გვაქვს თუ არა საბირჟო საქონელი საქართველოში

ერეკლე უგრელიძე

საბირჟო საქონელი თანამედროვე გაგებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება საქონლის იმ ზოგადი განმარტებისაგან, რომელიც ფართოდ გამოიყენება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაში.

თუ ზოგადი გაგებით საქონელი უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სამომხმარებლო თვალსაზრისით გარკვეული თვისებების და ღირებულების მატარებელ რეალურ პროდუქტს. საბირჟო ვაჭრობის პოზიციიდან, საქონელი მოიაზრება მხოლოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული უფლებები და მოვალეობები, რომელსაც იურიდიული სტატუსის მქონე კონტრაქტის ფორმა გააჩნია. შესაბამისად, ყიდვა-გაყიდვის საგანსაც, თანამედროვე სასაქონლო ბირჟებზე, წარმოადგენს არა რეალური საქონელი, არამედ მისგან წარმოებული უფლებები და ვალდებულებები, ანუ სასაქონლო კონტრაქტები.
ცხადია, კაცობრიობა ერთ დღეში არ მისულა საბირჟო ვაჭრობის თანამედროვე ფორმებამდე. ტრანსფორმაციას საქონლით ვაჭრობის ფორმებთან ერთად, განიცდიდა სავაჭრო ტექნოლოგიები და შეხედულება საქონლის შესახებ. თითქმის უკანასკნელ წლებამდე, მოსახლეობის და თვით საქონელმიმოქცევის სფეროში დაკავებულ პირთა უმეტესობისათვის საქონელი გაიგივებული იყო მოხმარებისათვის, ან ყიდვა-გაყიდვისათვის მომზადებულ რეალურ პროდუქციასთან. განსხვავებით ზემოაღნიშნულისაგან, მხოლოდ საბირჟო ვაჭრობით დაკავებულ პირებს გააჩნდათ საქონლისადმი დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ყიდვა-გაყიდვის საგანს წარმოადგენს საქონელზე უფლებები, რომლებიც წარმოიშვება და იგება რეალური საქონლის ბაზიდან. მაგრამ, შეიძლება მისგან დამოუკიდებელი მიმოქცევის ციკლი გააჩნდეს. ვინაიდან საბირჟო საქონლისაგან წარმოებულ კონტრაქტებს სპეციფიკური ბაზარი გააჩნია. ცხადია, განსხვავებულია ამ ბაზარზე მოქმედების ტექნოლოგიებიც და მოთხოვნა-მიწოდების ჩამოყალიბებაზე მოქმედი ფაქტორებიც. სინტერესოა, რომ სერიოზულად განსხვავებულია ამ ბაზარზე მომუშავე პროფესიონალების დამოკიდებულებაც ყიდვა-გაყიდვის პროცესისადმი. ისინი ნებისმიერ სავაჭრო ოპერაციას, სავაჭრო მოგების მიღების პოზიციიდან აღიქვამენ და შესაბამისად თვით ფულიც კი, საბირჟო სპეციალისტის თვალით “საქონელს” წარმოადგენს. ამდენად, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ბროკერი საქონელს ყიდის, ყიდის იმ მოტივით, რომ ამ საქონელზე შეიძლება ფასი დაეცეს. მის ცნობიერებაში იგი ყიდულობს ფულს, როგორც საქონელს, რომელიც მისი აზრით უნდა გაძვირდეს. ასეთი დამოკიდებულება ბროკერებს სერიოზულად უადვილებს მოგების მიღებაზე ორიენტირებული საბაზრო პოზიციის შენარჩუნებას და ბაზარზე მომხდარი ნებისმიერი სიტუაციის სწრაფად და სწორად გააზრებას.
საბირჟო საქონლის თანამედროვე ცნების ჩამოყალიბებამდე, პირველ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა სტანდარტული საქონლის ცნების წარმოქმნა. სტანდარტულ საქონელში ყოველთვის მოიაზრებოდა კონკრეტული ხარისხის მახასიათებლები და სხვა პარამეტრებით განსაზღვრული საქონელი და შესაბამისად სწორედ სტანდარტიზაცია აქცევს საბირჟო საქონელს იმ უნიკალურ ექვივალენტად, რაც ყიდვა-გაყიდვის საგნად შეიძლება იქცეს მასობრივი, საჯარო ვაჭრობის დროს.
საბირჟო ვაჭრობის საგანი არ შეიძლება იყოს პროდუქცია ან ნედლეული, რომელზეც ფასწარმოქმნის პროცესი დამოკიდებულია არა მოთხოვნა-მიწოდებაზე, არამედ პოლიტიკურ, სამხედრო, სამეცნიერო-კვლევით, ეკოლოგიურ, ჰუმანიტარულ და სხვა მსგავსი არაეკონომიკური ხასიათის პირობებსა და ფაქტორებზე. პროდუქცია, რომლის წარმოება და მოხმარება ლიმიტირებული ან რეგლამენტირებულია რაიმე არაეკონომიკური ხასიათის მოტივაციით, არ შეიძლება დაემორჩილოს თავისუფალ ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასწარმოქმნის პრინციპებსა და პროცედურებს. ასევე შეუძლებელია საბირჟო ვაჭრობის საგანი გახდეს საქონელი, რომლის მოხმარებაც დაკავშირებულია ადამიანის ინდივიდუალური გემოვნების, თუ მოდის განვითარების ტენდენციებთან. შესაბამისად, კაცობრიობამ, წლების განმავლობაში გამოკვეთა ის სასაქონლო ჯგუფები, რომელზედაც შესაძლებელია საბირჟო ვაჭრობის განხორციელება იმის გამო, რომ ეს საქონელი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 1. ექვემდებარება ძალიან მკაფიო და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ნორმებსა და ნორმატივებს, ანუ სტანდარტიზებას; 2. არის მასობრივი წარმოებისა და მოხმარების საგანი; 3. შედარებით ადვილად ექვემდებარება ხანგრძლივი პერიოდებით შენახვასა და დასაწყობებას; 4. ექვემდებარება თავისუფალ ტრანსპორტირებას საერთაშორისო კანონებით აღიარებული ტრანსპორტირების საშუალებებით; 5. ფასწარმოქმნა, გარდა მოთხოვნა-მიწოდებისა, ბუნებრივ-კლიმატურ, პოლიტიკურ ფაქტორებსა და სხვა რაიმე სპეციფიკურ პირობებზე დამოკიდებული არ არის.
თუ კარგად დავაკვირდებით ჩამოთვლილ მოთხოვნებს, დავინახავთ, რომ ისინი საკმაოდ ზღუდავენ საბირჟო საქონლის წრეში მოხვედრადი საქონლის ან სასაქონლო ჯგუფების ნუსხას. და მართლაც, მსოფლიოს წამყვან სასაქონლო ბირჟებზე, საბირჟო საქონელი ძირითადად წარმოდგენილია მოპოვებითი, კვების და საფეიქრო მრეწველობისა და სასოფლო წარმოების პროდუქციით.
იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც რაიმე საბირჟო ვაჭრობის საქონელი, მხოლოდ ერთი ლოკალური ბაზრისათვის არის დამახასიათებელი. უფრო ტიპიურია მსოფლიო ბირჟებისათვის. ისეთი საქონლით ვაჭრობა, რომელიც იმავდროულად სხვა ბირჟების სავაჭრო ინსტრუმენტიცაა. თუმცა, თუ უშუალოდ სავაჭრო ინსტრუმენტებზე ვისაუბრებთ, დერივატივების სისტემის განვითარებამ, სხვადასხვა ბირჟებზე ერთი და იგივე საბირჟო საქონლით ვაჭრობას იმდენად მაღალი სპეციფიურობა შემატა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული ბაზრის ლიკვიდურობაც, სწორედ ამ დერივატივების განვითარებისა და სრულყოფის დონეზე გახდა დამოკიდებული.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმ სასაქონლო ჯგუფების რიცხვი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მეტად თუ ნაკლებად აღიარებულია საბირჟო საქონლად, ასსაც კი არ აღემატება. განსაკუთრებულად გავრცელებული საბირჟო-სასაქონლო ჯგუფებს განეკუთვნება:
ნავთობპროდუქტები, მარცვლეული, ფერადი ლითონები, ძვირფასი ლითონები, პარკოსანი მცენარეები, მცენარეული ზეთები, საფეიქრო საქონელი, საკვები პროდუქტები, ღვინო მასალები და წვენების კონცენტრატები, ხორბლის პროდუქტები და ცხიმები, ნატურალური კაუჩუკი, სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, ბაღჩეული, ხილ-კენკროვანი პროდუქტები, ხე-ტყე და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია, ბრინჯი.
ზემოჩამოთვლილ სასაქონლო ჯგუფებში უმეტესობა განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობის პროდუქციას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქონელბრუნვის მოცულობის თვალსაზრისით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სამრეწველო ნედლეულის ოდენობა მსოფლიოს სასაქონლო ბირჟებზე თითქმის თანაბარია, თუმცა აქაც არსებობს განსხვავება, რეალური საქონლის (სპოტურ) ბაზარსა და ვადიანი გარიგებების ბაზარს შორის.
რეალური საქონელი წმინდა საბირჟო ტერმინია და ნიშნავს ისეთ საქონელს, რომელიც ფიზიკურად არსებობს და ბირჟაზე გარიგების დადების მომენტში რეალურად ეკუთვნის გამყიდველს და შეიძლება მოწოდებულ იქნას საბირჟო გარიგების დასრულებისთანავე (სპოტური გარიგება). თუ დადებული გარიგება სხვა რაიმე განსხვავებულ პირობას არ ითვალისწინებს, ხოლო თუ რეალური საქონლის მიწოდება განსაზღვრულია მომავალში, ასეთ გარიგებას ეწოდება ფორვარდული გარიგება. სპოტურ და ფორვარდულ გარიგებებს შორის განსხვავება არის მხოლოდ მიწოდების ვადებს შორის. რაც შეეხება მოცულობასა და ფასს, იგი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საბირჟო ვაჭრობის დროს დადებულ გარიგებას. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, რამდენიმე ბირჟის მიერ ფორვარდული გარიგების ვადა (საქონლის მიწოდების ვადა), ასევე გახდა ვაჭრობის წესების ფიქსირებული ელემენტი. მაგალითად: ლონდონის ბირჟაზე ოქროს მიწოდების სტანდარტულ ვადას წარმოადგენს 3, ხოლო ვერცხლისას – 7 თვე.
რეალური საქონელი საბირჟო საქონლად იქცევა მას შემდეგ, რაც იგი აღმოჩნდება ამა თუ იმ ბირჟის წესებით განსაზღვრულ საწყობში, ტერმინალში ან დეპოზიტარში. ბირჟა თავისი წესებით, განსაზღვრავს თუ საქონლის არსებობის და ხარისხთან შესაბამისობის რა დამადასტურებელი დოკუმენტით და როგორი წესით უნდა იქნას წარმოდგენილი ბირჟაზე, რათა საქონლის გამყიდველს მიეცეს უფლება, გაიტანოს საქონელი გასაყიდად იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ბირჟის მიერ აღიარებული საქონლის შემნახველი ორგანიზაცია, საწყობს თუ დეპოზიტარს. განასხვავებენ ორი სხვადასხვა დასახელების, მაგრამ ერთი და იგივე შინაარსობრივი დატვირთვის მქონე დოკუმენტს: გარანტს და დეპოზიტურ ხელწერილს. ორივე ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქონლის მიღებაზე უფლების დამადასტურებელ საბუთს და სწორედ მასზე იდება გარიგებები ბირჟაზე. როგორც წესი, ბირჟები, რომლებსაც გააჩნიათ საკლირინგო პალატები, სავალდებულო მოთხოვნად აყენებენ რეალური საქონლის გამყიდველის მიერ გარანტის, ან დეპოზიტური ხელწერილის დეპონირებას საკლირინგო პალატაში. ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, გამყიდველის მომსახურე ბანკში, რომელთანაც ბირჟას გაფორმებული აქვს სპეციალური ხელშეკრულება საკლირინგო მომსახურების შესახებ. ბანკში ან საკლირინგო პალატაში დეპონირებული ვარანტი ან დეპოზიტური ხელწერილი გადადის მყიდველის ფლობაში მას შემდეგ, რაც მის მიერ ბირჟაზე დადებული გარიგების შესაბამისი საქონლის ღირებულება ჩაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე. შედეგად, განხორციელებული კლირინგისა და ანგარიშსწორების საფუძველზე, გარანტი ან დეპოზიტური ხელწერილი გადადის მყიდველის საკუთრებაში. ხოლო ფული, გამყიდველის განკარგულებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ვადიანი გარიგებების დროს, ძირითად შემთხვევაში, საქონლის მიწოდება და რეალური ანგარიშსწორება სრულებითაც არ წარმოადგენს ძირითად მიზანს. შესაბამისად მსოფლიოს უმეტეს ბირჟებზე რეალური შესრულება თითქმის არასოდეს აღემატება დადებული გარიგებების ორ პროცენტსაც კი. ანუ, უმეტესობა ვადიანი გარიგებებისა, იხურება მათი შესრულების ვადის დადგომამდე გარიგების დადების დღისა და მათი შესრულების დღეს შორის პერიოდში ფასთა სხვაობის ანაზღაურებისა ან მიღების მიზნით.
ვადიანი გარიგებები იდება საბირჟო კონტრაქტებზე, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქონლის ხარისხი, მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობები. როგორც წესი, ყველა სასაქონლო ბირჟას გააჩნია საბაზო სასაქონლო კონტრაქტი. რაც შეეხება კონტრაქტით განსაზღვრულ საქონლის მიწოდების ვადიანობას, მისი ჯერადობა სტანდარტული დროის მონაკვეთის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ბირჟის ვაჭრობის წესებით. ასევე ვაჭრობის წესებით განისაზღვრება მინიმალური ლოტის ოდენობა. ლოტი წარმოადგენს საბირჟო ტერმინს და ნიშნავს სავაჭრო ერთეულს, რომელზედაც შეიძლება გაკეთდეს განაცხადი ყიდვასა თუ გაყიდვაზე. საბირჟო ლოტში განსაზღვრულია საქონლის სტანდარტული რაოდენობა. ბირჟაზე მისი ყიდვა-გაყიდვის დროს ჯერადობის უზრუნველყოფის მიზნით.
განსხვავებით სპოტური გარიგებებისაგან, ფიუჩერსული გარიგება აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს საკლირინგო პალატაში. ფიუჩერსული გარიგების დარეგისტრირების შემდეგ, მყიდველი და გამყიდველი უკვე აღარ წარმოადგენენ გარიგების მხარეებს ერთი-მეორის მიმართ. ორივესათვის გარიგების მხარე ხდება საკლირინგო პალატა და ნებისმიერ მათგანს, შეუძლია ნებისმიერ დროს, დახუროს (გააუქმოს) დადებული კონტრაქტი საქონელზე მიმდინარე ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობის გადახდის ან საკლირინგო პალატისაგან მიღების გზით.
მიუხედავად იმისა, თუ ვადიანი კონტრაქტებით ვაჭრობის რომელ ფორმას იყენებს ესა თუ ის ბირჟა, თავისი შინააარსით იგი ყველა შემთხვევაში წარმოადგენს ორგანიზებულ სასაქონლო ბაზარს, რომელზედაც საჯარო ვაჭრობის მეთოდების გამოყენებით ხდება ამა თუ იმ საქონელზე ფასების დადგენა. სხვა საკითხია თუ რომელ რეგიონებზე, რომელი ბირჟები ახორციელებენ ფასების განსაზღვრას. ერთი და იგივე საქონელზე არა მარტო შესაძლებელია მსოფლიოს რამდენიმე ბირჟა ვაჭრობდეს, არამედ ამ ბირჟებს შეუძლიათ იმ ქვეყანაში, რომელშიც ისინი მდებარეობენ და ტერიტორიულად მათთან ახლოს მყოფი რეგიონებისათვის განსაზღვრონ საბაზო ფასების დონე. სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფთა მიხედვით მსოფლიოს უმსხვილესი საბირჟო ცენტრების რაოდენობა განსხვავებულია. მაგრამ, ეს ხელს არ უშლის საქონელზე ფასების წარმოქმნის რეგიონალური პრინციპის მოქმედებას. მაგალითად: მარცვლეულზე, ბამბაზე, შალზე და ყველზე – ერთდროულად რამდენიმე ბირჟა ვაჭრობს.
კერძოდ.
მარცვლეულზე: ჩიკაგოს, მინიაპოლისის, კანზასსიტის, ვინიპეგის, ლონდონის, ლივერპულის, მილანის, ანტვერპენის, როტერდამის და კობის ბირჟები;
ბამბაზე: ნიუ-იორკის, ნიუ-ორლეანის, ჩიკაგოს, ლივერპულის, ალექსანდრიის, სან-პაულოს, ბომბეის და სიდნეის ბირჟები;
შალზე: ნიუ-იორკის, ლონდონის, ანტვერპენის, მელბურნის და სიდნეის;
ყავაზე: ნიუ-იორკის, ლონდონის, ლივერპულის, პარიზის, როტერდამის, ჰავრის, ჰამბურგისა და ამსტერდამის.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან კარგად ჩანს, თუ რა დიდი გეოგრაფია აქვს საბირჟო ვაჭრობას ზოგიერთ საბირჟო საქონელზე. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქონელბრუნვის მოცულობა ამ ბირჟებს შორის პროპორციულად ნაწილდება. მაგალითად, ჩიკაგოს ბირჟის მარცვლეულზე მსოფლიო ვაჭრობის არა ნაკლებ 40%-ისა ეკუთვნის, ამიტომ ამერიკის ბაზარზე მისი ფასი გაცილებით განმსაზღვრელია, ვიდრე სხვა ამერიკული ბირჟებისა. მაგრამ, კიდევ უფრო განმსაზღვრელია იმ ქვეყნებისა და რეგიონებისათვის, რომლებზედაც მარცვლეულით საბირჟო ვაჭრობა არ ხორციელდება.
ზემოთ აღნიშნული გაცილებით მაღალი ხარისხით ეხება ისეთ საბირჟო საქონელზე მსოფლიო ფასების წარმოქმნას, რომლებზედაც ვაჭრობას მცირე რაოდენობის ბირჟები ახორციელებენ. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ფერადი ლითონები, შაქარი, ბრინჯი, კაკაო და კაუჩუკი.
მსოფლიოში საქონლით ვაჭრობის ძირითადი ცენტრების ანალიზმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ მხოლოდ განსაკუთრებული ლიკვიდურობის დონის მიღწევის შემთხვევაში ხდება შესაძლებელი საბირჟო ვაჭრობის ორგანიზება კონკრეტულ ბაზარზე. ლიკვიდურობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად უპირველეს ფაქტორს, ცხადია, წარმოების მდგომარეობა წარმოადგენს. ამა თუ იმ საბირჟო საქონლის მასობრივი წარმოების არსებობის გარეშე შეუძლებელია ლიკვიდურობის ელემენტარული დონის არსებობაც და ცხადია, საბირჟო ვაჭრობის ორგანიზებაც. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ძირითადად საბირჟო ვაჭრობის ცენტრებად ყოველთვის საქონელმწარმოებელი, ან წიაღისეულის მომპოვებელი ქვეყნები გვევლინებიან. ამიტომ, საბირჟო საქონელს თავდაპირველ კონცენტრირებას და საბირჟო ვაჭრობის ორგანიზების თავდაპირველ ადგილებს, სწორედ ამ ქვეყნების ნაციონალური ბაზრები წარმოადგენდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი ამ ნაციონალური, ან რეგიონალური სასაქონლო ბირჟების საფუძველზე საერთაშორისო სასაქონლო ბირჟების ორგანიზება.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟების ტერიტორიული მდებარეობის გამოკვლევამ დაგვარწმუნა, რომ ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ზოგიერთი საერთაშორისო ბირჟა ფასწარმოქმნის და საქონელუზრუნველყოფის იმდენად დიდი სივრცის ბაზას წარმოადგენს, რომ ცხადი ხდება ამ სივრცეზე ახალი სასაქონლო ბირჟების ფუნქციონირების აუცილებლობაც. მაგალითად, აბსოლუტურად გასაგებია, როდესაც ნავთობის, კონკრეტულად ბენზინის რეგიონული ფასის ბაზას ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, განსაზღვრავს იტალიის ბირჟა. მაგრამ, როდესაც იტალიის ბირჟაზე დაფიქსირებული ფასები საფუძველი ხდება შავი ზღვისპირეთის აუზის და მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისათვის, სულ უფრო იზრდება რეალურ მოთხოვნა-მიწოდებასა და საბირჟო კოტირების ფასს შორის გარკვეულ მომენტებში, მნიშვნელოვანი განსხვავების წარმოქმნის რისკი. ამდენად, ამ რეგიონისათვის ნავთობპროდუქტებზე სამართლიანი ფასწარმოქმნის სისტემის უზრუნველსაყოფად, ლოგიკურად წარმოიქმნება ახალი რეგიონული სასაქონლო ბირჟის ორგანიზების აუცილებლობა.
თითქოს გარკვეულ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ვინაიდან ერთი მხრივ წარმოიქმნება ახალი რეგიონული სასაქონლო ბირჟის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, თუ მოცემულ სასაქონლო ჯგუფზე, მსხვილი წარმოების ან წიაღისეულის მოპოვების კონცენტრირება სხვა რეგიონებში არ შეიმჩნევა, თითქოს შეუძლებელი უნდა იყოს ახალი სასაქონლო ბირჟის ორგანიზება და ფუნქციონირება. მაგრამ, ამ ერთი შეხედვით წინააღმდეგობიდან გამოსავალს წარმოადგენს სასაქონლო ბირჟების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ახალი ტენდენცია, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელდა და რომელიც განასხვავდება მანამდე დამკვიდრებული კანონზომიერებებისაგან, რომ სასაქონლო ბირჟა მხოლოდ ამა თუ იმ საქონლის მასობრივი წარმოების ან წიაღისეულის მოპოვების რეგიონებში შეიძლება შეიქმნას.
სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო საშუალებების განვითარებაში მიღწეულმა ტექნიკურმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა საქონლის მნიშვნელოვანი მასისა და მის შესახებ ინფორმაციის კონცენტრირება არა მხოლოდ წარმოებისა და მოპოვების ადგილებში, არამედ გადამუშავების ან შენახვის ადგილებში, რომლებიც შეიძლება საკმაოდ სერიოზულად იყოს დაშორებული წარმოების ადგილებიდან, მაგრამ კარგი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სერიოზულ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენდეს. ან კარგად განვითარებული ფინანსური ინფრასტრუქტურის საფუძველზე სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად სათანადო პირობებს ქმნის. შესაბამისად მსოფლიოში ტრადიციული საქონელწარმოების ადგილებზე არსებული ბირჟების პარალელურად, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ასევე შეიქმნა რამდენიმე ახალი სასაქონლო ბირჟა, რომელიც სერიოზულად მოშორებულია წარმოების ადგილს. მაგრამ, რეგიონული სასაქონლო ბაზრის მოთხოვნამ განაპირობა მისი შექმნა და ფუნქციონირება. ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული იტალიის ბირჟაც, ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. მისი შექმნაც, სწორედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნავთობპროდუქტების რეგიონულ ბაზარზე ორგანიზებული ფასწარმოქმნის მექანიზმის არსებობამ განაპირობა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მიზანშეწონილი ხდება შავი ზღვისპირეთის ქვეყნებსა და მის აღმოსავლეთით არსებული რეგიონებისათვის ნავთობპროდუქტების ახალი საბირჟო ცენტრის შექმნა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სერიოზული პერსპექტივები გააჩნია რეგიონული სასაქონლო ბირჟის ჩამოსაყალიბებლად. ასეთი რეგიონული ბირჟის შექმნის შესაძლებლობა არსებობს სხვა ახლობელ ქვეყნებში. კერძოდ: თურქეთში, სომხეთში, რუსეთში, ირანში და შუა აზიის ქვეყნებში. მაგრამ, თუ პოლიტიკურ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, ზოგიერთ მათგანში სერიოზულად გაჭირდება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების პრინციპების რეალიზება სხვადასხვა ხასიათის, მათ შორის სახელმწიფოთაშორისი რელიგიური დაპირისპირების არსებული რეალობიდან გამომდინარე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში სასაქონლო ბირჟა ჩამოყალიბდა და წარმატებით ამოქმედდა, ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ხანგრძლივი დროით ამ რეგიონში მეორე მსგავსი პროფილის სასაქონლო ბირჟის შექმნის შესაძლებლობას. ამიტომ, საქართველოში სასაქონლო ბირჟის შექმნას არა მარტო ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბების მნიშვნელობა, არამედ საერთაშორისო საინვესტიციო ცენტრის პერსპექტივაც გააჩნია.
საქართველოში სასაქონლო ბირჟის შექმნის პერსპექტივის განხილვისას არსებობს როგორც ხელშემწყობი, ასევე ხელშემშლელი და შემაფერხებელი ფაქტორები. თავდაპირველად განვიხილოთ უარყოფითი ფაქტორები და არგუმენტები:
1. ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებას სასაქონლო ბირჟის შესაქმნელად წარმოადგენს საომარი მოქმედებების რისკი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. სასაქონლო ბირჟა განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც სატრანსპორტო გადაზიდვების გზაჯვარედინებს წარმოადგენენ მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ სატრანსპორტო მაგისტრალების სრული უსაფრთხოებისა და ზედმიწევნით გამართულად მუშაობის პირობებში, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობების რისკთან;
2. სასაქონლო ბირჟის შექმნისათვის აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა, რასაც ვერ ვიტყვით დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესახებ. 1999 წელს მიღებული საქართველოს კანონი “სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ” არა თუ დღეს, არამედ მისი შექმნის დროსაც კი, არ პასუხობდა ელემენტარულ მოთხოვნებს რეგულირების, ლიცენზირებისა და ბაზრის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით;
3. მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, არა თუ ხელს არ უწყობს საქონელმიმოქცევის სფეროში დაკავებული მსხვილი ინვესტორების გააქტიურებასა და მათი რაოდენობის ზრდას, არამედ, პირიქით უბიძგებს ან დატოვონ ქართული ბაზარი, ან სხვადასხვა სამართალდარღვევების გზითა და დასაბეგრი საქონლის ფასის ხელოვნურად შემცირებით, თავი აარიდონ არარენტაბელურ გარემოში მუშაობას. ცხადია, ასეთი გარემო ვერ გამოდგება ამ სფეროში მომუშავე საბროკერო კომპანიებისა და მათ მიერ სავაჭრო სივრცეში გარიგებების დაფიქსირების სტიმულირებისათვის.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც საქართველოში სასაქონლო ბირჟის შექმნისა და წარმატებით ფუნქციონირების შესაძლებლობების სასარგებლოდ მეტყველებს:
1. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის არსებობა, რომელიც სულ უფრო და უფრო გარდაიქმნება გეოგრაფიულ, ან პოლიტიკურ ფაქტორად. დასავლეთის ქვეყნებისათვის გარდა ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით ტრანსპორტირების აშკარად გამოკვეთილი პრიორიტეტებისა, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს რკინიგზის, საზღვაო პორტების, თანამედროვე დონის საავტომობილო მაგისტრალების და სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციების სრულყოფა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ყოველივე ეს განაპირობებს საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციებში ინვესტიციების პერსპექტიულობას და სასაქონლო ბირჟის წარმატებულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების ხელის შეწყობასაც;
2. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მილსადენის მშენებლობა უკვე მომხდარ ფაქტად შეგვიძლია შევაფასოთ, უაღრესად იზრდება დასავლეთის დაინტერესება ამ მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც გამოიხატება არა მხოლოდ დაცვითი ღონისძიებების განხორციელებაში, არამედ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტების კერების ლიკვიდაციის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და სამშვიდობო გეგმების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უახლოეს მომავალში აღდგენის უზრუნველყოფაში. ამ კონფლიქტების წარმატებით მოგვარების შემთხვევაში, საქართველო, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟის შექმნის თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა ხდება შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნებს შორის.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, საქართველოს სატრანსპორტო კვანძს დაემატება ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები, როგორც აფხაზეთის, ასევე განსაკუთრებით როკის გვირაბის მთელი დატვირთვით ამოქმედება სერიოზულად შეუწყობს ხელს რუსეთის უდიდესი სასაქონლო ბაზრის პრაქტიკულად დაკავშირებას აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანში წარმოქმნილ სავაჭრო ურთიერთობებთან;
4. საქართველოში ყოველთვის იყო და დღესაც ჯერ კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბებისა და წარმატებით ფუნქციონირების აუცილებელი სასაწყობო მეურნეობის ინსტიტუტები. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში, სასაწყობო და საბითუმო ბაზების განვითარების დონით, საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ეკავა. ამ ბაზების მოდერნიზაცია საქართველოსათვის აქტუალურია საბირჟო საქონლის შენახვის პირობების შესაქმნელად, რაც შესაძლებელია მცირეოდენი კაპიტალდაბანდებების გზითაც. გარდა ამისა საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში უკვე აშენდა და ამჟამადაც მიმდინარეობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ტერმინალების მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს საბირჟო საქონლის დაცულობის და შენახვის სტანდარტების დამკვიდრებას;
5. საქართველოში კარგად არის განვითარებული საბირჟო ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა სფეროების კანონმდებლობა – კერძოდ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის და საფონდო ბირჟის მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე აქტები. ისინი შესაძლებელს ხდიან არა მხოლოდ ფინანსური ინვესტიციების განვითარებას, არამედ სასაქონლო სფეროში ინვესტიციების მოზიდვას. ამას ხელს უწყობს, აგრეთვე კარგად განვითარებული საბანკო ინფრასტრუქტურაც, რაც ჯამში შესაძლებლობას ქმნის საქონელმიმოქცევისა და ფინანსური მომსახურების სექტორების კარგად კოორდინირებული და ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საერთაშორისო დონის სასაქონლო ბირჟის შექმნა იქცევა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო თანამეგობრობის ინტერესის საგნად, მაშინ ხელშემწყობი ფაქტორების არსებობა, ასეთი ამოცანის სწრაფად გადაწყვეტის კარგ შესაძლებლობა სმოგვცემს. ჩვენი აზრით, საქართველოში სასაქონლო ბირჟის დროულად ამოქმედებისათვის საჭიროა სავაჭრო ინსტრუმენტების არა მხოლოდ იურიდიული უზრუნველყოფა, არამედ სპოტური და ვადიანი გარიგებების ბაზრების პარალელური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც სასაქონლო ბირჟის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ლიკვიდურობის დონის საფუძველი უნდა გახდეს. ამდენად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს სასაქონლო კონტრაქტების შექმნა და სრულყოფა.
ჩვენს მიერ უკვე ნახსენები სასაწყობო ვარანტები, გარკვეული თვალსაზრისით უკვე წარმოადგენს საბირჟო საქონელს. თუმცა, იმისათვის, რომ ისინი სასაქონლო კონტრაქტებად გარდაიქმნას, სერიოზული სამუშაოა გასაწევი, განსაკუთრებით კანონმდებლობით გამყარებული სტანდარტების სისტემის შესაქმნელად. ერთ დროს არც თუ ცუდად მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების სისტემა მოითხოვს სერიოზულ რეაბილიტაციას და მათ საფუძველზე შექმნილი ნორმატიული ბაზის შესაბამისად საწყობებისა და სასაქონლო ტერმინალების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის ჩამოყალიბებას.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის საქართველოში საბირჟო საქონლის პერსპექტივის მქონე სასაქონლო ჯგუფების განსაზღვრა და ყველა ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო, ორგანიზაციული და ტექნიკური ხასიათის ღონისძიებათა ამ სასაქონლო ჯგუფების სპეციფიკის მაქსიმალური გათვალისწინება. ნავთობპროდუქტების, ენერგომატარებლების, მარცვლეულის, ხე-ტყის და თხილის სასაქონლო ჯგუფებზე სათანადო მუშაობის ჩატარების შემდეგ სავსებით შესაძლებელია ეს სასაქონლო ჯგუფები სტანდარტიზების ისეთ ტექნიკურ და იურიდიულ ჩარჩოში ჩაისვას, რომლებიც შესაძლებელს გახდის მათ საფუძველზე შექმნილი სასაქონლო კონტრაქტებით ოპერირებას არა მხოლოდ რეალური საქონლის, არამედ ფიუჩერსებისა და სხვა რიგის წარმოებულების ბაზარზე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial