ჩაი და ხალხი, ანუ “ფასთ ჩაის” თეორიის უპირატესობა

ემზარ ჯგერენაია
ვიღაცა იტყვის, პაპანაქება ზაფხულში, როცა ღვარცოფი გვდის და სული გვეხუთება, როცა სიცხე ყველაზე მცივანებსაც კი აშმაგებს, რა დროს ჩაიაო? ან ხალხი რა შუაშია. არადა, სწორედ ხალხია შუაში. თან, ტელესივრცეში სერიალების სახელად ასეთი სათაურებია ახლა მოდაში. ჩვენც ერთ დიდ სერიალს ვყვებით.
ეს დიდი ხნის წინათ იყო, როცა აფხაზეთის მცხუნვარე მზე არა მარტო თბილისელებს რუჯავდა, არამედ იქ განფენილ ჩაის პლანტაციებსაც. ძალიან ლამაზები იყვნენ, ნარნარები, ახოვანები, ქორფები და თავმომწონეები. მახსოვს, ხშირად ტურისტები მოყავდათ უცხოეთიდან მათ დასათვალიერებლად. ძალიან მიკვირდა მათ რიგებში გაზრდილ გაველურებულ ბავშს – ნეტავ რა უკვირთ და ასე გაფაციცებით რას ათვალიერებენ-მეთქი, მაგრამ მაინც მიხაროდა, რადგან საღეჭ რეზინას გვჩუქნიდნენ იქვე მოთამაშე კომუნისტური იდეოლოგიის შვილებს. მერედა მთელი ქვეყანა მაგ ჩაით ცხოვრობდა და აკეთებდა ფულს. მეჩაიეებს კარგი შემოსავალი ჰქონდათ, დამამზადებლებზე და რაიკომის მდივნებზე არაა ლაპარაკი, ფულში ბანაობდნენ. უფრო მეტიც მახსოვს, ჩემი სახლის წინ მდებარე უჟმურ ფაბრიკაში გამოშვებული ფოლგის ქაღალდში შეხვეული ქართული ჩაი თბილისელებისათვის მეტად სასიხარულო საჩუქარი იყო. ამ ქარხნის ლაბორატორიაშიც ხშირად ვიპარებოდით კოლბის მოსაპარად, – სათევზაოდ იყო კაი. იქ ისეთი სურნელი ტრიალებდა, ათას ერთ ღამეში რომ წამიკითხავს. ისიც ვიცი, ამ ფაბრიკაში შორეული ცეილონიდან რომ მოქონდათ ჩაი ყუთებით და ურევდნენ, რათა საუკეთესო გამოსულიყო. პლანტაციებს ბოლო არ უჩანდა. მთელი ქვეყანა ერთ დიდი პლანტაცია იყო.
მერე გავიზარდეთ და ახლა მარიამს, ვენერას და ბესედას ვსვამთ. ჩვენ, ქართველები, ჩაის ქვეყნის შვილები, რუსულ ბესედა-ჩაის ვსვამთ. ნეტა ეს ბესედა რომელ გაყინულ მინდორზე მოყავთ რუსებს? ან კიდევ ეს მარიამი, რა ჩაია, არავინ იცის. იქნებ არც არის საერთოდა ჩაი, ალბათ ასეა, იმიტომ, რომ მეცნიერებმა და ზოგმა დიდად განათლებულმა სპეციალისტმა დიდი კვლევის შედეგად (და ასეთები ოხრად გვყვანან) დაადგინეს, რომ ცეილონის ჩაი ჯობია ქართულს ტონუსის მიხედევით. და საერთოდ, უკეთესია, ჩაის მაგივრად საღებავი სვათ, რადგან არც ტონუსი აგეწევათ და სწრაფადაც მზადდება, – არ უნდა ეს დაყენება, მოდუღება, ლოდინი… ფასთ ფუდი ხომა ეს არის “ფასთ ჩაი” – ჩააგდე საღებავებით და მტვრით სავსე პაკეტი ცხელ წყალში და ჰოპ, უცებ შეღებილი წყალიც მზად არის. რა მნიშვნელობა აქვს, ჩაი თუ არაა, მუქი ხომა არის და თანაც არ ინერვიულებ, წნევა აგიწევს თუ ტონუსი დაგივარდება. რაც მთავარია, უცხოურია და რეკლამირებული.
ასე მაგალითად, ჩაი რიტამ და იზოლდამ რეკორდი დაამყარეს, – ცხელი წყალი ჭიქაში ჩადებამდე გაამუქეს. აბა.. არ დაიჯერებთ. რა საჭიროა ქართული ჩაი, იმას ნამდვილად არა აქვს ასეთი თვისებები. თან ამდენი კაცი იყო დასაქმებული. ამ ჩაის საქმეში იყო კორუფცია და ერთი ამბავი, მათ შორის მიწერებიც, ახლა კი მორჩა, არც ჩაია და არც ხალხი, პრობლემაც გადაჭრილია. თან აგერ, კენია 15 წელიწადში გახდა მეოთხე ჩაის მიმწოდებელი მსოფლიოსათვის. ეე, მაგ ზანგები, მაგინი ღირსნი არიან ჩაის კრეფის, ეს რა ჩვენი საკადრისი საქმეა, ზანგები ხომ არ ვართ. სულ მიჩიჩინებენ უვიცების იმპერატორები: კაცო, არაა ჩვენი ჩაი ისეთი და ასეთი ხარისხის, არაა ჩვენი ხალხი ამის გამკეთებელი, ჩვენ რჩეული ერი ვართ… ამას ამბობენ და თან დიდი სიამტკბილობით რუსულ ჩაი ბესედას შეექცევიან შაქრის დიდი დოზით, შიგა და შიგ კი ახალი მოდით ქართული პროდუქციის უხარისხობაზეც მსჯელობენ. 50 მილიონის ჩაი შემოგვაქვს ყოველწლიურად და აქედან ნამდვილი ინგლისური ცეილონური ჩაი მხოლოდ 5%-ია, დანარჩენი კი საღებავია, არადა, ჩვენი ჩაი საუკეთესოა. მას თავისი ადგილი უჭირავს მსოფლიოში და მსოფლიო ბაზარს ის სჭირდება, მათ კი არ სჭირდებათ. აბა ჩვენ გვკითხონ, მარიამისა და ბესედის ფანებს, ჩვენ გვჭირდება?
არა, დაილოცოს თანამედროვე ტექნოლოგიები და “ფასთ ჩაი”, ჩააგდე, დალიე. გენიალურები ვართ ქართველები, განსაკუთრებით, როცა რუსულ “ბესედას” ვსვამთ, თან მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალსა და კენიელი მეჩაიეების მძიმე ხვედრზე ვფიქრობთ და არა საკუთარ ეკონომიკაზე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial