აფხაზეთის მოსახლეობა XX საუკუნის დასაწყისში

იოსებ არჩვაძე
დაბრმავებული მეფის თეოდოს I-ის და მისი მემკვიდრის ბაგრატ III-დან მოყოლებული XX საუკუნით დამთავრებული, მიუხედავად ბიზანტიის და შემდგომში სხვა ზესახელმწიფოების მცდელობისა, აფხაზეთში სოციალურ-დემოგრაფიული რუქა მუდამ ნათელი და გარკვეული იყო. ამის დასადასტურებლად დამოუკიდებელი წყაროების შესწავლით უტყუარ ფაქტებს ვღებულობთ.

მათ შორის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი მხარეების მონაცემებიდან. დღეს ეს თემა როგორც არასდროს გახდა აქტუალური, რადგან მსოფლიოს, დიპლომატიური და საინფორმაციო წყაროებით აბრუებენ არარსებულ მითებზე. უფრო მეტიც, აფხაზ სეპარატისთა ხელისუფლება ცდილობს ქირურგიულად შეცვალოს ეს სიტუაცია ვითომ გადასახლებულ მოჯახირთა მემკვიდრეების ჩამოსახლებით. წარმოდგენილი მასალა კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ უზარმაზარ სიცრუეს რომელსაც რუსები და აფხაზები ავრცელებენ მსოფლიოში.

ნებისმიერი სახელმწიფოს ან განსაზღვრული ტერიტორიის მოსახლეობის რიცხოვნობა და ეთნიკური შემადგენლობა ცვლილებას მრავალ მიზეზთა გამო განიცდის – მასზე გავლენას ახდენს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და მრავალი სხვა გარემოება, კერძოდ, ტრადიცია, სახელმწიფოს პოლიტიკური წყობა, დემოგრაფიული პოლიტიკა, ეთნიკური და კონფესიური ტოლერანტობა და ა.შ.. საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება, კომუნიკაციის საშუალებების განვითარება, გლობალიზაცია აძლიერებს თითოეული ეთნოსისა და მისი ცალკეული სოციალური ჯგუფის (მათი სულ უფრო მზარდი ნაწილის) მობილურობის შესაძლებლობას და ალბათობას.
ამ მხრივ მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შედარება 1916 და 2002 წლების მიხედვით. 1916 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერით, საქართველოს მოსახლეობა დაფიქსირდა იმ დიდი კატაკლიზმების წინ, რაც ახლდა მომდევნო ათწლეულებს (დამოუკიდებლობის მოპოვება და დაკარგვა, დიდი რეპრესიები და საქართველოს “ერთაშორისი ურთიერთობების პოლიგონად გადაქცევა..), ხოლო 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით – მოსახლეობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ასეთი შედარება მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას იძლევა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდაზე თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში.
1916 წელს საქართველოს ადმინისტრაციული ტერიტორია შეადგენდა 67960,4 ათას ვერსს, ანუ 77343,1 ათას კვადრატულ კილომეტრს; აქედან, აფხაზეთზე მოდიოდა 7386,6 ათასი კვადრატული ვერსი – 8,4 ათასი კვადრატული კილომეტრი – საქართველოს მაშინდელი ტერიტორიის 10,9 პროცენტი1. დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკავია 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრი. მისი მოსახლეობა, 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, შეადგენს 4602 ათას კაცს (4372 ათას კაცს – ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე2 და 230 ათას კაცს – არაკონტროლირებად ტერიტორიებზე3). დღეისათვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აფხაზეთის ტერიტორიის 9/10-ს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის 2/3-ს, მთლიანობაში 10,36 ათას კვადრატულ კილომეტრს, ანუ სახელმწიფოს დე-იურე ტერიტორიის თითქმის 15 პროცენტს, რომელზეც ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტი ცხოვრობს.
ქვემოთ წარმოდგენილია ცხრილი საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შესახებ 1916-2002 წლებში4.
როგორც მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს მოსახლეობაში საკმაოდ დიდი წილი უკავიათ სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც. გარდა ცხრილში მოტანილი ეროვნებებისა, პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ ბერძნები, ებრაელები და გერმანელები.. ებრაელთა თემი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა, ხოლო ბერძნები და გერმანელები ჩვენს ქვეყანაში მასობრივად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდნენ. 1916 წელს საქართველოში ცხოვრობდა დაახლოებით 45-50 ათასი ბერძენი, 25 ათასი ებრაელი და 20 ათასი გერმანელი6. მრავალ მიზეზთა გამო, საქართველოში (კონტროლირებად ტერიტორიებზე) ცხოვრობდა მხოლოდ 15,2 ათასი ბერძენი, 3,8 ათასი ებრაელი და 0,9 ათასი გერმანელი.
დღევანდელი გადასახედიდან არანაკლებ საინტერესოა მოსახლეობის რაოდენობისა და ეთნიკური შემადგენლობის ანალიზი აფხაზეთის რეგიონის მიხედვითაც, რომელსაც წარმოადგენდა 4 მაზრა (გუდაუთის, გუმისთის, კოდორისა და სამურზაყანოს) და სამი ქალაქი (სოხუმი, ოჩემჩირე და გუდაუთა).
1916 წელს აფხაზეთში ყოველი 1000 კაციდან ქართველი იყო 404, აფხაზი – 277. სოფელ ადგილებში აღნიშნული მაჩვენებლები შეადგენდნენ, შესაბამისად, 417 და 304 კაცს, ხოლო ქალაქად – 285 და 33 კაცს. აფხაზეთში ცხოვრობდა საქართველოს მოსახლეობის 5,9 პროცენტი და საქართველოში მცხოვრებ ქართველთა 3,64 პროცენტი.
1916 წელს ქართველების რაოდენობა ქალაქ სოხუმში შეადგენდა 2579 კაცს, გუდაუთაში – 645 კაცს, ოჩამჩირეში – 869 კაცს. ქართველთა რაოდენობა აღემატებოდა აფხაზებისას: სოხუმში – 14,8-ჯერ, გუდაუთაში – 4,4-ჯერ, ოჩამჩირეში – 5,6-ჯერ7.
ყოველივე ეს თვალნათლივ ადასტურებს, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში ქართველები ყოველთვის დომინირებდნენ და მათი იქ “ყოფნა არ არის სეპარატისტების მიერ მრავალი წლის მანძილზე ექსპლუატირებული ყბადაღებული “სტალინ-ბერიას პოლიტიკის შედეგი.
განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი არა მარტო ისტორიულად, არამედ დემოგრაფიულად და კულტურულად ქართული ქალაქი იყო8.
1916 წელს ქართველთა გარკვეული რაოდენობა ცხოვრობდა სოჭის ოლქშიც – ისტორიულ ჯიქეთში9.
1916-1989 წლებში აფხაზეთის მოსახლეობა გაიზარდა 3,6-ჯერ, მათ შორის, ქართველების რაოდენობა – 4,1-ჯერ, აფხაზების – 2,3-ჯერ, რუსების – 11,3-ჯერ, სომხების – 5,0-ჯერ. მართალია, ქართველების რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე აფხაზებისა, მაგრამ მათი წილი აფხაზეთის მთელ მოსახლეობაში ამაღლდა მხოლოდ 5,2 პროცენტით, მაშინ როდესაც აფხაზების წილი ამ პერიოდში შემცირდა 10 პროცენტული პუნქტით. ქართველთა რაოდენობა იმავე პროპორციით რომ გაზრდილიყო 1916-1989 წლებში, როგორითაც იზრდებოდა საშუალოდ აფხაზეთის მოსახლეობა, მაშინ ქართველების რაოდენობა 1989 წლისთვის უნდა გამხდარიყო 212 ათასი კაცი, ანუ ფაქტობრივზე მხოლოდ 28 ათასით ნაკლები. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოში ტიტულოვანი ერის მოსახლეობა, რიგ მიზეზთა გამო, როგორც წესი, უფრო სწრაფად იზრდება დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. ასე მაგალითად, ყაზახების წილი ყაზახეთში გაიზარდა 1989 წლის 38 პროცენტიდან 2005 წელს 59 პროცენტამდე, აზერბაიჯანელებისა აზერბაიჯანში, შესაბამისად, 70 პროცენტიდან 91 პროცენტამდე. თვით საქართველოში – აფხაზეთის გარეშე – ქართველების წილი ასევე გაიზარდა 1916 წლის 68,3 პროცენტიდან 72,8 პროცენტამდე 1989 წელს.
უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, 1916-2002 წლებში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა და ქართველთა წილი მთელს მოსახლეობაში მთლიანობაში გაიზარდა, მაგრამ ქართველთა სასიცოცხლო არეალი რამდენადმე შემცირდა და შეიზღუდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ამჟამად არ აღემატება 59 ათას კვადრატულ კილომეტრს, რაც 1916 წლის საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულობის ფართობზე 23,3 პროცენტით ნაკლებია… თანაც, დღეისათვის, მოსახლეობის სიმჭიდროვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე 4,3-ჯერ დაბალია დანარჩენ საქართველოსთან შედარებით10.
მეოცე საუკუნეში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ქართველთა დემოგრაფიული მაჩვენებლები აბსოლუტურად და შეფარდებით გაუარესდა. ასე მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისისათვის ცხინვალში ქართველთა რაოდენობა ოსებისას 4-ჯერ და მეტად ჩამორჩებოდა მაშინ, როცა 1916 წელს ერთისამად აღემატებოდა11. ამჟამად ძირძველი ქართული ქალაქი ცხინვალი, ოდესღაც ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, თითქმის მთლიანად დაცლილია ქართული მოსახლეობისაგან (ისევე, როგორც მოწყობილი ეთნიკური წმენდის გამო აფხაზეთია დაცლილი რამდენიმე ასეული ათასი ქართველისაგან). მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერით, საქართველოს იურისდიქციაში მყოფი 65 ადმინისტრაციული ერთეულიდან12 ქართველები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ 58-ში, 7-ში კი (ახალქალაქის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულის, ნინოწმინდისა და წალკის რაიონები) უმცირესობაში არიან. თანაც, ზოგიერთ ასეთ რეგიონში, ქართული მოსახლეობა დღეს მეტადაა უმცირესობაში, ვიდრე ოდესმე.
საქართველომ მეოცე საუკუნეში გადაიტანა უდიდესი დემოგრაფიული დარტყმები, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დეპორტაცია, პირდაპირი სამხედრო დანაკარგები ორი მსოფლიო ომის დროს… შესაბამისად, მეოცე საუკუნეში, ამ მაჩვენებლით საქართველოს თანაფარდობა სხვა ქვეყნებთან, მიუხედავად მოსახლეობის აბსოლუტური ზრდისა, ჩვენი ქვეყნისათვის, უაღრესად არასახარბიელოდ ჩამოყალიბდა (იხილეთ დანართი)…
მინდა, იმედი ვიქონიო, რომ მიუხედავად ამგვარი ვითარებისა, ოცდამეერთე საუკუნე გაცილებით უკეთესი და წარმატებული იქნება ქართველი ერის კვლავწარმოების, პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარე-ბისათვის, ვიდრე წინა, დრამატიზმით აღსავსე მეოცე საუკუნე…