორც ეს აღმოჩნდა ტექნიკურ მეცნიერებათა დარგებისათვის, სადაც მეცნიერ-კადრთა რიცხოვნობა 1999 წლიდან მცირდება და 2305 – იდან, 2003 წლისათვის მხოლოდ 1401 კაცი2 დარჩა. მეცნიერ-მუშაკთა რიცხოვნობის ასეთი მკვეთრი შემცირება, თითქმის განახევრება, ტექნიკური დარგებისათვის აისახა საცდელ-საკონსტრუქტორო ორგანიზაციების რიცხოვნობის შემცირებაშიც.
კორუფციის მოქმედების შედეგად შექმნილი მდგომარეობით სარგებლობენ რეაქციული ძალები და იოლად გამდიდრების მცდელობით ანადგურებენ ქვეყანაში ჯერ კიდევ გადარჩენილ სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს. ხოლო დაუსჯელი მოსახლეობის ასეთი ნაწილი, უკონტროლო ბიუროკრატიის სახით, კიდევ უფრო საშიშია იმ საზოგადოებისათვის (იგულისხმება სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება), რომელთა შემოქმედებითი მოღვაწეობა აუცილებელია საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა დასახვეწად და გასაძლიერებლად.
ვინც თავიდანვე არ ზრუნავდა ძველ საწარმოთა მიღწევების შენარჩუნებაზე და მბრძანებლურიდან საბაზრო ეკონომიკაზე უმტკივნეულოდ გადასვლა ძველი სისტემის შენარჩუნების მცდელობად მიიჩნია, კანონდარღვევებით სიმდიდრე დააგროვა და ამით, “პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბუნებრივია, ისინი ხელს შეუშლიან პოსტკომუნისტური საზოგადოების შემდგომ წინსვლას, თუკი ამისი შესაძლებლობები აღმოჩნდება. რეაქციული ძალებისათვის ბევრად უკეთესი იქნება ჩვენთან ფეოდალური ურთიერთობების გაძლიერება მიწის კერძო საკუთრების გამარტივებული მოხმარების სახის დამკვიდრებით, რომელიც სახელმწიფოს დაასუსტებს, საწარმოებს ჩააგდებს “შოკში მათი ზარალიანობის დამკვიდრებით და ა.შ.
აქედან გამოსავალი გლობალიზაციის მსოფლიო პროცესია, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოში განვითარებული სახელმწიფოების ინიციატივით მიმდინარეობს, მეტწილად მათი კერძო კრედიტორების ხარჯზე. თუმცა, კორუფციის მომძლავრების პირობებში მოსალოდნელია განვითარებულ ქვეყანას არ შეექმნას სამეცნიერო აღმოჩენებისა და საცდელ-საკონსტრუქტორო საწარმოთა მუშაობის აღორძინების პირობები. მაშინ, როდესაც აუცილებელია მაღალმწარმოებლური შრომით დასაქმებულ ადამიანთა საზოგადოების გაძლიერება, რასაც განამტკიცებს ძლიერი და მოწესრიგებული სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება. შედეგად ამაღლდება კეთილსინდისიერი შრომის პრესტიჟი, რაც თვითორგანიზების საშუალებით მიმართული იქნება სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენებისაკენ.
ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ძვრები, ჯერ კიდევ გლობალიზაციის ცალმხრივი გავლენის შედეგია. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია გაგვიჩნდეს პრეტენზია საშუალო და მცირე მეწარმეობის გადარჩენაზე. არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩეს ის, რომ მეცნიერების, ტექნიკური ორიენტაციის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განვითარების პროცესი ჩიხში მოექცა.
ეს გამოიწვია სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო ორგანიზაციების შესაძლებლობების შესუსტებამ. ამ მხრივ , ოპტიმისტური პროგნოზის რეალურობა მასტიმულირებელ გავლენას მოახდენდა საქართველოს ეკონომიკაზე.
ამჟამად, პოსტსაბჭოთა საქართველოში, თანამედროვე მეცნიერება რთულ მდგომარეობაშია. საბაზრო პირობებით გამოწვეულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა შერწყმით, საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი აღმოჩნდა მსოფლიო სამეცნიერო პროცესების ჩარჩოებს მიღმა. ასეთ პირობებში აუცილებელი ხდება ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების რეალური შეფასება, მათი შრომის პროდუქტიულობის და შედეგების ანალიზით, რომლის განხორციელება შესაძლებელი ხდება სამეცნიერო პროდუქციის ფიზიკური და კადრების აღწარმოებადობის სტრუქტურის მახასიათებლებით.
თავის მხრივ, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიერ დაგროვილი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განახლება-გამდიდრება ქვეყანაში გამოიწვევს პროგრესს, როდესაც “დაგროვილი სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნა ხდება ახალი ცოდნის საფუძვლი ადამიანის შემოქმედებითი ძიების უნართან შეერთების წყალობით. ეს კი ამდიდრებს საზოგადოების ცოდნის მარაგს არა მარტო რაოდენობრივად, არამედ თვისობრივადაც. აქედან იღებს სათავეს ცხოვრების ყველა მხარის ძირეული ძვრა-გარდაქმნები, სიახლენი, ყოველგვარი პროგრესი. ამ დროს თავს იჩენს ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლის რეალური შესაძლებლობები. დაგროვილი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გამდიდრება კი შესაძლებელია ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების, კომპიუტერული საშუალებების ფართო გამოყენების საფუძველზე.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ რადგან ცოდნის არსებული მარაგის ნაწილი მორალურად “ძველდება, აუცილებელია მისი სისტემატური გამდიდრება ახალი ცოდნით, ე.ი. განათლების განუწყვეტელი შევსებით. სწორედ, აქედან გამომდინარეობს მეცნიერების განათლების სისტემასთან მჭიდრო კავშირურთიერთობების არსებობა. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების შედეგად ხდება შრომის ინტელექტუალიზაცია, რაც თავის მხრივ პროგრესს განაპირობებს. შრომის ინტელექტუალური ფორმის დამკვიდრება გადაიქცევა მატერიალური დოვლათის შექმნისა და ზრდის უწყვეტ წყაროდ.
ამჟამად, ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის საშუალო და ღარიბი ფენების კიდევ უფრო გაღარიბება. ეს ისეთი საგანგაშო შემთხვევაა, რომლის ყურადღების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ასეთ პროცესს ხელი შეუწყო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ნაკლებად ეფექტიანობამ, რაც გამოწვეულია თვითდინებაზე მისი მიშვებით. ახლად წარმოქმნილ კერძო სექტორს კი არ შეუძლია მისი მოვლა და იგი კორუფციის პირობებში საზოგადოებისათვის ზიანის მომტანიც კი გახდა. ამ გზაზე იქმნება სხვადასხვა ხასიათის წინააღმდეგობები და მათზე რეაქციით წარმოიქმნება რამდენადმე უფრო რთული მდგომარეობები, საბოლოოდ კი, მის ლაბირინთებში ექცევა საზოგადოება. ეს კი ახალი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტას ელის საზოგადოება, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში მძვინვარე სოციალური უსამართლობის პირობებში, როდესაც მდიდრებისა და ღარიბების პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ნაკლებად ეფექტიანობა კიდევ უფრო აღრმავებს ამ უწონასწორობას, როდესაც იქმნება ქაოსი თვითორგანიზების პროცესების სინერგიულ დონეზე აყვანის ნაცვლად.
პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკისათვის ჯერ კიდევ არსებობს მისი ნგრევის შემაჩერებელი რეზერვები, რომლებიც საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებაში ინარჩუნებს არსებობის უფლებას. თუმცა, მეცნიერების განვითარების ტემპი შემცირდა, ხოლო ტექნიკური პროგრესი თითქმის შეჩერდა და გამოსწორებას არ ექვემდებარებაიმ ძირითადი მიზეზის გამო, რომ სახელმწიფო დასუსტებულია, ხოლო კერძო სექტორი უპერსპექტივო და უუნარო სახელმწიფოს და მოსახლეობის საშუალო ფენის ხარჯზე გამდიდრებული უკონტროლო ბიუროკრატების ხელშია. გამოსწორებას ეს ჯერ კიდევ ექვემდებარება. რა თქმა უნდა ძირითადად სახელმწიფო საკუთრების გაძლიერებისხარჯზე, მითუმეტეს როცა იგი ქმნის ქვეყანაში კერძო ბიზნესის განვითარების ხელსაყრელ პირობებს.
ქვეყნის გაძლიერებისათვის მეტად მნიშვნელოვანია სამეცნიერო–ტექნიკური შედეგების სათუთი მოვლა-პატრონობა თაობებიდან თაობებზე გადაეცემა. პოსტსაბჭოთა საქართველოში წარმოების კრიზისებიდან გამოყვანისათვის აუცილებელია სამეცნიერო კვლევების გააქტიურება, წარმოების პროცესების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დაჩქარება, მსოფლიო დონის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა დაუფლება და ჩვენს სინამდვილესთან მათი მისადაგება.
წარსულის ანალიზთან ერთად, საჭიროა მომავლი განვითარებისაკენ მიმართულების აღება. მისი სხვადასხვა შესაძლო ვარიანტების ანალიზი რისკის გათვალისწინებით, როდესაც განხილვაში ერთება განვითარების ოპტიმისტური და პესიმისტური ვარიანტები, მათ სცენარებზე ექსპერტების შეფასებები, ნავარაუდევი მომავლისაკენ სვლაგეზის აღების დადებითი და უარყოფითი შედეგების ანალიზი და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკის განახლება-გაუმჯობესება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ქვეყანა საკუთარ სამეცნიერო პოტენციალს, როგორ აითვისებს მსოფლიო სამეცნიერო მიღწევებს და მოწინავე სამეცნიერო დამუშავებებს და რა წვლილს შეიტანს ქართული მეცნიერება მსოფლიო სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესში.
ამისათვის კი, საჭიროა შეიქმნას აუცილებელი პირობები ქართული მეცნიერების შესანარჩუნებლად, რომლის მიღწევაში უნდა დავეყრდნოთ სამართლებრივ, პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ რეგულატორებს, ე.ი. საჭირო ხდება ისეთი სამეცნიერო პოლიტიკის გატარება, რომელიც დაემყარება არსებული სამეცნიერო პოტენციალის ტრანსფორმაციაზე, ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით.
ქართველი მეცნიერები, ქვეყანაში არსებული ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, განაგრძობენ შემოქმედებით მუშაობას და წარმატებებსაც აღწევენ არა მარტო ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ასეთი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება დღევანდელი საქართველოს სინამდვილიდან. მათ შორის ყველაზე საგულისხმოა, ქართული კოსმოსური ტექნოლოგიის წარმატება – პირველი ქართული კოსმოსური თანამგზავრის კოსმოსში გაყვანა, რომელიც წარმატებით დამთავრდა და დიდი გამოხმაურება და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.5 მაგრამ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ბოლო დროს შეინიშნება “დილენტანტიზმი მეცნიერებაში, და “განვითარების გზაზე, თუ მას ხელი არ შევუშალეთ, ობიექტურად თუ სუბიექტურად გამოდევნის ჭეშმარიტ მეცნიერებს. არ უნდა დავუშვათ, რომ “ცრუ მეცნიერები სდევნიდნენ ჭეშმარიტ მეცნიერებს, ფულადი სახსრების უქონლობის თუ სხვა მოსაზრებების გამო. ამას ადგილი ჰქონდა ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდის დროს. მოსალოდნელია ასეთ პრეცენდენტს დღესაც ჰქონდეს ადგილი, თუ საქმეს დროზე არ ეშველა.
საჭიროა მეცნიერებისადმი სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. მეცნიერებს უნდა შეექმნათ შესაბამისი სოციალური პირობები ეფექტური მოღვაწეობისათვის. ობიექტურად უნდა შეფასდეს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის რეალური შესაძლებლობები და ისე გატარდეს ქვეყნის სამეცნიერო პოლიტიკის ახალი პრინციპები, რათა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებამ პოზიტიური წვლილი შეიტანოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებშიც.
საქართველოს განვითარებისა და მისი ეკონომიკური ძლიერების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეწარმეობის განვითარების იმ საწყისებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს რესპუბლიკაში არსებული მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების განვითარებას.
ყურადსაღებია აზრი იმის შესახებ, რომ, “საჭიროა შეიქმნას ეკონომიკური იდეების ბანკი, რომელიც ორიენტირებული იქნება ქართული ეკონომიკური მეცნიერების შუალედური თუ საბოლოო პროდუქციის ექსპორტზე, როდესაც იგი თავს მოუყრის საექსპორტო ფასეულობების მქონე იდეებსა და ხელსაც შეუწყობს მათ შექმნას. ამასთან ერთად, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პოსტსაბჭოთა ეკონომიკის სინამდვილეში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ლოკალური ამოცანების საწყისების მოდიფიკაციას და მათთვის მიმართულების მიცემას, როდესაც საქმიანობის საწყის ეტაპზე გამოყენებული იქნება ის ფასეულობები, რომლებიც “ზედაპირზე დევს და საწყისებიც ახლავს, რომელთაც ვერ ვაფასებთ ან სულაც თვალს ვარიდებთ ჩვენი ინდივიდუალისტური ბუნების გამო.
ქვეყნის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრის უმნიშვნელოვანეს ამოცანებს შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგროსამრეწველო კომპლექსის რეფორმის სწორი კურსის გატარებას, რადგან ქვეყნის მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან დახსნაში, სოფელმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. “სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს. ამიტომ, ეკონომიკური რეფორმების პირობებში სიცოცხლისუნარიანი დარგია.
აუცილებელია სოფლის მეურნეობის გონივრული გაძღოლა, მიწის ყაირათიანად გამოყენება, წარმოების ნაკლები დანახარჯებით ხარისხიანი პროდუქციის გამოშვების მეცნიერულად დასაბუთებული თეორიული საკითხების პრაქტიკაში დანერგვა, (იგულისხმება თავისი დადებითი შედეგებით).
საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ სამეცნიერო მუშაობის ადაპტაციას საბაზრო გარემოსთან, რომელთაც მიეკუთვნება ინვესტიციური პოლიტიკის გატარება, სარისკო კაპიტალი, საგადასახადო პოლიტიკა ლგოტების მეშვეობით, სუფსიდიები, გრანტები, დაჩქარებული ტემპის ამორტიზაცია, რისკის დარღვევა, ფასების პარიტეტის გაუმჯობესება, საბიუჯეტო სახსრებისა და კრედიტების გამოყენების გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში (და საერთოდაც) საჭიროა ეკონომიკური ციკლი წარმოების მთელი ტექნოლოგიით (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ქვეყნის შიგნით, შიდა რესურსების გამოყენებით ხორციელდებოდეს.