ენერგოეფექტურობა – ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი გასაღები

12 ნოემბერს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის – „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“ – ფარგლებში, მონაწილეებმაც საქართველოს ენერგოსექტორში არსებული გამოწვევებისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ისაუბრეს.
კონფერენციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება ქვეყანაში. საერთაშორისო მასშტაბით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, არსებობს ბევრი დირექტივა და საერთაშორისო ნორმა, რომელთა გათვალისწინებაც უწევთ ქვეყნებს ერთი მხრივ, ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად და მეორე მხრივ, არსებული ენერგო რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით. რა კეთდება ამ მიმართულებით საქართველოში? რომელი შეთანხმებების წევრია ჩვენი ქვეყანა და რა ვალდებულებებს უქმნის მას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა? ამ საკითხებზე „საქართველოს ეკონომიკა „ენერგო ეფექტურობის ცენტრის“ ხელმძღვანელს გიორგი აბულაშვილს ესაუბრა.

გიორგი აბულაშილი: „მერების შეთანხმება არის თვითმმართველობის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მერიებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობას გლობალური ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფაში. ყველა ქალაქი და მათ შორის საქართველოს ქალაქებიც არიან ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები, შესაბამისად, ამ მოხმარებაზე მიბმულია ნახშირორჟანგის გამოყოფა. შედეგად, ის საკითხები, რაც უნდა განხორციელდეს უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე, გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხებზე გავლენის მომხდენია. მერების შეთანხმების პროგრამა ევროკომისიის ინიციატივით დაიწყო 2008 წელს, საქართველოში ის ხორციელდება 2010 წლიდან. დღეისათვის მთელი პოსტსაბჭოთა ტერიტორიიდან პროგრამაში ჩართულია 150-მდე ქალაქი, მათ შორის რვა ქართული ქალაქია, საერთო მოსახლეობით 15 მილიონი ადამიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაახლოებით 2 მილიონამდე საქართველოში. ყველა ეს ქალაქი თუ მუნიციპალიტეტი მოწოდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს განახლებადი ენერგიის ან ენერგოეფექტურობის გაწერილი პროცედურებით ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაში.
მერების შეთანხმებაში ჩართულობიდან ქალაქების სარგებელი და მიზანი ის არის, რომ ოპტიმიზირებული ენერგეტიკული გადასახადები კონკრეტულად ნიშნავს შემცირებულ საბიუჯეტო ხარჯებს მუნიციპალური ობიექტებისთვის, სუფთა ეკოლოგიას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წახალისებას.

4

ს.ე. საქართველოში რა კეთდება მერების შეთანხმების ფარგლებში?
გ.ა.
საქართველოდან ჩართულია რვა ქალაქი, ესენია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, ფოთი, თელავი და ზუგდიდი. მერების შეთანხმების ფარგლებში არის ასეთი პროცედურა, ქალაქებმა სტრუქტურული მიდგომა უნდა ჩამოაყალიბონ, უნდა შეაფასონ თავიანთ ტერიტორიაზე სად რა ენერგია მოიხმარება, რა რაოდენობის ნახშირორჟანგი გამოიფრქვევა ამ მოხმარების შედეგად და შესაბამისად განსაზღვრონ რომელი სფეროებია კრიტიკული და ნახშირორჟანგის გამოყოფის ინვენტარიზაციის საფუძველზე ჩამოაყალიბონ ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სამოქმედო გეგმაში გაწერილი უნდა იყოს ვადები, პროცედურები, მოსალოდნელი შედეგები და ა.შ. 8 ქალაქიდან საქართველოს ოთხ ქალაქს უკვე დაწერილი აქვს ეს სამოქმედო გეგმა, ეს არის თბილისი, გორი, რუსთავი და ბათუმი. თბილისის და რუსთავის სიაპები უკვე დადასტურებულია ევროკომისიის მიერ, გორის სიაპი განხილვის ეტაპზეა და 6 არცთუ კრიტიკული შენიშვნა ქონდა კომისიას, ბათუმის სიაპი გაგზავნილია და ჯერ ევროპის მხარეს არ დაუწყია მისი შესწავლა, დასრულებულია ქუთაისის სიაპიც მაგრამ ის ჯერ არ არის გაგზავნილი, უნდა დაამტკიცოს ჯერ საკრებულომ, ფოთის და ზუგდიდის სიაპები დამუშავების ეტაპზეა, თელავი ბოლო ხელმომწერია და მის სიაპზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, მას პროცედურულად ჯერ კიდევ აქვს ვადები რომ იმუშაოს ამაზე.
პარალელურად საქართველოში მიმდინარეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი, რომლებიც ამ ქალაქებს ეხმარება სხვადასხვა ობიექტების პილოტირებაში, მაგალითად, რუსთავსა და თელავში ვაკეთებთ გარე განათების პილოტირებას, საუბარია ერთ კონკრეტულ ადგილზე, ქუჩაზე ან სკვერზე. ანუ საპილოტე ქუჩა გადავა ენერგოეფექტურ განათებაზე და მრიცხველის საშუალებით განვსაზღვრავთ მთლიანად ქალაქის გადასვლას ამ სისტემაზე რა შედეგი მოჰყვება.
რუსთავსა და გორში ასევე მიმდინარეობს საბავშვო ბაღების პროექტის პილოტირება. პროექტში ჩვენ გარდა ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც კონკრეტულად საიტების დამზადებაში ეხმარებიან ქალაქებს და ასევე სხვადასხვა პროექტების პილოტირებას ახდენენ. ამასთან ერთად, მერების შეთანხმება ითვალისწინებს დაფინანსების გრძელვადიანი მექნიზმების შექმნას და ვმუშაობთ საერთაშორისო განვითარების მანდატის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებთან, მაგალითად, ევროპის საინვესტიცო ბანკი, იბიარდი და სხვა. ანუ ეს ინსტიტუტები ისეთი არაკომერციული დაწესებულებებისთვის გასცემენ დაფინანსებას, როგორიც არის, მაგალითად, საბავშვო ბაღის პროექტის პილოტირება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ქმნიან საბრუნავ ფულს, რომელსაც ქალაქი დააბრუნებს ოდესღაც, ამ ყველაფრის დათვლა წინასწარ ხდება, საქართველოში ვიწვევთ ამ ტიპის ორგანიზაციებს. მაგალითად, ნეფკო, სკანდინავიური ქვეყნების საფინანსო კორპორაცია, რომელმაც საქართველოსთან მოაწერა ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებას გასული წლის ბოლოს და მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანა არის მერების შეთანხმების პროექტების დაფინანსება. გარდა ამისა, არის ასეთი პარტნიორობა E5P, ანუ ენერგოეფექტურობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership), რომელიც იძლევა საგრანტო დაფინანსებას, პროექტების 30%-ს გრანტის სახით, დანარჩენი ქალაქმა ნაწილი უნდა ისესხოს, ნაწილი თანადააფინანსოს. ჩვენ ქალაქებთან ვმუშაობთ, რომ ენერგოეფექტური იდეები უკვე კონკრეტულ, ფინანსურ პროექტებად აქციონ.

ს.ე. ენერგომოხმარების ტენდენცია როგორია საქართველოში?
გ.ა.
ეს არის მზარდი ტენდენცია. მნიშვნეოვანია ის, რომ ერთია ენერგიის მიწოდება და მეორე – ენერგიის მოხმარება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან ენერგიის მიწოდება განსხვავდება ენერგიის მოხმარებისგან 15-16%-ით. ანუ ეს 15-16% არის ენერგიის გამომუშავების შემდეგ, სანამ ის მომხმარებლებამდე მივა ტექნიკური თუ კომერციული დანაკარგები, ეს არ არის საშინელება, ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ თუ ჩვენ 1 კილოვატს დავზოგავთ მოხმარებაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებით, მივიღებთ იმას, რომ დაახლოებით კილოვატ ნახევარს ვზოგავთ ენერგიის გამომუშავებაში. ამიტომ ენერგო ეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ეროვნულ დონეზე აყვანილი. 1 კვირის წინ გაეროს კომისიის სხდომაზე, მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ენერგოეფექტურობა არის უპირველესი ინსტრუმენტი, როგორც კლიმატის ცვლილების, ასევე ენერგო უსაფრთხოებისთვის. ეს არის საკვანძო ინფორმაცია.
ადამიანის კომფორტზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება ენერგიის მოხმარება, მაგრამ ენერგიის მოხმარების ტრენდი არ უნდა იყოს პარალელური ამ კომფორტზე მოთხოვნის ზრდისა. ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების საშუალებით ეს ტრენდი შეიძლება იყოს დაღმავალი.

ს.ე. გათითცნობიერების დონე როგორია საქართველოში ამ საკითხების მიმართ, მოსახლეობაში ან თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე?
გ.ა.
კარგი კითხვაა, მაგრამ მაგაზე ჩემი პასუხი იქნება ალეგორიული. არის განათლებული ადამიანი, რომელსაც აღარ სჭირდება მეტი განათლება? გარკვეული ცოდნა არსებობს, მაგრამ ეს არის თემა, რომელიც ყოველთვის აქტუალური უნდა იყოს, ყოველთვის მუსირებდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და ეკოლოგიურად ჯანსაღი. მუდმვად მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციის გავრცელებაზე და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“.

როგორც არსებული რეალობა გვიჩვენებს, საქართველოში ენერგოეფექტური სტანდარტების დანერგვა ჯერ საწყის ეტაპზეა. მაგალითისთვის, საქართველოში შენობები არ არის ენერგოეფექტური. უცნაურია. მაგრამ ჩვენი შენობების 1 კვადრატულ მეტრზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი აღემატება ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს, მაშინ როცა ამ ქვეყნებში ჩვენზე კომფორტულად ცხოვრობენ და საქართველოზე ცივი კლიმატიც აქვთ. შენობები არაენერგოეფექტურია და საჭიროა სტანდარტების შემოღება და სავალდებულობა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. შენობების ენერგოეფექტური სტანდარტების შემოღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სპეციალისტთა განცხადებით, სტანდარტებს დაექვემდებარება ელექტრომოწყობილობები – მაცივრები, სარეცხი მანქანები და ა.შ. იმპორტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებელი გახდება მათი სტანდარტიზება და სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს ვალდებულებები აუცილებლად დადგება, თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება მოლაპარაკებები, შესაბამისი პროცედურების გაწერა და მათი შესრულების თარიღების განსაზღვრა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial