კულტურული და სოფლის ტურიზმი, როგორც მდგრადი განვითარების მულტიპლიკატორი

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასისტენტ პროფესორი სოფიკო თევდორაძე

მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ტურიზმი იმ დასახლებებსა და რაიონებში, რომლებსაც ისტორიული ღირსშესანიშნაობები აქვთ, გადაიქცა შემოსავლისა და ეროვნული ეკონომიკის ზრდის არსებით წყაროდ. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური არასატაბილურობის გამო შეინიშნებოდა ტურისტული აქტივობის ვარდნა.

მართალია, ტურისტულმა ბრუნვამ 1995 წლიდან, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეობებთან შედარებით, გვიჩვენა სტაბილურობის საკმაოდ მაღალი დონე ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი, მაგრამ მისი ზრდის ტემპები დაეცა და აღინიშნა ტურისტული ნაკადების გეოგრაფიის გარდაქმნა. ეს იმას მოწმობს, რომ ტურისტული დასვენება იქცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩვეულ მოთხოვნილებად. ამასთან ერთად, არსებობს იმისი აუცილებლობა, რომ მოხდეს ამ ნაკადების ორიენტირება შემომსვლელ ტურიზმზე.
კულტურულ ტურიზმს ტურისტებისათვის აქვს შემეცნებითი, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და სხვა მნიშვნელობა. ის ითვლება საკმაოდ შემოსავლიან სფეროდ განვითარებადი ქალაქებისა და რეგიონებისთვის. ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პოზიტიური ეფექტი აშკარაა იმ ეკონომიკურ სარგებელში, რომლის მიღებაც შეუძლიათ ქალაქებსა და მათ მცხოვრებლებს საწარმოებში ჩადებული ინვესტიციების, შენობების არენდის, კერძო სახლების გაქირავების, ხელოსნობისა და რეწვის საგნების გაყიდვის (და ა.შ.) შედეგად. მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება საცხოვრებლის რესტავრაციისა თუ რეკონსტუქციის ხარჯზე, დასახლებებისა და ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შედეგად. სოციალურ სფეროში ტურისტული ინდუსტრია რიგ პრობლემებს წყვეტს: ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დონეს, აძლევს რა მათ სამუშაო ადგილებს, აზიარებს საერთაშორისო კულტურის ღირებულებებს (პიროვნებათაშორისი ურთიერთობების შედეგად). ამგვარად, კულტურული ტურიზმი მნიშვნელოვანი მასტაბილიზირებელი ფაქტორია თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში1.

კულტურულ ტურიზმს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი შემადგენელი: ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, რომლებიც მოიცავს განსაკუთრებულ კულტურულ ლანდშაფტებს, ისტორიულ ქალაქებსა და სოფლებს, არქიტექტურულ ძეგლებს, სხვადასხვა ტიპის მუზეუმებს, არქეოლოგიურ გათხრებს, ხელოსნობას, დღესასწაულებს, ტრადიციულ ხალხურ სამზარეულოს. ყველაფერი ეს ჭარბად არის საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, რომლებსაც მდიდარი ისტორია და კულტურული ტრადიციები გააჩნია. მაგრამ საქართველოს ზოგიერთი კუთხისთვის ტურიზმის განვითარება დღეს ნაადრევად გვეჩვენება. ეს განპირობებულია ქალაქებისა და სასოფლო რაიონების სუსტი ინფრასტრუქტურით: სასტუმროების, კვებისა და დასვენების ობიექტების არარსებობით, აგრეთვე მოსახლეობის მოუმზადებლობით კულტურისა და ბიზნესის ამ სფეროში მუშაობისთვის, კვალიფიცირებული სამმართველო კადრების არარსებობით, სუსტი ინფორმირებით მემკვიდრეობისა და კულტურული პროგრამების არსებობის შესახებ.
პრობლემის მეორე წრე დაკავშირებულია კულტურის კომერციალიზაციასთან და ტურიზმის (როგორც კომერციული საქმიანობის) განვითარებასთან. უპირველეს ყოვლისა ქალაქებისა თუ სოფლის დასახლების ადმინისტრაციას არ შეუძლია იმოქმედოს ტურისტული ნაკადების ფორმირებაზე, ტურისტულ და კულტურულ პროგრამებზე. ამასთან, ტუროპერატორები სარგებლობენ ქალაქის ინფრასტრუქტურით, კულტურის ობიექტებით, ქალაქის ბიუჯეტში კი არ შეაქვთ არანაირი მოგება.
ისტორიულ ტერიტორიებზე, სადაც განვითარებული არქიტექტურული სივრცითი და ტურისტული ინფრასტრუქტურაა, უკვე ჩამოყალიბდა კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის რეალური სუბიექტები. ეს არის ტურისტული კომპანიები, მუზეუმ-ნაკრძალები, ქართული მართმადიდებლური ეკლესია და ადგილობრივი მოსახლეობა. თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი მიზნები და ამოცანები გააჩნია, ამასთან, ისინი ძალიან სუსტად მუშაობენ პარტნიორულ რეჟიმში ქალაქისა და რაიონის განვითარების ერთიანი პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს ბევრ ქალაქში არ არსებობს ეკონომიკური და სოციოკულტურული განვითარების კომპლექსური პროგრამები, რომლებშიც მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმს განეკუთვნება. არასაკმარისი ძალისხმევა იხარჯება ტერიტორიის “დადებითი იმიჯის” შესაქმნელად საქართველოსა და მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე. მართვის სისტემის რეორგანიზაციაში არსებული სირთულეები იწვევს ტურიზმის განვითარების შენელებას და, მაშასადამე, ქალაქების ეკონომიკური პრობლემების გაღრმავებას.
ცხადია, რომ გარკვეული გადარიცხვები ქალაქის ბიუჯეტიდან (რომელშიც მიდის ანარიცხები ტურისტული ბიზნესიდან), უნდა ხმარდებოდეს ისტორიული ნაგებობებისა და ქალაქის გარემოს კონსერვაციასა და რეკონსტრუქციას. რაც მეტია ქალაქში კულტურული და ბუნებრივი ღირებულებები, ისტორიული ძეგლები, რაც მეტი სახის მომსახურების შეთავაზება შეიძლება ტურისტებისათვის, მით უფრო ხანგძლივი დროით ჩამოდიან ისინი. ეკონომიკური სარგებელი ასეთი ტურისტებისგან (სასტუმროებითა და კვების ობიექტებით სარგებლობით ხარჯზე) ბევჯერ აღემატება იმას, რასაც იღებენ ქალაქში ერთი-ორი დღით ჩამოსულებისგან. ამიტომ ერთ-ერთი იმ პრობლემათაგან, რომელთა გადაწყვეტა ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე, არის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ღირსშესანიშნაობათა რაოდენობის გაფართოება: ადგილობრივი სტილისტიკის ძველი შენობების რეკონსტრუქცია და რემონტი, ახალი ტერიტორიების კეთილმოწყობა, კერძო პანსიონების განვითარება და სასტუმროების მშენებლობა. გარდა ამისა, პატარა კერძო კაფეებისა და რესტორნების გამოჩენა ეროვნული სამზარეულოთი, გართობის ინდუსტრიის გაფართოება, დღესასწაულები, ფესტივალები, გამოფენები, კონცერტები და ა.შ. გახდება მთლიანად ქალაქის განვითარების სტიმული2. ეს გამოიწვევს რეგიონებიდან წასული ახალგაზრდების (როგორც კვალიფიციური კადრების) უკან, რეგიონში დაბრუნებას და დასაქმებას.
ქალაქის ისტორიული ცენტრისა და გარემომცველი ტერიტორიის განვითარება დაკავშირებულია იმ ბუნებრივი კომპონენტებისა და ლანდშაფტის ათვისებასთან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ამიტომ გარკვეულ ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ზონებისა და სქემების დამუშავებისას (ისევე, როგორც ექსკურსიისა და დასვენების ზონების ორგანიზაციისას), საჭიროა გავითვალისწინოთ ბუნებით, რეგიონის ისტორიული მონაცემებით, ადგილობრივი კულტურის ეთნიკური და სოციალური ელემენტებით განპირობებული თავისებურებანი.
ბევრ ქალაქსა და ისტორიულ სოფელში ტურისტებისთვის საინტერესოდ და მიმზიდველად ითვლება ღია ცის ქვეშ მუზეუმების ან მუზეუმ-ნაკრძალების დათვალიერება, რომლებიც გახსნილია ღია ტერიტორიაზე მის ისტორიულ ნაწილში. აქ დემონსტრირება უკეთდება არა მარტო სტატიკურ, არამედ დინამიკურ ექსპოზიციებსაც: ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, თამაშობები და სხვა. ასეთი ტიპის ტერიტორია-ნაკრძალები შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც პარტნიორობა. Eეს ტერიტორია-ნაკრძალები წარმოადგენს ქალაქის გარემოს მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს, ხელს უწყობს რა კულტურის რეგიონალური ნიშნების შენარჩუნებასა და განვითარებას, ამასობაში კი ნაწილობრივ წყვეტს ფინანსურ პრობლემებსაც.
ტურიზმის განვითარების ორგანიზაციულ-მმართველობითი ასპექტები საკმაოდ მნიშვნელოვანია და საჭიროებს სპეციალურ დამუშავებას. მრავალ ღონისძიებას შეიძლება სტრატეგიული მიმართულება ჰქონდეს და ორიენტირებული იყოს მომავალზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია ერთჯერადი მოვლენით, (მათ შორის დღესასწაულების, ფესტივალების, სპორტული ღონისძიებების და სხვა ორგანიზაციის დროს). პერსპექტივაზე ორიენტირებულ ასეთ საქმიანობაში უნდა შედიოდეს ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაბამისი მუნიციპალური მმართველობის ფორმირება, რომელიც მოახდენდა მომავალი ადგილობრივი ტურისტული საწარმოების, სასტუმროების მუშაობის კოორდინაციას და გააანალიზებდა ტურიტულ რესურსებს, შეაფასებდა ბაზარს, ჩამოაყალიბებდა ტურისტულ მოთხოვნებს, ჩაატარებდა სარეკლამო სამუშაოებს და სხვა. ეს ყველაფერი აქტუალურია პატარა ქალაქებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ აქამდე გამოუყენებელი კულტურული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტი.
ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა გარკვეული საინვესტიციო პოლიტიკის გატარება, მათ შორის, დასავლეთის პარტნიორობითაც. ამ შემთხვევაში საჭიროა გარანტიის დაცვა იმ ქვეყნის მხრიდან, სადაც ტურიზმი ვითარდება, ეს კი ძნელია ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროს. ამიტომ დღესდღეობით აუცილებელია შიდა რეზერვების მოძიება, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის, ისტორიული შენობების, ძეგლების მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით, შესაძლებელი ერთობლივი საწარმოების შექმნის, აქციების გამოშვების, ინვესტორების მოზიდვის გზით და ა.შ.
საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დამუშავება ტურიზმთან დაკავშირებით, მართვის სისტემის ფორმირება.
სოფლის ტურიზმი – ეს არის ტურისტული ინდუსტრიის ახალი სექტორი, რომელსაც მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ექსპერტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ ინსკიპი შემდეგნაირად განმარტავს:
“სოფლის ტურიზმი არის ტურისტების მცირე ჯგუფების მოგზაურობა დასვენების მიზნით სოფლის, ზოგჯერ ცენტრიდან მოშორებულ ტრადიციულ დასახლებებში ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გასაცნობად”3.

დღეს ტურიზმის ეს სახე საქართველოში პრაქტიკულად არ არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული რესურსის, შესაბამისი კადრებისა და პროგრამის არარსებობის გამო. საქართველოს თითოეული რეგიონი დიდი ტურისტული პოტენციალის (რესურსის) მატარებელია, მაგრამ ისინი არ არის დღემდე სათანადოდ შესწავლილი და გამოყენებული. თითოეულ ასეთ ტურისტულ რესურსს სჭირდება განვითარების სპეციალური პროგრამა, რაც ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ზოგად ჭრილშია მოცემული, ეს კი სოფლის ტურიზმზე მოთხოვნის ზრდისა და განვითარებისათვის არასაკმარისია.
ტურიზმის განვითარება საქართველოს რეგიონულ დონეზე უნდა ეთანხმებოდეს სოფლის ტურიზმის განვითარებას. ბევრი რაიონისა და ქალაქის ბუნებრივი და რეკრეაციული რესურსი შესაძლებლობას იძლევა, მოსახლეობას ჰქონდეს იმედი ზაფხულში შენობების გაქირავებისა (დამსვენებლებზე). სწორედ ამ ტერიტორიებზე, დიდი მდინარეებისა თუ მყუდრო და თვალწარმტაცი პატარა მდინარეების გასწვრივ, შესაძლებელია ტურიზმის ისეთი სახეობების განვითარება, როგორებიცაა სპორტული, ეკოლოგიური, საბავშვო და ახალგაზრდული, ეთნოგრაფიული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი (როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში). სოფლის ტურზმი შეიძლება ორიენტირებული იყოს “საშუალო” და “საშუალოზე დაბალი” ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ტურიზმის ეს სფერო გამოირჩევა იმით, რომ დასვენება შეიძლება შედარებით მცირე დანახარჯებით (ეს სოფლის ტურიზმის ძირითადი მოტივაციაა – იაფად, ნაკლები კომფორტით, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნო გარემოში დასვენება). ყოველივე ეს უზრუნველყოფს როგორც პატარა ქალაქების, ისე სოფლის მცხოვრებლების დამატებით დასაქმებას (საცხოვრებლის ქირავნობით გაცემა, სტუმრების მომსახურება, კვების პროდუქტების, ხალხური რეწვის ნაწარმის წარმოება და გაყიდვა).
სოფლის ტურიზმმა შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს რაიონის განვითარებას. ასეთ ორგანიზაციაში კვლავ დგება საკითხი სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის მომავალი პარტნიორობის სპეციალური ტიპის შექმნის შესახებ, მასში შეუძლიათ შესვლა ისეთ პოტენციურ პარტნიორებს, როგორებიც არიან: სოფლის თვითმმართველობის კომიტეტი, კულტურული ობიექტების წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც უკვე მზად არიან ტურისტული საქმიანობისათვის.
საზღვარგარეთის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სოფლის ტურიზმის წარმატებული განვითარებისათვის ევროპის მრავალ ქვეყანაში შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რომელიც ახორციელებს სოფლის სახლების რესტავრაციასა და ეროვნულ სტილში გაფორმებას თანამედროვე კომფორტისა და სიმყუდროვის შენარჩუნებით. გარდა ამისა, ასეთი ტურისტული პროდუქტი პასუხობს იმ ახალი გადახდისუნარიანი მომხმარებლის მოთხოვნებს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში მნიშვნელოვან სეგმენტს იკავებს და ჩვენს ქვეყანაშიც არის. სოფლის ტურისტული პროდუქტის კონკურენტუნარიანობამ მრავალ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, დაეკავებინა მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო ტურიზმის ლიდერი ქვეყნების ტურინდუსტრიაში.
კულტურული და სოფლის ტურიზმის
განვითარების პრიორიტეტები
კულტურისა და ტურიზმის კავშირს (“კულტურული ტურიზმი”) შესწევს უნარი, გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ისტორიული ტერიტორიების განვითარებისა და შეაკავშიროს კულტურული მოღვაწეობის სხვადასხვა სუბიექტები. Eეს ხდება მაშინ, როცა ამ პროცესებში ერთვება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები, საზოგადოებრივი და ბიზნეს სტრუქტურები სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოების ეგიდით. ასეთი მიდგომის დროს საქართველოს კულტურის სამინისტროს (როგორც ასეთი ურთიერთქმედების მონაწილის), როლი არსებითი ხდება. სხვა უწყებები ხდებიან ისტორიულ ქალაქებსა და სოფლის ტერიტორიებზე კულტურული ტურიზმის განვითარების ახალი პროგრამების პარტნიორები.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილზევე დამუშავდეს კულტურული ტურიზმის განვითარების პროგრამები, რომლებიც უნდა იყოს ქალაქის, სოფლისა თუ რაიონის განვითარების პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ასეთი პროგრამები იქმნება როგორც ტერიტორიის ეკონომიკური განახლების ინსტრუმენტი. ისინი ორიენტირებულია ტურიზმის გავრცელებაზე უკვე ჩამოყალიბებული ცენტრებიდან ახალ და ე.წ. “მცირემიმსვლელებიან” ტერიტორიებზე. ასეთი პროგრამები – ეს არის ტურისტული პროდუქტი, რომელიც, პირველ რიგში, გვთავაზობს ტერიტორიის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ ხელოსნობას, ფოლკლორულ ფესტივალებს და სხვა. მაშასადამე, ასეთი პროდუქტის განვითარება ითვლება მთელი რეგიონის განვითარების გამაერთიანებელ კულტურულ ფაქტორად.
მკაფიოდ დიფერენცირებული ტურისტული პროდუქტი არ არის ადგილისა თუ რაიონის ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის უბრალოდ აღწერა, მან უნდა გააერთიანოს გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი და კულტურული შემადგენლები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და აქტიური საქმიანობის სახეობები, რათა სტუმარს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა. პროგრამის მიზანია, მიიზიდოს ტურისტები ქალაქში, სოფელში, რაიონში, სთავაზობს რა მათ შესაძლებელი მარშრუტების ნაირსახეობას. ამასთან ერთად, უმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე ლოკალური კულტურისა თუ ცხოვრების არსებული წესის მკვეთრი შეცვლისა თუ განადგურების გარეშე.
სასოფლო ადგილებსა და პატარა ქალაქებში, სადაც სოფლის ტურიზმი ვითარდება, დგას პრობლემა – როგორ გამოავლინონ, გამოიყენონ ან ჩამოაყალიბონ ტურისტული რესურსი:
ა) კულტურული ღირსშესანიშნაობები, სოფლის სახლები, კოტეჯები, კარვის ქალაქის განსათავსებელი მოედნები მონასტრებთან ახლოს და ა.შ.
ბ) სპეციალური ობიექტების მშენებლობა – ტურისტების განთავსების მიზნით, როგორებიცაა: “ეროვნული სოფლები”, “მონადირის/მეთევზის სახლები”, “კულტურული ცენტრები”, კემპინგები და ა.შ., რომლებიც სასტუმროს ფუნქციებს ასრულებს.
ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭიროა სოციალური ამორტიზატორების პოვნა, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემდა, დაგვესაქმებინა სოფლის მცხოვრებლები, შეგვენარჩუნებინა სოფლისა თუ ქალაქის მოსახლეობის ადრინდელი სიმჭიდროვე, თავიდან აგვეცილებინა მიგრაცია და ნეგატიური სოციალური მოვლენები.
კულტურული თუ სოფლის ტურიზმი უნდა განიხილებოდეს როგორც ალტერნატიული საქმიანობა (მცირე ოჯახური ბიზნესის ფორმა) და მას უნდა გაეწიოს პოლიტიკური და, მაშასადამე, იურიდიული და ფინანსური მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან.
კულტურულმა და სოფლის ტურიზმმა შეიძლება იარსებოს გარკვეულ სივრცით გარემოში, ადგილის ისტორიულ-კულტურული პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების ხარჯზე. მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას აქვს ტერიტორიული – ლოკალური, რეგიონთაშორისი და ინტერნაციონალური ხასიათი. ტურიზმის ასეთ ტიპს შეუძლია გახდეს ტერიტორიის მრავალგვარი პრობლემის გადაწყვეტის ინსტრუმენტი. შამწუხაროდ, ჩამოყალიბდა გარკვეული წყვეტილობა იმ შესაძლებლობებს შორის, რომლებსაც გვთავაზობს კულტურული და სოფლის ტურიზმი და იმ შედეგს შორის, რომელიც რეალურად არსებობს.

ამ მიმართულების გარდასაქმნელად კულტურული ინდუსტრიის სფეროში საქართველოს კულტურისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მხრიდან საჭიროა:
1. Aამ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სამსახურებთან ერთად (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სხვა.) დაამუშაონ კულტურული და სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო დარგთაშორისი პროგრამა. ის უნდა გახდეს ქალაქებისა და სოფლის ტერიტორიების კულტურის განვითარების პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდამჭერი.
2. ცვლილებები შევიდეს კანონში ტურიზმისა და კურორტების შესახებ, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ანარიცხები ტურისტული მოგებებიდან კულტურული ობიექტების, ისტორიული ძეგლების, ქალაქისა თუ სოფლის გარემოს რესტავრაციისა და მხარდაჭერისთვის. ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისათვის გაიზარდოს რეგიონების ბიუჯეტი და დაწესდეს მკაცრი კონტროლი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
3. მხარი დაეჭიროს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და ინტერაქტიური ტურისტული პორტალების შექმნას რეგიონალურ დონეზე, სადაც შევა მთელი ინფორმაცია კულტურული მარშრუტების, მოვლენების, ძეგლების, ისტორიული ადგილების, მუზეუმების, კერძო საცხოვრებელი სახლებისა და სხვ. შესახებ, რაც აუცილებელი ფაქტორია კულტურული და სოფლის ტურიზმის სექტორის წარმატებული ფუნქციონირებისათვის.
კულტურული და სოფლის ტურისტული სექტორის განვითარებისათვის საჭიროა:
ძეგლების, მუზეუმების, ისტორიული მარშრუტებისა და სხვ. შესახებ მონაცემთა რეგიონული და რეგიონთაშორისი ბაზების შექმნა, რომლებიც განკუთვნილია ტურისტებისათვის და ლოკალური დონის ტურისტული ბიზნესის სუბიექტებისთვის;
ჩატარდეს საგანმანათლებლო სემინარები და გაეწიოს კონსულტაციები მუნიციპალურ წარმონაქმნებს (მათ შორის სასოფლოსაც), საკუთარი კულტურული პოტენციალის შეფასებისა და კულტურული ტურიზმის მუნიციპალური ეკონომიკის და კულტურის განვითარების შემოსავლიან სექტორად ქცევისათვის.;
დამუშავდეს კულტურული და სოფლის ტურიზმის განვითარების პროგრამები რეგიონალურ (ლოკალურ) დონეზე,
დამუშავდეს ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაარეგულირებს ტურისტულ საქმიანობას და კულტურულ სფეროს;
ხელი შეუწყოს ტურისტული კულტურული პროდუქტის ბაზარზე წინ წაწევას ე.წ. “პრომოუშენს”.
სოფლის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი (როგორც იმ ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომლებიც ამ სექტორს ითვისებენ, მაგ., იტალია, კვიპროსი, ბულგარეთი და ა.შ.), არის პოლიტიკური გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან სოფლის ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად.

საქართველოში კულტურული და სოფლის ტურიზმის დაგეგმვა და განვითარება უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების სამი ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით:
ეკოლოგიური მდგრადობა უზრუნველყოფს საბაზო ეკოლოგიური პროცესების, ბიომრავალფეროვნების და ბიოლოგიური რესურსების ერთობლივ განვითარებას;
სოციალური და კულტურული მდგრადობა უზრუნველყოფს ისეთ მდგრადობას, რომლის დროსაც ადამიანების ცხოვრება, მათი ერთობლივი კულტურა და ღირებულებები ყოველმხრივ დაცულია და როცა კულტურული თვითმყოფადობა კიდევ უფრო მტკიცდება;
ეკონომიკური მდგრადობა უზრუნველყოფს განვითარების ეკონომიკურ ეფექტურობას, როცა რესურსების გამოყენების არჩეული მეთოდი იძლევა ამ რესურსების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნების გარანტიას.
მდგრადი ტურიზმი უზრუნველყოფს შემოსავლებისა და ხარჯების სამართლიან განაწილებას. ტურიზმი ქმნის სამუშაო ადგილებს როგორც ადგილობრივ ტურიზმის სფეროში, ისე მომიჯნავე სექტორებშიც.
ტურიზმი იწვევს მომგებიანი შიდა დარგების: სასტუმროებისა და ტურისრთა განთავსების სხვა საშუალებების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტების, სატრანსპორტო სისტემების, ხალხური რეწვისა და საექსკურსიო-ინფორმაციული საქმის სტიმულირებას.
ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზიდვას, უზრუნველყოფს კაპიტალდაბანდებებს ადგილობრივ ეკონომიკაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას.
ტურიზმი ახდენს ადგილობრივი საბაზო ინფრასტრუქტურის: ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა საბაზო სისტემების სტიმულირებას.
კულტურული ტურიზმი ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის თვითშეგნების გაღრმავებას და იძლევა იმის საფუძველს, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ადამიანებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს ტურიზმის მეშვეობით დამყარებული მჭიდრო კონტაქტების გამო.
ეკოლოგიური ტურიზმი ხელს უწყობს არასასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულად გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, დიდ ფართობებზე იქნას შენარჩუნებული ბუნებრივი ფლორა და ფაუნა.
ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმი წარმოაჩენს ბუნებრივი და კულტურული რესურსების უდიდეს მნიშვნელობას საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში და ხელს უწყობს მათ დაცვას.4
ამრიგად, კულტურული და სოფლის ტურიზმის განვითარებას ღრმა სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნის ეკონომიკისათვის. კულტურული ტურიზმი საქართველოსთვის ტრადიციული და ყველაზე უკეთ ორგანიზებული ფორმაა, ხოლო სოფლის ტურიზმი – მეტად პერსპექტიული. ის არა მარტო ტურიზმის სფეროს განვითარების ხელმშემწყობია, არამედ ერთგვარი მულტიპლიკატორი როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისათვის, რომელიც ამ დარგის განვითარებას იწვევს. უფრო მეტიც, ტურიზმის საშუალებით მოძიებული ახალი საქმიანი პარტნიორების მეშვეობით უზრუნველყოფილი ხდება ქვეყნის მდგრადი განვითარება.