“ნოღაიდელი ლიბერალიზმთან მიმართებაში პრინციპულ შეცდომას უშვებს”

ნინო არველაძე
საგადასახადო კოდექსის მუშაობის ორწლიანმა პრაქტიკამ მასში ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი სერიოზული ხარვეზები გამოავლინა. დღის წესრიგში დადგა უამრავი ცვლილებების შეტანის საკითხი, რაც, ერთის მხრივ, მთავრობასა და, მეორეს მხრივ, პარლამენტსა და ექსპერტებს შორის პოლემიკის საგანი გახდა. რა არ ვარგა კოდექსში და რა იცვლება ახლა?

საქართველოს ბიზნეს ფედერაციის თავმჯდომარე, კოდექსის ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, გიორგი ისაკაძე
ბატონო გიორგი, კონკრეტულად რა ცვლილებები გატარდა საგადასახადო კოდექსში და რას ელით მათგან?
– ბიზნესმენებისგან წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნები. საჭირო იყო საკანონმდებლო კორექტირებები, რადგან მის გარეშე საბუღალტრო აღრიცხვის წიგნის ამარა დავრჩებოდით, რომლის გაუქმებაც ძლივს მოვახერხეთ. ყველაფრის დაბალანსების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილებებით ზედმეტად ჩაგრავს ბიზნესს და მის სიმართლეს. ეს უკანასკნელი კი, ჩემი აზრით, გაურკვეველ ჰიბრიდს ემსგავსება – ფინანსთა სამინისტროს ვერტიკალში მდებარე გართულებული დავების კონცეფცია, არარსებული საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც ამჯერად გაუქმებულია და 2008 წლამდეა გადატანილი. როგორც ვატყობ, ჯერჯერობით არავინ აპირებს პრეზიდენტის ბოლო ინიციატივისათვის ყურადღების მიქცევას, რადგან ვიღაცას პარლამენტსა და მთავრობაში თავისი პრინციპები აქვს. ყურადღება არც ინვესტიციებთან დაკავშირებულ პრეფერენციებზე მახვილდება, მასზე აქცენტი პრეზიდენტმაც გაამახვილა. ამ ყველაფერმა თავი მოიყარა და ბიზნეს-საბჭოზე, ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან მოხდა მათი განხილვა. შემდეგ საუბარი გაგრძელდა მის მოადგილეებთან – მიხეილ მაჭავარიანსა და ჯემალ ინაიშვილთან. როდესაც ეს კონცეფცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინ დაიდო, სადაც ჩართულნი იყვნენ ფედერაციის ექსპერტები, საჭირო გახდა მისი მაღალ დონეზე წარდგენა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიჩნიეთ, რომ მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებებს არ გაჰყვებოდა.
– საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაგრამ რამდენად გაჰყვება მთავრობა მათ და რა დარჩება ამ ცვლილებებიდან რეალურად?
– ვფიქრობთ, რომ რაღაცას გავიტანთ.
– ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დღეს ზურაბ ნოღაიდელი კვლავ საგადასახადოსა და საბაჟოს უფროსია და ჩვეული სტილით, შეუბრალებელი და “არაპოზიცია გათვალისწინების” პოზიციით უდგება ბიზნესს დღესაც. შედეგიც მივიღეთ, დიდი ზარ-ზეიმით გავადიდეთ სიგარეტზე აქციზის ფასი, გაიზარდა კონტრაბანდა და ახლა კვლავ დავუკელით. ბენზინზე საკმაოდ გავზარდეთ აქციზი, მივიღეთ წელიწადში სასაცილო 320 000 ტონა, ბენზინი გაძვირდა, გამოსავალზე კი არავინ ფიქრობს, საქართველო არც მწარმოებელია და არც მომპოვებელი, რა უნდა გავაკეთოთ? ეკონომიკის სამინისტრო რომ პროგნოზებს არ აკეთებს, გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, მიიღებს თუ არა ამ ცვლილებებს ზურაბ ნოღაიდელი?
– ჩემი გარე შეფასებით, ამ ეტაპზე ზურაბ ნოღაიდელი ეკონომიკური გუნდის რეალური ხელმძღვანელია. სხვა საქმეა “ქვემოთ” რამდენად სწორად არის ეს ვერტიკალი გადანაწილებული, რომ მისი არყოფნის შემთხვევაში გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა ნაკლებია. მივიჩნევ, რომ ნოღაიდელი ლიბერალიზმთან მიმართებით, პრინციპულ შეცდომას უშვებს. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შემოსავლებზე მონიტორინგი მოხსნა, მეგონა, რომ წნეხი და დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ ბიზნესში არ იგრძნობა (შეშინებულია მებაჟეც და საგადასახადო ინსპექტორიც), მოიხსნებოდა. გარკვეულ ლოკალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიმღები არ გვყავს. ბიზნესმენებს ეს პრობლემებს უქმნის. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მთლიანი შიდა პროდუქტის შემავსებელ მიმართულებებს.
– მაშინ რას ეფუძვნება ეროვნული ბანკის 6%-იანი ოპტიმიზმი? სტატისტიკის დეპარტამენტის 8.6%-იანს?
– სიმართლე გითხრათ, 6%-ს გასახარებალ ციფრად არ მივიჩნევ. არ ვიცი, ეს რუსეთის კრიზისამდე დათვალეს თუ მას შემდეგ, მაგრამ ამ ზრდის იმედი პირადად მე არ მაქვს. მშპ-ის ძალიან სერიოზული კომპონენტები მოაკლდა – ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც უკვე ოპერირებს, საგადასახადო შემოსავლების სწრაფი ზრდა და საბაჟო ტარიფები, რომელიც სოფლის მეურნეობასაც ემუქრება.
– საინტერესოა საბაჟო ტარიფების თემა. საქართველო ჰონგკონგი ვერ გახდება. პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში, რომელიც აგრარული ქვეყანაა – კარტოფილი, კიტრი, პამიდორი და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები იმპორტით შემოდის. ამ დროს მას გვერდით ეჯდა ამ იდეის ავტორი – ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ხმას არ იღებდა.
– მეტსაც გეტყვით. ორ დღეში ამ ყველაფრის ლობირება დაიწყო პარლამენტში. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მის ძირითად მომენტებს მხარი არ დავუჭიროთ, მაგრამ არის ბევრი საკამათო ასპექტი. გაუგებარია, რატომ იბეგრება დღემდე ახალი ტექნოლოგიები (მეორე კითხვით მიღებულ კანონპროექტში უკვე აღარ იბეგრება ს.ე.) ანუ ლიბერალიზმის მომენტები არ ჩანს.
ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავებაში, რომლისგანაც ბევრი რამ არ დარჩა, მაგრამ გავიხსენოთ, თუ რას “ტიროდა” მთავრობა, როდესაც სოციალური გადასახადი 32-დან 20-ზე ჩამოვიდა. გაუგებარია, რამ გაასამმაგა ეს ბიუჯეტი (ანუ საგადასახდო ტვირთის შემსუბუქებამ დადებითად იმოქმედა ბზნესზე და ბრუნვა გაიზარდა, რომელმაც, თავის მხრივ, გაზარდა საბიუჯეტო შემოსავლები? ეს აქსიომაა). გადასახადების რაოდენობა 7-მდე შევამცირეთ, განაკვეთებიც სერიოზულად შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი გაიზარდა, ანუ ლიბერალზმი რეალური ადმინისტრირების პირობებში სერიოზულად ზრდის შემოსავლებს. მაშ რატომ არიან ასე ტრაგიკულად განწყობილნი ლიბერალიზმის მიმართ?
– საქართველოს ისტორიას არ ახსოვს დასაქმების ისეთი ლეგალიზაცია, როგორიც დღესაა. ესეც გადსახადის დაწევის შედეგია?
– დიახ, მაგრამ თუ ფისკალურ დანაკარგზე უნდა გავთვალოთ, არსებობს უახლესი ისტორია, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მისივე ხელმძღვანელობით გაკეთებული, რაც ქვეყნისთვის შედეგიანი აღმოჩნდა, ქვეყანაში ფული გაჩნდა, რომელიც ინფრასტრუქტურის მშენებლობას ხმარდება. შეუძლებელია ამ განაკვეთების ცვლილებით კიდევ დამატებითი ეფექტი არ მივიღოთ. მათი გაკეთებულია და მათი შრომის შედეგად მივიღეთ გასამმაგებული ბიუჯეტი, რაც პირადად მათი ღირსებაა. პირობითად ვთქვათ, რომ არც ერთ ბიზნესმენს თამბაქოს შესახებ ხმა არ ამოუღია, მაგრამ ის ერთი წლის თავზე შეცვალეს. ვნახოთ წლის ბოლოს რა იქნება, მაგრამ ესეც არ არის ხარისხიანად გაკეთებული – იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების განაკვეთები თითქმის გატოლებულია, ამიტომ კმაყოფილი არც იმპორტიორია და არც ადგილობრივი მწარმოებელი. თუ რაიმე გონივრული იდეა წამოვა ბიზნესმენთა ფედერაციიდან და ეს პოლიტიკური მიზნების ან სხვა ამგვარი მიზეზის გამო ვინმესთვის მიუღებელი აღმოჩნდება, მაშინ თვითონ გააკეთონ ყველაფერი, ოღონდ საქმე გაკეთდეს.
– საკმაოდ საინტერესო, სტოკჰოლმის ერთ-ერთი უსაფრთხოების ცენტრის კვლევა ვნახე ინტერნეტში, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შეიარაღებადი ქვეყანაა. ეს ჩვენი ერთ-ერთი სახეა, რომელსაც ვიღაცისთვის დადებითს ნიშნავს, ჩემი შეხედეულებით კი, ეს ძალიან უარყოფითი ტენდენციაა. რუსეთზე თქვეს, რომ იგი იარაღის #1 ექსპორტიორად რჩება. ბიუჯეტის წამკითხველი კაცი მას რომ ნახავს, მიხვდება, რომ ის ორიენტირებული არც განვითარებაზეა და არც სოციალურზე, იგი მილიტარისტული მიმართულებით ხარჯვაზეა მიმართული. კი ბატონო, იყოს, მაგრამ გონივრული განვითარების სქემაში. გაუგებარია, დავუჯერო ხავიერ სოლანას, რომლის აზრითაც ევროკავშირში უკრაინისა და საქართველოს ადგილი ჯერ არ ჩანს, ნატოსთან მიმართებით გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია. რა განვითარების გეგმაზეა საუბარი, როდესაც იმპორტიორს ნებისმიერ დღეს შეიძლება წითელ ხიდთან შეცვლილი ინსტრუქცია დახვდეს. გასაგებია, რომ რუსეთისაგან საერთო ჯამში რეკლამა მივიღეთ, მაგრამ იმ უარყოფით შედეგებს, რასაც რუსეთის ეკონომიკური ემბარგო ჰქვია, წლის ბოლოს მოვიმკით. მახარებს ქართველი და რუსი პრეზიდენტების შეხვედრა, მაგრამ საჭიროა ამ შეხვედრის კონკრეტული შედეგები.
– ვფიქრობ, ნათლად ჩანს ყველა ის პრობლემა, რომელიც მშპ-ის ზრდას აფერხებს..
– მე სხვა რამეს ვხედავ, “მილენიუმი” არის 300 მლნ, რომელიც ინფრასტრუქტურას მოხმარდება, სხვა საქმეა, რა მოდის დამოუკიდებლად “შპს საქართველოსთვის,” რით ვაინტერესებთ უზარმაზარი რესურსების მქონე ფონდებს, კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს? რითი ვფუთავთ ჩვენს თავს ისე, რომ პორტით დაინტერესებისა და “მილენიუმის” ინფრასტრუქტურის გარეშე ჩვენს საქმიანობას ინვესტორი მოჰყვეს. საქართველოში არ მოძრაობს დამოუკიდებელი და თავისუფალი ფული, მოძრაობს ქონების შეძენასთან დაკავშირებული საპრივატიზაციო თანხა.
– პრობლემას კაპიტალის ნაციონალური წარმომავლობები არ წარმოადგენენ, მაგრამ რატომ ინტერესდება ყაზახეთისა და რუსეთის ბიზნესი საქართველოთი და რა არის იმის მიზეზი, რომ ვერ მოვიზიდეთ დასავლელი ინვესტორები?
– ყაზახეთთან მიმართებით, ვფიქრობ ისინი დამატებით და ალტერნატიულ მარშრუტს იქმნიან. სხვა შემთხვევაში, რთულია მათი პორტებით, ტურიზმითა და კომუნკაციებით დაინტერესების ახსნა. ჩვენ თუ ინვესტორებში კოკნურენციას არ შევქმნით, ვერფერს მოვიგებთ.
– რით შეიძლება დასავლელ ინვესტორში ჩვენ მიმართ ინტერესის აღძვრა?
– კარგი შეფუთვითა და ნორმალური პრიორიტეტების ჩვენებით. მათ უნდა დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში ფულის შოვნაა შესაძლებელი. ყაზახებისა და რუსებისგან განსხვავებით, სავარაუდო მოგებასთან დაკავშირებით, მათ გაცილებით შორს მიმავალი გეგმები აქვთ და დიდი კაპიტალი მათ უფლებას აძლევს 5-7 წელი დაელოდონ მოგებას. არის ბევრი უპასუხო კითხვა. საუბარია, პროდუქტ “საქართველოს” წარდგენით მსოფლიოს წინაშე.
– ამ მხრივ რა სასიკეთო ცვლილებების შეტანა შეუძლია საგადასახადო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებს?
– ვფიქრობ, პრეზიდენტის მიერ ნახსენები პრეფერენციები მისაღები იქნებოდა. ვგულისხმობ გარკვეულ შეღავათებს. ჩემი აზრით, მოგვაკლდა ორიგინალური იდეები.
– ხომ არ გეჩვენებათ, რომ მთავრობის გუნდი არ არის ერთიანი? მთავრობისაგან ხშირად ვისმენთ საკმაოდ ლიბერალურ მოთხოვნებს, რომლებიც შემდეგ სამარდებიან.
– ვისგანაც ეს ლიბერალური მიდგომები მომდინარეობს, ხშირად ძალაც აქვთ და ავტორიტეტიც, მაგრამ ისინი საკითხს ბოლომდე თითქმის არ მისდევენ.
– რა არის იმის მიზეზი, რომ რასაც ბრძანებს პრეზიდენტი, არ აკეთებს მთავრობა? ხშირად ამბობს პარლამენტი, მაგრამ არც მას უსმენენ.
– ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და არ შეიძლება იყოს ისეთი დამოკიდებულება ეკონომიკურ გუნდთან მიმართებაში, როგორიც დღესაა. თუ მისი შეფასებები სწორია, ვფიქრობ, მას გარკვეული ახსნა-განმარტებები უნდა მოჰყოლოდა.
– თქვენი აზრით, რატომ არ მოხდა ასე?
– არ ვიცი. მაგრამ ის ვიცი, რომ გუნდი ერთიანი არ არის.
ჩვენი განვითარების ინდიკატორი, პირადად ჩემთვის, სავალუტო ფონდის პროგრამა “მემოს” გარდა, უცნობია. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ ისინი სტატისტიკას არ აღიარებენ, განსაკუთრებით კი გასული წლისას, მაგრამ გაუგებარი რჩება, მაშინ რატომ ეყრდნობიან წლევანდელს?
– თქვენ ფიქრობთ, რომ საგადასახადო პაკეტში ცვლილებების შეტანა სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს? დარწმუნებული ხართ, რომ მთავრობა ამ პროექტს არ ჩააგდებს?
– ჩვენ ყველაფერი ერთად უნდა გავიაროთ. პრეზიდენტმა ამ საკითხზე 26 მაისს ისაუბრა, მაგრამ თუ მას ამ საკითხთა განმახორციელებელი კაცი არ ჰყავს, ვგულისხმობ ინვესტიციების გახალისებას, კოდექსის გამარტივებასა და კონტროლის შემსუბუქებას, მაშინ ჩვენ ვიქნებით 3 მილიარდზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელსაც არ ექნება განვითარების პერსპექტივა.
ძალიან დაინტერესებულნი არიან სასტუმროების ოპერატორები. იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესი თეთრდება, მაგრამ ეს აღსაფრთოვანებელი სიახლე არ არის, ეს იგივეა პრივატიზაციაზე ვთქვათ, რომ ქვეყანაში უდიდესი ინვესტიციები შემოდის. იგი პირდაპირი ინვესტიცია არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგს ვერ ვხედავთ – არ იხსნება ახალი საწარმო, არ ჩანს ახალი საბანკო ან სადაზღვევო პროდუქტები. შეინიშნება გარკვეული ძვრები, მაგრამ მხოლოდ მშენებლობით შემოფარგვლა არ შეიძლება. ყველაფერი რომ მშენებლობაში წავიდეს, ეკონომიკის სხვა სფეროები არ განვითარდებიან.