რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

დაიწყო!დაიწყო, იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ გვეგონა. პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მონასტერიაირია და საარჩევნო დემაგოგიის ვულკანმა საქართველოში ოქროსფერი შემოდგომა წალეკა. არა, ვერ ვიტყვით, რომ არ ველოდით, რადგან ჩვენც და პოლიტიკოს-სინოპტიკოსები თუ პოპულისტ-გეოდეზისტები დიდი ხანია ლოგიკაზე დაყრდნობით, პროგნოზებს ვაკეთებდით – შემოდგომის მერმე, არჩევნების კვირაძალს, საქართველოში ისეთი შოუ დაიწყებოდა, მულენრუჟსაც კი შეშურდებოდა და თანაც, ისეთი ტრაგიკომიკური სცენარებით, რომ მოლიერი დაიჩრდილებოდა. მიუხედავად ამისა, რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან სოფიზმის სქოლასტიკაში არევის ელემენტების სიჭარბეს არ ველოდით.

ერთი ბავშვობის დროინდელი ანეკდოტი გამახსენდა: ბიჭი ქუჩაში მიდის, შეხვდა “ხულიგანი” და “პრიმა” სიგარეტი სთხოვა. მან უპასუხა, რომ რადგანაც სიგარეტს არ ეწეოდა, არ ჰქონდა. რატომ არა გაქვს სიგარეტიო და სცემა. მეორე დღეს, ისევ შეხვდა “ხულიგანი” ბიჭს და ისევ სიგარეტი მოსთხოვა. მან ამოიღო “პრიმა” და იმ იმედით მიაწოდა, რომ ცემას გადარჩებოდა, ამჯერად, “ხულიგანმა” შარი მოსდო, რატომ ფილტრიანი არა გაქვსო და ისევ სცემა. მესამე დღეს, ბიჭმა ორივე სიგარეტი მიაწოდა “ხულიგანს”, მაგრამ ახლა მან ასანთი მოინდომა და მისი არ ქონის გამო კვლავ სცემა. ბოლოს ბიჭმა ასანთიც ჩაიდო ჯიბეში, სიგარეტებიც და იმედიანად გაუყვა ჩვეულ გზას. როცა “ხულიგანი” დარწმუნდა, რომ ბიჭს ყველაფერი ჰქონდა, მას თავში წამოარტყა – რატომ ქუდი არ გახურავსო. გუშინ მთავრობას ჩვენ ერთხმად ვაკრიტიკებდით იმ დაგროვილი ვალის გამო (მას ისედაც არ აკლია საკრიტიკებელი თემები), რომელიც შთამომავლობას დასაფარად დაუტოვა. ახლა ჩვენი კრედიტორებიც და ჩვენც მივხვდით, რომ არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაში, არც გაისად ვიქნებოდით 160 მილიონის გადამხდელი და არც ჰიუსტონის პირობით რესტრუქტურიზაციის შეღავათის მიუხედავად – 2004 წელს 500 მილიონის გადამხდელი.

დაიწყო ფიქრი ვალების საქართველოსათვის ჩამოწერაზე. ახლა ამაზე ავტეხეთ ვაი-უშველებელი, ვინ მოგცა უფლება, ვალების ჩამოწერაზე ფიქრობ და შეურაცხოფას მაყენებ, ანუ მართმევ ადამიანურ უფლებას ვალი ვაჟკაცურად გადავიხადოო. მე მგონი, რეალობა ფეხქვეშ გვეცლება. არადა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების აზროვნება შეიცვალა, რადგან არგენტინის სინდრომიდან გამომდინარე (რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანოების წარმატებული ექსპერიმენტების პოლიგონად ითვლებოდა), სექტემბრიდან მევალე ქვეყნების მიმართ ახალ მიდგომებზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, ქვეყნის გაკოტრების თემის შემოტანა სურთ, რომელიც დეფლოტად გამოცხადების ტოლფასი არ იქნება. ამასთან, ინგლისმა, რომელიც პარიზის კრედიტორთა კლუბის უმნიშნელოვანესი წევრია და ამავდროულად, საქართველოში მიმდინარე საუკუნის პროექტის მსხვილი ინვესტორი, როგორც სანდო წყაროები იტყობინებიან, ამ ორგანიზაციაში დააყენა საკითხი, ჩვენთვის პოლონეთივით ვალების ჩამოწერის შესახებ. მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრია და მეტი არაფერი. აჟიოტაჟი ნაადრევად ავტეხეთ, ალბათ, ესეც საარჩევნო შოუს ნაწილია. დღეს ნადირობა მიდის “ხორციან” საკრიტიკებელ თემებზე. პარლამენტში დებატები უფრო “ცხარე” ხდება (მუშტი-კრივია ისეთი, კანდელაკს შეშურდება, ხოლო, გინება – სეროჟას). პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებები ხშირია და ყოველდღიური ცხოვრება – მწარე. დღეს ოპოზიციურად მონათლულ ძალებს არაფერი მოსწონთ. უფრო მეტიც, თვით ხელისუფლება ხდება ოპოზიციურად განწყობილი. მასაც არაფერი მოსწონს და ყველაფერს აკრიტიკებს. ყოველივე ეს ჩვენც, უბრალო მოკვდავებსაც არ მოგვწონს. ჰოდა, ასე გაჩნდა საკრიტიკებელი თემების დეფიციტი და კრიტიკის სიუხვე რაც ბიზნესის საუკეთესო სფეროა. მოიგონეთ ან იპოვეთ “ხორციანი” საკრიტიკებელი თემა და ჩვენ დაგეხმარებით მინიმალურ საკომისიოს ფასად მის რეალიზაციაში!

შეიძლება მავანმა იკითხოს, რა შუაშია ეს ეკონომიკასთანო? რა დროს ეკონომიკაა თუ ძმა ხარ, რუსეთში ტერორიზმია, ამერიკაში სნაიპერი, ჩვენ არჩევნები გვაქვს!

ისე, ვალზე გამახსენდა, მძღოლი მეკითხება – რავა დახოცეს ერთმანეთი ამ ტელევიზორში ვალებზე და ჰიუსტონ-ნეაპოლის ვარიანტზეო, მაინც რომელი ჯობს? მე ვკითხე – შენ როგორ ფიქრობ-მეთქი. ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ნეაპოლი ჩვენთან უფრო ახლოა, მზიური ქალაქია და იტალიელებთანაც ბევრი საერთო გვაქვს, ამიტომ, მე ნეაპოლი მირჩევნიაო. ვინ იცის, იქნებ მართალიც იყო მძღოლი და მისი აზრიც, კომპეტენტური.

არა, მართლა რატომ არ ეხურა ამ შემოდგომაზე ბიჭუნას ქუდი?