რის იმედზეა ქართული ეკონომიკა და სად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები

გოგი ყუფარაძე

ადამიანი უძველესი დროიდან იყენებდა ბუნებრივ რესურსებს გასაჯანსაღებლად და სამკურნალოდ. სიტყვა კურორტი ნიშნავს სამკურნალო ადგილს და ნაწარმოებია ორი გერმანული სიტყვიდან კურარე ნიშნავს მკურნალობას, ხოლო ორტ – ადგილს. კურორტული მკურნალობის ძირითად ეფექტს განსაზღვრავს წამყვანი კურორტული ფაქტორი – ეს იქნება მინერალური წყალი, სამკურნალო ტალახი, კლიმატი თუ კარსტული მღვიმე. ამას ემატება კურორტისა თუ საკურორტო ადგილის ფსიქოემოციური გავლენა ადამიანზე. კერძოდ, ლამაზი ლანდშაფტი, მდინარეებისა და ზღვის ტალღების ხმაური, ტყისა და მცენარეების სურნელი, ჩიტების ჭიკჭიკი და ა.შ.
კურორტოლოგია შეისწავლის საკურორტო ფაქტორების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, ამ ფაქტორების სამკურნალოდ, პრევენციისა და რეაბილიტაციის მიზნით გამოყენებას, კურორტებზე მკურნალობის მეთოდების და სათანადო ჩვენება-უკუჩვენებათა დადგენას.
ცნობილია, რომ ძველ საქართველოში ფართოდ იყენებდნენ კურორტულ ფაქტორებს მკურნალობისა და პრევენციისათვის. როცა თამარ მეფე ავად გახდა, ექიმთა კონსილიუმმა მას ურჩია ჰავის გამოცვლა და ნაჭარმაგევიდან კოჯორში, მთის კლიმატის პირობებში გადასვლა. ამგვარად, უკვე მე-12 საუკუნეში ეყრებოდა კურორტოლოგიას, როგორც მედიცინის მნიშვნელოვან დარგს, საფუძველი, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ ბუნებრივ ფაქტორებს საქართველოში გასაჯანსაღებლად და სამკურნალოდ ანტიკური დროიდან იყენებდნენ. ამ ფაქტს ადასტურებენ ანტიკური გათხრები, აგრეთვე, უძველეს ავტორთა თხზულებები, რომლებშიც მრავალი ცნობაა შემონახული კოლხეთის დაბლობზე არსებული სამკურნალო მინერალური წყაროების შესახებ.
საქართველოს ანექსიამდე საკურორტო საქმე კერძო მესაკუთრეთა ხელში აღმოჩნდა. კურორტები მეფის ჩინოვნიკებისა და გაბატონებული ფენის დასვენებისა და დროის გასატარებელ ადგილად გადაიქცა. ბორჯომი და აბასთუმანი დიდი რუსეთის მთავარს მიხეილ რომანოვს ეკუთვნოდა, გაგრა – პრინც ოლდენბურგსკს, თბილისის თერმული წყალი – ბებუთოვებს, მირზოვებს და სხვ.
გასაბჭოების შემდეგ კურორტებისა და კურორტოლოგიის დარგის განვითარებას და მისი მეცნიერული საფუძვლების შექმნას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო.
1927 წელს დაარსდა საქართველოს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, რომლის ბაზაზეც შემდგომში შეიქმნა და ფუნქციონირებდა საკურორტო კომისიის ავადმყოფებისათვის კურორტისა და დასვენების რეჟიმის სწორად შერჩევის მიზნით.
1938 წელს დაარსდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი აბანოთუბანში – თერმულ-გოგირდიანი მინერალური წყლების ბაზაზე.
ახლო წარსულში საქართველოს კურორტებისა და ტურისტული ქვეყნის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული, რაც ეფუძნებოდა ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ-საკურორტო პირობებს და მდიდარ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ მისი განვითარება მიმდინარეობდა არა ობიექტური, არამედ საბჭოთა იდეოლოგიასა და სუბიექტივიზმზე დამყარებული გზით, გამომდინარე სხვადასხვა დარგებისა თუ ორგანიზაციების ინტერესებიდან. მაშინდელი ტურისტულ-საკურორტო ინდუსტრია დაქსაქსული იყო სხვადასხვა უწყებების და მონათესავე ორგანიზაციების სისტემაში. ამ სფეროთი დაკავებულნი იყვნენ: ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭო – დაქვემდებარებული პროფკავშირებზე, საზოგადოება ინტურისტი პირდაპირ დამოკიდებული მოსკოვზე, სპუტნიკი – კომკავშირის ცკ-ს ორგანო, პროფკავშირთა კურორტების რესპუბლიკური საბჭო, საქკურორტი, რომელიც ფლობდა ადგილობრივ კურორტთა უმრავლესობას, ცეკავშირი, საქკოლჯანმრთელობა, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები. გარდა ამისა, საკავშირო სამინისტროებს გააჩნდათ საკუთარი სანატორიუმები და ტურისტული ბაზები.
ყველა ამ დაწესებულებაში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, აღირიცხებოდა 624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, სანატორიუმი, პანსიონატი, დასასვენებელი სახლი, კემპინგი, მოტელი და სხვა მსგავსი დაწესებულება, რომელთა მოცულობა საერთო ჯამში 152,2 ათასს საწოლ ადგილს შეადგენდა.
მათი ძირითადი ნაწილი მოდიოდა საკურორტო ობიექტებზე (1988-89 წლებში კუოროტებზე განლაგებულ საწოლთა რაოდენობამ 103 ათასს მიაღწია).
ყოველწლიურად საქართველოში ჩამოსულ ორგანიზებულ და არაორგანიზებულ ტურისტთა, აგრეთვე სამკურნალოდ ჩამოსულ დამსვენებელთა რიცხვი 4-4,5 მლნ-ს შეადგენდა, ხოლო მათგან თითქმის ერთი მილიონი მხოლოდ კურორტებზე ისვენებდა (1989 წლის ოფიცილური მონაცემებით საქართველოს საკურორტო ობიექტებზე 980 000 პაციენტია გატარებული).
ეს ციფრები თავისთავად მეტყველებენ საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ მათ მიღმა უნდა დავინახოთ ისიც, რომ ის ტურიზმი, რომელიც არსებობდა 70-80-იან წლებში, თავისი ფორმით და შინაარსით წარსულს ჩაბარდა, დაგვიტოვა რა ბევრი არასწორი შეხედულება და სტერეოტიპი.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც ერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში არ მისდგომია ტურიზმისა და საკურორტო ინდუსტრიას ისეთი ზარალი, როგორც ეს მოხდა საქართველოში, როდესაც სახელმწიფო იძულებული გახდა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ლტოლვილი ასეულ ათასობით დევნილი განეთავსებინა საუკეთესო სასტუმროებში, სანატორიუმებში, პანსიონატებსა და დასასვენებელ სახლებში. ამით, პრაქტიკულად, მოხდა ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის სრული პარალიზება.
ამჟამად, საქართველოს ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია თვისებრივად ახალ სისტემაზე გადადის და მას ამ გარდამავალ ეტაპზე ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდება.
დაიწყო ინფრასტრუქტურის, პრაქტიკულად, ხელახალი შექმნა, მოდერნიზება და განვითარება, ზოგ კურორტზე ხდება ძველი სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების რეაბილიტაცია, ხოლო იქ, სადაც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივაა- მიმდინარეობს ტურისტული სასტუმროებისა და გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობა.
ეს პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც სანატორიუმების ქსელი, როგორც ყოველთვის, განკუთვნილი იქნება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ხოლო ტურისტული სასტუმროები, კემპინგები, კოტეჯები პრაქტიკულად ჯანმრთელი კონტინგენტის ჯანმრთელობის აღდგენა-შენარჩუნებისა და სხვადასხვა დაავადებების პრევენციისათვის.
კურორტული რესურსების მრავალფეროვნების თვალსაზრისით საქართველო უნიკალური ქვეყანაა. აქ 70000 კვმ-ზე 12000 ისტორიულ ძეგლთან ერთად ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ბაზაზე გაშენებულია 103 კურორტი, დადგენილია 182 საკურორტო ადგილი, რომლებიც სრულიად აუთვისებელია მოსახლეობის ორგანიზებული დასვენებისა და გაჯანსაღების თვალსაზრისით.
ქვეყნის ტურისტულ-საკურორტო პოტენციალს განსაზღვრავს: 1. შავი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლის სიგრძე ქვეყნის მასშტაბით 318 კმ-ია. იგი მასობრივი ტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს წარმოადგენს. 2. დიდი და მცირე კავკასიონის მთაგრეხილები, რომლებიც შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული და სიგრძით 1500 კმ-ს აღწევს. საქართველოს მთიანეთი სამთო-სათხილამურო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარებისათვის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ქმნის, მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 5000 მ-ს აღწევს. 3. უნიკალური კურორტები.
საქართველო კურორტების ქვეყანაა. კურორტები განლაგებულია სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ზღვის სანაპიროზე აფხაზეთში – გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი, გულრიფში; აჭარაში – ბათუმი, ქობულეთი, მწვანე კონცხი, ჩაქვი, მახინჯაური; გურიაში – ურეკი; სამეგრელოში – მალთაყვა; ბალნეოლოგიური კურორტები – ბორჯომი, წყალტუბო, საირმე, ნუნისი, უწერა და სხვ.; მთის კლიმატური კურორტები – აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ფაფა, მანგლისი, გუდაური, ბაკურიანი, შოვი, უწერა, ბახმარო.
საქართველოს ტერიტორია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჩრდილო საზღვარზე იმყოფება, რის გამოც აქ მზის რადიაციისა და თერმული რეჟიმის ოპტიმალური პირობებია შექმნილი. ზღვისა და მთების არსებობა ქმნის ლანდშაფტებისა და მიკროკლიმატური პირობების დიდ მრავალფეროვნებას, რაც უაღრესად ხელსაყრელია როგორც კურორტების, ისე ტურიზმის განვითარებისათვის.
ჩვენს ქვეყანაში მრავლად არის გამოვლენილი სამკურნალო ტალახის საბადოები, რომელთაგან ფართოდ გამოიყენება კუმისის ტბის ლამის და ახტალის ფსევდოვულკანური ტალახი. ასევე გამოვლენილია მრავალი კარსტული მღვიმე, რომლებიც გამოიყენება სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების, ბრონქული ასთმისა და ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებების სამკურნალოდ.
საქართველო, ასევე მდიდარია სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის სამკურნალო მინერალური წყლებითაც, რომელთა საერთო რაოდენობა 2000 წყაროსა და ჭაბურღილს აღემატება, ხოლო დღე-ღამური დებიტი 130 მლნ. ლიტრს აღწევს. აღნიშნული დებიტის 50% სასმელი მინერალური წყალია, დანარჩენი კი გამოიყენება აბაზანებისა და სხვა პროცედურებისათვის. ჩვენი ქვეყნის მცირე ტერიტორიაზე თითქმის ყველა ტიპისა და კლასის მინერალური წყალი მოიპოვება, რომელიც მსოფლიოში არსებობს. მინერალური წყლების გამოყენების საუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ მათი სამკურნალო გამოყენებით (სასმელად და აბაზანებისათვის), შესაძლებელია მთელი რიგი დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, როგორიცაა – საჭმლის მომნელებელი ორგანოები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, პერიფერიული ნერვული სისტემა, გინეკოლოგიური, უროლოგიური და კანის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობები და სხვ.
საქართველოში ტურიზმის ერთ-ერთ ტრადიციულ მიმართულებას მინერალური წყლების ბაზაზე ჩამოყალიბებულ სამკურნალო დაწესებულებებში – SPA დასვენების ორგანიზაცია წარმოადგენს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ყველა კურორტი, მაგრამ წინამდებარე ნაშრომში ყურადღება გამახვილდება მხოლოდ რამდენიმე მათგანზე. ასეთი შერჩევის კრიტერიუმი იყო, სხვა კურორტებთან შედარებით, მეტად მოწესრიგებული ზოგადი თუ საკურორტო ინფრასტრუქტურა და ამის გამო, აქ შეთავაზებული სერვისის შედარებით მაღალი სტანდარტი. გამონაკლისის სახით განხილულია კურორტი წყალტუბო, სადაც, ცნობილი მოვლენების გამო, დღეისათვის, საკურორტო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად განადგურებულია, მაგრამ იგი, ერთგვარად, კურორტოლოგიის სიმბოლოს წარმოადგენს საქართველოსათვის. მით უმეტეს, უკვე იწყება წყალტუბოს საკურორტო ობიექტების პრივატიზაციის პროცესი და წინასწარი მონაცემებით საკმაო დაინტერესებაა, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორთა შორის.

თბილისის ბალნეოლოგიური
კურორტი – RESORT SPA
შედის თბილისის კურორტების ჯგუფში. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. კურორტის ტერიტორია (მასზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად) შეადგენს 400 ჰა ფართობს. ჩრდილო აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ის ესაზღვრება მდ. მტკვარს და 300 არაგველის- ბაღს, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ეკვრის თბილისის ბოტანიკური ბაღი, ხოლო სამხრეთით თაბორის შემაღლება და კრწანისი. კურორტის რელიეფი თბილისისდ ქვაბურის ნაწილია (ზღვის დონიდან 406-522 მ-ის სიმაღლეზე). ტერიტორია მდიდარია ბაღებით, სკვერებითა და პარკებით, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღი.
ზამთარი აქ თბილია, თოვლის საფარი არამდგრადი (იანვარს საშუალო ტემპერატურა +0.9oC). ზაფხული ძალიან თბილი, მზიანი და მშრალი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +24,2 oC). ნალექების წლიური რაოდენობა 555 მმ-ია. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 66% შეადგენს. მზის ნათების ხანგრძლივობა – 2150 საათია წელიწადში; როგორც წესი, ძლიერი ქარები არ იცის.
უძველესი დროიდან არის ცნობილი თბილისის მინერალური გოგირდიანი თბილი წყაროები. არსებობს საკმაოდ გავრცელებული ლეგენდა, რომლის თანახმად საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალმა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტყეში ნადირობისას მშვილდით მოკლა ხოხობი. ფრინველი ჩავარდა ცხელ წყალში და ვიდრე მოასწრეს მისი ამოყვანა, მოიხარშა. თბილმა მინერალურმა წყაროებმა და მათ ირგვლივ გარშემორტყმულმა არაჩვეულებრივად ლამაზმა ლანდშაფტმა მეფეს აქ ქალაქის გაშენების სურვილი აღუძრა. ამგვარად, 1500 წელზე უფრო ადრე, სიტყვიდან თბილი წარმოიშვა ქალაქის სახელწოდება თბილისი, რომელიც გადაიქცა შემდგომ საქართველოს დედაქალაქად.
კურორტის თერმული (ტემპერატურა +37ო-დან 47oC) მინერალური წყლები ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნება სულფიდურ, ქლორიდულ-ჰიდროკარბო-ნატულ და ჰიდროკარბონატულ-კარბონატულ-ქლორიდულ ნატრიუმიან წყლებს დაბალი მინერალიზაციით (0,3-0,4 გ/ლ). სულფიდების საერთო რაოდენობა მათში მერყეობს 10-20 მგ/ლ ფარგლებში. წყაროების დღე-ღამის დებიტი შეადგენს 800 ათას ლიტრს.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში. ავადმყოფებს ემსახურება ბალნეოფიზიოთერაპირული სამკურნალო, ტალახით სამკურნალო და კურორტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილია უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურით.
დღესდღეობით კუროროტი გაერთიანებულია საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის ს/პ ცენტრთან და წარმოადგენს მძლავრ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ობიექტს, რომლის ბაზაზე ფუნქციონირებს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრა და საქართველოს კურორტების აღდგენისა და განვითარების ასოციაცია.
მინერალური წყლები გამოიყენება სააბაზანო პროცედურებისათვის. კურორტზე მკურნალობენ ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ საყრდენ-სამოძრაო აპარატის, კარდიოლოგიური, ნერვული, გინეკოლოგიური და უროლოგიური პროფილის დაავადებები; კანის ზოგიერთი დაავადება – ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, სებორეა და სხვ.; ნივთიერებათა ცვლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები.
მგზავრობა: რკინიგზით, საჰაერო და ავტოტრანსპორტით.

ბორჯომი – ბალნეო-კლიმატური ქალაქი-კურორტი – SPA TOWN
ბორჯომი საქართველოს სახელგანთქმული კურორტია. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ნაწილში. ბორჯომი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ბალნეო-კლიმატური კურორტია. საოცრად მდიდარმა და უაღრესად მრავალფეროვანმა ბუნებამ, უნიკალურმა სამკურნალო მინერალურმა წყლებმა მას ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში გაუთქვეს სახელი.
ბორჯომი განლაგებულია მდ. მტკვრისა და მისი ორი შენაკადის – ბორჯომულასა და გუჯარულას წარმტაც ხეობაში ზღვის დონიდან 800-1000 მ-ზე.
სიტყვა ბორჯმი-ს ძირეული ნაწილი ბორჯი ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ფესვს ნიშნავს. ბორჯომის ხეობას ისტორიულად თორის ხეობა ეწოდებოდა. კლიმატის თავისებურება განპირობებულია კურორტის განლაგებით სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის ზონაში. ზაფხული თბილია, ჭარბობს მზიანი დღეები (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურაა +20,1oC, სუსხიანი დღეები ოქტომბრის ბოლოს იწყება, ზამთარი ზომიერად რბილია, მცირეთოვლიანი. იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა -2,1oC. წლიური საშუალო ტემპერატურა +9,1oC. ნალექების რაოდენობა 653 მმ-ს აღწევს წელიწადში. ჰაერის საშუალო თვიური შეფარდებითი ტენიანობა აგვისტოში – 50%, დეკემბერში 65%. მზის ნათება პლატოზე 1900 საათია წელიწადში.
ბორჯომის წამყვანი სამკურნალო ფაქტორია საყოველთაოდ ცნობილი მინერალური წყლები (ვიშის ტიპის – საგრანგეთი). ქიმიური შემადგენლობით მინერალური წყლები მიეკუთვნება ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიან წყლებს, რომელიც შეიცავს თავისუფალ ნახშირმჟავას 0,5-დან 1,5 გ/ლ. მინერალური წყლის ტემპერატურა სხვადასხვა წყაროებში მერყეობს +17-38oC. საერთო მინერალიზაცია 6-7 გ/ლ, წყლების საერთო დებიტი ცვალებადია და 700-800 ათას ლიტრს შეადგენს დღე-ღამეში.
მინერალური წყლები კურორტზე ძირითადად გამოიყენება სასმელ-სამკურნალოდ, სააბაზანო პროცედურების გასაშვებად, ინჰალაციის, კუჭისა და ნაწლავების გამოსარეცხად, ხოლო არაკურორტულ პირობებში, როგორც სამკურნალო და სუფრის წყალი.
კურორტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში.
ბორჯომოს აღმშენებლობა დაიწყო 1850 წლიდან, ხოლო ქალაქად გამოცხადდა 1919 წელს.
გაშენედა მინერალური წყლების პარკი. 1896 წელს პარკის შესასვლელში აშენდა ბორჯომის მინერალური წყლების ქარხანა. 1899 წელს მდ. ბორჯომულაზე აიგო საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგური.
1930 წელს აშენდა მინის ქარხანა.
ბორჯომის მინერალურმა წყალმა მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა და არაერთი ჯილდო მოიპოვა.
1907 წ. – ქ. სპაში (ბელგია) საპატიო დიპლომი;
1909 წ. – ქ. ყაზანში ოქროს დიდი მედალი;
1911 წ. – ცარსკოე სელოში ოქროს მედალი;
1911 წ. – დრეზდენში (გერმანია) საპატიო დიპლომი;
1940 წ. – ტალინში ოქროს მედალი;
1960 წ. – სსრკ-ს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე საპატიო დიპლომი;
1975 წ. – უნგრეთში საპატიო დიპლომი.
დღეისათვის ბორჯომის მინერალური წყალი გააქვთ მსოფლიოს 26 ქვეყანაში.
1862 წელს კავკასიის მთავარმმართებლად დაინიშნა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II ძმა, დიდი მთავარი მიხეილ რომანოვი, რომელსაც ბორჯომის ხეობა ძალიან მოსწონებია და თავის საზაფხულო რეზიდენციად გადაუქცევია. ამ რეზიდენციას შემდგომში სტუმრობდა იოსებ სტალინიც.
1887 წელს ბორჯომში ისვენებდა პეტრე ჩაიკოვსკი, რომელიც წერდა: ჩემი აზრით, ეს ყველაზე ღვთაებრივი და საუკეთესო ადგილია მთელს მსოფლიოში.
უახლოეს მომავალში ქალაქი-კურორტი დადგება მსოფლიო კურორტების გვერდით, სადაც შეძლებენ ჩამოსვლას ტურისტები გაჯანსაღების და მკურნალობის მიზნით, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე უცხო ქვეყნებიდან.
მგზავრობა: რკინიგზით, ავტოტრანსპორტით.

ბ ა კ უ რ ი ა ნ ი სათხილამურო კურორტი – SKI RESORT
ბაკურიანი ქალაქის ტიპის დაბაა ბორჯომის რაიონში, 37-ე კმ-ზე სადგურ ბორჯომიდან. შედის ბორჯომ-ბაკურიანის კურორტების ჯგუფში. განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე მცირე კავკასიონის სისტემაში, 1700 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. კურორტის ტერიტორია და მისი მიდამოები მდიდარია მცენარეულობით: მუქწიწვოვანი ჯიშის ტყის მასივებით (ნაძვი, სოჭი), ტყეების საზღვრების ზემოთ იწყება ალპური მდელოები. კურორტი ფუნქციონირებს 1936 წლიდან.
ბაკურიანი ქვეყანაში სათხილამურო შეკრებების ერთ-ერთი ცენტრთაგანია. აქ ხშირად ეწყობა საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო შეჯიბრებები სპორტის ზამთრის სახეობებში.
დღესდღეობით ბაკურიანი წარმოადგენს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ პრეტენდენტ-მასპინძელს.
კურორტის კლიმატის თავისებურება განპირობებულია მისი განლაგებით სუბტროპიკულ ზონაში, მთის შედარებით მაღალ სიმაღლეზე. გაზაფხული აქ მოკლეა. შემოდგომაზე უფრო გრილა და ამინდიც არამდგრადია. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +14 oC). სექტემბრის ბოლოს უკვე თავს იჩენს სუსხი. ზამთარი ზომიერად რბილია (იანვრის საშუალო ტემპერატურაა – -5,6oC). დამახასიათებელია მზიანი დღეები დიდი რაოდენობით და ზომიერად ყინვიანი დღეების სიჭარბე. თოვლი დევს 4,5 თვის განმავლობაში დეკემბრის დასაწყისიდან შუა აპრილამდე. ნალექების რაოდენობა წელიწადში 800 მმ-ს უახლოვდება. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 57-65%-ს შორის მერყეობს. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 საათს აღემატება. აქედან ზაფხულის პერიოდზე მოდის 650 საათი. საკმაოდ მაღალია ულტრაიისფერი რადიაციის ინტენსივობა, ძლიერი ქარები, როგორც წესი, არ არის დამახასიათებელი.
მთის მშრალი ჰაერი, გაჟღენთილი წიწვიანი ტყეების არომატით, მზის რადიაციის სიუხვე და სხვა, ქმნის ხელსაყრელ პირობებს სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური ხასიათის, მათ შორის ბრონქული ასთმით დაავადებულთა სამკურნალოდ. კურორტის თავისებური კლიმატი გამოიყენება, აგრეთვე გამაჯანსაღებელი და პრევენციული ღონისძიების ჩასატარებლად, განსაკუთრებით ბავშვთა შორის.
მგზავრობა: რკინიგზით (ბორჯომიდან) და ავტოტრანსპორტით.

წყალტუბო – ბალნეოლოგიური ქალაქი-კურორტი – SPA TOWN
კურორტი წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია.
თქმულების მიხედვით, წყალტუბოს წყაროების მიდამოში მწყემსი ნახირს აძოვებდა. იგი შემთხვევით წასწყდომია თბილი წყლის ტუმბოს, მას ქარები აწუხებდა. წყალში დაავადებული ფეხები ჩაუყრია და შვება უგრძვნია. ეს ამბავი მწყემსებისაგან დახუთულ მეგრელიის დედოფალს შეუტყვია. თბილ წყალში რამდენჯერმე ბანაობის შემდეგ ისიც განკურნებულა. ასე გაითქვა ამ წყარომ სახელი.
ქალაქი განლაგებულია მდ. წყალტუბოს ხეობაში, რომელიც უერთდება მდ. გუბისწყალს (მდ. რიონის მარჯვენა შენაკადს), 9 კმ ქ. ქუთაისიდან ჩრდილო-დასავლეთით, 235 კმ ქ. თბილისიდან და 70 კმ შავი ზღვიდან, 95-120 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კურორტს ეკვრის (უერთდება) სამგურალის ქედის განტოტებანი (დიდი კავკასიონის სისტემაში), სამხრეთით კი შავი ზღვისკენ გახსნილი კოლხეთის დაბლობი, ირგვლივ მდებარე ბორცვები დაფარულია მდიდარი სუბტროპიკული მცენარეულობით. მარადმწვანე ბუჩქნარითა და ფოთლოვანი ტყეებით (მუხა, წიფელი, რცხილა).
კლიმატის თავისებურება განპირობებულია კურორტის მდებარეობით ტყიან სუბტროპიკულ ზონაში. შავი ზღვის სიახლოვითა და იმით, რომ ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან მას იცავს დიდი კავკასიონის ქედები, საშუალო წლიური ტემპერატურაა +14,6 oC. ზამთარი ძალიან რბილი და უთოვლო (იანვრის საშუალო თვიური ტემპერატურა +5,3 oC), ზაფხული ძალიან თბილი და ზომიერად ტენიანი იცის (აგვისტოს საშუალო თვიური ტემპერატურაა +23,8 oC). დამახასიათებელია მზიანი დღეები, თუმცა წვიმა და მოღრუბლულობაც არაა იშვიათი. წლიურად მოდის 1700 მმ ნალექი. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 73%. მზის ნათების ხანგრძლივობა 2000 სთ-ზე მეტია წელიწადში. ყველაზე უფრო ინტენსიური ქარები (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) ქრიან გაზაფხულსა და ზამთარში.
კურორტს სახელი გაუთქვეს მისმა უნიკალურმა მინერალურმა წყლებმა, რომლებიც საქართველოში ძველი დროიდან არის ცნობილი. წყალტუბოს მინერალური წყლები გამოირჩევა საკმაოდ მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით. ისინი განეკუთვნებიან სუსტად რადონულ (2-4 ნ.კიური ან 3,0-10,0 მახეს ერთეული), ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან წყლებს 0,7-0,8 გ/ლ საერთო მინერალიზაციით, წყაროების დღე-ღამის დებიტი 18-20 მლნ. ლიტრია. მინერალური წყლების მაღალეფექტური სამკურნალო-პრევენციული მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემადგენელი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (33-35ოC) იძლევა მათი გამოყენების საშუალებას წინასწარი შეთბობის გარეშე.
კურორტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში. აქ ძირითადად მკურნალობენ ავადმყოფებს საყრდენ-სამოძრაო აპარატის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებებით (როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს). ავადმყოფების მიერ კურორტზე ჩამოსვლისას და კურორტიდან წასვლის დღეებში ბალნეოპროცედურების მიღება არ არის მიზანშეწონილი. მკურნალობის კურსის განმავლობაში აბაზანების რაოდენობას და მათი მიღების წესებს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, ავადმყოფის ასაკისა და როგორც ძირითად, ასევე თანმხლებ დაავადებათა მიმდინარეობის თავისებურებათა გათვალისწინებით.
70-იან წლებში წყალტუბოში აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი – კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (კერძოდ, თეთრი მღვიმის მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამკურნალოდ.
მგზავრობა: რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით.
ს ა ი რ მ ე – ბალნეო-კლიმატური კურორტი – DESTINATION SPA
სიტყვა საირმე ნიშნავს, ირმის ადგილს. გადმოცემით ცნობილი გახდა, რომ ზამთრობით გარშემო მდებარე ტყეებიდან ჩამოდიოდნენ და მინერალურ წყლებთან გროვდებოდნენ ირმები და გარეული თხები, რის გამოც მონადირეებმა ამ ადგილს საირმე შეარქვეს.
მდებარეობს ბაღდათის რაიონში, 25 კმ-ზე სამხრეთ-დასავლეთით რაიონული ცენტრიდან და 55 კმ-ზე ქ. ქუთაისის სამხრეთით, მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე (მცირე კავკასიონის სისტემაში), ზღვის დონიდან 950 მ-ის სიმაღლეზე, მდ. წაბლარის წყალის ხეობაში. გარშემო მდებარე ფერდობები დაფარულია ფოთლოვანი (მუხა, წიფელი და სხვ.) და აგრეთვე წიწვიანი ტყეებით. კურორტი ფუნქციონირებს 1930 წლიდან.
კლიმატი განისაზღვრება კურორტის მდებარეობით სუბტროპიკული სარტყელის ტყიან ზონაში, საშუალო წლიური ტემპერატურა +8,5ოC აღწევს, ზამთარი რბილია, მცირეთოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -1oC). ზაფხული ზომიერად თბილი და ზომიერად ტენიანია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +17oC). ნალექების რაოდენობა 900 მმ-ს აღემატება წელიწადში. ჰაერის წლიური საშუალო ტენიანობა 75-80%-ია. ზაფხულში ჭარბობს მთა-ველის ქარები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკმარის ბუნებრივ განიავებას.
ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყლები, რომლებიც ცნობილი გახდა XIX საუკუნის დასასრულიდან. ქიმიური შემადგენლობით ისინი მიეკუთვნებიან ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ, კალციუმიან-ნატრიუმიან (წყარო #1 და #3) და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიან ბორჯომის ტიპის (წყარო #4 და #5) წყლებს. მინერალიზაცია სხვადასხვა წყაროებისა მერყეობს 3,6-დან 7,0 გ/ლ. დადგენილია, განსაკუთრებულად სასარგებლო მოქმედება საირმის ნახშისმჟავა წყლებისა თირკმლებისა და შარდის გამომყოფ გზების დაავადებებზე, რამაც განაპირობა კურორტის უროლოგიური პროფილი. გარდა ამისა, აქ მკურნალობენ ავადმყოფებს ღვიძლის, ნაღვლის გზებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლით. მინერალურ წყალს ასხამენ ბოთლებში საირმეს სახელწოდებით არაკურორტულ პირობებში სამკურნალოდ.
საირმედან 5 კმ-ზე, დასახლება უდაბნოში აღმოჩენილია სუსტად სულფიდური თერმული მინერალური წყალი (ტემპერატურა +43oC), მინერალიზაციით 0,3 გ/ლ, დღე-ღამური დებიტი 500 ათასი ლიტრია, რომლის ბაზაზე გაშენებულია სააბაზანო.
კურორტი საირმე ფუნქციონირებს ზაფხულში – მაისიდან ნოემბრის ჩათვლით. აქ მკურნალობენ როგორც სანატორიული, ისე ამბულატორიული სექტორის ავადმყოფები.
მგზავრობა: რკინიგზით (სადგურ რიონამდე ან ქუთაისამდე), შემდეგ ავტოტრანსპორტით

ნ უ ნ ი ს ი – ბალნეო-კლიმატური კურორტი – DESTINATION SPA
მდებარეობს ხარაგაულის რაიონში, 8 კმ-ზე რკინიგზის სადგურ მოლითიდან და 3,5 კმ-ზე კურორტ ზვარეს სამხრეთით ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში (აერთებს მცირე და მთავარ კავკასიონს), 750-800 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ადგილმდებარეობა ძალიან ლამაზია. გარშემო მდებარე მთის ფერდობები დაფარულია ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) და წიწვიანი (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) ტყეებით. კლიმატი სუბტროპიკულია. ზამთარი რბილია, მცირეთოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 0oC უახლოვდება), ზაფხული თბილი, ზომიერად ტენიანი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +20-22ოჩ). ნალექების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 1200 მმ-ია. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ზაფხულში 70%-ს შეადგენს.
ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი მინერალური წყლებია, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით სუსტად სულფიდურ, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიან, დაბალი მინერალიზაციისა (0,2-0,3 გ/ლ) და კაჟის მჟავის ნორმაზე მეტი შემცველობის წყლებს მიეკუთვნება. წყლის ტემპერატურაა +27ოჩ . წყაროების დღე-ღამის დებიტი 80 ათას ლიტრს შეადგენს. გამოიყენება სააბაზანო პროცედურებისათვის.
კურორტი ფუნქციონირებს ზაფხულის პერიოდში (მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით). განკუთვნილია კანის დაავადებათა სამკურნალოდ.
სამთა-ნუნისი (ელიტარული მთიანი კურორტი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში) საინტერესოა როგორც ჯანმრთელი, ასევე კანის პრობლემებით შეწუხებული დამსვენებლებისათვის. პარკ ოტელი ზემო იმერეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 720-760 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ძირითად სამკურნალო ფაქტორს ბუნებრივად თბილი, მინერალური, ტუტე რეაქციის მქონე (8,3-8,4) გოგირდოვანი წყალი წარმოადგენს. ნუნისის მინერალურ წყალს, შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი აბაზანები ცნობილია როგორც შეუცვლელი საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.
ჯანმრთელი კანის შემთხვევაში მიიღწევა კანის ხარისხის აშკარა გაუმჯობესება და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და დამსვენებელს სთავაზობს:
გამაჯანსაღებელ პროგრამებს უახლესი მეთოდიკით. თქვენზე იზრუნებს კვალიფიციური ექიმი დერმატოლოგი, თერაპევტი, დიეტოლოგი და კურორტოლოგი.
ექსკურსიებს ფეხით, მანქანით ან ცხენებით.
სამჯერად, სრულფასოვან კვებას, შედგენილს ექიმთა რეკომენდაციით.
აქტიური დასვენების მოყვარულთა განკარგულებაშია: სატელიტური ტელეარხები, რესტორანი, ბარი, ფიტობარი, ბილიარდი, ტრენაჟორი, მაგიდის ჩოგბურთი.
კურორტზე ბალნეოთერაპიის კურსი ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისათვის. მის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი-დერმატოლოგი და ექიმი-კურორტოლოგი. მკურნალობის კურსი საშუალოდ 15-20 პროცედურას მოიცავს.
ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის ჩვენებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი, ქრონიკული ჯინჭრის ციება, წითელი ბრტყელი ლიქენი, პრურიგო, ნევროზები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია).
კურორტზე მოქმედებს გამაჯანსაღებელი პროგრამები: – ორგანიზმის შევსება ვიტამინებით და მინერალებით; – ორგანიზმის გასუფთავება შლაკებისაგან; – ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება; – ძილის მოწესრიგება; – წონის კორექცია; – იმუნური სისტემის გაძლიერება; – საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგება ზვარეს მინერალური წყლის გამოყენებით.
მგზავრობა: ავტოტრანსპორტით (რკინიგზის სადგურ მოლითიდან).

უ რ ე კ ი (ზღვის კლიმატური კურორტი – THALASSOTHERAPY)
ურეკი ქალაქის ტიპის დასახლებაა ოზურგეთის რაიონში. განლაგებულია შავი ზღვის ნაპირზე, 4 კმ სამხრეთით მდ. სუფსის შესართავიდან და 20 კმ სამხრეთით ფოთიდან. რელიეფი ვაკეა, უჭირავს კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი. მცენარეულობა სუბტროპიკულია (ხეხილის ბაღები, პალმები და სხვ.).
კლიმატი სუბტროპიკულია, ძალიან რბილი, უთოვლო ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა +5,8oC) და ძალინ თბილი ზაფხულით (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +23oC). ნალექების წლიური ჯამი 2000 მმ-ია. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 78%. არაიშვიათია ქარები, უმეტესად დასავლეთისა და აღმოსავლეთის.
ურეკის დასასვენებელი ბაზა მთის ბროლი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფოთიდან 20 კმ-ის სამხრეთით, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში (მაგნეტიტის დასახლება).
ურეკის სადგურზე გადის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. ურეკი ახლოსაა ქთაისთან (100 კმ), ფოთთან (20 კმ).
ურეკის მთის ბროლი წარმოადგენს 7 სართულიან შენობას კვების ბლოკით და დამხმარე ნაგებობებით, უკავია 5 ჰექტარი მიწის ფართობი. მთის ბროლს აქვს კლუბი, ბარი, ვიდეობარი, კორპუსის სახურავზე განლაგებულია იახტის ტიპის ღია კაფე-ბარი. აქვს სპორტული მოედნები, საკუთარი პლაჟი. ტერიტორიაზე განთავსებულია სავაჭრო და გასართობი ობიექტები.
ურეკის მთის ბროლი ერთდროულად ემსახურება 290 დამსვენებელს ორ ადგილიან ერთოთახიან ნომრებში და ორ და სამოთახიან ლუქსებში. ყველა ნომერს აქვს იზოლირებული სანიტარიული კვანძი, ცხელი წყალი. დამსვენებლები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ემსახურება, ექიმი-მასაჟისტი.
ურეკის ბუნება განპირობებულია ზღვის, მზის და წვრილი ხავერდოვანი ქვიშის შერწყმით, რომელსაც მაგნიტური თვისებები გააჩნია. ასეთი ქვიშა შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ურეკშია.
ურეკის საკურორტო ფაქტორები გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობისას, კერძოდ: გულსისხლძარღვთა სისტემის, პერიფერიული სისხლძარღვების, ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებისას როგორც მოზრდილებში, ასევე განსაკუთრებით ბავშვებში.
ურეკის მთის ბროლში შესაძლებელია ტურისტული ჯგუფების და ინდივიდუალური (ოჯახებით) დამსვენებლების მიღება-დაბინავება, მათთვის სპეციალური კულტურული და სპორტული პროგრამების შედგენა.
სეზონის ხანგრძლივობა: 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე.
მგზავრობა: რკინიგზით და ავტოტრანსპორტით.

შავი ზღვისპირა კურორტები აჭარაში
ბათუმი – ზღვის კლიმატური კურორტი – THALASSOTHERAPY)
ბათუმი შავი ზღვისპირეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი-კურორტი, აჭარის დედაქალაქი, მსხვილი ნავ-ისადგური. მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ის მანძილზე, კახაბრის დაბლობზე, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის შავშეთისა და მესხეთის ქედები. მცენარეულობა მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია; წარმოდგენილია უპირატესად სუბტროპიკული ჯიშები (ბანანი, მაგნოლია, ევკალიპტი, დაფნა, ბამბუკი და სხვ.). გარეუბნებში ხარობს ციტრუსოვანი პლანტაციები (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი).
ბათუმის კლიმატი თბილი და ნოტიოა, რაც აიხსნება მისი მდებარეობით ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში. გაზაფხული აქ ხანმოკლეა, ზაფხული ძლიერ თბილი, შემოდგომა თბილია და წვიმიანი, ხოლო ზამთარი ძლიერ რბილი და უთოვლო. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის +14oC, იანვრის საშუალო ტემპერატურაა +6,5oC, აგვისტოსი კი +22,6oC. ნალექიან დღეთა რიცხვი წელიწადში 130-დან 170 დღეს შეადგენს. საშუალო ფარდობითი სინოტივე 81%, ხოლო ზოგიერთ წლებში აღწევს 90-95%. მზის ნათების ხანგრძლივობაა 1958 ს. წელიწადში. გაბატონებული ბრიზების გამო, რომლებიც ტერიტორიის ვენტილაციას უწყობენ ხელს, ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში ზაფხულის სიცხე თითქმის არ შეიგრძნობა. ზღვის სანაპიროზე არის არაჩვეულებრივი პარკი-ბულვარი.
მგზავრობა: რკინიგზით, ზღვით, საჰაერო და ავტოტრანსპორტით.
ქობულეთი – ზღვის კლიმატური კურორტი – THALASSOTHERAPY)
ქობულეთი ქალაქის ტიპის რაიონული ცენტრია. იმყოფება შავი ზღვის სანაპიროზე; ბათუმიდან რკინიგზით დაცილებულია 21 კმ-ით, ხოლო საავტომობილო გზით – 33 კმ-ით. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით კურორტის ტერიტორია გახსნილია და გადადის კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება აჭარა-იმერეთის ქედის ფერდობები. მცენარეულობა უმთავრესად წარმოდგენილია დეკორატიული ჯიშებით, ჩაის პლანტაციებითა და ბამბუკით.
კლიმატი სუბტროპიკულია. ზამთარი ძლიერ რბილია და უთოვლო (იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.8oC). ზაფხული კი თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +22,6oC). კურორტის გაშლილი მდებარეობა ხელს უწყობს ზღვისა და ხმელეთის ბრიზების შეუფერხებელ მოქმედებას, რომლებიც ზაფხულში მნიშვნელოვნად ანელებენ სიცხეს. ქმნიან კომფორტულ თერმულ პირობებს შუადღის საათებში, ხოლო ღამე მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის მოჭარბებულ სინოტივეს. ნალექების რაოდენობა საკმაოდ დიდია მთელი წლის განმავლობაში და შეადგენს 2514 მმ-ს. ჰაერის შეფარდებითი სინოტივე საშუალოდ 81%-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 22000 საათს აღწევს. ჭარბობს სუსტი ქარები – 1,5-2,0 მ/წმ, ძლიერი ქარები იშვიათია.
ქობულეთის პლაჟი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე; კურორტის მთელ სიგრძეზე (12 კმ) პლაჟს ეკვრის შესანიშნავი პარკი სხვადასხვა ჯიშის ხეებით.
ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში აქ გაიშალა კერძო აგარაკებისა და სახლების მშენებლობა. 1923 წელს, როდესაც კერძო აგარაკების ბაზაზე შეიქმნა პირველი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები, ქობულეთი კურორტად გამოცხადდა. იგი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში. ყველა საკურორტო დაწესებულება განლაგებულია კურორტის პარკში, ზღვის ნაპირის გასწვრივ, განკუთვნილია უმთავრესად გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგებია მიღებული ფილტვების არასპეციფიკური დაავადებების, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობისა და ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის დროსაც.
მგზავრობა: რკინიგზით, შემდეგ ავტოტრანსპორტით.

ჩაქვი – ზღვის კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი – SEA SPA
ჩაქვი მდებარეობს ქობულეთის რაიონში, ბათუმიდან 14 კმ-ის დაშორებით 70-92 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ცნობილია ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა ნაირსახეობით.
კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, უახლოვდება ბათუმის კლიმატს. წლის საშუალო ტემპერატურა +14oC, იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5,6oC, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა კი +22,3oC. ნალექები უხვადაა, მათი საშუალო წლიური ჯამი – 2732 მმ შეადგენს. ჰაერის ფარდობითი ტენიანობაა საშუალოდ 78% წელიწადში.
კურორტი ჩაფლულია სუბტროპიკულ მცენარეებში, პლაჟი წვრილკენჭოვანი და ქვიშიანია.
მდ. ჩაქვისწყლის ხეობაში, 5 კმ-ში სადგურ ჩაქვიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთით არის მინერალური წყლების რამდენიმე გამოსავალი. თავისი შემადგენლობით ეს წყლები მიეკუთვნებიან – სუსტად გოგირდწყალბადიან, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიან-კალციუმიან წყლებს, საერთო მინერალიზაციით 0,44 გ/ლ, ტემპერატურა +23oC.
კურორტი ფუნქციონირებს სეზონურად, წლის თბილ თვეებში – შუა აპრილიდან შუა ნოემბრამდე.
კურორტი რეკომენდირებულია გაჯანსაღების, რელაქსაციის, სულიერი და ფიზიკური წონასწორობის აღდგენის მიზნით, როგორც ჯანმრთელი კონტინგენტისათვის, ასევე გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების მქონე დამსვენებლებისათვის.