საბანკო მენეჯმენტის ზოგიერთი საკითხისათვის საბაზრო ეკონომიკის პირობებში

ლამარა ქოქიაური, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, მზია ბარამიძე
მართვა თუ მენეჯმენტი? ბოლო რამდენიმ წლის განმავლობაში საქართველოში მოდური გახდა ცნება “მენეჯმენტი” და არა ჩვენეული “მართვა” მისი ტრადიციული გაგებით. არის თუ არა მათ შორის განსხვავება და თუკი არის, რამდენად პრინციპულია იგი? მენეჯმენტი (მართვა, გამგებლობა, ორგანიზაცია) განიმარტება, როგორც ფირმის მართვა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომელიც მიმართულია საუკეთესო ეკონომიკური შედეგების მიღების ოპტიმალური ხერხის შერჩევისაკენ. ამ დროს გამოყოფენ მენეჯმენტის შემდეგ პრინციპებსა და არსის ელემენტებს (იხ. ცხ. #1).
ეს პუნქტები, მართალია, უამრავ კითხვას ბადებს, მაგრამ მაინც გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს მენეჯმენტზე და, მაშასადამე, გვეხმარება ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაში. თუმცა არსებობს საქმის არსის კიდევ უფრო მარჯვედ და მოხერხებულად გადმოცემებიც. მაგალითად, ფიქრობენ, რომ მენეჯმენტის, როგორც თავისებური ტიპის, მართვის ძირითადი ნიშან-თვისებებია:
საქმიანობის სფერო – მართვის ობიექტის ეკონომიკური ქცევა;
საქმიანობის პირობები – ეკონომიკის განვითარების საბაზრო მექანიზმები;
მართვის ორგანიზაციული ფორმები – საკმაოდ მოქნილი და ფირმის საბაზრო ქცევის პროცესებთან ადაპტირებული;
მოთხოვნები მენეჯერისა და მართვის პერსონალისადმი – პროფესიონალიზმი;
ორგანიზაციული პრიორიტეტები – ადამიანისეული ფაქტორი;
მართვის სტილი – ეფექტიანი საქმიანობის მოტივირება;
პიროვნული ფაქტორი – მენეჯერის შემოქმედება და ხელოვნება;
გარემო – საბაზრო ეკონომიკა.
თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ იმ ნიშან-თვისებებს, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვთ ადამიანებს კარგად მოწყობილი ნებისმიერი მართვისაგან, მაშინ შეგვიძლია დავასახელოთ ტრადიციული მართვისგან მენეჯმენტის განმასხვავებელი მთავარი ნიშნები (იხ. ცხ. #2.)
ჩამოთვლილი ნიშან-თვისებებიდან მხოლოდ მეორე საჭიროებს ერთგვარ განმარტებას. როდესაც ამტკიცებენ, რომ მენეჯმენტის ცნება ორგანულად უკავშირდება საბაზრო ურთიერთობათა პირობებში განხორციელებულ მართვას, ამ დროს უშვებენ ეკონომიკური საქმიანობის საკმაოდ უხეშ გამარტივებას. საქმე ისაა, რომ ყველაზე უფრო განვითარებულ საბაზრო მეურნეობებშიც კი ეკონომიკის ყველა სექტორი და ყველა ეკონომიკური პროცესი როდია ნამდვილად საბაზრო, მართვა კი იქაც აუცილებელია. მაგალითად, საბაზრო არ შეიძლება იყოს საწარმოებისა და ორგანიზაციების ურთიერთობები სახელმწიფო მართვის ორგანოებთან, შიდასაწარმოო (შიდასაფირმო) ურთიერთობები, ზოგიერთი ჯგუფის ურთიერთობები საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის. საბაზრო შინაარსს დიდადაა მოკლებული ურთიერთობები არამატერიალური წარმოების სფეროს ორგანიზაციებთან. საზოგადოდ, არ არსებობს წმინდა საბაზრო ან წმინდა არასაბაზრო ეკონომიკა. იგი ყოველთვის შერეულია (ე.ი. მასში ამა თუ იმ პროპორციით ყოველთვისაა საბაზრო და არასაბაზრო საწყისის მქონე ელემენტები). ამიტომ მართვა არ შეიძლება მხოლოდ ბაზრის სიგნალებზე იყოს ორიენტირებული.
დასახელებული მთავარი ნიშან-თვისებების შედარება გვიჩვენებს, რომ მენეჯმენტი სინამდვილეში მეტწილად იგივეა, რაც ჩვენთვის ჩვეული მართვა (ერთსაც და მეორესაც, ცხადია, დახვეწა სჭირდება). და მაინც, ეს იგივეობრივი და ურთიერთშემცვლელი ცნებები არაა. ჩამოთვლილი ნიშან-თვისებების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მართვა, ტრადიციული ვარიანტით, უფრო ტევადი, პოტენციურად უფრო მდიდარი და ტექნოლოგიური მოვლენაა (და ცნებაა), რომელიც მოიცავს მენეჯმენტს, როგორც კერძო შემთხვევას. გასაგებია, რომ უაზრობაა “მართვაზე” უარის თქმა (თუ სხვა რამ დათქმული არაა, მაშინ შეიძლება სახელმძღვანელოს ტექსტში “მენეჯმენტის” ტერმინის გამოყენება, მაგრამ მისთვის რაიმე ისეთი კატეგორიობრივი მნიშვნელობის მიუნიჭებლად, რომელიც მას “მართვის” მნიშვნელობისგან განასხვავებს).
საბანკო საქმიანობის მართვა და მისი შემადგენელი ელემენტები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის საბანკო სისტემას შეადგენს ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკები, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებები და ინფრასტრუქტურის როლის შემსრულებელი მისი დამხმარე ელემენტები – ის საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ არ ეწევიან საბანკო ოპერაციებს, მაგრამ უზრუნველყოფენ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობას სპეციალური მომსახურების (საინფორმაციო, აუდიტორული და ა.შ.) გაწევით. საბანკო ოპერაციების ჩატარება (საბანკო მომსახურების გაწევა) არის სწორედ საბანკო საქმიანობა. ამდენად, ამგვარ მომსახურებას ახორციელებენ მხოლოდ ცენტრალური ბანკები, კომერციული ბანკები და, ნაწილობრივ, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები.
ლიტერატურაში არსებული ის წინადადებები, რომ საბანკო სისტემას აგრეთვე უნდა მივაკუთვნოთ საბანკო კანონმდებლობა და “საბანკო ბაზარი”, საკრედიტო ორგანიზაციების საზოგადოებრივი კავშირები და ასოციაციები, საფუძველს მოკლებულად უნდა ჩაითვალოს.
საბანკო საქმიანობის მართვაში (საბანკო მართვაში – ამ სიტყვის ფართო გაგებით) ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ მისი ორი, მჭიდროდ დაკავშირებული ნაწილი:
ა) მთლიანად საბანკო სისტემისა და მისი ცალკეული ელემენტების მართვა ცენტრალური ბანკისა და საბანკო სფეროს ცენტრალიზებული მართვის სხვა სპეციალიზებული ორგანოების მხრიდან;
ბ) კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მიერ თავისი თავის მართვა.
ცენტრალური ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის მართვა მოიცავს: საკუთარი საქმიანობის, როგორც საბანკო სისტემის მთავარი ელემენტის, ყოველმხრივ მართვას; ქვეყნის მთელი საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიულ (რამდენიმე წელიწადზე გათვლილ) მართვას; ყველა კომერციული ბანკის და არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობისა და განვითარების მართვას (მათ ოპერატიულ საქმიანობაში ჩაურევლად), ფუნქციონირების ყველასთვის სავალდებულო კონკრეტული წესებისა და მთელი რიგი უმთავრესი პარამეტრების (რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეზღუდვების) ფორმულირების გზით, აგრეთვე მათთვის სათანადო მეთოდური დახმარების გაწევით; იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლობით ცენტრალური ბანკის ნორმატიული აქტებითაა გათვალისწინებული და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას – ცალკეული საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის ოპერატიულ მართვას.
საბანკო საქმიანობის ცენტრალიზებულ მართვაში ცენტრალური ბანკის გარდა თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ სახელმწიფო მმართველობის ისეთი ორგანოები, როგორიცაა საგადასახადო, სასამართლო (უპირველეს ყოვლისა – არბიტრაჟი), საბაჟო, შინაგან საქმეთა და ა.შ.
გარდა ამისა, ამ მართვაში შესაძლოა მონაწილეობდნენ (თუმცა ყველა ქვეყანაში ეს სავალდებულო არაა) ამისათვის საგანგებოდ შექმნილი ორგანოები ან ორგანიზაციები, რომლებსაც აკისრებენ საბანკო სისტემის, მისი ცალკეული რგოლებისა და ამ სისტემისათვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვასთან დაკავშირებული იმ ცალკეული ფუნქციების შესრულებას, რომელთა შესრულებაც სხვა ვითარებაში თვითონ ცენტრალურ ბანკს შეეძლო. მაგალითად, აშშ-ში, გარდა ცენტრალური ბანკისა, რომლის მრავალ ფუნქციას ცენტრალური სარეზერვო სისტემა ასრულებს, მოქმედებენ: ფულის მიმოქცევის კონტროლის სამმართველო (ფინანსთა სამინისტროს ქვედანაყოფი); დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია; შემნახველ ინსტიტუტებზე მეთვალყურეობის უწყება; შტატების მთავრობასთან არსებული 50 საბანკო განყოფილება და სხვა.
ცალკეულ ორგანოებს ხშირად ავალებენ საკრედიტო ორგანიზაციებზე ზედამხედველობას. ზოგ შემთხვევაში ეს ორგანოები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ ცენტრალურ ბანკთან ერთად (ბელგიაში – ფინანსთა სამინისტრო და საბანკო კომისია; გფრ-ში – საკრედიტო ორგანიზაციების მეთვალყურეობის ფედერალური უწყება; საბერძნეთში – სავალუტო კომიტეტი; საფრანგეთში – საბანკო კომისია; შვეიცარიაში – ფედერალური საბანკო კომისია; იაპონიაში – ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საბანკო ბიურო), სხვა შემთხვევაში ისინი ცენტრალური ბანკისგან დამოუკიდებელი დაწესებულებებია, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის ან პრეზიდენტის წინაშე (დანიაში – ფინანსური მეთვალყურეობის სამმართველო, კანადაში – ფინანსური დაწესებულებებზე მეთვალყურეობის ბიურო, ასევეა ნორვეგიასა და შვედეთში).
ბანკების მიერ თავისი თავის მართვა – ესაა თვითმმართველობა, ე.ი. მართვა, რომელსაც ახორციელებენ არა გარედან და არა ბანკის მიმართ გარე სუბიექტები, არამედ თვით საბანკო სისტემის ელემენტები. ამ დროს ისინი ხელმძღვანელობენ საკუთარი მოსაზრებებით, შეფასებებით, ინტერესებით და იყენებენ მათთვის ხელმისაწვდომ მექანიზმებს. ასეთი მართვა ორ დონეზე ხორციელდება – მთლიანად საბანკო სისტემის (ან მისი იმ მსხვილი ნაწილების, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციების მასშტაბური ასოციაციებით ან კავშირებითაა წარმოდგენილი), ან ცალკე აღებული ბანკის დონეზე.
გარედან ბანკების მართვა და მათი თვითმმართველობა საბანკო სისტემის არც ერთ დონეზე არ ხორციელდება ავტონომიურად და პარალელურად. პირიქით, ყოველ მათგანზე ხდება გარედან მართვისა და თვითმმართველობის ელემენტების ერთმანეთთან შერწყმა-შეხამება. იქმნება თავისებური “ფენოვანი ღვეზელი”, რომელშიც მონაცვლეობს თითოეული ამ სახის ელემენტი. თანაც, ფენები უბრალოდ კი არაა გვერდიგვერდ დალაგებული, არამედ ის დიალექტიკურად მოქმედებს ერთმანეთზე, თანაც იმაზე უფრო მჭიდროდ და ღრმად, ვიდრე ეკონომიკის სხვა სფეროებში. გარედან მართვა და თვითმმართველობა საბანკო სფეროში ისეთი პროცესებია, რომლებიც მჭიდრო და განუყოფელ კავშირში იმყოფება ერთმანეთთან, გადადის ერთმანეთში და ერთმანეთისგან არის წარმოებული. ეს თანამედროვე საბანკო მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქვეყანას ახასიათებს.
მთლიანად საბანკო თვითმმართველობა და ცალკე აღებული კომერციული ბანკის დონეზე განხორციელებული თვითმმართველობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მოქმედებათა გარკვეული დერეფნის ფარგლებში იმ მმართველურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესად, რომლის პარამეტრების განმსაზღვრელი ფაქტორები არ ექვემდებარებიან თვით ბანკებს (მცირე გამონაკლისის გარდა). ასეთი ფაქტორები უამრავია, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი: ეროვნული ეკონომიკის ობიექტური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები; სახელმწიფოს ეკონომიკური, საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა (რომელიც ფაქტიურად ტარდება და არა – გამოცხადებული); ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი; ქვეყნის ფულადი მეურნეობის ობიექტური დონე და მისი განვითარების პერსპექტივები, ეროვნული ფულის ერთეულის სიმყარე; სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ხარისხი, მისი გამოყენების პრაქტიკა; საზოგადოებაში, ეკონომიკასა და საბანკო სფეროში მართლწესრიგის დონე; საბანკო მონოპოლიზაციის დონე; მართვის მრავალრიცხოვანი სახელმწიფო ორგანოების კანონქვემდებარე აქტების ხარისხი; ცენტრალური ბანკის საკანონმდებლო აქტებისა და კომერციულ ბანკებთან მისი დამოკიდებულების ხარისხი.
ყველა ეს ჩამოთვლილი ფაქტორი მუდმივად იცვლის თავის ინტენსივობას, მიმართულებას და ნიშნებსაც კი, თანაც ეს იშვიათად ხდება შეთანხმებულად. განსხვავებული მიმართულების მქონე მთელი ამ ცვლილებების შედეგად, რომლებიც აღნიშნავს მათი სამოქმედო ველის გაფართოებასა ან შევიწროებას, თვითმმართველობის პირობების გაუმჯობესებას ან გაუარესებას, “თამაშის წესების” მეტ-ნაკლებად სერიოზულ განახლებას და ა.შ., განუწყვეტლივ იცვლება მოქმედებათა იმ დერეფნის პარამეტრებიც, რომლის ფარგლებშიც ბანკმა უნდა გაიკვლიოს თავისი მოქმედების გეზი.
თვითმმართველობის შესაძლებლობები სხვადასხვაა საბანკო სისტემის სხვადასხვა დონეზე (ისევე როგორც ამ დონეებზე გადასაწყვეტი ამოცანებია განსხვავებული). ისინი შეიძლება განსხვავებული იყოს სისტემის ერთ “სართულზეც” კი. მაგალითად, ცენტრალურმა ბანკმა შეიძლება მოქმედების განსაკუთრებული პარამეტრები დაუდგინოს ყველა ბანკს ან მხოლოდ ზოგიერთ მათგანს; ცალკე აღებული კომერციული ბანკის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ – თავისი ორგანიზაციის კონკრეტულ ქვედანაყოფს.
საბანკო საქმიანობის მართვის ხარისხი. საბანკო საქმიანობის მართვის ხარისხის ან დონის საკითხი ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ბოლო დროს დაისვა პირველად და იგი დამოუკიდებელ პრაქტიკულ და მეცნიერულ ინტერესს იწვევს. ამავე დროს, მასზე გაცემული პასუხი საშუალებას გვაძლევს, კონკრეტულად ვაჩვენოთ ჩვენი საბანკო სფეროს მართვისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.
ჩვენი აზრით, მართვის ხარისხი უნდა გვესმოდეს, როგორც იმ არსებითი თვისებების ერთობლიობა, რომლებიც ახასიათებს მართვის უნარს, დააკმაყოფილოს სამართავი ობიექტის მოთხოვნილებები, ჩვენს შემთხვევაში – ბანკის საქმიანობის პროცესში გაჩენილი მოთხოვნილებები. საბანკო მართვას მის ნებისმიერ ასპექტში ყველაზე ზოგადად შეგვიძლია წავუყენოთ შემდეგი ხარისხობრივი მოთხოვნა: იგი იმ მიზნებისა და ამოცანების ადეკვატური უნდა იყოს, რომლებიც მართვის ობიექტის მოთხოვნილებებს უპასუხებს და მართვის ორგანოების წინაშე დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ საბანკო სისტემის (ბანკების ჯგუფის, ცალკეული ბანკის) მიზნები და ამოცანები მკაფიოდ უნდა იყოს შეცნობილი, იდენტიფიცირებული, რაოდენობრივად და ხარისხობრივად განსაზღვრული და დოკუმენტების სახით დაფიქსირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად გაძნელდება მსჯელობა არა მარტო მართვის ხარისხზე, არამედ საერთოდ მის არსებობაზეც. ბანკის მართვის ხარისხი შეგვიძლია დავაკონკრეტოთ იმ მახასიათებლების ერთობლიობის აღწერით, რომლებიც სამართავი ობიექტის მიზნობრივ, ფუნქციურ, მოტივაციურ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ, სოციალურ, ტექნოლოგიურ და სამართლებრივ თვისებებს ასახავს, იმის გარკვევით, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნულ მახასიათებლებს მართვის პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტები.
ცენტრალური ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის მართვის ხარისხი. ორ გლობალურ ნაწილად საბანკო საქმიანობის მართვის დაყოფიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მართვის ხარისხის განხილვა კონკრეტულად, შესაბამისი დონეების მიხედვით – ცენტრალური ბანკის დონეზე და ცალკე აღებული კომერციული ბანკის დონეზე. ზოგადი, წინასწარი შენიშვნის სახით აქ უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: ბანკის მართვის ხარისხის (დონის) შეფასებებში სუბიექტური წარმოდგენები ბატონობს. ეს ის პოტენციური, ყველაზე დიდი საშიშროებაა ამ საკითხში, რომლის დაძლევა აუცილებელიცაა და შესაძლებელიც.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცენტრალური ბანკის მხრიდან საბანკო საქმიანობის მართვა ოთხ ასპექტს მოიცავს. ამასთან, თავდაპირველად აუცილებლად უნდა გამოვყოთ შემდეგი პრინციპული მომენტები:
1) დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო მართვის პრობლემატიკის გაფართოებას მასში ცენტრალური ბანკის სათანადო სამუშაოს ჩართვით (ბანკების მართვაზე საუბრისას აქამდე რატომღაც იგულისხმებოდა, როგორც წესი, კომერციული ბანკების მიერ თავიანთი თავის მართვა);
2) უნდა გამოვიდნენ იქიდან, რომ საბანკო საქმიანობის მართვის ხარისხის კრიტერიუმები განსხვავებული ექნებათ ცენტრალურ ბანკსა და კომერციულ ბანკებს;
3) შეგვიძლია ვამტკიცოთ: ცენტრალური ბანკის მხრიდან კარგი მართვა წარმოადგენს კომერციული ბანკების მიერ თავიანთი საქმიანობის კარგად მართვის აუცილებელ, მაგრამ არა საკმარის პირობას. სამაგიეროდ, პირველის ცუდი ხარისხი მეორესაც არაეფექტიანს ხდის.
ამგვარად, ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული მართვის პირველი ასპექტია საკუთარი საქმიანობის მართვა. იმასთან დაკავშირებული ცალკეული დებულებები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს მართვა, საბანკო კანონმდებლობასა და თვით ცენტრალური ბანკის ნორმატივებშია მოცემული.
მეორე ასპექტი უკავშირდება მთელი ქვეყნის საბანკო სისტემის განვითარების მართვას ცენტრალური ბანკის მიერ. ამ დროს ეფექტიანი მართვის ორგანიზების უმთავრესი მომენტია აღნიშნული სისტემის პროგრესული და ჯანსაღი განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული კრიტერიუმების განსაზღვრა. ასეთად შეგვიძლია განვიხილოთ სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული საბანკო სისტემის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების პრინციპები: მმართველობა, ევოლუციურობა, ადეკვატურობა, ფუნქციონური სისრულე, თვითგანვითარება, კარგახსნილობა, ეფექტიანობა, ადეკვატური სამართლებრივი თანხლება. ამ კრიტერიალური პრინციპების მონაცემებისა და პრაქტიკის შედარებით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, თუ რამდენად ხარისხიანად ასრულებს ცენტრალური ბანკი ეროვნული საბანკო სისტემის განვითარების მართვას.
მესამე ასპექტი – ყველა საკრედიტო ორგანიზაციის მიმდინარე ფუნქციონირებისა და განვითარების მართვა – ცენტრალური ბანკის მიერ მიღებულ მრავალრიცხოვან ნორმატიულ აქტებში ისხამს ხორცს. ამ აქტების ხარისხი იგივეა, რაც მათი მეშვეობით განხორციელებული მართვის ხარისხი.
ცენტრალური ბანკის მხრიდან საბანკო საქმიანობის მართვის მეოთხე ასპექტი რეალიზდება მის იმ მოქმედებებში, რომლებიც კონკრეტული საკრედიტო ორგანიზაციების გარე მართვას, გაჯანსაღებას, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას უკავშირდება.
ამრიგად,საბანკო მენეჯმენტის, როგორც საკრედიტო რესურსების მოძრაობის უწყვეტობისა და თანადროულობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი საორგანიზაციო სტრუქტურების მიერ მიღებული მმართველობით ღონისძიებათა სისტემა, დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის როგორც მიკრო, ასევე მაკროეკონომიკური პრიორიტეტების მიღწევაში.
ხარისხიან, ეფექტიან და ადეკვატურ საბანკო მენეჯმენტს ძალუძს არა მხოლოდ წინ აღუდგეს ნეგატიური მაკრო და მიკროეკონომიკური ფაქტორების ზემოქმედებას, არა მხოლოდ გაანეიტრალოს ის, არამედ ხშირად გამოიყენოს ისინი თავისი მიზნებისათვის. ამიტომაც ბანკის მიერ ამგვარი მენეჯმენტის განხორციელება წარმოადგენს მისი სიმყარისა და ეფექტიანი მუშაობის ძირითად პირობას და გარანტიას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial